< უკან დაბრუნება ...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე... <<<ეკლესია - მონასტრები>>>
ზარზმა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 161
აგრეთვე ძველ მესხეთშია, ქვაბლიანის ხეობაში (რაიონის ცენტრ ადიგენიდან 6-7 კმ. დაშორებით). პირველი ეკლესია აქ ააშენა მონასტრის დამაარსებელმა ბერმა სერაპიონ ზარზმელმა, რომლის ცხოვრებაც (და მშენებლობის ამბებიც) მოთხრობილია ბასილ ზარზმელის ცნობილ თხზულებაში (სერაპიონის ცხოვრების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. ყოველ შემთხვევაში, იგი ადრინდელი ფეოდალური ხანის მოღვაწეა). ზარზმის უძველეს შენობებს ჩვენამდის არ მოუღწევია, ახლანდელ ზარზმაში ყველაზე ძველი ისტორიული ძეგლია წარწერა სამრეკლოს გვერდით მდებარე სამლოცველოს შესასვლელის თავზე (წინათ წარწერა სხვა შენობაში ყოფილა. ახლა მარჯვენა მხარე ჩამოჭრილი აქვს). წარწერა X ს-ის დასასრულისაა, იგი მოგვითხრობს დავით კურაპალატის დროინდელ ამბებს - ქართველთა ლაშქრობას ბიზანტიის იმპერატორთა დასახმარებლად, აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ. ზარზმის აწინდელი დიდი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV ს-ის პირველ წლებში, ბექა მანდატურთუხუცესის დროს (ჯაყელთა - სარგის I, ბექას, მისი შვილების ბექა II და ყუარყუარეს პორტრეტები, აქაც არის სამხრეთ კედელზე). ეკლესია თლილი ქვით მოპირკეთებული გუმბათიანი ნაგებობაა ორი თავისუფლად მდგომი გუმბათქვეშა ბოძით და ერთი აფსიდით, რომელიც სწორკუთხედის ფარგლებში რჩება. ფასადთა მდიდრული მორთულობა (კარ-სარკმელთა საპირეები, დიდი ჯვარი აღმოსავლეთ ფასადზე, როზეტები) XIII –XIV სს-თა მიჯნის ახალი ეტაპის დამახასიათებელია (იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში). ყურადღებას იპყრობს ლამაზი სტოა - კარიბჭე სამხრეთი ფასადის გაყოლებით, განსაკუთრებით მისი სამი ღია თაღი შესასვლელის წინ. შესაძლებელია, ეს კარიბჭე ადრე არსებული ეკლესიის გადმონაშთი იყოს. ზარზმის ფრესკები ბევრ ისტორიულ პორტრეტს შეიცავს. XX ს-ის დასაწყისში ჩატარდა ზარზმის არქიტექტურისა და მხატვრობის რესტავრაცია. ამ რესტავრაციის დროს მხატვრობას, არსებითად, დაუკარგეს ორიგინალური სახე. სამრეკლო ერთი უდიდესთაგანია საქართველოში - ესეც ორიარუსიანია: ქვემო კუბი გალავანში შესასვლელს წარმოადგენდა, ზემოთ საკუთრივ სამრეკლოა. 1577 წელს იქაურმა მფლობელებმა ხურციძეებმა სამრეკლოს I სართულის თაღები ამოაშენეს და აქ იოანე მახარებლის ეკლესია გამართეს. ეკლესიის ზომები: სიგრძე - 20,5მ., სიგანე (კარიბჭიანად) - 17,5 მ., სიმაღლე შიგნით - 24 მ.
|