There are no translations available.
< უკან დაბრუნება....<< დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>
წმიდა და ღმერთშემოსილი მამა შიო - იყო ასურეთიდან, ღვთის დიდი ქალაქ ანტიოქიიდან, რომელმაც მრავალი წმიდანი აღმოაცენა. იგი იყო შვილი ღვთისმსახური და აზნაური მშობლებისა, რომლებიც უფრო მდიდარნი იყვნენ ღვთისმსახურებითა და იმით, რომ იყვნენ მშობლები დიდი წმიდანისა. სხვა შვილი არ ჰყავდათ მათ ნეტარი შიოს გარდა, რომელიც მიეცა მათ ღვთისაგან, როგორც კეთილი საყრდენი მათი სიბერისა. ის იყო მემკვიდრე მათი ქონებისა. ნეტარმა მეუღლეებმა თავიანთი მშვენიერი ნაყოფი აღზარდეს მრავალგვარ მოღვაწეობასა და ღვთის სიტყვის სწავლაში. შეისწავლეს მას ძველი და ახალი აღთქმის წიგნები და მათი განმარტებანი. ის ყოველ სწავლას ღებულობდა როგორც კეთილი ნიადაგი, რადგან იზრდებოდა საკუთარ თავში ღვთის სიტყვის დაცვითა და წვრთნით. საღვთო სიტყვის უმეტესი ნაწილი დაისწავლა ზეპირად, ხოლო წმიდა სახარება, პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ფსალმუნის წიგნი მოუშორებლად თან ჰქონდა და ენა და პირი მისი მუდამ გამოთქვამდა მათ, რითაც თაფლზე მეტად დაატკბობდა თავის სასას. როცა გახდა თექვსმეტი წლისა, დაიწყო წმიდა წიგნების გამოძიება, იჯდა შეუსვენებლად დღე და ღამე კითხულობდა და სულიწმიდის მადლით ყოველივეს შეუცდომლად ხვდებოდა, თან განმარტავდა ისე, რომ ყველას აკვირვებდა ღვთის დიდი მადლი, რომელიც მისი ბაგეებიდან მეტყველებდა. მშობლებს შეეშინდათ და შეწუხდნენ თავიანთი შვილის მოუკლებელი შრომის გამო და ურჩევდნენ მას, საკუთარი თავისათვის დასვენების ნება მიეცა და სხეული ასე გამეტებით არ გაეწვალებინა. წიგნებსაც კი შეეხნენ და მოარიდეს. ამან დიდად შეაწუხა ყრმა და უთხრა მშობლებს: „ასე რატომ იქცევით, ჩემო პატრონებო, და მაშორებთ ღმერთზე ფიქრს, რადგან ვინც მუდამ არ ფიქრობს ღვთის სჯულზე, იგი შორსაა ზეციური სასუფევლისაგან და ხდება ტყვე ეშმაკისა. ჩემო კეთილო მშობლებო, გინდათ, რომ ამისთვის თქვენც მოგერიდოთ?“ მშობლებმა დაუთმეს და მიიღო რა უფლება მათგან, დიდად დაწინაურდა ნეტარი შიო თავის ტოლებს შორის ღვთის შიშითა და საღვთო წერილის ცოდნით, რადგან იგი ირწყვებოდა ღვთის სჯულით, როგორც ეს დაწერილია, და ნაყოფიერდებოდა, როგორც ზეთისხილი ღვთის სახლში. როცა ღირსი შიო ოცი წლისა გახდა, დიდი მნათობი და მოღვაწეთა თვალი, ყველგან განთქმული იოანე გამოჩნდა, როგორც მანათობელი ვარსკვლავი, რომელიც უნათებდა ანტიოქიის მკვიდრთ და იმყოფებოდა უდაბნოში მრავალ მოწაფესთან ერთად. შიოც, მშობლებისაგან ფარულად, მივიდა იოანესთან, როგორც დიდ მწყემსთან, ფეხებში ჩაუვარდა მას, მოეხვია, თაყვანი-სცა ღვთის სიყვარულით აღძრულმა, რომელიც ცეცხლზე უფრო შემწველი და ყველაფერზე მეტია. ხოლო ნეტარმა იოანემ, ნახა რა ჭაბუკის გონიერება, მისი შინაგანი ხედვა და გონების სიმდაბლე, შემუსრვილება გულისა, სიტყვის სიმშვიდე და შინაგანი სიმტკიცე, სულით მიხვდა მისი სულის სიმაღლეს და, როგორც კეთილმა ნიადაგმა იცის მიღება თესლისა ღვთის ბრძანებით, ნეტარმა იოანემაც იცოდა წინასწარ და მიმართა მას: „შვილო შიო!“ - ნეტარი შიო შეაკრთო თავისი სახელის გაგონებამ და მიხვდა, რომ მიაგნო იმას, ვინც მას სურდა, თავის მოძღვარსა და განმანათლებელს. იოანემ კვლავ უთხრა: „შვილო, შიო, რატომ შეშფოთდები იმისათვის, რომ უფალმა ღმერთმა შენი სახელი მაუწყა? თუ გწამს წმიდა სახარება, რომელიც შეგიყვარებია, გჯეროდეს, რომ ღვთის რწმენას ყველაფერი შეუძლია“, - წამოაყენა იგი ნეტარმა იოანემ, ეამბორა მას, აკურთხა, შემდეგ კი მიუბრუნდა თავის მოწაფეებს და ნელი ხმით უთხრა: „აი, ეს ჭაბუკი გამოირჩია ღმერთმა და აავსო წმიდა სულით, და გახდება ეს მამა მრავალი სულისა, რომელთაც ღვთის სათნოებებით წინ გაუძღვება; იგი იქნება ანთებული სანთელი სასანთლეზე, რომ გაუნათოს ყველას“ შემდეგ მიუბრუნდა შიოს და უთხრა: „შვილო, ნეტარი ხარ შენ, რადგან დიდი იქნები ღვთის წინაშე და მეც ნეტარი ვარ, რადგან მამად ვიწოდები ასეთი დიდი მამათა მამისა“.
ესაუბრა მას იმ დღეს და თაფლზე უფრო ტკბილი სიტყვებით გაანათლა მისი გონება და გაამხიარულა. მეორე დღეს კი უთხრა მას: ახლა კი წადი, შვილო, შენს მშობლებთან, მიიღე მათგან კურთხევა და შემდეგ მოდი ჩემთან და ღვთის მადლმა დაგიფაროს და გაგაძლიეროს. ნეტარი შიო დიდად შეაწუხა უკან გაგზავნამ, რადგან ეშინოდა, რომ მშობლებისაგან, კურთხევის ნაცვლად, არ მიეღო სასჯელი, როცა გაიგებდნენ მის სურვილს ბერული ცხოვრებისას. ამაზე ნეტარმა იოანემ მტკიცედ უთხრა: გწამდეს ჩემი, რომ შენზე უწინ ისინი მიიღებენ მონაზვნობას. წადი და უფალი იყოს შენთან, რათა განგამტკიცოს. შიომ მიიღო კურთხევა იოანესა და ძმებისაგან და წავიდა სახლში მშობლებთან. როცა დაბრუნდა, ჰკითხეს, თუ სად იყო და რატომ არ უთხრა მათ, თუ რა მიზეზით წავიდა სადღაც. ფრთხილმა შიომ არაფერი უთხრა მას, თუ რა მიზეზით წავიდა სადღაც. ფრთხილმა შიომ არაფერი უთხრა მათ, რათა უცებ არ შეეშინენიბა, არამედ დადუმდა და სხვა ღონე იხმარა მათ დასამშვიდებლად, ხოლო ღვთის სიყვარულის ალი, რომელიც მასში ცეცხლივით გიზგიზებდა, სწვავდა მას და ასწავლიდა, თუ მისთვის სასურველისათვის დროზე როგორ უნდა მიეღწია. იყო დღეებს შორის დიდებული კვირა დღე და მისი მშობლები წავიდნენ ეკლესიაში. წირვის დროს შიო მამამისის მახლობლად, რასაც ადრე არ იყო ჩვეული. როცა დიაკონი გამოვიდა ასწიგნობელთან წმიდა სახარების წასაკითხად, ნეტარმა შიომ უთხრა თავის მამას: მივიდეთ და დავდგეთ წმიდა სახარების ქვეშ, რადგანაც მღვდლებისგან გამიგია, რომ იმათ, ვის თავზეც კვირა დღეს წაიკითხავენ წმიდა სახარებას, განშორდება ყოველგვარი სენი და უძლურება. მამა დაემორჩილა შიოს სიტყვას და შვილთან ერთად დადგა წმიდა სახარების ქვეშ. იმ დღეს დიაკონმა სახარებიდან წაიკითხა შემდეგი: „რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თვისი და ცოლი, და შვილნი, და ძმანი და დანი, და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა“ (ლკ. 14, 26). წირვის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ სახლში და დასხდნენ პურის საჭმელად. და ჰკითხა ნეტარმა შიომ თავის მამას: რა იყო დღევანდელ სახარებაში ნათქვამი? და გაახსენა მამას ის, რაც ტაძარში მოესმინა. შემდეგ კი უთხრა მას: რა გვაყოვნებს ჩვენ, რომ ქრისტეს მოწაფეები გვერქვას, რადგან, როგორც მოვისმინეთ, მცირეოდენის დათმენისათვის ღვთისაგან ასწილს მივიღებთ მომავალ საუკუნო ცხოვრებაში? რა შეიძლება შევიძინოთ ამქვეყნად, მეფეც რომ ვიყოთ, რომ არ მოგვიწიოს მისი დაკარგვა? ხოლო მამის გულში, როგორც სანთლის ცვილზე, ისე აღიბეჭდებოდა ნათქვამი და უთხრა შვილს: შვილო, როგორც შენ თავად ხედავ, მე და დედაშენი მოხუცებულები ვართ, შენ კი მარტო ხარ, ჩვენი მამულის მემკვიდრე. თუ გსურს, გაგვხადე ჩვენ მონაზვნები, შენ კი მოიყვანე ცოლი და მემკვიდრის გარეშე ნუ დატოვებ შენს მამულს. აი, ყველაფერი შენს წინაშეა, მიიღე ჩვენგან ყველა უფლება. ამ სიტყვებმა ნეტარი შიო დიდად გაახარა, გულში კი თქვა: როცა ჩემი მშობლები მონაზვნები გახდებიან, მე თავისუფლი შევიქნები და რაც მსურს, იმას ვიზამ. და გაახსენდა სიტყვა, რომელიც მას უთხრა ნეტარმა იოანემ, რომ: შენზე უწინ მიიღებენ შენი მშობლები მონაზონობასო. ნეტარმა შიომ უთხრა მშობლებს: „ჩემო პატრონებო, რადგან ასეთი კეთილი გონება მოგცათ თქვენ ღმერთმა, ნუ დააყოვნებთ, არამედ, რაც გსურთ - რომელიმე მონასტერს შესწირეთ, მე კი მომავალ წელს, თუ ღმერთი ინებებს, შევირთავ მეუღლეს“, რადგან მშობლებს გადააწყვეტინა ეს საქმე, აღარ მოიცადა, არამედ ჯერ დედამისი წაიყვანა ქალწულთა მონასტერში და შეავედრა დედათა დიაკონს, რომელმაც მონაზვნად აღკვეცა იგი. ნეტარმა შიომ უთხრა დედას: „დედაო, იცოდე, რომ ამიერიდან ღვთის მცნება უნდა აღასრულო, რადგან ქრისტეს აღთქმა მიეცი საკურთხევლის წინაშე, ვერც ჩემს ნახვას შესძლებ, ვერც - მამაჩემისას. იყავი დედათა დიაკონისა და სხვა სულიერი დების მორჩილებაში და ნუ იდარდებ ჩემზე, მაგრამ შენს წმიდა ლოცვებში ნუ დამივიწყებ“. მაშინ მათ უამრავი ცრემლი ღვარეს, შემდეგ უკანასკნელად მოეხვივნენ ერთმანეთს და დაშორდნენ. ასევე მოექცა მამამისსაც, რომელიც მან წაიყვანა ზოგად ცხოვრებულთა მონასტერში, სადაც იგი შეიმოსა წმიდა სქემით. ბევრნაირი სწავლა-დარიგება მისცა შიომ მამას მოთმინების შესახებ. ორივე მონასტერს, სადაც მშობლები დაემკვიდრნენ, დიდძალი საფასე შესწირა. მამასაც, როგორც დედას, დაემშვიდობა, მიიღო მისგან კურთხევა და დაშორდა. როგორც კი მშობლებისაგან გათავისუფლდა, ყველაფერი, რაც კი დაეტოვებინათ მისთვის, გაყიდა და თანხა მონასტრებსა და, რომელთაც ჭირდებოდათ, იმათ დაურიგა. თვითონ დაიტოვა წმიდა სახარება და ფსალმუნთა წიგნი, დათმო ყოველგვარი სამხიარულო საქმენი, სახარების სიტყვის მიხედვით, თვით სულიც კი უარყო ქრისტესათვის და მიატოვა სახლი და ეს წუთისოფელი და წავიდა მისთვის სასურველი გზით, რასაც ეტრფოდა და ესწრაფოდა, რომლისთვისაც აღარ გადაუხვევია, როგორც ამას ვნახავთ შემდგომში. მოვიდა იოანესთან, მოუდრიკა მუხლი და მიიღო მისგან კურთხევა. იოანემ გაიხარა დიდი სიხარულით, ტკბილად მიიღო და სიყვარულით უთხრა: შვილო შიო, ნეტარი ხარ, რადგან მოსჭიდე რა გუთანს ხელი, უკან აღარ მიგიხედია, არამედ კეთილად გაიტანე კვალი. ამიტომ გეტყვი შენ, ჩემო ძმაო, და გწამდეს, რომ ამისთვის მტრის ყოველ ბრძოლას იოალად განერიდები, რადგან მთელი სასოებით შეიყვარე შენ ქრისტე და მტკიცე რწმენით შეასრულე მისი ბრძანებები. შიო კი ევედრებოდა ნეტარ იოანეს, რომ ბერად აღეკვეცა იგი, რათა შერთვოდა მონაზონთა კრებულს. ნახა რა იოანემ შიოს დიდი სიყვარული, აღარ დააყოვნა და თავისი წმიდა ხელებით აღკვეცა იგი და შემოსა წმიდა სქემით და დაინახა, რომ შიოს სახე იყო ანგელოზის მსგავსი. ხოლო ამის შემდეგ ვინ უნდა თქვას მისი ღვაწლის შესახებ, რომელიც თავს იტვირთა. იგი დღითიდღე იზრდებოდა ღვთის მეცნიერებით, როგორც წყლის ნაპირას დარგული ხე და ტკბილ ნაყოფსაც უხვად იღებდა, როგორც მსხმოიარე ფინიკი. ღირსი იოანეს სწავლით, მონაზონობის საქმეს, როგორც რაიმე დიდ ხელოვნებას, ისე დაეუფლა და მიაღწია დიდი მამების სისრულის საზომს. თვით მისი მოძღვარი იოანეც კი გაკვირვებული იყო იმ განუზომელი მადლით, რითაც სავსე იყო ნეტარი შიო, რადგან ეშმაკებსა და მათ ბრძოლებს ისე დაარღვევდა, როგორც ობობას ქსელს. ღვთისაგან მიეცა მადლი მას ადამიანებისა და პირუტყვების სნეულებათაგან გათავისუფლებისა და ეშმაკეულების სიტყვით განკურნებისა. ყოველი მხრიდან იოანესთან მისული სნეულები და ეშმაკეულები მისი წმიდა ლოცვით იკურნებოდნენ, რადგან ნეტარი შიო იყო ყოვლად უმანკო და მის გულში ვერ იპოვიდი ვერავითარ კვალს სიამაყისა და ამპარტავნებისა, ხოლო სიმდაბლე იმდენი მოეპოვებინა, რომ საკუთარი თავი არარაობად მიაჩნდა.
2. როცა ნეტრმა შიომ მონაზვნობაში გაატარა ოცი წელი, იოანემ ღვთისაგან მიიღო ბრძანება, რომ თავის მოწაფეთაგან გამოერჩია თორმეტი, სიტყვითა და საქმით ძლიერნი და წასულიყვნენ ქართველთა ქვეყანაში, რათა განემტკიცებინათ ისინი სარწმუნოებაში, რადგან მაშინ ქართველები ქრისტეს რწმენაში იყვნენ ახლად დანერგილები. ორასი წელი გასულიყო მათი მოქცევიდან, როცა მოციქულთა მადლით განმტკიცებულმა წმიდა დედა ნინომ წმიდა ემბაზით ხელახლა შვა ისინი და გაანათლა ღვთის მეცნიერებით. ღვთისაგან უწყებული იოანემ აცნობა თავის მოწაფეებს და მოსთხოვა, რათა ელოცათ გულმოდგინედ და მარხვასა და ღვთის ვედრებაში გაეტარებინათ ათი დღე, რათა ეხილათ გამოცხადების ბოლო. როცა გავიდა ეს დღეები, ნეტარმა იოანემ იხმო ყველა და უთხრა მათ: „ჩემო შვილებო და საყვარელო ძმებო, უფლის მადლით ვხედავ ღვთის საქმეში თქვენს სისრულეს. მოისმინეთ, თუ რა მეუწყა ღვთისაგან: ვნახე ყოვლადწმიდა დედოფალი, ღვთისმშობელი, რომელმაც მიბრძანა, რათა თქვენგან გამოვარჩიო თორმეტი და წავიდე ქართველთა ქვეყანაში და იქ ვიღვაწოთ სარწმუნოებისათვის. ახლა დავწერ თქვენს სახელებს და მოვათავსებ წმიდა ტრაპეზზე. ყველამ, ღვთის ვედრებაში გავათენოთ ღამე და ღმერთი, რომელსაც გამოარჩევს, იგი დაემორჩილება მის წმიდა ნებას. მამებმა უთხრეს იოანეს: „წმიდაო მამაო, ისე მოიქეცი, როგორც უფალმა გამოგიცხადა, მაგრამ ჩვენ არ მიგატოვებთ შენ. და იყო ყველა დიდ მწუხარებაში, არ იცოდნენ, თუ რომელს მოუწევდა დარჩენა, რადგან წმიდა მამისაგან განშორება და იქ უიმისოდ ყოფნა ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩასვლად წარმოედგინათ. მთელი ღამე ფეხზე დგომით ლოცვაში გაათენეს მამებმა. დღის მესამე ჟამზე ნეტარმა იოანემ უბრძანა მწირველ მღვდლებს, რომ ღვთისათვის უსისხლო მსხვერპლი შეეწირათ. წირვის დასრულების შემდეგ, როცა მამები ეზიარნენ წმიდა საიდუმლოს, იოანემ უთხრა ყველას, რათა ხელაპყრობილებს ეთქვათ „კირიელეისონი“. და როცა მამები ხელაპყრობილები ამბობდნენ „კირიელეისონს“, ღვთის ანგელოზმა აიღო საკურთხევლიდან დაწერილი ფურცლები და ყველას დასანახად ნეტარ იოანეს ჩაუდო ისინი ხელში. ღვთისაგან გამორჩეულთა შორის იყვნენ: შიო, დავითი, იოსები, ანტონი, თადეოზი, თათე, პიროსი, ელია, პიმენი, ნათანი, აბიბოსი, იოანე. ასე იმიტომ მოიქცა წმ. იოანე, რომ არავის ჰგონებოდა, თითქოს ვინმეს მიმართ ჰქონდა გამორჩეული სიყვარული და კიდევ, რათა იქ დარჩენილი ძმები არ შეწუხებულიყვნენ მოძღვართან განშორებით. ამის შემდეგ იოანემ შეკრიბა დარჩენილი ძმები, რომლებიც დიდად იყვნენ შეწუხებულები და მწარედ დასტიროდნენ მოძღვართან განშორებას და ევედრებოდნენ მას, რომ არ მიეტოვებინა ისინი. ნეტარმა იოანემ უთხრა მათ: „შვილებო, შეუძლებელია ღვთის ნების წინააღმდეგობა და თქვენ მოწმენი ხართ, რომ რა დღიდანაც ინებეთ გლახაკი იოანეს მოწაფეობა, არავისთვისაც დამიკლია ნდობა, არამედ მთელი გლით შეგიყვარეთ ყველა, ქრისტეა მოწმე ამისა. ახლა როცა ღვთის ნება თქვენზე ასეთია, რომ უფალს უნდა ემსახუროთ აქ, ხოლო იმათ იქ, სადაც უფალი გაუძღვება მათ, ნუ სწუხხართ, არამედ სიხარულით დაემორჩილეთ მას, რომ მოწინააღმდეგეებად არ იქცეთ ღვთისა. ამის შემდეგ ნეტარი იოანე ბევრს ევედრებოდა მათ, რომ შეეწყვიტათ უზომო გოდება. წმიდა მამამ მათ ექვთიმე დაუდგინა წინამძღვრად და მასწავლებლად თავის ნაცვლად. ბოლოს იოანემ აღაპყრო ხელები, დიდხანს ილოცა და შეავედრა ისინი უფალს, შემდეგ თითოეულს თავზე ხელი დაადო და აკურთხა, ყველა ერთად დალოცა და ცრემლებით დაშორდა მათ. იმ დროს დიდი მნათობი სვიმეონი მოღვაწეობდა საკვირველ მთაზე, რომელიც სვეტზე კი არა, - თონეში ეწეოდა ღვაწლს. ნეტარმა იოანემ და მისმა მოწაფეებმა მოინახულეს იგი და მიიღეს ლოცვა-კურთხევა მისგან და ამის შემდეგ დაადგნენ ქართლისაკენ მიმავალ გზას, რომელიც დიდი გაჭირვებით გაიარეს მათ.
3. როდესაც მამებმა მიაღწიეს ქართლს, კათოლიკოზ ევლავიოსს ღამით ეჩვენა ანგელოზი, რომელმაც უთხრა მას: „აი, მოდის იოანე, უფლის განთქმული მონა, თავის მოწაფეებთან ერთად, რომელმაც უნდა გაანათლოს ეს ქვეყანა, როგორც ეს ადრე ნინომ გააკეთა. ახლა ადექი და მიეგებე მათ და მიიღე კეთილად და ყველანაირად დაეხმარე მათ, რადგან ღვთის ბრძანებით მოდიან და ნუ გაიკვირვებ მათს უბრალო ჩაცმულობას, რადგან შინაგანად ისინი ყოვლად ბრწყინვალენი და შემკობილნი არიან“. ადგა ღირსი ევლავიოსი ეკლესიის მსახურებთან ერთად და გავიდა ზენა სოფლამდე, სადაც გაჩერდა და თვალს ადევნებდა გამვლელ-გამომვლელს, რათა ეცნო ღვთის მონების შემოსვლა. და აი, გამოჩნდნენ წმიდა მამები, ძონძებით შემოსილები და უფეხსაცმლონი, უსიამოდ შესახედნი, ასურული წესით კუნკულებით შემოსილები. დაინახა თუ არა კათოლიკოზმა, მაშინვე მიხვდა, რომ ისინი იყვნენ, რომლებზეც ეუწყა ღამით, ადგა მაშინვე, მოეხვია იოანეს და უთხრა მას: „კეთილად მოსულხარ, წმიდაო მამაო“. ნეტარი იოანე ფეხებში ჩაუვარდა კათალიკოზს და უთხრა: „კურთხეულია ღმერთი, რომელმაც ღირსი გამხადა შენი სიწმიდის თაყვანისცემისა“. ასევე დანარჩენმა მამებმაც მიიღეს კურთხევა კათოლიკოზისაგან. აქ მინდა შევჩერდე და მოგითხროთ დიდი საკვირველება, თუ ღირსმა კათოლიკოზმა და ნეტარმა იოანემ როგორ იცნეს ერთმანეთი და სახელებით მიმართეს ერთმანეთს, და იმაზეც, თუ როგორ იწყო იოანემ ქართულ ენაზე დაუბრკოლებლად საუბარი. ჰოი, შენს საკვირველებას, ქრისტე ღმერთო, როგორ ადიდებ შენს მადიდებლებს. ეს სასწაული, ძმებო, ჰგავს სიონში წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გადმოსვლას, ცეცხლის ენების სახით რომ დაადგა თითოეულს თავზე. ჭეშმარიტად საკვირველია ღმერთი თავის წმიდანებს შორის, ღმერთი, რომელმაც წმიდა სულით უცებ აამეტყველა იოანე იმ ენაზე, რომელიც არა თუ ესწავლა, გაგონილიც კი არ ჰქონდა. ვის არ გააკვირვებს და განაცვიფრებს ეს? ყველანი, ვინც კი იყვნენ მაშინ იქ და მოისმინეს ეს სასწაული, გაკვირვებულები და გაოცებულნი ადიდებდნენ ღმერთს, საკვირველებათა მოქმედს. ყველას გასაგონად კათოლიკოზმა უთხრა ნეტარ იოანეს: „მამაო იოანე, მე უფალმა მაუწყა შენი მოსვლის შესახებ და ახლა ვმადლობ ღმერთს, რომელმაც აქ მოავლინა შენი სიწმიდე, რათა მრავალ სულს წინ გაუძღვე ღვთის მეცნიერებაში და ასწავლო ჭეშმარიტი ცხოვრება, რომელიც კაცს ღვთის სასუფეველში დაამკვიდრებს“. წმ. იოანემ თაყვანი სცა კათოლიკოზს და მიუგო: „წმიდაო მეუფეო, შენ თავმდაბლობით მიმსგავსებიხარ ქრისტეს, რომლისაგანაც იგი ისწავლე, ხოლო ჩვენ, შენი მონები, უმეტესად ვმადლობთ ღმერთს, რომელმაც ღირსი გაგვხადა გვეპოვა კეთილი მწყემსი, რომელსაც ყოველგვარი დაფარული საქმე ეცხადება ღვთის მიერ. დიდება ღმერთს, რომელმაც ღირსი გაგვხადა და გნახეთ შენ რათა შენ გაგვიძღვე ჩვენ სუსტებს ცხოვრების გზაზე. ვხედავ ღვთის მადლს შენზე, რადგან, როცა ღირსი გავხდი შენი კურთხევის მიღებისა, ჩემმა ენამ დაიწყო საუბარი შენს ენაზე, გამეხსნა ყურნი, რომ მომესმინა შენი ბრძანებები, ჩემო უფალო“. ყველანი, ვინც კი ისმენდნენ ამას, ღმერთს მადლობდნენ. ამის შემდეგ წავიდნენ წმიდა ეკლესიაში და თაყვანი სცეს წმიდა ადგილს, სადაც ღვთის ძალით ამაღლდა დიდებული და საკვირველი სვეტი, რომელიც დგას ჰაერში ადამიანთა გარეშე, უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ზეგარდამო მოქსოვილი კვართის თავზე. სვეტის წინ მრავალი ცრემლი ღვაწეს წმ. იოანემ და მისმა მოწაფეებმა. ლოცვის დასრულების შემდეგ კათოლიკოსი გაუმასპინძლდა მათ დიდი პატივით. მამები აქ კარგა ხანს დარჩნენ. ხედავდნენ ყველანი ნეტარი მამების წმიდა სახეებს, როგორც თვით ანგელოზებს და მათკენ მიისწრაფოდნენ, სხვადასხვა სენით დაავადებულნი მიჰყავდათ მამებთან და მათგან კურნებას ღებულობდნენ. მამებისაგან ისინი ისმენდნენ სიტყვებს საუკუნო ცხოვრების შესახებ და წმიდა სამების რწმენაში მტკიცდებოდნენ. მათი სწავლა-მოძღვრებებით აყვავდა ქართლის ქვეყანა, მათთან თვით მეფე და ქართლის დიდებულებიც კი მივიდნენ და კურთხევის მიმღებნი მათი სწავლით განათლდნენ. როგორც დიდი მდინარისაგან, ისე იწყვებოდა ქართველობა ასურელი მამების სწავლით. ხოლო წმიდა მამები მრავალი ლოცვითა და ვედრებით ევედრებოდნენ ღმერთს, რათა მათთვის ეჩვენებინა სამოღვაწეოდ მყუდრო სამყოფელი. მათ მოინახულეს და თაყვანი სცეს იმ ადგილებს, სადაც ადრე უხდებოდა ყოფნა წმიდა დედა ნინოს, რომელსაც, როგორც სინამდვილეში ცოცხლად მყოფს, ისე ტკბილად ხვდებოდნენ. კითხულობდნენ და ეცნობოდნენ მის ცხოვრებას, ქადაგებასა და მოღვაწეობას და ღმერთს მადლობდნენ, რომელმაც უმწეოს მიანიჭა მოციქულების მადლი და ასეთი დიდი ღვაწლისთვის მამებზე მეტად გააძლიერა.
4. ერთ დღეს ნეტარმა იოანემ აღმოსავლეთით, ზედაზნის მთაზე შეამჩნია ნისლის მსგავსი, სადაც ეშმაკები რაღაც საოცრებების მსგავსს ჩადიოდნენ. გაუკვირდა და უთხრა თავის მოწაფეებს: „ნახეთ უკეთურები რას აკეთებენ? ამიტომ მსურს იმ ადგილზე დავმკვიდრდეთ, იმისათვის, რომ ჩვენს დასანახად შეიკრიბდნენ და ახდენენ რაღაც საოცრებებს, მაგრამ არაფერია, ქრისტეს ძალა უნდა შეგვეწიოს“. შემდეგ მიხედა არაწმიდა სულებს და უთხრა: „კურთხეულია უფალი, მაქედან განდევნილები ვერც სხვაგან სადმე იპოვით სამკვიდრებელს, სადაც კი გლახაკი იოანესა და მისი ძმების სახელებს ახსენებენ“. ამის შემდეგ მივიდნენ კათოლიკოზთან და სთხოვეს სამოღვაწეოდ ის უღრანი და ადამიანთათვის მიუვალი მთა, რათა იქ დამკვიდრებულიყვნენ, ვიდრე ღვთის მადლით გამოჩნდებოდა შემდგომი. კათოლიკოზმა უთხრა მათ: „წმიდა მამებო, ყოველნაირად უნუგეშო, გაუვალი, ადამიანისათვის მიუსვლელი არის ის მთა და ადრე ზადენის ბილწი კერპიც იქ მდგარა, რომელიც გაანადგურა ნეტარმა ნინომ და ახლა, როგორც მესმის, ბოროტი სულები ბუდობენ იმ მთაზე“. მამებმა უპასუხეს: „იყოს ღვთის ნება, წმიდაო მეუფეო, და შენი წმიდა ლოცვები ჩვენი უღირსი მონების შემწე, მოგვეცი კურთხევა და გაგვიშვი“. როცა კათოლიკოზმა ვერ შეაცვლევინა აზრი, აკურთხა ისინი და გაუშვა. იყო მაისის თვე და მდინარე არაგვი მოდიდებულიყო. მიაღწიეს მდინარის ნაპირს. თვით კათოლიკოსი ევლავიოსი ეპისკოპოსებითა და ხალხით მოსულიყო, რათა მამები მშვიდობით გაეყვანათ ადიდებულ მდინარეში. როცა ნახეს მდინარის მოდიდება, სთხოვდნენ მამებს, რომ არ გასულიყვნენ, რადგან ეს მაშინ შეუძლებელი იყო. მაშინ ნეტარმა იოანემ უთხრა ნეტარ შიოს: „ილოცე მამაო, რომ ღმერთმა მშვიდობით გაგვიყვანოს“. მორჩილმა შიომ არაფერი მიუგო, არამედ თავისი მოძღვრის ბრძანებას მინდობილმა აღმოსავლეთით სამჯერ მოიდრიკა მუხლი, წყალს ჯვარი გადასახა და უთხრა: „ჩვენი მამა იოანე გიბრძანებს, წყალო, რათა დინება შეაჩერო, ვიდრე ჩვენ გავალთ იქით“. ჰოი, უსაზღვრო კაცთმოყვარებას შენსა, ქრისტე, მისი სიტყვით შეჩერდა მდინარე, ვიდრე მამები იქითა მხარეს გადავიდნენ. ყველა, ვინც კი დაინახა ეს, ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასე დიდი მადლი მისცა თავის ერთგულ მონებს. ხარობდა კათოლიკოზი და მასთან მყოფი ხალხიც და მადლობდნენ ღმერთს, რომელმაც სარწმუნოების ასეთი განმამტკიცებლები გამოუგზავნა ერს. ნეტარი მამები გაუვალი ტყეებით დიდი წვალეთი ავიდნენ მთაზე. ნეტარმა იოანემ მოიარა მთელი მთა და იპოვა პატარა გამოქვაბული, სადაც მან წმიდა ეკლესია მოაწყო. აქ დამკვიდრდნენ მამები მცირე კარვებში და დაიწყეს მოღვაწეობა ძლიერი, რადგან ზამთარში ყინვისაგან დიდად წუხდებოდნენ. საზრდელად ბალახეულს სჯერდებოდნენ. მალე გახდა ყველასათვის ცნობილი მათი მთაზე დამკვიდრება და ხალხმა მთაზე ასასვლელი გზა გაიყვანა. საიდან არ მოდიოდნენ აქ სნეულები, ეშმაკეულები, ბრმები, ხეიბარნი, ყრუნი და ყველანი წმიდა მამების ლოცვით იკურნებოდნენ.
5. ერთ დღეს კათოლიკოზმა ისურვა თავისი კრებულითა და მასთან მყოფი ეპისკოპოსებით ასულიყო მთაზე წმიდა მამების მოსანახულებლად. იქ ასულები ნეტარ მამებს უყურებდნენ როგორც ანგელოზებს, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ ყოველგვარ ქვეყნიურ სახმარსა და ნუგეშს. როცა წმიდა მამებმა მათკენ მიმავალი კათოლიკოზი და ეპისკოპოსები დაინახეს, დიდად გაიხარეს, მიეგებნენ მათ და ფეხებში ჩაუვარდნენ და მათგან კურთხევა მიიღეს. ასევე ეპისკოპოსებმაც მამებს თავები დაალოცინეს. როცა კათოლიკოზმა დაასრულა ლოცვა, ყველანი დასხდნენ იმ გამოქვაბულის მახლობლად, რომელიც მ.წ იოანემ ეკლესიად მოაწყო. ნეტარმა იოანემ უთხრა კათოლიკოზებსა და ეპისკოპოსებს: „რატომ გაისარჯეთ, ჩვენო პატრონებო, ჩვენ უღირსთათვის? ჩვენ არა ვართ ღირსნი, რომ თქვენი სიწმიდე აქ ჩვენთან მოვიდეს. ღმერთმა მოგცეთ მაგიერი კეთილი, რომელიც დიდად მოწყალე არის“. კათოლიკოზმა უბრძანა იოანეს, რათა ეთქვა სულისათვის სასარგებლო სიტყვა. იოანემ მიუგო: „შენ გიხდება ეს, წმიდაო მეუფეო, შენი საქმეა, რომ შენი სწავლით ჩვენ ვხარობდეთ“. აიძულა რა კათოლიკოზმა, მაშინღა გახსნა იოანემ პირი და დაიწყო მშვენიერი მაცოცხლებელი სიტყვების წარმოთქმა. იოანეს პირი იყო როგორც წყარო, სიტკბოგამომდინარე, რომელიც აღმოაცენებდა უამრავ სწავლა-დარიგებას, როცა კი ამას მისგან ითხოვდნენ. უსმენდნენ მას ეპისკოპოსები და ხარობდნენ, რადგან იქიდან დიდი სარგებელი მიიღეს.
6. იმ ხანებში გარდაცვლილიყო ორი ეპისკოპოსი: წილკნისა და ნეკრესისა. ამიტომ კათოლიკოზმა და ეპისკოპოსებმა განიზრახეს, რომ ახალი ეპისკოპოსები მამებიდან გამოერჩიათ. და გადაწყვიტეს, ვინც იმ დღეს უფალს უსისხლო მსხვერპლს შესწირავდა, ეპისკოპოსებად იმათ დაადგენდნენ ყოველგვარი ცილობის გარეშე. დადგა წირვის დრო, და აბიბოსს მოუწია მღვდლობა, ხოლო ისე იყო დიაკონი. როცა დასრულდა წირვა, კათოლიკოზმა ერთი ხელი მოჰკიდა ისეს, მეორე კი - აბიბოსს, ემთხვია აბიბოსს და უთხრა: „გიხაროდენ, აბიბოს, ეპიკოპოსო ნეკრეს ქალაქისაო!“ შემდეგ ეამბორა ისეს და უთხრა: „გიხაროდენ, ისე, ეპისკოპოსო წილკნისაო“. ხოლო ისინი განაცვიფრა მოსმენილმა, რასაც არ მოელოდნენ, დიდად შეწუხდნენ, თავიანთ უღირსებას აცხადებდნენ, კათოლიკოსს ფეხქვეშ ჩაუვარდნენ და ცრემლით ევედრებოდნენ, რომ ამ მძიმე საქმეს მორიდებოდნენ. მაგრამ კათოლიკოზმა ასე თქვა: „დიდია უფალი ჩვენი იესო ქრისტე, არ შევცვლი ამ სიტყვას, რომელიც ღვთის განგებით ითქვა ჩემ უღირსის მიერ“. მოისმინა რა ეს იოანემ, უთხრა მამებს: „შვილებო, ნუ ეურჩებით ღვთის განგებას და ჩვენს წმიდა მეუფეს, რადგან აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ ღვთისათვის ადგილ-ადგილ ვიმოღვაწოთ, რაც მისგანვე ნაბრძანები გვაქვს“. მოისმინეს რა მოძღვრის სიტყვა, დაემორჩილნენ მის ბრძანებას და კათოლიკოზმა ისინი წაიყვანა თან და ორივე ეპისკოპოსად აკურთხა. დაადგინა აბიბოსი ნეკრესში, ხოლო ისე - წილკნის საყდარში, სადაც დასვენებულია ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, რადგან ასეთი მღვდელმთავარი ჰშვენოდა ღვთისმტვირთველი ქალწულის საყდარს, მისი კურთხეული ძისა და ღვთის სისხლით შეკრებილი სამწყსოს მწყემსად. ეპისკოპოსად დადგენის შემდეგ, წმიდა ისემ უფრო უმატა შრომასა და გარჯას, რადგან ახლა უკვე მოუწია სამწყსოს სწავლა და მწყემსვა დიდი გულმოდგინებით. მარტო ახლომახლო კი არ განამტკიცა ხალხი მართალ რწმენაში, არამედ აენთო საღმრთო შურით და წავიდა ქვეყნის ჩრდილოეთით, სადაც ჯერ კიდევ მოუქცეველნი იყვნენ ქრისტეს სარწმუნოებაზე და კერპების მსახურებით შემცდართ, სულიერი თვალი დაბნელებოდათ. ღირსი მამა ისე ბევრს ასწავლიდა მათ მშვიდად და ტკბილად მეტყველი, უყვებოდა ხალხს ღმერთის ზეციდან გადმოსვლაზე, რათა გამოეხსნა ადამიანები ეშმაკებისა და კერპების მონებისაგან და უმტკიცებდა მათ ამაოებას და სიცრუეს მათი ღმერთებისას. ევედრებოდა, რომ მიეტოვებინათ ცთომილი რწმენა და შედგომოდნენ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს. და ამგვარად, ღონე იხმარა და კეთილი სწავლითა და მრავალი სასწაულებით მოაქცია ისინი ქრისტეს რწმენაზე, რადგან სნეულებს კურნავდა, ეშმაკებს განდევნიდა ქრისტეს სახელის მოწოდებით, ამიტომ ამ ღირსი მამის მოძღვრებით, ბევრმა მიიღო ქრისტეს სარწმუნოება. ბევრი საკერპო დაარღვია მან, ბომონები შემუსრა და ეკლესიები ააშენა, ხალხი მონათლა და ქრისტეს მცნებაში განამტკიცა, დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები და ამის შემდეგ თავისსავე ტაძარში დაბრუნდა, საღვთო მოძღვრებითა და სწავლით ბოროტ ძალებზე გამარჯვებული.
7. ხოლო ჩვენ თხრობას დავუბრუნდეთ. ნეტარი აბიბოსა და ისეს წასვლის შემდეგ კიდევ უფრო მრავლად იწყეს ნეტარ იოანესთან მისვლა, ტოვებდნენ ქვეყნიურ ცხოვრებას და იღებდნენ მონაზვნობას, როგორც ეს წმიდა ცხოვრებაშია აღწერილი, ისე რომ მთა, რომელიც ადრე უღრანი ტყით იყო დაფარული, ახლა გაშიშვლდა იქ მისული და დამკვიდრებული ძმებისაგან. ასე აივსო ეს ადგილი ღვთის მადიდებლებისაგან. ერთ ღამეს ნეტარ იოანეს ეჩვენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და წმიდა დედა ნინო და უთხრეს იოანეს, რათა თავისი მოწაფეები ქართლის სხვადასხვა კუთხეში გაეგზავნა. გამოღვიძებულმა იოანემ ეს ჩვენება მოუთხრო თავის სულიერ ძმებს და უბრძანა მათ, რათა მომზადებულიყვნენ ღვთის ნების შესასრულებლად. თითოეული მათგანი უნდა წასულიყო იქ, სადაც გაუძღვებოდა მათ სულიწმიდა. მამები დიდად შეაწუხა მოსმენილმა, რადგან მეტად უმძიმდათ მოძღვართან განშორება, მაგრამ წინააღმდეგობა ვერავინ იკადრა, არამედ დაემორჩილნენ ღვთის ნებასა და მოძღვრის ბრძანებას და წავიდა თითოეული იმ მხარეს, სადაც მიუთითა სულიწმიდამ. წასვლამდე ნეტარმა იოანემ ისინი მიიყვანა კათოლიკოს ევლავიოსთან და აუწყა მას ჩვენება და სთხოვა, რათა მიეცა მათთვის კურთხევა და დაელოცა. კათოლიკოზის დალოცვის შემდეგ ნეტარი იოანე დიდხანს ასწავლიდა, როგორც ეს მის ცხოვრებაში წერია. წავიდნენ მამები და თან გაიყოლეს ახლად ნაკუთხი ქართველი ბერ-მონაზვნებიც, როგორც ეს მათ წმიდა იოანემ უბრძანა.
8. ნეტარი შიო იყო დაყუდების მოყვარე, ამიტომ ევედრებოდა წმ. იოანეს, რათა მიეცა მისთვის ნება დაყუდებისათვის. იოანემ უთხრა მას: „შვილო შიო, წადი, სადაც უფალი გაგიძღვება, რადგან მე ღმერთმა გამომიცხადა, რომ დაყუდებული ცხოვრებითაც იმოღვაწებ და კიდევ მამა იქნები დიდი ლავრისა. ახლა მიიღე კურთხევა ჩვენი ნეტარი მეუფის კათოლიკოზისაგან და იყოს უფალი შენთან, როგორც მე უღირსი არასოდეს მიმატოვა უკეთური სულებისაგან ბრძოლებისას, ასევე შენც იგი დაგიცავს და გაგიძღვება დღისითა და ღამით, და ნუგეშსაც მიიღებ მისგან და შენს მაგიერ იგი შეებრძოლება ყოველგვარ სივერაგეს ეშმაკისას და დაამარცხებს მას. მას შემდეგ, რაც ნეტარმა იოანემ დალოცა, შიო წავიდა კათოლიკოზთან, მიიღო მისგან კურთხევა და გაემართა მცხეთის დასავლეთით, ადამიანისათვის უვალი, უღრანი და კლდოვანი ადგილებისაკენ. იგი მიადგა ერთ ღრმა უწყლო და უნუგეშო ხევს, მხეცებითა და შხამიანი ქვეწარმავლებით სავსე ადგილს, რაც დასანახადაც კი აძრწუნებდა ადამიანის ბუნებას. როცა დაათვალიერა იქაურობა, თქვა: ეს იქნება შენი მონის მოსასვენებელი, ქრისტე ღმერთო ჩემო, და შენი მადლი - ჩემი შემწე, და ჩემი სულიერი მამის იოანეს ლოცვით დამიფარე მე. იპოვა მდინარე მტკვრის ჩრდილოეთით გამოქვაბული, მეტად მცირე, რომელიც ეყოფოდა მხოლოდ სხეულის დასაფარად. ამ გამოქვაბულში დამკვიდრდა ნეტარი შიო მარტო, მხოლოდ ღმერთს მინდობილი, საზრდელისა და სასმელის და ყოველგვარი ქვეყნიური ნუგეშის გარეშე, რითაც ადამიანები ცხოვრობენ. ასე გაატარა ორმოცი დღე და, ნახა რა ღმერთმა მისი გულმოდგინება, და ის, რომ შიომ მას მიანდო სრულიად თავისი საზრუნავი, მხალეულიც კი არ მოიძია, რომ იმით მაინც გაეძლიერებინა სხეული, მისცა მას ძალა კიდევ უფრო მეტი - ყოველგვარი საჭმლისა და სასმელის გარეშე გაატარებინა შიოს სამოცი დღე. და ასე, ღვთის სასოებას მინდობილმა დიდი სურვილითა და მონდომებით შეიყვარა ყოფნა გამოქვაბულში თავისთვის. ყოველივე ქვეყნიური ზრუნვა, ხორციელი მოსვენება და საკუთარი სხეული გაიმეტა დიდი სივიწროვისა და გაჭირვებისათვის, რითაც სხეულის სულისადმი დამორჩილება შეძლო. იმედი მარტო ღვთის ჰქონდა მას და მისგან ელოდა შეწევნას და გაძლიერებას მტრის ყოველი სივერაგისა და საფრთხისას. ვის შეუძლია სრულად გამოთქვას ის დიდი სიძნელეები, რომელიც მან ეშმაკისაგან დაშვებული განსაცდელებისას გადაიტანა. არ დარჩენილა არც ერთი სახე ბოროტებისა, რომელთანაც წმინდანს შებრძოლება არ მოუწია. იგი მრავალნაირად, უამრავი გულითქმებით, ჩვენებებითა და ოცნებებით გამოიცდებოდა. და, როცა ამით ვერაფერს გახდა, ეშმაკმა დაიწყო მისი დაშინება ხან მხეცის სახით, ზოგჯერ - ქვეწარმავლის, ხან იღებდა ლომისა და ვეფხვის, დათვისა და რქოსანი ურჩხულის სახეს და ცდილობდა დღისით და ღამით მის გამოცდას და, ნახა რა ბოროტებამ, რომ განსაცდელებით წმიდანს, როგორც გრდემლს, ისე სჭედდა და აძლიერებდა და როგორც უსხეულოს ისე ეკვეთებოდა, ისევ შეცვალა ბრძოლის სახე და ერთ ღამეს მოახდინა შემდეგი საცდური: შეიკრიბნენ იქ დამკვიდრებული ეშმაკები და მოაწყეს დიდი შეტევა, თავს დაესხნენ წმიდა შიოს, ისე რომ თითქოს მოკვლა უნდოდათ მისი. მაგრამ ნეტარი მამა არ შეირყა მათგან, გულმოდგინედ და წყნარად დაასრულა თავიის ლოცვა, შემდეგ გამოვიდა გამოქვაბულიდან და მიმართა მათ: „უბედურებო, არ იცით, რომ სადაც მოქმედებს ქრისტეს ძალა, თქვენ იქ ვერაფერს გახდებით? აი, რამდენი დღეა, რაც ასე იქცევით და ვერც ჩემთან მოახლოებას ვერ ახერხებთ, რადგან ქრისტე ღმერთია ჩემი ძალა, ცხოვრება და სიქადული, ამიტომ მე თქვენი სრულიად არ მეშინია. პირიქით, ახლა მე გეტყვით თქვენ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით: წადით და მომშორდი ყველა, უსჯულოების მომქმედნი!“ ამ სიტყვებზე ეშმაკები გარბოდნენ მისგან და ეუბნებოდნენ: „შიო, ამპარტავანო ბერო, ხვალ ჩვენი მთავარი მოვა აქ, ახლა იგი შენი მოძღვრის იოანეს მოსაკლავად არის წასული, ხვალ იმას მოკლავს, შემდევ მოვა აქ და მოგკლავს შენც“. ეს უთხრეს და მაშინვე წავიდნენ. ხოლო ნეტარმა შიომ ხელაღპყრობილმა დაიწყო ღვთისადმი ვედრება და შესთხოვდა დახმარებას მის ძალას და ის ღამე ასე გაატარა ლოცვაში გამოქვაბულის გარეთ. როცა მოახლოვდა ცისკარი, შეამჩნია თავის გამოქვაბულში გამოუთქმელი ნათელი, რომლის განცდაც მისთვის შეუძლებელი იყო. ირგვლივ საოცარი სურნელება დატრიალდა, რომელმაც მისი სული სიხარულით აავსო. გამოქვაბულიდან მოისმა ხმა: „შიო, ჩემი ძის ერთგულო მონაო, მოდი“. და დაინახა გამოქვაბულის კართან მდგარი საოცრად დიდებული ქალი, რომლის აღწერა მას არ შეეძლო. და ერთი მამაკაციც, მოღვაწის სახით, ისიც დიდებული, და უამრავი ზეცის ანგელოზები, რადგან კლდის ზემოთ, სადაც გამოქვაბული იყო, ზეცამდე იყო გახსნილი და ჩანდნენ ანგელოზები, რომლებიც სამწმიდაოს გალობდნენ ტკბილი და გამოუთქმელი ხმით და ყველა ჯვრით იყო შეიარაღებული. ამ საშინელი სანახაობით შეძრწუნებული ნეტარი შიო ძირს დაემხო, რადგან არ შეეძლო აქამდე განუცდელი ბრწყინვალებისათვის გაეძლო, რომელიც იმ ქალისაგან მოდიოდა. დიდებულმა დედოფალმა კვერთხის წვერი შეახო მას, გაამხნევა და უთხრა: „ადექი!“ წამოაყენა იგი და მისცა ხელში თოვლის მსგავსი რაღაც მცირეოდენი და უთხრა: „მე ვარ მშობელი ქრისტე ღმერთისა, რომელიც შენ შეიყვარე, ხოლო ჩემთან მდგომი არის იოანე ნათლისმცემელი. მოვედი შენი ნუგეშის საცემად, რადგან დავინახე სრული სიყვარული შენი ჩემი ძისადმი. შეჭამე, რაც ხელში გაქვს და ამიერიდან იმას შეჭამ, რასაც ზეციდან მიიღებ. ნუ შეგაშინებს ეშმაკის ბრძოლები, რადგან მდიდარი ხარ ღვთის მადლით. მალე ამ უდაბნოს აავსებენ ღვთის მოშიში ადამიანები, რომლებიც შენს ცხოვრებას მიბაძავენ და იქნება შენი ქება უკუნისამდე“. როცა ნეტარი შიო გონს მოეგო და მიხვდა ღვთისა და მისი უბიწო დედის მისადმი ზრუნვას, შეჭამა, რაც ხელში ჰქონდა, თოვლის მსგავსი, რომელიც მისაც მას ბრწყინვალე ქალბატონმა და მაშინვე დაუტკბა პირი რაღაც უცხო სიტკბოებით და გაძლიერდა სიხარულით. ილოცა ღვთის მიმართ და თქვა: „ჰოი, იესო სახიერო და კაცთმოყვარეო, რომელიც წმიდა ქალწულისაგან დაიბადე, რათა ეშმაკისაგან შემცდარნი გადაარჩინო და იხსნა ხორცშესხმული ღვთისმოსავნი ბოროტის მანქანაებისაგან. შენ, მეუფეო უფალო, მომეც მე, შენს უღირს მონას მოთმინება, რომ გავჩერდე ამ ადგილზე, რათა შენს მოსაწონად გავატარო ჩემი ცხოვრების დარჩენილი დღენი, და ღირსი გამხადე სხვებთან ერთად, რომელთაც შენ შეიწყალებ, საუკუნო სიკეთის ხილვის, ყოვლადუხრწნელი ჩვენი დედოფლის და შენი უბიწო დედის, წმიდა დიდებული მოციქულებისა და ჩვენი წმიდა მამა იოანეს მეოხებით“. ამ სიტყვებით მეტყველი, ხანგრძლივი ლოცვებითა და მუხლთა მოყრით მადლობას შესწირავდა უფალს მრავალი დღის განმავლობაში. ასე შეუორგულებელ ლოცვასა და მარხვაში ნეტარმა შიომ, გაატარა რამდენიმე დღე და ღმერთმა, ნახა რა გულმოდგინება და მოთმინება მისი, რომელიც არ ერიდებოდა ხორცისათვის ასეთ დიდ გასაჭირს, და ყოველგვარი სახმარის უქონლობაში საკუთარი თავის დასჯას, ღმერთმა, რომელიც სახიერია და კაცთმოყვარე, არ დაივიწყა თავისი ერთგული მონა და როგორც ადრე ელია გამოზარდა უდაბნოში ყორნის დახმარებით, ისე საღვთო შურით აღვსილი შიოს გამოზრდა იწყო ყოველდღე მტრედის მოვლინებით, რომელსაც მოჰქონდა შიოსთან ხორცისათვის ნუგეშის საცემი. წყალიც კი გამოუდინა მშრალი კლდიდან თავის გამოქვაბულის მარჯვნივ. ნახა რა ნეტარმა შიომ, რომ მასზე ასე ზრუნავდა უფალი, მადლობასა და ქებას შესწირავდა შემდეგი სიტყვებით: „ჰოი, უფალო დიდებისაო და ყოველგვარი ნუგეშის მცემელო ღმერთო, შენი სახელი კურთხეულია უკუნისამდე, დიდია შენი წყალობა ჩვენზე, რადგან ადამიანთაც და მათ საცხოვრებელსაც შენ აცოცხლებ შენი უხვი წყალობით, რომელმაც ინებე ჩემ უღირსსა და უნდოზე ზრუნვა, რისთვისაც ყველაფრისათვის ვმადლობ შენს სახიერებას, რითაც მე ცოდვილსა და უხმარ მონას შენსას არ მტოვებ. ასე ზეციური ზრუნვის ქვეშ მყოფი ღვთისაგან ხარობდა სულით და ადიდებდა ყოველივეს მფლობელ მეუფეს, რომელმაც წყალობით მოიხედა მისკენ. ამიერიდან უმატა მღვიძარებასა და ლოცვას სხვა დანარჩენ მოღვაწეობასთან ერთად, რადგან უხილავად გრძნობდა ბოროტი მტრის, ეშმაკისაგან დაპირისპირებას, რადგან გაძლიერებული იყო ღვთის ძალით და მიცემული ჰქონდა სულიწმიდის ძალა მზაკვარი გველის თავის დასათრგუნავად და მისგან ნასროლი ისრების მოსაგერიებლად და განდევნა ისინი ყოველდღე ფსალმუნებითა და ფეხზე დგომით, ღვთის მიმართ ლოცვით. პირზე ყოველთვის ეკერა წინასწარმეტყველ დავითის სიტყვები: „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის, უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე... აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლა, ამისთვისცა მე შენ გესავ“ (ფს. 26,1-3). და კიდევ: „მომადგეს მე და მომიცვეს მე „და სახელითა უფლისათა ვერეოდე მათ“ (ფს. 117,11). და „საფრხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით“. და ასეთ ლოცვებს მინდობილი, ეშმაკის ბოროტ ძალებს განდევნიდა საუფლო ჯვრის გამოსახვით მარტო მყოფი და მხოლოდ ღმერთს უგალობდა და მყუდროებით ქებას აღუვლენდა.
9. ასეთ ყოფაში გავიდა დიდი დრო და ღვთის განგებულებამ ინება ბრწყინვალე ნათლის გამოჩენა, რადგან არც იყო შესაძლებელი, რომ სათნოებების მთაზე აშენებული ქალაქი უმეცრებას დაეფარა. ამიტომაც მაღალ სასანთლეზე იქნა დადგენილი ეს დიდი მნათობი, რათა ყველასათვის გაენათებინა და მის მოძღვრებას მორწმუნეთა სულები გაენათლებინა. ამიტომაც დიდხანს დაფარული ეს საუნჯე გამოცხადა ღმერთმა შემდეგნაირად: იმ დროს იყო ერთი წარჩინებული კაცი, ციხედიდის მთავარი ევაგრე, ღვთისმსახურებასა და საღვთო წერილის კითხვაში აღზრდილი. იგი ერთ დღეს თავის შვილებთან და მსახურებთან ერთად სანადიროდ იყო გამოსული მტკვრის იქითა მხარეს, სადაც იმყოფებოდა სანატრელი შიო. როცა მიუახლოვდნენ იმ ადგილს, ნადირის საძებნელად ყველანი დაიფანტნენ მარჯვნივ და მარცხნივ, ხოლო ევაგრე ერთ ადგილზე მდგარი იყურებოდა აქეთ-იქით, რათა ეპოვა მის მიერ ძებნილი რომელიმე ნადირთაგანი. და ღვთის განგებით დაინახა მტრედი, რომელსაც მიჰქონდა ნეტარი შიოსათვის საზრდელი თავისი ჩვეულების მიხედვით. ევაგრემ თვალი მიადევნა მტრედს და კარგად დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც შეფრინდა მტრედი. მას შემდეგ, რაც გაარკვია ნადირთა სამყოფელი, დაბრუნდა თავის სახლში. მეორე დღეს ისევ გავიდნენ სანადიროდ. როცა სხვები ნადირთა საძებნელად მიმოდიოდნენ, ევაგრეს ისევ იმ გამოქვაბულის მახლობლად მოუწია ყოფნა, სადაც იმყოფებოდა ღირსი შიო. და მან კვლავ შეამჩნია მტრედი, რომელსაც მიჰქონდა ბერისათვის საზრდელი, როგორც წინა დღით. ამან დიდად გააკვირვა ევაგრე და გაჰყვა მტრედს, რათა გაეგო, თუ საით ეზიდებოდა საკვებს. როცა მიაღწია იმ ადგილს, ნახა გამოქვაბულში მჯდარი წმიდა მამა შიო, რომელიც მადლობას აღავლენდა ღვთისადმი. ნანახმა დიდად გააკვირვა ევაგრე, ღვთის მადლმა მიახვედრა იგი, რომ ბერი ამ გამოქვაბულში იყო დაყუდებული, ამიტომ შიშითა და კრძალვით ჰკითხა მას: „ჰოი ღვთის კაცო, ვინა ხარ და სადაური?“ ბერმა უპასუხა: „მე უცხო კაცი ვარ და ქრისტეს მიმდევარი, ამ მცირე გამოქვაბულში ვიმყოფები ქვეყნიურ შფოთს მოშორებული, რათა მყუდროებაში ვიმყოფები ქვეყნიურ შფოთს მოშორებული, რათა მყუდროებაში გავატარო ჩემი ცხოვრების დღენი, ყველას მეუფისა და უფლის უშფოთველად მადლობელი და მადიდებელი, გავხდე ჩვენი ღმერთის - იესო ქრისტესთვის სასურველი“. ღირსი და ნეტარი შიოს სიტყვების მოსმენამ, დიდად გაახარა ევაგრეს სული და მან ბერს უთხრა: „დიდია ღმერთი და წმიდაა შენი სული და ამიერიდან არ მიგატოვებ შენ და არც ჩემს სახლში დავრუნდები“. ბერმა უთხრა მას: „შვილო, შენ არ შეგიძლია მოითმინო სიმკაცრე და უნუგეშობა ამ უდაბნოსი, რადგან როგორც შენი სახეც აცხადებს ამას, შენ ფუფუნებაში ხარ აღზრდილი, ამიტომ წადი შენს სახლში, გონებაში მუდამ გქონდეს ღვთის შიში, რომ დაგიცვას ყველაფრისგან, რაც კი მავნეა სულისათვის“. ევაგრემ კი ისევ მიუგო ბერს: „დღესვე რომ მომიწიოს შენთან სიკვდილი, მაინც არ მიგატოვებ შენ, ღმერთშემოსილო მამაო, არამედ აქ, შენთან დავრჩები და შენთან ერთან მოვითმენ სიმძიმესა და სივიწროვეს, ვიდრე უკან დაბრუნდე ქვეყნიურ შვებასა და მოსვენებაში, რომლებიც უამრავი შფოთით არიან აღსავსენი“. რაცა წმიდა შიომ დაინახა ევაგრეს სიმტკიცე, უთხრა მას: „ახლა, რადგან ასე შეგიყვარებია უდაბნო და ღვთისათვის გაჭირვებით ცხოვრება, ენდე, რასაც გეტყვი შენ. ევაგრემ უთხრა: ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც კი შენი სიწმიდე მიბრძანებსო“. მაშინ ბერმა მისცა მას თავისი კვერთხი, რომელიც ხელში ეკავა და უთხრა: „წადი, შვილო, წაიღე ეს და, როცა მტკვარს მიადგები, ჩაყავი წყალში და უფალი ჩვენი იესო ქრისტეს შეწევნით მდინარე გზას მოგცემს, მშრალად გაგატარებს. მოაგვარე ყოველგვარი შენი საქმე. და, თუ უფალი ინებებს და უკან წამოხვალ აქეთ, მიაღწევ რა მდინარეს, როგორც ადრე, ჩემი კვერთხი კვლავ წყალში ჩაყავი და თუ წყალი გზას მოგცემს, მოდი ჩემთან მაშინვე, რადგან ასეთი იქნება ღვთის ნება. ხოლო, თუ წყალი არ გაიპობა და არ დაემორჩილება ამ კვერთხს და შენ გზას არ მოგცემს, ისევ უკან დაბრუნდი სახლში და მტკიცედ გჯეროდეს, რომ მაშინ ღმერთს არ ექნება სურვილი ხელი მოგკიდოს შენ“. მაშინ ევაგრე, მართალია უმძიმდა ბერის მიტოვება და მისგან განშორება, მაგრამ მის ბრძანებას დაემორჩილა, ოღონდ სთხოვა ბერს, აღეთქვა მისთვის, რომ იგი იმ ადგილს არ მიატოვებდა, რადგან გონებაში ფიქრობდა: ჩემი გულისათვის არ მიატოვოს ეს ადგილი, რომელსაც ყოველგვარი საერო შფოთი მოუძულებია და აქ, მარტოობასა და გაჭირვებაში, ადამიანებისა და ქვეყნიურ საზრუნავებისაგან სიშორეში მოუნდომებია ცხოვრება. ამიტომ, როცა ბერი დაპირდა მას, რომ მის დაბრუნებამდე იმ ადგილიდან არსად წავიდოდა, ევაგრემ მიიღო კურთხევა ბერისაგან და გაეშურა ბრძანების შესასრულებლად. როცა მდინარეს მიაღწია, დაავალა ერთ ყრმას, რომ წასულიყო და მისი სახლეულისათვის, რომელიც იმ დროს იყო ნასდაგისში, ეუწყებინა, რომ ყველანი ციხედიდში მისულიყვნენ მასთან. ხოლო თვითონ კვერთხი ჩაყო წყალში, როგორც ეს ბერისაგან ჰქონდა ნათქვამი, და ჰოი საკვირველებავ, ეს დიდი მდინარე მაშინვე გაიპო შუაზე კვერთხის მორიდებით და გზა მისცა ევაგრეს ფეხის დაუსველებლად გადასასვლელად. სახლში მისულმა მოაგვარა ოჯახური საქმეები, როგორც ეს ჰქონდა ბერისაგან ნათქვამი, უმეტესი ნაწილი თავისი ქონებისა მისცა გლახაკებს და ნათესავებისა და საერო ცხოვრების მიმტოვებელი ჩქარობდა, როგორც ლოთი ეშურებოდა ღვთის მონა სეგორთან მიღწევას, და გონებითა და თვალით აღარ იხედებოდა ქვეყნისაკენ, რადგან შიშობდა, უკან მხედველს არ დაეკარგა სასუფეველი ღვთისა, როგორც ეს შეემთხვათ მარილის ძეგლად ქცეულებს მიწიერი და სოდომური ვნებებისათვის. ამიტომ კვერთხით ხელში ჩქარობდა მდინარის ნაპირთან მისვლას. და როგორც ადრე, ახლაც ღირსი შიოს კვერთხი ჩაყო წყალში და დიდმა და საზარელმა მდინარემ ისევ მისცა მას გზა. აი, შენი ძლიერება, ქრისტე ღმერთო! ეს სასწაული, ძმებო, არ არის ნაკლები წინასწარმეტყველისა და ღვთის მხილველი მოსეს კვერთხით მოხდენილზე, ოღონდ იქ ღმერთი იყო მბრძანებელი და წინასწარმეტყველთა უპირატესი მოსე საღმრთო დიდებულების მსახური, აქ კი სულიწმიდის მადლით განღმრთობილი, ღვთის მსახური და მონა შიო იყო მბრძანებელი ახალი მოსესი, რომელმაც კვერთხის დარტყმით გაიყვანა ისრაელთა ერი, ასევე ევაგრემ მოიშორა გონებით ყოველგვარი ქვეყნიური საზრუნავები, რათა ეცქირა მხოლოდ ღვთისათვის. ხოლო ეგვიპტელები, სულის შემაწუხებელი ბოროტი გულისთქმები, დაფლა დავიწყების სიღრმეში და ყოველმხრივ დაფარა ისინი ცრემლის ნაკადულებით. ეს სასწაული ასევე არ არის ნაკლები იმაზე, როცა ელისემ ილიას ხალენით გააპო იორდანე. ვიკადრებ და ამაზე ვიტყვი, რომ იქ ხალენი შეიცავდა დიდი წინასწარმეტყველის სხეულს და ელისეს მიღებული ჰქონდა ორმაგი მადლი წინასწარმეტყველებისა, რომელმაც სამჯერ დაჰკრა და წყარო ისე გააპო, აქ კი კვერთხი მოღვაწისა იყო ჩვეულებრივი კაცის ხელში და ორჯერ გააპო წყალი თითო ჩაყოფით, თუმცა აქაც და იქაც ღმერთი მოქმედებდა. ისევ ადიდებს თავის მოშიშებს, დიდება მას და მის დიდებულ სახელს. ასეთი უნარი მიეღო ღვთისაგან ნეტარ შიოს, რადგან მისი ბრძანებით სხვაც იმორჩილებდა წყლების ბუნებას და მათში ჩვეულების გარეშე გზას აჩენდა. ასეთი სასწაულებით იცის უფალმა თავისი მსახურის შემკობა. ამიტომ ჩვენც დავეშუროთ სიწმიდითა და მოკრძალებით ღვთის გულის მოგებას, რათა მივიღოთ მადლი, საუკუნო სიკეთის მისაღწევად. ხოლო ჩვენ დავუბრუნდეთ პირველ სიტყვას. როცა საღვთო სურვილით აღვსილმა ევაგრემ, რომელმაც ბერის ყოველი ბრძანება კეთილად შეასრულა, მიაღწია წმ. შიოს სამყოფელამდე, უთხრა წმიდანს: „წმიდაო მამაო, რაც მიბრძანე, ყველაფერი ისე შევასრულე. ახლა მოვედი შენს სიწმიდესთან, რათა მთლიანად შენ დაგემორჩილო და რასაც მიბრძანებ ის გავაკეთო“. წმ. შიომ მიუგო მას: „შენი კეთილი მორჩილების გამო, შვილო, უფალმა ღმერთმა გაგაძლიეროს და მოგცეს ძალა იმ ჭირთა და განსაცდელთა მოსათმენად, რომლებიც შეგემთხვევა მტრისგან, ყოველმხრივ მორიდებული ფხიზლად იყავი, რადგან მრავალნაირად ცდილობს ეშმაკი ჩვენი საღვთო გზიდან გადაყვანას, სადმე შენც არ დაგიგოს მახე და არ ჩათესოს შენს კეთილ გონებაში ბოროტი ღვარძლი ისევ ერში დაბრუნებისა“. ასეთი და სხვა მრავალი სიტყვით განამტკიცა ღირსმა შიომ ევაგრე და ასწავლა მას, თუ როგორ უნდა მოეგერიებინა ბრძოლები ეშმაკისაგან და უთხრა: „ახლა, შვილო, როცა ღმერთმა ასე უხვად მოიხედა შენზე, ყველაფერი, რაც კი განზრახული გაქვს შენი ცხოვნებისათვის, გააკეთე“. ევაგრე ფეხებში ჩაუვარდა ბერს და ევედრებოდა, რათა აღეკვეცა მონაზვნად. შიომ უთხრა მას: „მე ჩემს ცოდვილ ხელებს დაგასხამ, შვილო, ხოლო უხილავად უფალმა შეგახოს თავისი მარჯვენა და აღგავსოს ყოველნაირი კურთხევით“. ნეტარმა შიომ შემოსა მას ანგელოზთა სამოსი - სქემა და ასწავლა მონაზონობის წესები და მისცა კანონი მონაზვნებისა, რითაც ევალებოდა მას ყოველივე ხორციელისაგან მორიდება. და დაუდგინა მას საზომი ჯდომისა და დგომისა, ლოცვისა და შრომისა. შემდეგ მოიარა ცოტა მოშორებით თავისი ადგილიდან და იპოვა გამოქვაბული და უბრძანა მასში ყოფნა. და შეამზადა იგი ბოროტებასთან შესახვედრად, თუ როგორ უნდა შებრძოლებოდა მათ, ასწავლა ყველაფერი და ამის შემდეგ წავიდა თავისსავე ადგილას. ამიერიდან გაცხადდა შიოს სახელი ევაგრეს მხრიდან ახლომახლო სოფლებში და დაიწყეს მრავლად იქ მისვლა, ღებულობდნენ მონაზვნობას და მკვიდრდებოდნენ ევაგრეს მახლობლად, ხოლო ყოველ კვირას ნეტარი შიო ადიოდა მათთან, ყველას მოინახულებდა ხოლმე, სწავლა-დარიგებებით აძლიერებდა მათ, შემდეგ კი ისევ თავის გამოქვაბულში ბრუნდებოდა. ერთ დღეს ნეტარმა შიომ დაინახა ერთი ძმა, რომელსაც მოჰქონდა წყალი მდინარიდან, ეშმაკმა ფეხი წამოსდო და წყლის ჭურჭელი დაუმტვრია. ამან ძმა დიდად შეაწუხა, რადგან დიდი წვალებით ამოეტანა წყალი მდინარიდან ძმების სასმელად, რომ მიეღო იმათგან ლოცვა-კურთხევა. ნახა რა ნეტარმა შიომ, რომ ეს ძმა ტიროდა, დიდად შეწუხდა თავადაც და მიიხედა და კლდის მახლობლად დაინახა ანგელოზი, მისი მზრდელი, რომელიც კვერთხით კლდის ძირში თხრიდა. მიხვდა შიო, რომ იგი ღმერთმა მოავლინა ძმების სანუგეშოდ, რათა მათთვის წყალი გაეჩინა, და უთხრა იმ ძმას: „ნუ სწუხარ, ძმაო, რადგან შენი ცრემლებისა წილ და შენი სასოებისათვის მაგ ადგილზე ღმერთმა წყარო აღმოაცენა, რომ შემდგომში წვალების გარეშე ძმებისათვის ივსებოდეს ჭურჭელი წყლით“. ბერის სიტყვებთან ერთად გაჩნდა მცირე წყარო, რომელიც მთლიანად ეყოფოდა ძმებს სასმელად, რომლებიც იყვნენ ოცდახუთნი და ამისთვის მადლობდნენ უფალს.
10. ამის შემდეგ ძმები კიდევ უფრო გამრავლდნენ და გაუჭირდათ, რადგან არ ჰქონდათ ეკლესია, სადაც დიდებულ დღეს - წმიდა კვირას შეიკრიბებოდნენ ღვთის სადიდებლად. ამიტომ უთხრეს ნეტარ შიოს, რათა ებრძანებინა მათთვის წმიდა ეკლესიის აშენება. ადგა ბერი და ავიდა თავისი გამოქვაბულიდან აღმოსავლეთით მდებარე კლდის წვერზე და უბრძანა ძმებს მასთან ერთად ასვლა ლიტანიობით. ზემოთ ასული ბერი ევედრებოდა ღმერთს ცრემლებით. ძმებიც თავმოდრეკილნი ლოცულობდნენ და სთხოვდნენ უფალს, რათა ეჩვენებინა მათთვის ადგილი, სადაც იგი ინებებდა მისი დიდებისათვის ტაძრის აგებას. ნეტარი შიო მუხლმოყრილი დიდხანს იყო მიწაზე დამხობილი. ლოცვის შემდეგ საკვირველმოქმედმა მამამ აიღო ცეცხლი და მოათავსა მარცხენა ხელის გულზე, დააყარა მას საკმეველი, ხოლო მარჯვენა ხელით გადასახა მას საუფლო ჯვარი და უბრძანა ძმებს, რომ ხელაღპყრობილებს ერთად ეთქვათ „კირიელეისონი“, თვითონ კი დაიწყო კმევა. საკმევლის კვამლი ავიდა ზევით, როგორც სვეტი, რომელიც ზეცამდე იყო აღმართული, სადამდეც კი მისწვდებოდა თვალი. და, როცა ისინი იდგნენ და ამ შემაძრწუნებელი სანახაობას უყურებდნენ, გამოჩნდა ჰაერში კვამლის წვერი, რომელიც ქვემოთ დაეშვა, როგორც მტკიცე შესაბმელი. როცა მიუახლოვდა მიწას, ხევში ერთ ადგილს დაადგა, სადაც მკვიდრობდნენ ძმები. დაინახა ეს დიდმა შიომ, ღვთის დიდებით იქითკენ გაუძღვა ძმებს. როცა იმ ადგილს მიაღწიეს, რომელიც ღმერთმა უჩვენა, მათ საკმევლის კვამლი, როგორც ძეგლი, ისე დაინახეს. ხოლო ნეტარ შიოს, ორ ჟამზე მეტ ხანს ეჭირა ხელში ნაკვერცხლები და უკმევდა ყოველ ადგილს. ბოლოს უკმია ძმებს და მაშინღა ჩაყარა ნაკვერცხლები საცეცხლურში. ვის არ გააკვირვებს ეს უცხო სახილველი და მოსასმენი და არ ადიდებს საკვირველებათა მოქმედ ღმერთს, რომელმაც როგორც ბაბილონში დაიცვა სამი ყრმა ცეცხლისაგან, ასევე დაიცვა თავისი მონის ხელი ცეცხლის მწველი ბუნების შეხებისაგან. ამის შემდეგ ღირსმა შიომ მოითხოვა სათხრელი და სამჯერ დაარტყა იმ ადგილზე, სადაც იდგა საკმევლის სვეტი და თქვა: „დიდება შენდა, ღმერთო, რომელიც იდიდები სამგვამოვნებითა და ერთი არსებით, ამ ადგილზე ინებე შენი დიდების ტაძარი“. შემდეგ განდგა ცოტა მოშორებით, მიწას ისევ სამჯერ დაარტყა სათხრელი და თქვა: „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მარიამ, რომელმაც გვიშევ ღვთის სიტყვა ხორციელად, აქ დაამტკიცე სახლი შენს სადიდებლად“. შემდეგ მახლობლად ნახა მღვიმე, მეტად ღრმა და ბრძანა, რომ იქ აშენებულიყო ნათლისმცემლის ეკლესია. ნეტარმა ევაგრემ უთხრა წმიდანს: „წმიდაო მამაო, იყოს ღვთისა და შენი ნება, რადგან ვხედავთ, რომ ღვთის სულით მეტყველებს შენი პირი და ყოველ შენს სურვილს ასრულებს ღმერთი“. ხოლო საკმევლის სვეტი იმ ადგილზე სამ დღეს იყო უძრავად აღმართული და გამოსცემდა გამოუთქმელ სურნელებას, მესამე დღეს კი აიკრიბა ზევით.
11. ახლა მოგითხრობთ ღირს ევაგრეზე, თუ როგორ მოძებნეს იგი ქართლის მეფემ და მთავრებმა. როცა გაიგეს მისი მონაზონობა, დიდად შეწუხდნენ, რადგან ევაგრე მეფის შემდეგ იყო ქართველთა სამეფოს განმგებელი და მეტად მხნე და ძლიერი სარდალი. იმ დროს, როცა ბერძენთა მეფე იუსტინიანოსი იბრძოდა ოსეთის მხარეს, ავაზგების საზღვართან, ტასკუნების წინააღმდეგ, რადგან ისინი განდგომილი იყვნენ, მაშინ იუსტინიანოსმა დიდი სიკეთე მიუძღვნა ქართველთა მეფე ფარსმანს და სთხოვა, რათა მიხმარებოდა მის მხედრობას და მთელი ძალით შებრძოლებოდა ტასკუნებს. ფარსმანმა გაიზიარა ბერძენთა მეფის თხოვნა, ევაგრე დატოვა თავისი სამეფოს მცველად და თვითონ კი ჯარით გაემართა საბრძოლველად და ღვთის შეწევნით დაიმორჩილა ტასკუნები, მათი მთავრები დაატყვევა და გააგზავნა იუსტინიანოსთან. შემდეგ კი თავის სამეფოში დაბრუნდა. შეიტყო რა ევაგრეს შესახებ, თუ სად იყო და როგორ შეიცვალა ცხოვრება, მეფე დიდმა მწუხარებამ მოიცვა, აღარ დააყოვნა და მაშინვე წავიდა ევაგრესთან. ნახა რა იგი მონაზონთა სამოსით შემოსილი, ძლიერ შეწუხდა და დიდხანს ცრემლებით ევედრებოდა, რათა ისევ დაბრუნებულიყო ერში მასთან და მისი მამული ობლად არ მიეტოვებინა. ღირსმა ევაგრემ უთხრა მას: „ჰოი, მეფეო, რატომ ითხოვ ჩემგან, რომ მივემსგავსო ძაღლს, რომელიც თავის ნარწყევს უბრუნდება“. და მრავალნაირად არწმუნებდა მას, რომ ასეთი რამ მისთვის აღარ ეთხოვა. როცა გაუნელდათ მწუხარება, წავიდნენ ბერის გამოქვაბულისაკენ. ჯერ ნეტარი ევაგრე შევიდა წმიდა შიოსთან და აუწყა მეფის მისვლა. წმ. შიომ ევაგრეს უთხრა: „შვილო ჩემო, მიმძიმს მეფის მოსვლა, ვინა ვარ მე, მიწა და ნაცარი, ამიტომ მე თვითონ გავალ ღვთისაგან ცხებულთან“. და გამოვიდა გამოქვაბულიდან. მეფემ, შეხედა რა მის სახეს, შეკრთა, რადგან ღვთის დიდი მადლი იგრძნო მასში, მაშინვე ძირს დააგდო გვირგვინი მეფობისა, გაიხსნა სარტყელი და დაემხო ძირს ბერის ფეხებთან. ხოლო ნეტარმა შიომ უთხრა მას: „შემინდევ, მეფეო, რატომ მიაგებ შეუფერებელ პატივს ცოდვილ კაცს, რის გამოც შეიძლება დავისაჯო კიდეც ღვთისაგან“. ხოლო მეფე, კვლავ მის ფეხებთან მუხლმოყრილი ცრემლებით სთხოვდა კურთხევას. ბერმა უთხრა მას: „აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, რომელმაც მისი მონა დავითი გამოირჩია, სცხო მას და თავის ერს მეფედ დაუდგინა, რომელმაც ყველაზე მეტი სიბრძნე მისცა სოლომონს, რომელმაც გააძლიერა მისი მონა კონსტანტინე ჯვარით და მტრები დაამარცხებინა, ეგრეთვე აკურთხოს შენი მეფობა და შეურყევლად დაიცვას. გიკურთხოს მკლავები და ამრავლოს შენი თესლი და დაგიცვას შეუბღალავად სულისა და ხორცის შეგინებისაგან, განგწმიდოს ყოველივე ჭუჭყისა და ცოდვისაგან და დაგიფაროს მტრის ყოველი საცთურისა და მახისაგან. მტრებისა და მოწინააღმდეგეებისათვის გაგხადოს საშიში და განგამტკიცოს ჭეშმარიტი სარწმუნოების სიყვარულით უფლის მიმართ, რათა მას აღიარებდე მეფეთა მეუფედ და ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად, რომელიც არს კურთხეული უკუნისამდე, ამინ“. ღირსმა შიომ თავისი ხელით წამოაყენა მეფე და დაადგა სამეფო გვრიგვინი. სხვა მთავრებმაც მოიყარეს მუხლი წმინდანის წინაშე და მისგან დაილოცნენ. მთავრებს შორის იყო ერთი, რომელსაც მარჯვენა თვალი ჰქონდა დაშავებული ისრისაგან და მთლიანად დავსებოდა. როცა იგი მიდიოდა წმიდა შიოსთან კურხევის მისაღებად, რწმენით ამბობდა თავის გულში, რომ: როგორც კი შევეხები ბერის ფეხებს, მაშინვე განიკურნება ჩემი თვალიო. და ასეც მოხდა, - შეახო თუ არა თვალი წმიდანის ფეხს, განიკურნა იგი და ისევე იწყო ხედვა, როგორც მეორე თვალით. ყველა, ვინც კი ნახა ეს საკვირველი ამბავი, ადიდებდა ღმერთს. მეფე და მთავრები დასხდნენ ბერის წინ და უყურებდნენ მის ანგელოზებრივ სახეს და უკვირდათ მისი უნუგეშო ცხოვრება. და ჰკითხეს წმიდა ბერს სულის ცხონების შესახებ, ხოლო ნეტარმა შიომ, როგორც ღვთისაგან განბრძნობილმა, უთხრა მათ სულისათვის სასარგებლო სწავლანი, რადგან ქართული ენა კარგად ესწავლა ადრევე, როცა თავის მოძღვარ იოანესთან იყო ზედაზენზე, ხოლო ლოცვისა და ფსალმუნებისას ასურულსა და ბერძნულ ენებს იყენებდა, რადგან ამ ორ ენაზე იყო განსწავლული. ფარსმან მეფემ ჰკითხა ბერს: „მამაო, მიბრძანე, რა შემიძლია გავაკეთო ამ შენი მონასტრისათვის?“ ბერმა მიუგო: „მეფეო, მეფეთა გულებიც ღვთის ხელშია, რასაც შეძლებ, ის გააკეთე“. მაშინ მეფემ უბოძა მონასტერს ოთხი გამორჩეული სამეფო დაბა, თავისი ხელით მისცა მათ თავისუფლება, და ევაგრეს გადასცა ოცდაათი ლიტრა ოქრო ეკლესიებისათვის სახარჯად, აგრეთვე ოქროს ბარძიმი და ფეშხუმი და სხვა და სხვა ნივთები ვერცხლისა, ოქროს დიდი ჯვარი და სახარება მდიდრულად შემკული ნეტარი ვახტანგ მეფის მიერ. აგრეთვე ზედამხედველნი დაადგინა, რათა დაეჩქარებინათ ეკლესიების მშენებლობა. მეფე გამოეთხოვა ბერს და მცხეთაში დაბრუნებულმა კათოლიკოს მაკარის აუწყა ყველაფერი, რაც ნახა და წმიდა შიოსაგან მოისმინა, სულით დიდად ხარობდა მეფე და ნეტარი მამების მოძღვრებით განათლებული ქართველობა. როცა სამივე ეკლესიის მშენებლობა დაასრულა, ნეტარმა ევაგრემ შეატყობინა მეფეს: „აღსრულდა ღვთისა და შენი ნება, მეფეო, ახლა ინებე მათი სატფურება“. დიდად გაიხარა მეფემ, შეატყობინა კათოლიკოზმა მაკარისა და ეპიკოპოსებს, რათა შეკრებილიყვნენ მარტვილიიის დღეს ეკლესიათა საკურთხებლად. შეიკრიბდნენ ეპისკოპოსები, კათოლიკოზი და მეფე-დიდებულნი და თვით დიდი იოანე, ყველა მოძღვარი სხვა მამებთან ერთად და ერთ შვიდეულში შეასრულეს კურთხევა ეკლესიებისა. ამის შემდეგ კათოლიკოზი და მღვდელმთავრები აიძულებდნენ ნეტარ შიოს, რათა მიეღო ხარისხი მღვდლობისა, რადგან დიაკვნად უკვე იყო ნაკურთხი ანტიოქიაში ყოფნისას, მაგრამ მან არ ისურვა, რადგან ეშინოდა, რომ შემდეგ ეპისკოპოსადაც არ მოენდომებინათ მისი კურთხევა. ამიტომ, როგორც გალესილი ორპირი ხმალი, ისე განეწყო ყველას მიმართ და მტკიცედ ამბობდა: მთელმა ქვეყანამაც რომ მომთხოვოს, მაინც არ მივიღებო მას. ამიტომ დაანებეს ეპისკოპოსებმა თავი მის დაყოლიებას. წმიდა ბერისაგან დალოცვის შემდეგ, ყველა გაეშურა თავისი გზით. ხოლო ნეტარი მამა თავისსავე მორჩილებაზე დარჩა და დღითიდღე უმატებდა ახალ-ახალ ღვაწლს, ძაძის სამოსელი, რომლითაც ადრე იყო შემოსილი, მუხლის თავამდე და იდაყვამდე სულ შემოეფლითა, ასევე ძაძის კუნკულიც მთლიანად გაუცვდა და სხვას არაფრით არ ღებულობდა, არც დაკერება ისურვა, მხოლოდ სარცხვინელ ადგილებს იფარავდა, სხვა ადგილიდან მოახევდა და იქ იკერებდა. მამების რიცხვი მალე ორიათასამდე გაიზარდა და წმიდა შიოს სახელი მთელ ქართლში გახდა ცნობილი. ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მასთან და ისე გამრავლდნენ, რომ იმ ხევში ვეღარ ეტეოდნენ. უმძიმდათ რა შფოთის ატანა, დაიწყეს სხვა ადგილების ძებნა, ზოგნი კოდბანის მხარეს წავიდნენ და იქ დააარსეს დიდი ლავრა, ზოგიერთები კი სარკინეს აღმოსავლეთით, საიდანაც ალექსანდრემ უცხონი განდევნა. ღმერთი წმ. შიოს ხელით ახდენდა აურაცხელ სასწაულებსა და ნიშებს, რადგან მიყავდათ მასთან ავადმყოფები, ბრმები, კოჭლები და არაწმიდა სულებისგან შეპყრობილები, რომელნიც წმიდანისაგან იკურნებოდნენ. მათი აქ მოყოლა შეუძლებელია, რადგან, ჯერ ერთი, რომ თითოეულ სასწაულზე ცალ-ცალკე ძნელია ლაპარაკი, და მეორე კიდევ ის, რომ მსმენელმა შეიძლება ზოგი რამ არც კი ირწმუნოს, რადგან ადამიანის გონებისათვის ისინი მიუწვდომელია, რის გამოც ურწმუნოება შეიძლება დაეუფლოს გამოუცდელთა სულებს. ამიტომ, იცის ღმერთმა, მოვერიდე იმის წერას, რაც შემეძლო დამეწერა.
12. მონასტრებში მომსვლელთაგან ხევები სავსე იყო, ამიტომ უდაბნოს მხეცები ცხენებსა და სახედრებს ეტანებოდნენ და, რასაც კი წააწყდებოდნენ, დიდად ვნებდნენ და ანადგურებდნენ, თვით მონასტრის ძმების სახედრებიც კი შეჭამეს. შეწუხებული ძმები მონასტრისა მივიდნენ ნეტარ შიოსთან და მოახსენეს თავიანთი გასაჭირი, რომლებიც მათ მხეცებისგან ჰქონდათ. მოისმინა რა წმიდა შიომ, შეწუხდა, რადგან დიდი სიკეთე ჰქონდა ადამიანებისა და პირუტყვების მიმართ, ილოცა, რათა, რაც კი მხეცები იყვნენ ამ უდაბნოში, ღმერთს ყველა შეეკრიბა მასთან. და აჰა, საკვირველება დიდი, მაშინვე, როგორც კი წმიდა მამამ დაასრულა ლოცვა, ყველა სახის მხეცი, რაც კი იცის ადამიანმა, შეიკრიბა წმიდანის გამოქვაბულთან. დაინახა არ ნეტარმა შიომ, გამოვიდა გამოქვაბულიდან და, როგორც ადამიანებს, ლმობიერად დაუწყო ლაპარაკი. ისინი კი ქემოდრეკილები იდგნსნ და უსმენდნე ნეტარი მამის სიტყვებს და მოელოდნენ მის ბრძანებას, რადგან ყველანი უცებ ამდგარიყვნენ და აეყვანათ თავიანთი შვილები, რომლებიც ზოგს კბილებით ეჭირა, ზოგს ზურგით, ზოგსაც წინ ჰყავდა თავისი პატარები, რაც მეტად საკვირველი და საზარელი იყო დასანახად. ნეტარმა შიომ უთხრა მათ: „ნახეთ, მხეცებო, ჩემი უღირსება და მომისმინეთ რასაც გეტყვით. იცის ქრისტემ, რომ დიდად შემტკივა თქვენთვის გული, მაგრამ რადგან ველურია თქვენი ბუნება, ამიტომ თქვენსა და ჩვენს გამჩენს უბრძანებია, რათა მეტყველი ადამიანის მიერ აივსოს ეს უდაბნო. ამიტომ წადით, საყვარელნო, მოძებნეთ თქვენთვის სხვა ადგილები, სადაც იქნებით მოსვენებით და თქვენი წასვლისასაც ნურავის ავნებთ რაიმეს, არამედ ერთი თქვენთაგანი დარჩება ჩემთან, რომ ძმების სახედრებს უყარაულოს, რათა ამით მიუზღოს ძმებს იმისათვის, რითაც შეაწუხეთ ისინი“. და აჰა, საკვირველება, ბერის სიტყვებისთანავე მხეცები მაშინვე განერიდნენ იქაურობას, მდინარის იქით გადავიდნენ და დაემკვიდრნენ იქ, სადაც ღვთისაგან ებრძანათ. მხოლოდ ერთი მგელი დარჩა, როგორც მორჩილი მონა, იდგა ბერის წინ შიშით. წმიდა შიომ უთხრა მას: „ჩვენი უფალი იესო ქრისტეს სახელით გეტყვი, მხეცო, ამიერიდან, როგორც კეთილი მწყემსი, აძოვებ ჩვენს სახედრებს, რათა შენი ასეთი მსახურებით სიკეთით გადაუხადო ძმებს მწუხარებისათვის, რომელიც მიაყენეთ მათ. შენი საკვები იქნება ის, რასაც ჩვენ შევჭამთ. ცისკარზე წაიყვან სახედრებს საძოვარზე და მწუხრზე დააბრუნენ უკან, რადგან ამათ მწყემსად და მცველად შენ დამიდგენიხარ“. მგელი დაემორჩილა ბერის ბრძანებას როგორც მორჩილი მონა, შეითვისა ადამიანური ბუნება და ხვდებოდა სიტყვას. განთიადისას ადიოდა ბორცვზე და ყივილით უხმობდა სახედრებს წასასვლელად, მწუხრზე კი, როცა საძოვრებიდან დაბრუნდებოდნენ, ისევ ბორცვზე დადგებოდა და იგივე ხმით აცნობებდა ძმებს სახედრების მონასტერში დაბრუნებას. ყველანი, ვინც უყურებდნენ ამ სასწაულს ან ესმოდათ მასზე, გაკვირვებულები ადიდებდნენ უფალს, რომელმაც ასეთი მადლი მისცა თავის ერთგულ მონას, რომ ველური ცხოველებიც კი ასრულებდნენ თავიანთი ბუნებისათვის უცხო მსახურებას და ემორჩილებოდნენ მის სიტყვას. სხვაც მოისმინეთ, უფრო გასაკვირი, რომ მხეცმა მისთვის დამახასიათებელი საკვები აღარ მიიღო, ვიდრე ამ მსახურებას ასრულებდა, არამედ ნეტარი ევაგრე უფშხვნიდა მას პურს დილდილაობით და ზედ უსხამდა წყალს და იმასა სჭამდა. საღამოსაც, მიიღებდა რა მოღვაწე მამების საკვებს, წავიდოდა ხოლმე და ნეტარი შიოს გამოქვაბულის კართან წვებოდა. დღემდე შემორჩა ნეტარი შიოს მიერ მხეცისათვის მოწყობილი მოსასვენებელი ადგილი. დაყო რა მხეცმა ამგვარ მსახურებაში ექვსი წელი, ერთ დღეს წაიყვანა სახედრები საძოვარზე, ჩვეულებისამებრ, და როგორც სახედრებმა იციან, კონონის სახედარი გაედევნა რა სხვას, გადაიჩეხა კლდეში და მოკვდა. საღამოს დროზე ადრე მოიყვანა მგელმა სახედრები და იყო მწუხარე, წკმუოდა და ტიროდა. როცა გაიგო კონონმა, რომ მისი სახედარი არ დაბრუნდა, შეწუხდა და მგელზე განრისხებული ამბობდა, რომ ამან შეჭამაო. კონონი მივიდა წმ. შიოსთან, უსაყვედურა და გულისწყრომით უთხრა მას: „ოდითგან არსად გაგონილა, რომ მგელი სახედრების მწყემსი ყოფილიყო და ეს გააკეთე შენ, მამაო, რითაც ჩემი სიბერის დიდი ნუგეში და ასევე სხვა ძმების სახედრებიც, ამ მგელს შეაჭამე“. მგელი კი როგორც შეეეძლო, ცდილობდა თავის გამართლებას ბერის წინაშე და წკმუილით ტიროდა. შემდეგ კონონის კვერთხს პირით ჩაეჭიდა და მიიზიდა თავისკენ. ნეტარმა შიომ უთხრა კონონს: „წადი, ბერო, გაყევი მაგ მწყემსს და ნახე რა მოუვიდა შენს სახედარს“. კონონმა მიუგო: „აი, შეუბრალებლობა, გინდა რომ ჩემი სულიც დაღუპო? რა სიძულვილი გაქვს ჩემს მიმართ ისეთი, რომ ჩემი სახედარი ამ მხეცს შეაჭამე და ახლა გინდა - მასთან ერთად წავიდე, რომ მეც გამგლიჯოს?“ ასე ხმამაღლა გაიძახოდა და წყევლიდა კიდეც ბერს. ხოლო ნეტარი მამა სრულად არ განრისხდა, არამედ გამოვიდა გამოქვაბულიდან, ავიდა ძმებთან და გააგზავნა მგელსა და კონონთან ერთად ორი ძმა, რომლებიც მგელს უკან მიყვნენ და ნახეს პარეხთან გადავარდნილიყო კონინის სახედარი და იქ მომკვდარიყო. უკან დაბრუნებულებმა ნეტარ შიოს მოახსენეს მომხდარი და კონონმა სთხოვა წმიდანს შენდობა იმ შეუფერებელი სიტყვებისა და საყვედურებისათვის, რომელიც მას ჰკადრა. ნეტარმა შიომ იხმო მგელი და უთხრა მას: „მხეცო, საკმარისია რაც იმსახურე. მე შენი მადლიერი ვარ. ამიერიდან იქნები თავისუფალი, წადი შენიანებთან და ნურასოდეს იკადრებ ჩემი ძმების ვნებას. ხოლო მათ, თვითონ გამოძებნონ ისეთი მწყემსი სახედრებისათვის, როგორიც სურთ, რომ კიდევ რაიმე არ დამაბრალონ შენს გამო“. ამის შემდეგ მგელი წავიდა წმიდანის ბრძანებით. ასეთი ნიშებითა და სასწაულებით უხვად იყო შემკობილი სანატრელი მამა შიო, რომ პირუტყვი ცხოველნიც მორჩილად მსახურებდნენ. არ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ, ძმებო, ამ საკვირველი საქმეების კეთება ღვთის ერთგულ მონათა მიერ, ნურც ღვთის დიდებულებათა მიმართ ვიქნებით ურმწუნო, რადგან თვითონ იგი ამბობს წმიდა სახარებაში: „უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგვისაჲ, და ჰრქვათ მთასა ამას: აღიფხუარ ამიერ და შთავარდი ზღუად, იყოს ეგრე“ (მთ. 21,12). ასევე მტკიცე და მორწმუნე მონა ღვთისა მყარი და შეუორგულებელი რწმენით იყო შეიარაღებული და მისგან ჰქონდა მიღებული საკვირველი საქმეების მოხდების ძალა და ნიჭი ისე, რომ მგელსაც, ასეთ დაუმორჩილებელ ცხოველსაც კი, სახედართა მწყემსობა და ზედამხედველობა შეასრულებინა. ეს სასწაული, მოხატული ღირსი მამის სამარხში, რომელიც თვითონვე აიშენა, დღემდე შემორჩენილია ღვთის დიდებულებისა და სანატრელი მამის გამომაჩინებლად, რომელთაც ახდებდა სულიწმიდის შეწევნით.
13. იმ ხანებში ჩვენმა წმიდა მამა-იოანემ ინება თავისი მოწაფეების მონახულება, რათა გაეგო, თუ ვის რა საზომისთვის მიეღწია სულიერი ცხოვრებაში, რომ მათი კეთილი საქმეების გამოეცხადებინა ყოვლადწმიდა სამების - ჩვენი ღმერთის სადიდებლად. თავისი სამოღვაწეო ადგილიდან წამოსული პირველად წილკნის დედა ღვთისას საყდარს ეწვია, სადაც დაიბარა ღირსი შიოც, რათა მისულიყო იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თაყვანსაცემად. წმიდა იოანემ ჩვეულების გარეშე მოითხოვა ღვინო. და, როცა ელია დიაკონმა მოართვა მას ჭიქით, წმიდა იოანემ აიღო ხელში ჭიქა, გადასახა მას პატიოსანი ჯვარი და მარჯვენა ხელის წინა თითებით ჰაერში გაუშვა და ჭიქა დიდხანს იდგა ჰაერში. შემდეგ წმ. იოანემ მოწაფეებს უთხრა: „ჩამოიღეთ ღვინით სავსე ჭიქა და აკურთხეთ, რადგან ეპისკოპოსს შვენის მისი კურთხევა“. ხოლო მათ არ იკადრეს ხელის შეხება, რადგან დიდად გააკვირვა ისინი დიდებულმა და უცხო სანახაობამ, როცა ღვინით სავსე ჭიქას ყოველგვარი მტვირთველის გარეშე უყურებდნენ ჰაერში. მაშინ საკვირველმოქმედმა იოანემ თვითონ შეახლო ჭიქას ხელი, აიღო და ისევ ჯვარი გადასახა, რის შემდეგაც სამივე წმიდა მამამ შესვა და ასევე მოიქცნენ სხვებიც, ვინც იქ იმყოფებოდა. მაშინ ნეტარმა იოანემ უთხრა შიოს: „გვეკუთვნის, მამაო, მადლი შევწიროთ უფალს, როემლმაც ჩვენს შორის საკვირველება მოახდინა“. შიო დაემორჩილა ბერის სიტყვას, წამოდგა და ხელის გულზე ნაკვერცხლები მოითავსა, დააყარა მას საკმეველი, რომელმაც სურნელება გამოსცა და ყველა იქ მყოფთ უკმია. ამ სასწაულის მხილველნი ადიდებდნენ საკვირველებათა მოქმედ უფალს, რომელმაც მისცა თავის მოშიშებს ასეთი მადლი. ხოლო ნეტარმა იოანემ უთხრა იქ მყოფთ, რომლებიც სასწაულის გამო განცვიფრებას მოეცვა“, რას განკვირვებულხართ, ძმებო, არ იცით, რომ უფლის მოსავებს ცეცხლიც კი არ ეკარება? ასევე ცეცხლი იყო აგიზგიზებული სამი ყრმისათვის, მაგრამ მათ უბიწო ხორცს მოერიდა, როცა ქალდეველებმა ისინი შეყარეს იქ, რომელიც შვიდჯერ მეტად გამძვინვარდა. ხოლო ანგელოზებმა ისინი დაიცვა უვნებლად ისე, რომ მათი თმაც კი არ შეიტრუსა, ხოლო გარეთ მყოფნი, რომელნიც ეშურებოდნენ უბოროტოთა დაწვას, თვითონ დაიწვნენ ცეცხლის ალით, რომელიც მათ მისწვდა, რადგან ღვთისათვის არაფერია შეუძლებელია და ახლა მომხდარი სასწაულიც ღვთისაგანაა, რადგან იცის ღმერთმა მისი მადიდებლის დიდება, ამიტომ ნუ გაგაკვირვებთ ის, რაც ღმერთმა მოახდინა თავისი მონის სადიდებლად“. ამის შემდეგ მიხედა წმიდა იოანემ ღირს ისეს და უთხრა: „მამაო და მეტყველი ცხვრების კეთილო მწყემსო, გვინდა რომ შენგანაც კურთხევა მივიღოთ, რათა მით მოგიხსენიოთ“. ხოლო იგი, რომელიც მორჩილებაში იყო განსწავლული, და სავსე იყო სულიწმიდის მადლით, რა ეურჩა ღირს იოანეს, არამედ მაშინვე წამოდგა, ზეცისაკენ ხელები აღაპყრო და დიდხანს ევედრებოდა ღმერთს მდუმარედ. ამის შემდეგ ძირს დაემხო და ცრემლებით დაასველა იატაკი. შემდეგ უთხრა ბერს: „ილოცე ჩემთვის წმიდაო მამაო, და ცოტათი გამომყევით“. და წმ. ისემ მამებთან ერთად მიაშურა მდინარეს, რომელსაც ეწოდება ქსანი. და, როცა ეს ყოვლადქებული და საკვირველებათა მოქმედი მამები წყალს მიადგნენ, წმ. ისემ ისევ ლოცვა დაიწყო და ცრემლებით შესთხოვა დახმარება სახიერ ღმერთსა და ყოვლად უბიწო ქალწულს - ღვთისმშობელს შემდეგი სიტყვებით: „მოგვეცი შენი მადლი, ჰოი, წმიდაო და ღვთივმიმადლებულო დედოფალო, რათა ეს წყალი დამემორჩილოს და გამომყვეს, საითაც წავალ“. და, როცა გულით ილოცა, მდინარისაკენ გაიშვირა თავისი კვერთხი, რომელიც ხელში ეკავა და თქვა: „უფლისა ღმრთისა ჩვენსა იესო ქრისტეს სახელით გეუბნები შენ, მდინარეო, როგორც შენი სახელიც მოწმობს, რომ განრისხებული დიოდი, მაგრამ ახლა ჩემს კვერთხს გამოყევი“ და ჰოი, შენს საკვირველებებს ქრისტე, წყალმა მისთვის უჩვეულო და უვალ გზაზე დაიწყო დენა, და მიყვებოდა წმიდა ღმერთშემოსილ მამებს, და მიწა, მეტად მაგარი და ეკლოვანი იპობოდა და ღრმავდებოდა ყოველგვარი ამომთხრელის გარეშე. როგორც მიათრევდა კვერთხს ღირსი ისე, წყალიც ისე მისდევდა, რადგან წმიდანის ბრძანებას ემორჩილებოდა. და წყალი მიყვანილ იქნა დედა ღვთისას ტაძრის მახლობლად წილკანს, რომელიც დღემდე დის ღვთის სადიდებლად და წმიდა ისეს ღმერთთან სიახლოვის გამოსაცხადებლად. ეს საკვირველი სასწაული ნახეს მცხეთის მახლობელი სოფლების მკვიდრებმა და გაკვირვებულები ადიდებდნენ ღმერთს, რომელიც ახდენს საკვირველებებს და, რომელმაც ასეთი დიდი ძალა მისცა თავის სანატრელ მონას. ასეთი სასწაულებითა და ნიშებით იყვნე შემკობილნი ეს წმიდა მამები და დიდი მადლი ჰქონდათ მიღებული ღვთისაგან, რომელთაც ყოველგვარი ქვეყნიური საზრუნავი მიატოვეს მისთვის. ერთად მყოფნი ხარობდნენ საღმრთო სიყვარულით, ხოლო შემდეგ თითოეულმა თავის ადგილზე მოთმინებით გააგრძელა მოღვაწეობა, რადგან იცოდნენ ფსალმუნთა მგალობლის სიტყვები: „რაჲმე კეთილ, ანუ რაჲმე შუენიერ? არამედ დამკვიდრებაჲ ძმათა ერთად“ (ფს. 132,1). და კიდევ: „ვიქმენი მე ვითარცა სირი მხოლო სართულსა ზედა“ (ფს. 101,7). ამ ორივე სათნოებით იყვნეე გაბრწყინებულნი ისინი ერთადაც და ცალ -ცალკეც. თავის სავანეში დაბრუნებულ წმიდა იოანეს მისი მოწაფენიც გამოყვნენ თან და სამ დღეს დარჩნენ მასთან და ხარობდნენ სულიერი სიხარულით ღირს მამასთან.
14. როცა მამები აპირებდნენ უკან გაბრუნებას, ნეტარი შიო შეევედრა წმ. იოანეს, რათა მიეცა მისთვის დაყუდებული ცხოვრების უფლება. ხოლო მან უთხრა: „ღმერთმა შეგისრულოს, შვილო, შენი თხოვნა და მოგცეს მოთმინება შეუბრკოლებელი, რათა აქ გაჭირებით ცხოვრებისათვის, საუკუნო ცხოვრებაში მოიპოვო შვება დაუსრულებელი და გამართლებულებთან სიხარული, ოღონდ წადი და პირველად მოახსენე ჩვენს მამამთავარს, წმიდა პატრიარქს და თუ გიბრძანებს შენგან არჩეული გზით ცხოვრებას, იცოდე, რომ ღვთის ნებაა, ხოლო კათოლიკოსის გარეშე ნუ გააკეთებ მაგას, რადგან მისი მორჩილება გვევალება, როგორც ყველას მამისა, და რაც გვითხრას მან, ის მიიღე სიხარულით. რადგან ყველას მოძღვარი პავლეც იგივეს გვასწავლის, რომ „დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის“ (ებრ. 13,17). ამასთან ერთად წმ. იოანე ასწავლიდა მას, რომ დაეცვა გონება ყოველგვარი ხორციელი და ქვეყნიური საზრუნავებისაგან და როგორც სამარეში მდაბარე მიცვალებულს, ისე უნდა მოეძულებინა ყოველივე მიწიერი და ხილული, რადგან ასეთია დაყუდების წესი. ასეთი სწავლა-დარიგებები მიიღო ნეტარმა შიომ წმიდა იოანესგან, ფეხებში ჩაუვარდა მას და ტირილით ემთხვია მის ფეხებს, შემდეგ კი მოიკითხა ყველა იქ მყოფი უკანასკნელი მოკითხვით, რადგან გრძნობდა, რომ მათთან შეხვედრა აღარ მოუწევდა. ამის შემდეგ გამოეთხოვა ყველას შემდეგი სიტყვებით: „ილოცე ჩვენთვის, რათა მოთმინებითა და მხნედ დაყუდებულ მოღვაწეობაში დაუბრკოლებლად გავატარო ჩემი ცხოვრების დარჩენილი დღეები და, თუ ამას დალოცავს წმიდა მამამთავარიც“. შემდეგ კი მათგან ლოცვა-კურთხევა მიღებული წავიდა კათოლიკე ეკლესიაში და ცრემლებით თაყვანი სცა წმიდა და ყოვლადპატიოსან სვეტს და გულამომჯდარი ევედრებოდა ღმერთს, რათა ღირსი გაეხადა დაყუდებაში გაელია ხორციელი ცხოვრება ისე, რომ ეს სათნო ყოფილიყო ღვთისათვის. ამის შემდეგ შევიდა მამამთავართან, რომელმაც სიხარულით მიიღო იგი. მას შემდეგ, რაც მოკითხეს ერთმანეთი, ნეტარმა შიომ გაანდო თავისი სურვილი დაყუდებული ცხოვრებისა და ის, რომ ღირსმა იოანემ გამოაგზავნა მასთან საკითხავად და მხოლოდ მისი ბრძანებით შეუდგებოდა დაყუდებულ ცხოვრებას. ხოლო წმიდა მამამთავარი ოხრავდა და იცრემლებოდა, მოისმინა რა ნეტარი შიოსაგან ქრისტეს სიყვარულისათვის საკუთარი თავის მოძულების სურვილი, რომ ჩასულიყო მეტად ღრმა და ბნელ მღვიმეში და დაყუდებულიყო იქ. ნეტარმა მამამთავარმა თვალცრემლიანმა მიხედა ღირს შიოს და უთხრა: „იარე, მამაო, იარე კეთილ და ვიწრო გზაზე, რამაც საუკუნო ცხოვრებაში უნდა მიგიყვანოს, სადაც ცოტანი დადიან, რომელთაც დაუმორჩილებიათ მძიმე და უხეში სხეული. გახდეს მღვიმე შენთვის ზეციურ სასუფეველში ამყვანებელი და ნეტარებებთან მიმყვანი, ხოლო მღვიმის სიბნელემ მიგიყვანოს დაუღამებელ ნათელთან. და ამ დროებითი გასაჭირით მოიპოვე საუკუნო შვება და დაუსრულებელი სიხარული, რომელსაც ღებულობენ ისინი, რომელთაც იცხოვრეს ღვთისათვის მოსაწონი ცხოვრებით. ამის გამგონე შიომ გაიხარა სულით და სთხოვა კათოლიკოზს, რომ ელოცა, რათა უფალს მიეცა მისთვის მოთმინება მომავალი ღვაწლისათვის. კურთხევის მიღების შემდეგ წავიდა თავის უდაბნოში, სიყვარულით მოიკითხა ძმები და უსურვა მათ სიკეთე სულებისათვის. ამის შემდეგ მშვიდად ესაუბრა მათ შემდეგი სიტყვებით: „ძმებო, მამებო და სულიერო შვილებო, ჩვენი წმიდა მამებისა და წმიდა მამამთავრის ლოცვით ვაპირებ დაყუდებულ ცხოვრებას, ამიტომ თქვენ, საყვარელნო, მოერიდეთ მტრის ყოველგვარ ბრძოლას, ყველაზე მეტად შეიძინეთ სიმდაბლე, მორჩილება და ღვთიური სიმშვიდე, რომელიც დაჰფარავს რისხვას, და სიყვარული, რითაც შეიძინება ღმერთი, რომელსაც ეწოდება სიყვარული. ამასთან, შეიყვარეთ სულის განმწმედელი მარხვა, რომელიც აღმოფხვრის არაწმიდებას. და თქვენი ლოცვებისას მოიპოვეთ გონების სიწმიდე და ის, რომ არ გაჩნდნენ თქვენში ბოროტი გულისთქმანი, რითაც მოისპობა ეშმაკის ყოველი ძალა. ხოლო ტირილი მუდამ უნდა იყოს თქვენთან, რადგან ამით შეიძენს, კაცი საუკუნო სიხარულს. აკი ბრძანებს უფალი: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითაო“ (მთ. 5,3). შეიძინეთ სიგლახაკე, რათა დამკვიდრდეთ ზეციურ სასუფეველში. მოიძულეთ ქვეყნიური საზრუნავები და შფოთი, რათა არ შეცდეთ იმათგან. საღმრთო წერილში გაიწაფეთ, რადგან ის აფხიზლებს გონებას. საღმრთო წერილში გაიწაფეთ, რადგან ის აფხიზლებს გონებას. ბოროტ გულისთქმებს ნუ მიუშვებთ თქვენს გონებასთან. ხორცით იყავით წმიდა, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: „განიბანენით, განიწმიდენით და მოისპეთ ყოველივე გულარძნილება სულთაგან თქუენთა“ (ის. 1,16), რადგან, თუ თქვენს სხეულს დაიცავთ წმიდად, გაბრწყინებულები და სულით გახარებულნი ბრწყინვალე ლამპრებით შეხვალთ უფლის ქორწილში უკვდავების სიძის შესახვედრად. ფხიზლად იყავით გონებით და მუდამ ელოდეთ საშინელ დღესა და ჟამს, რადგან არ იცით, უფალი როდის მოვა, რომ არ გიპოვოთ მან თქვენი სიმდიდრის უქმად განფლანგველნი და ნიჭისა და ტალანტის უსარგებლოდ დამმარხველნი, რისი კეთილად გამოყენების მცნებაცა გვაქვს მოცემული. თუ ვინმე არ შეასრულებს ღვთის მცნებებს, დაუდგება დრო, რომელსაც იგი არ მოელის, და ორად განმკვეთელი მის ერთ ნაწილს დადებს ორგულებთან, რადგან სიკვდილის უმწარესი მახვილით გამოგლეჯს მოუნანიებლებისა და უსარგებლოების სხეულებისაგან სულებს და ჩაყრის მათ შორის, სიბნელეში, სადაც ჰოი, უბედურებს, - იქნება კბილების ღრჭენა და ტირილი. მუდამ თვალწილ უნდა გედგათ სიკვდილის ხსოვნა და ის საზარელი დღე. სიკვდილის კი არ უნდა გეშინოდეთ, არამედ საუკუნო სასჯელისა, რომელიც მისგან მოდის. მოითმინეთ ეს ხანმოკლე ტკივილები, რადგან გაჭირვების გარეშე შეუძლებელია მოიპოვოს კაცმა ცხოვრება უკვდავი, როგორც ამას ამბობს წმიდა წერილი, რომ: „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სულნი თქვენნი“ (ლკ. 21,19) და კიდევ: „მრავლითა ჭირითა გვიღირს შესვლაჲ სასუფეველსა ცათასა“ (საქ. 14,22). იცოდეთ, ძმებო, მტკიცედ, რომ აქ ყველაფერი წარმავალია და დაუდგრომელი, საუკუნო ცხოვრება კი წარუვალია და მუდმივი. და ზოგიერთ ჩვენგანს მომავალში მოელის საუკუნო შვება, ზოგს კი - საუკუნო სასჯელი იმ საქმეების მიხედვით, რომლებიც მოიმოქმედეს ამ წუთისოფელში. მითხარით, საყვარელნო, თუ დღეს კაცი ყოველმხრივ შვებასა და მოსვენებაშია და დაკარგა მთელი მისი მონაგები, რომ აღარაფერი შერჩეს ხვალისათვის, შიმშილითა და ყველა სიავის ნახვით იტანჯებოდეს, რამეში გამოადგება ადრინდელი, თუნდაც ერთი დღის მოსვენება მომავლისათვის? ამიტომ იცოდეთ, ასევეა ჩვენი ამ წუთისოფელში ცხოვრება, რადგან, თუ აქ შვებაში მყოფნი არ ვიზრუნებთ იმისათვის, რაც მომავალში გველის, და არ დავიცავთ საუკუნო ცხოვრებისათვის ქონებას უსამართლო ვერცხლისმოყვარეობის ბოროტებისაგან, შიმშილით დავიღუპებით და ვერაფერს გვარგებს ხორციელი სიკეთენი, არამედ უფრო დავიტანჯებით, როგორც გაუმაძღრობასა და ნაყროვანებას მიჩვეულები“.
15. ამ და სხვა სწავლებებით განამტკიცა ღირსმა შიომ მონაზვნები, რის შემდეგაც უთხრა მათ: „გამოირჩიეთ ძმებიდან ერთი, რომელიც იღვაწებს თქვენი ცხონებისათვის, რადგან მე ამიერიდან მომიწევს ჩასვლა მღვიმეში, რომელიც მოვამზადე სამყოფლად და სასაფლაოდ ჩემთვის“. დიდად შეწუხდნენ ნეტარი ევაგრე და მონასტრის ძმები, დაიწყეს მწარედ ტირილი, მოისმინეს რა მეტად საზარელი და გაუგონარი, ამიტომ ეუბნებოდნენ ნეტარ შიოს: „წმიდაო მამაო, რა განგიზრახავს ეგ, ვის გაუგონია ოდესმე, რომ ცოცხლად ჯოჯოხეთში დაიმარხო შენი ცხოვრება, უფრო მეტად ახლა, როცა მოხუცებულს გეკუთვნის შრომისაგან დასვენება? განა არ არის საკმარისი ის დიდი გარჯა, რასაც ეწევი და, რაც უცხოა ადამანის ბუნებისათვის? არც ღმერთს მოეწონება ასეთი ღვაწლი, რომელიც დღემდე უცხოა ადამიანისათვის. და კიდევ ამდენი მოღვაწის სულები, რომლებიც შენი მადლით არიან ამ უდაბნოში შეკრებილნი, როცა ვეღარ დაგინახავენ და ვეღარც შენს ტკბილ სწავლას მოისმენენ, გაიფანტებიან, როგორც ცხვრები, რომელთაც არ ჰყავთ მწყემსი“. ამას და ამის მსგავსს ბევრს ეუბნებოდნენ ცრემლით წმიდა შიოს მონასტრის ძმები და ევედრებოდნენ, რომ ობლად არ დაეტოვებინა ისინი და არ ჩასულიყო მღვიმეში. ხოლო წმიდა შიო ანუგეშებდა მათ და ეუბნებოდა: „ჩემო ძმებო, ღმერთმა მოგცათ ჩემი სიყვარულის მადლი, მაგრამ მე ცოდვილი კაცი ვარ და, თუ მართალთ გაუძნელდათ ცხონება, მე რამდენჯერ მეტი გარჯა მეკუთვნის, რომ არ დავკარგო სასუფეველი, რადგან ჩვენი მამა და მოღვაწეთა წინამძღვარი დიდი ანტონი, როგორც ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი, როგორ მატებდა მოღვაწეობას და სიბერეშიც კი არ მოუკლია მისთვის, რომელსაც ნამდვილად შეეძლო დაიმედებული ყოფილიყო ანგელოზებთან სიახლოვეში დამკვიდრებით. ასევე დიდი მაკარი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება მოღვაწეობაში გაატარა, ნახეთ, როგორ შიშობდა, როცა სული მისი გამოვიდა ხორციდან, ბოროტი ანგელოზები ეუბნებოდნენ: მაკარი, გახვედი და გაგვერიდე. ხოლო სანატრელმა წმიდანმა ხორციელი სიმდაბლე სულითაც დაიცვა, ვიდრე არ მიიღო იგი ღვთის ნათელმა, არ უთხრა თავის მდევრებს, რომ მათ განეშორა. ყველა წმიდა მამა დიდი წვალებით გადაურჩა ეშმაკის მზაკვრობას, ხოლო მე, ცოდვილს, რამდენჯერ მეტი გარჯა მეკუთვნის, რომ არ ჩავვარდე საუკუნო სატანჯველში, რადგან დაწერილია, რომ: ვისაც რა მდგომარეობაში იპოვნიან, იმითვე განიკითხავენო. ამიტომ ილოცეთ ჩემთვის, ძმებო, რომ მომცეს ღმერთმა მოთმინება და ძალა, რათა ეს მღვიმე ჩემთვის გახდეს ჩემი უბედური ხორცის დასამარხიც. ხოლო თქვენ გამოირჩიეთ თქვენთვის წინამძღვარი, რომელიც შესძლებს თქვენი სულების ცხონების სწორად წარმართვას“. მამებმა უთხრეს მას: „წმიდაო მამაო, ჩვენ შენით ვართ შეკრებილნი ამ უდაბნოში და შენს წმიდა ლოცვასა და სწავლა-დარიგებებს ვართ მინდობილნი, ვმოღვაწეობდით და ჩვენი სულების გადარჩენას შენგან მოველოდით. ხოლო ახლა, რადგან ვერ შევძელით შენი ნების შეცვლა, შენ თვითონ გადაწყვიტე, ვინ შეძლებს ჩვენი სულების პატრონობას და გადარჩენას“. ნეტარმა შიომ უთხრა ევაგრეს, რათა შემოეკრიბა ძმები და გაძღოლოდა მათ, როგორც აქამდე უძღვებოდა. ხოლო წმიდა ევაგრეს, რომელიც იყო მშვიდი და თავმდაბალი, არ უნდოდა ძმების მთავრად და წინამძღვრად დადგენა და მიზეზდა გონიერების ნაკლებობას ასახელებდა შემდეგი სიტყვებით: „ვერ შევძლებ ძმების მსახურების გაძღოლას, ნუ მაიძულებ იმ საქმის შეჭიდებას, რაც აღემატება ჩემს ძალას, რადგან გამოუცდელი ვარ და სუსტი, რომ ვიტვირთო ამდენი მონაზონის მართვა“. ნეტარმა შიომ მიუგო მას: „თუ დაგვემორჩილები, დიდ სასყიდელს მიიღებ ღვთისგან და მორჩილთა ნეტარებას მიპოვებ ზეციურ დიდებაში, ხოლო, თუ ურჩობას ამჯობინებ, მაშინ ურჩობისათვის მოგიწევს გადახდა. ისურვე ძმების სამსახური, რომელიც შეგძენს დიდებას, როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მონაჲ და მსახური“ (მკრ. 10,44). ამიტომ უმჯობესია შენთვის, რათა დიდების შემძენი სიმდაბლე მიიღო“. მაშინღა ძნელად ირწმუნა ბერის სიტყვა და თაყვანი სცა მას სიტყვებით: „პატიოსანო მამაო, რასაც მიბრძანებ, ყველაფერს მორჩილებით მივიღებ და შევასრულებ შენს წმიდა ლოცვას მინდობილი“. ამის შემდეგ ევაგრემ, ურჩთა სასჯელის შიშით, მიიღო წინამძღვრობის კვერთხი ნეტარი შიოს ხელიდან. წმიდა შიომ მრავალი სწავლით განამტკიცა იგი და შეავედრა ძმები. ძმებმა ნეტარ შიოს სთხოვეს, რომ მიეცა მათთვის მისეული სწავლა-დარიგებანი, რათა ყოველ კვირას წაეკითხათ, რითაც მისი წმიდა პირიდან მოსმენის სურვილს შეივსებდნენ.
16. ნეტარმა შიომ დაწერა მათთვის ასსამოცი თავი სწავლა, მეტად მშვენიერი და ტკბილი, რომლითაც სწავლობდნენ მონასტრის ძმები და მათგან ისე ირწყვებოდნენ, როგორც სამოთხის წყაროსაგან ღვთის ნერგები. და იზრდებოდნენ და ნაყოფად გამოიღებდნენ კეთილ საქმეებს. მაშინ ნეტარმა შიომ აღაპყრო ხელები ღვთის მიმართ და შეავედრა მას მონასტრის ძმები, შემდეგ თითოეულს ეამბორა, დაჯდა მღვიმის თავთან და უთხრა ძმებს: „ჩემო საყვარელო შვილებო და ჩემო სულიერო ძმებო, კურთხეულია ქრისტე, ღმერთი ჩვენი, რომელმაც შეგკრიბათ თქვენ ამ უდაბნოში მისი წმიდა სახელის სადიდებლად. ახლა ისმინეთ ჩემი, შვილებო, თქვენი მოხუცებული მამისა, იცით, რომ არავის იძულებით არ მიგიღიათ მონაზვნობა, არამედ საკუთარი ნებით და ღვთის სიყვარულისათვის აღუთქვით მას და მის ანგელოსებს, განშორება და უარყოფა ამქვეყნისა და მისი საქმეებისაგან და სიწმიდით ცხოვრება და მთელი გულით წმიდა სახარების მორჩილება შეუორგულებლად, მისი ჯვრის საკუთარი მხრებით ტვირთვა, და მამის, დედის, ცოლისა და შვილის, ძმებისა და დების და თვით თქვენი სულების მოძულებაც და ასე მას მიყოლა. მოერიდეთ ჩემო ძმებო, იმ ბოროტ მტერს, რომელსაც მუდამ სურს ჩვენი დაღუპვა, არსად მიენდოთ სულების მკვლელ გველს და არ უარყოთ თქვენი აღთქმა, რადგან დღე და ღამე მღვიძარეა ჩვენი მტერი, როგორც ამბობს წმიდა და მოციქულთ თავი პეტრე, რომ: „განიფრთხვეთ და მღვიძარე იყვენით, რამეთუ წინა მოსაჯული თქვენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა. რომელსა წინა აღუდექით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწყოდეთ, იგივე ვნებათაჲ მათ ამას სოფელსა შინა ძმობასა მას თქუენსა კეთილად და სათნოდ აღასრულებდით“ (I პეტ. 5,8-9). ჩემო ძმებო, მტკიცედ იდექით იმ გზაზე, რომელიც აირჩიეთ, რადგან უმჯობესი იყო საერთოდ არ შესულიყავით მონაზვნობაში, თუ არ დაიცავდით თავს იმ ცოდვებისაგან, რომლებსაც სხეული სჩადის და, რომლებიც ხორცის გარეშეა ჩადენილი. ყური დაუგდეთ წმიდა სახარებას, რომელიც ამბობს, რომ: უქმი სიტყვებისათვის პასუხს აგებთო ბოლოს. აი, როგორი საზარელია მეუფის ეს ბრძანება, რადგან იგი წინასწარმეტყველს, მოციქულს ან ანგელოზს კი არ უთქვამს, არამედ თქვა თვით უფალმა, ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულმა. ვერიდოთ მიუკერძოებელ მსაჯულს, რომელსაც მოუწევს ჩვენი საქმეების განსჯა, რათა ჩვენი სიტყვებისათვის არ გავმტყუნდეთ მასთან, როგორც დაწერილია კიდეც, რომ „სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო“ (მთ. 12,37). იცოდეთ, საყვარელნო, რომ სიკვდილი ახლოს არის, იგი კარს მომდგარია, აკი ბრძანებს მეუფე: მღვიძარედ იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა თქვენთან ქურიდ, რომ არ გააპოს თქვენი სახლის გვერდი, როცა არ გეცოდინებათ ეს, და მოგპაროთ თქვენ სული, და ვეღარ ირგოთ მისგან; მღვიძარედ იყავით, რადგან არ იცით არც დღე და არც საათი, როცა უნდა მოვიდეს ძე კაცისა. მოერიდეთ, ძმებო, ყველაფერს, რაც ღუპავს ჩვენს სულებს. სწავლისას იყავით მორჩილნი და მსახურების დროს თავმდაბალნი. და თქვენი თავები ისე მიიჩნიეთ, როგორც საზარელი მიცვალებულები, რადგან სათნოებების პირველი საფეხურია სიმდაბლე, რომელსაც აჰყავს ღმერთთან მისი შემყვარებელი, რადგან, თუ შეიყვარებთ სიმდაბლეს, მაშინვე კეთილად მოიხედავს თქვენსკენ უფალი, რაზედაც ამბობს იგი: - ვის მივხედო, თუ არა მშვიდსა და მდაბალს და, რომელიც ძრწის ჩემი სიტყვებისაგან. გაიხსენეთ, როცა ერიდან გამოდიოდით, როგორ აღუთქვით ღმერთს, რომ საჭირო სახმარსაც კი არ იქონიებდით, არამედ საერთოს დასჯერდებოდით, როგორც არის დაწერილი, რომ ყველას სულები და გულები უნდა იყოს, როგორც ერთი. ნუ გაკლიათ სასოება ქრისტესი და ნუ ესასოებით სიმდიდრესა და მონაგებს, რადგან არის ყოველი ბოროტების მშობელი და იგი აჭუჭყიანებს უმანკოთა გონებას, რადგან პირველად რაიმე მცირე სახმარის ქონების სურვილს გაუჩენს კაცს და ამბობს იგი: ეს არაფერია. შემდეგ სხვასაც შეიძენს და იტყვის: ეს არ არის სიმდიდრე, არამედ სხეულისათვის არის აუცილებელი. შემდეგ ისევ რაღაცას იყიდის და იტყვის: არ ივარგებდა კაცისათვის ამის გარეშე ყოფილიყო და სხვისი ხელისათვის ეცქირა, არმაედ უმჯობეისა შევიძინო და შემდეგ გავისარჯო გლახაკებისათვის. ამის შემდეგ ვინმეს ასესხებს და სურს ნამატით მიღება მისი და ამბობს: არავისთვის არ წამირთმევია, არამედ ჩემია და არ ჰქვია ამას ვახში და სარგებელი. და კიდევ იტყვის: ვინმეს მივცემ ამას, რათა ახლა ამით ვიარსებო, ხოლო ბოლოს სხვებმა გასცენ ჩემთვის. ჰოი, უბედურს, რადგან ხშირად ერთი დანგიც კი არ უნდა გაიმეტონ სხვისთვის და ასე მცირე ანგარიშებსა და ყველაზე მეტს - კერპთმსახურებას მისდევენ ისე, რომ არც კი იციან. მოერიდეთ, ძმებო, სულის დამღუპველ ამ სენს, რომელიც ჰქონდა იუდას და ნახეთ, თუ ჯოჯოხეთის როგორი სიღრმისათვის გაიმეტა მან თავი. ნუ იქნება თქვენ შორის შეკრება რაიმესი, ვაჭრები და ვაჭრობანი. ყველაზე მეტად ეცადეთ, რომ შეიძინოთ ცათა სასუფეველი, რადგან რა უნდა შეიძინოს კაცმა, მთელი ქვეყანაც რომ იყოს მისი, რა შეიძლება გავიყოლიოთ ამქვეყნიდან, კეთილი საქმეების გარდა, რომელთა საფასურსაც მივიღებთ იქ? შეიყვარეთ უპოვარება, რომელიც ღმერთთან აახლოებს ადამიანს. აკი გვესმის წმიდა მამების ცხოვრებიდან, რომ ამით მოიპოვეს ღმერთი. და თუ ასე იქნებით, თქვენც მოგიახლოვდებათ უფალი. თუ მხოლოდ მასზე გექნებათ სასოება, თქვენი ლოცვები, როგორც სურნელოვანი საკმეველი, მაშინ მიაღწევს მას, რადგან ამბობს: „ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი“. ამიტომ, გამამდიდრებელი სიგლახაკე შეიყვარეთ, რათა ამით შეიძინოთ შემუსვრილი გული და მდაბალი სული, რომელსაც არ შეურაცხყოფს უფალი. ერიდეთ, ჩემო ძმებო, ქვეყნიური გულისთქმების ჭუჭყს, ისწავლეთ მოციქულთა სიტყვა, სარწმუნოებით მოიპოვეთ სათნოება, სათნოებაში - მეცნიერება, მეცნიერებაში - მარხვა, მარხვაში - მოთმინება, მოთმინებაში - ღვთისმსახურება, ღვთის მსახურებაში - ძმათა სიყვარული, ძმათა სიყვარულით - სრული სიყვარული. თუ გექნებათ სიყვარული, თქვენში დამკვიდრდება ღმერთი. ამ ცნებებში გამოაწვრთეთ თითოეულმა თქვენი თავი და ერთმანეთისათვის იყავით კეთილი მაგალითი, ერთმანეთს სიკეთე ასწავლეთ და არა ბოროტება და სულთა დამღუპველი სიმთვრალე, საიდანაც ხდება არაწმიდებანი. ნუ შეუშვებთ თქვენში ეშმაკს, ნუ იქნება თქვენში ლაღობანი; ნუ დარჩებით მრისხანებაში მზის ჩასვლამდე; ნუ დრტვინავთ, ნუ იქნებით ურჩნი და მოცილენი და უხუცესების მიმართ წინააღმდეგნი; ნუ გიყვართ ერში გასვლა, რომელსაც თქვენ მოერიდენით; ნუ იქნება თქვენ შორის შური და მტრობა; კეთილ საქმეში იყავით მოშურნე და მიმბაძველები და ასევე ერთმანეთის გადარჩენაში; რაც გისწავლიათ ქრისტესაგან, ისე მოიქეცით და ერთმანეთსაც ის ასწავლეთ, რათა გეწოდოთ ღვთის ძე და სასუფევლის შვილი; მოიძულეთ ყოველი ქვეყნიური შვება და შეიყვარეთ ქრისტეს მცნებები ისე, როგორც წმიდა მამებმა და ჩვენმა მოძღვრებმა შეიყვარეს და შეასრულეს და დაიმკვიდრეს სასუფეველი, რადგან, რამდენადაც ქვეყნიურს მოერიდებით< იმდენად მოიპოვებთ სულიერს. ხოლო, თუ ქვეყნიურად იფიქრებთ და იმოქმედებთ, გაგშორდებათ ზეციური, რადგან დაწერილია, რომ ამ ქვეყნის სიყვარული ღმერთის მტრობაა. ზიდეთ ჩვენი უფლის იესოს ჭრილობები სხეულით, როგორც ამბობს პავლე: ყოველივე მოითმინეთ ქრისტეს სიყვარულისათვის, რადგან მან ჩვენი სიყვარულისათვის დაითმინა გინება და საყვედური, ცემა, დაცინვა, ძმარი და ნაღველი, ჯვარზე დასჯა და სიკვდილი. ეს ყველაფერი და ამაზე მეტიც მან მოითმინა ჩვენთვის, ჩვენი გადარჩენისათვის. ჩვენც მოვითმინოთ, ძმებო, მისი სახელისათვის სიღარიბე, სიშიშვლე, წყურვილი, დაცინვა, შეურაცხყოფა, გინება და საყვედური, რათა ბოლოს, როგორც მან თავად აღგვითქვა ჩვენ, მივიღოთ ნეტარება და გავიხაროთ ცათა სასუფეველში. ნუ დაბრკოლდებით, ძმებო, როცა ღმერთი თქვენ გასწავლით. ისმინეთ დაწერილი მხილების შესახებ და უსჯულოების გამო დაარიგეთ კაცი. უფლის ძმა იაკობი ამბობს: „უკეთუ განვიცდებოდით, თვისთაგან გულის-თქუმათა განვიცდებით“ (იაკ. 1,14). ამიტომ უფალი გვასწავლის თუ გვცდის, ყოველთვის გვმართებს დიდი სიფრთხილე, ლოცვა უნდა ვიწყოთ და არა უსარგებლო შფოთი, რომელსაც მოაქვს მეტი განსაცდელი. მოწყინების გარეშე ილოცეთ, ძმებო, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში. ნუ ითხოვთ ლოცვისას იმას, რაც თქვენა გსურთ, არამედ ითხოვეთ ის, რაც სურს უფალს, რადგან მას თავისი გაჩენილისათვის სიკეთე უნდა. ნამდვილად გჯეროდეთ, ძმებო, რომ ჩვენი აღთქმანი ჩაიწერეს წმიდა ანგელოზებმა და მიართვეს უფალს, და დაფარულნი არიან უფლის მოსვლის დღემდე. ხოლო ჩვენი მცველი ანგელოზები აღწერენ ჩვენს ცხოვრებას და ესეც უფლის მოსვლის დღისათვის ინახება. ადამიანთა მოდგმის დიდი მტერი და მებრძოლი, ჩვენი ადრეული მსაჯული, ყველაფერს, რასაც კი გვაცდენს და სიმართლის გზიდან გვაშორებს, ამას წერს და ისიც ინახავს დაწერილს უფლისაგან ყველაფრის გამოძიებამდე. ამიტომ, ძმებო, გვეშინოდეს ამ სამი დაწერილისა, რადგან მაშინ მარტო სამართალი იქნება და არა წყალობა, დღეს შეიძლება მივიღოთ შეწყალება, ხოლო მაშინ იქნება დრო მშვიდობისა. მაშინ არც ქრთამი გაჭრის, არც სიტყვა, არც ცრემლებს გაუწევენ ანგარიშს, არც დრო მოგვეცემა, არამედ ყველანი წარვდგებით სამსჯავროზე შიშვლები და თავმოდრეკილები და გაიხსნება თითოეულის საქმეები და ყოველს მიეგება თავისი ვალი, თავისი აღთქმა და თავისი საქმენი. მაშინ გაისმება საშინელი ხმა, გამართლებულების სასუფეველში შესვლისა, ხოლო ცოდვილების საუკუნო ცეცხლში ჩაყრის შესახებ. ვაი, მე, ძმებო, როგორ მაძრწუნებს ის დღე, ვაითუ აღმოვჩნდე მარცხნივ და მომესმას ხმა, საუკუნო სატანჯველში ჩამგდები. რაღა ვქნა მე უბედურმა მაშინ, რადგან იმ სასჯელს არ ექნება დასასრული, აღარ იქნება სიხარული, უკან აღარ დაბრუნდება საუკუნეები, ხელახლა აღარ განხორციელდება ქრისტე, აღარ შეიცვლება ერთხელ გადაწყვეტილი, რადგან, როგორც ღმერთია უცვლელი, ასევე აღარ შეიცვლება იმ დროის განაჩენი, არც გამართლებულებსა და არც ცოდვილებზე. გვეშინოდეს, შვილებო, რომ, რაც ჩვენი ნებით აღვუთქვით, ჩვენი ნების გარეშე არ მოგვკითხონ მისთვის სიტყვა. ვიმოღვაწოთ მცირე ხანს, რომ საუკუნო ცხოვრებაში მივიღოთ წმიდანებისათვის გამზადებული სასუფეველი, შვება დაუსრულებელი და სამოთხის სიკეთენი, როგორც ამბობს მოციქული: „რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა“ (I კორ. 2,9). ნუ გვიჭირს მცირე ხანს ხორციელ ნაკლოვანებათა დათმენა, რადგან, რაც იღვაწეთ, იმაზე ასჯერ მეტია თქვენთვის გამზადებული“. ასე ესაუბრა მათ დიდხანს, ანუგეშა ისინი და სწავლით განამტკიცა. ამიერიდან მონასტრის ძმებს ყოველმხრივ ემსახურებოდა და მარჯვედ უძღვებოდა ევაგრე და არიდებდა მათ ეშმაკის ყოველ სივერაგეთა და მანქანებათაგან. ევაგრე მონასტრის კეთილად მართვით და პირმეტყველი ცხვრების სამწყსოს წინ გაძღოლით დიდად სათნო ეყო უფალს.
17. ხოლო წმიდა და სანატრელი შიო ჩავიდა ბნელ და ღრმა მღვიმეში - მიწის სიღრმეში, რათა თავისი ხორცის ლპობით აღმოეცენებინა ჯეჯილი წმიდა ხორბლისა, რადგან მიწაში ჩათესილი ხორბლის მარცვალიც, ლპობის შემდეგ იწყებს კეთილი ნაყოფის გამოღებას, რომელიც არ არის შემხმარი ეკლებისაგან, რადგან ფესვები ღრმად გაუდგამს. ასევე ეს წმიდა მამაც, რომელმაც საკუთარი თავი მიწისათვის გაიმეტა, გონების თვალით ზემოთ იხედებოდა და მოელოდა შეწევნას - სულის საკურნებელ ზეციურ ნამს, რომლითაც აპოხიერებდა მას, როგორც ღვთის კეთილად მოხედვით შემდეგ წვიმით მორწყვით ხდება. მღვიმეში ჩასვლის შემდეგ, როგორ შეძლებს ადამიანური ენა ღირსეულად გამოთქვას ნეტარი მამის მხნეობა და მოთმინება, ან ის მოღვაწეობა, რომელიც თავიდან და ბოლოს წესად ჰქონდა, რადგან მუდამ მარხვასა და მუხლმოდრეკილ ლოცვაში იყო, მიწაზე დამხობილი ცრემლებით ასველებდა იატაკს, თვალებიდან ცრემლები სდიოდა, როგორც წყაროები, რომლებიც არ წყდებოდა. და ამბობდა: „ნუ დადუმდები! რადგან შენს წინაშე უცხო ვარ, მომიტევე, რომ ჩემს გასვლამდე მოვისვენო“. ხოლო ფეხზე მდგარს გონების თვალები ზემოთ ჰქონდა მიქცეული და ხელაპყრობილი ევედრებოდა: „წარემართენ ლოცვაჲ ჩენი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობად ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ...“ ცოტას მოასვენებდა რა სხეულს, თავისთვის ჩუმად ამბობდა: „ჩემი ნებით ჩავედი ამ მღვიმეში, ღრმა სიბნელეში, ამიტომ შენ, მოწყალეო, ნუ მიიბრუნებ პირს ჩემგან, რომ არ დავემსგავსო ჯოჯოხეთის სიღრმეში ჩამავალთ, არამედ ამოიყვანე ბოროტების საპყრობილედან ჩემი სული შენი სახელის სადიდებლად, რადგან მოთმინებით შენ დაგითმობ, ვიდრე მომხედავდე და შეისმენდე ჩემს ლოცვას და ამომიყვან ხორციელი სიგლახაკის მღვიმიდან და ჩემი დანაშაულის ლაფიდან“. ამის შემდეგ ღებულობდა ცოტაოდენ საჭმელს, რომელიც მას მიეცემოდა ზემოთ დატოვებული სარკმლიდან ერთი ბერისაგან და ესეც იმდენი, რაც მხოლოდ სხეულის შესანარჩუნებლად იყოს საჭირო. შემდეგ ფეხზე ამდგარი, როგორც ჩვეულება ჰქონდა, ამბობდა: „არა ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და განსუენებაჲ ხორცთა ჩემთა, ვიდრემდის ვპოვო ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი“. ამით და ასეთ ქება-დიდებათა და ვედრებების უფლისადმი შემწირველი, იდგა სრულიად ბნელ ორმოში, რადგან ესასოებოდა დაუსრულებელ და საუკუნო ნათელს, რომელსაც მიაღწევდა მცირე ხანს ამ სიბნელის მოთმინებით, და ლმობიერი სულით ამბობდა: „შენ გაანათლე ჩემი სანთლი, უფალო, და გააბრწყინვე ჩემი სულის სიბნელე, ღმერთო, რადგან ეს ხილული სიბნელე, შენგან არ დაბნელდება, თვალთშეუდგამო ნათელო; ხოლო ღამე, როგორც დღე, ისე განათლდება, ამიტომ ნუ მიმატოვებ შენი სიყვარულისათვის საკუთარი ნებით ამის მომთმენს“. ასეთ დიდ მოღვაწეობაში იყო რა მღვიმეში დიდხანს, ნეტარი შიოს სხეული დიდი შრომითა და გაჭირვებით მოუძლურდა და შავი ფერი შეიძინა, სინესტისა და ჰაერის სიმძიმისაგან შეიძინა უცხო შესახედაობა, დაილია და დაჭკნა. მხოლოდ ტყავიღა ფარავდა მის ძვლებს, ისე რომ ამაზე ითქმოდა: „ხორცი ჩემი შეიცვალა ზეთისა მიერო“. ანდა უფრო მიმსგავსებული: „გამოიფიტა ჩემი ძალა, როგორც თიხა, ზედმეტი მარხვისაგან და ენა სასაზე მიმეკრა, მრავალი ლოცვისა და ფსალმუნებისაგან“.
18. ამ წმიდა მამის მადლით უდაბნო გაცოცხლდა და აივსო სათნოებებით. შემკული მონაზვნებისაგან და შემდგომში და დღესაც იზრდება ქრისტეს შეწევნით, რადგან წმიდანმა გაიარა გზა, და სულისა და ხორცის განწმენდით სარწმუნოება დაიცვა, რადგან საკუთარი თავი მუდმივი ცრემლების ნაკადულებით განბანა და მარად სიკვდილს იხსენებდა, და ჯერ კიდევ ხორცში მყოფი, თავისუფალი იყო ხორცისაგან, სრულიად დაევიწყებინა რა კაცობრივი ბუნება, გონების თვალი მუდამ ზეცისაკენ ჰქონდა მიქცეული, იდგა რა სულიერად სამეუფო საყდრის წინაშე. და ზეციურმა მეუფემ ინება დიდად ნატანჯი და ნაღვაწი მამის უჭკნობ შვებასა და დიდებაში გადაყვანა, რომელმაც აუწყა მას ხორციდან გასვლა და ამდენი ტკივილებისა და ტანჯვისაგან დამშვიდება, რომელბითაც სძლია ყველას მტერ ბოროტ სატანას, რისთვისაც ძლევისათვის განკუთვნილი ელოდა ღვთისაგან. რადგან წმიდა სულით იგრძნო სხეულის დატოვება, ითხოვა მღვდელმსახურებისაგან ქრისტეს წმიდა საიდუმლოთა ზიარება. პატიოსანი და წმიდა ხორცისა და სისხლის მიღების შემდეგ ხელები აღაპყრო ზეცას და წარმოთქვა: „მეუფეო, შენს ხელებს შევავედრებ ჩემს სულს, რომელიც მომეცა შენგან“, და ამ სიტყვებზე განუტევა თავისი სანატრელი სული იმავე მღვიმეში, რომელიც მისი სხეულის სამარხადაც იქცა, სადაც იმყოფებოდა და ცხოვრობდა სიცოცხლეში, როგორც ეს ადრევე იწინასწარმეტყველა, რომ მისი გარდაცვალების შემდგომ იგი იქნებოდა სამარე მისი სხეულისა. დიდი სურვილითა და სიყვარულით შეგრაგნეს ძმებმა ნეტარი შიო თავისივე დაკონკილი ტანსაცმლით, რითაც შემოსილი იყო, და დაასვენეს მისი წმიდა გვამი იმავე მღვიმეში, როგორც იყო წმიდა მამის სურვილი, რომელიც დღესაც სიქადულია და სიმტკიცეა მღვიმედ წოდებული ამ მონასტრისათვის. უმეტესად ქართველთა მოდგმას ეგულება დიდ მცველად და ხილული და უხილავი მტრების განმდევნელად. და რომლებიც სარწმუნოებით მიდიან მისი საფლავისა და სამყოფელის თაყვანსაცემად, გაჭირვებაში პოულობენ ძლიერ შემწეს და მწუხარებათა და განსაცდელებისაგან მხსნელს. ასე იმოღვაწა ამ წუთისოფელში სანატრელმა მამა შიომ და უძლური ხორცით შეძლო ამდენის დათმენა. შიმშილი და წყურვილი შეურაცხყო, სივიწროვის ცეცხლს არ მოერიდა, უდაბნოს უნუგეშობა არაფრად ჩააგდო. მტრისაგან ნასროლი უამრავი ისარი მოარბილა, ხილული მზის ყურება აუკრძალა თავს, რათა სიმართლის გონიერი მზე ეხილა. ამიტომაც ცოცხალი, როგორც მკვდარი, მღვიმეში იმყოფებოდა, სიცოცხლეში მიწაში ჩავიდა, რომ პირნი დაეხშო ხილული და გრძნობადი გონიერი ლომებისათვის, როგორც ეს წინასწარმეტყველ დანიელს შეემთხვა. იყო ანგელოზთა და კაცთათვის საჩვენებელი, მტრის წინააღმდეგ ბრძოლებით გააკვირვა თვით უსხეულო ძალებიც და ხრწნადი და უძლური ხორცით სძლია უხორცო ძალებს და შერცხვენილნი განდევნა, მიიღო ძლევის გვირგვინი, რითაც ახლაც დგას თვალით უხილავი ნათლის წინაშე და მუდამ ევედრება ჩვენი ცოდვების მიტევებისათვის ყოვლადწმიდა სამებას, რომელსაც ჰშვენის ყოველი დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცხოვრება წმიდა და ნეტარი შიო მღვიმელისა აღწერა ღირსმა მარტვირმა, რომელსაც ეწოდა იოანე, რომელიც იყო წმ. იოანე კონსტანტინეპოლელი მოწაფეთაგანი
http://www.orthodoxy.ge/tveni/maisi/shio4.htm
|