There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
სავანის წმ.გიორგის ეკლესია, დასავლეთ ფასადი, 1046წ.,
ფოტო ვ.ბერიძის წიგნიდან
სავანე //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974, გვ.146
1046 წ.
სოფ.სავანე (საჩხერის რაიონი) ყვირილის ხეობაშია, იმერეთში. წმ.გიორგის ერთნავიანი ეკლესია კიდევ ერთი მშვენიერი ნიმუშია XI ს-ის პირველი ნახევრის ხუროთმოძღვრებისა და განსაკუთრებით ხუროთმოძღვრული მორთულობისა. ჩუქურთმებით შემკულია კარნიზები, სარკმლებისა და ორი პორტალის საპირეები. სამხრეთის პორტალი უფრო დიდი და მდიდრულია. თავისი ხასიათით ეს დეკორი ენათესავება კაცხის გარშემოსავლელისა და ნიკორწმინდისას. სამხრეთის დიდი სტოა - კარიბჭე, რომელსაც მთელი ფასადის სიგრძე უჭირავს, აგრეთვე XI ს-ისაა, თუმცა სხვა ოსტატის ხელითაა ნაშენი.
შენობის გარეგნობა მარტივია, მაგრაძ ხიბლავს მნახველს პროპორციების ჰარმონიულობითა და დახვეწილობით, მორთულობისა და არქიტექტურის ორგანული შეხამებით, ძალიან მაღალია შესრულების ხარისხიც. ტაძრის კედლებზე რამდენიმე საყურადღებო წარწერაა. დასავლეთის შესასვლელის ტიმპანში იკითხება."სახელითა ღმრთისაითა... დამაყენა მე, სულითა საწყალობელი ჰარაბაი აღსაშენებლად წმიდისა ამის საყდრისა, ადიდენ ღმერთმან გიორგი ერისთავთ ერისთავი, სალოცველად სულისა მათისათვის"...და სხვ... მეორე წარწერაში, სამხრეთის შესასვლელის ტიმპანში, აგების ზუსტი თარიღი-1046 წელიც - იხსენიება, მესამეში (აღმოსავლეთის ფასადზე) ნათქვამია, რომ მშენებლობაში სოფელიც იღებდა ნივთიერ მონაწილეობას. სავანეში XI საუკუნისავე მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის კანკელია დარჩენილი, მაგრამ იგი ძლიერ დამახინჯებულია XIX ს-ის რემონტების დროს (მაშინ შელესეს და შეღებეს ეკლესიის შიგნითა კედლები). სამრეკლო XIX ს-ის მეორე ნახევრისაა. ეკლესიის გარეთა ზომები: სიგრძე 15,9 მ., სიგანე უკარიბჭეოდ - 8,35 მ., კარიბჭიანად - 14,5 მ., სიმაღლე შიგნით 10,3 მ..
სავანის წმ. გიორგის ეკლესია, დასავლეთ ფასადის ნაწილი, 1046 წ.,
ფოტო ვ.ბერიძის წიგნიდან
სავანის წმ. გიორგის ეკლესია, ფასადის მორთულობის დეტალი, 1046 წ.,
ფოტო ვ.ბერიძის წიგნიდან
|