topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ზურაბ ბრაგვაძე - არქეოლოგიური გათხრები სოფელ ღვანკითში

<უკან დაბრუნება

ზურაბ ბრაგვაძე - არქეოლოგიური გათხრები სოფელ ღვანკითში //იბერია-კოლხეთი, საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის გამოცემის – «ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში» დამატება, თბილისი საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 2009, გვ.5-14

ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 260-ე კმ -ზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში, ადგილ “დედა ღვთისაზე” გამოვლინდა ნაგებობის ნაშთები, რომელიც იმთავითვე მიჩნეული იქნა დარბაზულ ეკლესიად და მისი აგების თარიღად ადრეული შუა საუკუნეები განისაზღვრა. ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრმა დაიწყო ამ ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა (ექსპედიციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ზ. ბრაგვაძე (ხელმძღვანელი), ნ.კაპანაძე, მ.ჩარკვიანი, თ.ჭანიშვილი, გ.გაგოშიძე (არქიტექტორი). ძირითადი სამუშაოები წარიმართა ნაგებობის შიდა და გარე კედლების გამოსავლენად, რისთვისაც გაიჭრა მართკუთხედის ფორმის თხრილი, რომლის სიგრძე იყო 14 მეტრი, სიგანე 10 მეტრი, სიმაღლე 1 მეტრი. მთლიანობაში თხრილის ფართობმა შეადგინა 140 მ. არქეოლოგიურმა თხრილმა შემდეგი სტრატიგრაფიული სურათი მოგვცა: გამოვლინდა ორი კულტურული ფენა (ტაბ. I,2). დადგინდა, რომ ნაგებობას ჩაჭრილი ჰქონდა II ფენა (ტაბ. I,2), რომელიც ფიქსირდებოდა ნაგებობის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებთან და სწორედ აღნიშნული კედლების მიერ ის იყო ჩაჭრილი, ხოლო ნაგებობის შიდა სივრცეში - განადგურებულიც კი (ტაბ. I,1).

Free Image Hosting at www.ImageShack.us

რაც შეეხება I კულტურულ ფენას, გაირკვა, რომ ეს ფენა არ იყო ჩაჭრილი და შემორჩენილი იყო მხოლოდ ნაგებობის ზედა დონეზე. ჩრდილოეთ კედელთან გაკეთებული სტრატიგრაფიული ჭრილის მიხედვით, I ფენა სიმაღლეში აღწევდა 35-40 სმ-ს, II ფენის სიმაღლე კი 40-50 სმ-ს და განფენილი იყო ნაგებობის კედლის გასწვრივ. I ფენა მოწითალო ფერის მიწით ხასიათდებოდა. II ფენისთვის დამახასიათებელი იყო მოშაო ფერის, ბათქაშნარევი მიწა. I და II ფენა ერთმანეთისგან იმიჯნებოდა დაახლოებით 20 - 25 სმ-ის სისქის სტერილური შრით (ტაბ. I,2). ანალოგიური განფენილობა ახასიათებდა II ფენას სამხრეთ კედელთანაც. აქ მისი სიმაღლე 70 სმ-ს აღწევდა და ვრცელდებოდა 3 მ-ის სიგრძეზე სამხრეთი კედლის გასწვრივ, აღმოსავლეთის კედელთან II ფენა შემორჩენილი იყო 20 სმ-ის სიმაღლეზე. როგორც უკვე აღინიშნა, ნაგებობის ჩრდილოეთი კედლის გარდა I ფენა არსად არ დაფიქსირდა, ხოლო ნაგებობის დასავლეთ კედელთან არც ერთი ფენა არ გამოვლენილა. სტრატიგრაფიული ვითარების დადგენისთანავე ნათელი გახდა, რომ I კულტურული ფენა კავშირში უნდა ყოფილიყო ნაგებობასთან და ეს დადასტურდა კიდეც გამოვლენილი არქეოლოგიური მასალისა და ნაგებობის სრული გაწმენდის შემდეგ. ნაგებობის შემორჩენილი სიმაღლე 1 მ-ს აღწევდა (ტაბ. I,1). ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების სიგრძე 10,50 მ. იყო, ხოლო კედლების სისქე 1,30 მ. აღმოსავლეთი და დასავლეთი კედლების სიგრძე შეადგენდა 6,20 მ-ს, ხოლო სისქე - 1,30 მ_ს(ტაბ. I, 1). აქვე შევნიშნავთ, რომ დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლის დასავლეთი მხარე შემორჩენილი იყო უაღრესად დაზიანებული სახით. საქმე ისაა, რომ XX საუკუნის 60_იან წლებში მაღალი ძაბვის ხაზების გაყვანის დროს ამ ადგილას მოუთხრიათ ძელქვის ხე, რომლის ფესვებიც აღნიშნულ კედლებს ფარავდა. სწორედ მაშინ გამოჩენილა ამ კედლების კონტურები და იმ იმედით, რომ რაღაც განძს იპოვიდნენ, ეს მონაკვეთი აუფეთქებიათ, რამაც საგრძნობლად დააზიანა ძეგლი. ამ ბარბაროსული ქმედების კვალი ჩვენს მიერაც იქნა დადასტურებული, როდესაც თხრილის დასავლეთ ნაწილში დავაფიქსირეთ აფეთქებული კედლის ნანგრევები. ნაგებობის შიდა სიგრძე 8,25 მ იყო, სიგანე - 3,70 მ. ასე რომ, შიდა ფართობის მოცულობა 30,5 მ შეადგენდა (ტაბ. I,1). ჩატარებულმა სამუშაოებმა საშუალება მოგვცა დაგვეკონკრეტებინა როგორც ნაგებობასთან დაკავშირებული ნიუანსები, ასევე მისი ქრონოლოგიის საკითხი. დაწვრილებითი საველე-არქეოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქმე გვაქვს დაუმთავრებელ, უფრო სწორედ აუშენებელ დარბაზულ ეკლესიასთან. შეიძლება ითქვას, რომ აღმოჩენილია ეკლესიის საძირკველი, რომელიც ნაგებია რიყის ქვითა და კირხსნარით. მშენებლობის ტექნიკა საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ გაიჭრა 1,30 მ-ის სიგანის საძირკველი და ერთმანეთის მიყოლებით მოხდა რიყის ქვებისა და კირხსნარის ჩასხმა. ოთხივე კედლის სისქე სწორედ 1,30 მ იყო და არცერთ მათგანთან არ დაფიქსირებულა სამშენებლო ნაგავი და ბათქაშის ჩამონაყარი. ამ რეალობის უარყოფა პრინციპულად შეუძლებელია, რადგან ოთხივე მხარეს თხრილი გაიჭრა კედლებიდან 3 მ-ის დაშორებით და არცერთი ზედმეტი ქვა, ან რაიმე სხვა არტეფაქტი არ დადასტურებულა. ნაგებობის საძირკველი ამოყვანილია 1 მ-ის სიმაღლეზე და მიწის ზედაპირთან მოსწორებულია ბრტყელი ნახევრად გათლილი ფილებით, რომლებიც კარგად იყო შემორჩენილი სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლებზე (ტაბ. I,1). საძირკვლის ამოყვანისა და ნახევრად გათლილი ფილებით ნიველირების ზუსტად ანალოგიური მეთოდია გამოყენებული ბაგრატის ტაძართან გათხრილ V-VI საუკუნეების ბაზილიკაშიც [ლანჩავა ო. 1996:137-141]. როგორც ჩანს, ადრეული შუა საუკუნეების იმერეთში მშენებლობის ეს ტექნიკა გავრცელებული და პოპულარული იყო. ღვანკითის “დედა ღვთისაზე” გამოვლენილი ნაგებობა რომ დარბაზული ტიპის ეკლესიად შენდებოდა, ამაზე მეტყველებს მისი ფორმა, ზომები და ორიენტირება. ნაგებობა დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ოდნავ ჩრდილოეთისკენ გადახრით. აღმოსავლეთით ფიქსირდება ნახევრადწრიული აფსიდა (ტაბ. I,1), რომელიც მართალია, კარგად გამოკვეთილი არ არის, მაგრამ ეს ვითარებაც გასაგებია, რადგან ზედა კედლები აუშენებულია და სწორედ ამ მიზეზის გამო არა აქვს მას აფსიდისთვის დამახასიათებელი კლასიკური ფორმა. თუმცა, ნაგებობის აღმოსავლეთი კედელი აშკარად აფსიდის ამოსაყვანად არის მომრგვალებული. ღვანკითში აღმოჩენილი ეკლესია ყველაზე ახლო ანალოგებს ნოქალაქევში მიკვლეულ მცირე ზომის დარბაზულ ეკლესიასთან იჩენს. მსგავსია როგორც დაგეგმარება, ასევე ზომებიც [ზაქარაია პ. 1987:58-59]. დაგეგმარების მხრივ იგი ასევე უახლოვდება ნოქალაქევშივე გათხრილ ადრეულ ბაზილიკას [კაპანაძე თ. 1987:ტაბ.XXV].  ნოქალაქევის დარბაზული ეკლესიისა და ადრეული (პირველი) ბაზილიკის თარიღი V საუკუნით განისაზღვრება [კაპანაძე თ. 1987:102]. V-VI საუკუნით თარიღდება სეფიეთის ტაძარი, რომელსაც ვ. ლექვინაძე იუსტინიანე I ეპოქის ნაგებობად მიიჩნევს [Леквинадзе В. 1963:179]. V-VI საუკუნით თარიღდება ბიჭვინთის ეკლესიები [ციციშვილი ი. 1977:101]. ამავე პერიოდს მიეკუთვნება ციხისძირის ეკლესიაც [Леквинадзе В. 1963:169]. უკვე ვახსენეთ ქუთაისის ადრეული, V-VI საუკუნეების ბაზილიკაც [ლანჩავა ო. 1996:137]. საკუთრივ იმერეთში V საუკუნის დარბაზულ ეკლესიად არის მიჩნეული კაცხის სვეტზე არსებული ნაგებობა [ცინცაძე ვ. 1964:16].  ჩვენი აზრით, სწორედ დასავლეთ საქართველოს ამ ადრეულ ეკლესიებს შორის ეძებნება ადგილი ღვანკითის ეკლესიასაც და მისი თარიღი VI საუკუნის 20_იან წლებს არ უნდა სცილდებოდეს. მიგვაჩნია, რომ ამ ძეგლის თარიღი პირდაპირ უკავშირდება VI საუკუნის 20-იანი წლების დასავლეთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და სწორედ ამ ისტორიულ პროცესში უნდა ვეძებოთ პასუხი კითხვაზეც, თუ რატომ არ აშენდა ეს ეკლესია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ VI საუკუნის 20-იანი წლებიდან საკმაოდ გამწვავდა დამოკიდებულება ირანსა და ბიზანტიას შორის და ამ დაპირისპირებაში ჩართული აღმოჩნდა ორივე ქართული სამეფოც (ქართლი და ეგრისი). ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინე II ეგრისში ჯარები შეიყვანა და ქართლის მოსაზღვრე ციხეებში, შორაპანსა და სკანდაში, ჩააყენა. პროკოპი კესარიელის გადმოცემით, ამ ციხეების დაცვა ოდითგანვე ადგილობრივი მოსახლეობის საზრუნავად ითვლებოდა და კეისრის ამ ნაბიჯმა ისინი გაანაწყენა. თუმცა, მეტი გზა არ იყო და ამ კუთხის მოსახლეობაც შეეგუა შექმნილ ვითარებას და მეტიც, მათვე იკისრეს ბიზანტიელთა ჯარის მომარაგება სურსათით. ასე გრძელდებოდა ერთხანს, მაგრამ ეგრისელებს მობეზრდათ გარნიზონების შენახვა და ასეთ სამსახურზე ხელი აიღეს. სანოვაგის გარეშე დარჩენილმა ბიზანტიელთა ჯარმა კი ციხეები დატოვა. ამით ისარგებლეს ირანელებმა, ქართლიდან გადმოვიდნენ, შორაპნისა და სკანდის ციხეები სრულიად უბრძოლველად დაიკავეს და შიგ საკუთარი გარნიზონები ჩააყენეს [პროკოპი კესარიელი. 1965:51]. ეს ამბავი 523 წელს მოხდა და ამ დროიდან 532 წლამდე, “საუკუნო ზავის” დადებამდე, აღმოსავლეთ ეგრისში ირანი გაბატონდა. ჩვენი აზრით, სწორედ აღნიშნულ მოვლენებს უნდა უკავშირდებოდეს ღვანკითის ეკლესიის მშენებლობის პერიპეტიებიც. მივიჩნევთ, რომ მისი აგება დაიწყო 523 წლამდე, ან ზუსტად ამ წელს და შეჩერდა ამ მხარეში ირანელების შემოსვლისთანავე. ცნობილია, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ირანის სამეფო კარი რელიგიურ ფაქტორს საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელების საქმეში და ამ რეალობიდან გამომდინარე სრულიად ლოგიკურია, რომ შორაპნისა და სკანდის სასიმაგრო ზოლში მდებარე ღვანკითში მათ აეკრძალათ ქრისტიანული ტაძრის მშენებლობა. სხვა ისტორიული ახსნა ამ ვითარებას არ გააჩნია. მართალია, 532 წლის ზავით ბიზანტიამ უკან დაიბრუნა შორაპნისა და სკანდის სანახები, მაგრამ ღვანკითის ეკლესიის მშენებლობის გაგრძელებულა და ეს ადგილი თანდათან მიწით დაიფარა. აღნიშნულის გამო ადგილობრივმა მოსახლეობამ დაივიწყა მშენებარე ეკლესია და უკვე განვითარებულ შუა საუკუნეებში (XII-XIII სს.), აქვე, ასიოდე მეტრის მოშორებით ახალი დარბაზული ეკლესია ააგო. ისტორიული პარალელების გარდა, ღვანკითის ეკლესიის შემოთავაზებულ თარიღს მხარს უჭერს I ფენის არქეოლოგიური მასალაც, რომელიც სტრატიგრაფიულად სწორედ ამ ნაგებობას უკავშირდება.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

I ფენის არქეოლოგიური მონაპოვარი მართალია მრავალრიცხოვანი არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ აღმოსავლეთ ეგრისში ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალის საერთო სიმწირეს, მისი მეცნიერული ღირებულება მნიშვნელოვანია. I ფენის არქეოლოგიურ მასალაში გამოიყოფა კერამიკული ნაწარმის ორი პირობითი ჯგუფი. ესაა უხეში, ცუდად განლექილი და ქარსმინარევიანი თიხისგან დამზადებული ჭურჭლები და მოჩალისფროდ და მოწითალოდ გამომწვარი, თხელკეციანი, კარგად განლექილი, სუფთა თიხისგან დამზადებული ეგზემპლარები. Oორივე პირობითი ჯგუფის სამეთუნეო ნაწარმი მხოლოდ სამეურნეო და სუფრის ჭურჭლებითაა წარმოდგენილი. სამეურნეო დანიშნულების კერამიკიდან გამოიყოფა ქვევრი, რომელიც წარმოდგენილია სქელკეციანი, მოწითალო - მოაგურისფრო, რელიეფურღარიანი გვერდის ფრაგმენტით (ტაბ.II). ღვანკითში მოპოვებული ქვევრის ფრაგმენტი მიეკუთვნება იმ ტიპს, რომელსაც გ. ლომთათიძე გარედან წიბოშემოვლებულ ქვევრების ჯგუფში აერთიანებდა [ლომთათიძე გ. 1955:175]. რ. რამიშვილის ვარაუდით, გარედან წიბო ჭურჭლებს უკეთდებოდა პრაქტიკული დანიშნულების მიზნით, რათა მტკიცედ ყოფილიყო მიწაში ჩადგმული, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ ქვევრების ჩაკირვა [რამიშვილი რ. 1983:16]. ღვანკითის ქვევრის ანალოგები მრავლადაა გამოვლენილი საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე. ისინი ნაპოვნია ქუთაისში [ლანჩავა ომ. 1996:159], ვარდციხეში [ჯაფარიძე ვ. 1989:67-68], ნოქალაქევში [ზაქარაია პ. და სხვ. 1977:105], რუსთავში [ლომთათიძე გ. 1955:174-175], ურბნისში [ჭილაშვილი ლ. 1964:75], ახალ ჟინვალში [რამიშვილი რ. 1983:116] და ყველგან V-VIII საუკუნეებით თარიღდება. ყველაზე ახლო ანალოგებს ღვანკითური ცალი იჩენს საირხის მარნიგორის ბორცვზე [ბრაგვაძე ზ., გაგოშიძე გ. 2002:143-147], სტირფაზსა [Техов Б. 1985:71] და ახალ ჟინვალში [რამიშვილი რ. 1983:116]  გამოვლენილ ნიმუშებთან, რომლებიც დათარიღებულია IV-VI საუკუნეებით. ვფიქრობთ, სწორედ ამავე პერიოდით უნდა განისაზღვროს ღვანკითში აღმოჩენილი ქვევრის ასაკიც. სასუფრე ჭურჭლები მხოლოდ ხელადების პირებითა და ძირების ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. როგორც აღინიშნა, მათ შორის გამოიყოფა თხელკეციანი, მოწითალო და მოჩალისფრო და შედარებით უხეში თიხისგან დამზადებული ეგზემპლარები. მათგან ყურადღებას იქცევს მსხლისებურკორპუსიანი ხელადების ფრაგმენტები, რომლებიც ძირებითა და გვერდებითაა წარმოდგენილი (ტაბ. II). მათი ერთი ნაწილი მოჩალისფრო, ხოლო მეორე ნაწილი მოწითალო კეცით ხასიათდება. ამ ჭურჭლების ფორმები სათავეს იღებს გვიანანტიკური ხანიდან და წამყვანი ფორმაა IV-VI საუკუნეების იმერეთის, განსაკუთრებით ზემო იმერეთის არქეოლოგიური ძეგლებისათვის. ამ ნიმუშების პოპულარობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ისინი მოიპოვება როგორც სამარხებში, ასევე ნამოსახლარ ფენებშიც. ამ სახის კერამიკა მრავლად მოიპოვება როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე. მსხლისებურკორპუსიანი დოქები და ხელადები აღმოჩენილია: რუსთავში [ლომთათიძე გ. 1955:182-183], მცხეთაში [უგრელიძე ნ. 1987:57-58], ურბნისში [ჭილაშვილი ლ. 1964:75], ოჩამჩირეში [Качарава Д. 1973:29], ძევრში [ფუთურიძე რ. 1959:74], წებელდაში [Воронов Ю. и др. 1970:183], სოხუმში [Трапш М. 1974:339], სტირფაზში [Техов Б. 1985:ტაბ.49,71,78,82], გველეთის სამაროვანზე [მინდორაშვილი დ. 2005:ტაბ. XIV] და სხვ. როგორც უკვე ითქვა, მსხლისებურკორპუსიანი კერამიკის სიმრავლით ხასიათდება ღვანკითის მოსაზღვრე, ზემო იმერეთის არქეოლოგიური ძეგლები, სადაც ისინი გვხვდება მოდინახეზე [ნადირაძე ჯ. 1975:46-96],  რგანის სამაროვანზე [ბრაგვაძე ზ. 2000:118-120], წინსოფლის ციხეზე, ჯიეთში (მასალები ინახება ხელოვნების მუზეუმის არქეოლოგიის ფონდში) და IV-VI საუკუნეებით თარიღდება. მსხლისებურკორპუსიანი დოქები აღმოჩენილია საქართველოს ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, ისინი მოიპოვება სომხეთში, გარნის სამაროვანზე [Хачатриан Ж. 1976:ტაბ.V] და ჩრდილოეთ კავკასიაში [Уварова П. 1900:39-46]. გარნის მსხლისებურკორპუსიანი დოქების დათარიღებისათვის ჟ. ხაჩატრიანი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს სწორედ საქართველოში აღმოჩენილ (ურბნისი) დოქებს [Хачатриан Ж.1976:48]. შეიძლება არც გამოირიცხებოდეს მსხლისებურკორპუსიანი კერამიკის ქართულ წარმომავლობა და მათი ექსპორტი მეზობელ რეგიონებში (სომხეთი, ჩრდილოეთ კავკასია). მ.სინაურიძე აღნიშნავდა, რომ მსხლისებურკორპუსიანი კერამიკა დამახასიათებელი მოვლენაა ადრე შუა საუკუნეების საწყისი (IV_VII) საუკუნეებისათვის [სინაურიძე მ. 1966:65]. ამ ქრონოლოგიური შკალის ზედა თარიღს ვ. ჯაფარიძის მიხედვით მიეკუთვნება ვაშნარის, ციხისძირის, წებელდისა და ვარდციხის დოქები [ჯაფარიძე ვ. 1989:80]. ღვანკითში აღმოჩენილი მსგავსი ნიმუშები ფორმის, კეცისა და ფაქტურის მიხედვით V-VI საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. ანალოგიური პერიოდითვე განისაზღვრება მეორე კერამიკული ჯგუფის (შედარებით უხეში თიხისგან დამზადებული დოქების) თარიღიც. მათ შესახებ ზოგადად შეიძლება აღვნიშნოთ, რომ დამზადებულია საკმაოდ უხეში თიხისაგან, ქარსისა და კვარცის მაღალი პროცენტული შემცველობით და ადვილად შლადია. ამ თიხის ჭურჭლების ნიშან-თვისებები ზოგადად დამახასიათებელია გვიანანტიკური-ადრე შუა საუკუნეების თუნის ნაწარმისათვის. აღნიშნულია, რომ ამ პერიოდის თიხის ჭურჭლები დამზადებულია თითქმის განულექავი, ან ცუდად განლექილი უხეში თიხისაგან. თიხა მარცვლოვანია და ხასიათდება ქარსის მაღალი პროცენტული შემცველობით. დამაკმაყოფილებელი არ არის არც გამოწვის ტექნოლოგიური დონე. გამოწვის ხარისხი სუსტია, რის გამოც ჭურჭლები ადვილად შლადი და აღდგენის უუნაროა. თიხის ჭურჭლები ძირითადად მოწითალო-მოაგურისფროა, ზოგჯერ - გაშავებულიც, კეცი უმეტესწილად მოყავისფრო, ან მოწითალოა და ნაწარმის უმეტესობა სკელკეციანობით ხასიათდება [ბრაგვაძე ზ. 1997:20]. ანალოგიური ნიშან-თვისებები ახასიათებს ღვანკითის I ფენის მეორე ჯგუფის თუნის ნაწარმსაც. ამრიგად, არაერთი პარალელის გათვალისწინებით, ღვანკითის I ფენის თიხის ჭურჭლების თარიღი V-VI საუკუნეებს მოიცავს. შემოთავაზებულ თარიღს გარკვეულწილად მხარს უჭერს ამავე ფენაში აღმოჩენილი ორი არტეფაქტიც. ესენია შურდულის ქვა (ტაბ.II,8) და საბეჭდავის ნატეხი (სურ. 1). მსგავსი შურდულის ქვები საქართველოს ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლებიდან ჩვენთვის ცნობილია ურბნისის ნაქალაქარის ზედა ფენის მასალიდან [ჭილაშვილი ლ. 1964:ტაბ.XIV]. შურდულის ქვის აღმოჩენის ფაქტმა თავისთავად გააჩინა კითხვა, რას უნდა მიეწეროს მისი დადასტურება ღვანკითის ეკლესიასთან. კატეგორიული მსჯელობისა და შორს მიმავალი დასკვნების გამოტანისაგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ. თუმცა, ერთს კი აღვნიშნავთ, რომ არ გამოვრიცხავთ რაღაც მცირე საომარ მოქმედებებს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ირანის ჯარის უტყუარ ყოფნას ამ ტერიტორიებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვან აღმოჩენად გვესახება საბეჭდავის ფრაგმენტი, რომელიც დამზადებულია აგატის ქვისგან და როგორც ჩანს, ჰქონდა ელიფსური ფორმა (სურ. 1). ზუსტად ანალოგიური საბეჭდავი აღმოჩენილა ამავე სოფელში და იგი აწ განსვენებულ ფილოსოფოსს, ღვანკითის მკვიდრს გივი მარუაშვილს 1956 წელს ს.ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმისთვის ჩაუბარებია.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

სამწუხაროდ, ნივთის აღმოჩენის ზუსტი ადგილი ჩვენთვის უცნობია. ეს ნივთი შეისწავლა მ. წოწელიამ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი წარმოადგენს სასანური ეპოქის ნიმუშს, რომლის სიუჟეტის ზუსტი ანალოგი ცნობილი არ არის და ზოგადად მიეკუთვნება V-VII საუკუნეებს [თსოტსელია M. 2002:121-123]. ჩვენს მიერ აღმოჩენილ ნიმუშზე აშკარად განირჩევა წარწერის ფრაგმენტი, რომელიც, ბუნებრივია, ცალკე კვლევას საჭიროებს. ამჟამად კი შეიძლება აღინიშნოს, რომ საბეჭდავი სასანური წარმომავლობის ნივთია და  იგი კიდევ უფრო ამაგრებს ჩვენს მიერ გამოთქმულ ვარაუდს ღვანკითის ეკლესიის მშენებლობის პერიპეტიებთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ღვანკითის I ფენის თარიღად V-VI, უფრო კი VI საუკუნის პირველ მეოთხედს მივიჩნევთ და მას ნაგებობის თანადროულად განვიხილავთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაგებობის ჩრდილოეთ კედელთან გაკეთებული სტრატიგრაფიული ჭრილის მიხედვით, II ფენის სიმაღლე კი 40-50 სმ-ს აღწევდა და განფენილი იყო კედლის გასწვრივ. იგი ხასიათებოდა მოშავო ფერის, ბათქაშებნარევი მიწით და I ფენისგან იმიჯნებოდა დაახლოებით 20-25 სმ-ის სისქის სტერილური შრით (ტაბ. I,2). არქეოლოგიური მასალა მხოლოდ თუნის ნაწარმით, სასუფრე ჭურჭლებითაა წარმოდგენილი. დასტურდება დოქები, რომლებიც შემორჩენილია პირის, ყელისა (ტაბ.III) და ქუსლიანი ძირების სახით (ტაბ. III), და ზოომორფული და სადა ყურების ფრაგმენტები (ტაბ.III). ჭურჭლები დამზადებულია მოშავო-მორუხო ფერის, განლექილი თიხისაგან, ქარსის მცირე მინარევებით. ყურის ორი ზოომორფული და ერთი სადა ფრაგმენტისთვის კი დამახასიათებელია მოაგურისფრო თიხა. II ფენის არქეოლოგიური ნაწარმის დათარიღებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ზოომორფულ ყურებსა და ქუსლიანი დოქის ფრაგმენტებს. Mმსგავსი არქეოლოგიური მასალა უხვად არის გამოვლენილი დასავლეთ საქართველოს ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის ძეგლებზე. ღვანკითის მონაპოვარი ანალოგიურია საირხის საბადურის გორა I [ნადირაძე ჯ. 1990:8-10], მოდინახე II [ნადირაძე ჯ. 1975:16-20], რგანის ნამოსახლარის [მახარაძე გ. 2000:17-31] ფენებში მიკვლეული არქეოლოგიური მასალისა. Aანალოგიური თუნის ნაწარმი დიდი რაოდენობით გვხვდება კოლხეთის ცენტრალურ და ზღვისპირა ზოლშიც. შეგვეძლო დაგვესახელებინა ისეთი ცნობილი ძეგლები როგორებიცაა: მთისძირი [გამყრელიძე გ. 1982:45], ურეკი, ნიგვზიანი [მიქელაძე თ. 1985:ტაბ. XXIII_XXVI], დაბლაგომი [თოლორდავა ვ. 1977:79], ნოსირი, მუხურჩა [Гогадзе Е. 1984:52-53], ფიჩორი [Барамидзе М. 1990:237-238], ვანი [Толордава В. 1990:261], ნამჭედური [Микеладзе Т., Хахутаишвили Д. 1985:23-27] და სხვ., სადაც გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის უდიდეს ნაწილს შეადგენს სწორედ ღვანკითის II ფენისთვის დამახასიათებელი კერამიკა და ამ ძეგლების თარიღი ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით განისაზღვრება. როგორც ვხედავთ, ღვანკითის II ფენის ნაწარმი საკმაოდ პოპულარულია წინარე ანტიკური ხანის კოლხეთში და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ისინი კოლხური კერამიკის წამყვანი ფორმები და სახეობებია. ასე რომ, ღვანკითის აღმოჩენებმა კიდევ უფრო გაამყარა შეხედულება ამ პერიოდის კოლხეთში ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების კულტურული ფენების გავრცელების ინტენსივობის შესახებ.