topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

მ.ქებულაძე - ჯრუჭის მონასტრის არქიტექტურულ ნაგებობათა ისტორიისათვის

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე... <<<საჩხერეს რაიონის ისტორიული ძეგლები>>>


ფოტოების ავტორი: მწერალი, ჯრუჭის მონასტრის ისტორიის მკვლევარი – გივი ჩიღვინაძე.

ჯრუჭის მონასტრის არქიტექტურულ ნაგებობათა ისტორიისათვის

მაია ქებულაძე

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები, კრებული XXI, ქუთაისის, 2011, გვ.113-119

1991 წელს საქართველოში მომხდარმა მიწისძვრამ შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე, დააზიანა ბევრი შენობა, ზოგი კი ერთიანად დაანგრია. სამწუხაროდ, სწორედ ეს ბედი ეწია ზემო იმერეთისა და რაჭის საზღვარზე მდებარე ჯრუჭის მონასტერს. უდიდესი წარსულის მქონე ძეგლის მძიმე ხვედრმა კიდევ უფრო აუცილებელი გახადა მისი ისტორიის გამოკვლევა. ჯრუჭის მონასტერი ეპიგრაფიკული წყაროების მონაცემებით XI საუკუნეშია აგებული [7, გვ.:139,156-157]. მის პირვანდელ არქიტექტურულ სახეზე მონაცემებს, სამწუხაროდ, ვერსად მივაკვლიეთ. რა ცვლილებები განიცადა ძეგლმა XIX საუკუნეში, ვინ იყო ხუროთმოძღვრად მოწვეული, როგორი გადაწყვეტა დაედო საფუძვლად რეკონსტრუქცია-რესტავრაციის პრინციპებს, - ჩვენთვის უცნობია. მიუხედავად ამისა, იმ ისტორიული საბუთების მიკვლევა და შესწავლა, რომლებიც ჯრუჭის მონასტრის არქიტექტურულ ნაგებობათა ბედზე მოგვითხრობს, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვლევოვანია. ამ ერთი ძეგლის ხვედრი ზუსტად ასახავს იმ ქვეყნისა და ხალხის ისტორიას, რომელიც, საუბედუროდ, რუსულმა ჩექმამ გადათელა და დიდი ხნით დაიპყრო. მდინარე ჯრუჭულას ხეობაში, თამაზასერის კალთაზე, სამი მდინარის: ჯრუჭულას, წყალფენილასა და ფასკნარას შორის მოქცეულ გორაკზე იდგა ჯრუჭის მონასტერი. XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში სარესტავრაციო-სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის არქივის №86-ე საქაღალდეში ჩვენ მივაკვლიეთ ჯრუჭის მონასტრის  იმდროისათვის გამოუქვეყნებელ აღწერას გ.ბოჭორიძის ავტორობით. არც ისე დიდი ხნის შემდეგ წიგნად გამოიცა გ.ბოჭორიძის ”იმერეთის ისტორიული ძეგლები", რომელშიც შესულია №86-ე საქაღალდის მასალები. ჩვენ მოგვაქვს ამონარიდი ამ შესანიშნავი წიგნიდან: ”ჯრუჭის მონასტრის ეკლესია გუმბათიანი ბაზილიკაა (თავდაპირველად ეკლესია უგუმბათო შენობა უნდა ყოფილიყო და შემდეგ ხანში გადააკეთებდნენ გუმბათიანად, ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ გუმბათის 3/4 ნაწილი საკურთხევლის ფარგალშია მოქცეული, რაც ძლიერ იშვიათია გუმბათიან შენობათა ხუროთმოძღვრებაში) 16×13 არშინი (დაახლ.), ნაშენი თლილი ქვისა და კირისაგან, ხურავს სპილენძის ფურცელი. შიგნით გალესილია კირით. სამხრეთის და ჩრდილოეთის სამხროები ეკლესიას ორსართულიანი აქვს, აქ გამართულია სამი სამწირველო: სამხრეთისაში 2 - ძირს და მაღლა; ჩრდილოეთისაში 1 - ძირს; მაღლა სამალავი არის. ეკლესიის თაღი და გუმბათი დაბჯენილია ოთხ სვეტზე (ნაპირებით); იგი შიგნით მრგვალია, გარეთ - წახნაგოვანი. კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთის ნაწილი, შიგნით, საკურთხეველს მომრგვალებული აქვს, ხოლო გვერდის ნაწილები კი - ოთხკუთხი; პირველს კედელთან აქვს სამღვდელმთავრო და სხვა საჯდომები. ტრაპეზი საკურთხევლის შუაში დგას; მას დასავლეთის მხარეს აქვს შესანიშნავი ჩუქურთმიანი ქვა, რომლის გულშიაც გამოქანდაკებულია წმ.ბასილი და წმ.ნიკოლოზი წარწერით.

სამკვეთლო თახჩაშია გამრთული.

გარეთ ეკლესია საკმარისად არის შემკული:

აღმოსავლეთის მხარეს აქვს ქვაზე გამოქანდაკებული სახეები წმინდანთა, სულ რვა ასეთი ქვა; სარკმლებსა (სამს) გარშემო ჩუქურთმა აქვს შემოვლებული.

სამხრეთის მხარეს (ორ სარკმელს შუა) გამოსახულია ჯვარი და ორი პირი (ჯვართამაღლება?).

დასავლეთის მხარეს - კარის მარჯვნივ წმ.გიორგი და წმ.დემეტრე ცხენზე, პირველის ქვეშ დეოკლეტიანე, მეორის ქვეშ - ვეშაპი; მათ მარცხნივ ვინმე პირია საცეცხლურით ხელში; კარის მარცნივ - ჯვარი (1 ქვაზე) და ორი პირი (2 ქვაზე), ერთი მათგანი შუბით და ფარით; შემდეგ (მარცხნივ) ისევ წმ.გიორგი და წმ.დემეტრე და მათ მარჯვნივ ვინმე პირი ხელაბპყრობილი (1 ქვაზე). დასავლეთის მხარის გამოსახულობანი წმ.გიორგისა და წმ.დემეტრესი (კარის მარჯვნივ და მარცხნივ) ტლანქი ნამუშევარია და ისინი ეკლესიის გადაკეთების დროს უნდა ეკუთვნოდენ, ხოლო დანარჩენი (დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი) - ეკლესიის აშენების ხანას."****(ი.წერეთლის აღწერა).

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულია 1923 წელს შედგენილი საანკეტო ფურცელი, რომელიც ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტრის შესახებ ასეთ მონაცემებს გვაწვდის: ”შენობა - ქვის, სართული - ერთი, სხვენი - ორი, კამარა - ორი, სვეტები - ოთხი; სარკმელთა რაოდენობა - შვიდი; სარკმელს რკინის საფარი აქვს; რკინის კარი - ერთი, იატაკი ქვის; გუმბათი დახურულია სპილენძით, ტაძრის გარეკედლები - ქვის. სამრეკლო: მასალა - ქვის, სართული - სამი, ზარი - ოთხი; სამრეკლოს ქვემოთ საცხოვრებელი ბინა არის, საწიგნებელი - ხის... ტაძრის შენობა საყურადღებოა ჩუქურთმებითა და წარწერებით[11]. ვახტანგ ბერიძის  წიგნს - ”XVI-XVII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება"- ბოლოში ერთვის სამგვერდიანი დამატება, სადაც ავტორი ჯრუჭის მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიას გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ გაკვრით ეხება და აღნიშნავს: ”საგანგებო შესწავლას მოითხოვს ჯრუჭის ეკლესია (იმერეთი, საჩხერის რაიონი, მდ.ჯრუჭულის ხეობა). ძალიან რთული შენობაა, დიდად გადაკეთებული გუმბათიც კი შემდეგ დამატებულს ჰგავს, ბევრი რამ გადაკეთებათა წყალობით, შეუთანხმებელი და შეუსაბამოა. აშკარაა XIXს-ის შეკეთებათა კვალიც. ჯრუჭში დარჩენილია ძველი ფრაგმენტებიც, არის უეჭველად გვიანდელი ორნამენტაცია (კარ-სარკმელთა საპირეებისა), რომელშიც უცხოური (ევროპული) სახეების შემოჟონვაც შეინიშნება, არის რელიეფები, წარწერები... მონასტერს რთული და საინტერესო თავგადასავალი ჰქონდა. მისი ფენების დადგენა და დათარიღება ხანგრძლივსა და დაწვრილებით კვლევას მოითხოვს, საჭიროა შურფები, საარქივო მასალის გამოძიება. ამ წიგნის ისედაც გაზრდილი მოცულობა საშუალებას არ მაძლევს, რომ ამ ძეგლს საგანგებო ადგილი დავუთმოთ"[1, გვ.208]. ჯრუჭის მონასტერი XVIII საუკუნის II ნახევრისათავის თითქმის გავერანებული იყო [1,გვ.156]; ”ტაძრის გუმბათი დახურული ყოფილა ყავრით, საიდანაც თავისუფლად ჩადოდა წყალი. იატაკი უბრალო ფიცრებისა, ეზო - შემოუკავებელი. ბერები ცხოვრობდნენ ქოხებში. მხოლოდ ღვინის სარდაფი იყო ხელუხლებლად დაცული. მონასტერს გარს ერტყა დაბურული ტყე" [23გვ.4; 24, გვ.499]. ჯრუჭის მონასტრის აღმშენებლობა დაკავშირებულია ზურაბ სახლთუხუცესის შვილთან - დავით (წერეთელი) მიტროპოლიტთან (დავით მიტროპოლიტის მოღვაწეობის ასპექტებს, ჯრუჭის მონასტრის აღდგენის თარიღსა თუ სხვა საკითხებს ჩვენ შევეხეთ გამოკვლევაში ”ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრები"[10, გვ.:52]) იგი 32 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ჯრუჭში და მონასტრის არე-მარე ”პატარა ქალაქს" დაამსგავსა [4; 8,გვ.144]. ქუთაისის სახელმწიფო ცენტრალურ არქივში დაცულია საბუთი[13], სადაც აღნუსხულია ”რაოდენი აღმიშენებია და გამიკეთებია მე დავით მიტროპოლიტს შემდეგ მიღებისა ჯრუჭის მონასტრის გამგებლობისა ჩყდ-ს წლიდგან ჩყმვს წლამდე:

შთამოვავლე ამა მონასტერსა ირგვლივ ქვთკირის გალავანი;

აღვაშენე სამრეკლო ქვითკირისა;

აღვაშენე საწინამძრვრო სახლი ერთი ატაჟა ქვითკირისა; შიგნით არის სამი ოთახი ჩინებულათ მორთული, ძირს არს დაფენილი ფიცრითა და არს მაღლა ლამფა მიკრული, ფანჯრებითა და ბუხრებით გაწყობილი, ზედ ადგას ორი ოთახი ხისა, გარს ავლია აივანი ხისა. ძირს არს დაფენილი ფიცრითა, ლამფა მიკრული. ოთახები არიან მორთულნი კარგის მებელით და არს გადაჭედილი ყავრითა.

საწინამძღვრო სახლის წინ აღვაშენე სალარო ხისა, ყავრით გადაჭედილი არის.

აღვაშენე მარანი ქვითკირისა, შიგნით მარანში არის ოცამდე დიდი და პატარა ქვევერები. ზედ არს დაშენებული დიდი აივანი ხისა სტუმართა და ძმებთათვის შესაკრებელად და დგას სენაკები ბერებისა, მაღლა არს დახურვილი კრამიტითა.

დავარღვიეთ ხისა და მასვე ადგილზედ აღვაშენე ოდა ქვითკირისა, ქვედა ატაჟასი არს ორი ოთახი გაწყობილი ფანჯრებითა და ბუხრებითა და არს ლამფა მიკრული, ეგრეთვე ზედა ატაჟასი არს ორი ჩინებული ოთახი იმგვერდივ აივნიანი ხისა, ძირს არს დაფენილი ფიცრითა და მაღლა არს ლამფა მიკრული, ოთახები არიან გაწყობილი ფანჯრებითა და ბუხრითა და არს კრამიტით გადახურვილი.

აღვაშენე ერთი ოთახი ქვითკირისა ერთი ატაჟა, ძირს არს დაფენილი ანგურითა და მაღლა ლამფა აქვს მიკრული. მაღლა ადგია სალარო ხისა და არს დახურუვილი კრამიტითა, ოთხი არს გაწყობილი ფანჯრებითა და ბუხრითა.


გალავანს გარეთ აღვაშენე პალატი ქვითკირისა შესაკრებელთა ძმათა, რომელიც არს გაწყობილი ფანჯრებითა და ბუხრებითა, ლამფა მიკრული. წინ აქვს აივანი ხისა და არს გადახურვილი კრმიტით, ქვეშ აქვს ერთი ოთახი კარგად გაწყობილი.

აღვაშენე თავლა ქვითკირისა ერთი ატაჟა სიმაღლითა, მაღლა ლამფა აქვს მიკრული და არს ადლნახევარი სიგრძითა და შვიდი ადლი სიგანითა. ზედ არს დაშენებული ორი ოთახი ხისა. იმგვერდივ აქვს აივანი ხისა, ძირს არს დაფენილი ფიცრითა და არს ლამფა მიკრული და არს კრამიტით გადახურვილი.

აღვაშენე აბანო ქვითკირისა და ზედ დავდგი სასიმიდე, არის გადაჭედილი ყავრითა.

აღვაშენე დიდი ბეღელი ხისა, ქვითკირისა საფუძველზედ არს დაშენებული და აქვს წინ აივინი თვისის სალაროთი.

აღვაშენე ორი ახალი სენაკი ხისა თავისის აივნითა და სალაროებითა, ქვითკირის საფუძველზედ არის დაშენებული და არს გადაჭედილი ყავრითა.

მოვიყვანე დიდის შრომით სამის ვერსტიდგან წყალი მილებითა და გამოდის მახლობელად აბანოსა. აღვაშენე მახლობლად მონასტრისა დიდი ზვარი და მასვე ზვარში მარანი ხისა. მარანში არის ორი დიდი საწნახელი ხისა;

გაღმით ნახევარს ვერსტზედ მოსალოცავზედ დავდგი ერთი ბეღელი ხისა, ორი ბოსელი ხისა და ერთი საბძელი ხისა. დავდგი მოსალოცავზედ ზვარში მარანი ხისა და არს მარანში ორი საწნახელი ხისა დიდროვანნი.

მეორე მხარეზედ ცხომარეთს აღვაშენე სახლი ორი ოთახიანი, ყავრით გადაჭედილი არის. მუნვე აღვაშენე ერთი ახალი ხის ბოსელი, ერთი ახალი ხის საბძელი, ერთი ბეღელი, ერთი სახაბაზო. აღვაშენე ვენახი და მას შინა ახალი მარანი და არს მარანში ორი საწნახელი უნცროს უმფროსი ხისა.

ერთი ხის ეკლესია ყდწ-ის ღვთისმშობლისა."

ამავე პერიოდში გაუკეთებიათ ”მონასტრის ზღუდის მახლოლად დიდი აუზი, რომელშიაც ჩადიოდა მშვენიერი ცივი წყალი"[23, გვ.4]. 1861 წლის საბუთი[14] ჯრუჭის მონასტრის ნაგებობების შესახებ შემდეგ მონაცემებს გვაწვდის:

”საარქიმანდრიტო სახლი ორ ეტაჟიანი, ძირს ქვითკირისა, ერთი ზალად, ორი ოთახი ხისა პოლით დაგებული თავისის დიდის სალაროთი, რომელიც არის სალარო ხისა და მეორე ატაჟა სამი ფიცრისა, რომელსაც სალარო აქვს მორჩილი ხისა და კრამიტით დახურული. რომელსაც უწოდებთ ოდას ქვიტკირისა, არის ორ ატაჟიანი, ძირს ერთი ზალა და ერთი ოთახი და მეორე ატაჟა ერთი ზალა და ერთი ოთახი, ორნივე პოლი დაგებული ანგურისა, კრამიტით დახურული თავისის აივნით. რომელსაც ეწოდების ახალი სახლი ქვითკირისა ორ ატაჟიანი, არის უხმარი და მეორე ატაჟა ორი ოთახი ქვიტკირით შეკრული ზეითვე, პოლი დაგებული ანგურისა კრამიტით დახურული. მარანი ქვიტკირისა და ზეიდან ადგია ორი საბერო სენაკი, ხისა თვისის მორჩილის სალაროებითა და კრამიტით დახურული. თავლა ქვიტკირისა და მეორე ატაჟა ორი სრული ოთახი ფიცრისა, კრამიტით დახურული, პოლი აქვს ანგურისა. საკრებულო ქვითკირისა ორ ატაჟიანი თითო თვალი კრამიტით დახურული; სამზარეულო და სახაბაზო ქვიტკირისა, რომელიც არის ერთად შეერთებული, საბერო სენაკი კრამიტით დახურული, პალატი აქვს უხმარი. კიბეს ქვეშ ოთახი ქვიტკირისა, ზევით აქვს ხის კრამიტით დახურული და პოლი ანგურისა. საბერო სენაკი ქვიტკირისა, ერთი ოთახი აქვს ხისა და პალატი აქვს ორ ოთახად, რომელიც ყოფილა აბანოთ და დღეს არის სენაკი, პოლი აქვს ანგურისა, კრამიტით დახურული. ერთი თვალი მცირე სენაკი ხის თვისის სალაროთი, პოლი აქვს ანგურისა და დახურული საშვალ კრამიტით და საშვალ ფიცრითა. ორი ხის სენაკები, ერთი კრამიტით დახურული და მეორე ფიცრით, პოლი არა აქვს და არაცა სალარო. ორი ბეღელი, ერთი დიდი და მეორე საშუალო კრამიტით დახურული და პალატი აქვს ქვიტკირისა. ერთი სასიმიდე ორთვალიანი, კრამიტით დახურული. ერთი ძელული სახლი, პირუტყვის საზამთრო სადგომი, ფიცრით დახურული; ერთი ძელული ხის, თხების სამწყვრები და მეორე სადგომი".


1860 წლის მონაცემებით ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტერი ”გულბათიანია, სპილენძით დახურული, სამის ეკვდრით: იოანე ნათლისმცემლისა, იოანე მახარებელისა და გრიგოლ ღვთისმეტყველისა"[15]. ჯრუჭის მონასტერი, რომელიც თავის დროზე ასე ააყვავა დავით მიტროპოლიტმა, არც ისე დიდი ხნის შემდეგ დაცემის გზას დაადგა. ეს მოსალოდნელიც იყო. თავისუფლებადაკარგულ ქვეყანაში ყველაფერი წმინდა და ეროვნული განწირულის ბედითაა დაღდასმული. 1875 წლის 18 დეკემბრისათვის ჯრუჭის მონასტერი ასეთ დღეშია: ”შენობათა ზედა თავისუფლად ჩამოდის წვიმა და არიან დიდ დაცემულს მდგომარეობაში... სასწრაფო შეკეთებას მოითხოვენ მონასტერი და მონასტრის საკუთვნელი შენობანი"[16]. 1881 წელს ჯრუჭიდან იმერეთის ეპარქიაში ამგვარი შინაარსის მიმართვა[17] გაიგზავნა: ”მონასტრის ეკლესიის გვერდზედ ჩრდილოეთის მხრით მიდგმულია ერთი ატაჟა ქვის შენობა მარანი. სიმაღლე ამ შენობისა ეთანასწორების ეკლესიის გალავანს და სიგრძე აქვს თანასწორ ეკლესიის კედლის შენობისა. ამ შენობაზედ ზევით გარდადგმულია ერთი ატაჟა ხის შენობა დასავლეთის მხრით, ოთხი მცირე ოთახები და აღმოსავლეთით საზაფხულო და კრებულთა საჭამის დასაჯდომელი ჩალდახი, მთელი შენობის ბურულის შენობის სივრცე შეიცავს სიგრძით ოცდაოთხი არშინნახევარს და სიმაღლე თორმეტ არშინს. ეს შენობა არის დავით მიტროპოლიტის დროში კრამიტით დახურვილი და სიძველის გამო დამტვრეული, რომელშიც ყოველგან ჩამოდის წვიმა. ქვეშ ხის შენობების საძირკვლები საშიშრო მდგომარეობაშია, თუ როდის ჩაიქცევა. ამის სახურავი საწინამძღვრო სახლზედ უფრო ხარჯს მდომობს და როგორც ვხედავ საუნჯობესოთ ვრაცხ ეს შენობა-მარანი მიწით აიმსოს თანასწორ გალავნისა, რომელიც იქნება მონასტრისათვის დიდი სარგებლობა, რადგან ძველი დრო და მამულის შემოსავლის წყარო არა გვაქვს და რაც საჭიროა ჭურ-მარანი საკმაოდ გვაქვს და მეტიც და აგრეთვე სახვა შენობანიც, რომლის მოვლა საძნელოა აწმყოს დროისათვის, როგორც ზემორე მოგახსენეთ, ანუ სრულად მოიშალოს, ანუ ისევ გარადაიხუროს". გაქურდვის მიზნით, 1913 წლის 21 სექტემბერს ჯრუჭის მონასტერში ყაჩაღებმა ხანძარი გააჩაღეს და დაიწვა მუხის საბძელი[18]. 1917 წლის 18 აპრილისათის ჯრუჭის მონასტრის შენობები ”ძალზე უყურადღებოდაა მიტოვებული. ზოგში წვიმა ჩამოდის, ზოგი წაქცევას ლამობს, ზოგი ინგრევა. რამდენიმე შენობა საღორეთა და თავლად არის გადაქცეული. ეს შენობები ნაკელითა და ნაგვით არის სავსე... კაცი არ არის, რომ ეს უკვდავება: შენობანი და საერთოდ, ირგვლივ ყველაფერი თავისი ყურადღების ღირსად გახადოს. რაც ბუნებასა და წარსულ საუკუნეთ შეუქმნიათ, დღეს უპატრონობითა და უადამიანოდ ინგრევა და ვერანდება. დანგრეულ-დატოვებულია თვით უმთავრესი ტაძრის მარჯვენა ფასადი (აღმოსავლეთის), სახურავიც და წვიმა-ქარის მსხვერპლი ხდება[19]. 1917 წლის 1 ივლისს მონასტრის წინამძღვარმა პავლემ იმერეთის ეპარქიის დროებით სასულიერო აღმასრულებელ კომიტეტს ასეთი შინაარსის მიმართვა გაუგზავნა: ”საწინამძღვრო სახლი, ძმათა კელიები, ძვირფასი სამონასტრო ბეღლები, სასიმინდე, თავლები, საბძელი და სხვა წვრილი შენობანი არიან დახურვილი ყველა კრამიტით, რომელთაც შემდეგ მიტროპოლიტისა არავითარი შეკეთება არ ჰქონია. ხავსს გადაუვლია სახურავებზე, დამპალა გადასაკიდები და ლარტყები, ჩამტვრეულია ალაგ-ალაგ სახურავები, ყველაში ჩადის წყალი ყოველი გაავდრებისას და ხთებიან იმისთანა ძვირფასი შენობანი"[20]. 1918 წლის 20 აგვისტოს იმერეთის მიტროპოლიტს - ანტონ ქუთათელს მოხსენებითი ბარათით მიმართა იმერეთის ეპარქიის სამიტროპოლიტო საბჭოს წევრმა - სიმონ ამირეჯიბმა. ეს საბუთი[21] ნათელყოფს, თუ როგორ აისახება სულიერ ფასეულობებზე ქვეყნის პოლიტიკური არეულობა: ”ჯრუჭის მონასტრის მოხსენების შესახებ, იმა მონასტრის გაჭირვებულ ნივთიერ მდგომარეობაზე მოვახსენებ თქვენ მაღალ-ყოვლად უსამღვდელოესობას, რომ ამჟამად აღძვრა რაიმე შუამდგომლობის მთავრობის წინაშე არქიმანდრიტ პავლეს მოხსენების შინაარსის მიხედვით, სამწუხაროდ, ყოვლად უხერხული და შეუძლებელია, ვინაიდგან ეხლანდელი გამწვავებული მდგომარეობა საჩხერის რაიონში მომხდარ არევ-დარევის გამო, რომლის ფარგლებშიდაც იმყოფება ხსენებული მონასტერი, ყველამ კარგათ უწყის და ამნაირ დროს, როდესაც მთავრობის მთელი ყურადღება და ღონისძიება უპირველეს ყოვლისა მიმართულია ამ არეულობის ჩაქრობისა და ადგილობრივ ცხოვრების ჩვეულებრივ კალაპოტში ჩაგდებისაკენ, ლაპარაკი მასთან მონასტრის ინტერესების დაცვისათვის ზედმეტია. ამისათვის არქიმანდრიტ პავლეს მიერ აღძრული საკითხი დროებით შეჩერებული უნდა იქმნას და დარჩეს ღიათ მანამდი, სანამ მისთვის არ დადგება შესაფერისი დრო". ეს ”შესაფერისი დრო" ჯრუჭის მონასტერს აღარ დაუდგა. 1920 წელს არქიმანდრიტი პავლე მიტროპოლიტ ნაზარს წერდა: ”პატივი მაქვს მოვახსენო თქვენს მაღალ უსამღვდელოესობას, რომ ამ ერთი თვის წინათ ამოვარდა დიდი ქარი და გადახადა ჩემდამო რწმუნებულ ჯრუჭის მონასტრის ეკლესიის ორი გვერდის სახურავი, რომელიც მოითხივს საჩქაროდ შეკეთებას და ამა შეკეთებისათვის მონასტერს ფულის სახით არა აქვს საშუალება არავითარი. ამისათვის სიმდაბლით მოგახსენებთ, მონასტერში არის განსვენებულ მონაზონ იასონისაგან დანარჩი საღორე, რომელზედაც არის მიდგმული პატარა ბოსელი ძროხის დასაბმელი, კრამიტით შეხურვილი. თქვენი ნებართვით იქმნეს გასყიდული და ამით შეკეთდება ზემოხსენებული ეკლესიის სახურავი"[22]. 1925 წელს საქართველოს საისტორიო - საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ დაადგინა: ”გაეგზავნოს სიძველეთა დაცვის სამაზრო კომისიას ქ. ჭიათურაში (ინსპექტორ სამუელ მარგველაშვილს) ჯრუჭის მონასტრის ეკლესიის სახურავის შესაკეთებლად 50 მანეთი"[12]. ამ დროისათვის ათესტური საბჭოთა ხელისუფლების ”ზრუნვის" შედეგად ჯრუჭის მონასტერი, როგორც სულიერების ტაძარი, აღარ ფუნქციონირებდა. 1991 წლის 29 მაისით დათარიღებული გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა" იუწყება, რომ XX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ”მოხსნეს მონასტრის გალავანში შესასვლელი დიდი ურთხელის წითელი კარები, ამ კარებების ორი ოთკუთხა მუხის ურდული, სადარაჯო ჯიხურს გადახადეს სახურავი, დაანგრიეს გარეთ მუხის ბეღლები, მოხსნეს გარეთა ნაგებობებს ჭერი და იატაკი. ყველა ეს მასალა გამოიყენეს კოლექტივის კანტორების ასაგებად. მონასტრის გალავანში ამოთხარეს ”ჩასავალი ჭურები" და გაუყენეს გზას. ეკლესიასა და მის ეზოში არაერთხელ გადათხარეს საფლავები გაძარცვის მიზნით... 1968 წლის ზაფხულში დაიწყეს ”ძეგლის შეკეთება"... მაგრამ არათუ შეაკეთეს, პირიქით, იავარქმნეს: ჩამოხსნეს 450 მ2 მარადიული სპილენძი და საარყე ქვაბებად დაყიდეს(არსებობს მჭედელთან მაგნიტოფონზე ჩანაწერებიც), მის მაგივრად კი უდღეური თუნუქი დაახურეს, რომელიც მერე აღარ შეღებეს, სულ მალე ჟანგმა დახვრიტა, და იწყო წყალმა დენა[6]. ძეგლის გულშემატკივარი ადამიანები ლეგალურად თუ არა ლეგალურად იღწვოდნენ ჯრუჭის მონასტრის გადასარჩენად. ბეჟან, ნოდარ და შოთა სივსივაძეების მიერ გავრცელდა წიგნაკები ”ძეგლები ჩივიან". მათ მიმართეს დიდ მამულიშვილებს: კ.გამსახურდიას, ლ.გოთუას, ნ.კეცხოველსა და სხვებს, რომლებმაც მწვავედ დააყენეს საკითხი კულტურის სამინისტროს პრეზიდიუმის სხდომაზე. გამოიყო კულტურის სამინისტროს კომისია, მაგრამ...[5] 1990 წლის გაზეთ ”ახალგაზრდა ივერიელის" პუბლიკაციის მიხედვით, ”ტაძარში უსუფთაობა და სიბინძურეა. წვიმის წვეთებს გაუჟონავთ კედლებში და ირგვლივ სველი ბათქაშის სუნი ტრიალებს, ტაძარში უწესრიგოდაა მიყრილი სამშენებლო მასალა, კაცს ეგონება ათსწლოვანი გუმბათოვანი ტაძარი საწყობად გამოუყენებიათო. კომპლექსის გალავანიც საფუძვლიანადაა ჩამორღვეული და მნახველზე მეტად სავალალო შთაბეჭდილებას ტოვებს[9]. 1991 წელი საქართველოსათვის მრავალი თვალსაზრისით უმძიმესი აღმოჩნდა. დიდი განსაცდელი სტიქიური უბედურებით დაიწყო. ჯრუჭის მონასტერი ვერ გადაურჩა ბუნების მრისხანებას. მიწისძვრით დანგრეული მონასტრის აღსადგენად 1991 წელს ივერთბანკში გაიხსნა ანგარიში, მაგრამ მალე, საუბედუროდ, საქართველო რუსეთის მიერ ინსპირირებულ სამოქალაქო ომში გაეხვა; დავკარგეთ ძირძველი ტერიტორიები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტი ზემო იმერეთის სოფლებსაც მოუახლოვდა. ჯრუჭის მონასტერი წმინდა გიორგის სახელობისაა. საქართველოს მფარველი ამ მებრძოლი წმინდანის წყალობით, მიწისძვრის შედეგებისა და მტრის იარაღის ჟღარუნის მიუხედავად, სასულიერო ცხოვრება ჯრუჭში კვლავ გრძელდება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ აუცილებლად დაიწრიტება სისხლის მდინარეები და ჯრუჭის მონასტერიც აუცილებლად აღორძინდება.

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

1.ბერიძე ვ., 1994 წ.: ”XVI-XVII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება", თბილისი

2.ბოჭორიძე გ., 1995 წ.: ”იმერეთის ისტორიული ძეგლები", თბილისი

3.ვახუშტი, 1941 წ.: ”აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია)", თ. ლომოურისა და ნ.ბერძენიშვილის რედაქციით, თბილისი

4.საქართველოს კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი H, №1516, გვ.3 ვ

5.სივსივაძე ნ., 1984 წ.: ”რამაც ააშენა, მანვე დაამშვენოს", გაზეთი ”ახალგაზრდა კომუნისტი", 20 მარტი

6.ბეჟან, ნოდარ და შოთა სივსივაძეები, 1991წ.: ”კიდევ ერთხელ ჯრუჭის მონასტრის შესახებ", გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა", 29 მაისი.

7.სილოგავა, ვ., 1980 წ.: ”ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი, II, დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. I (IX-XIII საუკუნეები), თბილისი.

8.სოსელია ო., 1981 წ.: ”ნარკვევები ფეოდალური ხანის დასვლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან", II, თბილისი.

9.ქიქავა თ., 1990 წ.: ”ჯრუჭის მონასტერი", გაზეთი ”ახალგაზრდა ივერიელი", 19 ივნისი.

10.ქებულაძე მ., 2006წ.: ”ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრები", ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები, კრებული XV

11. ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწფო ისტორიული მუზეუმის ისტორიულ დოკუმენტთა კოლექცია E 192 (ქვემოთ მითითებული იქნება ამგვარად: ქიმ E192 ), საბუთი N186

12. ქ ი მ E 192, საბუთი 667

13. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული არქივი, იმერეთის ეპარქიალური კანცელარიის ფონდი №21 (ქვემოთ მითითებული იქნება ამგვარად: ქცსა, ფონდი21), საქმე 5264, ფურცელი 25

14. ქცსა, ფონდი 21, საქმე 7397, ფურცელი 9

17. ქცსა, ფონდი 21, საქმე 16307, ფურცელი 1

18. ქცსა, ფონდი 21, საქმე 25705,ფურცელი 2

19. ქცსა, ფონდი 21, საქმე 26598, ფურცელი 7

20. ქცსა, ფონდი 21, საქმე 26725, ფუცელი 1

21. ქცსა, ფონდი 21, საქმე 26197, ფურცელი 2

22. ქცსა, ფონდი 21, საქმე 28441, ფურცელი 11

23. ღამბაშიძე დ., 1892წ.: ”მიტროპოლიტი დავითი (დავითის ჩამომავლობა), ჟურნალი ”მწყემსი", №2

24.. Гнилосаров П, 1853 г.:Очерки из жизни Митрополита Давида, Кавказский календаръ на 1854 г., Тифлис

25. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები, კრებული XXI, ქუთაისის, 2011, გვ113-119