topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

გრემი - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

გრემი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.73-74

XVI ს-ის უმნიშვნელოვანესი ძეგლია გრემის ნაქალაქარი. გრემი, რომელიც ალაზანს გადაღმა მდებარეობს, მდ.ინწობის ნაპირზე, მაშინ კახეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. XVII ს-ის დასაწყისში იგი შაჰ-აბასმა დაარბია. ამით დამთავრდა მისი, როგორც ქალაქის, არსებობა. ქალაქის უმთავრესი ნაწილი დაბლობზე იყო, საკმაოდ მაღალი მთების ძირში. საცხოვრებელი სახლების გარდა (სამწუხაროდ, ეს სახლები არ გადარჩენილა), გარდა მრავალი ეკლესიისა, აბანოებისა, აქ არსებობდა მთელი სავაჭრო რიგიც, ქულბაქების სახელით ცნობილი. დუქნები განლაგებული იყო შიდა ეზოს თუ მოედნის ოთხ მხარეს. ყოველი დუქანი შედგებოდა ერთი ოთახისა და მის წინ მოთავსებულ წინიდან გახსნილი ტალანისგან - ოთახში საქონელი ინახებოდა და, შესაძლებელია, ცხოვრობდნენ კიდეც, ტალანში დახლი იდგა. მოედნის შესასვლელთან გამოყოფილი იყო საბაჟო. ყველა ნაგებობა კამაროვანია, ქვისა. ქალაქის უმთავრესი ხუროთმოძღვრული დომინანტი იყო მთის ქედის ერთ-ერთ ტერასაზე აღმართული მთავარანგელოზთა ეკლესია (1565 წ.) და მეფის კოშკისებრი სასახლე მის გვერდით. გეგმის მხრივ ტრადიციული აგურის ეკლესია გამოირჩევა კახეთისათვის საერთოდ დამახასიათებელი (მით უფრო ამ ეპოქაში) ძლიერ აზიდული, მსუბუქი პროპორციებით. როგორც აგურის ყველა სხვა ეკლესია, გრემის ტაძარიც მოკლებულია ჩუქურთმებს, მისი ფასადები დამუშავებულია ისრული მოხაზულობის თაღოვანი ჩაღრმავებებით, რომლებიც იმ დროს გავრცელებული იყო აგურის ეკლესიათა ფასადებზე. მთავარანგელოზთა ეკლესიისა და სამეფო კოშკის მდებარეობა ქალაქის თავზე, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, მარჯვედაა შერჩეული, ორივე შენობის სილუეტები დიდად ჰარმონიულია - ეჭვი არ შეიძლება შეგვეპაროს, რომ გრემის მშენებლებს მშვენივრად ესმოდათ და წინასწარვე ჰქონდათ გააზრებული ამ ხუროთმოძღვრული მახვილის ქალაქგეგმარებითი მნიშვნელობა. თავის დროზე გრემი მდიდარი და ლამაზი ქალაქი იყო. XVII-XVIII საუკუნეთა მემატიანენი და პოეტები აღფრთოვანებით აგვიწერენ გრემის სასახლეებსა და ბაღებს, მეფისა და დიდებულთა ბრწყინვალე ნადიმებსა და დღესასწაულებს. დღეს მიწის ზედაპირზე დარჩებილია მხოლოდ რამდენიმე ეკლესია, რომლებიც თავისი ვერტიკალებით შუა საუკუნეების ქართულ ქალაქთა დამახასიათებელ მრავალთავა სილუეტს ქმნიდნენ. თუმცა ნაქალაქარის არქეოლოგიური შესწავლა დაწყებულია და საინტერესო ნაშთებიცაა აღმოჩენილი, ქალაქის საერთო გეგმარების ხასიათი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

გრემი // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.171

XVI ს.

XVI ს-ის მანძილზე კახეთის სამეფო საქართველოს სხვა ნაწილებზე უფრო მოსვენებული იყო უცხოელ მტერთაგან და ეკონომიური მდგომარეობაც უკეთესი ჰქონდა. ამ დროს ინტენსიური მშენებლობა წარმოებდა. XVI ს-ში ჩამოყალიბდა სამეფოს დედაქალაქად გრემი (იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში), სადაც მდიდარი სასახლეები, მრავალრიცხოვანი ეკლესიები, ქულბაქები და აბანოები იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ საცხოვრებელ სახლებზე. გრემი XVII ს-ის დასაწყისში დააქცია შაჰ-აბასმა და მას შემდეგ ფეხზე აღარ წამომდგარა. XVI ს-სვე მიეკუთვნება კახეთის ეკლესიების მთელი ჯგუფი, რომელიც თავისებური თვისებებით გამოირჩევა. ეს აგურის გუმბათოვანი შენობებია, ძლიერ აზიდული პროპორციებით. გეგმა წინა საუკუნეებში შემუშავებულ ტრადიციას მისდევს: მოკლე სწორკუთხედი შვერილთა გარეშე, აფსიდიანი საკურთხეველი, სამი სწორკუთხა მკლავი. ფასადთა დამუშავება ისრული თაღებით (უფრო სწორად - ბრტყელი ისრულ-თაღოვანი ნიშების სისტემით), აგურის წყობით გამოყვანილი ჯვრები და სახეები ირანული გავლენის შემოღწევას მოწმობს, თუმცა ტაძრის ძირითადი სტრუქტურა სავსებით ქართულია. ამ ჯგუფის ნიმუშთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ორი: ახალი შუამთის მონასტრის ეკლესია (ახალი შუამთა თელავთანაა, ძველი შუამთიდან 2-3 კმ. მანძილზე), აგებული XVI ს-ის ორმოციან წლებში ლევან კახთა მეფის მეუღლის თინათინ დედოფლის თაოსნობით. განსაკუთრებით დამახასიათებელია თავისი "გუთური" პროპორციების მხრივ (შედარებისათვის XI ს-ის ალავერდში გუმბათქვეშა სივრცის სიგანისა და სიმაღლის შეფარდებაა 1:2,8, ხოლო ახალ შუამთაში დაახლოებით 1:3,84) ეკლესიას ჰქონდა სამმხრივი გარშემოსავლელი, რომელიც ახლა აღარ არსებობს. ეკლესიის გარეთა ზომებია: სიგრძე - 18 მ., სიგანე - 13 მ., სიმაღლე შიგნით - 24 მ. ეკლესიის გვერდით დიდი მრავალსართულიანი სამრეკლოა, რომელშიც თინათინ დედოფლის საცხოვრებელი ოთახებიც იყო. გეგმა - 8,3X8,8 მ., სიმაღლე გარედან - 25 მ-მდე.

(+)

გრემის მთავარანგელოზთა ეკლესია - ბორცვზე, რომელიც ქალაქს თავს დაჰყურებს. აგებულია XVI ს-ის სამოციან წლებში. თვით ლევან კახთა მეფის ბრძანებით. მშენებლობა, როგორც ჩანს, დამთავრდა 1565 წელს. საერთო იერით ახლო დგას ახალი შუამთის ეკლესიასთან, მაგრამ უკეთ აქვს შენარჩუნებული თავდაპირველი სახე, რაკი ფასადები გადარჩა შელესვა შეთეთრებას. ეკლესიის გარეთა ზომებია: სიგრძე - 16 მ., სიგანე - 12,5 მ., სიმაღლე შიგნით - 20 მ. ამ ჯგუფის სხვა ეკლესიებია შიხიანის "აღდგომა", ჭიკაანის ეკლესია და სხვ.