There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<ციხე - ქალაქები და კოშკები>>>
მ.ძიძიგურის ფოტო
ფარცხისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.X. - თბ., 1986. - გვ.236
ფარცხისი - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის თეთრი წყაროს რაიონში, (ჯორჯიაშვილის სოფსაბჭო), მდ.ალგეთის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 680 მ, თეთრი წყაროდან 15 კმ... სოფელში, მაღალ გორაკზე დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე. ციხეს სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილი ეჭირა, კონტროლს უწევდა ქვემო ქართლის ერთ - ერთ მთავარ მაგისტრალს. აქედან მოჩანს ბირთვისისა და ორბეთის ციხეები, კოჯრის მიდამოები. ციხე წარმოადგენდა გეგმით წაგრძელებულ ბოლოებმომრგვალებულ ნაგებობას. შუაში ციტადელი იყო. გარს უვლიდა კონცენტრული გალავნი. ციტადელის დასავლეთ მონაკვეთში 3-4 სართულიანი კოშკი იდგა. ჭიშკრის აღმოსავლეთით პატარა სათავსია. აქედან იწყება გვირაბი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, 300 მეტრამდე დაშორებულ მდინარე ფარცხისისწყალთან გადიოდა (ჩამონგრეულია).
*** ფარცხისის აგების შესახებ ცნობა არ მოიპოვება. მართალია, იგი მატიანეთა ფურცლებზე მხოლოდ ბაგრატ IV-ის (1027 - 1072 წწ.) მეფობის დროიდან იხსენიება, მაგრამ იგი გაცილებით უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. ციხის ამგებთათვის, როგორც ეტყობა, მისი მიუდგომლობა არ იყო განმსაზღვრელი, არამედ მთავარი იყო სტრატეგიულად შერჩეული ადგილი. ციხე ნანგრევებადაა ქცეული და მხოლოდ აქა-იქ შერჩენილია კედლები. გათხრების ჩატარებამდე გეგმაც არ იკითხებოდა მთლიანად. ციხეს გრძელი გეგმა ჰქონია, ბოლოებში მომრგვალებით. როგორც ეტყობა, ციხე ორ ნაწილისაგან შედგებოდა. ცენტრალური ნაწილი მთელ სიგრძეზე მოკავებული ჰქონდა ციტადელს, ხოლო მის ირგვლივ, თითქმის კონცენტრულად, გადიოდა გალავანი, რომელთა კვალი ამჟამად მხოლოდ დასავლეთით და ჩრდილოეთი ჩანს. ციხის გარე კედლებში შესასვლელი არ ჩანს, ხოლო ზედაში ჩრდილოეთითაა. ჭიშკარი განიერია და თაღით ყოფილა გადახურული. განსხვავებით სხვა მონაკვეთებისაგან აქ აგურია გამოყენებული და რესტავრაციის აშკარა კვალს ატარებს. ციხის ძველი კედლები კი ამოყვანილია რიყისა და ყორე ქვით. ზოგან ზედა ფენებში თლილი ქვაცაა ნახმარი.
***გამოყენებული წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ფარცხისის_ციხე
|