There are no translations available.
< უკან დაბრუნება.....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<< ეკლესია -მონასტრები>>>
საკულტო ნაგებობანი: ბოლნისის სიონი // ციციშვილი ირ. - ქართული ხელოვნების ისტორია, თბილისი, 1995.- გვ. 53 - 54
ძვ.წ. I ათასწლეულის დამლევს ცეცხლთაყვანისმცემლობამ შერწყმულმა ადგილობრივ ნაყოფიერების ასტრალურ კულტებთან მიაღწია IV საუკუნის 30-იან წლებამდე, როდესაც საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარეს. ქართული ხუროთმოძღვრების წინაშე დაისახა ახალი თემა - ქრისტიანული ეკლესია - შენობა მლოცველების თავშეყრისა და რელიგიურ წესჩვეულებათა შესასრულებლად. ორი საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა ამ თემის სრულყოფის გადაწყვეტა. ამ დროს მიმდინარეობდა დაწინაურებული სამყაროს მიღწევათა შეგნებული ათვისება და ამასთანავე, ეროვნული ნიშნების დახვეწის პროცესი. თავს იჩენს ქართული კულტურის ორიენტაცია ქრისტიანულ დასავლეთზე და ხმელთაშუა ზღვის პირეთზე და ერთდროულად, ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებთან არსებული კავშირები. ასეთ ვითარებაში ქართულმა ხელოვნებამ მოიპოვა თავისი მკვეთრი ეროვნული ხასიათი, რაც განსაზღვრა სამშენებლო საქმის და გამოყენებითი ხელოვნების საუკუნოვანმა ტრადიციებმა. ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების შექმნაში გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა საცხოვრებელ სახლებს, რომელთა საწყისები ძვ.წ. V ათასწლეულზე მოდის. ამ სახლების კვადრატული გეგმები შეთავსებული ერდოიან ცრუგუმბათებთან, რომელსაც ჩვენში „დარბაზების" გვირგვინს უწოდებენ, გადამწყვეტია სწორედ თავისი ცენტრალური გეგმისა და მრავალი საუკუნის მანძილზე გუმბათისებური სივრცისადმი დაჟინებული მისწრაფების წყალობით. IV საუკუნის პირველი ქართული ეკლესიები ნაკლებადაა შემორჩენილი. ისინი დანგრეულია ან მრავალჯერ გადაკეთებული. ხშირ შემთხვევაში ეკლესიებს აგებდნენ მლოცველებისათვის ჩვეულ, ფსიქოლოგიურად ათვისებულ, ძველი კულტით ნაკურთხ ადგილებში (მცხეთის ჯვარი, მარტვილი, ზედაზენი). ეს ძეგლები მცირე ზომისაა და მხატვრული თვალსაზრისით ნაკლებად საყურადღებო. ეკლესიების ქვეშ იმყოფება სამარხები, რაც იმის მაუწყებელია, რომ ისინი წარმოადგენენ მორტირიუმებს, წმინდანის აკლდამაზე აგებულ სამლოცველოებს (სვეტიცხოველი, მანგლისი, შიომღვიმე, წილკანი და სხვა). აქ აღსანიშნავია სვეტიცხოვლის ტაძარში გამოვლენილი IV ს. ხის ეკლესიის ნაშთები, დაკავშირებული წმ. ნინოს მოღვაწეობასთან. IV – VII საუკუნეებში ახალი თემის ფორმირების პირველ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება ბაზილიკას. იგი ეკლესიის მესვეურთა მიერ გარედან შემოტანილ, ქრისტიანული რელიგიის კერებში შექმნილ და თავს მოხვეულ ტიპადაა მიჩნეული. ბოლნისის სიონი, ურბნისის წმ.სტეფანეს ტაძარი, ანჩისხატის, ხირსის, კაწარეთის სამებისა და სხვა გრძივი ბაზილიკები - თავისი ღერძითა და ბურჯების მწკრივით, ქმნიან საკურთხევლისაკენ მოძრაობის საჭირო შთაბეჭდილებას. ამათგან გამოიყოფა ბოლნისის სიონი, რომელიც თანახმად შემორჩენილი წარწერისა აგებულია 478-493 წლებში, იგი წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას შვერილი აფსიდით აღმოსავლეთის მხარეს. ჩრდილოეთისა და სამხრეთიდან მას ახლავს გარეთა სადგომები - ჩრდილოეთის მხრიდან ხუთმალიანი ღია სტოა, რამხრეთის სტოაში მოთავსებულია ტაძარში შესასვლელი ორმაგი თაღით და ორაფსიდიანი დამოუკიდებელი სანათლავი. ბაზილიკის შიდა სივრცე დაყოფილია სამ ნავად, გეგმაში ჯვარისებრი ფორმის ბურჯების ხუთი წყვილით. შუა ნავი გადახურულია ცილინდრული კამარით, ხოლო გვერდის ნავები ნახევარცილინდრულით. ნავების გრძივი ღერძის მიმართულებით თაღები ნალისებური ფორმისაა. ტაძარს არა აქვს დამხმარე სადგომები - სამკვეთლო და სადიაკვნო. ასეთი გადაწყვეტა დამახასიათებელია ადრინდელი ხანის ეკლესიებისათვის. შენობის კედლები აგებულია მომწვანო ფერის კარგად გათლილი კვადრებით. მთლიანად, სიონის გარეგანი მასები მოკლებულია მორთულობას, თუ არ ჩავთვლით წყობაში ჩასმულ ჯვრებს და კბილანიან ლავგარდანს. მონუმენტური, მძიმე გარეგანი მასები არ ეთანხმება ვრცელსა და დიად შიგა სივრცეს. ეს კი აიხსნება იმით, რომ ქრისტიანობის გავრცელების ადრინდელ პერიოდში ძირითადი ყურადღება ენიჭებოდა სამლოცველოს შიგა სივრცეს. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სიონის ინტერიერის მორთულობა. ბოძებისა და პილასტრების სვეტისთავები და ბაზისები უხვადაა მოჩუქურთმებული. აქ გამოყენებულია მცენარეული მოტივები, გეომეტრიული ნაკვთები და ცხოველთა გამოსახულებანი. კონქის თაღის იმპოსტებზე გამოსახულია ფრთოსანი ლომები, რომელთა შორის გარბის შველი. მეორე შველი, რომელსაც მოსდევს დათვი. სანათლავის სვეტისთავებზე გამოსახულია ჯვარი და ფარშევანგები, გულდასით შესრულებული ხარის თავი ტოლმკლავიანი ჯვრით რქებს შორის. ქრისტიანობის ადრინდელი ხანის ეს სიმბოლოები უცილობლად დაკავშირებულია ქართველი ხალხის წარმართული კულტის ტრადიციებთან. მართალია, აქ გააზრებულია ბაზილიკის ქრისტიანული იდეა - საკურთხევლისაკენ მიმართული, ხუთი წყვილი ბურჯით გამოყოფილი ცენტრალური ნავი, მაგრამ ბოლნისის სიონი კვადრატშია ჩაწერილი და მისი კონტური არ გამოხატავს ბაზილიკისებურ სიგრძივობას, დასავლეთის კარის ნაცვლად სამხრეთის კარის ძირითად კარიბჭედ ფორმირება ბაზილიკური სივრცის აღქმის უარყოფაა. ამგვარად, აქ ვლინდება ტრადიციული ცენტრალური კომპოზიციის გავლენები. შემდგომ ბაზილიკებში, კერძოდ ურბნისში (VI ს) ბოლნისისაგან განსხვავებით ჩნდება სამკვეთლოსა და სადიაკვნოს დამოუკიდებელი ოთახები საკურთხევლის აფსიდის ორსავე მხარეს. სამაგიეროდ ქრება სანათლავი სტოები. ნეკრესის IV საუკუნის პატარა სამლოცველოში სიგანე ჭარბობს სიგრძეს. ნოქალაქევის"40 მოწამის" ეკლესიაში (V საუკუნე) არის სამი ნავი, მაგრამ ყველაფერი ეწინააღმდეგება ბაზილიკის არსს. საფუძველში უდევს ცენტრალური სივრცე. ყველაფერი ეს მიგვანიშნებს წარმართული "ცეცხლის ტაძრების" (უფლისციხის კლდოვანი ბაზილიკა და სხვა) ტრადიციების მნიშვნელოვან როლზე.
|