There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე
ფოტოების ავტორი ქ.დიღმელაშვილი
ციხისძირი, ქსნის ციხე - საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. V. თბ., 1990, გვ.326-328
ციხისძირი (მუხრანის სოფსაბჭო)
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)
200. ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის ამოსავლეთით, იმ მთის ჩრდილო - დასავლეთ ფერდობზე, რომელზედაც ქსნის ციხეა აღმართული.
თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (7,05X4,55 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, აქა - იქ რიყის ქვაც არის გამოყენებული.
ძლიერ დაზიანებულია - ჩამონგრეულია შესასვლელის ზედა ნაწილი, აფსიდის კონქი დეფორმირებულია, სამხრეთ მინაშენის კვალიღა შეიმჩნევა. შესასვლელი სამხრეთიდანაა.
საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ნიშებია.
დარბაზი გადახურულია კამარით, რომლის საბჯენი თაღი მარტივ კონსოლებს ეყრდნობა.
თითო სარკმელი დასავლეთ (კამარის კეხზეა მიბჯენილი) და სამხრეთ კედლებშია.
ინტერიერი შელესილი ყოფილა.
სანიკიძე თ.
201. ეკლესიები, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, იმ მთის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე, რომელზედაც ქსნის ციხეა აღმართული.
თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
კომპლექსში შედის ორი ეკლესია.
ორივე ნაგებია რიყის ქვით, აქა - იქ ქვიშაქვის მოზრდილი ლოდები და ბრტყელი აგურიცაა ჩართული.
(ა) აღმოსავლეთის ეკლესია დარბაზულია (5,4X4,5 მ). დაზიანებულია - ჩამონგრეულია სახურავის ჩრდილო - აღმოსავლეთ კუთხე, დეფორმირებულია სარკმლები, ინტერიერში ჩამოცვენილია შელესილობა დასავლეთით თაღოვანი შესასვლელია.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ - (+)
ყოველ კედელში თითო სარკმელია.
აღმოსავლეთით მახევარელიფსური მოყვანილობის აფსიდია, რომელიც იატაკის საერთო დონიდან 0,4 მ-ითაა ამაღლებული. აფსიდის ორივე მხარეს, კედელში ნახევარწრიული კამარებით გადახურული ძლიერ ვიწრო სადიაკვნე და სამკვეთლოა.
მათ დაბალი თაღოვანი შესასვლელები და აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვთ. დარბაზი, კამარა და კონქი დაბეტონებულია კირხსნარით.
სატრიუმფო თაღი ერთსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა. ეკლესიას დასავლეთით გალავნით შემოზღუდული ეზო (8X10 მ) აკრავს.
(ბ) დასავლეთის ეკლესიაც დარბაზულია (7,2X5,1 მ). შესასვლელი დასავლეტიდანაა. მას არქიტრავით გადახურული მაღალი ზღურბლი აქვს.
აღმოსავლეთით სწორკუთხა, შეისრულ-კამარიანი საკურთხეველია, რომელიც დარბაზის იატაკიდან 0,4 მ-თაა ამაღლებული.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ - (+)
საკურთხეველში სარკმელია გაჭრილი. სატრიუმფო თაღი ერთსაფეხურიან მასიურ პილასტრებს ეყრდნობა.
დარბაზი თითქმის კვადრატულია და გადახურულია აგურით ამოყვანილი ელიფსური გუმბათით, ჩრდილოეთით ერთი სარკმელია.
ამ ეკლესიასაც დასავლეთით გალავნიანი ეზო (7,6X6,8 მ) აკრავს.
შესასვლელი გალავნის ჩრდილოეთ - დასავლეთით კუთხეში ყოფილა გაჭრილი. სტილისტური ნიშნებით ორივე ეკლესია გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება.
ეკლესიები სომხურია.
სანიკიძე თ.
202. ნასოფლარი, არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე, ქსნის ციხის დასავლეთით. თარიღდება ფეოდალური ხანით. ნასოფლარის ტერიტორიაზე ნასახლარ ბუდეებს დაახლოებით 1 ჰა ფართობი უკავია.
გვეტაძე ჯ.
ქ.დიღმელაშვილის ფოტო
203. ქსნის ციხე, მტკვრის ციხე, მტვერის ციხე, კონსტანტილაბათი, არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი დგას სარკინეთის მთაზე, სოფ. ციხისძირის მიდამოებში, მდინარეების ქსნისა და მტკვრის შესაყართან, ქსნის მარცხენა ნაპირზე. აგებულია 1511-14 წწ. 1939 წ. ციხის გასამაგრებლად მცირე სამუშაოები ჩაატარა საქ. სსრ სახკომსაბჭოსთან არსებულმა ხელოვნ. საქმეთა სამმართვ. კულტ. ძეგლთა დაცვის განყოფ.-ამ. 1984 წლიდან სპეც. სამეცნ.-სარესტ. საწ. გაერთიანება აწარმოებს გამაგრებით, საკონსერვაციო სამუშაოებს. 1512 წ. ქართლის მეფის დავით X-ის (1505-25 წწ.) უმცროსმა ძმამ ბაგრატმა საუფლისწულოდ მუხრანი და შიდა ქართლის სადროშოს სპასპეტობა ითხოვა. სამაგიეროდ კახეთის მეფე ავ-გიორგისთან შებრძოლება იკისრა.
დავითი დათანხმდა ძმას. ქსნის ციხე ბაგრატ მუხრანბატონმა საუფლისწულო მამულების მიღებისთანავე ააგო. როცა ავ-გიორგიმ ციხის აგების ამბავი გაიგო, წამოვიდა ჯარით და ციხეს ალყა შემოარტყა. ალყა სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. ავ-გიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა და შეუთვალა - შენ მეფის ძე ხარ და რამდენი ხანია ღვინის გემო არ გინახავსო. ბაგრატს კი ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყავდა, გაუგზავნა ორაგული და თან შეუთვალა - სამი თვეა ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემია. აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავ-გიორგი დარწმუნდა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სანოვაგით და სასმელი წყლით, ალყა მოხსნა და უკუიქცა. 1513 წ. ავ-გიორგი მეორედ შემოესია ქართლს. ბაგრატმა იგი შეიპყრო და ქსნის ციხეში დაამწყვდია. ”შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაშთვეს ავ-გიორგი ციხესა მას შინა და მოკუდა”. 1746 წ. ძლიერ დაზიანებული ქსნის ციხე კონსტანტინე მუხრანბატონმა თითქმის ხელახლა ააგო, რაზეც მოგვითხრობს ციხის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი კარგად შემონახული სამშენებლო წარწერა: ”ქღთს მინდობით ჩვენ მუხრანბატონმა სახლთუხუცესმან კონსტანტინემ აღვაშენეთ ციხე ესე დავსდევით სახელათ კონსტანტილაბათი მტერთა მბრძოლთა განმაბნეველად რათა მკვიდრნი მამულთანი არ წარტყუენილ იქმნენ ქ˜ს აქათ ჩღ˜მვ ქეს ულ˜დ”. ქსნის ციხეს პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს და ამჟამად სანახევროდ დანგრეულია. ციხე კარგად არის შერწყმული გარემოსთან. აქედან კარგად ჩანს მდინარეების მტკვრისა და ქსნის ხეობები. მისასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდანაა. ციხის პირველი სამშენებლო ფენა (1511-1514 წწ.) მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები, მეორე ფენაში (1746 წ.) აგურიცაა გამოყენებული. პირველი სამშენებლო ფენიდან შემორჩენილია გალავნის კედლების ქვედა ნაწილი (ზოგ ადგილას 7-8 მ სიმაღლის), ბურჯებისა და ორი კოშკის ნაშთი.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ - (+)
ციხის კედლები რელიეფს მისდევს, შიდა ტერიტორია კი სწორია. რელიეფით ნაკარნახევი ციხის გეგმა ჩრდილო-სამხრეთის ღერძზე ოდნავ წაგრძელებული არაწესიერი მრავალგვერდაა (39.5×26.4 მ). გალავანი გამაგრებულია სხვადასხვა ფორმისა და ზომის კონტრფორსებით. ციხეს ოთხი კოშკი აქვს. დასავლეთის კედლის ცენტრში დგას ხუთსართულიანი პრიზმული კოშკი (სიმაღლე 16 მ), რომელშიც ციხეში შესასვლელია გაჭრილი. კოშკი სანახევროდ დანგრეულია. შემორჩენილია ჩრდილოეთი კედელი (სისქე 1.7 მ) და დასავლეთი კედლის ჩრდილოეთი ნახევარი. კოშკის ყრუკედლებიან პირველ სართულზე მოხვედრა შეიძლებოდა მეორე სართულის იატაკში გაჭრილი ხვრელით. კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა (ამ სართულის სიმაღლე 4 მ-ია, დანარჩენი სართულებისა - 2-2.5 მ). იგი გადახურულია შეისრული კამარით (შემორჩენილია ზედა ნაწილი). კამარას კბილანა წყობის ორი ხაზი გასდევს. მათ ზემოთ ჩასმულია ზემოთ ხსენებული წარწერიანი ქვა. სათოფურები, ნიშები, სარკმლები კოშკის ყველა სართულზეა, ბუხარი მხოლოდ - მეოთხეზე. მეექვსე სართული ქონგურებიანი ბანი იყო.
ჩრდილო-დასავლეთით, გალავანზე გარედან მიშენებულია ცილინდრული კოშკი (მეორე სამშენებლო ფენა). გალავნის კუთხე შიგ ცილინდრშია შეჭრილი.
კოშკი ორსართულიანია. მესამე სართული ქონგურებიანი ბანია. პირველი სართულის იატაკში ქვევრებია ჩაფლული, ჩრდილო კედელში კი ბუხარია ჩაშენებული. ორივე სართულს მაღალი სარკმლები აქვს. ჩრდილო - აღმოსავლეთით მდებარე ცილინდრული კოშკის პირველი სამშენებლო ფენიდან შემორჩენილია ორი ყრუკედლებიანი სართული.
მეორე სამშენებლო პერიოდში კოშკისთვის ირგვლივ კედლები შემოუშენებიათ. ამით მისი დიამეტრი 2 მ-ით გაზრდილა. კოშკის სამი სართული საბრძოლო - საცხოვრებელი იყო ბუხრით, სათოფურებითა და საზარბაზნეებით, მეოთხე - ქონგურებიანი ბანი. სამხრეთ - აღმოსავლეთ კუთხეში მდგარი ხუთსართულიანი კოშკი გეგმით გრძელი, უწესრიგო სწორკუთხედია, რომელიც სამხრეთით მომრგვალებულია. იგი მეორე სამშენებლო ფენას განეკუთვნება და გალავანზე გარედანაა მიშენებული. კოშკის ქვედა სართულის სამხრეთ - აღმოსავლეთ ნაწილში ცილინდრული ფორმის კედლებშელესილი წყალსაცავი (დაახლ. 30 კუბ.მ) და მარანია (15 ქვევრი).
კოშკების საბრძოლო ელემენტები - სათოფურები, საზარბაზნეები, სალოდეები შემკულია განსხვავებული დეკორატიული წყობით. კედლები სხვადასხვა სიმაღლეზე დასრულებულია ნახევარწრიული ქონგურებით. მათ ქვემოთ, 1-2 მ-ის დაცილებით ნისკარტა სალოდეებია, უფრო ქვემოთ კი - სათოფურები. ეზოში ჭისებრი წყალსაცავია. ციხეს წყლით ამარაგებდა წყალსადენი (კერამიკული მილები), რომელიც ქედს მიჰყვება. წყალსადენის სათავე ციხიდან აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრზეა.
ზაქარაია პ., ჭყონია თ.
|