topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

სამშვილდე - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ციხე-ქალაქები და ეკლესიები>>>

სამშვილდე //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.39-40

გარდამავალი ხანის ხუროთმოძღვრების ისტორიული მიმოხილვა: ისეთი ძეგლის დასახელება, რომელიც შეიძლება ზუსტად VII ს-ის მეორე ნახევარს მიეკუთვნოს, გაგვიძნელდება, მაგრამ VIII და IX საუკუნეებისათვის მშვენიერი მაგალითები გვაქვს. ზოგი მათგანი ზუსტად დათარიღებულიც კია. პირველად შეიძლება განვიხილოთ სამშვილდის დიდი საეპისკოპოსო ტაძარი. სამშვილდე (70 კმ-ზე თბილისის სამხრეთ-დასავლეთით) ოდესღაც აყვავებული ქალაქი იყო, შემდეგ დაცარიელდა და დღეს დიდებული ნანგრევების სახითღა დგას. თვით ტაძარი, მსგავსად რამდენიმე სხვა ცნობილი ძეგლისა, სიონად წოდებული, აგრეთვე დანგრეულია. შედარებით უკეთ გადარჩა მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი. წინა ხანის ძეგლთაგან სამშვილდე ყველაზე მეტად წრომის ტაძარს ენათესავება. ძირითადი სივრცე აქაც წარმოადგენდა აღმოსავლეთ- დასავლეთით წაგრძელებულ სწორკუთხედს, რომელიც აღმოსავლეთის მხარე აფსიდებიანი საკურთხევლით, სადიაკვნითა და სამკვეთლოთი მთავრდებოდა. გუმბათი აქაც ოთხ ბოძს ემყარებოდა.

წრომისაგან განსხვავებით, ტაძარს სამხრეთითა და ჩრდილოეთით მისდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთ ბოლოში დამოუკიდებელი ექვტერები ჰქონდათ. ამგვარად, გეგმა აქ შედარებით გართულებულია. გარეგნობაც დიდად მოგვაგონებს წრომს: აღმოსავლეთ ფასადზე კვლავ ნიშებია შუა სარკმლის ორ მხარეს, მაგრამ არის ნიშების მეორე წყვილიც. IV-VII საუკუნეების არქიტექტურასთან სამშვილდის სიონი ჯერ კიდევ დაკავშირებულია ხუროთმოძღვრული დეტალების დამუშავების ხასიათით, მკაცრი ფორმებითა და პროფილებით, თლილი ქვით მოპირკეთებული კედლების ფართოდ გაშლილი სიბრტყეებით, მორთულების სიმკაცრით. მკვლევარნი სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამდნენ ძეგლის თარიღის შესახებ, უმთავრესად აღმოსავლეთის ფასადზე დარჩენილი გრძელი წარწერის ფრაგმენტთან დაკავშირებით, თუმცა ტაძრის ხუროთმოძღვრება თვითონაც საკმაოდ ბევრის მთქმელია. წარწერაში კი - მიუხედავად იმისა, რომ მისი უდიდესი ნაწილი დაღუპულია - მაინც შეიძლება გავარჩიოთ, რომ მეოცე წელს "მეფობისა კოსტანტინეისა დაიდვა საძირკველი", ხოლო შენება დასრულდა მესამე წელს ლეონის მეფობისა. დამფუძნებელნი ყოფილან ქართლის პიტიახშთა შთამომავალნი ("ნათესავით პიტიახშნი") ვინმე ვარაზბაკური და იოვანე. ვინღა არიან აქ მოხსენებული მეფენი - კონსტანტინე და ლეონი? იყო გამოთქმული მოსაზრება, აფხაზთა მეფენი არიანო. მაგრამ დამტკიცდა, რომ ეს ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი ყოფილან. ამით დადგინდა ტაძრის აშენების ზუსტი თარიღიც 759 - 777 წლები. წარწერისავე თანახმად, ტაძრის სატფურები, ე.ი. კურთხევა მომხდარა "დღესა ენკენიასაა" ე.ი. სექტემბრის 13ს, "დიდითა კრებითა" და დიდი ზეიმით, რომელიც ექვს დღეს გაგრძელებულა. დამახასიათებელია ბიზანტიის ხელმწიფეთა მოხსენიება თბილისთან, ე.ი. არაბთა ამირას რეზიდენციასთან ასე ახლო მდებარე ტაძარში და არაბთა ბატონობის განსაკუთრებული სისასტიკის დროს. ეს მოწმობს ეროვნული საზოგადოებრიობის გარკვეულ რეაქციას არაბთა უღლის წინააღმდეგ, მოწმობს - სწორედ ამასთან დაკავშირებით - ქართველ სასულიერო მოღვაწეთა სწრაფვას "ერთმორწმუნე" მეზობელი ქვეყნისადმი.

 

სამშვილდე //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974.- გვ. 115-117,

გადიდებისთვის დაწკაპუნეთ ფოტოზე

ერთი უძველესი ქალაქთაგანი საქართველოში. ჩაისახა ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლედის შუა საუკუნეებში და იარსება XVIII ს-მდე. ხშირად იხსენიება ქართულ მატიანეებში. იგი დღევანდელ თეთრიწყაროს რაიონშია, ე.ი. ისტორიულ ქვემო ქართლში. მისთვის საგანგებოდაა შერჩეული ბუნებით დაცული კონცხი: ორ მხარეს კლდოვანი შვეული ხრამებია, რომელთა სიღრმეში მდინარეები ჭივჭავა და ხრამი (ქცია) მიედინება - ეს ორი მდინარე სწორედ აქ ერთვის ერთმანეთს. მესამე მხარე გალავნით იყო შეკრული (ვახუშტის სიტყვით ქალაქი "არს ფრიად მაგარი, სამხრით უდის ქცია, ჩრდილოთ უდის ჭივჭავა; საშორისსა ზედა არს გარდავლებული ხრამით ხრამამდე ზღუდე განიერი და მაღალი. კვალად გარე მის ქალაქისა ზღუდე გარდავლებული, ეგრეთვე დიდროვანითა ლოდითა). ქალაქის ტერიტორია პლატოზეა, სიგრძით იგი 2,5 კილომეტრია. ქალაქი საუკუნეთა მანძილზე იზრდებოდა და ვითარდებოდა, მაგრამ ჩამოყალიბებული სახე ალბათ შუა საუკუნეებში მიიღო. აქ მრავალი საფორტიკაციო, საეკლესიო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევი ჩანს, მაგრამ დღესდღეობით ქალაქი არქეოლოგიურად გამოკვლეული არ არის. წყაროებიდან ცნობილია, რომ სამშვილდეს ძალიან შფოთიანი თავგადასავალი ჰქონდა, უცხოელთა (სომეხთა, თურქთა) ხელშიაც ყოფილა და უკანასკნელთ იგი დავით აღმაშენებელმა წაართვა. სამშვილდეში დარჩენილ ისტორიულ ნაშთთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია, მაინც, ტაძარი, "სიონად" წოდებული. მის შესახებ იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში. სიონის გარეთა ზომებია 24X24 მ., სიმაღლე (შიგნით) ნ.ჩუბინაშვილის სავარაუდო რესტავრაციის მიხედვით, დაახლ. 20 მ. უნდა ყოფილიყო.