<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე
ვანთის სასახლე // ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი მესამე, საკითხავნი ყმაწვილთათვის, ტ.14, გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ.14-15
ვანთა სოფელია თელავის რაიონში. მდებარეობს მდ.ვანთისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვია დონიდან 600 მ-ზე, თელავიდან 13 კმ-ზე, წინანდლიდან 4 კმ-ზე. სოფლის მახლობლად მაღალ გორაკზე აშენებული იყო VIII-IX სს-ის ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. შემორჩენილია ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები, დარბაზული ეკლესია, იქვე ახლოს აბანოსა და სხვადასხვა დანიშნულების გვიანდელ ნაგებობათა ნაშთები. სასახლე ნაგებია რიყის ქვით, ორსართულიანია. ყოველ სართულზე თითო - თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა. პირველ სართულს ვიწრო და პატარა სარკმლები ჰქონია. იგი დამხმარე და სამეურნეო დანიშნულებისა იყო (შემორჩენილია დიდი ბუხარი). მეორე სართული საცხოვრებელი იყო. ნათდებოდა ნალისებრსარკმლებიანი მაღალი და ფართო სარკმლებით. შენობას მაღლა ასასვლელად გარედან მიშენებული ჰქონდა ფართო კიბე. სართულშუა გადახურვა ხის კოპებს ეყრდნობოდა. ვანთის სასახლე ადრინდელი ფეოდალურ ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია.
დავით მუსხელიშვილი, პარმენ ზაქარაია
|