topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

გელათი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ქალაქი - ქუთაისი>>>

გელათი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.3, გვ.37, თბ., 1978

გელათის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი; აგებულია ქ.ქუთაისის ჩრდილოეთ -აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ - გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი - სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი.

ეკლესიისათვის სხვადასხვა დროს მიუშენებიათ: დასავლეთ მხარეს - სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი ეკვდერები. ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით დაახლოებით 35X36 მ, სიმაღლე 34 მ-მდე. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით და თითქმის სრულიად მოკლებულია ჩუქურთმებს. ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს. კედელ - კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით. მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, დასავლეთ სტოაში - XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრეთ ეკვდერში - დავით ნარინის ორი, XIII საუკუნეში შესრულებული პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები (XVI ს.): ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რომელიც, როგორც ჩანს, ადრინდელ მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ XVI საუკუნეში აღუდგენიათ ძველი ნახატის მიხედვით. მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. შიგნიდან კედლები დაფარულია XVI საუკუნის მოხატულობით. მთავარი ტაძრიდან 9 მ-ზე აღმართულია XIII-XIV საუკუნეების წმ.ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია.

გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილო - დასავლეთით XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი - თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური - წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსია, ხოლო სულ ზემოთ - სამრეკლო. გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას (ფართობი დაახლოებით 300 მ²) აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია. მოგვიანებით შუა შესასვლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული. შენობას დიდი სარკმლები ანათებდა, კედლები მოხატული ჰქონდა.

გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელში, დავით აღმაშენებლის საფლავია. გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, ტერიტორიულად ახლოს მდებარეობდა სამეფოს პოლიტიკურ ცენტრთან - ქუთაისთან, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, თამარი (თამარის ისტორიკოსების ცნობით) და სხვა იმერეთის მეფეები: ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა. გელათის მონასტერი ერთ-ერთი მდიდარი ფეოდალური სენიორია იყო. მის მფლობელობაში ითვლებიდა ვრცელი მიწა-წყალი. მეურნეობაში წამყვანი დარგი იყო მიწათმოქმედება, განვითარებული მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო - საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა. XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XIII საუკუნის II ნახევარსა - XV საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური - ეკონომიური დაკნინების გამო (მონღოლების, თემურლენგის შემოსევები, გამწვავებული შინაფეოდალური საადგილმამულო ბრძოლები) გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ. საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახ.) შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო და საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს - კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია - ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები.

ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძე. XVI საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატ III-მ გელათის მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკურ - მორალური და ეკონომიური მდგომარეობა. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს. XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. XVIII საუკუნის დამლევს მონასტერი ფლობდა 42 სოფელს. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1810) შემდეგ გელათის მონასტერი საეკლესიო სენიორიიდან სახელმწიფო დაწესებულებად - შტატის მონასტრად იქცა. ჯერ კიდევ XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის თაოსნობით, გელათის მონასტერში დიდი შემოქმედებითი საქმიანობა გაჩაღდა. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578), ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616), გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა. გელათის მონასტერში ინახებოდა მდიდრულად მორთული და მინიატიურებით შემკული ქართული ხელნაწერები, რომელთა დიდი ფონდი აქ ძველთაგანვე არსებობდა, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნების ბევრი შესანიშნავი ნიმუში (მაგ.ხახულის ღვთისმშობლის ხატი). გელათის მონასტრის ზღუდის გარეთ დაახლოებით 150 მ-ზე, მის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, შემორჩენილია სოხასტერის მონასტრის (საყუდებულ ბერთა სამყოფელი) ნანგრევები - ეკლესიების, კოშკის ტიპის საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაშთები. მონასტრის სამხრეთ-დასავლეთით მაღალ კონცხზე წმ.საბას სახელობის დარბაზული ეკლესიის (X-XI სს.) ნანგრევებია. მის მახლობლად, გზის გაღმა, წმ.ილიას სახელობის ეკლესიაა. მოშორებით, მდინარე წყალწითელის ხეობაში, ე.წ. "დავითის კონცხზე", მტრის თავდასხმისაგან მონასტრის დამცველი დიდი მრგვალი კოშკის ნანგრევები. 1923 წელს გელათის მონასტერი დახურეს. ამჟამად იგი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალია.

ი.ციციშვილი, ბ.ლომინაძე, ლ.მენაბდე.

* გელათის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

გამოყენებულ წყარო: *http://ka.wikipedia.org/wiki/გელათის_მონასტერი


გელათის მოზაიკა - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.3, გვ.36-37, თბ., 1978

გელათის მოზაიკა, ქართული კედლის მხატვრობის ძეგლი (1125-1130), ამკობს გელათის ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქს. ძირითადად კარგად არის შენახული, დაზიანებულია მხოლოდ კომპოზიციის ქვედა ნაწილი. ჩამოცვენილი კენჭების ადგილი მოხატულია XVI საუკუნეში. მოზაიკისა და ტაძრის ფრესკების ამგვარი შერწყმა საქართველოში სხვაგან არსად არ გვხვდება. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი ჩვილით ხელში, აქეთ-იქით მთავარანგელოზები - გაბრიელი და მიქელი უდგანან, საკოსი და ლორონი აცვიათ, ცალ ხელში სფერო უჭირავთ, მეორეში - ლაბარუმი. ფიგურები გამოსახულია ოქროსფერ ფონზე. ღვთისმშობელს ჯვრებით დამშვენებული მუქი ლურჯი მაფორიუმი აცვია. სამოსის ნაოჭები მოშავო-ლურჯი ფერისაა და მუქი ტონები რბილად გადადის განათებული ნაწილებისაკენ. სახის კონტური მწვანე კენჭებით არის შემოწყობილი. წარბებისა და ცხვირის ჩრდილები ნუშის ფერია, წარბები და თვალის ჭრილი - შავი, მწვანე და რუხი კენჭებითაა შემოწერილი. ჩვილს ოქროს ქიტონი აცვია, ნაოჭები შესრულებულია აგურისფერი კენჭებით, ჰიმატიონიც ოქროსფერია. მისი სახე ღვთისმშობლის სახეზე უფრო მუქია, რაც კონტრასტს ქმნის ბრწყინვალე სამოსთან და მკავრ იერს ანიჭებს ჩვილს. მიქელ მთავარანგელოზს აცვია მჭახე მწვანე ფერის საკოსი და ფერადი ქვებით მორთული, მდიდრულად მოქარგული ლორონი. გაბრიელ მთავარანგელოზის ტანსაცმელი შედარებით ერთფეროვანია. მოზაიკის მთელი ფონი შესრულებულია მჭიდროდ მოწყობილი ფერადი სმალტისა და ადგილობრივი კირქვის სხვადასხვა ზომის ოთხკუთხი კენჭებით. კომპოზიციის ყველა დეტალი, პლასტიკურიც და ფერადოვანიც გულმოდგინედ არის მოფიქრებული. გელათის მოზაიკა დავით აღმაშენებლის ეპოქის მონუმენტური ხელოვნების მაღალმხატვრული, დახვეწილი გემოვნებითა და ვირტუოზული ტექნიკით შესრულებული ნაწარმოებია.

გელათის აკადემია - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.3, გვ.36, თბ., 1978

გელათის აკადემია, ქართული სამეცნიერო - პედაგოგიური და კულტურულ - საგანმანათლებლო კერა. დაარსდა 1106 წელს გელათის მონასტერთან დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას "სხუად ათინად", "აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად" იხსენიებდნენ. აკადემიის სათავეში იდგა მოძღვართ - მოძღვარი. სასწავლო პროგრამა ძირითადად ტრივიუმის (გეომეტრია - "ქვეყნის საზომლოჲ", "არითმეტიკა" - "რიცხუნი", მუსიკა - "სამუსოჲ") და კვადრიუმის (ფილოსოფია სამი სახის - "საქმეთი, მხედველობითი და განმსიტყუელობითი", რიტორიკა სამი სახის - "თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა", გრამატიკა და ასტრონომია - "ვარსკვლავთმრიცხველობაჲ") ციკლის საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა. გელათის აკადემიაში არსენ იყალთოელს უთარგმნია "დიდი სჯულისკანონი", იოანე პეტრიწს - ნემესიოს ემესელის თხზულება "ბუნებისათჳს კაცისა". განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერძნული ენიდან თარგმნილი იოანე ქსიფილინოსის ჰაგიოგრაფიული კრებული, რომლის ორიგინალი დაკარგულია. სამეცნიერო - მთარგმნელობითი მოღვაწეობა გელათის აკადემიაში მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა, თუმცა საგრძნობლად შენელდა. XIII საუკუნეში აქ მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფი არსენ ბულმაისიმისძე, ფილოსოფოსი და რიტორი პეტრე გელათელი. XIV საუკუნეში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი "გარიგება ჴელმწიფის კარისა" და საისტორიო წყარო "გელათური ქორონიკონი".

 

 

 

 

 

************************************************************************************

გელათი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.59-60. 64.

XII საუკუნე შუა საუკუნეების საქართველოს "ოქროს ხანაა". დაახლოებით 120 წელი დავით აღმაშენებლიდან თამარ მეფემდე არა მარტო სრული სტაბილიზაციის დროა, არამედ პოლიტიკური სიძლიერისა და ეკონომიური აყვავებისაც. XII საუკუნე "იხსნება" გელათის სახელგანთქმული მონასტრით, რომელიც 1106 წელს დაარსა დავით აღმაშენებელმა ქუთაისის მახლობლად, მისგან დაახლოებით 12 კალომეტრის დაშორებით...<<ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************

განვითარებული ფეოდალიზმი: გელათი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.95. 116-117, 132.

XIII საუკუნეში დავით აღმაშენებლის მიერ იყო  შექმნილი გელათის დიდებული მონასტერი. ანსამბლის ცენტრში დგას ღვთისმშობლის მთავარი ტაძარი აგებული 1106 - 1125 წლებში. იგი განსხვავდება ამ პერიოდის სხვა ძეგლებისაგან და სამი აფსიდის შვერილით აღმოსავლეთის მხარეს უახლოვდება აფხაზეთის ტაძრებს. მძლავრი გუმბათი ეყრდნობა ოთხ ბურჯს. ტაძრის ვრცელი შიგა სივრცე უხვად არის განათებული...<<ტექსტი სრულად აქ...<<