< უკან დაბრუნება ...<<<ეკლესია - მონასტრები // საქართველოს მეგალითები>>>
სანთა //ჟღერს ქვის ჰარმონია, გამ. ციცინათელა, თბ., ტ.14, გვ. 329
სანთა სოფელია წალკის რაიონში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1580 მ-ზე, წალკიდან 22 კმ-ზე. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია ძვ.წ.-აღ I ათასწლეულის დამლევის ციკლოპური ციხისა და შუა საუკუნეების ციკლოპური ციხის ნანგრევები, XI-XII სს-ის ეკლესია (გადაკეთებულია XIX ს-ში), რომელზეც ლაპიდარული წარწერებია.
სანთას "ქოროღლი". // ლ. მელიქსეთ ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 55-56
ციკლოპური ნაციხარ-ნაქალაქევი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "ქოროღლი"-ს უწოდებს, მდებარეობს სოფლის ზემოდ, ჩრდილოეთით, მთის წვერზე და შუა სიმაღლეზე, დავაკებულ ფართობზე (პლატოზე). მთის წვერზე ნაქალაქევის გვერდით ნასოფლარი კვალი ჩანს, რომლის ბოლოში პატარა ნიშია. ამ ნიშის მახლობლად აღმართული იყო "ერატიპა", რომელიც ამ რამოდენიმე წლის წინათ გადააგორეს მთის უკანა მხარეს, ტბისკენ, სადაც ახლა გდია. ნაციხარი კი რამდენიმე ზღუდიდან შესდგება. თვითეული რამდენიმე მეტრის სისქედ. ქვედა ნაციხარი მთის დავაკებულ ფერდობზე მდებარეობს ისე, რომ ყველა მხრიდან კლდეები არტყია, გარდა უკანა მხრისა, საიდანაც შეიძლება მასზე ასვლა. ხოლო ფართობი, რომელიც ნაციხარს უკავია, ერთიდაიმავე დონისა როდია: დასავლეთისკენ იგი უფრო მაღალია, ხოლო აღმოსავლეთისკენ დაქანებული. ნაციხარი ოთხკუთხედის გეგმისაა 3 ცილინდრული კოშკითურთ ჩრდილოეთის (უკანა) მხრიდან, რომლებიც ერთსა და იმავე ზომისა არ არიან (ტაბ.X). ზღუდეთაგან მეტ ნაკლებად დამაკმაყოფილებლად დაცულია ჩრდილოეთისა და დასავლეთისა (ტაბ.XI), ხოლო აღმოსავლეთისა და სამხრეთისა მთლად განადგურებულია. ოთხკუთხედის (ტაბ.XVIIა) ზომა შიგნით შემდეგია: სიგრძე 30 მეტრი, სიგანე 14 მეტრი; კედლის სისქე 2,5-3 მეტრი. ცილინდრული კოშკების დიამეტრი 9 მეტრი, შიგნითი 2,7 მეტრი. „ქოროღლი“-ს შესახებ გადმოგვცემენ შაბლონურ თქმულებას, ვითომც იგი „ყაჩაღ-ქოროღლი"-ს აშენებული იყოს, მაგრამ ეს, რასაკვირველია, შეცდომაა, რამდენადაც მე-XVI - XVIII სს. ფანტასტიური ქოროღლი უხსოვარი დროის მეგალითური ციხის აღმშენებელი ვერ იქნებოდა. ესევე ითქმის ყველა დანარჩენ „ქოროღლი"-ს ციხეებზე, რომლებიც მეგალითური სისტემისა არიან.
|