<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
მანგლისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.28
VI-VII საუკუნეებში გუმბათიან ნაგებობათა რამდენიმე ტიპი არსებობს: ტეტრაკონქების ვარიანტები, "თავისუფალი ჯვრის" ტიპი - აგრეთვე რამდენიმე ვარიანტით, "ჩახაზული ჯვრის ტიპი" და სხვ., ამ ტიპთაგან ადრინდელ ხანაში ყველაზე უფრო საინტერესო ევოლუცია ტეტრაკონქმა განვლო. ყველა ამ ეკლესიაში VII საუკუნემდე, წრომის ტაძრამდე, გუმბათი ეყრდნობა უშუალოდ კედლებს და არა ბოძებს. ცალკე მდგომი ბოძები მანამდე საერთოდ არ გვხვდება. ყველა გუმბათიანი ეკლესია (იმავე წრომამდე) ცენტრულია, ე.ი. მათი ორი ღერძი - აღმოსავლეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთისა - ან ერთნაირია, ან პირველი მხოლოდ ოდნავ სჭარბობს მეორეს. ადრინდელი ნიმუშები მცირე და მარტივია. შემდეგ, VI ს-ის მეორე ნახევარსა და VII ს-ში ზომებიც იზრდება და კომპოზიციებიც რთულდება. ერთი დამახასიათებელი მაგალითთაგანია შიომღვიმის სამონასტრის ძველი ეკლესია VI ს-ის 50-60იანი წლებისა (თბილისიდან 40 ოდე კმ. მანძილზე, ჩრდილო-დასავლეთით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე ეს მცხეთის რაიონია). ამგვარად, ეს ე.წ. "თავისუფალი ჯვრის" ტიპის შენობაა, ე.ი. მთელ ქრისტიანულ სამყაროში ფართოდ გავრცელებულ ტიპს მიეკუთვნება. მის ბირთვს შეადგენს რვანაწილედი შეკრული კამარით გადახურული ცენტრალური კვადრატი. შეკრული კამარა თავისი ფორმით სფერულ გუმბათს უახლოვდება. აქ უკვე მკაფიოდაა გამოსახული ქართული გუმბათების აღნაგობა: ნახევარსფერული ნაწილი, ე.ი. საკუთრივ გუმბათი, დამყარებულია ე.წ. გუმბათის ყელზე, რომელშიაც სარკმლებია გაჭრილი. ყელიანი გუმბათი თითქოს მეორე სართულია, შიგნითაც და გარეთაც იგი შენობის გვირგვინად, მის ხუროთმოძღვრულ დომინანტად იქცევა. ამ პერიოდის გუმბათის ყელი ჩვეულებრივ რვაწახნაგოვანი მოხაზულობაა, სარკმლები თითო წახნაგგამოშვებით აქვს, მისი სიგანე - მით უფრო გარედან - თვალსაჩინოდ სჭარბობს სიმაღლეს, ხოლო სახურავი უმეტესად რვაწახნაგოვანსავე პირამიდას წარმოადგენს. შიომღვიმის ძველი ეკლესია ასკეტურად უბრალო და მკაცრია. ეს არა მარტო მაშინდელი არქიტექტურის საერთო ხასიათს მიეწერება, არამედ მონასტრის დამაარსებლის პიროვნებასაც. იმ პერიოდში მოიძებნება მსგავსი გეგმის მქონე სხვა ნიმუშებიც და აგრეთვე "თავისუფალი ჯვრის" ტიპის ვარიანტებიც. გეგმით შიომღვიმის ეკლესიას უახლოვდება სოფ.იდლეთის "ნათლისმცემელი" (ქართლშია, კავთურის ხეობაში), რომელსაც აგრეთვე VI ს-ეს მიაკუთვნებენ, ამის ანალოგიური გეგმები კარგადაა ცნობილი სხვაგანაც, მაგ.მცირე აზიაში (იაგდებაში კაპადუკიაში, სიუთქილისე, დეგილე და სხვ.), დალმაციაში, სომხეთში (არტიკის ეკლესია) და სხვ. ეკლესია რიყის ქვითაა ნაშენი და კირქვის ფილებითაა მოპირკეთებული. მისი შესრულებაც ვერ დგას ნამდვილი მხატვრული სიმწიფის დონეზე, მაგრამ ორივე ეს ძეგლი საყურადღებოა, როგორც ამ თავისებური "მოსამზადებელი საფეხურის" დამახასიათებელი ნიმუშები. ტეტრაკონქის ერთი უადრესი ნიმუშთაგანია მანგლისის ტაძარი თავდაპირველი სახით, აგებული V ს-ის უკანასკნელ მეოთხედში, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გორგასალმა აქ ერთ-ერთი საეპისკოპო დააარსა. გეგმა მარტივი იყო: ცენტრალურ გუმბათქვეშა კვადრატს ოთხ მხრივ ბემების გარეშე ეკვროდა აფსიდები. მაგრამ გარედან ტეტრაკონქი არ ჩანდა. იგი ოქტოგონში(რვაწახნაგაში) იყო მოქცეული. დღეს ძნელია ტაძრის მაშინდელი სახის წარმოდგენა. რადგანაც XI ს-ში იგი საფუძვლიანად გადააკეთეს (იხ.ანოტაცია).
მანგლისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974, გვ. 145
მანგლისი თბილისიდან 60-ოდე კილომეტრზეა, სამხრეთ-დასავლეთით (ადმინისტრაციულად სოფელი თეთრიწყაროს რაიონში შედის). ეს ერთი უძველესი "ქრისტიანული" ადგილთაგანია საქართველოში - აქ უკვე IV ს. ოცდაათიან წლებში აუშენებაათ ქვის ეკლესია, ხოლო VI ს-ში მანგლისი ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. ახალი ეკლესია, ნაცვლად თავდაპირველისა, ააგეს V ს-ის მეორე ნახევარში, როდესაც ვახტანგ გორგასალმა მანგლისის საეპისკოპოსო დააარსა. XI ს-ის პირველ მეოთხედში, გიორგი I დროს (1014-1027), ტაძარი საფუძვლიანად გადააკეთეს და გააფართოვეს. თავდაპირველად იგი წარმოადგენდა გარედან რვაკუთხედში მოქცეულ მარტივ ტეტრაკონქს. ახლა მას წაუმატეს აღმოსავლეთი მხარე, მიაშენეს სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები. მთელი შენობა ახალ პერანგში ჩასვეს და აბლებურად XI ს-ის მოთხოვნილების შესაბამისად - მოაჩუქურთმეს. გარდა ფასადთა ჩუქურთმებისა (სარკმელთა საპირეები, კარნიზები), მდიდარი და საინტერესოა კარიბჭეთა მორთულობა, კერძოდ, სამხრეთი კარიბჭის ვარსკვლავისებრი კამარა. შიგნით დარჩენილია XI ს. პირველი მეოთხედის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. XIX ს-ის რემონტის დროს ეკლესიას ზოგი უცხო ხასიათის დეტალი შეემატა. თავდაპირველი ტეტრაკონქის ზომები გარედან: სიგრძე - 16,5 მ., სიგანე 16 მ., ახლანდელი ძეგლის გარე ზომები კარიბჭეების გარეშე: სიგრძე - 22,5 მ., სიგანე - 16 მ., სიმაღლე - 23,5 მ.
|