There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დასაწყისი...<<<საინტერესო სტატიები>>>
გიორგი ქავთარაძე
(ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და
ეთნოლოგიის ინსტიტუტი)
“არიან - ქართლის” საკითხისათვის
(ნაწილი III)
დასაწყისი (ნაწილი I) <<< გაგრძელება (ნაწილი II)
დასასრული (ნაწილი IV)
ერთი რამ, ვფიქრობ, ცხადია: არიანეს ტექსტი ეხება შავიზღვისპირეთს და არა ცენტრალურ აზიას: გარდა იმისა, რომ მასში მოხსენიებული არიან კოლხები, ამაძონელები და ექვსინის პონტო, ამასვე უნდა მოწმობდეს თვით ალექსანდრეს სიტყვები, რომ მხოლოდ ჰელესპონტოსა და პროპონტიდისის გავლით საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ (ე.ი. შორეული ლაშქრობიდან გამობრუნების შემდეგ), გაემართებოდა იგი პონტოსკენ და ამისათვის გამოიყენებდა როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ძალებს. ეს უკანასკნელი შენიშვნა – ”საზღვაო ძალების გამოყენება” – შეუძლებელს გახდიდა ცენტრალურ აზიაში მის უკან დაბრუნებას და, შესაბამისად, იქ მყოფი ფარასმანესისათვის დახმარების გაწევას. საფიქრებელია, რომ ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არა მხოლოდ ქართული მატიანეების ქართველთა ”პირველსაცხოვრისია” საძებარი, რომლის შესახებაც სავარაუდოდ არსებული გადმოცემა შესაძლოა შერწყმოდა ”მეგასთენესეულ” ცნობას პირენეს იბერიიდან ანუ არიან-ქართლიდან ქართველთა ლეგენდარული გადმოსახლების შესახებ, არამედ კოლხებთან და ამაძონელებთან მებრძოლი ფარასმანესის ქვეყანაც. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ თუ ერთი მხრივ, არიანეს მიერ მოხსენიებული ხორაზმიელთა მეფე ფარასმანესი ალექსანდრეს დახმარებას ელოდებოდა თავისი მეზობლების – კოლხებისა და ამაძონელების – წინააღმდეგ, მეორე მხრივ, ქართული და სომხური მატიანეების ცნობით, ალექსანდრე დიდმა ქართლში მოსვლის შემდეგ ამ ქვეყნის მმართველად თავისი ”პროტეჟე” (აზო/აზონი თუ მიჰრდატ/მითრიდატე) დაადგინა.
შესაბამისად, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს ვარაუდი, რომ ეს ორი ცნობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული ანუ, ანატოლია-კავკასიის მიჯნაზე განლაგებული რომელიღაც ქვეყნის სახელი ყოფილიყო აღრეული ცენტრალურ აზიაში მდებარე ქვეყნის – ხორეზმის სახელწოდებასთან და ტერმინ ”ჰესპერიტების” მსგავსად ამ შემთხვევაშიც საქმე გვქონდეს ეთნონიმისა თუ ქორონიმის მცდარ გამოყენებასთან. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს სტრაბონის ცნობა, რომ სომხებმა თავისი ქვეყანა განადიდეს იბერთაგან გოგარენეს გარდა პარიადრის მთიანეთისა და ხორძენეს ჩამოჭრით [21, XI, XIV, 5]. ეს მოვლენა ალექსანდრეს ეპოქასთან შედარებით უფრო გვიანდელი ხანით – ადრეული ძვ.წ. II საუკუნით თარიღდება. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს მოხდა იბერიული პროვინციის – ხორძენეს მისაკუთრების შედეგად სომხური მიწების გაფართოება მდინარე მტკვრამდე [შდრ., 21, XI, XIV, 5; I, III, 21; 69, XXXIV]. ხორძენე, როგორც ჩანს, ძირითადად მოიცავდა ძველ ქართულ პროვინციებს – კოლასა და არტაანს. ამავე დროს, არსებობს შესაძლებლობა ცნება ”ხორძენეს” გავრცობისა უფრო ვრცელ ტერიტორიაზე, მასში ნაწილობრივ ტაო-კლარჯეთის მოქცევის ხარჯზე. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ კოლა-არტაანისა და ტაო-კლარჯეთის გამყოფი არსიანის ქედი (დღევ. იაზლინჯამ დაღლარი) გიორგი მერჩულის X საუკუნის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში, ”ცხოვრება წმ. გრიგოლ ხანძთელისა” მოხსენიებულია ”ხორასუნთა მთათა” სახელწოდებით: ”რამეთუ ოდესმე ზაფხულისა ჟამსა მთათა მათ ხორასუნთა გარდამოვიდოდა იგი20 და მის თანა ძმანი. და იხილეს ადგილი მარჯვე და პურისა ჭამად დასხდეს” [70, 280]. ამრიგად, შესაძლებელი ჩანს, რომ ფლავიუს არიანეს ”ალექსანდრეს ლაშქრობის” ტექსტში ხორაზმიელთა მეფის ფარასმანესის სახელს იბერიული მხარის – ხორძენეს მმართველი იყოს ამოფარებული, მით უმეტეს, რომ სახელი ”ფარასმანესი” ხშირად არის დადასტურებული იბერიაში. ასეთ შემთხვევაში არიანეს ინფორმაცია და ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” ცნობა ”ფსევდო-არიან-ქართლის” (ამ ტერმინში პირობითად ვიგულისხმოთ რომელიღაც სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქართული მხარე) მეფისა თუ მმართველის ძის აზოს შესახებ, რომელიც ალექსანდრე დიდის (უფრო კი, სავარაუდოდ, მის მხედართმთავართა თუ მათ მემკვიდრეთა) დახმარებით გამეფდა მცხეთაში, არ არის გამორიცხული, რომ ერთი და იმავე მოვლენის გამოძახილი ყოფილიყო. ქართულ და სომხურ მატიანეებში მოხსენიებული პირველი ქართველი მეფის – აზოს თუ მითრიდატე/მიჰრდატის შესახებ არსებულ ინფორმაციებში ნაგულისხმევი პრობლემის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ძვ.წ. გვიან IV – ადრეულ III საუკუნეების ცენტრალურ ამიერკავკასიაში მართლაც ჰქონდა ადგილი გარკვეულ მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს (იბერიის) ისტორიული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიშანსვეტთან – სახელმწიფოებრიობის წარმოქმნასთან. ქართულ და სომხურ მატიანეთა მონაცემები აღადგენენ იმ მოვლენებს, რომელთაც საწყისი სტიმული ალექსანდრე დიდის მიერ აქემენიდთა იმპერიის დაპყრობით მიეცათ და რომლებსაც პოსტ-ალექსანდრულ ხანაში აღმოსავლეთქართული (იბერიული) სახელმწიფოს წარმოქმნა-ჩამოყალიბება უნდა გამოეწვია. /გვ. 41/ ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ”მეფეთა ცხოვრება” აშკარა შეუსაბამობას ავლენს ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” ზემოთ მოყვანილ ცნობასთან. სათანადო ადგილი ”მეფეთა ცხოვრებიდან” გვამცნობს, რომ ”დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი, და მოსრნა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი... და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი, და დაუტევა მათ ზედა პატრიკად სახელით აზონ, ძე იარედოსისი, ნათესავი მისი ქუეყანით მაკედონით, და მისცა ასი ათასი კაცი ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰქÕან ფროტათოს. ესე ფროტათოსელნი იყვნეს კაცნი ძლიერნი და მвნენი, და ეკირთებოდეს ქუეყანასა ჰრომისასა. და მოიყვანნა ქართლად, მისცა აზონს პატრიკსა. და დაუტევა ქართლს ერისთავად აზონ, და მის თანა სპანი იგი, მპყრობელად ქართლისა” [34, 18]. როგორც ვხედავთ, ”მეფეთა ცხოვრებისათვის” არიან-ქართლის მეფის ძე აზო მაკედონელი აზონია. გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ არიან მოხსენიებული მაკედონელი აზონისადმი დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილები რომაელ ჯარისკაცებად. ”მეფეთა ცხოვრების” ავტორისათვის, ისევე როგორც ადრეული შუასაუკუნეების ქართული ლიტერატურისათვის, ხომ კარგად არის ცნობილი განსხვავება რომაელსა (ჰრომი) და ბერძენს (ელინი) შორის21. ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” აზოს პიროვნების მორგების საჭიროებამ ”მეფეთა ცხოვრების” კონცეფციასთან ქართველთა ავტოქტონობისა და მათი პირველი, ადგილობრივი მეფის ფარნავაზის შესახებ `მეფეთა ცხოვრების» ავტორი (თუ რედაქტორი) აიძულა, აზო ”მაკედონელი” აზონით, ხოლო აზოს თანამემამულეები არიან-ქართლიდან – აზონის თანმხლები ”რომაელი ჯარისკაცებით” – ”ფროტათოსელებით” შეეცვალა [შდრ., 34, 18].
გ.მელიქიშვილის აზრით, ციკლები აზოსა (=მიჰრდატს, მოვსეს ხორენაცის ”სომეხთა ისტორიიდან”) და ფარნავაზის შესახებ, შესაძლოა, ადრე ერთმანეთის დამოუკიდებლად არსებობდნენ, ანდა იქნებ სულაც იბერიის სამეფოს წარმოქმნის შესახებ არსებული ერთი და იმავე ამბის იმ ვარიანტებს წარმოადგენდნენ, რომლებიც ”მეფეთა ცხოვრების” ავტორმა გვიანდელ ლიტერატურულ ვერსიაში გააერთიანა [შდრ., 4, 280შმდ.]; მაგრამ თუკი ამბავი აზონის მიერ წამოყვანილი ასი ათასი (?! - გ.ქ.) რომაელი ჯარისკაცის შესახებ, რომელთა ნაწილიც შემდგომში ადგილობრივ მოსახლეობაში იყო გათქვეფილი [34, 25], მთლიანად იყო გამოგონილი მემატიანის მიერ და დამატებული ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” სიუჟეტზე ქართველთა პირველი მეფის – აზოს შესახებ (როგორც ეს უკვე ადრე იყო ნავარაუდევი) [4, 39], რა მიზეზის გამო იყვნენ ისინი წოდებულნი ”მეფეთა ცხოვრებაში” ”ფროტათოსელებად” [34, 18], რაც ფროტათოს ხალხს უნდა ნიშნავდეს?! დანამდვილებით ხომ არავინ იცის ეს ტერმინი, ”ფროტათოსელნი”, რას ნიშნავს, ან სად იყო ”ფროტათოს ხალხის” სამშობლო? ი. გაგოშიძის შეხედულებით, ტერმინი ”ფროტათოსელნი” შესაძლოა მომდინარეობდეს ბერძნული πρότακτος-იდან, რაც ნიშნავდა დაწინაურებულს, წინა ხაზზე მდგომს, მაგრამ ”მეფეთა ცხოვრების” ავტორმა იგი მნიშვნელობის გაგების გარეშე გამოიყენა [71, 97; შდრ., 72]. უკანასკნელ ხანებში ნავარაუდევი იყო ისიც, რომ ტერმინი ”ფროტათოსელნი”, შესაძლოა, მომდინარეობდეს მოწინავე რაზმის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვიდან: πρό-τασιςπρό-τασσω, რომელიც გამოყენებული იყო ალექსანდრე დიდის დროინდელი სამხედრო კორპუსის აღმნიშვნელად [73, 160]. ვფიქრობთ, ტერმინ ”ფროტათოსელნის” ახსნა ბერძნული სიტყვის πρότασις, πρότασσω-ის მეშვეობით, უფრო სარწმუნო გახდებოდა, თუ მხედველობაში მივიღებთ ამავე ბერძნული სიტყვის ატიკურ ფორმას: πρόταττω, უფრო ახლო მდგომს ქართულ ტერმინთან – ”ფროტათოს”. როგორც ცნობილია, ატიკური დიალექტი გამოყენებული იყო მაკედონელთა მიერ ჯერ კიდევ ალექსანდრეს მამის – ფილიპე II-ის ხანაში და შემდგომში, ალექსანდრეს არმიის ექსპანსიასთან ერთად, ფართოდ გავრცელდა მთელს ელინისტურ სამყაროში, წარმოადგენდა რა ძირითად სამწერლობო ენას კლასიკური ბერძნული ლიტერატურისათვის. ვინაიდან ეს სიტყვა ატიკურ დიალექტზე ნიშნავს ”ადგილს ან სადარაჯოს წინა ხაზზე”, ”დგომას ვინმეს წინ მისი დაცვის მიზნით, წინ აფარებას” [იხ.74, 1534], იგი თვით კავკასიის ჭიშკრისა ანუ ალექსანდრეს სვეტების უშუალოდ სამხრეთით მდებარე იბერიის სამეფოსა და საზოგადოდ მთელი ამიერკავკასიური არეალის ისტორიულ დანიშნულებას გამოხატავს და, შესაძლოა, სწორედ ამის გამო მომხდარიყო მასთან რომელიღაც სხვა სიტყვის კონტამინაცია. ტერმინ ”ფროტათოსთან” დაკავშირებით, ჩემი აზრით, არსებობს განსხვავებული ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობაც (იხ.ქვემოთ). ნიშანდობლივია, რომ ქართულმა მატიანეებმა ვერ შემოინახეს ამიერკავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში რომაელთა ინტენსიური აქტიურობის შესახებ ცნობები, არადა რომაელთა კავკასიური პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას უხვად გვაწვდიან ბერძნული და რომაული წერილობითი წყაროები. პონტოს მეფის, მითრიდატე VI ევპატორის სიკვდილისა და სომხეთის მეფის, ტიგრან II-ის კაპიტულაციის შემდეგ (ორივე ამ მოვლენას ადგილი ჰქონდა ძვ.წ. 66 წ.) რომაელებმა განსაკუთრებული მცდელობა გამოავლინეს ამიერკავკასიაში თავისი გავლენის გაფართოებისათვის. ისევეროგორც /გვ.42/ სხვა, აქ მოქმედ მათივე წინამორბედი ძალებისათვის, მათთვისაც ამ რეგიონს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ჩრდილოეთის ბარბაროსი ტომების შემოსევის საწინააღმდეგო თავდაცვით ჯებირს. ამასთანავე, სავაჭრო გზების მეშვეობით ამიერკავკასია შავი ზღვის არეალს აკავშირებდა ცენტრალურ აზიასთან, ინდოეთსა და ჩინეთთან. პლინიუს უფროსიდან (23-79 წწ.) მომდინარე ინფორმაციით, ჯერ კიდევ პომპეუს დიდის (გნეუს პომპეუს მაგნუსი, ძვ.წ. 106-48 წწ.) პირველი კავკასიული ექსპედიციის (ძვ. წ. 65 წ.) წევრი, მარკუს ვარო (ძვ.წ. 116-27 წწ.) იუწყებოდა, რომ მათი ექსპედიციის ხანაში არსებული ინდოეთის სავაჭრო გზა, მდინარეების – ბაქტრუსისა და ოქსის გაყოლებით ბაქტრიაზე გამავალი, კასპიის ზღვას კვეთდა, ხოლო შემდეგ მდ. მტკვრის აყოლებით მდ. ფასისამდე და ამ უკანასკნელის საშუალებით შავ ზღვამდე აღწევდა [75, VI, 51 შმდ.]. პომპეუსის ექსპედიცია იყენებდა შავი ზღვის სანაპიროდან კასპიის ზღვამდე მიმავალ ძველ სატრანზიტო გზას – გარემოება, რომელიც ამ გზის მიმართ რომაელთა დიდ ინტერესზე მიგვანიშნებს [4, 325; 76, 31]. ახ. წ. I საუკუნის მეორე ნახევარში ამიერკავკასიაში ”ველური ჩრდილოეთიდან” მომთაბარეთა შემოსევის საშიშროება, ეტყობა, საკმაოდ აქტუალური იყო. რომაული სამხედრო ძალების კონცენტრაცია აღმოსავლეთ საზღვარზე და მისი კონტურების გარეთაც, უნდა აიხსნას არა მხოლოდ საკუთარი აღმოსავლური პროვინციების დაცვის საჭიროებით, არამედ მათი ძირითადი პოლიტიკური ამოცანის კონტექსტშიც: უპირატესობა მოეპოვებინათ პოლიტიკური ზეწოლის ინტენსიურობის მხრივ ისეთი უდიდესი საკვანძო მნიშვნელობის არეალზე, როგორიც იყო კავკასია; ქედს გადაღმა, ჩრდილოეთით განთავსებული უზარმაზარი სამხედრო ძალა პერმანენტულ მზადყოფნაში იმყოფებოდა კავკასიონის სამხრეთით მიმდინარე პროცესებში ჩარევისათვის. ამ ძალას ნებისმიერ დროს შეეძლო დაერღვია წინააზიურ-ახლოაღმოსავლურ არეალში არსებული გეოპოლიტიკური ბალანსი. კავკასიონის უღელტეხილების კონტროლის საშუალებით იქმნებოდა მეტად ხელსაყრელი შესაძლებლობა წინა აზიაში Pax Romana-ს ჩამოყალიბება-შენარჩუნებისათვის. ამავე დროს, ამიერკავკასიაში რომაელთა ძირითადი ამოცანა, ვფიქრობთ, იყო არა იმდენად კავკასიაში ჩრდილოეთიდან გადმოსული ბარბაროსებისათვის გზის გადაკეტვა, რამდენადაც საკუთარი სტრატეგიული ინტერესებისათვის მათი დაქვემდებარება. უკვე ასეთი საშიშროების არსებობის შესაძლებლობაც კი თავისთავად წარმოადგენდა რომაელთა ხელში მნიშვნელოვან იარაღს, მიმართულს მათი აღმოსავლელი ოპონენტების საწინააღმდეგოდ. ისეთი ძნელად სამართავი ძალებით მანიპულირება, როგორიც ჩრდილოელი მომთაბარეები იყვნენ, უკიდურეს მძიმე და სახიფათო ამოცანას წარმოადგენდა და რეგიონში რომის სამხედრო ნაწილების ყოფნას მოითხოვდა. რომაელთა გეგმების განსახორციელებლად აუცილებელი ხდებოდა კაპადოკიაში არმიის ერთეულების, ხოლო ამირკავკასიაში – გარნიზონების დგომა. მოკავშირე რეგიონალური ძალაუფლების არსებობა რომაელებს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებდა მეტოქეებთან დაპირისპირებისას. ამ თვალთახედვით კავკასიის კარიბჭეზე გაბატონებულ იბერთა მიმხრობა უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი უნდა ყოფილიყო. თავისი ზეობის წლების მიწურულს (66-67 წწ.) იმპერატორმა ნერონმა (54-68 წწ.) ახალი კავკასიური ექსპედიციის გრანდიოზული გეგმა წამოიწყო [75, VI, 15, 40]. ფიქრობენ, რომ იმ ხანად იგი დარიალის უღელტეხილის გადალახვით იმიერკავკასიის დალაშქვრას აპირებდა [77, 43შმდ.], რაც, რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა კავკასიონის მთავარ ქედს აქეთ გადმოსულ და შესაძლოა ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში მოკალათებულ ალანებთან მიმართებაში ეს ლაშქრობა სავსებით მოსალოდნელი იქნებოდა. ტაციტუსის (დაახლ. 56-117 წწ.) ინფორმაციით, ნერონმა მრავალ სამხედრო ნაწილს (გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, ილირიიდან) მოუყარა თავი კასპიის გადასასვლელებისაკენ გასაგზავნად, იმ ექსპედიციისათვის, რომელიც ალბანელთა წინააღმდეგ მზადდებოდა [78, 1,6,2]. იმპერიის დასავლეთში მომხდარი აჯანყების გამო ნერონის გეგმა ჩაიშალა, მაგრამ, როგორც ირკვევა, იგი ძირითადად აღსრულებული იქნა ფლავიუსი იმპერატორის – ვესპასიანეს (69-79 წწ.) მიერ. ვესპასიანეს ხანაში კაპადოკიის პროვინციის ორი ლეგიონითა და კონსულის რანგის მმართველით გაძლიერება სწორედ ბარბაროსთა გამუდმებული თავდასხმებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. რომაული ლეგიონის – XVI Flavia Firma-ს სირიიდან სატალაში (მცირე არმენია) გადანაცვლების თარიღი – ახ.წ. 77 წელი და Legio XII Fulminata-სთან ამ ლეგიონის ერთ საექსპედიციო კორპუსად გაერთიანება, ალანთა შემოსევისა და, იმავდროულად, რომაელთა კონტრშეტევის მაუწყებლად არის მიჩნეული. ეს თარიღი დადასტურებას ჰპოვებს და კიდევ უფრო დიდი სიზუსტითაც კი შეიძლება იყოს განსაზღვრული რომაელთა მიერ იბერებისათვის ჰარმოზიკეს (ანუ არმაზციხის), გამაგრებაში გაწეული დახმარების გათვალისწინებით, რასაც ადგილი ჰქონია ახ. წ. 75 წელს. ალბათ დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმის განსაზღვრას, თუ რა ხასიათისა იყო ეს მოვლენა: წარმოადგენდა იგი გამაფრთხილებელ ზომას მტრის თავდასხმის მოლოდინში, თუ მხოლოდ ამ თავდასხმის შედეგი იყო [79, 48]22 . ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ფაქტი მოწმობს, რომ ახ.წ. 75 წ. რომაელთა /გვ.43/ საჯარისო ნაწილები და მშენებლები უკვე იბერიაში არიან და შესაბამისად მათი სამხედრო ექსპედიცია ამ თარიღზე უფრო ადრე უნდა იყოს დაწყებული [79, 48]23. ინფორმაცია იბერიაში რომაელთა აქტიურობის შესახებ მოცემულია ბერძნულენოვან წარწერაში, რომელიც იბერიის უძველესი დედაქალაქის – არმაზის უშუალოდ სამხრეთ-აღმოსავლეთით იყო ნაპოვნი24. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ვინმე მარკუს ჰირიუს ფრონტო ნერატიუს პანსას წარწერა სეპინუმიდან (თანამედროვე სეპინო, ტერავეკიაში, იტალია)25 შემდეგნაირად გვამცნობს მის თანამდებობას: “leg(atus) pr(o) pr(aetore) [imp(eratoris) Caesaris Vespasiani Aug(usti) exercit]us qui in A[---]”. ვინაიდან ამ წარწერაში გვხვდება გამოთქმა: “exercitus qui in... est” და არა ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევაში გამოყენებული ფორმულა: “exercitus qui est in...”, მ.თორელი დაასკვნის, რომ ამ შემთხვევაში აღნიშნულ თანამდებობას კავშირი არა აქვს საზღვარზე მყოფ შეიარაღებული ძალების ჩვეულებრივ სარდალთან. მისი აზრით, ჰირიუს ფრონტოს თანამდებობა, წარწერის მიახლოებული თარიღისა (ახ. წ. 75 წ., ალანთა პართიაში შესევისა და იბერთა მეფისათვის თავდაცვითი გალავნის აგების ხანა) და ამ პიროვნების განსაკუთრებული გამოცდილების გათვალისწინებით აღმოსავლეთის პოლიტიკურ და სამხედრო საქმეებში, ინტერპრეტირებული უნდა იყოს აღმოსავლური ექსპედიციის მთავარსარდლის შესატყვისად, და ამის შესაბამისად, წარწერის ტექსტი დასრულებული უნდა იყოს შემდეგნაირად: “leg(atus) pr(o) pr(aetore) [imp(eratoris) Caesaris Vespasiani Aug(usti) exercit]us qui in A[rmeniam Maiorem an in A[lanos anda in A[lbanos missus est---]” [83, 172შმდ.]. ამის საწინააღმდეგოდ მ. ჰაილს გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ შესაძლოა აფრიკა ყოფილიყო ჰირიუს ფრონტოს ექსპედიციის მიზანი და, შესაბამისად, ზემოთ მოცემული ლაკუნა შევსებულიყო როგორც: Africae (exercit]us qui in A[fricae) [84, 165-184), იხ.80, შდრ., აგრეთვე, 85, 844]. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ აღმოსავლეთში, იმპერიის ჩრდილოეთ საზღვართან ვესპასიანეს მმართველობის ხანაში არსებულ პოლიტიკურ კონიუნქტურას, ევფრატისპირეთსა და ამიერკავკასიას ერთმნიშვნელოვნად უნდა მიენიჭოს უპირატესობა აფრიკასთან შედარებით. ნერონის სიკვდილის ხანისათვის (ახ.წ. 68 წ.) რომის იმპერიის აღმოსავლეთის სასაზღვრო ზოლი ზეუგმადან (ევფრატზე, სამხრეთ თურქეთში) ტრაპეზუნტამდე (თანამ. ქ. ტრაბზონი, შავ ზღვაზე) ფაქტობრივად დაუცველი იყო. კომაგენისა და მცირე არმენიის ანექსიით, კაპადოკიისათვის ლეგიონების დამატებით და სამოსატაში (მდ. ევფრატის დასავლეთ ნაპირზე, თანამ. ქ.შამშათთან) ახლად დაარსებული ლეგიონისათვის (Legio XVI Flavia Firma) პერმანენტული ბანაკის მოწყობით ვესპასიანემ ძირეულად შეცვალა რეგიონში ძალთა განლაგება [86, 60]. ამ ღონისძიებებს არ შეიძლებოდა პართიის ხელისუფალთა წინააღმდეგობა არ გამოეწვია. ვესპასიანეს ეპოქაში ურთიერთობა რომსა და პართიას შორის გაუარესდა, სულ უფრო აშკარა გახდა სამხედრო კონფრონტაცია რომაელთა და პართელთა შორის [იხ. 79, 40შმდ.]. ახალი იმპერატორი, ნერონისაგან განსხვავებით, სულაც არ იყო ანთებული სურვილით, ჰქონოდა პართელებთან საერთო თავდაცვითი პროექტები. იგი ამჯობინებდა, რომ მისი გეგმები არა მარტო დამოუკიდებელი ყოფილიყო პართელებისაგან, არამედ გარკვეულწილად განპირობებულიც კი ყოფილიყო საჭიროებით, დაეძლია მათი ტრადიციული, თუმცა არა ყოველთვის ადვილად შესამჩნევი ოპოზიცია აღმოსავლურ საკითხებში. რომისა და პართიის სამხედრო კონფრონტაციის არსებობაზე მიგვანიშნებს ვესპასიანეს მიერ დაახლ. 75-78 წწ. უხვად გაცემული საიმპერატორო ჯილდოები თუ საპატიო ტიტულები, საგანგებოდ მოჭრილი მონეტები და სამხედრო წარმატებების მიღწევის გამომხატველი სხვა ნიშნები; ამას საფუძვლად, მკვლევართა აზრით, უნდა დასდებოდა სირიის ნაცვლის მარკუს ულფიუს ტრაიანეს (დაახლ. 30-99 წწ., რომის მომავალი იმპერატორის ტრაიანეს მამის) მიერ დაახლ. 75-76 წწ. პართელებთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება. იმ გარემოებას, რომ ბრძოლა სწორედ პართელებთან უნდა მომხდარიყო, გარდა იმ ხანად შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურისა, ფაქტობრივად მოწმობს პლინიუს უფროსის ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ უმცროსმა ტრაიანემ (53-117 წწ.), მომავალმა იმპერატორმა, მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ მოიპოვა ”პართული დაფნა” (Parthica laurus). /გვ.44/ სწორედ ამავე ფუნქციურ და ქრონოლოგიურ ჩარჩოებში უნდა მოთავსდეს ჰირიუს ფრონტოს კარიერის ამსახველი სეპინუმის წარწერის ზემოთ მოყვანილი ცნობაც მის მიერ ახალი თანამდებობის მიღების შესახებ [87, 55-57; 86, 62]. რომაელთა, პართელთა და ალანთა მძაფრი ურთიერთდაპირისპირების პირობებში, მართლაც, ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ახლად ჩამოყალიბებული სამხედრო საექსპედიციო კორპუსი აფრიკაში გასაგზავნად ყოფილიყო გამიზნული და არა კავკასიონის მიმდებარე მხარეებისაკენ. ახ.წ. I საუკუნის მეორე ნახევარში რომაელთა დიდი ძალისხმევა აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც მნიშვნელოვანწილად იყო დაკავშირებული ამიერკავკასიაში მათი სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური ზეგავლენის შენარჩუნებასთან და, კერძოდ, კავკასიონის უღელტეხილების კონტროლთან, თითქოს სრულიად უცნობია ქართული მატიანეებისათვის; მაგრამ თუ გავითვალისწინებდით ქართლის ცხოვრებისეული აზონის თანამებრძოლი ფროტათოსელების შესახებ ცნობას, შესაძლებლობა მოგვეცემოდა ეს ამბავი კავკასიაში რომაელთა აქტიურობის ხანისათვის დაგვეკავშირებინა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ზემოთ უკვე იყო აღნიშნული, ”მეფეთა ცხოვრების” ტექსტში აზონის მებრძოლნი მოიხსენიებიან არა ”`მაკედონელებად” ან ”ბერძნებად”, არამედ ”რომაელ ჯარისკაცებად”, უფრო ზუსტად: ”ასი ათას კაცად ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰქÕან ფროტათოს” და რომელნიც, ამავე დროს, ”ეკირთებოდეს ქუეყანასა ჰრომისასა” [34, 18]. ერთი შეხედვით ტექსტში აშკარაა წინააღმდეგობაა: რომაული ქვეყნის ფროტათოს მოსახლეობა ფროტათოსელნი, იგივე ”ჰრომნი” [შდრ., 34, 22-23, 25-27], ალექსანდრე მაკედონელის ანუ ბერძნების ბატონობის ხანაში ეკირთებიან (ანუ ავიწროებენ, აწუხებენ, არბევენ) [იხ.40, 199] რომს. ამავე დროს იმავე ტექსტიდან ვიცით, რომ რომაელები ბერძნების წინააღმდეგ მებრძოლი ძალაა: ”და ვერღარა იძიეს შური ბერძენთა მის [ფარნავაზს, – გ.ქ.] ზედა, რამეთუ უცალო იყვნეს ბერძენნი ბრძოლისაგან ჰრომთასა” [34, 25]; თუმცა ეს წინააღმდეგობა ადვილი ასახსნელია, თუ დავუშვებთ, რომ ”მეფეთა ცხოვრებაში” ან იმ ტექსტში, რომლისგანაც არის დასესხებული მოცემულ შემთხვევაში ეს თხზულება, საუბარია არა ალექსანდრე დიდის, არამედ რომის იმპერიის ხანაზე. როგორც ვიცით, რომაულ ლეგიონებში სხვადასხვა დაქვემდებარებული მხარეებიდან უყრიდნენ თავს ჯარისკაცებს. გავიხსენოთ, თუნდაც ტაციტუსის ზემოხსენებული ცნობა [78, 1,6,2] ნერონის შესახებ, როდესაც მან რომის იმპერიაში შემავალი სხვადასხვა მხარეებიდან – გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, ილირიიდან – მრავალ სამხედრო ნაწილს მოუყარა თავი კასპიის გადასასვლელებისაკენ გასაგზავნად. აღსანიშნავია, რომ სწორედ ნერონის ხანაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა კავკასიისაკენ რომაული სამხედრო ნაწილების გაგზავნის საჭიროება ჩრდილოეთიდან მოსალოდნელი შემოსევის აღსაკვეთად. ახ.წ. I ს. 50-60-იან წლებში, კაპადოკიასა და არმენიაში კორბულოს (Gnaeus Domitius Corbulo, დაახლ. 7–67 წწ.) მხედართმთავრობისას, იბერი ცხენოსნები რომაელთათვის მნიშვნელოვან დამხმარე ძალას წარმოადგენდნენ [იხ.86, 319].
ვესპასიანეს დროს ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეს თან დაერთო პართიის მიერ გამოვლენილი რომაელთათვის არასასურველი მისწრაფება – გაეფართოვებინა კონტროლი სასაზღვრო რეგიონებში. შექმნილ ვითარებაში ვესპასიანეს მიერ იბერთათვის არმაზციხის გალავნის კედლის გამაგრება, როგორც ამას ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, აღმოსავლური ექსპედიციის მთავარსარდლის – ჰირიუს ფრონტოს უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით უნდა ჩატარებულიყო [88, 118-119, შდრ., 124 შენ.47; 87, 56]. აშკარა ხდება, რომ არა უგვიანეს ახ.წ. 75 წ. რომაელთა სამხედრო ნაწილები და, სავარაუდოდ, ჰირიუს ფრონტოც იბერიაში იმყოფებოდნენ [86, 64]. ვინაიდან ”მეფეთა ცხოვრებაში” გამოყენებული სიტყვა ”ფროტათოსელნი” [34, 18], მიუხედავად უკვე გამოთქმული არა ერთი ვარაუდისა (იხ. ზემოთ), არ შეიძლება ყოფილიყო ბერძნული πρότακτος-იდან მომდინარე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ფ გადმოსცემს ბერძნულ φ-ს, და არა π-ს26, თითქოს უფრო შესაძლებელი უნდა ჩანდეს სიტყვა ”ფროტათოსელნი” (რაც ფროტათოს ხალხს უნდა ნიშნავდეს) დავუკავშიროთ ვესპასიანეს ხანის მთავარსარდლის – ჰირიუს ფრონტოს სახელს. /გვ.45/ ცნობილია, რომ მაშინაც კი, როდესაც სამხედრო ნაწილებს მუდმივი სახელი ჰქონდათ მინიჭებული, ისინი მაინც, სიმარტივისათვის თუ პირფერობისათვის, მათი სარდლის სახელით მოიხსენიებოდნენ [92, 165-172]. შესაძლოა, რომ ეს ტერმინი – ”ფროტათოსელნი” – თავდაპირველად აღნიშნავდა ჰირიუს ფრონტოს ხელქვეით მყოფ სამხედრო ერთეულს და შემდგომში (ჯერ კიდევ ”მეფეთა ცხოვრების” შედგენამდე) გაგებული იყო, როგორც ბერძნული სიტყვა – πρόταττω, მნიშვნელობით ”ადგილი ან პოსტი რაიმეს წინ” (იხ. ზემოთ)27. გარდა ამისა, ”მეფეთა ცხოვრების” ფროტათოსელთა წინამძღოლის აზონის წოდება – ”პატრიკი” [34, 18], ჩვეულებრივ, თარგმნილი – ”პატრიციად” (პატრიციან) [89, 25], შესაძლოა ჰირიუს ფრონტო ნერატიუს პანსას ტიტულის – adlectio inter patricios – გამოხატულებას წარმოადგენდეს, რომელიც მან ახ.წ. 73/74 წწ. ანუ უშუალოდ აღმოსავლური ექსპედიციის დაწყებამდე მიიღო [შდრ., 80, 41; 85, 844]. თუ ტერმინი ”ფროტათოსელნი” მართლაც ჰირიუს ფრონტოს სახელს უკავშირდება, შესაძლებლობა მოგვეცემოდა, აქამდე არსებულ ცნობებთან ერთად, ქართული მატიანის მონაცემების გათვალისწინებით კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობა შეგვეძინა სადღეისოდ მკვლევართა უმეტესი ნაწილის მიერ გაზიარებული ვარაუდისათვის ჰირიუს ფრონტო ნერატიუს პანსას კავკასიური აქტიურობის შესახებ და ეს გარემოება მიგვეჩნია მის მიერ მსგავსი თანამდებობის მიღების დასტურად; ამ შემთხვევაში ახალი შუქი მოეფინებოდა ”მეფეთა ცხოვრების” ზოგიერთ დღემდე გაურკვეველ ცნობასაც28. ჩვენთვის მაინც გაურკვეველი რჩება, თუ რომელი კონკრეტული ამიერკავკასიული რეგიონი უნდა ყოფილიყო მ.ჰირიუს ფრონტოს ექსპედიციის მოქმედების ობიექტი. თუ მხედველობაში მივიღებთ ტაციტუსის ზემომოყვანილ ცნობას იმის თაობაზე, რომ ჯერ კიდევ ნერონმა მოუყარა თავი მრავალ სამხედრო ნაწილს კასპიის გადასასვლელებისაკენ გასაგზავნად და ალბანელთა დასალაშქრავად (“quos idem Nero electos praemissosque ad claustra Caspiarum et bellum quod in Albanos parabat”) [78, 1,6,2], საფიქრებელი ხდება, რომ ეს რეგიონი ალბანეთი უნდა ყოფილიყო. კასიუს დიოს (Lucius Cassius Dio Cocceianus, დაახლ. 183-230 წწ.) მიხედვით, ნერონის მრავალრიცხოვან პატარ-პატარა ოხუნჯობების შორს იყო ერთი ხუმრობა, რომ თითქოს ”ალბანელთა მიწაზე იმდენმა სისხლმა იწვიმა, რომ იქაურმა მდინარეებმა მიწა სისხლით დატბორა” [LXIII, 26, 5, იხ. 94, 185]. ეს ცნობა ეგებ მიგვანიშნებდეს აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მომხდარ რაღაც არეულობაზე და ამავე დროს მოწმობდეს ტაციტუსის ინფორმაციის სანდოობას ნერონის მიერ ალბანელთა წინააღმდეგ ექსპედიციის მომზადების შესახებ. როგორც უკვე ითქვა, ნერონის ხანაში რომის ურთიერთობა პართიასთან გაუმჯობესდა ისე, როგორც არასდროს. ასეთ შემთხვევაში, რომის იმპერიის აღმოსავლეთი რეგიონებისათვის ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხე უფრო აქტუალური გახდებოდა და, შესაბამისად, ნერონის მიერ დაგეგმილი პრევენტული ზომები პირველ ყოვლისა ჩრდილოეთის მიმართ იქნებოდა სავარაუდოდ მიმართული. რა სახისაც არ უნდა ყოფილიყო იმ წამოწყების ხასიათი, რომელიც ნერონმა ჯერ დაგეგმა, ხოლო შემდეგ მიატოვა, საფიქრებელია, რომ იგი რომის მხრიდან პართიასთან ერთად მოქმედებას უფრო ითვალისწინებდა, ვიდრე მის საწინააღმდეგოდ: ამ ორ სახელმწიფოს შორის მშვიდობის შენარჩუნების საერთო ინტერესები იმჟამად შედუღაბებული იყო კავკასიონის გადაღმა მხრიდან მომდინარე საერთო საფრთხით [95, 143]. კავკასიონის სამხრეთით მდებარე ქვეყნებისაკენ მუდმივად მსწრაფი ალანები, მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდნენ ამიერკავკასიის სტაბილურობისათვის და რომაული სტრატეგია საკუთარ მონაწილეობას მოითხოვდა ამ მხარის დაცვაში [96, 992]. არ არის გამორიცხული, რომ იმ ხანად ალბანეთი ალანთა ხელქვეით ყოფილიყო მოქცეული; ნერონის თანამედროვე რომაელი პოეტი ლუკანი (Marcus Annaeus Lucanus, 39-65 წწ.) ”ფარსალიის” (Pharsalia) VIII წიგნში ალანებს კასპიის კარიბჭესთან კავშირში მოიხსენიებდა: ”...თუ მე ოდესმე დავინახე კასპიის კარიბჭე და მასთან ალანური ტომები, მძვინვარე და მუდამ მებრძოლი...” (“...peterem cum Caspia claustra et sequerer duros aeterni Martis Alanos” ), [97, VIII, 222-225]29. /გვ. 46/ იბერიისაგან განსხვავებით, ალბანეთი მხარს აღარ უჭერდა რომაელთა ლაშქრობებს და მათ წინააღმდეგ იყო განწყობილი; არადა რომაელთა მიერ ყველაფერი კეთდებოდა, რათა ამიერკავკასიაში მათი მოწინააღმდეგებისათვის გადაულახავი ჯებირი ჩამოყალიბებულიყო და ყოველნაირად ხელი შეწყობოდა იბერიისა და ალბანეთის რომაულ ორიენტაციას [შდრ., 96, 995]. ტაციტუსის ინფორმაციით, რომელიც იბერთა მეფის ფარასმანესის (ფარსმან I-ის) გამონათქვამს გვამცნობს, ახ.წ. I საუკუნის შუახანებში ომი მიმდინარეობდა იბერიასა და ალბანეთს შორის [99, 12, 45]. ფარსმანმა, რომელმაც თავი დაოსტატებულ დიპლომატად გამოიჩინა, ეტყობა მიაღწია რომაულ-ალბანურ ურთიერთობათა მკვეთრ და საბოლოო გაუარესებას და აიძულა ალბანელები რომაული ორიენტაცია მათი საწინააღმდეგო პოლიტიკით შეეცვალათ. ამიერკავკასიაში პოზიციების გამყარება რომისათვის განსაკუთრებით აქტუალური უნდა გამხდარიყო ვესპასიანეს ხანაში, როდესაც, როგორც უკვე ითქვა, ადგილი ჰქონდა პართიასთან ურთიერთობის მკვეთრ გაუარესებას30. ალბანეთის ტერიტორიაზე რომაელთა სამხედრო ნაწილების ყოფნის დამადასტურებელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს სხვადასხვა ხანებით დათარიღებული აქ ნაპოვნი ლათინური და ბერძნული წარწერები. კერძოდ, კავკასიონის ქედსა და კასპიის ზღვას შორის მდებარე გობუსტანში, ქ. ბაქოს სამხრეთ-დასავლეთით, ნაპოვნი წარწერა: “Imp(eratore) Domitiano Caesare Aug(usto) Germanic(o) L(ucius) Iulius Maximus (centurio) leg(ionis) XII Ful(minatae)”, რომელიც ამოკვეთილი იყო ბეიუქ დაშის (”დიდი ქვა”) კლდეზე, ახ.წ. 84 წ. მომდევნო ხანით უნდა დათარიღდეს, ამაზე იმპერატორის წოდება Germanicus-ი მიანიშნებს [100, 76; 101, 1194შენ.57]. ლეგიონი XII Fulminata მოხსენიებული იყო აგრეთვე მდ. არეზის მარცხენა ნაპირზე, კარიაგინოსთან (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) აღმოჩენილ და ამჟამად დაკარგულ ქვაზე [101, 1194]. აზერბაიჯანშივე, ბუიუქ დეღნესთან ნაპოვნი ბერძნული ეპიტაფია განეკუთვნებოდა ახ.წ. II საუკუნეს [100, 76] . ამიერკავკასიაში გვიანდელ ფლავიუსთა ხანის რომაელთა ყოფნის დამატებითი მოწმობაა აგრეთვე სტატიუსის (Publius Papinius Statius, 45-96 წწ.) მიერ ახ.წ. 95 წ. დაწერილ პოემაში ”სილვა” კასპიის კარიბჭის წარმოდგენა კაპადოკიის არმიის მოქმედების ბუნებრივ არეალად [შილვაე 4, 4, 63-64, იხ. 103; შდრ., 104, 227]. თუმცა, სპეციალისტთა აზრით, ჯერ კიდევ ახ.წ. 75 წლისათვის კავკასიონის ერთ-ერთ გადასასვლელთან მაინც (თუ არა უფრო მეტთან) რომაელი სამხედროები უნდა ყოფილიყვნენ განთავსებულნი [105, 201]. ლათინური და ბერძნული წარწერების გამოვლენის ფაქტი იბერიასა და კასპიის ზღვას შორის მდებარე მხარეში, სავარაუდოდ, დაკავშირებული უნდა ყოფილიყო რომაელთა და იბერთა საერთო სტრატეგიულ ინტერესთან – კონტროლის ქვეშ ჰყოლოდათ ამ არეალში განლაგებული უღელტეხილები. იბერიელთა სამფლობელოების აღმოსავლეთის მიმართულებით გავრცელება, რაც ამავე დროს აღმოსავლელი მეტოქეების ხარჯზე მათი პოლიტიკური ძალაუფლების ექსპანსიის გარანტიას იძლეოდა, რა თქმა უნდა, რომის იმპერიის ინტერესებშიც შედიოდა. ამის გამო რომაელთა სამხედრო ძალების მონაწილეობა რომაელი იმპერატორის ”კლიენტის” – იბერიის მეფის ლაშქრობაში რომთან დაპირისპირებული ალბანელების წინააღმდეგ, სავსებით მოსალოდნელი იქნებოდა [შდრ., 4, 351შმდ.]. ასეთ შემთხვევაში ჰირიუს ფრონტოს საექსპედიციო კორპუსის მოქმედება ალბანელთა და მათი სავარაუდო მოკავშირეების – ალანების წინააღმდეგ მოულოდნელად არ უნდა ჩაითვალოს: ხომ სწორედ ბარბაროსთა გახშირებულ თავდასხმებს უნდა მიეწეროს ვესპასიანეს მიერ კაპადოკიის დამატებითი ლეგიონებითა და კონსულის რანგის მმართველით გაძლიერება, როგორც ამას სვეტონიუსი გვამცნობს [106 Suet. Vesp. 8, 4: Cappadociae propter adsiduos barbarorum incursus legiones addidit consularemque rectorem imposuit pro eq.]. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე იქნებ შესაძლებელი იყოს სეპინუმის (Saepinum) წარწერაში მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ლაკუნის ახლებური შევსება და ფართოდ მიღებული რეკონსტრუქციის – exercit]us qui in A[rmeniam maiorem – განსხვავებული კონიექტურა – exercit]us qui in A[lbanos32. როგორც უკვე ითქვა, ”მეფეთა ცხოვრებაში” ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” ტექსტის არიან-ქართლის მეფის ძე აზო მაკედონელი აზონით არის ჩანაცვლებული, ხოლო აზოს თანმხლები ”მამამძუძენნი” ასი ათასი რომაელი ლეგიონერით (”ასი ათას კაცში ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰქÕან /გვ.47/ ფროტათოს...”). ეს უკანასკნელი გარემოება და ზემოთ განხილულ მონაცემთა ერთობლიობა შესაძლებლობას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მეფეთა ცხოვრებისეული ალექსანდრე დიდის მიერ ქართლში მმართველად დადგენილი აზონის თანამებრძოლი ფროტათოსელების შესახებ ცნობა [34, 18] სინამდვილეში რომაულ ეპოქას უნდა უკავშირდებოდეს და მისი საშუალებით არის ასახული მატიანეში რომის არაერთსაუკუნოვანი და მეტად ქმედითი სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობა ამიერკავკასიასა და, კერძოდ, იბერიის სამეფოში. საფიქრებელია, რომ მცხეთის პირველი მეფის, აზოს უკვე სახენაცვალი ამბავი, სუბლიმირებული ”მეფეთა ცხოვრების” სიუჟეტში ქართლის ”მაკედონელი” დამპყრობლის, აზონის შესახებ გადმოცემასთან33, თავის მხრივ საზრდოობდა რომელიღაც უცნობი წყაროდან, რომელშიც სავარაუდოდ ასახული უნდა ყოფილიყო ფლავიუსთა ხანის (69-96 წწ.) რომაელთა მიერ ცენტრალურ ამიერკავკასიაში ჩატარებული სამხედრო ხასიათის ღონისძიებები. რომაელებსა და იბერებს შორის არსებული, საერთო სტრატეგიულ ინტერესებზე დაფუძნებული მჭიდრო თანამშრომლობა, ეტყობა მოითხოვდა იბერიულ საზოგადოებაში რომაელთა სამხედრო კონტიგენტის ინტეგრაციას: კაპადოკიასა და ამირკავკასიაში განთავსებული რომაელთა სამხედრო ძალები მათივე გეგმების განხორციელების გარანტს წარმოადგენდნენ. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ გარემოებით უნდა ყოფილიყო განპირობებული ქართულ საზოგადოებაში ჰრომთა (იგივე ფროტათოსელთა) გათქვეფის შესახებ ”მეფეთა ცხოვრების” ცნობის აღმოცენება [შდრ., 34, 22-23, 25-27], რომელიც ჩაენაცვლა ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” გადმოცემას არიან-ქართლის მეფის ძის აზოს თანმხლები ”მამამძუძეების” თაობაზე. ”მეფეთა ცხოვრების” ცნობით: ”ხოლო იგი ჰრომნი ათასნი მвედარნი, რომელნი აზონისგან მოერთნეს ფარნავაზს,.. განყვნა вევთა და ქუეყანათა შინა, იპყრნა იგინი კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისსა მвნედ იყვნეს, და უწოდა მათ სახელად აზნაურნი” [34, 25]. როდესაც ფარნავაზის ძეს საურმაგს საფრთხე შეექმნა ”ერისთავთა ქართლისათაგან”, ”მაშინ ჰრომთა იგი აზნაურნი... რქუეს საურმაგს: ”დიდი კეთილი დგას ჩუენ ზედა მამისა შენისა. ამისთÕს ვართ ჩუენ მტკიცე ერთგულებასა შენსა” [34, 26]; ”ხოლო [საურმაგმა, - გ.ქ.] დაამდაბლნა ქართლოსიანნი და წარჩინებულ ყვნა აზნაურნი” [34, 27]. საზოგადოდ ყურადღებას იპყრობს წინაქრისტიანული ხანის ამიერკავკასიაში გამოვლენილი ბერძნული და ლათინური ეპიგრაფიკული ძეგლების სიუხვე და მათში ასახული ანთროპონიმიკის ბერძნულ-რომაული ხასიათი. როგორც ჩანს, მართლაც ხდებოდა ხოლმე ზოგიერთი რომაელის ჭეშმარიტი ინტეგრაცია იბერიულ საზოგადოებაში. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ახ.წ. II საუკუნის იბერიის სამეფოს ეზოსმოძღვრის პუბლიკიოს აგრიპას პიროვნება [112, 16; 81, 246]. ა. ბოსვორსის შენიშვნით, იგი ვერ იქნებოდა იბერიელი დიდებული, რომელმაც რომაული მოქალაქეობა და შესაბამისად ახალი სახელი მიიღო. მოქალაქეობის მინიჭება კლიენტი-სახელმწიფოს გამორჩეული წევრებისათვის ხდებოდა იმპერატორის მიერ ბოძებით და მსგავს შემთხვევაში მოსალოდნელი იყო, რომ რომაული მოქალაქეობის მიმღებს ეტარებინა იმპერიული ნომენი, რასაც პუბლიკიოს აგრიპას შემთხვევაში ვერ ვხედავთ, თუმცა აგრიპას ძე, იოდმანგანი უკვე სავსებით ”გაიბერიელებული” უნდა ყოფილიყო [104, 231]. აღსანიშნავია, რომ იბერიის სამეფო სახლში დასტურდება რომაული სახელის მატარებელი სხვა პიროვნებაც – ფლავიუს დადესი. იგი ეტყობა ადგილობრივი პირი იყო, რომლის წინაპრებმა რომაული მოქალაქეობა პრივილეგიის სახით მიიღეს ფლავიუსი იმპერატორისაგან [113, 48შმდ.]. ფლავიუს დადესის სახელი ამოტვიფრულია არმაზციხის ნეკროპოლის ერთ-ერთ სამარხში ნაპოვნ ვერცხლის ლანგარზე: ”მე მეფე ფლავიუს დადესმა ვაჩუქე ბერსუმა პიტიახშს”. ბერსუმა პიტიახშის ქვემოთ სხვა ხელით, დაუდევრად და მკრთალად ამოკაწრულია Μακεδόνι – ”მაკედონს” [81, 252]. უკანასკნელ ხანებში არმაზციხეზე ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილმა ეპიგრაფიკულმა მასალამ დამატებით გაგვაცნო ეზოსმოძღვრის ანაგრენესის, აგრეთვე დედოფალ დრაკონტისისა და მსახურთუხუცესის ანიონის სახელები, ხოლო სვეტიცხოვლის ეზოში აღმოჩენილი აკლდამის (სამარხი 14) გათხრის შედეგად აღმოჩნდა გემა დედოფლის ულპიას გამოსახულებითა და ბერძნული წარწერით, აგრეთვე პენალი მეფე უსტამოსისა და ეუგენიოსის სახელით [იხ. 39, 114]. ი.რაინეგსის ცნობით, მცხეთის ჩრდილოეთით, საქართველოში მის ჩასვლამდე (ანუ 1779 წ.), არცთუ მრავალი წლით უფრო ადრე, ერთ-ერთ მაღლობზე მკვიდრად ნაგებ ნახევრადმიტოვებულ ციხე-სიმაგრეში (ალბათ ბებრის ციხეს უნდა გულისხმობდეს – გ.ქ.) ნაპოვნი ყოფილა დაუთარიღებელი ბერძნული წარწერა, რომელზედაც ადგილობრივი, ერუდირებული ქართველების მიერ ამოკითხული ყოფილა სიტყვა აკროფთოპოლისი (Acroftopolis). ი.რაინეგსი ვარაუდობს, რომ ეს უნდა ყოფილიყო მცხეთის ძველი სახელწოდება [114, 86]. მაგრამ, როგორც ცნობილია კასიუს დიო აკროპოლისს /გვ.48/ (‘Ακρόπολις) არმაზციხეს უწოდებდა [Dio XXXVII, 1, 4, იხ.115, 99] და არა მცხეთას. სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო άκρόπτολις-ი – პოეტური ფორმა ნაწარმოები άκρόπολις-იდან [შდრ., 116, 28]34. ზოგიერთ შემთხვევაში ბერძნულ-რომაული წარწერები, როგორც ეს ზემოთაც ითქვა, რომაელთა სამხედრო ნაწილების ამიერკავკასიაში განლაგების ფაქტის ამსახველია [19, 211-219]. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში რომაული სამხედრო ნაწილების ყოფნა არ უნდა ყოფილიყო ხანმოკლე მოვლენა. აღმოსავლეთ საქართველოს ცხოვრებაში რომაელთა ინტენსიურ და მრავალმხრივ მონაწილეობას საგრძნობი კვალი უნდა დაემჩნია ადგილობრივ სულიერ სამყაროზეც, კერძოდ, რელიგიურ წარმოდგენებსა და კულტებზე. წინაქრისტიანული ხანის ამიერკავკასიაში ცეცხლთაყვანისმცემლობის არადომინანტურობა კერპთაყვანისმცემლობასთან შედარებით და ამ უკანასკნელის თვისობრივი სიახლოვე რომის იმპერიაში გავრცელებულ კულტებთან, რაც, გარკვეულწილად, რომის პოლიტიკური და კულტურული ზეგავლენით იყო განპირობებული, მკვიდრ საფუძველს წარმოადგენდა ამიერკავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში ქრისტიანობის გამარჯვებისათვის. ქრისტიანობა აქ ძნელად თუ გაიმარჯვებდა, თუ ადგილი არ ექნებოდა რომთან ინტენსიურ, მრავალმხრივ კავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ახ.წ. III საუკუნის მეორე ნახევარი ადრესასანიანთა ხანის სპარსეთის მძლავრობის ხანა იყო, რომსა და სპარსეთს შორის 298 წელს დადებული ნიზიბისის ზავის პირობების თანახმად იბერია ისევ რომის ერთპიროვნული და მძლავრი ზეგავლენის ქვეშ მოექცა; ამ მოვლენამ მნიშვნელოვნად განაპირობა ქვეყნის ქრისტიანული არჩევანი და ამ არჩევანთან დაკავშირებული განუხრელი განვითარება35, მიუხედავად ჯერ სასანიანთა ირანისა და შემდეგ მუსლიმური სამყაროს ძნელად გასაძლები ზეწოლისა [62, 132-134]. დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ”არიან-ქართლის” ცნება მწიგნობრული გზით შექმნილი ფიქცია უნდა იყოს (ამ მხრივ ანგარიშგასაწევია ”მეფეთა ცხოვრების” ავტორის მიერ მისი უგულვებელყოფა), არც საკუთრივ ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს მიწა-წყალი (სპერი თუ მის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მხარეები) უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ მაინცდამაინც ამ მხარეში წარმოვიდგინოთ ”სპარსული” თუ ”არიული” ქართლის არსებობა სხვა, ”არასპარსულ” თუ ”ნაკლებად სპარსულ” ქართლთან (მაგ., აღმოსავლეთ საქართველოსთან) შედარებით. ამავე დროს, ძველთაგანვე, ადრეელინისტური ხანის ჩათვლით, ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში გამომზეურებულ არქეოლოგიურ მასალაში თითქოს თავს იჩენს მდ.მტკვრის ზემო წელისა და მის გადაღმა მდებარე მხარეებიდან მოსახლეობის გადმონაცვლებაზე მეტყველი ნიშნები (ეს ცალკე, საგანგებოდ განხილვის საკითხია), რაც, შესაძლებელია, გამოვლინდა კიდევაც ლეგენდარულ ცნობაში არიან-ქართლიდან აზოსა და მისი თანმხლები პირების მცხეთაში გადმოსახლების თაობაზე. ამ ცნობაში ძირითადად მაინც არეკლილი უნდა იყოს ადრეელინისტური ხანის იბერიაში დიდი ალბათობით მომხდარი მოვლენები, რომლებმაც ხელი შეუწყეს აღმოსავლურქართული სახელმწიფოებრიობის წარმოქმნა-ჩამოყალიბების პროცესს. ამავე დროს, ამბავი არიან-ქართლის მეფის ძის აზოსა (”მეფეთა ცხოვრების” აზონი) და მისი მიმდევრების შესახებ, ერთის მხრივ, დაკავშირებული ჩანს ფლავიუს არიანეს ცნობასთან ”ხორაზმიელთა” მეფის მიერ ალექსანდრე დიდის მხარდაჭერის მოპოვების მცდელობის შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ, რომის იმპერიის მიერ განხორციელებული ”კავკასიური პოლიტიკის” ამსახველ მასალებთან, რომლებიც ასე უხვადაა შემორჩენილი ძველბერძნულ და რომაულ წერილობით წყაროებში. /გვ.49/
<<დამოწმებული ლიტერატურა:
__________________________________________________________________________________
20. დიდი ეპიფანე, გრიგოლ ხანძთელის მოწაფე.
21. ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ ინტერესს იწვევს ”ქართლის ცხოვრების” სომხური თარგმანის ტექსტი. საფიქრებელია, რომ სომეხმა მთარგმნელმა, იგრძნო რა ქართული ტექსტის ლოგიკური შეუსაბამობა, რომლის მიხედვითაც, ალექსანდრეს ბერძენ და მაკედონელ მოლაშქრეთა შორის დასახელებული იყო ძნელად წარმოსადგენი რაოდენობის (ასი ათასი) რომაელი ჯარისკაცი, ისინი, როგორც ჩანს, ბერძნებად მიიჩნია; თარგმანში არც ერთი სიტყვა არ გვხვდება რომაელებისადმი მათი კუთვნილების შესახებ, თუმცა იგივე ტექსტი იცნობს ცნებას ”რომაელი”.
22. უფრო გვიან გამოქვეყნებულ წერილში, ჰ.ჰალფმანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჰირიუს ფრონტოს მიერ აღმოსავლეთის მთავარსარდლობის მიღება უკავშირდებოდა ალანთა შემოსევას, რომელიც კარგად არის დადასტურებული თანადროული წყაროების მეშვეობით და თარიღდება ახ.წ. 75-76 წწ. [80, 42].
23. როგორც ირკვევა, იბერიაში მდგომი რომაული ნაწილები, წარმოდგენილი XII Fulminata-ს ან XVI Flavia-ს ლეგიონერებით, კაპადოკიის ლეგატის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ [82, 75].
24. ტექსტის ქართული თარგმანია: ”თვითმპყრობელმა კეისარმა ვესპასიანე სებასტოსმა, დიდმა ქურუმთმთავარმა, შვიდჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, თოთხმეტჯერ თვითმპყრობელად (არჩეულმა), ექვსჯერ Õპატოსმა, მეშვიდეჯერ გამოცხადებულმა, სამშობლოს მამამ, ცენზორმა და თვითმპყრობელმა ტიტე კეისარმა, სებასტოსის ძემ, ხუთჯერ ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, ოთხჯერ Õპატოსმა, მეხუთედ გამოცხადებულმა, ცენზორმა და დომიციანე კეისარმა, სებასტოსის ძემ, სამჯერ Õპატოსმა, მეოთხედ გამოცხადებულმა, იბერთა მეფეს, მითრიდატეს მეფე ფარსმანისა და (ი) ამაზასპუჰის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მოყვარულს, და ხალხს ეს კედლები გაუმაგრეს” [იხ.81, 242].
25. “M. Hirri[s ---f.. ---n. F]ron[to Neratius Pansa, cos.,] | curotor a[edium sacraru]m et oper[um locorumq. Publicorum, adlectus ab] | imp. Caesare Ves[pasiano Aug. inter pa]tricios, ab [eodem donatus hastis puris IIII, vexillis IIII, coronis IIII,] murali, vallari, [classica, aurea (?) -----] im [---- | c]ensendo reg(ionis) (decimae), leg. pr. pr[aet. imp. Caes. Vespasiani Aug. exerci]tus qui in A[rmeniam maiorem (?) missus est ------,] | XV vir s. f., leg. pr. pr. imp. [Caes. Vespasiani Aug. pro]vinciae Ca[ppadociae Galatiae Armeniae minoris------------]“ შდრ., 83, 173, ტაბ. XI.
26. საყურადღებოა, რომ ”ქართლის ცხოვრების” სომხური ადაპტაციის ტექსტში სიტყვა ”ფროთატოსელნი” სომხურად ნათარგმნია, როგორც “პ'როტიტოსიკ” (փրոտիտոսիկ) – ”დამცველი რაზმი”. რ.ვ.თომსონის აზრით, ეს სიტყვა არ შეიძლება ყოფილიყო წარმომდგარი ბერძნული πρότακτος-იდან, როგორც ამას სომხური თარგმანის ტექსტის 1884 წლის ვენეციის გამოცემის რედაქტორი ა.ტიროიანი ვარაუდობდა, ვინაიდან სომხური პ' (փ) შეესაბამება ბერძნულ φ-ს, და არა π-ს (როგორც ეს პატრიკ-შია) [89, 25შენ.6]. ჰ.აჭარიანი ამ სიტყვას უკავშირებს ბერძნულ φρούρα-ს – მნიშვნელობით: ”გვარდია, დამცველი რაზმი”, ანდა სიტყვას, რომელიც მისგან არის ნაწარმოები – φρούρητός და რომელსაც სომხურში უნდა მოეცა փրուրիտոսիկ, სომხური ასოების ւ, ր-ს ერთის მხრივ, და տ-ს მეორეს მხრივ, ერთმანეთთან მსგავსების გამო და გვთავაზობს კონიექტურას სიტყვისას “პ'როტიტოსიკ” (փրոտիտոսիկ) სიტყვა “პ'როირიტოსიკ”-ად (փրուրիտոսիկ), მაგრამ ეს გარემოება ვერ გვიხსნის ტექსტის ქართულ ორიგინალში გამოყენებული სიტყვის – ”ფროტათოსელნის” მნიშვნელობას [90; შდრ., 91, 027 და 89, 25 შენ.6].
27. ნ-თანხმოვნის უქონლობა შეიძლება აიხსნას ტექსტის რედაქტირებისას მისი ამოღებით. აღსანიშნავია, რომ დამატებითი ნ-ბგერის გაჩენა ამა თუ იმ თანხმოვნის წინ ტიპური მოვლენაა ზოგიერთი ქართული დიალექტისათვის [შდრ., 93, 99შმდ.]. უფრო კი მოსალოდნელი იქნებოდა, რომ იგი ძველთაგანვე და მცდარად აღქმული ყოფილიყო, როგორც ეს ზემოთაც ითქვა, ბერძნული სიტყვიდან – πρόταττω – წარმომდგარად; ასეთ შემთხვევაში ”სუფიქსი” -ადო-სელნი უნდა შედგებოდეს წარმომავლობისა და სადაურობის ბერძნული სუფიქსისაგან – ates/atis და წარმომავლობის მრავლობითი რიცხვის ქართული სუფიქსისაგან – სელნი.
28. ვინ იცის იქნებ ჰირიუს ფრონტოს საგვარეულო სახელი – ნერატიუსი (Nერატიუს) დაედო საფუძვლად ქართლის ცხოვრებისეული აზონის მამის იარედოსის სახელს – ”აზონ, ძე იარედოსისი” [34, 18]. ამაზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია, შევნიშნავ მხოლოდ, რომ ქართველური ენები ანლაუტში ზოგჯერ ავლენენ ხოლმე ფონეტიკურ ტრანსფორმაციას ნ→ლ→ჲ.
29. ჩრდილოელ მომთაბარეთა შემოსევის საშიშროება, ეტყობა, საკმაოდ აქტუალური იყო; თხზულებაში ”იუდეველთა ომი”, ნერონის უშუალოდ მომდევნო ხანის მოვლენებთან შეხებისას, იოსებ ფლავიუსი წერს, რომ: ”ალან ხალხს – რომლებიც სკვითები არიან და მეოტის ტბასთან [აზოვის ზღვა, – გ.ქ.] ცხოვრობენ – აზრად ჰქონდათ მიდიაზე და მის იქით მდებარე მხარეებზე ნადავლის წაღების მიზნით თავდასხმა. ასეთი ჩანფიქრის მქონეებმა ხელშეკრულება დაუდეს ჰირკანიის მეფეს; ვინაიდან იგი იყო გაბატონებული უღელტეხილზე, რომელიც მეფე ალექსანდრემ რკინის კარებით ჩაკეტა. მან [ჰირკანიის მეფეს, – გ.ქ.] მისცა მათ [ალანებს, – გ.ქ.] უფლება მის ქვეყანაზე გაევლოთ; ისინი დიდი რაოდენობით მივიდნენ და მოულოდნელად დაეცნენ მიდიას, გაძარცვეს ეს ქვეყანა... და ვერვინ ვერ გაბედა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა... გადავიდნენ სომხეთში, რომელიც დაუცველად იყო გადაშლილი /გვ. 46/ მათ წინაშე... ალანებმა მთლად გააცამტვერეს ეს ქვეყანა და წაასხეს დიდი რაოდენობა ადამიანებისა და თან წაიღეს დიდი ნადავლი, ორივე ამ სამეფოში აღებული და უკან თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ” [შდრ., 98, 7, 7, 4].
30. კასიუს დიოს სიტყვებით: „როდესაც პართელებმა, რომლებიც ჩაბმული იყვნენ ომში თავის ზოგიერთ მეზობელთან, სთხოვეს მას [ვესპასიანეს, – გ.ქ.] დახმარება, იგი არ დაეხმარა მათ და განაცხადა, რომ მის ჩვევაში არ არის სხვათა საქმეებში ჩარევა” [LXV, 15,3, იხ. 94, 291].
31. არ არის გამორიცხული, რომ რომაელი ჯარისკაცების მიერ გამოყენებულ საიდუმლო დამწერლობით შესრულებულ წარწერას წარმოადგენდეს ნინოწმინდის (საგარეჯოს რაიონი) ტაძრის გარეთა კედელში ჩასმულ და ვარდულის ბარელიეფებით შემკულ დიდი ზომის ოთხკუთხა ქვიშაქვაზე ამოტვიფრული უცნაური სახის წარწერა. აღნიშნული ქვიშაქვა ადგილობრივი წარმომავლობის უნდა იყოს და საფიქრებელია, რომ ეკლესიის აგების დროს მეორადად ყოფილიყო გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს წარწერა შეიცავს ცალკეულ ლათინურის მიმსგავსებულ ასოებს, იგი ნამდვილად არ არის ლათინური [იხ. 102, 177-237].
32. ტაციტუსის ზემომოყვანილი ფრაგმენტის ალბანელების (სადაც საუბარია ნერონის მიერ ალბანეთზე სალაშქროდ მომზადებაზე [78, 1,6,2]) თ. მომზენის მიერ ალანებად შესწორება [107, 62შენ.1], თუკი დავუშვებთ იმ ხანებში ალბანეთის ალანთა ხელქვეით მოქცევას, ფაქტიური მინიშნება იქნებოდა რეალურად არსებულ მდგომარეობაზე.
33. უკანასკნელ ხანებში რიგი მკვლევრების მიერ ისევ აღორძინდა შეხედულება, აზო/აზონის სახელის კავშირის თაობაზე ”არგონავტების მითის” იაზონთან [შდრ., 108, 38-41; 109, 141; 110, 270-271]. ამ მხრივ საინტერესოა ტაციტუსის ცნობა იბერებისა და ალბანელების იაზონისაგან ჩამომავლობის შესახებ [99, 6, 34; იხ., აგრეთვე, 109, 141; 108, 39], ხომ არ იყო უკვე ტაციტუსისათვის ცნობილი ადგილობრივი ტრადიციის არსებობა აზო/აზონის შესახებ და/ან სულაც ტაციტუსის ცნობაზე დაყრდნობით მომხდარიყო აზოს ”გა(ი)აზონება”? თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ უკვე იმ დროს შეიძლებოდა დასდებოდა საფუძვლად ”არგონავტების მითის” იაზონის ხატება გადმოცემას არიან-ქართლის მეფის ძის აზოს შესახებ. ს. რეპი სულაც თვლის, რომ ქართული ფორმა ”აზოჲ/აზონი” შესაძლოა ბერძნული იაზონის ადგილობრივი/შერყვნილი სახესხვაობა იყოს [110, 271]. აზო/აზონის შესახებ იხ.აგრეთვე გ.ქანთარიას წიგნი [111].
34. ნ.ბერძენიშვილის ვარაუდით, კასპის მახლობლად მდებარე მინდვრის სახელწოდება – პალარი, შესაძლოა, ლათინურ-ბერძნული მინდვრის აღმნიშვნელი სახელი ”პარალი” ყოფილიყო. იქვე, ქ. კასპის დასავლეთით, აშურიანის მინდორზე დასტურდება ადგილის სახელწოდება – ასპი, რომელსაც მკვლევარი აკავშირებს სპარსულ ”ასპინძასთან” (საგზაო პუნქტი, სასტუმრო, ფუნდუკი, ქარვასლა) ანდა ლათინურ ჰოსპეს, ჰოსპეს იტის-თან (სტუმრის მიმღები, მასპინძელი) [117, 333, 336-337]. აქ მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენად მართებულია აღნიშნული მოსაზრებები, არამედ ადგილობრივ ტოპონიმიკაში ცნობილი მეცნიერის მიერ ლათინური კვალის ძიების მცდელობის ფაქტი.
35. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება როგორც რომის იმპერიაში, ასევე იბერიაში, კიდევ უფრო განამტკიცებდა ადრევე არსებულ კავშირურთიერთობებს. IV ს. ერთი ეპიტაფიის თანახმად მცხეთის მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარია ვინმე ავრელი აქოლისი [118, 577-583].
___________________________________________________________________________________
|