< უკან დაბრუნება...<<<საინტერესო სტატიები და პუბლიკაციები>>>...
ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები IX
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
მთავარი რედაქტორი: ვაჟა კიკნაძე
თბილისი
გამომცემლობა ”უნივერსალი” - 2009
ISSN 1987-6564
გიორგი ქავთარაძე
(ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი)
“არიან-ქართლის” საკითხისათვის***
(ნაწილი I)...
<<გაგრძელება (ნაწილი II)
ქართულ ისტორიოგრაფიაში ქართველთა პირველსაცხოვრისის – არიან-ქართლის – საკითხის დარად, რომანტიკული შარავანდედით ალბათ არც ერთი სხვა საკითხი არ არის მოსილი. ცნობა ქართველთა თავდაპირველი სამშობლოს “არიან-ქართლის” შესახებ უძველეს ქართულ მატიანეს ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” შემოუნახავს. ამ ცნობის მიხედვით, ქართლში გამოლაშქრებულმა ალექსანდრე მაკედონელმა მცხეთაში მეფედ მასთან ხლებული არიან-ქართლის მეფის ძე – აზო დაადგინა. ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” X ს. შატბერდული ხელნაწერის მიხედვით: “...ესე აზოჲ წარვიდა არ[ი]ან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი სახლნი მამამძუძეთანი1 , და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად – გაცი და გა, და ესე იყო პირველი მეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ...” [2, 320]2 . დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვრის არსენ ბერის (მას არსენ იყალთოელად მიიჩნევენ), “ნინოს ცხოვრების” მეტაფრასული რედაქციის ავტორის, განმარტებით: “ჩვენ ქართველნი შვილნი ვართ მათ არიან-ქართლით გამოსრულთანი და ენაჲ მათი უწყით, და ყოველნი მეფენი ქართლისანი ამათ მეფეთა შვილის-შვილნი არიან”3. მიუხედავად მრავალი მკვლევრის მცდელობისა, არიან-ქართლის პრობლემა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი; იგი ვარაუდების სფეროს, მათ შორის საკმაოდ გონებამახვილურს, ვერა და ვერ გასცდა. ქართველი ისტორიკოსებიდან ვინ არ შეხებია ამ საკითხს: დ. ბაქრაძე და ა. ხახანაშვილი, თ. ჟორდანია და მ. ჯანაშვილი, ნ. მარი და ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი და პ. ინგოროყვა, ს. ჯანაშია და ნ. ბერძენიშვილი, კ. თუმანოვი და გ. მელიქიშვილი, გ. მამულია და გ. ქანთარია, ვ. გოილაძე და ნ. ხაზარაძე, მ. სანაძე და შ. გაბესკირია. მკვლევართა უკვე ეს არასრული ჩამონათვალი მოწმობს, რომ “არიან-ქართლის” საკითხი ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთ კარდინალურ პრობლემას წარმოადგენს. არცთუ იშვიათად ერთსა და იმავე მკვლევრებს აქვთ გამოთქმული რამდენიმე, ერთმანეთისაგან განსხვავებული შეხედულება. ქართველთა წარმომავლობის საკითხთან მიმართებაში
ტრადიციულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცნობას ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის (ძვ. წ. 605-562 წწ.) მიერ აფრიკისა (ლიბიისა) და პირენეს ნახევარკუნძულის (იბერიის) დალაშქვრისა და იქიდან წამოყვანილი ტყვეების პონტოს გადაღმა მდებარე იბერიაში, ანუ კავკასიაში დასახლების შესახებ, რომელიც, თვით კლასიკური ხანის მწერალთა მითითების თანახმად, მიეწერებოდა მცირეაზიელ ბერძენს, ისტორიკოსს, გეოგრაფოსსა და დიპლომატს4, ”ინდიკის” (΄Ίνδική, – ”ინდოეთის ისტორიის”) ავტორს მეგასთენეს (დაახლ. ძვ. წ. 350-290 წწ.). ეს ცნობა მეტად პოპულარული იყო არა მხოლოდ ძველბერძნულ და რომაულ ლიტერატურაში, იგი გავრცელებული იყო აღმოსავლეთშიც, კერძოდ სირიულ და სომხურ ლიტერატურაში. ითვლება, რომ მეგასთენესთან გვხვდება ყველაზე ადრეული ცნობა კავკასიელი იბერების შესახებ [3, 67]. ცნობა მეტად პოპულარული იყო არა მხოლოდ ძველბერძნულ და რომაულ ლიტერატურაში, იგი გავრცელებული იყო აღმოსავლეთშიც, კერძოდ სირიულ და სომხურ ლიტერატურაში. ითვლება, რომ მეგასთენესთან გვხვდება ყველაზე ადრეული ცნობა კავკასიელი იბერების შესახებ [3, 67]. გადმოცემა ნაბუქოდონოსორის მიერ აფრიკისა (ლიბია) და პირენეს მთაგრეხილის სამხრეთით მდებარე იბერიის ნახევარკუნძულის (იბერია) დალაშქვრის შესახებ, რა თქმა უნდა ლეგენდარულია. ამ საკითხთან მიმართებაში გასათვალისწინებელია გ.მელიქიშვილის შენიშვნა, რომ მეგასთენეს ცნობაში ნაბუქოდონოსორის მიერ ლიბიისა და იბერიის დალაშქვრისა და იქიდან წამოყვანილი ტყვე-იბერების პონტოს მარჯვნივ მდებარე მხარეში დასახლების თაობაზე, შესაძლოა ასახული იყოს რეალური ინფორმაცია ნაბუქოდონოსორის მიერ ებრაელთა სამშობლოდან აყრის შესახებ [4, 281]. ცნობილია, რომ მან ძვ. წ. 597 და 586 წწ. იუდეის სამეფოდან (”სახლი სადავითო”) ბაბილონში გადაასახლა ადგილობრივი მოსახლეობის რჩეული ნაწილი (მეომრები, ხელოსნები, სწავლულნი) და ეგვიპტეშიც გაილაშქრა, ზოგიერთთა აზრით, იუდეიდან ლტოლვილი ებრაელების დასატყვევებლად [5, 38-39]. /გვ. 30/. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ სახელწოდება ”იბერიას” ზოგიერთი მეცნიერი იმ ებრაული სიტყვიდან მიღებულად მიიჩნევს, რომელიც უნდა აღნიშნავდეს ცნებას – ”იქითა მხარე” (მთის იქითა მხარე – კავკასიის იბერია, ზღვის იქითა – იბერიის (პირენეს) ნახევარკუნძულისა) [იხ. 6, 23-24; 7, 31,შენ.149]. ებრაული ზოგადი სახელი eber – ”იქითა მხარე”, კ. წერეთლის მიხედვით, ამოსავალია თვით ტერმინისათვის ʿibrī – ”ებრაელი”, ისევე, როგორც სახელისათვის “ ევერი”, რომელიც ებრაულში ტერმინ “ებრაელის” ამოსავალ – ”იქითა მხარეს” აღნიშნავს (მსგავსად ქართული ”იმერი” > ”იმერელისა”) [8, 22; შდრ., 9, 44-45]5. დღევანდელ მსოფლიოში ფართოდ ხმარებული ეთნონიმი “ებრაელი” მიღებულია ბიბლიის თარგმანთან ერთად ბერძნულში შესული ებრაელთა აღმნიშვნელი ტერმინებისაგან: Εβερ (ჰებერ-ი) და Εβραιος (ჰებრაიოს-ი). ეს სახელი გვხვდება “დაბადების” ტექსტში [11, თავი 10, §21-25]: “და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა. ძენი სემისნი: ალიმ, და ასსურ, და არფაქსად, და ლუდდა, არამ და კაინან. და ძენი არამისნი: ოს, და იულ, და ღათერ და მოსოხ. და არფაქსად შვა სალაჲ და სალა შვა ებერ. და ებერისსა იშვნეს ორნი ძენი...”; იმავე ფორმით – ებერი – არის წარმოდგენილი “ახალ აღთქმაშიც”, “ლუკას სახარების” ტექსტში [12, თავი 10, §35]. გარდა ამისა, იგი გვხვდება ახ. წ. VII საუკუნის ავტორის, მაქსიმე აღმსარებლის თხზულების, “ნეტარისა თალასეს მიმართ” ექვთიმე მთაწმინდელის ქართულ თარგმანში, ოღონდ იმ ნაწილში, რომელიც მაქსიმეს დასახელებული თხზულების ბერძნულ დედანში არ არის წარმოდგენილი: “ესხნეს უკუე სემს შვილნი და შვილიშვილნი ვიდრე განყოფამდე ენათა, და მიერითგან განიყვნეს ენანი, ტომნი და მთავრობანი. და სახელები ნათესავთა მათ ესე არს: პირმშო ძე სემისი ელამ, რომლისაგან იქმნესს ელამელნი, რომელ არიან სპარსნი; მეორე – [ა]სური, რომლისაგან იქმნესს ასურასტანელნი, მესამე არფაქსად, რომლისაგან არიან ქალდეველნი, მეოთხე არამ, რომლისაგან [არიან] ასურნი, მეხუთე ლუდ, რომლისაგან ლუდელნი, მეექუსე ებერ, რომლისაგან ებრაელნი” [13, 171]. როგორც ვხედავთ, ეთნონიმ “იბერთან” მიმსგავსებული სახელწოდება “ებერი” (עֵבֶר, ʿÉver/Ēḇer) ებრაელთა წინაპრისა და ეპონიმის აღმნიშვნელია. მეგასთენესადმი მიწერილი ზემოთ მოყვანილი ცნობა შავიზღვისპირეთში იბერების დასავლეთიდან გადმოსახლების თაობაზე შემონახულია ევსები კესარიელის (დაახლ. 263-339 წწ.) თხზულებებში. ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში უთითებენ მის მიერ 314-318 წწ. დაწერილ ნაწარმოებს “სახარებისადმი წინამომზადებას” (Praeparatio Evangelica) [14, 39], სადაც ნათქვამია:
“ვპოვე მე აგრეთვე აბიდენოსის თხზულებაში “ასურელთა შესახებ” ნაბუქოდონოსორზე შემდეგი: მეგასთენე ამბობს, რომ ნაბუკოდროსორი ჰერაკლეზე უფრო ძლევამოსილი იყო, ლიბიასა და იბერიაზე გაილაშქრა, დაეუფლა და მათი ნაწილი პონტოს მარჯვნივ დაასახლა” [15, IX, 41, 1-3; იხ. 16, 231]. რამდენიმე წლით უფრო ადრე, 308-311 წწ. დაწერილ “ქრონიკების” (Παντοδαπή Ίστορία, – “უნივერსალური ისტორია”) პირველ წიგნში – “ქრონოგრაფია” (Χρονογραφία) ევსები კესარიელი ასევე გადმოგვცემს, რომ “აბიდენოსი ნაბუქოდონოსორს ჰერაკლეზე ძლევამოსილად მიიჩნევს, როდესაც წერს შემდეგს: მეგასთენე ამბობს, რომ ნაბუქოდონოსორი ჰერაკლეზე ძლევამოსილი იყო, მან თავისი ჯარები შორს ლიბიამდე და იბერიამდე მიუშვა. დაიპყრო ეს ქვეყნები და მათი მოსახლეობის ნაწილი ევქსინის ზღვის მარჯვენა ნაპირზე დაასახლა” [17, I, 40-41]. მკვლევართა დაკვირვებით, “სახარებისადმი წინამომზადების” წერისას ევსების საგანგებოდ, ხელმეორედ მიუმართავს აბიდენოსის ტექსტისათვის, ვინაიდან, ამ ჯერზე იქიდან ამოღებული ფრაგმენტი ნაბუქოდონოსორის შესახებ უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი, ვიდრე მის მიერ უფრო ადრე დაწერილ “ქრონოგრაფიაში”, სადაც ასევეა გამოყენებული აბიდენოსის თხზულების ფრაგმენტი, კერძოდ, ნაბუქოდონოსორის წინათგრძნობის შესახებ ბაბილონელთა არასახარბიელო მომავლის თაობაზე, თუმცა უფრო ლაკონიურად გადმოცემული [14, 53]. ამდენად, ძნელია ეჭვის შეტანა ევსები კესარიელის პუნქტუალობასა და კეთილსინდისიერებაში და, შესაბამისად, მის მიერ აბიდენოსთან მოყვანილი მეგასთენეს ტექსტის ფრაგმენტის ციტირების ავთენტიკურობაშიც. თუ იბერიის ნახევარკუნძული ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ნაბუქოდონოსორის ლაშქრობის ობიექტი, გასარკვევი ხდება, ამ უკანასკნელის მიერ იუდეის ჩანაცვლება პირველად მეგასთენეს ტექსტში გვხვდება თუ უფრო გვიანდელი ხანის ავტორების თხზულებებში. ყოველ შემთხვევაში, მეგასთენესა და ალექსანდრე მაკედონელის თანამედროვე ბაბილონელი ისტორიკოსი ბეროსი (Βήρωσσος) (დაახლ. ძვ. წ. 340-270 წწ.), რომლის სამტომეულის – “ბაბილონიკის” (Βαβυλῶνίκά) ფრაგმენტები, მეგასთენეს “ინდიკის” მსგავსად, სხვადასხვა ძველ ავტორთა თხზულებებშია შემონახული, როგორც ირკვევა, იუწყებოდა ნაბუქოდონოსორის მიერ მხოლოდ იუდეის დაპყრობის, იერუსალიმის ტაძრის დანგრევისა და ებრაელთა ტყვედ წაყვანის შესახებ [18, 40]. /გვ. 31/. უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სტრაბონი (დაახლ. ძვ. წ. 64 – ახ. წ. 24 წწ.), რომელიც, ერთი მხრივ, სწორედ მეგასთენეზე დაყრდნობით გვამცნობს ნაბუქოდონოსორის ლაშქრობის თაობაზე “ჰერკულესის სვეტებამდე” 6 ანუ პირენეს იბერიაში და დასძენს, რომ ქალდეველებს (ბაბილონელებს) იგი უფრო ძლევამოსილად მიაჩნდათ, ვიდრე ბერძნებს ჰერკულესი [21, XV, 1, 6] 7, ხოლო მეორე მხრივ, ინფორმირებულია დასავლეთის იბერთა გადმოსახლების შესახებ პონტოსა და კოლხეთის გადაღმა მდებარე მხარეში [21, I, 3, 21], ამ ორ მოვლენას, მეგასთენესათვის მიწერილი ტექსტისაგან განსხვავებით, ერთმანეთს არ უკავშირებს და შესაბამისად არ თვლის, რომ აღმოსავლელი იბერები პირენეს იბერიიდან ნაბოქოდონოსორის მიერ არიან ტყვედ წამოყვანილი კავკასიაში. აღსანიშნავია, რომ არც დიონისიოს პერიეგეტი (ახ. წ. II ს.), რომელიც იზიარებს შეხედულებას კავკასიის იბერთა დასავლეთიდან გადმოსახლების თაობაზე და გვამცნობს, რომ “იბერთა აღმოსავლური ტომი... ოდესღაც პირენედან მოვიდა აღმოსავლეთში” [22, 696-699] და არც აპიანე (დაახლ. 90-170 წწ.), რომელიც იცნობს, მაგრამ არ იზიარებს ამ მოსაზრებას და თვლის, რომ “ევროპისა და აზიის იბერები მხოლოდ თანამოსახელე ტომები არიან, რადგან არც ენა აქვთ მსგავსი და არც ზნე-ჩვეულებები” [23, 101], არაფერს ამბობენ ნაბუქოდონოსორთან ამ მოვლენის კავშირის შესახებ. ასევე, არც სოკრატე სქოლასტიკოსი (დაბ. ახ. წ. 380 წ.) მოიხსენიებს ნაბუქოდონოსორს თავის დაახლ. 340 წ. შემდეგ დასრულებულ “ეკლესიის ისტორიაში” (Historia Ecclesiastica), როდესაც გვამცნობს, რომ კავკასიის იბერები ესპანეთის იბერთაგან არიან გამოსულნიო [24, I, 25; იხ. 25, 12]. როგორც ჩანს, დასავლეთის იბერების აღმოსავლეთში გადმოსახლების თაობაზე არსებულმა შეხედულებამ, რომელიც ძირითადად ორი იბერიის სახელწოდებების იდენტურობის საფუძველზე იყო აღმოცენებული, თავის მხრივ განაპირობა ნაბუქოდონოსორის მიერ ვითომდა დალაშქრული “ჰერკულესის სვეტების” მხარიდან, ანუ პირენეს იბერიიიდან და ლიბიიდან, დატყვევებული მოსახლეობის პონტოს აღმოსავლეთით გადმოსახლების თაობაზე ლეგენდის ჩამოყალიბება. ვინაიდან მეგასთენეს ზემომოყვანილი ციტატა ნაბუქოდონოსორის მიერ დასავლეთის იბერიიდან და ლიბიიდან წამოყვანილი მოსახლეობის პონტოს მარჯვნივ დასახლების თაობაზე მხოლოდ ევსები კესარიელის თხზულებებში გვხვდება, რომელსაც იგი აუღია აბიდენოსის თხზულებიდან “ასურელთა შესახებ” (Περὶ τῶν Άσσυρίων) [20, 113-114; შდრ., 14, 53], არ არის გამორიცხული, რომ ეს ცნობა აბიდენოსის ხანიდან, ანუ ახ. წ. II საუკუნიდან, იღებდეს სათავეს.
მხედველობაში ვიღებთ იმ გარემოებას, რომ სტრაბონსა და დიონისიოს პერიეგეტს გარდა, არც იოსებ ფლავიუსთან (დაახლ. 37-95 წწ.) – ებრაული წარმომავლობის რომაელ ისტორიკოსთან, რომლის თხზულებაშიც “იუდეველთა სიძველენი” (Antiquitates Judaicae) ასევე გვხვდება მეგასთენეს ცნობა ნაბუქოდონოსორის დასავლური ლაშქრობის თაობაზე, არაფერია თქმული ამ უკანასკნელის მიერ დასავლეთის იბერებისა და ლიბიელების პონტოს მარჯვნივ ანუ აღმოსავლეთით გადმოსახლების თაობაზე; ნათქვამია მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მეგასთენე “ინდიკის” IV წიგნში ცდილობს ყველასათვის თვალსაჩინო გახადოს ჰერაკლესთან შედარებით ნაბუქოდონოსორის მეტი გამბედაობა და მიღწევათა სიდიადე, ვინაიდან მან ლიბია და თვით იბერია დაიპყრო [26, X. იი. 1]. ახ. წ. VIII საუკუნის მეორე ნახევრისა და IX საუკუნის დასაწყისის ბიზანტიელი მემატიანე გეორგიოს სინკელოსთანაც შემონახულ მეგასთენეს ფრაგმენტში მხოლოდ ჰერაკლესთან მიმართებით არის ნაბუქოდონოსორის მეტ ღირსებებზე და ლიბიის დიდი ნაწილისა და იბერიის დაპყრობაზე საუბარი [20, 112-113]. საყურადღებოა, რომ თავისი თხზულების “აპიონის წინააღმდეგ” Contra Apionem პირველ წიგნში [27, § 20] იოსებ ფლავიუსი, ბეროსის ცნობის მოხმობისას, თითქოს გარკვეულ ეჭვსაც კი გამოთქვამს მეგასთენეს ცნობის სანდოობის მიმართ; იგი ჯერ გვამცნობს, რომ ბეროსი იუწყებოდა ნაბუქოდონოსორის მიერ მთელი სირიისა და ფინიკიის დაპყრობას და შენიშნავს ამ ფაქტის თანხვედრას ფილოსტრატე უფროსის (დაახლ. 170-247 წწ.) ინფორმაციასთან ბაბილონელთა მიერ ტიროსის (Τύρος, – ფინიკიაში) ალყის თაობაზე, ხოლო მეგასთენეს მიერ ნაბუქოდონოსორისათვის ჰერაკლესთან შედარებით უფრო მეტი ძლევამოსილებისა და სიდიადის საჩვენებლად, ლიბიის დიდი ნაწილისა და აგრეთვე იბერიის დაპყრობის მიწერისას, შენიშნავს, რომ, როგორც მას (იოსებს) ადრეც აღუნიშნავს, ბაბილონელებმა იერუსალიმი აიღეს და მისი ტაძარი გადაწვეს. იოსებ ფლავიუსისეულ ტექსტში თავჩენილი ეს თითქოსდა შეუსაბამობა, როდესაც ლიბიისა და იბერიის დაპყრობის /გვ. 32/ შესახებ საუბრისას ავტორი, ყოველგვარი განმარტების გარეშე, უეცრად ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის აღებაზე გადადის, ჩემი აზრით, დამაფიქრებელია. მართალია, გ. მელიქიშვილი ფიქრობდა, რომ ცნობა ნაბუქოდონოსორის მიერ მოსახლეობის პონტოს გადმოღმა გადმოსახლების შესახებ აბიდენოსს არა უშუალოდ მეგასთენესაგან უნდა ჰქონოდა აღებული, არამედ ალექსანდრე პოლიჰისტორის თხზულებიდან [28, 9], მაგრამ ცნობილია, რომ ალექსანდრე პოლიჰისტორის თხზულებებს წყაროდ არა მარტო აბიდენოსი იყენებდა, არამედ თვით ევსები კესარიელიც, რომელიც განსაკუთრებით ხშირად უთითებს ხოლმე ციტირებების დროს ამ ავტორის ორ ნაშრომს – ”იუდეველთა შესახებ” (Περὶ Ίουδαίων, Dე Iუდაეის) და ”ხალდაიკას” (Χαλδαικά, – ზოგიერთი მკვლევრის მიერ Άσσυριακα-დ წოდებულს); ეს უკანასკნელი ევსების ”ქრონოგრაფიისათვის” უმთავრესი წყაროა ბაბილონელთა ისტორიის გადმოცემისას [14, 139-140]. ალექსანდრე პოლიჰისტორის თხზულებებში რომ ყოფილიყო რაიმე ცნობა ნაბუქოდონოსორის მიერ პონტოს გადაღმა იბერთა გადმოსახლების შესახებ, მასზე მითითება ევსების არ უნდა გამორჩენოდა, მით უმეტეს, რომ მკვლევართა საერთო და საფუძვლიანი აზრით, იგი ალექსანდრე პოლიჰისტორის ”ხალდაიკას” უშუალოდ, როგორც პირველწყაროს იყენებდა და ამავე დროს მასვე ეყრდნობოდა ბეროსის ”ბაბილონიკის” ციტირების დროსაც [იხ. 14, 140,შენ.7]. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ალექსანდრე პოლიჰისტორი აბიდენოსზე ბევრად უფრო ადრეული ხანის – ძვ. წ. I საუკუნის პირველი ნახევრის – მოღვაწე იყო. სავარაუდოა, რომ ალექსანდრე პოლიჰისტორთან დამატებული იქნებოდა ცნობა არა ნაბუქოდონოსორის მიერ პონტოს გადმოღმა იბერთა გადმოსახლების, არამედ პირენესა და კავკასიის იბერთა ნათესაობის შესახებ (ერთი მხარიდან მეორეში მოსახლეობის მიგრაციის შედეგად); ამ ცნობის აღმოცენებას, როგორც ითქვა, ამ ორ მხარეში – იბერიის ნახევარკუნძულსა და შავი ზღვის აღმოსავლეთით მცხოვრები მოსახლეობისა და ქვეყნის იდენტური სახელწოდებები (ეთნონიმი: ̉́ιβηρ, ქორონიმი: ́Ιβηρία) უნდა დასდებოდა საფუძვლად. ალექსანდრე პოლიჰისტორი, რომელიც მითრიდატესთან ომების დროს იყო ტყვედ ჩავარდნილი და რომში წაყვანილი, მართალია, მილეტიდან იყო წარმომავლობით, მაგრამ, როგორც მცირეაზიელი და მითრიდატე პონტოელის მიერ წარმოებული ომების მონაწილე, ალბათ, შავიზღვისპირეთსაც იცნობდა და გარკვეული წარმოდგენაც ექნებოდა კავკასიელი იბერების თაობაზე. ალექსანდრე პოლიჰისტორს რომაული მოქალაქეობა სულამ მიანიჭა ძვ. წ. 82 წ.; მომდევნო ათწლეულებში მან მთელი რიგი ისტორიული და გეოგრაფიული შინაარსის თხზულებები დაწერა [14, 139] და სავსებით შესაძლებელია, რომ მომდევნო ხანის მწერალთა ნაწარმოებებში ასახული ცნობა პირენესა და კავკასიის იბერების ურთიერთმიმართების თაობაზე [მაგ., 21, I, 3, 21; 22, 697-699; 23, 101] სწორედ მისგან იღებდეს სათავეს. რაც შეეხება გადმოცემას ნაბუქოდონოსორის ლაშქრობის შესახებ პირენეს ანუ დასავლეთის იბერიასა და ლიბიაზე, როგორც ჩანს, მეგასთენეს ხანისათვის არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან და საზოგადოდ ელინისტური ხანისათვის დამახასიათებელი სამყაროს უფრო ფართო, გლობალური ხედვიდან გამომდინარე, ებრაელთა ძველი სახელწოდება eber -ი გააზრებული იქნა ”იბერიად” ანუ პირენეს იბერიის აღმნიშვნელად და შესაბამისად ამისა, ბაბილონის მეფის მიერ ”ებერთა ქვეყნიდან” დატყვევებული მოსახლეობის წამოყვანის შესახებ გადმოცემა, იუდეის ქვეყნისა და ეგვიპტეს ნაცვლად, უკვე პირენეს იბერიისა და მისი მომიჯნავე აფრიკის ანუ ლიბიის მიმართ დაფიქსირდა. არ არის გამორიცხული, რომ ევროპის უკიდურეს დასავლეთში ნაბუქოდონოსორის ლაშქრობის ამბის შეთხზვით მომხდარიყო ალექსანდრე მაკედონელის მიერ ახლო და შუა აღმოსავლეთის დაპყრობის გამართლებაც და გარკვეული ლეგიტიმაციაც. სახელწოდებების ”ებერისა” და ”იბერიის” ურთიერთმიმართების საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს ბიზანტიის იმპერატორის – კონსტანტინე VII პორფიროგენეტის თხზულებაში ”იმპერიის მმართველობის შესახებ” (De Administrando Imperio - დაწერილია 948-952 წწ. შორის) შემონახული ცნობა, რომ თითქოს X საუკუნის შუა ხანების კავკასიელ იბერებს (ანუ ქართველებს) თავი იერუსალიმიდან წამოსული ხალხის შთამომავლებად მიაჩნდათ და შესაბამისად გამოდის, რომ ამ იბერებს არაფერი სცოდნიათ პირენეს ნახევარკუნძულის იბერიიდან მათი წინაპრების გადმოსახლების თაობაზე. ამ ცნობის თანახმად: ”იბერიელები მოგვითხრობენ, რომ მათი ტომი იერუსალიმიდან არის წარმოშობილი და, რომ ისინი წამოვიდნენ იერუსალიმიდან ღვთის ბრძანების მომასწავებელი სიზმრების ჩვენებით და დაესახლნენ სპარსეთის მხარეებთან, ე.ი. ქვეყანაში, სადაც ამჟამად მკვიდრობენ... ვინაიდან იბერიელები, როგორც თვითვე ამბობენ, შთამომავლობით იერუსალიმიდან არიან, ამის გამო მათ აქვთ დიდი სიყვარული მისი და უფლისა იესო ქრისტეს საფლავისა და განსაზღვრულ დროებში უხვად უგზავნიან ფულს წმინდა ქალაქის პატრიარქსა და იქაურ ქრისტიანებს”. დამახასიათებელია აგრეთვე მისი შემდეგი სიტყვებიც იბერიელთა შესახებ, რომ ისინი ”უწო/გვ. 33/დებდნენ თავის-თავს დავით მეფისა და წინასწარმეტყველის ნათესავს8. და აქედან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნათესავსაც, რადგან ისიც დავითისაგან არის წარმოშობილი” [29, 205-206 (§45); 30, 81-83]9. მოყვანილ ამონარიდში, გარდა ქრისტიანული იდეოლოგიის აშკარა ზეგავლენისა, შეინიშნება მცხეთის ებრაულ თემში შემონახული გადმოცემების ანარეკლი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კონსტანტინე პორფიროგენეტის ინფორმაციას ეხმიანება ”მეფეთა ცხოვრება”, რომელიც, მართალია, არა იბერთა, არამედ ებრაელთა ქართლში გამოჩენას უკავშირებს ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას: “ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალიმი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელი მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქÂან ზანავი და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქÂან ხერკ ხარკისა მისთÂს” [34, 15-16]. აქ ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ქართული მატიანის მონაცემების თანახმად, ”ურიანნი”, ისევე, როგორც კონსტანტინე პორფიროგენეტის თხზულებაში ”იბერიელნი”, ნაბუქოდონოსორს კი არ გამოჰყავს იერუსალიმიდან, არამედ ქალაქის მოსახლეობის დატყვევების შემდეგ იქიდან (და არა პირენეს იბერიიდან) ლტოლვილნი, თავად მოდიან ქართლში. ქართული მატიანის ცნობა მიგვანიშნებს, რომ “ღვთის ბრძანების მომასწავებელი სიზმრების ჩვენებით” იერუსალიმიდან თავისი ნებით წამოსულ კონსტანტინე პორფიროგენეტის ”იბერიელებში” იერუსალიმიდან წამოსული ებრაელების შთამომავლები იგულისხმებიან. ასეთი ხედვა ეხმიანება ქართველ მემატიანეთა და პირველ რიგში ”მეფეთა ცხოვრების” კონცეპციას უძველესი ხანის ქართლში სხვადასხვა წარმომავლობის მოსახლეობის თავმოყრისა და თანაარსებობის შესახებ; გავიხსენოთ ”მეფეთა ცხოვრების” ცნობა: ”და იყვნეს ქართლს ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი, და იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული. ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა” [34, 16]. ე.ი. აქ ადგილი ჰქონია ე.წ. melting pot - ის ეფექტის არსებობას, რომლის დროსაც განსხვავებული წარმომავლობისა და კულტურული თავისებურებების მქონე მოსახლეობის თანაარსებობა გარკვეულ ტერიტორიაზე აჩქარებს საზოგადოებრივი განვითარების პროცესს და ხელს უწყობს სახელმწიფოებრიობის აღმოცენებას. ამ დროს ხდება მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილების შედუღაბება ახლად აღმოცენებული სახელმწიფოს წიაღში, სადაც მათ, სოციალური სტრატიფიცირების პროცესის დროს, განსხვავებული საზოგადოებრივი ფუნქციის შესრულება ეკისრებათ ხოლმე. ახლად ჩამოყალიბებული საზოგადოება მოსახლეობის ყველა ამ ადრე არსებული ჯგუფის შთამომავლად შეიძლება იყოს მიჩნეული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას იმსახურებს პ. ინგოროყვას მოსაზრება, რომ აბიათარის ზემოხსენებული ნაშრომის სათაური უნდა ყოფილიყო: ”ცხორება და მოქცევა ქართლისა და მოთხრობა ნათესავობისა, და თუ რომელნი რომელთა ტომთანი ვართ, ანუ ვითარ მოვიქეცით და მივიღეთ სჯული ქრისტეანობისა” [1, 262, 282-284]. ”მეფეთა ცხოვრების” ზემოთ მოყვანილი ცნობა ქართლში ებრაელთა გამოჩენასთან დაკავშირებით ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” ტექსტს უნდა იყოს დასესხებული, ოღონდ ამ უკანასკნელში მოხსენიებული ”ჰონნები” მის ტექსტში ”ურიებით” არის შეცვლილი. ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” შატბერდისეული ტექსტის მიხედვით: ”...მოვიდეს ნათესავნი მბრძოლნი, ქალდეველთაგან გამოსხმულნი, ჰონნი, და ითხოვეს ბუნ-თურქთა უფლისაგან ქვეყანაჲ ხარკითა და დასხდეს იგინი ზანავს და ეპყრა იგი, რომელ ხარკითა აქუნდა, ჰრქჳან მას ხერკი” [2, 320].
<<გაგრძელება...<<
____________________________________________________________________________________
*** დიდ მადლობას მოვახსენებ ქ-ნ ლელა მიქიაშვილს წინამდებარე ტექსტის შესწორების დროს გაწეული დახმარებისათვის.
1. პ. ინგოროყვას კონიექტურით: ”...წარმოიყვანა [ათასი] სახლი [მდაბიოჲ უფლისაჲ] და ათნი სახლნი მამამძუძეთანი”. შესწორების დროს პ. ინგოროყვა ეყრდნობა არსენ ბერის ”ნინოს ცხოვრების” ტექსტს: ”მაშინ აზონ [წარვიდა] ქართლად არიან მამისა თჳსისა, და წამოიყვანა მუნით ათასი სახლი მდაბი[ოჲ] უფლისა[ჲ], და კუალად ათი სახლი მთავართაგან, და ყოვლით დედა-წულით მათით მოიყვანა და დააშენნა ქართლს, და თანა ჰყვეს კერპნი მათნი ღმერთად და ესე აზონ პირველ[ი] მეფე იყო ქართველთა[ჲ]” [1, 269-270].
2. წმინდა ნინოსადმი მიწერილი სიტყვებითაც, კერპები გაცი და გა ”ღმრთად ჰქონდეს მამათა თქუენთა არიან-ქართლით” [2, 335].
3. იხ. 1, 283. პ. ინგოროყვას ვარაუდით, არსენ ბერს უსარგებლია ახ. წ. IV საუკუნის ქართველი ისტორიკოსის (წარმოშობით ქართველი ებრაელის) აბიათარის დაკარგული ნაშრომით ”ცხორება და მოქცევა ქართლისა და მოთხრობა ნათესავობისა, და თუ რომელნი რომელთა ტომთანი ვართ, ანუ ვითარ მოვიქეცით და მივიღეთ სჯული ქრისტეანობისა”; ეს, მისი აზრით, არსენ ბერის თხზულების ტექსტისა და აბიათარის მატიანის ზედწერილის გამონათქვამების ზუსტი დამთხვევიდან ირკვევა [1, 283-284].
4. იგი იყო სელევკოს I ნიკატორის (Σέλευκος Νικάτωρ, დაახლ. ძვ. წ. 356-281 წწ.) ელჩი ინდოეთში.
5. ა. სარჯველაძე ყურადღებას ამახვილებს ძველ აღთქმაში მოყვანილ ქანაანელთა მიერ გამოყენებულ ებრაელთა სახელწოდებაზე ēber” ეწოდებოდა ადგილს, რომელიც მდებარეობდა მდინარის ან ზღვის გაღმა. მისი აზრით, ძველ ფინიკიელებს შეეძლოთ ეწოდებინათ როგორც ზღვის გადაღმა – ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსათვის, ასევე მცირე კავკასიონის ქედის გადაღმა eber მდებარე მხარისათვის ”იბერია” [10, 118-123].
6. იგულისხმება ევროპისა (იბერიის ნახევარკუნძულისა) და აფრიკის (ანუ ლიბიის) გამყოფი გიბრალტარის სრუტის ნაპირები. როგორც ჩანს, ტერმინი ”ჰერკულესის სვეტები” შემდგომში ტრანსფორმირდება იბერიად და ლიბიად; ამას ხელს ისიც შეუწყობდა, რომ ნაბუქოდონოსორის ლაშქრობის ობიექტად იბერიის მიჩნევას, როგორც ზემოთ ითქვა, სხვა საფუძველიც მოეპოვებოდა. უფრო გვიან ხდება ამ სვეტების აღრევა უკვე ”ალექსანდრეს სვეტებთან” [”ალექსანდრეს სვეტების” შესახებ, იხ. 19, 191] და ზოგიერთ მკვლევარს ამის გამო მიაჩნია, რომ ნაბუქოდონოსორს კავკასიის იბერიაში უნდა ელაშქრა [იხ. 20, 109].
7. სწორედ ჰერკულესთან ნაბუქოდონოსორის დასაპირისპირებლად უნდა გაჩენილიყო ”ჰერკულესის სვეტების” თემა ნაბუქოდონოსორის გმირობათა შესახებ გადმოცემაში.
8. კონსტანტინე პორფიროგენეტის მიხედვით, იბერიელები შთამომავლები არიან ჰური ხეთელის მეუღლის ბერსავიასი, მეფე სოლომონის დედის, რომელიც შეირთო მეფემ და წინასწარმეტყველმა დავითმა [29, 45].
9. პ. ინგოროყვას აზრით, კონსტანტინე პორფიროგენეტის თხზულებაში ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” ტექსტის ”არიან-ქართლის” იერუსალიმით შენაცვლებაში ასახულია ტენდენცია ქართველთა სამეფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაბუთებისა დავით მეფესთან იბერთა დაკავშირების საშუალებით, რაც პირდაპირ კავშირში იყო ბაგრატიონთა გენეალოგიის დავით მეფემდე და წინასწარმეტყველამდე აყვანის აღიარებასთან [30, 81-87; იხ., აგრეთვე, 31, 144-149]. თუმცა უკვე მოვსეს ხორენაცი შენიშნავდა, რომ სომეხთა მეფემ – ”ჰრაჩიამ სთხოვა ნაბუქოდონოსორს დატყვევებულ ებრაელთა ერთი მეთაურთაგანი, სახელად შამბათი; მან მოიყვანა, დაასახლა იგი ჩვენს ქვეყანაში [სომხეთში, - გ.ქ.] და დიდი პატივი მიაგო. მემატიანე სამართლიანად თვლის, რომ მისგან მომდინარეობს ბაგრატუნთა გვარი” [32, I, 22; იხ. 33, 86-87].
_____________________________________________________________________________________________________________________
გ. ქავთარაძე/"არიან-ქართლის” საკითხისათვის (ნაწილი II)
გ. ქავთარაძე/"არიან-ქართლის” საკითხისათვის (ნაწილი III)
გ. ქავთარაძე/"არიან-ქართლის” საკითხისათვის (ნაწილი IV)
|