There are no translations available.
<უკან დაბრუნება
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.XXI, №6. 1958
ხელოვნების ისტორია
ვ.დოლიძე
თლის ხუროთმოძღვრული ძეგლი - საქართველოსა და დვალეთის კულტურული ურთიერთობის ახალი საბუთი
(წარმოადგინა აკადემიკოსმა გ.ჩუბინაშვილმა 4.7.1958)
წინამდებარე შრომა შეეხება სოფ.თლის მიდამოებში გამოვლენილ ხუროთმოძღვრულ ძეგლს, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ცენტრალური კავკასიის მაღალმთიანი ზონის მობინადრეებთან ფეოდალური საქართველოს კულტურულ - პოლიტიკური ურთიერთობის ახალი საბუთი. მასალა ამ საკითხზე ძლიერ ცოტაა. ამიტომ თითოეულ შემატებას შეუძლია საინტერესო დაზუსტების მოცემა კულტურული ურთიერთობის სურათისათვის. თლისადმი ინტერესს ისიც აძლიერებს, რომ ხოზიტა–მაირამის შემდეგ([2], გვ.119) იმავე ისტორიული დვალეთის ტერიტორიაზე ეს მეორე ძეგლი ჩნდება, აგრეთვე მკვეთრად განსხვავებული ჩრდილოეთ ოსეთის ყველა ძველ ხუროთმოძღვრულ ნაგებობათაგან, რომელნიც საკუთარ, ღრმა თვითმყოფ ნიშნებს შეიცავენ. მსგავსად ხოზიტა-მაირამისა, თლის ძეგლიც მკვეთრად ამჟღავნებს ქართული ხუროთმოძღვრების ნიშნებს. სოფელი თლი სამხედრო. გზის ტრასაზეა, მეთორმეტე კილომეტრზე მამისონის უღელტეხილის გადაღმა. სოფლის დასავლეთის განაპირას, მთის დამრეც ფერდობზე, ოსეთის სამხედრო გზის ქვემოთ შემორჩენილია დანგრეული ეკლესია, რომელიც დღემდე არ ყოფილა აღნიშნული სამეცნიერო ლიტერატურაში1. იგი აგებულია შედარებით სწორ მოედანზე, რომელიც სამხრეთით ხრამისკენაა გაშლილი. ნაგებობის დიდი ნაწილი ახლა დაღუპულია. კამარა ჩამოქცეულია, ქვების ნაწილი ეკლესიის ირგვლივაა დაყრილი, ნაწილი კი გაძარცულია. ნაგებობის მთელ პერიმეტრზე შემორჩენილია დაზიანებული კედლები, რომელნიც არსად არ აღწევენ სრულ სიმაღლეს (ნახ.1, 2); ძეგლი წარმოადგენს ცალნავიან ეკლესიას მინაშენის კვალით სამხრეთის ფასადის მთელ სიგრძეზე. საკუთრივ ეკლესიის გეგმის სწორკუთხა მოხაზულობაში (7,8X13,0 მ) აღმოსავლეთით ღრმა აბსიდის წესიერი ნახევარწრედია მოქცეული. ამ უკანასკნელისგან შემორჩენილია ქვემოთა ნაწილი, რომლის სიმაღლე წინა მხრიდან 1,3 მეტრს არ აღემატება. ამიტომ მას საკურთხევლის სარკმლის კვალიც კი აღარ გააჩნია. სამაგიეროდ, აბსიდის უფრო კარგად შემორჩენილ გვერდის ნაწილებში ნიშების ფრაგმენტებია. რაც შეეხება სარკმლებს, მათ კვალს ჩვენამდე არ მოუღწევია არც ერთ კედელში. ერთადერთი ხვრელობი - შესასვლელი - სამხრეთის ფასადის დასავლეთ ნაწილშია მოთავსებული. შესასვლელი თავისი სრული სიმაღლითაა მოღწეული ჩვენამდე. იგი შიგნიდან თაღოვანია, გარედან კი, კონსტრუქციისა და ტიმპანის ფილის შერჩენილი ბუდის მიხედვით, სწორკუთხა მოხაზულობისა ყოფილა. საგულისხმოა, რომ, თუმცა ეკლესიას სავსებით მოხერხებული მისადგომები აქვს ყველა მხრიდან, ხოლო მთავარი გზა ჩრდილოეთითაა, მშენებელმა შესასვლელის მოწყობისათვის უპირატესობა სამხრეთის ფასადს მიანიჭა. ამგვარი მხატვრული მიდგომა საკულტო ნაგებობათა შესასვლელის მოწყობის საკითხისადმი ნიშანდობლივია ქართული ხუროთმოძღვრებისათვის ([1], გვ.99). სამხრეთის მინაშენის შესახებ უნდა ითქვას, რომ იგი კიდევ უფრო დანგრეული სახითაა მოღწეული, ვიდრე თვით ეკლესია. ეკლესიასთან პირისპირ მიშენებულ სწორკუთხა სადგომისგან შემორჩენილია კედლების მოხაზულობა. კედლების ფრაგმენტები სამხრეთით და დასავლეთით ალაგალაგ შეინიშნება მიწის ზედაპირზე და მცენარეულობითაა დაფარული, აღმოსავლეთის კედელი კი სიმაღლით დაახლ. 1,5 მ აღწევს. მინაშენის შესასვლელი სამხრეთით - ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ - შეიმჩნევა2. ეკლესიაში შესვლისთანავე, უკვე შერჩენილი კედლის ფრაგმენტების მიხედვითაც (ზოგან 4 მეტრს აჭრბებენ სიმაღლით) წარმოგვიდგება მშვიდი, მარტივად გაფორმებული შინაგანი სივრცე - ტიპიური განვითარებული შუასაუკუნეების ქართული დარბაზული ეკლესიებისათვის. ნახევარწრიული ფართო აბსიდი ჩვეულებისამებრ მხრებითაა გამოყოფილი; ნავი გრძივად ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი ორსაფეხურიანი პილასტრებით, რომელთა შესაბამისად აბსიდის მხრებთან კუთხის პილასტრებია, ხოლო დასავლეთის კედელთან ორსაფეხურიანი კუთხის პილასტრები. ხუროთმოძღვრულ ელემენტთა აღნიშნული ფრაგმენტები მოწმობს, რომ პილასტრები გათვალისწინებული ყოფილა როგორც კამარის თაღების საბრჯენად, ასევე სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლის თაღების საბრჯენადაც. ინტერიერის სურათს ავსებს აბსიდის ნიშები. სიღრმეში გაგანიერებულ ნიშებს გეგმაში ტრაპეციული მოხაზულობა აქვთ. შედარებით უკეთესადაა შემონახული სამხრეთის ნიში. მისი მარჯვენა კიდის შემორჩენილი არასრული (1,5 მ) სიმაღლეც კი უკვე გვიჩვენებს, რომ ნიშები მაღალი ყოფილა. პრინციპულად ანალოგიური ორგანიზაცია აბსიდისა - ნიშებით საკურთხევლის სარკმლის ორსავე მხარეს - არაერთხელ გვხვდება ქართულ ხუროთმოძღვრებაში: იხ.მაგალითად: „დიღმის წმ.გიორგი“ (XI ს. პირველი მეოთხედი); პატარა ონი (XI ს. პირველი ნახ.); სავანე (XI ს. შუა წლები), და სხვ. ფუნქციური დანიშნულების გარდა; ნიშების მოწყობა კონსტრუქციულადაც გამართლებულია: ისინი ამცირებენ კედლის ზედმეტ მასივს. აბსიდის მოპირდაპირე დასავლეთის კედელი გლუვ სიბრტყეს წარმოადგენს. იგი კუთხის ორსაფეხურიანი პილასტრების მიხედვით, ზემოდან, შემოფარგლული უნდა ყოფილიყო თაღით, რომელიც ალბათ კამარის კონტურს მისდევდა. სამხრეთის კედლის შესაბამისად ორსაფეხურიანი პილასტრით დანაწევრებული ჩრდილოეთის კედელი არ შეიცავს რასმე ღირშესანიშნავს. იგი აგებულია თითქმის მთლიანად მცირე ზომის მაგარი ქანის ქვებისაგან. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის კედლები ამოყვანილია შიგა და გარეპირის ქვებს შორისი სივრცის ამოყორვით კირის ხსნარზე. ეს კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია ქართული ხუროთმოძღვრებისა - საკულტო შენობათა აგების ჩვეულებრივი ტექნიკა. ყურადღების გარეშე არ რჩება, რომ თლის ეკლესიის ინტერიერში კონსტრუქციულად საპასუხისმგებლო ელემენტები შედარებით წმინდა დამუშავებითა და მკვეთრი მოხაზულობით გამოიყოფა. შესასვლელის სამი თანაზომიერი ქვისგან შედგენილი თაღი, წირთხლები, აბსიდის მხრები, ყველა პილასტრი და აგრეთვე აბსიდის ნიშნების კედლები კარგად გათლილი, სწორკუთხა ფორმის ქვებითაა ნაწყობი3. კედლების შიგაპირის წყობა, სადაც მაგარი ქანის ქვასთან ერთად ფოროვანიც გამოიყენება, ირეგულარული ხასიათისაა, მაგრამ ერთგვარ გამონაკლისს ცალკეული რიგები შეადგენს, რომელშიც ქვების ჰორიზონტულად დალაგების პრინციპია დაცული. ჩვენამდე მოღწეული აბსიდის ნახევარწრე მკაფიოდაა გამოყვანილი რიგების სიმაღლის მიხედვით შერჩეული, ტლანქად გათლილი ქვების წყობით. მაგრამ აბსიდის მხრებისა და ნიშების კედლებისათვის, როგორც აღინიშნა, კარგად გათლილი, კიროვანი შირიმის კვადრებია გამოყენებული. იგივე კარგად დამუშავებული ქვაა გამოყენებული ყველა მნიშვნელოვან კონსტრუქციულ ელემენტისათვის და აგრეთვე გაბნეულია სამხრეთის კედლის ზედაპირის მეტ ნაწილზე და მოყვითალო ფერადოვან ლაქებად გამოიყოფა. ინტერიერის დანარჩენ კედლებისათვის ძირითადად გამოყენებულია შემთხვევითი ფორმის, ტლანქად დამუშავებული სხვადასხვა ქვები. გაცილებით იშვიათად გვხვდება ფიქალი, ვიდრე მაგარი ქანის ნიმუშები. ქვების სათანადო დალაგების შედეგად გლუვი სიბრტყით გარეთ - მიღებულია კედლის საკმაოდ სწორი ზედაპირი, რომელიც შელესილი ყოფილა. შელესვის კვალი ყველა კედელზეა შემორჩენილი მცირე ნაფლეთების სახით. ეკლესია შიგნით მოხატული უნდა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში – შელესილი მაინც. სავსებით აშკარაა, რომ ინტერიერის სახე - უსისტემოდ ნაწყობი, შიშველი კედლებით - შეუფერებელი იქნებოდა მშენებლის მხატვრული განწყობისათვის. ეს განწყობა მკაფიოდ იჩენს თავს შენობის გარემოპირკეთების შემორჩენილ ფრაგმენტებშიც და შესასვლელის დეკორატიულ გაფორმებაშიც (ნახ.5, 6). ეკლესიის ნანგრევები გარედან მიწამიყრილი, ჩამონგრეული ქვების გარემოცვაშია აზიდული, რის გამოც კედლის წყობის ქვემოთა რიგი დამალულია. გარემოპირკეთების ხასიათსა და შესრულების მაღალ ოსტატობაზე მეტყველებენ კედლის მოპირკეთებული ნაწილები დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებზე. ყურადღებას იპყრობს კარგად გაფლილი, ერთმანეთთან მტკიცედ მიკრული, მართკუთხა კვადრები. რიგებს შორის მკაცრადაა დაცული ჰორიზონტული ნაკერების სწორხაზოვნება. დასავლეთის ფასადზე შემორჩენილია ექვსი არასრული რიგი, ხოლო სამხრეთის ფასადზე მოპირკეთების ნაშთი დასავლეთის კუთხიდან მოყოლებული შესასვლელის მარჯვენა კიდეს აღწევს. კიროვანი შირიმით მოპირკეთებული ფასადები და მათი საერთო მოყავისფრო–მოყვითალო ფერი ხოზიტა-მაირამის ტაძარს გვაგონებს, სადაც ფასადების მოსაპირკეთებლად იგივე საშენი მასალა და კედლების ამოყვანის იგივე ტექნიკაა გამოყენებული ([2], გვ.122—123). გარდა ამისა, ძეგლებს აახლოებს მათი დაგეგმარებაც. თითქმის თანხვდენაა ზომებშიც (7,8X13,3 მ - ხოზიტა-მაირამი; 7,8X13 მ - თლი). ორივე ძეგლში გეგმა კომპაქტურადაა გადაწყვეტილი, ნავს ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფს წყვილი პილასტრი, ხოლო ნახევარწრიული აბსიდი გვერდებზე დამატებითი ელემენტებითაა აღჭურვილი: პირველ ძეგლში მცირე ზომის სადგომებია კედლის სისქეში, ორ იარუსად, მეორეში - მაღალი, ღრმა ნიშები. ამრიგად, გეგმები ერთი პრინციპული სქემის მიხედვითაა გადაწყვეტილი. თლის ძეგლის მსგავსება ხოზიტა–მაირამთან არ ამოიწურება აღნიშნულით. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თლის შესასვლელის მორთულობა გარედან. აქ შემორჩენილია დეკორატიული გაფორმების ფრაგმენტები, რომელნიც საფუძველს გვაძლევს მორთულობის თავდაპირველი ფორმების აღსადგენად. იგი შედგებოდა საპირისა და მასზე მჭიდროდ დასმულ, ჰორიზონტული გადანაკეცების მქონე, ნახევარწრიულ სათაურისგან. ამ გაფორმებიდან ადგილზე შემონახულია სათაურის ფრაგმენტი მარცხენა გადანაკეცით და საპირეები შესასვლელის კიდეებზე. მარცხენა საპირე, რომელიც სათაურის რკალშია შებჯენილი გადანაკეცის დასაწყისის ზემოთ, მოწმობს, რომ საპირე ზემოთა ნაწილში სათაურის კონტურს მისდევდა. როგორც საპირე, ასევე სათაურიც სამ პარალელურ ლილვადაა დაყოფილი. შესასვლელის დამუშავების ეს კომპოზიცია კანონზომიერად ჩამოყალიბდა სარკმლისა და შესასვლელის მორთულობათა განვითარების გარკვეულ საფეხურზე ქართულ ხუროთმოძღვრებაში. სარკმლის ხვრელობის დამაგვირგვინებელი, გადანაკეცების მქონე სათაური შესასვლელის გაფორმებაშიც მეორდება ([3], გვ.9-11, სურ.4). თლის მშენებელმა შესასვლელის მორთვისათვის იგივე მოტივი გამოიყენა, რომლითაც დამუშავებულია თლისთან უახლოესი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - ხოზიტა-მაირამის სარკმლები ([2], გვ.123-124, სურ.4-6). ამასთანავე, მსგავსება არა მარტო ზოგად კომპოზიციურ აგებულებაშია, არამედ საპირისა და სათაურის დანაწევრებაშიც პარალელურ ლილვებად. ხოზიტა მაირამში ლილვები თანასწორია, ხოლო თლიში რამდენადმე მეტია შუალა.
ნახ.3 ხოზიტა-მაირამისა და თლის ძეგლის გეგმები
ნახ.4. თლის ძეგლის შესასვლელის მორთულოგის რეკონსტრუქცია
ამრიგად, ძეგლბის ზოგადი განხილვა გვარწმუნებს, რომ მსგავსების ნიშნები თლისა და ხოზიტა - მაირამს შორის გაცილებით უფრო არსებითია. ვიდრუ სხვაობის ელემენტები. აღნიშვნის ღირსია, რომ ხოზიტა - მაირამის შესასვლელის ტიმპანი გლუვი, ნალისებრი ფორმის სათაურითაა მოჩარჩოებული, რაც ძველი, დრომოჭმული მოტივის გადმონაშთს წარმოადგენს. ხოლო თლის შესასვლელის გაფორმება უფრო რთული კომპოზიციით განხილულ უნდა იქნეს, როგორც გარკვეული ევოლუციური წინსვლა, რომელიც ქრონოლოგიურად უშუალოდ მისდევს ხოზიტა-მაირამის სარკმელთა გაფორმების დროს. ერთი სიტვეით. თუ კი ხოზიტა – მაირამი XI ს. პირველი ათეულის ძეგლია ([2], გვ.126). მაშინ თლის აგებაც ამავე დროს უნდა მივაკუთვნოთ. ამასთან დაკავშირებით უადგილო არ იქნება ხალხური გადმოცემის მოტანა, რომელიც დამოწმებულია 1934 წ. ხოზიტა–მაირამის მნახველი ტურისტის მიერ. მისი ხელნაწერი პროფ.ლ.სემიონოვს გადაეცა ([4], გვ.103). ავტორი აღნიშნავს, რომ „ერთგვარი მსგავსებაა ამ ეკლესიის (ხოზიტა-მაირამის - ვ.დ.) ნანგრევებსა და სოფ.თლისთან ახლო მდებარე ნანგრევებს შორის. ამ მსგავსებაზე მიუთითებს სოფ.თლიში მოთხრობილი გადმოცემა. იქ ამბობდნენ, რომ არსებობს კიდევ ერთი ანალოგიური ტაძარი სადღაც მამისონის უღელტეხილის გადაღმა. ყველა, სამივე ტაძარი ერთი ოსტატის მიერაა აშენებული ერთ დღეს. ამასთანავე, იგი ადრე დილით ზრუგზე (მდინარე, რომლის ნაპირზეც ხოზიტა–მაირამია აგებული - ვ.დ.) მუშაობდა, შუადღემდე - თლიში, ხოლო საღამოს - უღელტეხილის გადაღმა. ამ გადმოცემის სიტყვებით, თვალითმნახველნი ხაზს უსვამენ სამივე ნაგებობის სრულ იგივეობას“. ნარის ტაფობზე, ე.ი. ტერიტორიაზე, რომელსაც მიკუთვნებული აქვს ტოპონიმი დვალეთი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა არსებობა განხილულ უნდა იქნეს, როგორც საბუთები ამ ტერიტორიის მოსახლეობის მიკუთვნებისა ქართველი ხალხის კულტურულ წრესთან. ხოზიტა–მაირამი და თლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ დვალების ისტორიის საკითხისათვის, რომლებიც მხოლოდ ამ უკანასკნელ დროს გახდა სპეციალური კვლევის საგნად [5, 6].
====================================================================================
1. ამ ძეგლს, რომელზედაც პროფ.ლ.სემიონოვმა მიგვითითა, ადგილზე გაეცნო 1953 წ. 10 ივნისს ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიცია - აკად.გ.ჩუბინაშვილის, ს.ბარნაველის, რ.შმერლინგისა და ამ სტრიქონების ავტორის შემადგენლობით.
2. არქეოლოგიური გასუფთავება, რომლის ჩატარების შესაძლებლობა ჩვენ არ გვქონდა. უეჭველად გამოავლენს სხვა საინტერესო დეტალებთან ერთად მინაშენის შესასვლელის ზუსტ მდებარეობასა და სიგანეს.
3. შუა წყვილ პილასტრებს შემოძარცული აქვს წინა საფეხურის საპირე ქვები და გაშიშვლებულია ამოყორვა.
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი
თბილისი
(რედაქციას მოუვიდა 4.7.1958)
დამოწმებული ლიტერატურა
1. გ.ჩუბინაშვილი. ქართული ხელოვნების ისტორია, ტ.I, თბილისი, 1936.
2. ვ.დოლიძე. ხოზიტა—მაირამი–საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის ხალხთა კულტურული ურთიერთობის საბუთი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.XV, №2, თბილისი, 1954.
3. ციალა გაბაშვილი. პორტალები ქართულ არქიტექტურაში. თბილისი, 1955.
4. Л.П.Семёнов. Археологические разыскания в Северной Осетии. Известия Северо - Осетинского научно-исследовательского института, т.XII, Дзауджикау, 1948.
5. В.Н.Гамрекели. Двалы и Двалетия в I–XV в.н.э. Инст.Историй АН ГССР (диссерт), 1958
6. დ.გვრიტიშვილი. დვალთა ვინაობისა და ოსთა ჩამოსახლებისათვის. მიმოხილველი, ტ.1, თბილისი, 1949.
|