topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ხიმშიაშვილი ლ. ანთაძე მ. - ტყობა-ერდის სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ხიმშიაშვილი ლ. ანთაძე მ. ტყობა-ერდის სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები //ძეგლის მეგობარი. კრ.26. - 1971. - გვ.65-75. -

ლევან ხიმშიაშვილი არქიტექტორ - რესტავრატორი

მ.ანთაძე - არქიტექტორი

ტყობა ერდის სარესტავრაციო სამუშოების შედეგები

მთიანინგუშეთში, მდინარე ასას ულამაზეს ხეობაში, სოფელ ხაირახის მახლობლად მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ღირსშესანიშნავი ძეგლი ტყობა–ერდი (თობა–ერდი, თხაბა-ერდი). პირველი ცნობები ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე ამ უნიკალური ქრისტიანული ტაძრის შესახებ ეკუთვნის რუსეთის არმიის კვარტირმეისტერს შტედერს, რომელმაც 1781 წელს აზომა და აღწერა იგი. 1811 წელს ძეგლს გაეცნო და ცნობები მის შესახებ, შტედერის მასალებთან ერთად, გამოაქვეყნა გერმანელმა გეოლოგმა მორიც ფონ ენგელგარდტმა. შემდეგშიც არა ერთი მკვლევარი დაინტერესებულა ამ ძეგლით. აკადემიკოსმა ვ.მილერმა 1886 წელს, პროფ.სემიონოვმა 1929 წელს, ხელოვნებათმცოდნემ კრუპნოვმა 1947 წელს ნახეს, შეისწავლეს და სპეციალური გამოკვლევები მიუძღვნეს მას განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი მეცნიერის დ.ბაქრაძის ღვაწლი ამ ძეგლის შესწავლის საქმეში. ძეგლის მეცნიერული კვლევის ახალ ეტაპს საფუძველი ჩაეყარა 1941 წელს, როდესაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციამ აკად.გ.ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით ხელი მოჰკიდა ტყობა—ერდის შესწავლის საქმეს. აკად.გ.ჩუბინაშვილის ნაშრომში «К вопросу о культурных связях Грузии и Ингушети» (რომელიც წაკითხული იქნა 1941 წ. საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნ. განყ. X სესიაზე), მოცემულია ტყობა-ერდის ხუროთმოძღვრული ძეგლის ზუსტი მეცნიერული ანალიზი. ”მიუხედავად იმისა, რომ ძეგლის ნატურული კვლევის ბოლომდე მიყვანა დიდი სამამულო ომის გამო არ მოხერხდა, როგორც ქვევით დავინახავთ, გ.ჩუბინაშვილის გამოთქმული ბევრი იმ დროს სავარაუდო მოსაზრება სავსებით დადასტურდა. 1968 წელს ჩეჩენო-ინგუშეთის ავტონომიური ოლქის კულტურის სამინისტროს თხოვნით, ტყობაერდის ტაძრის რესტავრაცია ითავა საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს სპეციალურმა სამეცნიერო - სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნომ, და სამუშაოს ჩატარებისათვის მოიწვია ლ.ხიმშიაშვილი. სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებამდე ჩატარებული კვლევისა და ძეგლის ნატურალური შესწავლის საფუძველზე შემუშავდა ესკიზური პროექტი. პროექტი ითვალისწინებდა ძეგლის გაწმენდას მიწისაგან და გადარჩენილი ნაწილების დაცვა-გამაგრებას ძეგლისავე ტერიტორიაზე შემონახული ძველი ელემენტების გამოყენებით. 1969 წლის თებერვალში ეს მოსაზრებან შეთანხმებული იქნა რსფსრ კულტურის სამინისტროს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ინსპექციასთან. ამავე წლის ზაფხულში დაიწყო ძეგლის გაწმენდა დანალექი მიწისაგან. არქეოლოგიური მეთვალყურეობისათვის მოვიწვიეთ არქეოლოგები რ.რამიშვილი და გ.ღამბაშიძე. პარალელურად, ძალზე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ნაწილების დაცვის მიზნით, მიმდინარეობდა საკონსერვაციო და გასამაგრებელი სამუშაოები. “შესწავლის შემდეგ გამოირკვა, რომ ძეგლი წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას (იხ.ნახ.1), რომელიც ორიენტირებულია ჩრდილო-აღმოსავლეთით. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ორიენტაცია აქვს ამავე ეპოქის ქართული ხუროთმოძღვრების ზოგიერთ სხვა ძეგლსაც. მაგალითად თიანეთის სიონს (ქვემოთ პირობითად ნახმარი იქნება საერთოდ მიღებული ორიენტაცია - აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი). ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია მთავარი ეკლესია, რომლის ჩრდილოეთით და სამხრეთით განლაგებულნი არიან ურთიერთდაკავშირებული მცირე ეკლესიები. როგორც ვთქვით, ძეგლმა ძირითადად ნანგრევების სახით მოაღწია. მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთის კედელი, ნაგები მოზრდილი, ნატეხი ქვიშაქვის კვადრებით და ფიქალით. სახურავის უქონლობის გამო წვიმა წლების მანძილზე კედელში ატანდა და შლიდა მას. ამიტომ კედელმა დეფორმაცია განიცადა, გამოიბურცა და გადაიხარა. ანალოგიურ მდგომარეობაში იყო მთავარი ეკლესიის სამხრეთის და დასავლეთის კედლები. მათ ღრმა ნაპრალები გაუჩნდათ და უახლოეს მომავალში მათი საბოლოოდ ჩამოქცევა გარდუვალი იყო. მთავარი ეკლესიის ოთხი კამარიდან, რომლებიც გამოწეული პილასტრებით ოთხ ნაწილად დაყოფილ ცენტრალურ დარბაზს ხურავდნენ, დასავლეთის კამარა მთლიანად დანგრეული იყო, ხოლო დანარჩენი სამიც დანგრევის პირას იყო მისული. აღმოსავლეთის მდიდრულად გაფორმებულ შეწყვილებად სარკმელს დაკარგული ჰქონდა ცენტრალური სვეტი კაპიტელით და მარცხენა წირთხლის ქვები. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ეკლესიის აღმოსავლეთის ნაწილი სფერული სახურავით. ამ ნაწილში კედლის სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა, ხოლო კუთხეები, ამოყვანილია ქვიშაქვის თლილი კვადრებით. საკურთხეველში იატაკის დონეზე აღმოჩნდა უძველესი ტაძრის საკურთხევლის საძირკველი (იხ.გეგმა). მოღწეულია ეკლესიის მხოლოდ ჩრდილოეთის კედელი (იატაკის დონიდან 3 მეტრის სიმაღლეზე), რომელსაც შუა ნაწილში კარი აქვს. კედელს აქა–იქ შემორჩენილი ჰქონდა თაღის ქუსლის ქვები, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს ეკლესია გადახურული ყოფილა ცილინდრული თაღით. დღეს შეუძლებელია იმის დადგენა,

თუ როგორ იყო ეს თაღი დაკავშირებული ამ ეკლესიის სამხრეთის კედელთან, რომელიც თავდაპირველი არ არის. ამავე ეკლესიის აღმოსავლეთის მხარეს აღმოჩნდა ნახევარწრიული საკურთხევლის კედლის ნაწილი (სარკმლის დონემდე). ძეგლის სამხრეთით მოთავსებული მცირე ეკლესია მთავარი ეკლესიის აღმოსავლეთის კედლის სიბრტყიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გაწეული ყოფილა 2,6 მეტრით. ძეგლის სამხრეთით აღმოჩნდა ტაძარში შესასვლელი თაღების ხუთი, ფიქალით ნაგები, გეგმაში სწორკუთხა სვეტების ქვედა (0,6—1,0 მ სიმაღლის) ნაწილები. ცენტრალური ეკლესიის სამხრეთის კარის ორივე მხარეს აღმოჩნდა ორნამენტით შემკული ბაზის ქვები, რომლებიც საფიქრებელია ადრინდელ შესასვლელს ეკუთვნოდა. ტაძრის სამხრეთით მოთავსებული ყოფილა ფლეთილი ქვით ნაგები მცირე ზომის ეკვდერი. ტაძარი შეიცავს მშენებლობის აშკარად სხვადასხვა პერიოდების ნიშნებს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ტყობა-ერდის არქიტექტურულ ძეგლს თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე არაერთგზისი ნგრევა, აღდგენა და გადაკეთება განუცდია. ამასვე მოწმობენ გასულ საუკუნეში შესრულებული ჩანახატები. ძეგლის შემორჩენილი ნაწილები და ნანგრევებში აღმოჩენილი სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტები ძირითადად IX-XII და XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. მაგრამ კვლევამ დაგვანახა, რომ ამ ადგილას IX საუკუნემდეც ყოფილა ნაგებობა და რომ დღევანდელი ძეგლი აღმართული ყოფილა იმ ძველი ნაგებობის საძირკველზე. ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე შეიძლება გამოვყოთ ტაძრის მშენებლობის შემდეგი ძირითადი პერიოდები: "მშენებლობის პირველ პერიოდს მივაკუთვნებთ ძეგლის არსებული საკურთხევლის იატაკის დონეზე აღმოჩენილ ადრინდელი ტაძრის საკურთხევლის საძირკველს (იხ.ნახ 1).

(+)

როგორც ჩანს, პირვანდელი ნაგებობა, IX საუკუნისათვის ალბათ უკვე ძლიერ დაზიანებული, მშენებლებს საძირკვლებამდე დაუნგრევიათ და ძველი საძირკვლების ნაწილი ახალი შენობისათვის, კერძოდ, დარბაზის კედლებისათვის გამოუყენებიათ (შურფებმა დაგვანახა, რომ არსებული კედლები უფრო ძველ საძირკვლებზე არის აღმართული). მომდევნო დროის საკურთხეველი რამდენადმე გადაწეულია "აღმოსავლეთით, რის გამოც ადრინდელი საკურთხევლის საძირკვლები არსებული ძეგლის საკურთხევლის შიგნით მოექცა. მშენებლობის ამავე პერიოდს შეიძლება მივაკუთვნოთ კარნიზები (ნახ.KH-1) სამკუთხა ნიშებიანი ფილები, და სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტები, რომლებიც მშენებლობის შემდგომ პერიოდებში ნაგებობის სხვადასხვა ადგილებში და სხვადასხვა დანიშნულებით ყოფილან გამოყენებული. ძეგლის მშენებლობის მეორე პერიოდი IX საუკუნით თარიღდება, რასაც ძეგლზე შემონახული წარწერაც ადასტურებს. (ინახება გროზნოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, წაკითხულია დ.ბაქრაძის მიერ). ამ ეპოქის ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა ნიშნების - კედლების წყობის შესრულების მანერის, ორნამენტაციისა და სხვათა მიხედვით ამ პერიოდს შეიძლება მიეკუთვნოს ძეგლის შემდეგი ნაწილები:

1) მთავარი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადი - საკურთხეველი თავისი სფერული სახურავით და მცირე ეკლესიების გადარჩენილი ნაწილები.

2) აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებული შეწყვილებული სარკმელი. ანალოგიურ სარკმლებს ვხვდებით ამავე ეპოქის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის, წირქოლის ტაძრის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე. საინტერესოა, რომ ორივე ძეგლზე სარკმლის მორთულობის, ორნამენტის ფონად გამოყენებულია წითელი ფერის საღებავი. აღმოსავლეთის სარკმლის თავსართში მოთავსებული სკულპტურული კომპოზიცია. რომელიც შედგება ორი სიუჟეტისაგან მარჯვენა - ორფიგურიანი გამოხატავს სამსონის ბრძოლას ლომთან, ხოლო მარცხენა – სამფიგურიანზე, გამოხატულია ქტიტორი, რომელიც ქრისტეს გუმბათოვანი ტაძრის მოდელს მიართმევს. 3) კარნიზის ქვები - სწორკუთხა ფილები, რომლებზეც ნალისებური თაღებია გამოკვეთილი (ნახ.2. K IX B - 1) ეს ქვები სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილა: ზოგი კედლების წყობაში ჩატანებული ზოგიც ძეგლის ტერიტორიაზე, ნანგრევებსა და მიწაში ჩაფლული.

4) ანგელოზის გამოსახულებიანი კუთხის კარნიზის ქვა, (ნახ.2 ПС 4—4) რომელიც ალბათ დასავლეთის მინაშენს ეკუთვნოდა.

5) რელიეფებიანი ქვები ადამიანებისა და ცხოველების გამოსახულებით და მცენარეული ორნამენტით, რომლებიც აგრეთვე მინაშენის კარნიზს უნდა ეკუთვნოდნენ (ნახ.2 ПС–2, ПС–3, ПСЮВ—8, ПСЮВ—9, ПСЮ3–10, ПСЮВ—11).

6) ლილვებითა და კანელურებით შემკული თაღის ქვები, რომლებიც, როგორც ჩანს, სამხრეთის შესასვლელს მიეკუთვნებოდნენ. შემდგომი პერიოდების რეკონსტრუქციის დროს ზოგი მათგანი სამხრეთის კარის გადასახურავად გამოუყენებიათ, ერთი კი დასავლეთის ფასადზე კარნიზშია ჩატანებული

7) ორნამენტირებული თაღის ქვები, რომელთა ქვედა სიბრტყეებზე ამოკვეთილია წარწერები (ნახ.3). რეკონსტრუქციის დროს ეს ქვები სხვადასხვა ადგილას გამოუყენებიათ ერთი დასავლეთის ფასადის სკულპტურულ კომპოზიციაში ქვედა ფიგურის მარცხნივ მოუთავსებიათ, მეორე კი სამხრეთის ფასადის მარცხენა სარკმელში ჩაუდგამთ. დანარჩენები ნანგრევებში იპოვეს. საფიქრებელია, რომ ამ ქვებით სამხრეთის კარი უნდა ყოფილიყო გაფორმებული.

8) ორნამენტირებული ქვები, რომლებიც თავდაპირველად, ალბათ, ცენტრალური ეკლესიის გადამხურავი თაღის საბჯენი კამარების კრონშტეინებს წარმოადგენდნენ. ამჟამად ხუთი მათგანი ცენტრალური ეკლესიის გვიანდელი პილასტრების ზედა ნაწილებში არის მოთავსებული, ხოლო დანარჩენი სამი ჩატანებულია ჩრდილოეთის კედელში. (ნახ.2. ИИ—6, ИИ—7, ИИ—8, ИИ–9).

9) სამხრეთის ფასადზე არსებული კარნიზების ქვეშ ჩადგმული ორი რელიეფი, რომლებიც ფიგურების განლაგებისა და კომპოზიციის საერთო გადაწყვეტის ორიგინალური მანერით ხასიათდებიან.

10) დასავლეთის ფასადის კრონშტეინებზე დაყრდნობით დიდ თაღში მოთავსებული მრავალფიგურიანი სკულპტურული კომპოზიცია. კომპოზიციის ცენტრში წარმოდგენილია ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურა, მის მარჯვნივ და მარცხნივ წმინდანების ფიგურებია. თაღის გარეთ, ზედა ნაწილში მარცხენა და მარჯვენა მხარეს გამოსახული ყოფილა ორი ანგელოზის ფიგურა. არქივოლტის ზემოთ, შუა ადგილას ყოფილა ადამიანის, ალბათ ქტიტორის, რელიეფური გამოსახულება. სიუჟეტის მიხედვით (ქტიტორს ქრისტესთან ტაძრის მოდელი მიაქვს) ეს კომპოზიცია IX საუკუნეს უნდა მივაკუთვნოთ, მაგრამ დღემდე მას მოუღწევია, როგორც ჩანს, არათავდაპირველი სახით, რადგან ზოგ ადგილებში შემთხვევითი ელემენტები, მაგალითად, ორნამენტირებული ქვები და კარნიზის ნაწილები გვხვდება. ქრისტეს ფიგურის ზემოთ, სრულიად უადგილოდ, წინწამოწეული წახნაგოვანი, X-XII საუკუნეებისათვის დამახასიათებელი S-ის მაგვარი ორნამენტით დამუშავებული ქვაა მოთავსებული. ეს გვაფიქრებინებს, რომ დაზიანებული კომპოზიცია X-XII საუკუნეებში აღუდგენიათ და გარკვეული ცვლილებები შეუტანიათ. უნდა აღინიშნოს, რომ არც ზემოჩამოთვლილი მასალები და არც არქივში დაცული მასალები ტყობა-ერდის შესახებ არ არის საკმარისი ძეგლის იმ სახით წარმოსადგენად, როგორიც იყო იგი აღნიშნულ ეპოქაში. მრავალჯერ გადაკეთების შედეგად ძეგლმა ძლიერ იცვალა სახე და ბევრი, თავდაპირველი ტაძრისათვის დამახასიათებელი, ნიშანთვისება საბოლოოდ დაკარგა

მესამე პერიოდი. X-XII საუკუნეებში ტყობაერდის ტაძარზე დიდი სარესტავრაციო სამუშაოები უწარმოებიათ, რასაც ძეგლზე შემონახული წარწერაც ადასტურებს. ძეგლზე საკმაო რაოდენობით შემორჩენილია ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი ხუროთმოძღვრული ელემენტები, მაგალითად, ძიების დროს მიწასა და ნანგრევებში გვხვდებოდა ტაძრის ოთხივე ფასადის კარნიზის ქვები ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი ორნამენტაციით (ნახ.3, КЮЗ-1, КЮЗ-2, КСЗ-10, КУЮВ-4, КЮВ-2). აღსანიშნავია, რომ ოთხივე ფასადის კარნიზების დამუშავებაში გამოყენებულია ორნამენტების განსხვავებული მოტივები. X—XII საუკუნეებში აღდგენილი ტაძრის არქიტექტურული სახის სრულყოფილად წარმოდგენა დღეს შეუძლებელია, რადგან შემდგომი პერიოდის რეკონსტრუქციამ “სრულიად შეცვალა ძეგლის იმდროინდელი სახე. შემორჩენილი ელემენტები საფუძველს გვაძლევენ დავასკვნათ, რომ X—XII სს. ძეგლის რეკონსტრუქცია ამ ეპოქის ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი პრინციპებით ხორციელდებოდა.

მეოთხე პერიოდი მიეკუთვნება XV—XVI სს. ამ დროისათვის ძეგლს ჩამონგრეული ჰქონია ჩრდილოეთის და სამხრეთის ნაწილები. მშენებლებს დაზიანებული ტაძრის მხოლოდ მთავარი ეკლესიის აღდგენა განუზრახავთ, რისთვისაც მთავარი ეკლესიის სამხრეთის ღა ჩრდილოეთის კედლები ხელახლა ამოუყვანიათ მშრალი წყობით და მთავარი დარბაზი ძლიერ გამოწეული პილასტრებით ოთხ ნაწილად დაუყვიათ. ამ დროის მშენებლებიც ძეგლის ტერიტორიაზე შემონახულ უძველეს დეტალებს, სურვილის მიხედვით იყენებდნენ. მშენებლებს რეკონსტრუქციის დროს შეჰქონდათ ნაგებობაში ინგუშეთის ნაციონალური ხუროთმოძღვრების ელემენტები. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა მთავარი ეკლესიის ინტერიერში და სამხრეთის ფასადზე. ტყობა-ერდი მეტად თავისებური და რთული სარესტავრაციო ობიექტი იყო, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამ ძეგლმა განვლო გადაკეთებათა რამდენიმე ეტაპი. ამ გადაკეთებებს არსებითი ცვლილებები შეჰქონდათ ძეგლის საერთო კომპოზიციაში და რადიკალურად ცვლიდნენ ძეგლის ადრინდელ სახეს. რასაკვირველია, არავითარი ანგარიში არ ეწეოდა ძეგლის მხატვრულ—ისტორიულ ღირებულებას. გადაკეთება ხდებოდა იმ დროის პრაქტიკულ მოთხოვნილებათა შესაბამისად, თანამედროვე საზოგადოების გემოვნებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ძეგლის ყველა ზემოაღნიშნულ თავისებურებათაგან გამომდინარე მათი გათვალისწინებით შედგენილი რესტავრაციის პროექტი ითვალისწინებდა ძეგლის დაცვას იმ სახით, რა სახითაც მან ჩვენს დღეებამდე მოაღწია, რაც პრაქტიკულად სათანადო აღდგენითი და გასამაგრებელი სამუშაოებით ხორციელდება. ჩვენს ამოცანას შეადგენდა აგრეთვე ძეგლის ტერიტორიაზე მრავლად აღმოჩენილი უძველესი ხუროთმოძღვრული ელემენტების თავდაპირველი ადგილების განსაზღვრა და შეძლების მიხედვით მათ თავთავის ადგილებზე მოთავსება, რაც შემდეგნაირად განხორციელდა: აღვადგინეთ აღმოსავლეთის სარკმლის დაზიანებული ნაწილები, მარცხენა წირთხლი და სვეტის თავი თავდაპირველი ქვებით, ხოლო სარკმლის დაკარგული სვეტი ახლით შევცვალეთ. აღვადგინეთ აგრეთვე დასავლეთის სკულპტურული კომპოზიციის არქივოლტი, რისთვისაც გამოვიყენეთ ნანგრევებში აღმოჩენილი ამ არქივოლტის კუთვნილი სამი ქვა, დაკარგული ნაწილი კი ორიგინალის მიხედვით დამუშავებული ახალი ელემენტებით შევცვალეთ. თავდაპირველ ადგილებზე (მილერის ჩანახატის მიხედვით), მოვათავსეთ ამ კომპოზიციის შემდეგი ელემენტები: რელიეფი ადამიანის (ქტიტორის) გამოსახულებით და ქვა, რომელზეც მშენებლის ხელია გამოკვეთილი. არქივოლტის ზემოთ, მარჯვნივ და მარცხნივ არსებული კვლების მიხედვით დავტოვეთ ბუდეები ანგელოზების რელიეფური გამოსახულებებისათვის რომელნიც, პროფ.გ.ჩიტაიას ცნობით, ხევსურეთში ყოფილა გადატანილი. აღვადგინეთ კედლების დანგრეული ნაწილებიც, თავიანთი კარნიზებით. კარნიზების აღსადგენად ძირითადად გამოვიყენეთ ძველი (X-XII სს) კარნიზების ქვები, რომლებიც ორნამენტის ნახატის ურთიერთმორგებით იწყობოდა. მთლიანად აღვადგინეთ ცენტრალური დარბაზის დასავლეთის ნაწილის გადამხურავი სფერული კამარა. გადავაწყეთ და კონსერვაცია გავუკეთეთ ცენტრალური დარბაზის დანარჩენ სამ სფერულ კამარას. აგრეთვე გადავაწყვეთ და კონსერვაცია გავუკეთეთ მცირე ეკლესიიდან შემორჩენილ კედლებს. სხვადასხვა პერიოდებში ძეგლის გადაკეთების დროს კედლის წყობაში ჩატანებული ორნამენტირებული ქვების გამოჩენის მიზნით, ძეგლის დასავლეთის კედელში მოეწყო ორი ნიში, რომელშიც კარგად იკითხება ადრინდელი, ნატიფად დამუშავებული ორნამენტირებული ქვები. ამჟამად სარესტავრაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ჩატარებულმა ღონისძიებებმა ძეგლი გადაარჩინა უცილობელ დაღუპვას, გაუხანგრძლივა მას არსებობა და შემოუნახა მომავალ თაობებს.

(+)