topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

სამთავისი - პ.ზაქარაია (ნაწილი 2)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (ნაწილი I). <<<ბიბლიოგრაფია..<<<დაბრუნება მთავარ გვერდზე<<<

არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზი

სამთავისის ხუროთმოძღვარმა, პირველმა შექმნა ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის ის ტიპი, რომელმაც მომდევნო საუკუნეებში ესოდენი აღიარება ჰპოვა. ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში დიდი ხანია ეს გარემოება დადგენილია, ჩვენ კი ამის გამეორებით ხაზი გვინდა გავუსვათ ამ ტიპის სისადავეს და ლაკონურობას. ნაგებობის კომპოზიცია იმდენად სრულყოფილია, რომ ძნელია რაიმეს დამატება ან გამოკლება. მართალია, მრავალგზის დაზიანებამ და რესტავრაცია - შეკეთებამ ძეგლს პირვანდელი ეშხი დაუკარგა, მაგრამ იგი დღესაც იწვევს მნახველის აღტაცებას. ადგილზე დაათვალიერებთ თუ ძეგლის გეგმასა და განაკვეთებს დახედავთ, ნათლად შეამჩნევთ გადაწყვეტის სიმარტივესა და ფორმათა შეხამების დიდ უნარს. ხუროთმოძღვარმა ტაძრის მთელი კომპოზიცია სიგრძე-სიგანით თავისთავად კარგი შეფარდების მქონე სწორკუთხედში მოათავსა. უამრავი დიდი და პატარა, განსხვავებული მოხაზულობას ტაძარია შექმნილი საქართველოში, მაგრამ ასე ერთიანად ჩამონაკვთული იშვიათია.

გუმბათქვეშა სივრცე, საკურთხევლის მონაკვეთი, დასავლეთის ნაწილი ერთმანეთთან უშუალოდ, უწყვეტადაა დაკავშირებული. ზემოჩამოთვლილმა თვისებებმა განაპირობა ძეგლის გამარჯვება და სიცოცხლისუნარიანობა. ამ ტაძრის შემდეგ რვაასი წლის განმავლობაში გუმბათოვანი ტაძრის სხვა ტიპი საქართველოში არ შექმნილა. ცნობილია, რომ ადრეულ საუკუნეებში უგუმბათო და გუმბათოვანი ტაძრების არაერთი ტიპი შეიქმნა (ბოლნისი, ჯვარი, წრომი, სამწევრისი, ბანა და სხვა), მაგრამ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა არცთუ დიდი იყო. გამონაკლისის სახით მოგვიანებით იმეორებდნენ ამა თუ იმ ტიპს, მაგრამ ისიც სახეშეცვლილად. სამთავისის აგების შემდეგ კი ცენტრალურ - გუმბათოვანი ტაძრის განსხვავებული ტიპი არ წარმოშობილა. ცხადია, აქ იგულისხმება არა სტანდარტი, არამედ ტიპი, რომელშიაც ყოველ ეპოქას თავისი სახე შეჰქონდა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ დროის სხვადასხვა მონაკვეთის ნაგებობებს ერთმანეთისაგან ვერ გავარჩევდით. სამთავისის ტაძარს სამი მხრიდან ჰქონია შესასვლელი (სურ.2). რომელი იყო მათში მთავარი, ძნელი სათქმელია, რადგან თავდაპირველი სახე არც ერთს არ შერჩენია. შესასვლელების ზომებიც გაურკვეველია. დღეს ისინი თითქმის ერთნაირია, ძველი გალავანიც მოშლილა, ასე რომ ჭიშკრის მეშვეობითაც ვერ დავადგენთ ჭეშმარიტებას. ვერც რელიეფს მოვიშველიებთ განსაზღვრისათვის, რადგან ტაძარი ვაკეზე დგას. თუ ადამიანი ტაძარში დასავლეთის მხრიდან შევიდოდა, მის თვალწინ ტაძრის შესანიშნავი ინტერიერი იშლებოდა. პროექტის ავტორმა გვერდითი კარები კედლის ცენტრალურ არეში როდი მოათავსა, არამედ დასავლეთისაკენ გადასწია და დაბალი ნავების მიდამოებში მოაქცია. ეს მიდამოები ტაძრის ყველაზე ჩრდილოვანი ადგილებია. ამიტომ შესასვლელების იქ გადატანამ ნავები გამოაცოცხლა, მაგრამ თვით შესასვლელების როლი მიიჩქმალა. გვერდითი კარებიდან შემსვლელთ საკმაოდ გრძელი და რთული გზა ედოთ წინ. მათ თვალწინ ახალ - ახალი სანახაობები იშლებოდა. ეს გარემოება კი დამახასიათებელია იმ ცხოველხატული სტილისათვის, რომელიც X-XI სს. მიჯნიდან ვრცელდება და რომლის ჩამომყალიბებელთა რიცხვში სამთავისის ავტორიც შედის. მას შემდეგ, რაც VII ს. ოციან წლებში წრომის ტაძრის ავტორმა ოთხ განყენებულ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი დაამკვიდრა, მომდევნო თაობების ხუროთმოძღვრები მის კონსტრუქციულ გადაწყვეტას იყენებდნენ. ახალი სიტყვა ამ სფეროში სამთავისის ავტორმა თქვა. მან კონსტრუქციულად და მხატვრულად გამართულ, ახალ ფორმას მიაგნო. ესაა გრძივი ღერძის დამოკლების ხარჯზე გუმბათის გაწევა საკურთხევლისაკენ. გუმბათის გაწევა აღმოსავლეთით, თავისთავად, ერთი ინტერვალის (ტრანსეპტის არეში) ამოღებასა და საყრდენად საკურთხევლის კუთხეების გამოყენებას ნიშნავს. ასეთი გადაწყვეტა კონსტრუქციულად დასაშვები იყო, თუ იგი მხატვრულად გამართლებული იქნებოდა. როგორც ჩანს, ასეთ ფორმას ესთეტიკური მხარე საკმაოდ ჰქონია განვითარებული.

ამ პროექტის შედგენით, სამთავისის არქიტექტორმა ძირითადი პრობლემა უკვე გადაწყვიტა. ნაგებობის დანარჩენი ნაწილები მან შექმნილ ცენტრალურ ღერძს დაუქვემდებარა. სამთავისის მშენებელმა, მართალია, გუმბათის საყრდენად საკურთხევლის კუთხეები გამოიყენა, მაგრამ ისე მცირე შვერილი მაინც დარჩა. ადგილზეა აფსიდი და ორსაფეხურიანი ბემა. სწორედ მეორე საფეხურის გასწვრივ, ორივე მხარეს დატოვებულია უბეები, რომლებიც საერთო სივრციდან პილასტრებზე დაყრდნობილი თაღითაა გამოყოფილი. დაახლოებით ანალოგიური გადაწყვეტაა იმავე პერიოდში აგებულ სამთავროს ტაძარში. ამ შემთხვევაში ჩვენ მხედველობაში გვაქვს ისევ სადიაკვნესა და სამკვეთლოს წინ შექმნილი უბეები. განსხვავებით სამთავისისაგან, აქ უბეები გასასვლელებით არ უკავშირდება ბემას და პილასტრებით არაა გამოყოფილი ცენტრალური ნაწილისაგან, მაგრამ გადაწყვეტის პრინციპი მაინც ერთნაირია, რადგან დარბაზში მყოფთათვის თაღებით ის არეა გამოყოფილი, სადაც ორრიგადაა განლაგებული კარები. როგორც ვხედავთ, მხატვრულად აქ ერთი მიდგომაა. მომდევნო თაობების ოსტატებმა საკურთხევლის ასეთ შვერილზე და მათი საშუალებით შექმნილ გვერდით უბეებზე უარი თქვეს და ამით კიდევ უფრო მეტი სისადავე შეიტანეს ნაგებობის შიდა აგებულებაში. გუმბათქვეშა საყრდენები ქვედა ნაწილში ოქტოგონურია, ზემოთ კი ნაწილობრივ კედლებს ერწყმის. დანარჩენი მხარე აღნიშნული კვეთისაა. ამის შედეგია ის, რომ ისინი თაღებიდან იატაკამდე ერთიან მოხაზულობას ატარებენ. ასეთი მაღლა აზიდული საყრდენები სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ საყრდენებს ერთმანეთთან ნახევარწრიული მოხაზულობის თაღები აერთებს. ასეთი მოხაზულობა, შეიძლება ითქვას, ტრადიციულია, რადგან იგივე ფორმებია ქუთაისის ბაგრატის ტაძარში, სვეტიცხოველში, ხოლო სამთავროში უკვე შეისრულია. მომდევნო პერიოდის ძეგლებიდან მხოლოდ თიღვისა და იკორთის მშენებლები იმეორებენ იმავე მოხაზულობას, დანარჩენებისათვის დამახასიათებელია შეისრული ფორმა. გუმბათქვეშა თაღებისა და ინტერიერში მდებარე სხვა იმპოსტებიც მარტივი პროფილისაა (სურ.3, 4), ორმაგი ჭრილით (ამჟამად ზოგი მათგანი შელესილია, ზოგი კი გუმბათის გადმოვარდნის დროსაა დაზიანებული).

ტაძრის შიდა სივრცის განათების საკითხი ყველა ეპოქის ოსტატისათვის უშუალოდ სტილის თავისებურებასთან, მის გაგებასთან იყო დაკავშირებული. ყველასათვის გასაგებია ის მიდგომა, რომელსაც თხოულობდა ესა თუ ის ეპოქა. კულტის მოთხოვნაზე, მის განსაკუთრებულ პირობებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ საკითხში დიდ როლს თამაშობდა ინტერიერის განათების ინტენსიურობა. ადრეულ პერიოდში შიდა კედლებს ძლიერი განათება არ სჭირდებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც კედლების მოხატვა დაიწყეს, ცხადია, სინათლის წყაროს გაზრდა აუცილებელი შეიქნა. ამას სხვადასხვა ოსტატი სხვადასხვა გზით ახერხებს. მაგალითად, თუ სარკმელების რაოდენობა მცირე იყო, მათ კვეთს ზრდიდნენ და პირიქით. სამთავისში, აღნიშნული ორი მაგალითიდან, პირველთან გვაქვს საქმე. სამთავისის ოსტატის ჩანაფიქრი ჩვენთვის მთლიანად არ არის ცნობილი ნაგებობის გადაკეთების გამო, მაგრამ მიახლოებითი სისტემა მაინც შეიძლება აეწყოს. განვიხილოთ აფსიდის განათების სისტემა. სამთავისში სამი სარკმელი თითქმის ერთ ჰორიზონტზეა განლაგებული (სურ.2). ასეთი გადაწყვეტა მოხერხებულია ისეთი კონსტრუქციის დროს, როდესაც გარედან ჩაკვეთილია ორი ნიშა. ამ შემთხვევაში ერთი სარკმელი იჭრება პირდაპირ ცენტრში, ხოლო თითო-თითო - გვერდებზე, და ცერად გადიან გარეთ.

სამთავისის ტიპის ძეგლებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ზემოაღწერილი სისტემა ტიპიურია. ცხადია, აქ იგულისხმება ისეთი გადაწყვეტა, როდესაც ძეგლს გარედან ნიშები აქვს დატანებული, ხოლო ისეთ ძეგლს, როგორიც არის თიღვა, ნიშები არა აქვს და არც სამი სარკმელი გაუკეთდებოდა. გვხდება გამონაკლისებიც. მაგალითად, სამთავროში ნიშები არის, სარკმლები - არა. ასეთი გადაწყვეტა ალბათ შემდეგნაირად უნდა აიხსნას. იგი უშუალოდ სამთავისის შემდეგ ააგეს და ამ უკანასკნელის ოსტატის გადაწყვეტა ჯერ მოწონებას ვერ პოულობდა. მომავალ თაობებში კი ასეთმა გადაწყვეტამ საერთო აღიარება ჰპოვა. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ სამთავისის თანამედროვე, თუ რამდენიმე ათეული წლით ადრე აგებულ სამ კათედრალშიც, ამ მხრივ ერთიანობა არ გვხვდება. სამივე ტაძარი სხვადასხვა სურათს იძლევა. კერძოდ, ყველაზე მარტივი გადაწყვეტაა სვეტიცხოველში, რადგან იქ მხოლოდ ერთი დიდი სარკმელია. ბაგრატის ტაძარში შეწყვილებული სარკმლებია, ხოლო ალავერდში სამია სამთავისის მსგავსად. ადრეული ძეგლებიდან 964 წ. აგებულ კუმურდოს ტაძარში ფასადზე ნიშები კი არის, მაგრამ მათში სარკმლები არაა, ხოლო იმავე საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს აგებულ ოშკის ტაძარში ნიშებშიაც არის სარკმლები. როგორც ვხედაეთ, ამ ერთ პუნქტში გადაწყვეტა საერთოა - ოშკში, ალავერდსა და სამთავისში. ტიპის მხრივ კი სამთავისი საკმაოდ განსხვავდება აღნიშნული სამი ძეგლისაგან. აღმოსავლეთის მხარის განათების საკითხში თუ რამდენადმე განსხვავებულ გადაწყვეტასთან გვაქვს საქმე, არც გვერდითი მკლავების განათების საკითხი ყოფილა ერთ სტანდარტში მოქცეული. სამთავისში თითო დიდი სარკმელია, დანარჩენში კი ორ-ორი ან სამ-სამია, შედარებით ერთნაირობა შეიმჩნევა იკორთას მომდევნო ძეგლებში. თუ რამდენი სარკმელი იყო სამთავისის დასავლეთის კედელში, არ ვიცით, ანალოგიურ ძეგლებში ერთნაირი სურათი რომ იყოს, მაშინ აქ იგივე ვარიანტის მიღება შეგვეძლო. საინტერესოა, თუ როგორ იყო გადაწყვეტილი სამთავისის გუმბათის ყელი საერთოდ, ან რამდენი სარკმელი იყო მასში განლაგებული. ამისათვის ანალოგიებს უნდა მივმართოთ. სამთავისის ტიპის ტაძრებში ქრონოლოგიურად გელათამდე არც ერთს თავდაპირველი გუმბთი არ შერჩენია (გელათს კი 16 სარკმელი აქვს, რაც თავისთავად გამონაკლისია), ხოლო თიღვადან მოკიდებული ფიტარეთის ჩათვლით (იკორთა, ბეთანია, ქვათახევი, ყინწვისი ტიმოთესუბანი) გუშბათებში მხოლოდ 12 სარკმელია გამოყენებული.

XI ს., ტაძრებიდან ამდენივე სარკმელი აქვს ნიკორწმინდას (რაც შეეხება მანგლისსა და კაცხს, რეკონსტრუქციების გამო, ამ შემთხვევაში, ანალოგიებად არ გამოდგება). როგორც ვხედავთ, სამთავისის გუმბათის ყელი ანალოგიების მიხედვით 12 სარკმლიანად უნდა ჩავთვალოთ. ინტერიერის გადაწყვეტიდან ერთი დეტალია კიდევ საინტერესო. ესაა აფსიდის ნიშებით დამუშავება. თანაბარი ინტერვალით განლაგებული ხუთი თაღოვანი ნიშა ნამდვილად კარგი სანახავი იქნებოდა. ცხადია, მათ მხოლოდ დეკორაციული დანიშნულება კი არ ჰქონდათ, არამედ ფუნქციონალურიც. სამთავისის ტიპის ძეგლებს თვალი რომ გავადევნოთ სამასი - ოთხასი წლის განმავლობაში მაინც, ვნახავთ, რომ ორი ტაძრის გამოკლებით (გელათი, წუღრუღაშენი) ყველას აქვს ნიშა. გვხვდება ტაძრები, სადაც ერთი ნიშაა (თიღვა, ბეთანია, ქვათახევი, ყინწვისი, საფარა), არის ორიანი (ფიტარეთი, ზარზმა, ცაიში, ჭულე), სამიანი (იკორთა, ტიმოთესუბანი), ხოლო ხუთიანი და შვიდიანი თითო-თითოა (სამთავისი და სამთავრო). ნიშების უმრავლესობა მოურთავია, მაგრამ გვხვდება ლილვებით შემოვლებულიც (იკორთა, საფარა, ზარზმა, ცაიში, ჭულე). სამთავისის ტაძრის გარე მასები ერთგვარად გაშიშვლებულად გამოიყურება კარიბჭეების მოშლის გამო. რადგან ნაგებობის მასებს ერთი საფეხური აკლია, ამიტომ ძირითადი კორპუსი უფრო მაღალი გვეჩვენება (სურ.1, 9). მიწისძვრის შემდეგ აღმდგენელ ოსტატებს უცდიათ ნაგებობისათვის მთლიანობა დაებრუნებინათ. მათთვის შორეული და უცხო იყო XI ს. სტილი. ამავე დროს ცნობილია, რომ არც ერთი დროის აღმდგენელი ოსტატი არ ცდილობს ამა თუ იმ ნაგებობას დაუბრუნოს ზუსტად პირვანდელი სახე, რესტავრატორი ცდილობს არ დაარღვიოს წინამორბედის შემოქმედების ზოგადი ხაზები, მაგრამ იგი მუშაობს თავისი ეპოქის შესაბამისად. ამიტომაც შემდეგში კონტრასტს ადვილად არჩევს თვალი. ფასადების უწყვეტი თაღედით მორთვა თავის საწყისს ღებულობს დაახლოებით X ს. შუა ხანებში. ასეთი მორთულობის პირველ მაგალითს ვხედავთ აღნიშნული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს აგებულ ოშკის ტაძარში. მაგრამ თაღედი არ არის გამოყენებული სწორედ იმავე ხანებში (964 წ.) აგებულ კუმურდოს ტაძარში. მას არც იმ საუკუნის ბოლოს აგებული ხახულის ტაძრის ავტორი იყენებს. ამით მთავრდება, თუ შეიძლება ასე ითქვას, შიშველ ფასადთა არსებობა. საუკუნის ბოლოს წამოწყებული ქუთაისის ბაგრატის ტაძრას მშენებლებმა ფასადების თაღედით მორთვა კულმინაციამდე აიყვანეს. ამის შემდეგ თაღედი თითქოს უკვე სავალდებულო ხდება, მან საერთო მოწონება დაიმსახურა. ამ წესს მისდევენ არა მარტო ისეთი წამყვანი ძეგლების ხუროთმოძღვრები, როგორიცაა - სვეტიცხოველი და ალავერდი, არამედ შედარებით რიგითი ოსტატებიც. ამ შემთხვევაში, ჩვენ მხედველობაში გვაქვს 1002 წ. აგებული ხცისის ეკლესია. მკვლევარები, როდესაც ფასადების თაღედით მორთვის საკითხს ეხებიან. აღნიშნავენ, რომ საწყის პერიოდში თადედი კონსტრუქციულ იერს ატარებდა, რაც შემდეგში თანდათანობით ქრება. მაგალითად, ოშკის თაღედი შესამჩნევად რელიეფურია, რასაც ვერ ვხედავთ ვერც ბაგრატის ტაძარსა და ვერც სამთავისში, ან სხვა რომელიმე იმ ხანის ძეგლში. თუმცა, არის ერთი შემთხვევა, კერძოდ, მხედველობაში გვაქვს ამ ხანებში გადაკეთებული იშხანის ტაძრის ფასადები, სადაც თაღედი შესამჩნევად ღრმა ნიშებსა ქმნის, მაგრამ მათ მზიდავი კონტრუქციის როლი მაინც არ ჰქონდათ დაკისრებული. ფასადებზე თაღედი თავიდანვე დეკორაციულ ელემენტად წარმოიშვა და ასეთად დარჩა ბოლომდე. მართალია, მათ რელიეფურობაში განსხვავებაა, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითია და არსიც და შედეგიც ერთია. ცხადია, ბევრია იმაზე დამოკიდებული თუ ვინ, ან როგორ იყენებს ამ ხერხს. კერძოდ, სამთავისის შემთხვევა ბრწყინვალეა. ფასადების მთლიანად თაღედით მორთვა დამახასიათებელია მხოლოდ XI - XII საუკუნეებისათვის. ამ ხერხს უკანასკნელად სრულყოფილად იყენებს 1172 წ. აგებული იკორთის ტაძრის ხუროთმოძღვარი. მომდევნო თაობის ოსტატები მას იშვიათად მიმართავენ და ისიც მხოლოდ ამა თუ იმ ფასადის ნაწილზე (ქვათახევი, თბილისის მეტეხი). სამთავისის ტაძრის ოთხივე ფასადზე უწყვეტად შემოყოლებული თაღედი მწჟობრი და ჰარმონიულია, მაგრამ მათში გამოირჩევა აღმოსავლეთის ფასადის ჩარჩოებში მოქცეული დინამიკურობა. როდესაც ძეგლის ფასადს პირდაპირ უყურებთ, ხედავთ, რომ აქ ყველაფერი მოძრაობს. გვერდებიღან ტალღებად მოგორავს ზესწრაფვა, ჰორიზონტალურადაც იშლება, გარედან ხაზები ცენტრისაკენ მოიმართება, ხოლო ყოველივე ამას, მთელ დინამიკას, საოცრად აწონასწორებს და ამშვიდებს საერთო სიმეტრია. სამთავისის ხუროთმოძღვრის მემკვიდრეობიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთის ფასადის დეკორაციული გადაწყვეტა და კერძოდ მისი ცენტრალური ღერძი. ეს მძივივით ასხმული კომპოზიცია მოსვენებას არ აძლევს მომდევნო თაობების ოსტატებს. თითოეულ მათგანს თავისებური კორექტივი შეაქვს მასში, მაგრამ უკეთესს ვერ აკეთებს. სამთავისის ფასადების თაღედით მორთვას, ამავე ტიპის სხვა ძეგლებს თუ  შევადარებთ, შემდეგი სურათი წარმოგვიდგება: სამთავისთან ქრონოლოგიურად ყველაზე ახლოს დგას სამთავრო. ამ უკანასკნელის ოსტატმაც გამოიყენა ფასადებზე თაღედი, მაგრამ ნაწილობრივ. ასეთი გადაწყვეტა თავისთავად სამთავროს მშენებლის მაღალ ოსტატობაზე მეტყველებს. კერძოდ, რაც შეეხება აღმოსავლეთის ფასადების შედარებას, ვნახავთ, რომ ორივეზე ან ხუთ-ხუთი თაღია, მაგრამ პროპორციებსა და დეტალებში დიდი განსხვავებაა.

სამთავრო მარტივია, სამთავისი კი - რთული. მომდეგნო ძეგლებიდან გელათისა და სამთავროს აღმოსავლეთის ფასადების შედარება შეუძლებელია ამ უკანასკნელის შვერილი აფსიდების გამო. ხოლო გრძივი ფასადებიდან მხოლოდ ცენტრალური ნაწილების შედარება შეიძლება. ორივეგან ცოკოლამდე დაშვებული სამ-სამი თაღია. რაც შეეხება პროპორციებს, აქ შესამჩნევი განსხვავებაა - გელათში დამჯდარია, სამთავროში კი - შემართული. შემდეგი ხანის ძეგლებიდან სამთავისს სხვებზე მეტად იკორთა ჰგაგს. აღსანიშნავია ას, რომ იკორთის ფასადები თავდაპირველი სახითაა მოღწეული, ამიტომ აქ სავარაუდო არაფერია. ამ ძეგლების შედარებისას თვალშისაცემია სამთავისის აზიდული და იკორთას დამჯდარი პროპორციები. იკორთაში თაღედის პროპორციებიც სათანადოდაა შეხამებული ფასადთა საერთო პროპორციებთან. ამავე დროს, აღსანიშნავია იკორთის ოსტატის მიერ შემოღებული თაღების ახალი მოხაზულობა, შენობის ცენტრალურ მონაკვეთებზე, აღმოსავლეთის გარდა, თაღები ქვემო ნაწილებში სწორკუთხა მუხლებს აკეთებენ. იკორთა უკანასკნელი ტაძარია, სადაც ფასადებზე გამოყენებულია ერთიანი თაღედი. როგორც ეტყობა, სვეტიცხოველ - სამთავისის ეპოქაში შემუშავებული ფასადების მორთვის სისტემა საუკუნენახევრის შემდეგ კარგავს თავის მიმზიდველობას - ფასადები თაღეღთს რკალისაგან თავისუფლდებიან. აქვე უნდა აღვნიშნოთ XI ს. დასაწყასში შემუშავებული მორთულობის ის გადაწყვეტაც, რომელიც ჯვრის მკლავებს ეხება სახურავის ზემოთ. სამთავისის ოსტატმა ჯვრის მკლავების მასები მაღლა ასწია. ამ გზით მიღებული გგერდითი კედლების მაღალი შუბლი მან თაღედით დაამუშავა, რითაც ეს კედლებიც დეკორის საერთო სისტემაში შევიდა (დასავლეთის მონაკვეთზე თაღედი არ შემორჩა). ტაძრის ქვედა კორპუსის თაღედის მსგავსად, ეს თაღედიც მაღალია და სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. არის თუ არა სამთავისის ოსტატი ტაძრის ჯვრის მკლავების გვერდითი კედლების თაღედით დამუშავების ინიციატორი, ამის დადგენა ძნელია. მაგრამ ის, რომ სწორედ მან ჩამოაყალიბა და მაღალ მხატვრულ დონეზე აიყვანა ეს ხერხი, ჭეშმარიტებაა. საქმე იმაში გახლავთ, რომ X ს. ძეგლებში ჩვენ ამ სისტემას ვერ ვბედავთ. ბაგრატის ტაძარს შენობის ეს ნაწილი არ შერჩენია, ხოლო სვეტიცხოველში და ალავერდში მსგავსი გადაწყვეტაა. სვეტიცხოვლის გრძივი ფასადების დასავლეთის მონაკვეთები დამუშავეგულია სამ-სამი თაღით. მართალია, ეს თაღედი დეკორაციულ იერს ატარებს, მაგრამ კონსტრუქციულიც არის - ფაქტიურად ღრმა ნიშებია. ამდენად, ეს შემთხვევა ჩვენ პირდაპირ ანალოგიად არ გამოგვადგება. იმავე ფასადების აღმოსავლეთის მონაკვეთებზე ლილვოვანი თაღედით ფანჯრებია შემოფარგლული. ერთი შეხედვით, ეს კომპოზიცია უწყვეტი თაღედით შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ მაინც სარკმლების მომჩარჩოებელ თაღედად რჩება. ალავერდი ამ საკითხზე შედარებით უფრო გარკვეულ პასუხს გვაძლევს. მიუხედავად ფასადების ზედა ნაწილების რესტავრაციისა, დარჩენილი ნაწილების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ოთხივე ჯვრის მკლავს შემოუყვებოდა დეკორაციული თაღედი. ალავერდის თაღედი მაღალი და ტანაწყობილია, რითაც სამთავისის თაღედს უახლოვდება. მათ შორის განსხეავებაც არის - სამთავისში მხოლოდ სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადია მორთული, ალავერდში კი - ოთხივე. მომდევნო პერიოდის ოსტატთაგან თაღედის ამ მოტივს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ გელათის ხუროთმოძღვარი. თითქმის ასი წლის შემდეგ აგებულ გელათის ტაძარზე თაღედს ვხედავთ ოთხივე მკლავის ზედა ნაწილებზე.

ამით იგი ალავერდს უფრო უახლოვდება, ვიდრე სამთავისს. მაგრამ ორივესგან განსხვავებით გელათის ავტორმა ამ ზედა რიგის თაღედის დეკორაციულობა შესამჩნევად გაზარდა და, თუ შეიძლება ითქვას, უფრო ბაროკალური გახადა. მან თაღში ორ-ორი თაღი ჩასვა, ზედა ლილვებით მარყუჟები ჩახლართა და ჯვრის მკლავების კუთხეებიც თაღებით დააკავშირა. როგორც აღვნიშნეთ, თაღედის ამ სახეობას შუა ფეოდალიზმის ხანაში სხვა არავინ იყენებს, მაგრამ არც დავიწყებას მისცემია. ეს დეკორაციული ელემენტი გამოყენებულია XVI კახეთში აშენებულ რამდენიმე ძეგლზე... მაგრამ ხუროთმოძღვრებმა ბრმად კი არ გადმოიღეს ეს დეკორაციული მოტივი, არამედ თავიანთ ეპოქის სტილში მოაქციეს: თაღს მისცეს შეისრული ფორმა და მთლიანად ჩასვეს ოთხკუთხა ჩარჩოში. ასეთი ძეგლებიდან შეიძლება დავასახელოთ: შუამთა, გრემი და აღდგომა შიხიანში. სამთავროს ხუროთმოძღვარი ფასადების მორთვისას ჰაეროვან თაღედს მრავალ დიდ და პატარა დეკორაციულ ელემენტს ურთავს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალური ღერძი. ამ ფასადის ღერძზე სარკმელთან დაკავშირებული მორთულობა მძივებივითაა ასხმული. ცოკოლიდან აღმართული ლილვების ჯგუფი ჯერ იშლება და ორ რომბსა ქმნის (სურ.9), შემდეგ სწორკუთხად შემოევლება სარკმელს და ისევ ერთ შეკვრად იქცევა. აქედან ზემოთ მიმავალი ჩუქურთმიან კოპს წრედ შემოუვლის და მომდევნო ეტაპზე დიდ სწორკუთხა ჯვარს წარმოქმნის. ბოლოს ლილვები ზემოთ მოკლე ნაბიჯს აკეთებს და ორად გაყოფილი თაღს შემოწერს. აკად. გ.ჩუბინაშვილის აზრით, აღმოსავლეთის ფასადზე ჯვრის გამოსახვის პირველ ცდას ალავერდში ვხვდებით. ამ დიდი ტაძრის ფასადზე გამოსახული ჯვარი არ არის მეტყველი, იგი პატარაა და მარტივი. იმავე ავტორის აზრით, სამთავისის ავტორმა, რომელიც იმავე ეპოქის ახალ თაობას ეკუთვნოდა, ვირტუოზულად დაამუშავა ჯვარი და მასთან დაკავშირებული სხვა ელემენტები. მომდევნო თაობებიდან აღნიშნული მოტივი სხვებზე უკეთ და შემოქმედებითად იკორთისა და ქვათახევის ოსტატებმა გამოიყენეს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია იკორთა, სადაც სამთავისის ყველა ელემენტი მეორდება, მაგრამ მასთან შედარებით დაბალია და ულაზათო. ქვათახევში თაღედი საერთოდ უარყოფილია, მაგრამ ცენტრალური ღერძის მოტივი ძალაში რჩება. იკორთასთან შედარებით ქვათახევში პროპორციები უკეთესია, ამიტომაც იგი უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს. ფაქტიურად ამით ამოიწურება სამთავისის ოსტატის მიერ შექმნილი ზემოხსენებული კომპოზიციის გავლენა. აქ ჩვენ ვგულისხმობთ შემოქმედებით გავლენას, კომპოზიციის შექმნას, თორემ ზოგადი მოხაზულობით მას იყენებენ XVII საუკუნეშიაც. ქვათახევის თანამედროვე ბეთანიისა და ათიოდე წლით გვიან აგებული ფიტარეთის ოსტატები ახლებურ კომპოზიციას ქმნიან. მაგრამ სამთავისის მსგავს ერთიან, ასხმულ კომპოზიციას კი არ აკეთებენ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჯვარს ათავსებენ სარკმლის ზედა არეში. საინტერესოდ იყენებს ჯვარს ასიოდე წლის შემდეგ ზარზმის ოსტატიც. ერთადერთი სარკმლის სწორკუთხა მოჩარჩოებაზე აღმართულია დიდი ზომის ჯვარი, რომლის თავი თითქმის ფრონტონის წვერს წვდება. XVIს. ბოლოს აგებული ბიეთის ტაძრის ოსტატმაც გამოიყენა ზარზმის მაგვარი დეკორაციული ელემენტი, მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავებაა. ბიეთის დეკორი ფასადის სიბრტყეშია ჩაკვეთილი და ამიტომ ანაბეჭდის შთაბეჭდილებას ტოვებს. კიდევ ერთ მაგალითს დავიმოწმებთ XVII ს. ძეგლებიდან. ანანურის (1689 წ.) ოსტატმა კომპოზიცია სხვებზე ბოლოს გამოიყენა და მას ახალი იერი მისცა. ცოკოლზე აღმართული ლილვოვან - ჩუქურთმოვანი ღერო სარკმელს შემოფარგლავს და თაღით მთავრდება. ამ თაღის ცენტრს წვეტით ეყრდნობა მაღალი ჯვარი, რომლის გვერდებზეც ისეთივე მოხაზულობის თითო პატარა ჯვარია გამოსახული. ანანურის არქიტექტურა საერთოდ და კერძოდ ჯვარი აღმოსავლეთის ფასადზე, ნამდვილად კარგი ნაწარმოებია თავისი ეპოქისათვის, მაგრამ რადიკალურ განსხვავებას ამჟღავნებს სამთავისთან.

სამთავისის აღმოსავლეთის ფასადზე არის კიდევ ერთი დეკორაციული ელემენტი, რომელიც მხოლოდ ერთხელ მეორდება, ისიც საკმაოდ გვიან. ესაა ფასადის კუთხეების გადამსვლელი ყლორტებიანი ლილვები. ფასადების კუთხეებში შექმნილი ეს ნაზი მორთულობა ძალიან სასიამოვნო სანახავია. მასში რაღაც ლირიკული ელემენტია. იკორთის ოსტატმა აღნიშნული დეკორაციული ელემენტი ნაგებობის ოთხივე კუთხეში გამოიყენა (არ არის გამორიცხული, რომ სამთავისშიც ასე იყო). მიუხედავად დიდი მსგავსებისა, სამთავისის ყლორტიანი ლილვების შესრულებაში მეტი სილაღე იგრძნობა. ჩვენ ზემოთ განვიხილეთ ფასადის მორთულობის ისეთი ელემენტები, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გარკვეული გამოძახილი ჰპოვა ქართულ ხუროთმოძღვრებაში. მაგრამ გვხვდება ისეთი ელემენტებიც, რომელიც ან არ მეორდება, ან მეორდება მხოლოდ იმავე ეპოქაში. სამთავისის არქიტექტორმა აღმოსავლეთის ფასადის ლილვებისა და ჩუქურთმის ხლართები რელიეფური აქცენტებით კიდევ უფრო გააცოცხლა. ფასკუნჯის გამოსახულება ამჟამად მხოლოდ მარჯვენა განაპირა თაღის არეშია შერჩენილი (სურ.19). თავდაპირველად კი იგი მარცხენა მხარეს სიმეტრიულად მეორდებოდა. პირისპირ მდგარი დიდი ზომის ასეთი რელიეფები მართლაც რომ დაამშვენებდა ფასადს. საკვირველია, რომ ასეთ კარგ წამოწყებას პირდაპირი მიმდევარი არ ჰყოლია. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის დიდი ჯვრის გვერდებზე თითო პატარა ჯვარია გამოსასული (სურ.8). მართლაც დიდი მხატვრული გემოვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთი მარტივი, მაგრამ ძალიან მეტყველი დეკორაციული ელემენტი შექმნა. ფასადზე თაღედის შემქმნელი პილასტრებისგან გამოსული ლილვები ჯერ წრიულად უხვევს და შემდეგ ტოლმკლავა ჯვარს ქმნის. ცენტრალურ ჯვართან ეს ჯვრები კონტრასტულად გამოიყურება, რადგან პირველზე მთავარია ჩუქურთმოვანი არშია, ხოლო მეორეზე - მხოლოდ ლილვი. ესაა იმის მიზეზიც, რომ ფასადის მორთულობის საერთო ანსამბლში ამ ჯვრებს ხშირად ფოთლოვან ორნამენტად ღებულობენ. აღნიშნული დეკორი ძალიან ჰგავს იმავე ეპოქაში აგებული ალავერდის დეკორს. აქ ლილვებით წრე იკვრება და სამგან მარყუჟი კეთდება. მართალია, ალავერდი და სამთავისი ერთი ეპოქის ნაგებობებია, მაგრამ  როგორც ამას აკად. გ.ჩუბინაშვილი აღნიშნავს, ალავერდი უფრო ადრინდელია. ამ ორი მოტივის შედარებაც ზემოაღნიშნული აზრის სისწორეს ადასტურებს. მართლაც, სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის ხელოვნება საერთოდ უფრო მაღლა დგას ალავერდისაზე; იგი განვითარების მომდევნო საფეხურია. აღმოსავლეთის ფასადის ნიშების დასამშვენებლად სამთავისის ოსტატმა კიდევ ერთი ახალი ელემენტი შექმნა. ესაა ნიშების თაღების დამაგვირგვინებელი კუწებები (ფესტონები), (სურ.8). თითოეულ ნიშაში ოთხ-ოთხი კუწუბია განლაგებული. სამყურა კუწუბების ზედაპირი დაბალი რელიეფით ნაკვეთი ჩუქურთმითაა დაფარული. ნიშების თაღების კუწუბებით დამუშავების გამომგონებელი თუ პირველი შემომღები, სამთავისის ავტორი უნდა იყოს, რადგან ამგვარი დამუშავება შემჩნეული არაა არც მის თანამედროვე და არც ადრინდელ ძეგლებში, ხოლო რაც შეეხება მომდევნო თაობებს, ზოგი იმეორებს აღნიშნულ დეკორს (იკორთის, ქვათახევის და ფიტარეთის გარდა სხვა მეორეხარისხოვან ძეგლებზეც გვხვდება), ზოგი კი - არა. თითოეული აქ ჩამოთვლილი ძეგლთაგანი ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს, მაგრამ ამოსავალი ყველასათვის სამთავისია. სამთავისის იმავე ნიშებში ოსტატს ლილვებით შემოუფარგლავს გვერდის სწორკუთხა კედლები, ხოლო ზემოთა ნაწილი ნიჟარისებურად დაუმუშავებია. ასეთ დამუშავებას ტრადიცია არა ჰქონია, ხოლო მოგვიანებით მას ისევ იკორთის ოსტატი ბაძავს მხოლოდ. მართალია, აქ სრული დამთხვევა არ არის, მაგრამ სამთავისის გავლენა აშკარაა. ნიჟარისებრი დამუშავება არ გვხვდება ადრეულ ძეგლებში, მაგრამ X ს. დასაწყისიდან მას ბევრგან იყენებენ (ექექი, ოშკი, კუმურდო, იშხანი - რესტავრირებულ ნაწილში, - სვეტიცხოველი). ხოლო მომდევნო ხანის ძეგლებიდან, იკორთის გარდა, მას მინიატიურულ ფორმებით ბეთანიაში იყენებენ. ფიტარეთში ნიჟარის ადგილას ჩუქურთმას ხმარობენ. ჩვენი აზრით, უკანასკნელად მას XIV ს. ბოლოს ჭულეს ტაძარში ვხვდებით. აქ ნიჟარა ძალიან რელიეფურია და მკვეთრი.

აქვე უნდა შევეხოთ სამთავისის სარკმლების მორთულობის საკითხს. წინასწარვე აღვნიშნავთ, რომ სამთავისი არ არის ისეთი მრავალსარკმლიანი ნაგებობა, როგორიცაა ქუთაისის ბაგრატი, ან სვეტიცხოველი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენობაში ბნელა. არა, როგორც ადრევე აღვნიშნეთ, ტაძრის შიდა სივრცე საკმაოდაა განათებული. ნაგებობის ავტორმა კარგად იცოდა თუ რას აკეთებდა. იკორთის ხუროთმოძღვარი იღებს მხოლოდ ორ ფორმას: სწორკუთხას მთავარ ადგილებზე, ხოლო წრიულს - მეორეხარისხოვანზე. ასეთებია - აღმოსავლეთის ფასადის ზედა ჰორიზონტზე საიდუმლო ოთახების პატარა სარკმლები და გვერდით ფასადებზე - სადიაკვნესა და სამკვეთლოს სარკმლები. სამთავისის არქიტექტორი ფასადზე სარკმლების მოთავსებისას ხაზს უსვამს ცენტრალურ ნაწილებს, გამოჰყოფს მთავარს მეორეხარისხოვანისაგან. სხვებზე დიდია და უკეთაა მორთული აფსიდის და გვერდის ფასდების ჯვრის მკლავების შუაზე მდებარე სარკმლები (შესაძლოა ანალოგიური გადაწყვეტა  იყო დასავლეთითაც). მომდევნო საფეხურზე დგას აფსიდის ნიშებში მოთავსებული ორი სარკმელი, ამათ მოსდევს აღმოსავლეთის ფასადის სადიაკვნესა და სამკვეთლოს სარკმლები. ნაგებობის ავტორს უნაკლოდ გადაუწყვეტია სარკმლების ზომები და დეკორის რელიეფურობა. აღმოსავლეთის მთავარი სარკმლის მორთულობა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ იმპოზანტურია, დამოუკიდებლად მაინც არ იკითხება, რადგან იგი ვერტიკალურად აწყობილი რთული დეკორის ერთ-ერთი ელემენტია, გვერდის ფასადების სარკმლები კი შესამჩნევად მაღლებია. ასეთ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებს მათი პროპორციები (სიგანე სიმაღლეში სამნახევარჯერ ეტევა, აღმოსავლეთ ფასადზე კი - ორნახევარჯერ). ცხოველხატულობისა და დინამიკურობის მთაბეჭდილებას აძლიერებს ამ სარკმლების დაუმაგრებლობა; სარკმელთა მოჩარჩოება თვალისათვის ჰაერშია დაკიდული, თითქოს საყრდენი  არ გააჩნიაო. აღმოსავლეთის ფასადის გვერდის თაღებში განლაგებული სადიაკვნესა და სამკვეთლოს სარკმლები დაბლა მდებარეობს. ცხადია, ოსტატს ეს გარემოება მხედველობიდან არ გამოეპარებოდა, მაგრამ მისთვის საყრდენ წერტილს მაინც ფასადის მორთულობის საერთო სახე წარმოადგენდა. ამ სარკმლებზე ჰორელიეფური დეკორის შექმნა დისონანსს შეიტანდა. ამიტომაც სარმკლებს განიერი, მაგრამ მეტად დაბალი არშია შემოუყვება. ამან ერთხელ კიდევ გაუსვა ხაზი ფასადის ცენტრალური ღერძის წამყვან როლს. ბუნებრივია, რომ მას არ შეეძლო მსგავსი ფორმებით გადაეწყვიტა ნიშებში დატანებული სარკმლების დეკორაციული მორთულობა, რადგან დეკორი თვალისათვის შეუმჩნეველი დარჩებოდა. ისევ მორთულობის საერთო პრინციპს დაყრდნობილი ოსტატი ამ სარკმლებს ნახევარწრიული ზედაპირის მქონე შესამჩნევი რელიეფის არშიას უკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სარკმლების ჩუქურთმა მზის სხივებით მთლიანად არასოდეს არ ნათდება, ოსტატურად მიგნებული მასშტაბის წყალობით ყურადღებას იქცევს. აქვე უნდა აღინიშნოს სამხრეთის სარკმლის საპირეს რთული ტალღისებური ფორმა. ამით ოსტატი ჩრდილ - სინათლის მუდმივ მოძრაობას აღწევს. თავისთავად საინტერესოა იმის გარკვევაც, თუ როდის და რასთან დაკავშირებით დაიწყო სარკმლების ორნამენტული არშიის სიბრტყობრიობის შეცვლა. თვალი რომ გადავავლოთ ძეგლებს XI საუკუნის დასაწყისამდე, ვნახავთ, რომ სარკმლების საპირე, სწორი ზედაპირით, მშვიდ ფორმებში იყო გადაწყვეტილი.

მას შემდეგ, რაც ცხოველხატული სტილი თავის მაღალ ფაზაში შედის, იწყება ამ საკითხის გადასინჯვაც. თავდაპირველი ბრტყელი ზედაპირი ამოიზნიქა და მომრგვალდა. შემდეგ ამასაც არ დასჯერდნენ და რთული პროფილი შექმნეს. პირველად ასეთ მაგალითს ნიკორწმინდაში (1010-1014 წწ.) ვხედავთ, მაგრამ მხოლოდ გუმბათზე. ამ ხერხს იყენებენ იმავე ხანებში აგებულ სვეტიცხოვლის (1010–1029 წწ.) სამხრეთისა და დასავლეთის ფასადების სარკმლებზე. სამთავისისა და სამთავროს ოსტატები კიდევ ერთი საფეხურით მაღლა ადიან. სამთავისში ტალღოვანი ზედაპირი შექმნილია სამხრეთის სარკმელზე (ასეთივე იქნებოდა ჩრდილოეთისაც}, ხოლო სამთავროში - ჩრდილო სარკმლების გარე მოჩარჩოებაზე. ცხადია, ეს ცვალებადი ზედაპირი დასამუშავებლად ძნელია, მაგრამ სანახავად მიმზიდვვლი. ამოზნექილზედაპირიანი მოჩარჩოება მომდევნო თაობებმაც აიტაცეს. მას იყენებენ XIII-XVI სს. ოსტატებიც, მაგრამ მათში აღარ ჩანს ის გაქანება, რასაც ზემოჩამოთვლილ ძეგლებში ვხედავთ. ყურადღებას იქცევს სარკმლების ფორმა, გარე მოხაზულობა და მორთულობა. სამთავისში ყველა ძირითად სარკმელს, პატარა სარკმლების გარდა, სწორკუთხა მოხაზულობა აქვს და წვრილი ლილვებითაა შემოფარგლული. აფსიდის ცენტრალური სარკმლის შემომფარგვლელი მსხვილი ლილვი ფაქტიურად ფასადის მთავარი თაღედის ნაწილია. ამავე დროს იგი ცენტრალურ ღერძზე განლაგებულ რთულ დეკორს ქმნის. სწორკუთხა სარკმელი XI ს. პირველ ნახევრამდე არ გვხვდება. მას დაახლოებით ერთსა და იმავე დროს იყენებენ იშხანის, სვეტიცხოვლისა და სამთავისის ოსტატები. იშხანში სწორკუთხა სარკმელი მოთავსებულია მხოლოდ დასავლეთის მკლავში, სვეტიცხოველში - ჯვრის მკლავების ცენტრებში. მაგრამ ისე გონივრულად და ლაზათიანად, როგორც ეს სამთავისშია, არც ადრე და არც გვიან მას ვერ იყენებენ. კერძოდ, მომდევნო ხანაში მას მხოლოდ აქა-იქ მიმართავენ (იკორთა, ბეთანია, ქვათახევი, წუღრუღაშენი). სამთავისის გვერდის ფასადების მორთულობიდან აღსანიშნავია კიდეე ერთი დიდი დეკორაციული ელემენტი - სარკმლების ზემოთ მდებარე ვარდულები (ჩრდილოეთისა აღდგენილია ძველი ფორმების დაცვით, ამიტომ საერთო შთაბეჭდილებას აკმაყოფილებს). ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი დეკორაციული ელემენტი, როგორიც ოდესმე შეუქმნია ქართველ ოსტატს. ასეთ კომპოზიციას წინამორბედი არ ჰყოლია და არც მომდევნო თაობის წარმომადგენლები შეჭიდებიან სამთავისის ხუროთმოძღვარს. ჩვენ აქამდე ვიხილავდით სამთავისის სამ ფასადს, ხოლო მეოთხე, დასავლეთის აღდგენილი ფასადი, არ გაგვიხდია მსჯელობის საგნად, მაგრამ მას ზოგადად მაინც უნდა შევეხოთ. სამთავისის დასავლეთის ფასადიც რომ თაღედით იყო დამუშავებული და იგი ოთხივე ფასადის ჯაჭვში შედიოდა, არავითარ ეჭვს არ იწვევს, მაგრამ დეტალები გასარკვევია. ამჟამად შევეხებით მხოლოდ ცენტრალური სარკმლის საკითხს (სურ.9, 18). შუაში ჯვარდატანებული ორი სარკმელი XI-XVIსს. რესტავრაციის დროინდელია. ეს აზრი ჯერ კიდევ ნ.სევეროგმა გამოთქვა. ძნელი დასადგენია, თავდაპირველად აქ ერთი სარკმელი იყო თუ ორი, რადგან კედელი მთლიანადაა აღდგენილი. მხოლოდ ანალოგიებს თუ მივმართავთ, სამწუხაროდ, არც აქაა ერთნაირი სურათი. ამ ტიპის ძეგლებს თვალი რომ გავადევნოთ დაახლოებით ორასი წლის განმავლობაში, ასეთ სურათს მივიღებთ: სამთავროში შეწყვილებული სარკმელია, გელათში სამია ერთ რიგზე, ბეთანიაში და ქვათახევში ორ-ორი მაღალი ერთ რიგზე და ზემოთ თითო  წრიული, ხოლო ყინცვისში, ტიმოთესუბანსა და ფიტარეთში - თითო. როგორც ვხედავთ, ამ ათიოდე ძეგლში დასავლეთის ფასადების სარკმლების რაოდენობა არ არის ერთნაირი, ამიტომ სამთავისზე გარკვეულად ვერაფერს ვამბობთ. სამთავისთანვე ქრონოლოგიურად ყველაზე ახლო მდგარ სამთავროში დასავლეთის მხარეს ორი სარკმელია, და ასევე ორ-ორია მის დანარჩენ  ფასადებზეც. სამთავისში კი თითოა. აქედან გამომდინარე შეიძლება სავარაუდოდ დავუშვათ, რომ სამთავისში, სხვა ფასადების მსგავსად, დასავლეთის მხარესაც ერთი დიდი სარკმელი იყო. სამთავისის ოსტატის დაუშრეტელ ფანტაზიას არც კარნიზები გამორჩენია. იგი ახლებურად და მასშტაბურობის დიდი გრძნობით აგვირგვინებს მასების სათანადო ადგილებს. მიუხედავად გადაკეთებებისა, გარკვევით ჩანს, რომ ჯვრის მკლავები მთავრდებოდა ორსაფეხურიანი კარნიზით, ხოლო კუთხეების დაბალი მონაკვეთები - ერთსაფეხურიანით. აწყობილი ფასადების დამამთავრებელი, ჩუქურთმით დაფარული ეს კარნიზები, ნამდვილად კარგი სანახავი იქნებოდა. კარნიზების პროფილი ჩვეულებრივია ამ დროის ძეგლებისათვის, მათი ორსაფეხურიანობა კი - არა. საქმე იმაში გახლავთ, რომ სამთავისის ტაძრის ორსაფეხურიანი კარნიზი  ლამაზი პროპორციითაა შესრულებული და ამიტომაც გედის ყელივითაა მოღერებული, რაც თავისთავად იქცევს მნახველთა ყურადღებას. ასეთი ფორმის კარნიზი გავრცელებულია უფრო გვიან (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი). მაგრამ XI ს. პირველ ნახევარშიც არის კარნიზის სიმაღლის გადიდებისა და მათი  ჩუქურთმით დაფარვის საწყისები. ასეთებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ქუთაისის ბაგრატის ტაძარი, რომლის დასავლეთის ფასადის ზედა მარჯვენა კუთხეში დარჩენილა მასშტაბით მცირე ორსაფეხურიანი ფრაგმენტი. ნიკორწმინდის ტაძრის ფასადები მაღალი, რთული პროფილიანი კარნიზებით მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კარნიზი შესასრულებლად, გამოსაკვეთად საკმაოდ ძნელი იყო და ჩუქურთმაც კარგია, მაინც არ არის მიმზიდველი, ხოლო სამთავისის ოსტატმა ფორმა დახვეწა და მას სკულპტურულობა მიანიჭა. სამთავისის თავდაპირველი ფორმებიდან დიდ ინტერესს იწვევს კარიბჭეები. როგორც აღწერაშიც აღვნიშნეთ, ამჟამად რეალურად შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ სამხრეთის კარიბჭის არსებობაზე (სურ.5 ტაბ.V). დასავლეთით და სამხრეთით მისი არსებობის დამადასტურებელი რეალური ნიშნები არ არსებობს. სამწუხაროდ, არ დარჩენილა არც იოანე სამთავნელ ეპისკოპოსის მიერ 1156 წ. მიშენებული კარიბჭის ფრაგმენტიც კი. სამხრეთით არსებული ნაშთის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ კარიბჭე სამნაწილიანი ყოფილა, შუაში აწეული, მაღალი შესასვლელით. მისი კამარა ფასადისადმი ვერტიკალურად იყო მიმართული, გვერდითები კი - პარალელურად. არსებული ფრაგმენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კარიბჭე მდიდრულად და მაღალი გემოვნებით ყოფილა მორთული (სურ.10, 15). რაც შეეხება მის თარიღს, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ნაშთის ყველა დეტალი ტაძრის ძირითად კორპუსთან იჩენს უშუალო კავშირს, ვ.ი. მისი თანადრთულია. ამასთანავე კონსტრუქციულადაც კარიბჭე უშუალოდ დაკავშირებულია შენობასთან, რაც თავისთავად ზემონათქვამს ადასტურებს. სამთავისის გუმბათის ყელი, როგორც ეს XV-XVI საუკუნეთა მიჯნას შეეფერება, მშრალია და ნაკლებად მიმზიდველი. ის ძირითადი კორპუსის ორგანული ნაწილი რომ არ არის, ამას ეზოში შესვლისთანავე შეამჩნევთ, მაგრამ მას აქვს რაღაც ისეთი, რაც ძეგლის საერთო აღქმას ხელს არ უშლის. რაც შეეხება გუმბათს, თავდაპირველ სახეს, როგორც ადრე აღვნიშნეთ, მისი აღდგენის ცდა კარგად აქვს ჩატარებული ნ.სევეროვს. აქვე უნდა შევეხოთ სამთავისის ტაძრის ჩუქურთმით მორთვის საკითხს. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ შუა საუკუნეების ქართულ ტაძრებში ასე მრავლად მაღალხარისხოვანი ჩუქურთმა არსად არ არის, როგორც სამთავისში. გასაოცარია ოსტატის თუ ოსტატების გამომგონებლობა, მათი უშრეტი ფანტაზია და ყველა ადგილისათვის შესაფერისი ფორმის ნახატის მოძებნის უნარი. სადაც საჭიროა, ნაგებობის ავტორი, მთავარი ოსტატი ტონს უწევს, აქცენტს აკეთებს და ჩუქურთმას მაჟორულსა ხდის, მაგრამ იქ სადაც სჭირდება, იგი მინორზე გადადის, დაბალ ტონზე მღერის. ტაძრის ავტორს ისიც კარგად ესმის, რომ მცენარეული ჩუქურთმა უფრო მიმზიდველია, ვიდრე გეომეტრიული, ამიტომ იგი პირველს უფრო ხშირად და მარჯვედ იყენებს, მეორეს კი იშვიათად მიმართავს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩუქურთმების უმრავლესობის შემქმნელი, გამომგონი თვითონაა და ამ ჩუქურთმას, ზოგიერთის გარდა, მომდევნო ოსტატები ნახატის სირთულის გამო ვერ იმეორებენ.

სამთავისის ოსტატს არც ის გამოჰპარვია მხედველობიდან, რომ სწორი კუთხით ნაკვეთი, ღრმად ჩაჭრილი ჩუქურთმა, მეტ აჟურულობას იძენს, ხდება გამჭვირვალე და ზემოქმედების ძალა ემატება. ამ ჭეშმარიტებას იგი არსად არ ღალატობს. ერთი რამ კიდევ შეიძლება სამთავისის ოსტატზე ვთქვათ. მას მასშტაბურობის გრძნობაც სათანადო ჰქონდა. ყოველი ადგილისათვის იგი შესაფერისი ფორმისა და ზომის ჩუქურთმას არჩევს. მას კარგად აქვს შეგნებული, რომ ერთი და იგივე ზომა არ შეიძლება გამოყენებული იქნას ფასადის ქვედა ნაწილზე, კარნიზზე და გუმბათის ყელზე. ამიტომაც ვანსხვავებთ აშკარად დასავლეთის სარკმლებში ჩართულ ჩუქურთმიან ფრაგმენტებს, ტაძრის ქვედა კორპუსის დანარჩენი ორნამენტებისაგან. ეს ფრაგმენტები ყველა მონაცემით გუმბათს ეკუთვნოდა. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის მთავარი სარკმლის ორნამენტი ერთერთი საუკეთესოა ქართულ ორნამენტიკაში (სურ.11). იგი შესრულებულია ბრტყელ ზედაპირზე რთული ნახატით. ერთი შეხედვით, თითქოს მოტივის ელემენტი ზუსტად მეორდება, მაგრამ სინამდვილეში მთლად ასე არ არის, რადგან მხატვარი თავისუფლად იქცევა და ლაღად უვლის სწორკუთხედს. კუთხეებში, სადაც მოხვევა ძნელია, იგი ამდიდრებს სურათს ისე, რომ მოტივს საერთო სახეს არ უკარგავს. თვით მოტივში იმდენად ბევრი ფოთოლია, რომ ლენტოვანი ღეროები ნაკლებად შეიმჩნევა. მიუხედავად ნახატის სირთულისა ეს მოტივი იმდენად მიმზიდველი იყო, რომ დიდი გავრცელება ჰპოვა. მას ჩვენ ვხედავთ მთელი ორასი წლის განმავლობაში (სამთავრო, ნიკორწმინდა, იკვი, წუღრუღაშენი, ახტალა და სხვა). აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ ძეგლზე ზუსტად ერთი და იგივე სურათი არ მეორდება. ყოველი ოსტატი შემოქმედებით თავისებურებას ამჟღავნებს და თავისებურ ნახატსა ქმნის. მაგრამ ეპოქები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა და ეს განსხვავება, ცვალებადობა ამ მოტივსაც ეტყობა. XI ს. პირველი ნახევრის ძეგლებზე სისხლსავსე ნახატებს ვხედავთ, XII საუკუნეში - ოდნავ სიმშრალე ეპარება, XIII ს. დასაწყისში ნახატი კარგავს თავდაპირველ მოქნილობას, ხოლო მომდევნო პერიოდის ოსტატები კი საერთოდ გაურბიან ამ მოტივს. ბრტყელ ზედაპირზე განლაგებული ფოთლოვანი ორნამენტი, განხილულის გარდა, მოთავსებულია სადიაკვნესა (სურ. 16) და სამკვეთლოს (სურ.17) სარკმლებზე და სამხრეთის წრიულ სარკმელზე (სურ. 10).

სამივეგან ერთი იერის ორნამენტია გამოყენებული. იგრძნობა მისი შემქმნელის თვითდაჯერებულობა. მას არ აშინებს მკვეთრი მოხვევები, ფორმათა ცვალებადობა. იგი ნაცადი ხელით ხატავს და ფოთლებს მიმზიდველ იერს აძლევს. უნდა ითქვას, ეს ნახატები იმდენად რთული და ორიგინალურია რომ მათი მიბაძვა ძნელი იყო, ბევრისათვის მიუღწეველიც. ამათგან განსხვაგებით, აღმოსავლეთის ფასადის ჯვრის ჩუქურთმას (სურ.8) უფრო ხანგრძლივი სიცოცხლე ეწერა. ეს რთული მოტივი მიმზიდგვლია და გამარტივებასაც იტანს. ჩუქურთმის ელემენტს შემოფარგლავს ოთხი ნახევარწირიული ლენტი. ამ ტოლმკლავა ჯვრის შიგნით მოქცეულია ერთნაირი მოხაზულობის მქონე ოთხი ფოთოლი. სამთავისის შემთხვევაში ძნელი გასავებია ფოთოლი ცენტრში იწყება თუ მთავრდება, საქმე იმაშია, რომ თითოეული ფოთლის ერთი ღერო ცენტრიდან ამოდის, ხოლო ორი - გარედან. სამთავისის ოსტატის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კოხტად მოკაუჭებულ ფოთლებს ღეროები ორგანულად ერწყმის. როგორც აღვნიშნეთ, ეს მოტივი მომდევნო ეპოქებშიც ვრცელდება, მაგრამ გამარტივებული სახით. თითქმის ანალოგიურ მოტივს ვხვდებით სამთავისთან ქრონოლოგიურად ახლოს მდგარ სავანეს კარიბჭეზე, XII საუკუნის მეორე ნახევარში იწყება ამ მოტივის გამარტივება. ამ შემთხვევაში ორ-ორ ღეროზე გამობმული ფოთლები გარედან შემოდიან ცენტრში და წვეტებით უცქერიან ერთმანეთს. ასეთი გადაწყვეტის კარგ მაგალითს ვხვდებით იკორთაში (1172 წ.).

შემდეგ კი მას ბაძავენ XII საუკუნის ბოლოსა და მომდევნო საუკუნის დასაწყისის ისეთი ძეგლების ავტორები, როგორიცაა ქვათახევი, მაღალაანთ ეკლესია, წუღრუღაშენი, ახტალა და სხვა. ლამაზ, მოხდენილ, მაგრამ თითქმის განუმგორგბელ ფოთლოვან მოტივებს ვხვდებით სამთავისის ნიშებში მოქცეულ ორ სარკმელზე (სურ.12, 13). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამხრეთით მდებარე სარკმელი (სურ.12). სხვა ძეგლებზე მსგავსს ვერა ვხვდებით. ჩრდილო ნიშაში მდებარე ჩუქურთმოვანი არშიის მოტივიც პირდაპირ არსად მეორდება, მაგრამ კეთდება მისი საკმაოდ გამარტივებული სახე. სამთავისის სამხრეთ ფასადის მთავარ სარკმელს შემოყოლებული ჩუქურთმაც ავტორის მაღალი ნიჭის მაუწყებელია (სურ.14).

ოსტატმა არ იკმარა აღმოსავლეთის ფასადზე ჩუქურთმისათვის გამოყენებული ბრტყელი და ამობურცული ზედაპირი. ტალღოვანი მოხაზულობის არშია პროფილში მოღერებულ გედს ჰგავს. ასეთ ზედაპირზე განლაგებულია მაღალი ორკაპა ფოთლისა და მათ შუა მდებარე ლენტოვანი წნულისაგან შედგენილი მცენარეული ჩუქურთმა. ჩუქურთმით მორთული სარკმელი და მის თავზე მდებარე აქოჩრილი მედალიონი ნამდვილად კარგი სანახავია. სამთავისის ფასადების მორთულობიდან უნდა შევეხოთ აგრეთვე ჩრდილოეთით მდებარე წრიული სარკმლის ირგვლივ შემოვლებულ ჩუქურთმას (სურ.21). ამჟამად ფასადებზე ფაქტიურად მხოლოდ ეს გეომეტრიული მოტივია წარმოდგენილი. ეს არის წრეების ჯაჭვი, სადაც ჩაწნულია ლენტები, რომლებიც სინამდვილეში ორ კვადრატსა ქმნის. ჩუქურთმის ნახატი კარგადაა შესრულებული, ხოლო რაც შეეხება ამ მოტივის გავრცელებას, უნდა აღინიშნოს, რომ იგი სხვადასხვა ვარიაციით ასეული წლების მანძილზე გვხვდება. ორნამენტებიდან განსახილავი დაგვრჩა ის ფრაგმენტები, რომლებითაც დასავლეთიც წყვილი სარკმელია აწყობილი (სურ.22–30). ნ.სევეროვი აქ ფრაგმენტებიდან 23-ს გუმბათის ყელის სარკმლების არშიების ნაწილებად მიიჩნევს. დანარჩენს კი შეკეთების დროინდელად თვლის, რაც მართებულად მიგვაჩნია. აღნიშნული 23 ფრაგმენტიდან ზოგიერთზე ერთნაირი ორნამენტებია გამოსახული, რის გამოც თერთმეტი მოტივი გამოდის. ეს ფართო ნახატითა და მაღალი რელიეფით შესრულებული ჩუქურთმა მხოლოდ გუმბათზე შეიძლებოდა გამოეყენებინათ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვგულისხმობთ ჩუქურთმის მასშტაბურობას. მასშტაბს რომ თავი გავანებოთ, ფასადებზე მათი ადგილი საერთოდ არ არის (დასავლეთის ფასადის დანგრეულ სარკმლის ჩათვლით).

ამ მოტივების შესრულების მანერა წმინდად "სამთავისისებურია". დიდი მონასმების ლამაზი ნახატებია გამოყვანილი. მათი უმრავლესობა ორიგინალურია და ისიც კი, რომელიც სხვა ძეგლებზე ხშირად გვხვდება, სამთავნელ ოსტატს თავისებურად, ძარღვიანად აქვს შესრულებული. მის მიერ დამუშავებული რამდენიმე მოტივი (სურ.23, 24, 26, 28) იშვიათი ნახელავია, მაგრამ გავრცელება ვერ ჰპოვა (მოტივთა სირთულე თუ აშინებდათ ოსტატებს), თითქმის იმავე კატეგორიას მიეკუთვნება ორი ფოთლოვანი მოტივი (სურ.22.30), რომლებიც საუკეთესოთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. ამ ორ მოტივს ერთმანეთთან აკავშირებს მხოლოდ ფოთოლთა ფორმა. ერთს (სურ.22) პირდაპირი ანალოგია არ მოძებნება, მაგრამ ზოგა ხაზებში კარგა ხნის მანძილზე ვხვდებით, ხოლო მეორე მოტივი (სურ.308) თვით სამთავნელ ოსტატს მეორე ვარიანტითაც აქვს წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში, საუბარია სამხრეთის სარკმლის ჩუქურთმაზე. ასევე ორიგინალურია ჯიდევ ერთი მოტივი (სურ.25), რომლის ცენტრი ოთხყურა ჯვარს უკავია. მართალია, ლენტის შიგნით მოქცეული ჯვარი მრავალი სახით სხვაგანაც გვხვდება, მაგრამ სამთავისის მაგვარი არსადაა. როგორც ვნახეთ, სამთავნელი ოსტატის საკუთარი ხელწერა ყველგან იგრძნობა, იმ მოტივებზეკ კი, რომლებიც მრავლად იყო გამოყენებული სხვადასხვა ძეგლებზე. ამ შემთხვევაში საუბარია ს-სებურ მოტივზე (სურ.27) და წრეებისა და რომბების ჯაჭვზე (სურ.29). ამ მოტივებსაც ატყვიათ ამ მადლიანი ოსტატის ხელი. როგორც ვხედავთ, სამთავისის ტაძარი პირველობას იჩემებს არა მარტო რიგინალური გეგმით, შიდა სივრცისა და გარე მასების ახლებური გადაწყვეტით, არამედ მორთულობითაც, მისმა გენიალურმა ავტორმა თავისი შემოქმედებით ღრმა კვალი დაამჩნია თანამედროვე და მომდევნო თაობებს.

<<დასაწყისი (ნაწილი I)