topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ზ.ღავთაძე - წმ.სვიმეონ მესვეტის სავანე რკონში და მისი ფრესკები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სამეცნიერო ცენტრი

ISSN 1987-7129

ქრისტიანობის კვლევები V

გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი 2010

ზურაბ ღავთაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობის IV კურსის სტუდენტი) - წმ. სვიმეონ მესვეტის სავანე რკონში და მისი ფრესკები

(რკონის სამონასტრო კომპლექსის შესწავლისათვის)

რკონის სამონასტრო კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთით, მისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, ტყით შეფენილი მთის კალთაზე მდებარე წმ. სვიმეონ მესვეტის სავანე სამ სართულიანი ნაგებობაა1. სვეტი ნაგებია რიყის და ტეხილი ქვისგან. ნაგებობა გარედან და შიგნიდან სრულად იყო შელესილი (ფასადებზე ნალესობის კვალი ახლაცაა შემორჩენილი) (სურათი 1). სვეტის სართულებს შორის გადახურვა ხის ძელებს ეყრდნობა. ამჟამად კედელში დარჩენილია ამ ძელების დასაყდენი ნიშები, თავად ძელები კი პირველ სართულზეა ჩაცვენილი. სავანის პირველი სართული მიწურია.

ამ სართულის განათებას უზრუნველყოფდა ერთი გრძელი, წაწვეტებული სარკმელი, რომელიც აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი. ეს სართული შესანახი ადგილი იყო; აქვე ამოუჭრიათ იყო ჭაც2. დღეს ეს სართული ნანგრევებით და ნაგვითაა ამოვსებული. მეორე სართულის გადახურვა ძალზე დაზიანებულია (მოჩანს მხოლოდ ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლების გადახურვის ჩამონგრეული ნაწილი). ეს სართული საცხოვრებლად - სენაკად გამოიყენებოდა. სავანეში სწორედ ამ სართულიდან არის შესასვლელი - დასავლეთ კედლის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. სენაკი ნათდებოდა ერთი სარკმლით. აქ თავის დროზე ბუხარიც ყოფილა3. მესამე სართულზე ასვლა დასავლეთი კედელის ჩრდილო - დასავლეთ კუთხეში მიდგმული კიბით ხდებოდა4. ამჟამად მეორე და მესამე სართულებს შორის გადახურვა სრულად ჩამონგრეულია. მესამე სართული გადახურულია ცილინდრული კამარით. ამ სართულზე მცირე დარბაზული ეკლესია იყო გამართული. სამლოცველოს აღმოსავლეთით აქვს სწორკუთხა საკურთხეველი, რომელიც იატაკიდან ერთი საფეხურით მაღლაა განთავსებული. სამლოცველო სამი სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა სიმაღლეზე გამოკვეთილი სარკმლებით ნათდებოდა. დასავლეთი კედელში წრიული სარკმელია გაჭრილი. დღის მეორე ნახევარში ლუნეტის მსგავსი სარკმლიდან სინათლე საკურთხეველზე ეცემა. ჩრდილოეთით კიდევ ერთი, მართკუთხა სარკმელია. ზომით ის სხვებთან შედარებით დიდია - იქიდან ხელისგულზე გადაშლილია რკონის მონასტრის მთელი კომპლექსი. აღმოსავლეთი კედელზე მესამე, თარაზულად წაგრძელებული სარკმელია დატანებული, რომლისგან დღეს მხოლოდ ცალი მხარეა შემორჩენილი. რაც შეეხება სამხრეთ კედელს, იგი სრული ჩამოშლის ზღვარზეა. უკვე დაკარგულია მისი სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი კედლის მონაკვეთები. ნაგებობაზე უბრალო დაკვირვებითაც ადვილად შესამჩნევია სამხრეთ კედლის გადახურვის ჩამოწოლის კვალი. ასევე სამხრეთ კედელში ჩანს მრავალი ბზარი. კედელი საგრძნობლად შეთხელებულია. ნაპრალები მოჩანს დას. და აღმოსავლეთით კედლების შემორჩენილ ნაწილებშიც. ეს ბზარები თავის კვალს ტოვებს სამლოცველოს კედლებზე შემორჩენილ მხატვრობის ფრაგმენტებზეც (სურათი 1). მთლიანად სავანე ძალზე მძიმე მგომარეობაშია. მას სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი გამაგრებითი და სარესტავრაციო სამუშოები.

ზეპირსიტყვიერი გადმოცემით, ამ სვეტზე ცხოვრობდა ღირსი მამა სვიმეონი5. ადგილობრივი მაცხოვრებლები ყვებიან, რომ  ქვეყნის ძნელბედობის ჟამს რკონის მონასტერში შემოიჭრა სპარსელების (ზოგიერთის გადმოცემით ლეკების) მრავალრიცხოვანი რაზმი. მათ დააწიოკეს და ააოხრეს მიმდებარე ტერიტორია; მომხვდურთა მხედარმთავარმა შეურაცხყო ტაძარი, სადაც ადგილობრივი მოწესეები წირვას აღავლედნენ ყოველდღიურად - მან იქ წვერის გაპარსვა ინდომა. ბერები მივიდნენ მამა სვიმეონთან და შესჩივლეს მას. მამა სვიმეონმა სვეტის სარკმლიდან ისარი სტყორცნა მომხდურთა მთავარს და თავი გაუპო. დაბნეულმა და შეშინებულმა ურჯულოებმა მიატოვეს ტაძრის ტერიტორია და გაიქცნენ. აღსანიშნავია მსგავსება ამ ხალხურ გადმოცემას და წმ. სვიმეონ მესვეტის ცხოვრება-მოღვაწეობას შორის. სავანის გადაღმა, მთის მეორე მხარეს, ციცაბო კლდეზე მიუვალ ადგილას, მღვიმეში გამოკვეთილი და ნაშენი სენაკებია დარჩენილი. რკონის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, ასკეტური ცხოვრება სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა. ამ მხრივ გარკევეული მსგავსება შეინიშნება გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან. XVI-XVII საუკუნეებში რკონში ტარდება სარესტავრაციო სამუშაოები, მთავარი ტაძრის გვერდით იგება სამრეკლო, იგი სავარაუდოდ ამავე დროს მოიხატა. გამორიცხული არ არის, რომ სვეტზე არსებული სამლოცველო და მონასტრის სამრეკლო ერთი მხატვრის მიერ იყო მოხატული - ამაზე მიანიშნებს მხატვრობის მანერა და ცალკეული დეტალების გადმოცემის თავისებურებები (სურათი 9).

სოფლის მკვიდრთა გადმოცემით, რკონში არსებული სვეტის სამლოცველო ღვთისმშობლის სახელობისაა7. მცირე დარბაზული ეკლესიის მოხატულობა XVII საუკუნეში უნდა იყოს შექმნილი. იგი მრავალმხრივ საგულისხმო ჩანს, რადგან მესვეტეთე საყოფლების მოხატულობები ჩვენამდე მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი8. საკურთხევლის ზედა რეგისტრში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით (სურათი 2).  კომპოზიციის გამყოფი ზოლის მონასმები შემორჩა აფსიდის ჩრდ-აღმოსავლეთ კედელზე, აღმოსავლეთით კედლის ცენტრსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის მონაკვეთებზე (ჩამონგრეული კედლის კუთხეში). საკურთხევლის მოხატულობიდან დღესდღეობით შემორჩა შუა ზედა და ქვედა ცენტრალური ვერტიკალური ნაწილის სახით. ჩამოშლის საფრთხე ემუქრება აფსიდის ცენტრალურ ნაწილს, რაც სამუდამოდ დაგვაკარგინებს მხატვრობის ამ ფრაგმენტებსაც. დედაღვთისა გამოსახულია ლურჯ და თეთრ ფონზე. მისი სამოსის მოყვანილობა მურანარევი შავი, სქელი მონასმებითაა გამოკვეთილი. მაფორიონი მუქი წითელი ფერისაა; დრაპირებული ნაოჭები მასზე შვეული მონასმებით სრულდება. ყვითელი ოქრის შავარანდს ორმაგი შავი და თერთრი კონტურები შემოსდევს. ღვთისმშობელს მშვიდი გამოხედვა აქვს; ოდნავ სევდანარევი თვალები შთამბეჭდავად ფართოა (ბოლოებში მომშვილდული). წარბები რკალისებრივი მოხაზულობისაა, გრძლად აზიდული. სახის მკრთალიი ფერი თეთრათიადამახასიათებელია ოდნავ წაწვეტებული ცხვირის მოხაზულობა, პატარა ბაგეები ყელი რბილი მონასმებით არის გამოყვანილი. ყრმა იესოს მარჯვენა ხელი კურთხევლად აქვს აზიდული. ღვთისმშობელს თითქოს წამოწეული ყავს მის მკლავზე მჯდომი მაცხოვარი. იესოს უხვად დრაპირებული სამოსი მოწითალო-მოვარდისფრო ფერებშია გადმოცემული. სამოსი მკლავებზეა ჩამოშვებული.

გამოსახულების ნახევარს ჩვენამდე აღარ მოუწევია - აღარ ჩანს ჩვილი იესოს ფიგურა წელს ქვევით, აგრეთვე მისი მარცხენა მკლავი. ყრმის სახის ნაკვთები ძნელად იკითხება (თვალები მთლიანად აქვს დაზიანებული). გაირჩევა თმის კულულები, აგრეთვე შარავანდი, რომელიც ასევე ყვითელი ოქრით იყო დაფერილი და ორმაგი კონტურით მოვლებული. მაცხოვრის შარავანდედზე ჯვრის სამი მკლავია აღბეჭდილი. გამორიცხული არ არის რომ ჩვილედი ღვთისმშობლის გვერდით გამოსახული ყოფილიყვნენ მთავარანგელოზები; შესაძლოა იქვე გამოესახათ სერაფიმი და ქერუბიმი9. საკურთხევლის სარკმელი მთლიანად იყო შემკული მცენარეული ორნამენტებით. დეკორი შესრულებულია თეთრ ფონზე თხელი მონასმებით. ფერებად გამოყენებულია შავი და წითელი, მოტივად - ვაზის ფოთლები და მტევნები. საკურთხევლის ქვევით რეგისტრში გამოსახულნი იყვნენ წმ.მამები (ორ-ორი თითოეულ მხარეს). აქვე აღსანიშნავია, რომ უშუალოდ საკურთხეველში წმ.მამების ორი ფიგურა იყო განთავსებული, დანარჩენი ორი (ოდნავ უფრო დიდი ზომისა) კი საკურთხევლის გარეთ. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული წმ.მამის ფიგურა ძალზედ დაზიანებულია. იკითხება სახის მოხაზულობა, აგრეთვე, სამოსის ნაწილი (შემორჩენილია ოქრის ფერი ოლარის მოხაზულობის ფრაგმენტი მხართან). სხვა გამოსახულების კვალი ამ კედელზე არ შეიმჩნევა. წმ.მამებიდან ყველაზე უკეთ შემორჩა საკურთხევლის კედელზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მღვდელმთავრის ფიგურა. მას განმარტებითი წარწერაც ახლავს - გაირჩევა ტექსტის მხოლოდ უმნიშვნელო ფრაგმენტები. ეს სამლოცველოს მხატვრობაში შემორჩენილი ერთადერთი განმარტებითი წარწერაა10. თავად სცენიდან ფიგურის კონტურებიღაა იკითხება. გაირჩევა, აგრეთვე, ფონი - მუქი ლურჯი ფერი და სამოსის ფერი - მუქი წითელი. დარჩენილია შარავანდის მცირე მონაკვეთიც (მარჯვენა მხარეს). დანარჩენი ორი წმ.მამის გამოსახულებიდან შარავანდების მოხაზულობის გარდა თითქმის აღარაფერი შემორჩა. ზოგ ადგილზე შეინიშნება ლურჯი ფონი და გაურკვეველი მონასმები. რაც შეეხება სამხრეთ კედელს, ძლიერი დაზიანებების მიუხედავად, შეიძლება საუბარი ზედა და ქვედა რეგისტრის სამი კომპოზიციის თაობაზე, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი იკითხება, ისიც ძნელად. როგორც ჩანს, სამხრეთ კედელი დათმობილი ქონდა საუფლო დღესასწაულის თემებს. მათგან მხოლოდ ერთის გაიგივებაა შესაძლებელი. სახელდობრ, კონქის გასწვრივ, სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში წარმოდგენილი სცენა, სავარაუდოდ, "შობა" უნდა იყოს (სურათი 3-4).

კომპოზიცია ძალზე დაზიანებულია, ამასთან გაჭვარტლული. შედარებით კარგად იკითხება ორი ფიგურის სახე (როგორც ჩანს, მოგვებისა). ერთ-ერთ სახეზე იკითხება თვალებისა და წვერის ნაწილები; დარჩენილია მწყემსების ფიგურების ფრაგმენტებიც, აგრეთვე ერთ-ერთი ანგელოზის სახე, შარავანდი და წითელი მოსასხამის ფრაგმენტები კომპოზიციის ზედა მონაკვეთზე. „შობის“ კომპოზიციის ქვემოთ გამოსახული იყო დიდი ფიგურა - ოდნავ მოჩანს შარავანდის ფრაგმენტები. სავარაუდოდ აქ წმ.მამა იყო გამოსახული. დასავლეთ კედლის მოხატულობა შედგება ორ რეგიტრად განთავსებული გამოსახულებებისაგან, რომლებიც შინაარსობრივად ერთიან კომპოზიციას ქმნის (სურათი 5-6). რეგისტრში ერთი გამოსახულებაა შესრულებული: უცნობი მოწესის ფიგურა ვედრების ნიშნად გამოსახულია ხელაპყრობილი (სურათი 8). ფიგურა ძალზე დაზიანებული სახით შემორჩა. შეიმჩნევა გადაფხეკის კვალიც. ფრესკა ნალექებისგანაც დაზიანებულა, ამასთანავე იგი თვითნებურად გაწმენდისასაც დაუზიანებიათ. წმენდის კვალი შეინიშნება ზემო რეგისტრში წარმოდგენილი ფიგურის მარცხენა მკლავის ფრაგმენტებზეც. ბერის ფიგურა წელზევით არის გამოსახული. დაზუსტებით ამჟამად შეუძლებელია იმის თქმა, თუ როგორ იყო იგი წარმოდგენილი - სვეტზე მდგომი თუ მუხლებამდე გამოსახული. მოწესის გამოსახულებას კომპოზიციაში ცენტრალური ადგილი უკავია. მისი ფიგურა დისპორპორციულია.

კედლის ქვედა კონტურის ხაზი ზოგ შემთხვევაში წყდება. მოჩანს ვედრებად გაწვდილი ხელების დიდი ზომის მტევნები. შემორჩა სხეულის მოხაზულობა, აგრეთვე შარავანდი. წმიდანის სამოსი სხეულს მთლიანად ფარავს - დაუბურავადაა დატოვებული მხოლოდ სახე და ხელის მტევნები. მოსასხამი მოწითალო ფერებით იყო შესრულებული და მუქი წითელი ან ყავისფერი მონასმებით დრაპირებული. ფრესკაზე გაირჩევა შესამოსლის ცალკეული ნაკვთები. წმიდანის სახე მთლიანად განადგურებულია. იკითხება მხოლოდ მისი სახის ოვალისა მოხაზულობა ფიგურის მარცხნივ ჩანს მცენარის მოხაზულობა, კერძოდ მისი ტოტები, რომლებზედაც ფოთლებია გაშლილი და რამდენიმე ნაყოფია ჩამოკიდებული. ამ მცენარეს გამყოფი ზოლის გასწვრივ სცენის მთელი მარცხენა არე უკავია. ფოთლები და ნაყოფები ოდნავ მოჩანს. ეს დეკორატიული ელემენტები წმინდანის ფიგურის შარავანდის გარშემო და წმიდანის ხელებთანაა განთავსებული. მცენარე ზომით მოწესის ფიგურის ტოლია. მიწა მუქი ყვითელი ფერისაა. ჰორიზონტი მიწასა და ცას შორის წმინდანის ყელის დონეზე გადის. ცა მუქი მონაცისფრომოლურჯო ფერითა გადმოცემული. რეგისტრებს ამ შემთხვევაშიც მუქი წითელი ფართო ზოლი გამიჯნავს. წმიდანის ფიგურის ზემოთ, მუქ ლურჯ, მონაცისფრო ფონზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანგელოზის გამოსახულებაა განთავსებული. იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ფიგურა ცაშია აზიდული (სურათი 6-7).

გამოსახულება ძალზედ შემურულია. შემორჩა მხოლოდ კომპოზიციის შუა ნაწილი. ანგელოზი წელზევით არის გამოსახული. შემოსილია სამხედრო სამოსით, რომელიც ზედმიწევნითაა მორგებული წელზე. სამოსელს ზემოდან მოსხმული ჯაჭვის პერანგი რკალისებრი მონასმებითაა შესრულებული. მკლავამდე მარჯვენა ხელი გაშიშვლებული აქვს და მტკიცედ უპყრია მაღლა აღმართული მახვილი (მისი ზედა დაბოლოება წარხოცილია ბათქაშის ჩამორეცხვის გამო), მარცხენა კი ქარქაშზე აქვს შევლებული. მკლავს რკალისებრის მოხაზულობა აქვს (რჩება შთაბეჭდილება, რომ მარცხენა ხელი ბევრად მოკლეა მარცხენასთან შედარებით). ფიგურა თითქოს საბრძოლო მზადყოფნაშია. სამოსის დრაპირება მცირე ნაკვთებით არის მოცემული. ხელის მაჯა მტევანთან ძალზე ვიწროვდება, მახვილის ტარს შემოჭდობილი თითები არასრულყოფილად არის გამოსახული. პროპორციები დარღვეულია - თავი ტანთან შედარებით გაცილებით დიდია. რაც შეეხება ანგელოზის სახეს, მისი ცენტრალური ნაწილი ალაგ-ალაგ დაზიანებულია - ცხვირის ნესტოები წაშლილია, ისევე როგორც თვალები. სახის კონტურები სქელი, მურანარევი შავი მონასმებით არის გადმოცემული. ოდნავ მოჩანს ანგელოზის მარჯვენა თვალი. რკალისებრ მომრგვალებული წარბები შესრულებულია თითო სქელი მონასმით. სახის ფერი მკრთალია, წერის მანერა - მშრალი. ფუძეფერი ნაცრისფერთან თეთრის ნარევით შერევით სრულდება. ანგელოზის სახის გამომეტყველება მკაცრია. სახის ოვალს ორივე მხარეს შემოსდევს მსუბუქად ჩამოშვებული მუქი თმის მოყვანილობა, რომელიც კისერზე ეშვება. ფრთები დეტალიზებულად არის დახატული, მცირე მასშტაბების გამო, მჭიდროდ "ჩასმული" კედლის არეზე. დაფერილია მუქი, მკვეთრი ფერით, ფუნჯი სქლად არის დადებული. კედელზე შემორჩა ანგელოზის მარცხენა ფრთის ზედა ნაკვთები, კერძოს წვერის კონტურები.

წმ.სვიმეონის სვეტის მცირე დარბაზული ეკლესიის მხატვრობა გვიანი შუა საუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნებისათვის დამახასიათებელ ტენდენციებს ასახავს – აშკარაა პროფესიული განსწავლულობის შედარებით დაბალი დონე, გამომსახველობითი ხერხების სიმწირე, ნახატის სიმშრალე, რამდენიმე ფერით აგებული კოლორიტი. მხატვრობაში სცენები წარმოდგენილია ფერწერული ხატების სახით - ოთხმხრივ მოჩარჩოვებული, სხვებისაგან გამოყოფილი. ამის ნიმუშია სამლოცველოს კონქის და დასავლეთი კედლის ფრესკები. ფერმწერი ცდილობს მოხატულობის პროგრამა ააგოს ძველი თემებით, ამასთან ისე, რომ მასში გათვალისწინებული იქნას სვეტის დანიშნულება, წინ იქნას წამოწეული ასკეტიზმის თემა. სამხრეთის მკლავი დათმობილი ჰქონდა ქრისტოლოგიურ თემებს - სავარაუდოდ ხუთ ან შვიდ სცენას; აქედან შემორჩა მხოლოდ "შობის" კომპოზიცია. სავარაუდოდ საუფლო დღესასწაულთა სცენები გამოსახული უნდა ყოფილიყო ჩრდილოეთ კედელზეც. დასავლეთი კედელი დათმობილი აქვს მოწესის გამოსახულებას. ამ კედელზე გამოსახული პირი, სავარაუდოდ უნდა იყოს ადგილობრივ მოღვაწე ღირსი მამა. სცენაში მინიშნებული უნდა იყოს მოწესეზე სულიწმინდის გარდამოსვლა და ანგელოზისაგან მისი მფარველობა. მოწესის ამსახველი კომპოზიციის ფონი მიანიშნებს იმ უკაცრიელ გარემოზე, რომელიც ასკეტთა მოღვაწეობის ადგილი გახლდა11. თვითონ მოწესე გამოსახულია მავედრებლად, ხოლო მის ზემოთ გამოსახული ანგელოზი აღიქმება სულიწმინდად, მთვარანგელოზად ან მფარველ ანგელოზად. როგორც ცნობილია სულიწმიდა იკონოგრაფიაში გამოისახება მტრედის, ცეცხლის ან ანგელოზის სახით. გამომდინარე თემიდან წმ.სვიმეონთან, როგორც შეჭირვებულთა შემწესთან და მფარველთან, მუდამ მასთან იყო სულიწმინდა. ფემწერმა სავარაუდოდ სულიწმინდის ანგელოზის სახის გადმოცემისათვის გამოიყენა მთვარანგელოზ მიქაელის იკონოგრაფიული სახე, რომელსაც აბჯარი აქვს ასხმული და ხელში მახვილი უპყრია. საკურთხეველის კონქში წარმოდგენილ ღვთისმშობლის სახეში შერწყმულია ოდიგიტრიის და ნიკოპეას ტიპები12. ამ გამოსახულებაში იკვეთება მინიშნება ღვთისმშობელზე, როგორც კაცთა მოდგმის მფარველზე, ხოლო ყრმა იესოზე, როგორც გამომხსნელ მსხვერპლზე, მის საუკუნო დიდებაზე და ამაღლებაზე. ყრმას ხელში გრაგნილი უნდა სჭეროდა ახალი აღთქმის განცხადების ნიშნად. გრაგნილის კვალი ამჟამად არ იკითხება.

რკონის მონასტრის სვეტი შველას ითხოვს. აუცილებელია სარესტავრაციო სამუშაოების სასწრაფოდ განხორციელება, რათა კულტურული მემკვიდრეობის ეს მრავალმხრივ საგულისხმო ძეგლი ჩვენს თვალწინ არ დაიღუპოს.

ილუსტრაცია:

1 - საერთო ხედი (სამხრეთ - დასავლეთის ხედი)

2 - საკურთხევლის კონქის მოხატულობა (ღვთისმშობელი ყრმით ხელში)

3 - სამხრეთი კედელი (კომპოზიციის დეტალი)

4 - სამხრეთ კედლი. კომპოზიციის დეტალი

5 - დასავლეთ კედლის საერთო ხედი

6 - დასავლეთ კედლი. მოწესეს და ანგელოზის ფრესკა

7 - დასავლეთ კედლის მეორე რეგისტრის კომპოზიციის ნაწილი (ანგელოზის გამოსახულება)

8 - უცნობი მოწესეს გამოსახულება

9 - რკონში არსებული სამრეკლოს მოხატულობის ფრაგმენტი

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.V, თბილისი, 1990, გვ. 190; აგრეთვე, რ. შმერლინგის გამოუქვეყნებელი ნაშრომი - "Ркони".

2. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, გვ. 190

3. იქვე, გვ. 190.

4. კიბე ამჟამად პირველ სართულშია ჩავარდნილი.

5. რ. შმერლინგი, "Ркони". ამ ნაშრომში მკლევარი აგრეთვე იხსენიებს ამ ადამიანს, სიმონიეს სახელით

6. იქვე. ავტორი სხვა ინტერპრეტაციით იხსენიებს მიმსგავსებულ ლეგენდას და ამის თაობაზე გამოთქვამს მოსაზრებებს.

7. საუბარია კონქში გამოსახულ კომპოზიციაზე. ამ კომპოზიციის შესახებ ვრცლად იხ. ქვემოთ.

8. ერთადერთი ცნობილი მაგალითი სქართველოში მარტვილის სვეტია, სადაც, ვ.ცინცაძის ცნობით

9. ონქის ზომების სიმცირის გამო ნაკლებ სავარაუდოა, რომ აქ ამგვარ გამოსახულებები ყოფილიყო.

10. პალეოგრაფიულად წარწერა ამავე კომპლექსში არსებულ სამრეკლოს ერთ-ერთ კუთხეში შემორჩენილი ფრესკული კომპოზიციაში წარმოდგენილი წმიდანის ფიგურის განმარტებული წარწერის იდენტურია

11. იქვე, გვ. 247, 256.

12. იქვე. სულიწმიდის ანგელოზის სახით გამოსახვა გვხდება ძველი აღთმის კომპოზიციებში, მაგ. წმინდა სამების სცენებში (აბრაამთან სტუმრობა: სვეტიცხოვლის, გარეჯის უდაბნოს მონასტრის სატრაპეზოში, ნაბახტევში, ზარზმაში და ა.ს.შ.) Н . Кондаков, Иконография Богоматери, т. I-II, Санкт-Петербург, 1914-1915.