There are no translations available.
< უკან დაბრუნება..<<დაბრუნება მთავარ გვერდზე..<<< ციხე-ქალაქები //ეკლესიები>>>
დმანისი - ციციშვილი ირ.// ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995.- გვ. 79
განვითარებულა ფეოდალიზმის ხანაში ხელოსნობის და ვაჭრობის ზრდასთან ერთად ვითარდებოდა საქალაქო ცხოვრებაც. იმ დროინდელ ქალაქთა შორის ცნობილია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, დმანისი, სამშვილდე, მანგლისი, ახალქალაქი, ახალციხე, თელავი, არტანუჯი, ხუნანი, ხორბუჯი, ჟინვალი. სამეფო ხელისუფლება დიდად ზრუნავდა ქალაქებზე, მაგრამ XII საუკუნის დასასრულისათვის და განსაკუთრებით მონღოლთა მფლობელობის ხანაში სამეფო ხელისუფლებასთან დიდგვარიანთა ბრძოლის შედეგად, ზოგი ქალაქი დიდებულთა ხელში გადავიდა.. ისე რომ ქალაქები ან სამეფოა ან საპატრონო, ე.ი. რომელიმე დიდებულის ხელში იმყოფება. ქალაქი ჩვეულებრივად დედაციხისა და საკუთრივ ქალაქისაგან შედგებოდა. ქალაქს იცავდა საბრძოლო გალავანი, ამას გარდა იყო შიდაციხე, სადაც იმყოფებოდა მფლობელის (მეფისა თუ დიდებულის) სასახლე. კარის ეკლესია, მეციხოვნეთა საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო ნაგებობები. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცხოვრობდა ქალაქის ზონაში ან ციხის კედლებს გარეთაც (ამ მხრივ თვალსაჩინოა სამშვილდე ან დმანისი). ქალაქს რამდენიმე კარები ჰქონდა. ქალაქში იყო ეკლესიები, ხოლო დიდ ქალაქში საეპისკოპოსო საყდრები, ფეოდალთა და ეპისკოპოსთა სასახლეები, სასამართლოები, საჭურჭლეები, ხაზინა, ზარაფხანა. ქალაქში იყო მოედნები, ბაზრები, სახელოსნო რიგები დუქნებით, ქარვასლები. მდინარეებზე იყო ხიდები და წისქვილები, იყო სამეფო და საზოგადო დანიშნულების აბანოები (ამ დროს თბილისში ყოფილა 65 აბანო გოგირდოვანი თბილი წყლებით). ნაქალაქარი დმანისი მდებარეობს თბილისის სამხრეთ - დასავლეთით მისგან ასიოდე კილომეტრის დაშორებით. იგი გაშენებულია მდ. ფინეზაურისა და მაშავრის შესართავთან, მაღალ კონცხზე. ქალაქის აღმავლობას განსაკუთრებით ხელი უნდა შეეწყო მის ხელსაყრელ მდებარეობას საქარავნო - სავაჭრო გზაზე. კედლებით გამტკიცებული ქალაქი 13 ჰექტარის ფართობით. მის სამხრეთით, კედლების გარეთ მდ. ფინეზაურის ნაპირებზე გაშლილი იყო გარეუბანი. საკუთრივ ქალაქში იყო ზღუდით გამოყოფილი შიდაციხე, შესასლელით მხოლოდ ქალაქის მხრიდან. სამხრეთიდან ქალაქს ადგება ძველი გზა, რომელიც ჭიშკრის გავლით უკვე ქუჩის სახით გრძელდება ქალაქში. ქალაქის ქუჩების სიგანეა 2,5 მეტრიდან 4,7 მეტრამდე. მსხვილი, ერთმანეთთან მორგებული ქვები შეადგენდნენ ქუჩის მკვრივ ქვაფენილს. შიდაციხის ქვემოთ იმყოფება ქალაქის მთავარი ტაძარი -VII საუკუნეში აგებული დმანისის სიონი. განსაკუთრებით გამოიყოფა მისი მდიდრულად მორთული XIII საუკუნის პირველ მეოთხედში მიშენებული კარიბჭე. სიონისაგან განსხვავებით, რომელიც აგებულია მომწვანო ფერის ტუფის ფილებით, დმანისის ყველა საცხოვრებელი შენობა აგებულია ადგილობრივი ბაზალტისაგან. აგური გამოყენებულია ბუხრებისა და თახჩების გამოსაყვანად. შენობები არაა გულდასმით ნაგები. ქვა არაა გათლილი და რიგების ჰორიზონტალობაც არაა დაცული. შიგნიდან შენობები შელესილია, მდიდარ სახლებში კი მოპირკეთებულიც. შენობათა იატაკში ჩაფლულია ქვევრები, ხორბლის შესანახი ორმოები და თიხის თონეები. გარდა ამისა, გამოვლენილია მარნები, ბეღლები და დუქნები. ქალაქიდან მდინარემდე ჩადიოდა კარგად შენიღბული გვირაბი. სამოქალაქო ნაგებობათა შორის აღსანიშნავია ციხის აბანო. ამას გარდა საზოგადო აბანო არსებობდა გარეუბანში. დმანისის მდებარეობა, თავდაცვითი სისტემა, შიდაციხისა და გარეუბნის გამოყოფა, ვიწრო ქუჩები და სხვა ნიშნები გვიხატავენ ტიპიურ ქართულ პროვინციულ ქალაქს. დმანისის აყვავების ხანაში (XI- XIII სს.) ქალაქში ეწეოდნენ მეღვინეობას, სელის ზეთისა და ქსოვილების წარმოებას, ამზადებდნენ კერამიკულ მოჭიქულ ჭურჭელს და სხვა. XIII საუკუნეში დმანისში არსებობდა ზარაფხანა და ფულიც იჭრებოდა.
|