<უკან დაბრუნება.....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ციხე- ქალაქები და ეკლესიები>>>
შუა საუკუნეების ხელოვნება: სამშვილდე //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.64 - 65. გვ.80
თეთრი წყაროს მახლობლად მდინარეების ჭივჭავასა და ხრამის შესართავთან მდებარეობს ნაქალაქარი სამშვილდე. აქაც ქალაქისათვის შერჩეულია ბუნებრივად ბრწყინვალედ დაცული ადგილი. ქალაქს უკავია კონცხი, ორივე მხარეს კი კლდოვანი შვეული ხრამებია, ხოლო მესამე მხარე გალავნით იყო დაცული. ქალაქი სამი ნაწილისაგან შედგება. დასავლეთის მხარე ქალაქის კედლებს გარეთ იმყოფებოდა. ეს გარეუბანია, სადაც შემორჩენილია საცხოვრებელი სახლების ნანგრევები, ბაღ-ბოსტნების საკარმიდამო ნაკვეთები... დგას დარბაზული ეკლესია აგებული X საუკუნეში და აღდგენილი 1672 წელს. მდ.ჭივჭავაზე ხიდია, საიდანაც კლდეში ნაკვეთ საურმე გზას მივყავართ ქალაქის შესასვლელთან. აქედან დიაგონალურად მიემართება მთავარი ქუჩა განშროებებით. ამ ნაწილში, როგორც ჩანს, ცხოვრობდნენ ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლები, მხედართმთავრები და მოხელეები. აქ შემორჩენილია ორსართულიანი ქვის სახლები და სასახლეები. აქვეა სამი დარბაზული ეკლესია. ქალაქის აღმოსავლეთის ნაწილი გამოყოფილია მძლავრი გალავნით. გალაგნის ძველი ფენები მიეკუთვნება IX -X საუკუნეებს, ძირითადი ნაწილი კი XIV -XVI სს. ხოლო დიდი მრგვალი ბურჯები 1747 წელსაა აგებული. გალავნის მახლობლად ჩანს ორი სასახლისა და აბანოს ნანგრევები. ციხის აღმოსავლეთით სამი ეკლესიაა -X ს. ბაზილიკა, XII ს. დარბაზული ეკლესია და ოდესღაც ბრწყინვალე სამშვილდის სიონის VIII ს. კონცხის კიდეზე მოთავსებულია ორი უზარმაზარი რეზერვუარი სასმელი წყლის მარაგისათვის. VIII საუკუნის მეორე ნახევარში არაბთა ხალიფას შესუსტების შედეგად დაიწყო ეროვნული კულტურის აღზევება. კვლავ იწყება დიდი ეკლესიების მშენებლობა. VIII- IX საუკუნეები ითვლება ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალ ხანად. ახალ გადაწყვეტათა ძიებაში იქმნება სხვადასხვა მნიშვნელობისა და სიძლიერის ნაწარმოებები, სადაც სრულიად ახალ ფორმებთან ერთად თავს იჩენს უკვე ცნობილი მოტივებიც. ასე სამშვილდის სიონში (750-777 წწ.), რომელიც ახლო დგას წრომთან არა მარტო კომპოზიციით, არამედ დეტალებშიც, უფრო დინამიკური ფასადები და შიგა სივრცე ავლენენ ახალ მისწრაფებებსა და ძიებებს. აქაც როგორც წრომში, ჯვრის მკლავები მოთავსებულია სწორკუთხედში, რომლის ოთხივე კუთხეში გამოყოფილია სწორკუთხედის ფარგლებს გარეთ გამოსული ცალკე სადგომები. მაგრამ წრომის მოზრდილი ეკვდერების ნაცვლად სამშვილდეში საკურთხევლის გვერდებზე შექმნილია უკვე ოთხი შეწყვილებული სადგომი პატარა აფსიდებით. ამ სადგომებში ჯვარისებრი და ვარსკვლავისებრი გადახურვები შესრულებულია მაღალი ოსტატობით. აღმოსავლეთის ფასადი, წრომის მსგავსად, ღრმა სამკუთხა ნიშებითაა დამუმავებული, მაგრამ აქ შუა მაღალი ნიშების გარდა, შექმილია დამატებითი უფრო დაბალი ნიშები მცირე სამყოფელთა საზღვარზე და ამით მიღწეულია უფრო რბილი გადასვლა. აღმოსავლეთის ფასადის სარკმლები მორთულია მოხდენილი ორნამენტული თავსართებით (სამწუხაროდ, სხვა ფასადები არაა შემორჩეილი).
|