There are no translations available.
< უკან დაბრუნება ... << დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>
დიდი ატენი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.55-59. - ატენის სიონის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.1968-1975 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების მასალები. ტექსტს ერთვის ძეგლის ნახაზები და ფოტოები.
ატენის სიონი, არქიტექტურულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი, დგას სოფლიდან მოშორებით, ქ.გორიდან 12 კმ-ზე, მდ. ტანის მარცხ. ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. თარიღდება VII ს-ის I ნახ-ით. 1968-75 წწ. სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ შეაკეთა და გაამაგრა ტაძრის ფასადების ქვედა მონაკვეთები (ხელმძღვანელი არქიტექტორი ლ. ხიმშიაშვილი), გუმბათის სახურავი (ხელმძღვანელები არქიტექტორი რ. გვერდწითელი, თ. ნემსაძე). 1983 წელს კი შენობა გადაიხურა ქვის ლორფინებით (ხელმძღვანელი რ.გვერდწითელი), გაიწმინდა და გამაგრდა მოხატულობა (ხელმძღვ. გ.ჭეიშვილი, კ.ბაკურაძე). ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (24 X 19 მ; სიმაღლე 22 მ), ტეტრაქონკის ტიპის, ნაგებია მომწვანო-მონაცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც. შესასვლელები სამხრეთით და ჩრდილოეთითაა. ტაძრის გეგმის საფუძველია ტეტრაქონქი, რომლის წამყვან კომპოზიციურ ბირთვს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმლიანი ყელი, რომელიც აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა კონუსური ფორმის, სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხდება. გუმბათის სფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით - ისინი გეგმაში ჯვარს ქმნიან. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, თითო ოთახია, რომლებიც მცირე, წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის სათავსებით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხრეთ-დასავლეთისა საქალებოა. ამ სათავსს დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან. გუმბათქვეშა საბჯენი თაღები ოდნავ ნალისებრია. საკურთხეველი ამაღლებულია ორი საფეხურით. აღმოსავლეთ აფსიდის შუა სარკმლის ქვეშ დგას სატრაპეზო ქვა, რომლის ორივე მხარეს დასაჯდომი საფეხურებია კულტის მსახურთათვის. საკურთხეველში სამი სარკმელია, სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში - თითო, რვაწახნაგა კამარით გადახურულ სამკვეთლოში - ორი, ჯვაროვანი კამარით გადახურულ კუთხის ოთახებში კი თითო. საკურთხევლისა და დასავლეთ აფსიდის წინ ბემებია, რის გამოც შენობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხეა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებული არიან ისტორიული და სხვადასხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც; ისინი მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს ისტორიულ კულტურული ენისა თუ პალეოგრაფიის მთელი რიგი საკითხების კვლევისათვის. მოხატულობა ატენის სიონის ინტერიერში, ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად, ქვის ზედაპირზე გამოვლინდა უძველესი დეკორის ფრაგმენტები: წითელი საღებავით შესრულებული არქიტექტურული წყობის იმიტაცია აფსიდების კონქებში, თაღებში, ასეთივე საღებავით შემოხაზული რელიეფური ჯვარი გუმბათში. ტაძარში გაირჩევა აგრეთეე პირველ ფენასთან ქრონოლოგიურად ახლო მდგომი, უფრო გვიანდელი დეკორი, რომელიც არაუგვიანეს VIII საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება, - აფსიდის 8 შვერილზე და სამსხვერპლოს კარის ზემოთ, ნაცრისფერი ბათქაშით დაფარულ კედელზე, თეთრი და წითელი საღებავებით გამოსახულია „დამცველობითი ფუნქციის“ განედლებული ჯვრები.
ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოიხატა XI საუკუნის II ნახევარში. წერის მანერის და ტექნიკის ხერხების მიხედვით გაირჩევა რამდენიმე მხატვრის ხელი. მიუხედავად ამისა, მხატვრობის იკონოგრაფიული და მხატვრული ჩანაფიქრი ერთიანია. მოხატულობის იკონოგრაფიული სქემა ძველ ქართულ ტრადიციას მისდევს და ნაწილობრივ იმითაც განისაზღვრება, რომ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა. გუმბათის მხატვრობა შემორჩენილია ფრაგმენტულად: გუმბათის კამარაში - ჯვარი, გუმბათის ყელში - წინასწარმეტყველები, ტრომპებზე - მახარებლები, ტრომპების ნახევარწრეებში სამოთხის 4 მდინარის პერსონიფიკაციებია. აფსიდებში დამოუკიდებელო იკონოგრაფიული ციკლებია შემორჩენილი. საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ნიკოპეა, ბემის კამარაზე - ქრისტე ყოვლისმპყობელი და 4 წინასწარმეტყველი, აფსიდის კედლებზე - 12 მოციქული, ცენტრში - პატარა ჯვარი. ბემის კედლებზე ზიარების ორნაწილიანი სცენაა; ქვემო რეგისტრში ეკლესიის 10 მამის გამოსახულებაა, შუა სარკმლის წირთხლებხე - 2 მესვეტის, აფსიდის შვერილებზე - 2 დიაკვნისა. სამხრეთ აფსიდი იყოფა ოთხ რეგისტრად. ზედა რეგისტრში გამოსახულია მთავარანგელოზი და აპოკრიფული სცენები ღვთისმშობლის ცხოვრებიდან; კონქის აღმოსავლეთ ნაწილში - ძღვენის უარყოფა, ყვედრება იოაკიმესაგან ანასი, ანას ხარება, იოაკიმეს ხარება. მეორე რეგისტრში - შეხვედრა ოქროს კარიბჭესთან, ღვთისმშობლის დაბადება, ღვთისმშობლის შვიდი ნაბიჯი, ტაძრად მიყვანება; მესამეში - ხარება, მარიამის და ელისაბედის შეხვედრა, ღვთისმშობლის წყლით მხილება, იოსების სიზმარი; მეოთხეში - შობა და ღვთისმშობლის მიძინება. ჩრდილოეთ აფსიდიც ოთხ რეგისტრად იყოფა და აქაც ზედა რეგისტრში მთავარანგელოზია გამოსახული; კონქში - მირქმა და ნათლისღება მეორე რეგისტრში - ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა; მესამეში - საიდუმლო სერობა, ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, მენელსაცხებლე დედანი; მეოთხეში - ამაღლება, სულიწმიდის მოფენა. დასავლეთ აფსიდი მთლიანად უჭირავს განკითხვის დღის რთულ კომპოზიციას. ბემის თაღში გამოსახულია ანგელოზი, რომელიც ცის კამარას ახვევს; აფსიდის პირველ რეგისტრში - ვედრება მოციქულებით და ანგელოზებით (ნაწილი ფიგურებისა ბემში გადადის); მეორე რეგისტრში, ფანჯრის ზემოთ - ჰეტიმასია, აფსიდის სამხრეთ კედელზე, ორ რეგისტრში გამოსახულია სამოთხე წმინდანთა გუნდებით; ჩრდილოეთ კედლის ამავე რეგისტრებში კი ჯოჯოხეთის სცენების ფრაგმენტებია შემორჩენილი; ქვედა რეგისტრში წარმოდგენილნი არიან წინასწარმეტყველები. მოპირდაპირე მხარეს ქვედა რეგისტრის გაგრძელებაზე კტიტორთა პორტრეტებია (წარწერები ძალიან დაზიანებულია და გამოსახულ პირთა ვინაობა სადავოა). მეორე ფენის მხატვრობის კომპოზიციები მკაცრი და მონუმენტურია. კოლორიტი აგებულია ცისფრის სხვადასხვა ტონებზე - ბაცი მონაცრისფროდან სუფთა კობალტამდე და ამ ფერების მოვერცხლისფრო მწვანესთან, წითელსა და იისფერთან შეხამებაზე. სახეები მოდელირებულია ბაცი, ოდნავ მოყავისფრო ტონის ფართო მონასმებით. ატენის სიონის მოხატულობა ქართულ მონუმენტური მხატვრობოს მნიშვნელოვანი ნიმუშია. ტაძარი ორსაფეხურიან იმპოსტზე დგას, რომლის ქვეშ ფართო და დაბალი ცოკოლია. ტაძრის გარეგნული ფორმები ნათლად გამოხატავს შიგა სივრცის ორგანიზაციას. შენობის ძირითადი მასები გუმბათქვეშა კვადრატიდან საფეხურებად იშლება. შიგნიდან მომრგვალებულ აფსიდს გარეთ შეესატყვისება სამწახნაგოვანი შვერილი, რომელსაც ბრტყელი თაღოვანი ნიშებით უკავშირდება კუთხის ოთახების გლუვი კედლები. გუმბათი ფართო და დაბალია, გუმბათის ყელი - მასიური. გუმბათქვეშა კვადრატის ფუძეს საკმაოდ ამაღლებული კუთხეები აქვს. კვადრატის კუთხის კედლები არასწორადაა ამოყვანილი - ზევით ვიწროვდება (ჩანს შეკეთების კვალი). კვადრატის ყელის მეტი ნაწილი თავიდანაა ამოყვანილი და თანაც ამაღლებულია ერთი კვადრით. სახურავის სამხრეთ - აღმოსავლეთ და სამხრეთ - დასავლეთ კუთხეებში ცხვრის თავის გამოსახულებებია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მინიატურული ტაძრის გუმბათი. გუმბათის ყელი და საერთოდ მთელი შენობა მასიურობისა და სიმძიმის შთაბეჭდილებას ქმნის. განსაკუთრებით მორთულია აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადები. აღმოსავლეთის ფასადის წინ ვიწრო გასასვლელია დატოვებული, რაც აძნელებს სარკმლების ზემოთ მოთავსებული სკულპტურული გამოსახულებების აღქმას. სარკმლები შემკულია დეკორატიულ რელიეფური სათაურებით.
საკურთხევლის სარკმლებს ზემოთ კომპოზიციურად ერთმანეთთან დაუკავშირებელი შვიდი რელიეფური გამოსახულებაა. აღმოსავლეთ ფასადის შუა წახნაგზე გამოსახულია ქრისტე დასალოცად აწეული ხელით, გვერდით წახნაგებზე - ორ-ორი ფრონტალურად მდგომი ფიგურა, ხოლო ქვემოთ, გვერდებზე - ცხოველები და ფრინველები. ტაძრის მთავარი სამხრ-ის შესასვლელი (აქ კარიბჭე მდგარა) მორთულია ორმაგი ბურთულებიანი კაპიტელებით, ბაზისებით და დეკორატიული ნახევარსვეტებით. სამხრეთ ფასადზე რელიეფური ფიგურებია გამოსახული, ფასადის აღმოსავლეთ ნიშში ამოკვეთილია სომხური ასომთავრული წარწერა („მე თოდოსაკ მაშენებელი ამ წმიდა ეკლესიისა“), რომელიც მიჩნეული იყო სამშენებლო წარწერად. ახალი გამოკვლევის მიხედვით (გ. აბრამიშეილი, ზ. ალექსიძე) წარწერა გვიანდელი უნდა იყოს. ჩრდილო ფასადზე, შესასვლელის ტიმპანზე, გამოსახულია ორი ირემი. აფსიდის გვერდის ლავგარდნის ქვეშ - წმინდანი და მის წინ მდგომი კტიტორი, ხოლო მარცხენა ნიშში ორი რელიეფური სცენაა წარწერებით: დავით გარეჯელის მოწაფე ლუკიანე ირემს წველის და სამსონის ლომთან შებრძოლება. დასავლეთის ფასადზე შეკეთებების შედეგად რელიეფებს შეცვლილი აქვთ ადგილი. ფასადის მარცხენა ნაწილში, სარკმლის ქვემოთ, შემორჩენილია რელიეფური კომპოზიციები: სამსონის ლომთან შებრძოლება, წინასწარმეტყველი აბაკუმი ანგელოზს მიჰყავს ორმოში მყოფ დანიელთან, ნადირობის სცენა და სხვ. გუმბათის ყელის აღმოსავლეთ ფასადზეც რელიეფური გამოსახულება და ქართული ასომთავრული წარწერაა. გუმბათის ყელის სარკმლების სათაურებიც ორნამენტირებულია. პროფილირებული სადა ლავგარდანები გვიანდელია.
|