There are no translations available.
<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<<ეკლესია-მონასტრები>>>
ერელაანთ საყდარი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974.-გვ.28, 100.
ერელაანთ საყდარი (V-VI სს.) - კახეთშია, ახმეტის რაიონში, ახმეტიდან თიანეთისკენ მიმავალ გზასთან, მეოთხე კილომეტრზე. ნაშენია საკმაოდ ტლანქად რიყის ქვით, ფასადისათვის, გუმბათისა და კედლების შიგა პირისთვის ზოგან კირქვის ფილებია გამოყენებული. შიგნით კედლები მოხატული იყო. აღმოსავლეთის სარკმლისა და შესასვლელის თავზე მცირედ შვერილი თაღოვანი სათაურებია, ჰორიზონტალურად გადაკეცილი ბოლოებით. აღმოსავლეთისავე ფასადზე ფრონტონის წვერში უხეშად გამოყვანილი ჯვარია. შენობა ძლიერ დაზიანებულია. გუმბათის ყელისა მხოლოდ მცირე ნაწილიღაა დარჩენილი, მაგრამ გუმბათქვეშა კონსტრუქცია ტრომპებითურთ კარგად ჩანს. ეკლესიის მაქსიმალური ზომები გარედან. სიგრძე - 7,0 მ., სიგანე - 6,6 მ., სავარაუდო სიმაღლე შიგნით 5,4 მ.
თავისებურია ე.წ. "ერელაანთ საყდარი" ახმეტასთან (კახეთში). გ.ჩუბინაშვილის აზრით, იგი V ს-ისა თუ არა, VI ს-ისა მაინც არის. ესეც "თავისუფალი ჯვრის" ტიპისაა, ერთი აფსიდით და სამი სწორკუთხა მკლავით. მისი განმასხვავებელი ისაა, რომ სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებს აღმოსავლეთით პატარა აფსიდები აქვს: ამ საკურთხევლების არსებობა ან იმით აიხსნება, რომ ეკლესიის დამფუძნებელთ სურდათ თავ - თავისი სალოცავი ადგილი ჰქონოდათ, ან იმით, რომ სჭირდებოდათ რამდენიმე წირვის ჩატარება დღის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში, ამის ანალოგიური გეგმები კარგადაა ცნობილი სხვაგანაც, მაგ. მცირე აზიაში (იაგდებაში კაპადუკიაში, სიუთქილისე, დეგილე და სხვ.), დალმაციაში, სომხეთში (არტიკის ეკლესია) და სხვ.. ეკლესია რიყის ქვითაა ნაშენი და კირქვის ფილებითაა მოპირკეთებული. მისი შესრულებაც ვერ დგას ნამდვილი მხატვრული სიმწიფის დონეზე, მაგრამ ეს ძეგლი საყურადღებოა, როგორც ამ თავისებური, "მოსამზადებელი საფეხურის" დამახასიათებელი ნიმუშები.
ფოტოს წყარო: http://heritagesites.ge/?lang=geo&page=250
|