topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ფიტარეთი - ი.ციციშვილი

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...

განვითარებული ფეოდალიზმი: ფიტარეთი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ. 97-99.

კარიბჭეზე დაცული წარწერის მიხედვით ფიტარეთის ტაძარი აგებულია ლაშა გიორგის მეფობის ხანაში (1213 -1222 წწ.). ტაძრის გეგმა ძალიან კომპაქტურია და თითქმის უახლოვდება კვადრატს. გუმბათი ეყრდნობა ოთხ დაბალ ბურჯს, რომელთაგან აღმოსავლეთის წყვილი შერწყმულია საკურთხევლის კედლებთან. ტაძრის შიგა სივრცე გარე მასებთან შედარებით დაბალი და ინტიმურიცაა. დროის მოთხოვნის შესაბამისად ხუროთმოძღვრის წინაშე აღარა დგას მაღალი და ვრცელი ინტერიერის შექმნის, არამედ, პირიქით, მყუდრო და ინტიმური ხასიათის გადმოცემა. ამას ხელს უწყობს კედლების მთლიანი ფრესკული მხატვრობით დაფარვა და ერთადერთი თაღოვანი კარიბჭე სამხრეთის მხრიდან. გარედან შენობა ფაქიზი და მსუბუქი პროპორციებისაა. ყველა ფასადი სხვადასხვაგვარადაა გადაწყვეტილი,და დიდი მონდომებით მორთული. შენობის კედლები შემოსილია ვარდისფერი კვადრებით, მორთულობის ელემენტები კი შესრულებულია ყვითელ ქვაში. მაღალი და მოხდენილი, მთლიანად მოჩუქურთმებული გუმბათის ყელი ასევე ოქროსფერი ქვისაა, მისი ზედა და ქვედა ზოლები და ლავგარდანი კი - ვარდისფერი. ამას გარდა ლავგარდანის ქვემოთ გაშლილი ფრიზი შედგენილია იისფერი, ცისფერი, ყვითელი ფერის კვადრების მონაცვლეობით. ფასადებზე დიდი გემოვნებითაა განაწილებული მორთულობის აქცენტები. აღმოსავლეთის ფასადზე ტრადიციული სამკუთხა ნიშები და საკურთხევლის სარკმელი გაერთიანებულია დიდი თავსართით. განაპირა გლუვი კედლები გაცოცხლებულია მცირე სარკმლების მოჩუქურთმებული საპირეებით. ვერტიკალზე მორთულობა იქმნება სარკმლის თავსართზე დაყრდნობილი დეკორატიული ჯვრით, რომლის კვარცხლბეკზე ორსავე მხარეს, მოთავსებულია ლომების ნაკვთები. ფიტარეთის მორთულობა დამახასიათებელია ამ პერიოდის ტაძრებისათვის. ხუროთძღვარი არაჩვეულებრივი გაბედულობით და მოხდენილობით აერთიანებს ერთ საპირეში ჩუქურთმის სხვადასხვა მოტივს, შეჰყავს მასში ცხოველების, ფრინველების და ადამიანის ნაკვთები, ქმნის განსაცვიფრებელ ხლართებსა და წნულებს. გემოვნება იგრძნობა ფერადოვან ეფექტების განაწილებაშიც. ფერი გამოიყენება არა კონტრასტების, არამედ რბილი ტონალობის, გადასვლების აქვარელური სურათის შესაქმნელად. ტაძართა ამ ჯგუფს მიეკუთვნება გუმათოვანი ეკლესიები სოფელ მეტეხში, კაბენში, ქვათახევში, წუღრუღაშენში, ხუჯაბში და სხვ. ყოველ მათგანში ვლინდება ინდივიდუალური ნიშნები, იცვლება მორთულობის კომპოზიცია, თვით ჩუქურთმისადმი მიდგომა. გაფორმებისადმი ასეთი მიდგომა ჩანს დარბაზულ ეკლესიებშიც, ბევრ მათგანს ახაიათებს მდიდარი მორთულობა და ჩანაფიქრის ორიგინალობა (ეკლესია კაბენში 1196 წელი, არქიტექტორ ჭიჭაფორისძის მიერ XIII ს. აგებული ეკლესია გუდარეხში).