There are no translations available.
<უკან დაბრუნება
ისტორიული ტაო-კლარჯეთი, ბასიანი, ლორე - ტაშირი, კოლა, სამცხე-ჯავახეთი, თრიალეთი, თორი და სხვ...
აბაზგია - (ბერძნ. აბასგია), აბაზგებით დასახლებული ისტორიული მხარე დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. ახ.წ. დასაწყისში ეკავა დაახლოებით ახლანდელი ოჩამჩირის რაიონის ტერიტორია. I-II საუკუნეებში აქ წარმოიქმნა აბაზგების სამთავრო, რომელმაც VI-VII საუკუნეებში ჩრდილოეთით გადაინაცვლა მდ. გუმისთასა და ბზიფს შუა. აბაზგიაში ზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ცენტრები იყო: ჩრდილოეთით ბიჭვინთა, სამხრეთით ანაკოფია. აბაზგია თავდაპირველად ეგრისის სამეფოში შედიოდა. VI საუკუნის შუა წლებიდან ბიზანტიას დაემორჩილა, მაგრამ აბაზგები დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ (აბაზგების აჯანყება 550). ამ დროისათვის აბაზგიაში უკვე მიმდინარეობდა ფეოდალიზაციის პროცესი. VIII საუკუნეში აბაზგია და აფსილეთი ერთ სამთავროდ გაერთიანდა.
აბოცი
აბოცი - ასე იწოდებოდა შუასაუკუნეებში საქართველოს ერთ - ერთი შესანიშნავი განაპირა ქვეყანა, რომელსაც გვიან შუასაუკუნეებში ყაიყულსაც უწოდებდნენ. დიდი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი, ასე აგვიწერს აბოც - ყაიყულს: "ხოლო ტაშირს, აბოცსა და ბერდუჯ - ბამბაკსა ჰყოფს მთა ირჯანისა და აწ ყარაღაჯად წოდებული (ქართლის ცხოვრება, IV, გვ.313) მეცნიერი ჩვეული გულისხმიერებით აღწერს ამ მთას: "არს მარადის თოვლიანი და უტყეო, და კალთათა ბალახოვანი, ყუავილიანი, წყარონი მრავალნი კეთილნი"....<<ტექსტი სრულად აქ...<<
არგვეთი - (ისტორიული პროვინცია დასავლეთ საქართველოში, ძველ ქართულ მწერლობაში მარგვეთის სახელითაც არის ცნობილი. ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, არგვეთი მოიცავდა ტერიტორიას ლიხის ქედიდან რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე, ე.ი. ახლანდელი ხარაგაულის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის და ტყიბულის რაიონებისა, ტყიბულისა და ჭიათურის საქალაქო საკრებულოების ტერიტორიას.)
არტაანი
არტაანი (პროვინცია) - ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მხარე და ციხე - ქალაქი მესხეთის ნაწილში. იგი მოიცავს მტკვრის ზემო დინების ორივე მხარეს. მისი თურქული ფორმაა არდაჰანი. თავდაპირველად არტაანი მხარის სახელწოდება იყო. ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, ლეგენდარული მცხეთოსის ძემ, ჯავახოსმა, ააშენა არტაანის ციხე-ქალაქი, რომელსაც მაშინ ქაჯთა ქალაქი რქმევია, მროველის დროს კი - ჰური. იმავე ცნობით, ფარნავაზის დროს, ძვ.წ. III საუკუნეში წუნდის საერისთავოში შედიოდა არტაანი, ჯავახეთი და კოლა. ვახტანგ გორგასალმა აქ საეპისკოპოსო შექმნა და კათედრა ერუშეთში დააწესა. თამარის ეპოქაში არტაანი სანაპირო საერისთავო იყო, შემდეგ სამცხის ათაბაგთა სამთავროში შედიოდა.
ბაზალეთი - ისტორიული მხარე ქართლში. ვახუშტის ცნობით, აღმოსავლეთიდან - ბოდავის ციხე და ტინის მთა, დასავლეთიდან - გრემისხევი და ალევის მთა (ახლანდელი ალევის ქედი), ჩრდილოეთიდან - ჭართლის მთა.ბაზალეთის პლატოზე ადამიანი ჯერ კიდევ ძველი ქვის ხანაში სახლობდა. ლეონტი მროველის ცნობით, ბაზალეთი მოაოხრეს ქართლის მესამე მეფის მირვანის დროს (ძვ.წ. II ს.) ჩრდილოეთიდან შემოსეულმა დურძუკებმა. X საუკუნეში ბაზალეთი და მისი მიდამოები (კერძოდ ლოწობნის ციხე) საცილობელი გახდა აფხაზთა და კახთა სამეფოებს შორის. XIII საუკუნის მიწურულს მონღოლმა სარდალმა ხუტლუბუღამ საქართველოს სხვა პროვინციებთან ერთად ბაზალეთიც დაარბია. არაგვის საერისთავოს წარმოშობის შემდეგ ბაზალეთი მისი პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაწინაურებული რაიონი გახდა.
ბაიდარი (მხარე) - ძვ.წყალთაშუა, ისტორიული მხარე ქვემო ქართლში. მოიცავდა მდინარე ქციის ორივე ნაპირზე გაშლილ ველს ახლანდელი ბოლნისის რაიონის სოფ.არუხლოს (ძვ.ნახიდური) აღმოსავლეთით. XVII საუკუნეში ირანის შაჰებმა აქ თანდათან ჩამოასახლეს მაჰმადიანი ტომები, რომლებიც ცელკე სოფლებად სახლდებოდნენ და ქართველი მეფის ზმებად ითვლებოდნენ.
ბამბაკი, მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. მოიცავდა მდინარე დებედის სათავის მთიან ხეობას. იგი სტრაბონისეული გოგარენეს და სომხური წყაროების გუგარქის ანუ ქვემო ქართლის უკიდურესი სამხრეთი თემი იყო. ძვ.წ. II საუკუნეში გოგარენეს პროვინციას სომხური სამეფო დაეუფლა. მომდევნო ხანაში ბამბაკი ხან სომხეთის, ხან კი ქართლის შემადგენლობაში შედიოდა, ვიდრე იგი V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა არ შემოიერთა. IX - X საუკუნეებში ბამბაკი შედიოდა ჯერ ანისის სამეფოს, შემდეგ კი ტაშირ - ძორაგეტის სამეფოს შემადგენლობაში. მომდევნო საუკუნეებში საქართველოს ფარგლებში იყო. XVII საუკუნის დასაწყისში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ყიზილბაშური ირანის ექსპანსიის შედეგად შეიქმნა თურქმანული პოლიტიკური ერთულები - ბორჩალოს სახანო და ლორის სასულთნო. ბამბაკი ბორჩალოს სახანოს შემადგენლობაში მოჰყვა. XVIII საუკუნის II ნახევარში იგი გამოეყო ბორჩალოს და ჩამოყალიბდა ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად - ბამბაკის სამოურავოდ, რომელსაც ქართლ-კახეთის მეფის მიერ დანიშნული ქართველი მოურავი მართავდა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ბამბაკი თბილისის გუბერნიის ლორის მაზრის შემადგენლობაშია. XIX საუკუნის II ნახევარში ერევნის გუბერნიის ალექსანდროპოლის მაზრაში შევიდა.
ბასიანი - პროვინცია ისტორიულ სამხრეთ - დასავლეთ საქართველოში, ისტორიული მესხეთის ნაწილი, მდინარე არაქსის სათავეების რაიონში (თურქეთის ტერიტორია). სახელწოდებას უკავშირებენ ფასიანების კოლხურ ტომს. სომხეთის სამეფოს წარმოქმნისა და მისი გაფართოების შედეგად (ძვ.წ. II ს.) ბასიანი მის ფარგლებში მოექცა. უფრო გვიან იგი შეადგენდა არარატის სამეფოს ერთ-ერთ გავარს (პროვინციას). 384 წელს რომსა და ირანს შორის ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური გავლენის სფეროების განაწილების შედეგად ირანის საზღვრებში მოექცა. VII-VIII საუკუნეებში ბასიანი არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში შევიდა. არაბთა მფლობელობის დასუსტებისა და ქართული სამეფო-სამთავროების გაძლიერების პერიოდში ბასიანი საცილობელი გახდა ბიზანტიისა და "ქართველთა სამეფოს" შორის. მალე "ქართველთა სამეფო" მთლიანად დაეუფლა ბასიანს. X საუკუნის I ნახევარში საზღვარი ბიზანტიასა და "ქართველთა სამეფოს" შორის მდინარე არაქსზე დაიდო და ბასიანის ჩრდილოეთი ნაწილი ქართველ ბაგრატიონთა მდლობელობაში დარჩა. 1001 წელს დავით კურაპალატის მემკვიდეობის გამო ბიზანტიასთან კონფლიქტის შედეგად იმიერ - ტაო და ბასიანი ბთლიანად ბიზანტიელთა მფლობელობაში გადავიდა. ქართველები დაჟინებით ცდილობდნენ ბასიანის დაბრუნებას ბიზანტიელთაგან, შემდეგ თურქ - სელჩუკთაგან. XII საუკუნიდან ბასიანი კვლავ ფეოდალური საქართველოს მონარქიის ფარგლებში შედიოდა. 1203 წელს ბასიანში ქართველთა ლაშქარმა სძლია თურქ - სელჩუკებს. 1545 წელს ბასიანი ოსმალებმა მიიტაცეს. XVII საუკუნიდან იგი არზრუმის ვილაიეთის ერთ - ერთი სანჯაყია.
ბორჩალო - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე იყო. სახელწოდება მომდინარეობს დებედის ხეობაში XVII ს-ში ჩამოსახლებული თურქმანული ტომის ბორჩალუსაგან. 1604 წელს შაჰმა აქ სახანო შექმნა, რომელიც XVIII ს-ში ქართლს დაუბრუნდა. 1880 წელს ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ბორჩალოს მაზრა ცენტრით დაბა შულავერში. იგი მოიცავდა წალკის, მანგლისის, თეთრი წყაროს, დმანისის, ბოლნისის, მარნეულის ტერიტორიას, აგრეთვე სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რაიონს.
გაგი (პროვინცია) - ისტორიული პროვინცია (სანაპირო) საქართველოში, ცენტრი გაგის ციხე. გაგი დაახლოებით ემთხვეოდა ძველი გარდაბნისპროვინციას და XIII საუკუნის დასაწყისისათვის მოიცავდა ტერიტორიას მდინარე დებედიდან ქ.შამქორამდე (აზერბაიჯანი), მდინარე მტკვარსა და განჯის მთებს შორის. გაგის პროვინციაში მოხდა საქართველოს ლაშქრის პირველი ბრძოლა მონღოლებთან, რომელთაც მალე გაგის ციხე დაიკავეს.
გარეკახეთი - ისტორიული სამხრეთ - აღმოსავლეთი მხარე, მდინარე ივრის შუა დინებაზე, ერწოდან ქიზიყამდე. ტერიტორიულად დაახლოებით ემთხვევა ახლანდელი საგარეჯოს რაიონს.
გაღმამხარი (კახეთი) - ისტორიული მხარე კახეთში. მოიცავდა ძველი ჰერეთის ტერიტორიის ნაწილს, რომელიც მოქცეული იყო მდინარე ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის. ეს ტერიტორია შიდა კახეთის მიმართ "გაღმამხარი" იყო. ეკონომიურად იგი კახეთის ერთ - ერთ ყველაზე დაწინაურებულ კუთხეს წარმოადგენდა. განსაკუთრებით განვითარებული იყო მევენახეობა და მეაბრეშუმეობა. გაღმამხარის დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა მისმა სიახლოვემ გილან - შემახის სავაჭრო გზასთან. ეკონომიურმა განვითარებამ განაპირობა გვიანი ხანის კახეთის სამეფოს პოლიტიკური ცენტრის გაღმამხარში (გრემში) გადანაცვლება. XVII - XVIII საუკუნეებში გაღმამხარის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა და დაღესტნელ ფეოდალთა თავდასხმებმა. ეს მხარე დიდხანს გაუკაცრიელებული და აოხრებული იყო. თანამედროვე ადმინისტრაციული - ტერიტორიული დაყოფით გაღმამხარი მოიცავს ლაგოდეხის, ყვარლისა და ნაწილობრივ თელავის რაიონების ტერიტორიას.
გაღმამხარი (ქართლი) - ისტორიული მხარე ქართლში. სახელწოდება გვხვდება გვიანდელი ფეოდალური ხანის საბუთებში. ზოგი მკვლევრის აზრით, გაღმამხარი ეწოდებოდა მტკვრის მარჯვენა ნაპირს ტაშისკარიდან მცხეთამდე, ზოგის აზრით კი - გვიანდელი ფეოდალური ხანის სათავადოს - საციცინოს. ქართლის მოსახლეობა დღეს გაღმამხარს უწოდებს ისტორიული საციცინოს ტერიტორიას.
გაჩიანი - ქალაქი და მხარე ისტორიულ ქვემო ქართლში. ქალაქის ზუსტი ადგილმდებარეობა დაუდგენელია. ვახუშტის (XVIII ს.) მიაჩნდა, რომ იგი მდინარეების მაშავერ-ქციის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა. ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, ქართველთა ლეგენდარულმა მამამთავარმა ქართლოსმა თავის ერთ-ერთ ძეს, გაჩიოს მისცა ქალაქი სამშვილდე და ქვემო ქართლის ნაწილი მდინარე ვერიდან მოყოლებული აბოცის მთამდე. გაჩიოს აუშენებია ქალაქი გაჩიანი, რომელსაც ძველად სანადირო ქალაქი ერქვა. გაჩიანის მხარე, ანუ სამშვილდის საერისთავო, ქართლის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანაპირო საერისთავო იყო. X საუკუნის სომეხი ისტორიკოსი უხტანესი ქალაქ გაჩიანს ვრაცდაშთში ("ქართველთა ველში") ათავსებდა და იგი ცურტავის მერმინდელ სახელად მიაჩნდა. გაჩიანის მხარე ანუ სამშვილდის საერისთავო ქართლის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაპირა საერისთავო იყო.
გუდამაყარი - აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით - ხევი, აღმოსავლეთით - ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით - ხანდო და ჭართალი. გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ - ხევსურეთისაგან - გუდამაყრის ქედით. ამ ქედზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი, გუდამაყრელებს იხსენიებს ლეონტი მროველი (XI ს.) ქართლის გაქრისტიანების ისტორიასთან (IV ს.) დაკავშირებით - ქართველთა განმანათლებელი ნინო სხვა მთიელებთან ერთად წობენში მათ ქრისტიანობას უქადაგებდა. გუდამაყარიდანაა ცნობილი მწერლი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი. იგი თავის არაერთ ნაწარმოებში იხსენიებს მშობლიურ მხარეს. გუდამაყარში მეურნეობის წამყვანი დარგი იმთავითვე იყო მეცხოველეობა. გუდამაყრის მხარის ისტორიულ ძეგლთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრინდელი ფეოდალური ხანის მახვილის ციხე, რომელიც ბაკურხევის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს, მახვილივით აზიდულ მთაზე, და პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია სოფ. ჩოხში. გუდამაყრის ხეობაზე გადიოდა საქართველოს თანამედროვე სამხედრო გზის ერთ - ერთი განშტოება, რომელიც არაგვის ხეობას ხევთან აკავშირებდა. ფეოდალურ ხანაში გუდამაყარი არაგვის საერისთავოში შედიოდა. XIX საუკუნეში იგი დუშეთის მაზრის შემადგენლობაში იყო. თანამედროვე ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფით გუდამაყრის ტერიტორია შედის მცხეთა - მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში, გუდამაყრის საკრებულოში.
გუჯარეთი (მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბორჯომის რაიონის ტერიტორიის ნაწილი. აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალით (კოლხური ცულის ყალიბი, ზოდები, თოხები) დასტურდება, რომ გუჯარეთის ხევი ადამიანის მიერ ბრინჯაოს ხანიდან იყო ათვისებული, ისტორიულ წარსულში გუჯარეთი შედიოდა თორის მხარეში. მონღოლთა ბატონობის პერიოდიდან დაკნინდა. XIV საუკუნეში სამეფო მამული იყო. XV საუკუნიდან ციციშვილთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. XVI საუკუნის ბოლოს გუჯარეთი ოსმალებმა დაიკავეს. მათი მფლობელობის პერიოდში ამ მხარის მოსახლეობა თითქმის მთლიანად შიდა ქართლში გადასახლდა. ოსმალთა განდევნის შემდეგ, XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება ამ მხარის ხელახალი დასახლება. მატერიალური კულტურის ძეგლთაგან აღსანიშნავია უზნარიანის, თოთხამის, მომწვარასი და სარბიელას ციხეები, ტიმოთესუბნის, დაბის, მაღალჯვარისა და სხვა მრავალი დიდი თუ მცირე ეკლესია - სამლოცველო და გამოქვაბულ - სახიზარი. გუჯარეთზე გადიოდა გზები, რომლებიც ჯავახეთსა და თრიალეთს შიდა ქართლთან აკავშირებდა.
დვალეთი ისტორიული მხარე შუა საუუნეების საქართველოში, ტერიტორიულად მოიცავდა კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილს დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის. ვახუშტი ბაგრატიონს (XVIII ს.) მოხსენიებული აქვს დვალეთის ხევები: კასრის-ხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა, თრუსი მაღრანდვალეთი. ქართული საისტორიო ტრადიციით ეს ტერიტორია იბერიის სახელმწიფოს წარმოშობის (ძვ.წ. IV - ძვ.წ. III სს.) დროიდან შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. VI საუკუნის შუა წლებიდან დვალეთში ქრისტიანობა გავრცელდა. შემდგომში იგი ნიქოზის საეპისკოპოსო ეპარქიაში შედიოდა. დვალეთზე გადიოდა ამიერკავკასიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალი გზა - გადასასვლელები. შუა საუკუნეებში ცნობილი იყო "გზა დვალეთისა". საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დვალეთის ხეობების გამაგრებას ჩრდილოეთიდან. მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) შემდეგ დვალეთში სახლდებოდა ჩრდილოეთიდან დევნილი ოსური მოსახლეობა. დვალეთის მკვიდრი მოსახლეობა (დვალები) კი, თავის მხრივ მასობრივად გადმოდიოდა კავკასიონის სამხრეთ კალთებზე. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის (XV ს.) შემდეგაც დვალეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში მისი მოურავი იყო გიორგი სააკაძე. დვალელ მოღვაწეთაგან ცნობილნი არიან XI საუკუნის სასულიერო პირნი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სვიმონ დვალი.დვალეთის მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ჩვენამდე მოაღწია: მდინარეების არდონისა და ფიაგდონის სათავეებში აგებულმა სიმაგრეებმა - კასრის - კარმა და ხილკამ; ზროგოსა და მამისონის ხეობებში ქრისტიანული ტაძრების ნანგრევებმა და სხვა.
დიღმისხევი - ისტორიულ - გეოგრაფიული რეგიონი; ადმინისტრაციული - ტერიტორიული ერთული შუა საუკუნეების საქართველოში. ცენტრი - დიღომი.
დმანისხევი დბანისხევი, ისტორიულ - გეოგრაფიული რეგიონი, აღმოსავლეთ - ტერიტორიული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში, ახლანდელი ბოლნისისა და დმანისის რაიონების ტერიტორიაზე, მაშავერის ხეობის ადრინდელი სახელწოდება.
ელისენი ენისელი, მხარე ფეოდალური ხანის საქართველოში, ისტორიული ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი. მოიცავდა მდინარეებს ბელაქნისწყალსა, გიშისწყალსა, ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის მდებარე მიწებს (XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან საზღვრის ერთმა მხარემ გიშისწყლიდან ქურმუხისწყალზე გადაინაცვლა, რადგან აქ ამ დროისათვის ძირითადად უკვე ლეკი მოსახლეობა იყო). სახელწოდებას უკავშირებენ მისიონერ ელისეს, რომელიც, სომეხი ისტორიკოსის მოვსეს კალანკატვაცის (X ს.) ცნობით, ახ.წ. I საუკუნეში აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ქრისტიანობას ქადაგებდა. V საუკუნიდან ელისენი ჰერეთის საერისთავოს ნაწილს წარმოადგენდა და პოლიტიკურად საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. VIII საუკუნეში ერისმთავარი არჩილი ამ ტერიტორიაზე კულტურულ აღმშენებლობას ეწეოდა. XI საუკუნეში, კახეთის საერისთავოებად დაყოფის დროს, ელისენი მაჭის საერისთავოს შემადგენლობაში მოექცა. XV საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე გიორგი VIII-მ აქ სამოურავო შექმნა. XVI საუკუნიდან ელისენში დაღესტნიდან გადმოსული ლეკი მოახალშენენი სახლდებიან. მხარის ნაწილობრივმა ეთნიკურმა ცვლილებამ ელისენს არ დაუკარგა ადრინდელი პოლიტიკური შინაარსი, იგი კვლავინდებურად ქართველი მეფეების ხელისუფლებას ემორჩილებოდა. XVII საუკუნის დასაწყისში ელისენის აღმოსავლეთი ნაწილი ახლად წარმოქმნილი მაჰმადიანური პოლიტიკური ერთულის ელისუს სასულთნოს შემადგენლობაში მოექცა. კახეთში ყიზილბაში ხანების მმართველობის ხანაში (1677 - 1703) მდგომარეობა არსებითად შეიცვალა, როგორც კაკში, ისე ელისენში ლეკი მოახალშენენი უკვე კომპაქტურად სახლდებოდნენ, მკვიდრ ქართულ მოსახლეობაში კი დაიწყო იძულებითი გამაჰმადიანების პროცესი. 1803 წლიდან ელისენი ჭარ-ბელაქნის "თავისუფალ თემებთან" ერთად დამოკიდებული გახდა რუსეთის იმპერიაზე. 1830 წლიდან კი საბოლოოდ შევიდა მის შემადგენლობაში როგორც ჭარ-ბელაქნის ოლქის (შემდგომში ოკრუგის) ნაწილი. 1921 წლიდან ისტორიული ელისენი დანარჩენ საინგილოსთან ერთად აზერბაიჯანის ფარგლებშია.
ერუშეთი - ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში, არტაანის ჩრდილოეთით (ახლანდელი თურქეთის საზღვრებში). მოიცავდა ტერიტორიას არსიანის ქედსა და ნიალის ველს შორის. სახელი ეწოდა მხარის ცენტრალური პუნქტის მიხედვით. ქართლის სამეფოს უძველესი ადმინისტრაციული დანაწილებით, ერუშეთი არტაანთან ერთად წუნდის საერისთავოში შედიოდა. ძველი ქართული ტრადიის თანახმად, საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი ერუშეთში ააგეს (IV ს.). შემდგომში (V ს.) ვახტანგ გორგასალს აქ საეპისკოპოსო კათედრა დაუარსებია. XVI საუკუნეში ერუშნელი ეპისკოპოსის ეპარქიაში ერუშეთის გარდა არტაანის მხარის მტკვრის მარცხენა სანაპიროც შედიოდა. XVI საუკუნიდან ერუშეთი სამხრეთ საქართველო სხვა პროვინციებთან ერთად ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა. რუსეთ-ოსმალეთის 1877 - 1878 წლების ომის შემდეგ, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების (1878) და ბერლინის კონგრესის (1878) თანახმად, ერუშეთი რუსეთის იმპერიას გადაეცა, შემდგომში მას კვლავ ოსმალეთი დაეუფლა. XIX საუკუნის დასასრულს ერუშეთში იმოგზაურა და ისტორიული ძეგლები შეისწავლა ე.თაყაიშვილმა. მიკვლეულ იქნა ადრინდელი ფეოდალური ხანის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, სადაც შეინიშნებოდა მომდევნო პერიოდების ფრესკათა ნაკვალევი. იქვე ყოფილა სასახლის ნაშთებიც.
ერწო - თიანეთი
ერწო - თიანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს მდ.ივრის ზემოთის ზეგანს (თიანეთის რაიონი). ისტორიულად წარმოადგენდა ქართლის სამეფოს ორ ცალკეულ ისტორიულ - გეოგრაფიულ რეგიონს - ერწოსა და თიანეთს. მათ ერთობლივი ისტორიული განვითარებისა და მჭიდრო კავშირის გამო ისინი უძველეს წყაროებშივე ერთად მოიხსენიებიან.ერწო - თიანეთი ადმინისტრაციულად კახეთის საერისთავოში შედიოდა. ქართული ტრადიციის თანახმად, IV საუკუნეში ქართველთა განმანათლებელი ნინო აქ ქრისტიანობას ქადაგებდა. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ერწო - თიანეთს დიდ სტრატეგიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას ანიჭებდა. აქ გადიოდა ერთ-ერთი განშტოება სავაჭრო მაგისტრალისა, რომელიც ქართლის ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფოს ალბანეთთან (კავკასიისა) და სომხეთთან აკავშირებდა. გარკვეულ პერიოდში თიანეთი იყო პლაცდარში, საიდანაც ქართლის სამეფო პოლიტიკურ და კულტურულ ზეგავლენას ახდენდა კავკასიის მთიანეთზე. საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისათვის ბრძოლაში "აფხაზთა მეფეები", პირველ რიგში, თიანეთის დაპყრობით ცდილობდნენ კახეთი თავიანთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექციათ. XIII საუკუნეში ერწო-თიანეთი არაერთხელ დალაშქრეს მონღოლებმა. XV საუკუნეში, ერთიანი საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ, ერწო - თიანეთი კახეთის სამეფოს ერთ - ერთი სამოურავო გახდა. იგი ხშირად საცილობელი ტერიტორიაა კახეთის სამეფოსა და არაგვის საერისთავოს შორის. ფშავ - ხევსურეთის მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესები ძირითადად ერწო - თიანეთთან იყო დაკავშირებული, ამიტომაცაა იგი ძირითადად მთიელი ქართველებით დასახლებული. თანამედროვე ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფით ერწო -თიანეთი შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის რაიონში.
ზემო ქართლი - ასე ეწოდებოდა XVI საუკუნემდე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს — მტკვრის ზემოთს ტაშისკარიდან მდინარე მტკვრის სათავემდე და ჭოროხის აუზის ზემო წელს. ეს ტერმინი წყაროში პირველად XII საუკუნეში იხსენიება, მაგრამ გაცილებით ადრინდელი უნდა იყოს. ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, ზემო ქართლი ქართველთა ლეგენდარული მამამთავრის ქართლოსის უფროსი ძის მცხეთოსის შვილების ოძრხოსის და ჯავახოსის წილხდომილი მხარეა. იგი მესხების და ჯავახების თავდაპირველი განსახლების ტერიტორიაა. ანტიკური წყაროების მიხედვით (სტრაბონი), ამ ტერიტორიას "მოსხიკე" (ქართულად: მესხეთი) ეწოდებოდა. ზემოქართლში შედიოდა შემდეგი ერთეულები: სამცხე, ჯავახეთი, ერუშეთი, არტაანი და კოლა — მტკვრის ზემო წელზე: კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი - ჭოროხის ზემო წელზე. VIII-IX საუკუნეებში ზემო ქართლის ტერიტორიზე ჩამოყალიბდა ქართველ ბაგრატიონთა საკურაპალატო (IX საუკუნის დასასრულიდან - სამეფო). XII-XIII საუკუნეებში ამ მხარის ფეოდალური მფლობელები იყვნენ თორელები, ჯაყელები, ფანასკერტელები. XV საუკუნის II ნახევარში ჯაყელების საგვარეულოს მეთაურობით ზემო ქართლი დამოუკიდებელ სამთავროდ (სამცხე - საათაბაგო) ჩამოყალიბდა, რომლის ცენტრიც ახალციხე იყო. XVI საუკუნეში ეს ტერიტორია თანდათან ოსმალეთმა დაიპყრო და აქ თავისი ადმინისტრაციული ერთეული - ახალციხის საფაშო შექმნა. XVI საუკუნიდან ასე ეწოდებოდა ძვ.შიდა ქართლის ტერიტორიას, უფრო მის ჩრდილოეთ - დასავლეთ ნაწილს. ვახუშტის მიხედვით XVIII საუკუნეში შიდა ქართლი შეადგენდა მეორე სასპასპეტოს, რომლის ცენტრი გორი იყო.
ზენა სოფელი - ისტორიული მხარე ქართლში გვიანდელი შიდა ქართლის ნაწილი. მოიცავდა მდ.მტკვრის შუა წელის აუზს, რომელსაც აღმოსავლეთიდან მდ.არაგვი და არმაზის ხევი ესაზღვრება, დასავლეთიდან - ლიხის ქედი, სამხრეთიდან - თრიალეთის ქედი, ჩრდილოეთიდან - კავკასიონი.
თაკვერი - ისტორიული მხარე საქართველოში. პირველად დამოწმებულია VII საუკუნის ანონიმურ სომხეთის გეოგრაფიაში. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში სახელწოდება "თაკვერი" ორი მნიშვნელობით იხმარებოდა: ფართო მნიშვნელობით ახლანდელი რაჭა-ლეჩხუმს მოიცავდა, ვიწრო მნიშვნელობით - ცხენისწყლის აუზის შუა წელსა და მდინარე ლაჯანურის (რიონის შენაკადი) ხეობას შორის მდებარე ტერიტორიას. შუა ფეოდალურ ხანაში სახელწოდება "თაკვერს" მხოლოდ მეორე მნიშვნელობით ხმარობდნენ. XI საუკუნეში თაკვერი სვანეთის ერისთავს ემორჩილებოდა, XII-XIII საუკუნეებში რაჭის ერისთავის საგამგეოში იყო. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იგი ლეჩხუმის შემადგენლობაში შედიოდა.
თორთომი - თორთუმი, პროვინცია ისტორიულ საქართველოს სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია). ცენტრი თორთომის ციხე (ნანგრევებიღაა შემორჩენილი მდ.თორთომის შუა წელზე). მოიცავდა მდ.ოლთისის (თურქ.ოლთუჩაი) შენაკად მდინარე თორთომის (თურქ.თორთუმჩაი) ხეობას. თორთომი ტაოს მხარეში შედიოდა. ეკლესიურად ექვემდებარებოდა იშხნის ეპისკოპოსს. აქ იყო ქართული კულტურის მძლავრი კერები - ოშკისა და ხახულის მონასტრები. თავისი მდებარეობის გამო თორთომს ერთ-ერთ პირველს უხდებოდა სამხრეთიდან შემოსეული მტრის იერიშის მოგერიება. XIII საუკუნეში ტაოს ერისთავმა თაყა ფანასკერტელმა თორთომის ციხესთან დაამარცხა თურქთა მომთაბარე ტომები. შემდგომში თორთომი სამცხე - საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა. XVI საუკუნეში მას საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთი დაეუფლა.
თორი
თორი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. როგორც ცნობილია, სამცხე იწყებოდა ტაშისკარიდან. იგი მოიცავს გუჯარეთისა და შავწყალას ხეობებს და მტკვრის ორივე ნაპირს ტაშისკარიდან დვირამდე. სახელწოდება წარმოდგება დაბა თორისგან. შუა ფეოდალურ ხანაში თორი ცალკე სადროშო იყო, რომელსაც სათავეში ედგა თორელთა საგვარეულო. შემდგომში იგი ათაბაგების გამგებლობაში შედიოდა, XVI საუკუნეში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII - XVIII სს-ში თორი ქართლის სამეფომ დაიბრუნა. თანამედროვე ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფით თორი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის რაიონის ტერიტორიას.
თრიალეთი
თრიალეთი (მხარე) - საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა, ქვემო ქართლის ნაწილი. წყაროებში პირველად მოიხსენიება I საუკუნეში რომაელ ავტორ პლინიუს უფროსთან. მოიცავდა მდინარე ქციის ზემო წელსა და შავწყაროსწყლის ხეობებს (ახლანდელი წალკისა და დმანისის რაიონების ტერიტორიაზე). სხვადასხვა პერიოდებში შედიოდა სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულების (სამშვილდის და კლდეკარის საერისთავოები, თბილისის საამირო და სხვა) შემადგენლობაში. XIII საუკუნიდან მოყოლებული თანდათან დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. XIX საუკუნეში მათ ადგილზე თურქეთიდან დევნილი სომხური და ბერძნული მოსახლეობა მოვიდა. თანამედროვე შინაარსით ტერმინი “თრიალეთი” გულისხმობს ქვემო ქართლის მხარის წალკის რაიონის ტერიტორიას.
თუშეთი - საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი - გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა - პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის რაიონში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო. თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი "მთათუშეთი" არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს. თუშეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის რაიონში
კამბეჩოვანი - კამბეჩანი, კამბეჩიანი (სახელწოდება წარმოდგება კამეჩ - კამბეჩისაგან), მხარე შუა საუკუნეების საქართველოში, კახეთში, მოიცავდა ტერიტორიას მდ.ალაზნის ქვემოწელსა და მდ. მტკვარს შორის. ცენტრი ხორნაბუჯი, ანტიკურ წყაროებში მოხსენებულია სტრაბონთან (ძვ.წ. I - ახ.წ. I სს.) როგორც კამბისენე. ვარაუდობენ, რომ უძველეს ხანაში კამბეჩოვანი ალბანურ ტომთა კავშირის გაერთიანებაში შედიოდა. აქ ერთმანეთს ემიჯნებოდნენ იბერიელები (აღმოსავლეთ ქართველები), ალბანელები და სომხები. კამბეჩოვანის გამო ხშირად ეცილებოდნენ ერთმანეთს იბერიისა და ალბანეთის სახელმწიფოები. V საუკუნის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც აქ მეფე ვახტანგ გორგასალმა ხორნაბუჯის საეპისკოპოსო დააარსა, კამბეჩოვანი მკვიდრად შევიდა ქართული კულტურული და პოლიტიკური გავლენის სფეროში. VI საუკუნეში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, კამბეჩოვანი სპარსელთა მოხელეს ემორჩილებოდა. VII საუკუნის შუა წლებიდან აქ არაბები ბატონობდნენ. VIII საუკუნის II ნახევრიდან კამბეჩოვანი ჰერეთის სამთავროს შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუნის დასაწყისში, კახეთისა და ჰერეთის გაერთიანების შემდეგ, კახეთის სამეფოს საერისთავო გახდა. XII საუკუნეში გაერთიანებულ საქართველოს სახელმწიფოში კამბეჩოვანი ერთ - ერთი სანაპირო საერისთავოა. XIII საუკუნის დასაწყისში იგი რამდენიმეჯერ ააოხრეს ხვარაზმელებმა, შემდეგ - მონღოლებმა. XV საუკუნის ბოლოდან ისტორიულ კამბეჩოვანი ქიზიყად იწოდება.
კანგარი - ისტორიული ქვემო ქართლის (გოგარენეს) უკიდურესი სამხრეთი მხარე. მოიცავდა მდინარე დებედის (ქურდვაჭრისხევის) სათავეებში მდებარე ტერიტორიას (სომხეთი). კანგარის უძველესი ცენტრი უნდა ყოფილიყო დაბა გოგარანი (ახლანდელი გუგარქი). V საუკუნის 80-იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასალი ქართლის ლაშქრით აქ შეხვდა მსხვილ სომეხ ნახარარს (ფეოდალს) ვაჰან მამიკონიანს, სპარსელებთან ერთობლივი ბრძოლის წინ.
კლარჯეთი - ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მოიცავს ჭოროხის ქვემო დინების აუზს არსიანის ქედიდან შავ ზღვამდე. სახელწოდება მომდინარეობს დაბა კლარჯეთიდან. მასში შედიოდა მურღულის, ეგრის, არტანუჯის და სხვა ხევები (საკუთრივ კლარჯეთიც თავდაპირველად ხევი იყო). კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V საუკუნეში არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა (|V ს.) აქ ფართო კულტურუ-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია - მონასტრები, დაარსა ახალი საეპისკოპოსო (ცენტრი ახიზაში). კლარჯეთი ამავე დროს გახდა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. VIII საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. XVI საუკუნის დასაწყისში მეფე აშოტ I-მა დიდმა არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა, ამავე დროს აქ დაოწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. XI-XIII საუკუნეებში კლაეჯეთში ფართოდ გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. იგი განთქმული იყო ეკლესია - მონასტრებით, რომელიც კლარჯეთის თორმეტ უდაბნოს უწოდებდნენ. XVI საუკუნეში კლარჯეთი საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთა ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია. (იხ.რუკა 1)
კოლა - ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მოიცავს მტკვრის სათავეების ქვაბულს. სახელწოდება წარმოდგება კოლხას ტომის სახელისაგან. უძველესი აბორიგენული მოსახლეობა დასავლურ - ქართული იქნებოდა. ძვ.წ. IV საუკუნეში შედიოდა წუნდის საერისთავოში, ძვ.წ. II-I სს-ში სომხეთის სამეფოს მფლობელობაშია, ახ.წ.-ის I-II სს-ში - იბერიაში. შემდეგ V საუკუნემდე კვლავ სომხეთს ეკუთვნის. IX-XI სს-ში ქართველთა საკურაპალატოშია, XVI ს-დან ოსმალეთის მიერაა მიტაცებული. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია. ასევე არსებობს თხზულება კოლაელ ყრმათა წამებაზე.
კოლბოფორი - ისტორიული ქვემო ქართლის (გოგარენე), კერძოდ, გარდაბნის პროვინციის ერთ-ერთი მხარე, მოიცავდა მდინარე ინჯა-სუს ხეობას (სომხეთი), ცენტრი - დაბა კოლბი (ახლანდელი სოფ.კოხბი). სოფლის მახლობლად არის ციხის (ვარაუდით, შუა საუკუნეების კაიწონის ციხე) ნანგრევები.
კუხეთი - ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. ტერიტორიულად მოიცავდა მდინარეების არაგვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჟინვალიდან გარეჯის უდაბნომდე. ცენტრი ქ.რუსთავი. ცნობილია აგრეთვე სხვა ცენტრებიც - კაწარეთი და ბოდბე. გადმოცემით, მეფე ფარნავაზ I-ის (ძვ.წ. III ს.) დროს კუხეთი კახეთთან ერთად ერთ საერისთავოს წარმოადგენდა. შემდგომშიც იგი ადმინისტრაციულად კახეთთან იყო დაკავშირებული, თუმცა, გარკვეულ პერიოდებში ცალკე საგაგებლოდაც ჩანს. VIII საუკუნის 80-იან წლებში კუხეთი, როგორს საერისთავო, ახალწარმოქმნილ კახეთის სამთავროში შევიდა. არის მონაცემები, რომ X-XI საუკუნეებში კუხეთის ნაწილი ქ.რუსთავიანად თბილისის საამიროში შედიოდა. კუხეთი წყაროებში უკანასკნელად მოიხსენიება XII საუკუნეში, ამჯერად - როგორც გეოგრაფიული ცნება. XV საუკუნის ბოლოს კი ყოფილი კუხეთის ტერიტორია უკვე კახეთად იწოდება. გადმოცემის თანახმად, ქართველთა განმანათლებელმა წმ. ნინომ კაწარეთში მოაქცია ქრისტიანობაზე კუხელები. გადმოცემითვე წმ.ნინო ბოდმის მონასტერშია დაკრძალული.
ლაზიკა - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. ფეოდალური ხანის ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი პროვინცია. მოიცავდა ტერიტორიას მდ. რიონის ქვემო დინებასა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის (გვიანდელი გურია, საჯავახო- საჩინოს ჩათვლით და შავი ზღვის აჭარის სანაპირო მხარე). პირველად მოიხსენიება VII საუკუნეში ანონიმური ავტორის "სომხურ გეოგრაფიაში" ("ლაზიკის" სახელწოდებით), ბიზანტიელი ავტორები დასავლეთ საქართველოს ლაზიკის სამეფოს უწოდებდნენ. პროკოპი კესარიელის (VI საუკუნე) მიხედვით, ეს ტერიტორია სრულიად დაუსახლებელი ყოფილა, ხოლო აგათია სქოლასტიკოსი (VI საუკუნე) ლაზიკის ტერიტორიაზე ასახელებს ციხესიმაგრე ტელეფისს (მკვლევარნი აიგივებენ ახლანდელ. სამტრედიის რაიონის სოფ. ტოლებში არსებული ციხესიმაგრის ნანგრევებთან). აქვე ყოფილა ქიტროპოლია, თიხის ჭურჭლეულით სავაჭრო ადგილი. VI საუკუნის II ნახევარში ლაზიკაში შენდება ცნობილი ციხე - ქალაქი და საეპისკოპოსო ცენტრი პეტრა (ახლანდელი სოფ.ციხისძირი, ქობულეთის რაიონი). VIII საუკუნიდან ლაზიკის პროვინციის უდიდესი ნაწილი გურიის სახელით მოიხსენიება.
ლეჩხუმი
ლეჩხუმი - დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავდა ძირითადად ახლანდელი ცაგერის რაიონისა და ნაწილობრივ წყალტუბოს რაიონის და ამბროლაურის რაიონის ტერიტორიას. ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგან - ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან - მდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან - მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი ანტიკურ ხანაში ლეჩხუმი უკვე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო. წყაროებში პირველად მოიხსენიება VI საუკუნეში (პროკოპი კესარიელი) სკვიმნიას სახელწოდებით. ამ დროს მას ერისთავი მართავდა, რომელიც ეგრისის მეფეს ექვემდებარებოდა. მომდევნო ხანაში ლეჩხუმი, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, დაიშალა და მისი ტერიტორია თაკვერის, რაჭისა და ოკრიბის შემადგენლობაში შევიდა. უფრო გვიან ლეჩხუმი კვლავ დამოუკიდებელი ერთეულია. მისი სავაჭრო - ეკონომიური ცენტრი იყო ლაილაში. იმერეთის სამეფოს წარმოქმნის (XV ს.) შემდეგ ლეჩხუმი მის შემადგენლობაში შევიდა როგორც სამეფო დომენი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმში თავი იჩინა მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, გაჩნდა თანამდებობა - ტიტული ლეჩხუმის თავი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმელი ძლიერი აზნაურები შეეცადნენ შეექმნათ ცალკე სათავადოები. ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ინასარიძეთა საგვარეულომ. შემდგომში ლეჩხუმს მთლიანად ჩიქოვანთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1714 წელს, მას შემდეგ, რაც ლეჩხუმს გამგებელი ბეჟან I დადიანი სამეგრელოს მთავარი გახდა, ლეჩხუმი სამეგრელოს სამთავროს ერთ ნაწილად იქცა, ამიერიდან მას დადიანების დანიშნული სარდალმოურავი განაგებდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე იმერეთის მეფე სოლომონ II შეეცადა ლეჩხუმის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ. სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიაში შესვლია შემდეგ ლეჩხუმის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული - ლეჩხუმის მაზრა. ლეჩხუმის თავადები იყვნენ გელოვანთა, მუშკუდიანთა, სილაგაძეების, ახვლედიანთა და ჩიქვანთა საგვარეულოდან. ამჟამად ლეჩხუმი ძირითადად რაჭა - ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის რაიონში შედის.
ლივანა - ლიგანი, ნიგალი, ისტორიულ - გეოგრაფიული რეგიონი ფეოდალური ხანის სამხრეთ საქართველოში, მდინარე ჭოროხის ქვემო დინებაში. წყაროებში პირველად იხსენიება XI საუკუნეში (ნიგალი). ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) მიხედვით, მოიცავდა მდინარე ჭოროხის ხეობის იმიერ და ამიერ მხარეს ართვინის სანახებითურთ:" და ართვანის სანახებითურთ, ვიდრე ერგეს საზღვრამდე, ჭოროხის ჴეობის იმერი და ამერი იწოდების ლიგანის ჴეობად. და არს ეს ლიგანის ჴეობა თჳნიერ სივიწროვისა, ფრიად ნაყოფიერი ნარინჯით, თურინჯით, ლიმოთი, ზეთისხილით..." (ვახუშტი, 1941, გვ.136). შემდგომში ლივანად მიაჩნდათ მდინარეების აჭარისწყლისა და ჭოროხის შესაყართან მდებარე ტერიტორია. 1549 წელს ლივანა ოსმალებმა დაიკავეს. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 ომის შემდეგ ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ამჟამად ლივანის მხოლოდ მცირე ნაწილია საქართველოს ფარგლებში, დანარჩენი კვლავ თურქეთის საზღვრებშია.
ლორე - ლორი (სომხ. Լոռի), შუა საუკუნეების ციხე - ქალაქი და ისტორიული მხარე ტაშირში (ახლანდელი სომხეთი). ქალაქის ნანგრევები შემორჩენილია ქ.სტეფანავანის ახლოს. დაარსდა XI საუკუნეში, 1065 წლიდან კვირიკიდების დინასტიის მიერ ჩამოყალიბებული ტაშირძორაგეტის სამეფოს ცენტრი. მდებარეობდა მაღალ სამკუთხა პლატოზე. ორი მხრით ხეობები იცავდა, მესამე მხრით - ციხესიმაგრეთა კედლების სისტემა. 1118 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა ლორე მიმდებარე ტერიტორიებით საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთა. განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო იგი საქართველოს ამირსპასალართა სადგომი პუნქტი გახდა. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში მთელ ტაშირს ლორე ეწოდა. 1177 წელს ლორე მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ივანე ორბელისა და დემნა უფრისწულის უკანასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქალაქი ამირსპასალარ ყუბასარს გადაეცა. 1186 წლიდან ლორეს მხარგრძელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი იყო. 1236 წელს ლორე მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს. XIV-XV საუკუნეებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და ციხესიმაგრის ფუნქციაღა შერჩა. XVI-XVIII საუკუნეებში საბოლოოდ დააკნინა ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობებმა. ამჟამად ლორე სომხეთის ტერიტორიაა.
მაღრანდვალეთი - ისტორიული მხარე - თემი აღმოსავლეთ საქართველოში მდინარე ლიახვის სათავეებში, ძირითადად მოიცავდა ახლანდელ ჯავის რაიონის ედისის ტერიტორიას. ცენტრი ედისა (შუა ფეოდალური ხანა). სახელწოდება მაღრანდვალეთი პირველად გვხვდება XIV საუკუნეში ("ძეგლი ერისთავთა"). ნაწარმოების სიტყვა მაღნარიდან (ტყიანი) და მხარის სახელწოდება დვალეთიდან. გვიანდელი შუა საუკუნეებში მაღრანდვალეთი ქსნის საერისთავოს შემადგენლობაში მოექცა. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) ცნობით, მაღრანდვალეთი ქსნის ერისთავთა მამული იყო. მაღრანდვალეთის ისტორიულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ე.წ. ცარციათების ნაქალაქარი სოფ. ედისის მახლობლად, "ზილდი მასიგ" (უბნის კოშკი), ზურგიანი კოშკები გალუანთასა და ედისაში. მაღრანდვალეთის უძველესი მოსახლეობა ქართული და დვალური იყო. გვიანდელი შუა საუკუნეებში აქ კომპაქტურად დასახლდნენ ოსი მოახალშენეები.
მესხეთი - ისტორიული სამხრეთ - დასავლეთ საქართველოს (ზემო ქართლი) ზოგადი სახელწოდებაა. ანტიკური წყაროებში (სტრაბონი) მოიხსენიება ეს ტერიტორია “მოსხიკეს” სახელწოდებით. (მოსხური ქვეყანა, მესხების მხარე) ეწოდებოდა. აღსანიშნავია, რომ ძველი ქართული წყაროები “მესხეთს” არ ახსენებენ და ამ მხარის სახელწოდებად X-XVI სს-ში ზემო ქართლი იხმარებოდა. მის პარალელურად არსებობდა ტერმინები შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. ზემო ქართლი მოიცავდა მტკვრის აუზის ზემო ნაწილს (სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, ერუშეთი, კოლა) და ჭოროხის აუზს მთლიანად (აჭარა, კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი). იგი სამხრეთიდან მდინარეების ევფრატისა და არაქსისაგან იფარგლებოდა ე. წ. მოსხური მთებით.
მთიულეთი - საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავსმდინარე თეთრი არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებს - ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო მთიულთკარი, ჩრდილოეთით - თრუსოს ხევი და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთით - გუდამაყარი, დასავლეთით - ლომისის ქედი. თავდაპირველად მთიულეთი ეწოდებოდა ცხავატის თემს, XIII საუკუნიდან ხადა-ცხავატს, ხალხური გამოთქმა ასეთია მთიულეთზე: «თავს ხადა ბოლოს ცხავატი», მთიულეთშივე შედიოდა ხანდო. ასევე ცნობილია რომ ადრე მთიულეთი ოთხ ძირითად თემად იყოფოდა: ცხავატი, მრევლი, გარეშემო და ხადა. ხშირად მთიულეთად იგულისხმებოდა აგრეთვე გუდამაყარიც. დღესდღეობით მთიულეთად დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით მდებარე ტეროტორია მიიჩნევა. ცენტრად კი, დაბა ფასანაური. გადმოცემის თანახმად, მთიულეთში ქრისტიანობა უქადაგია ქართველთა გამანათლებელ ნინოს. მთიულეთში შემორჩენილია ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი. ადმინისტრაციულ – ტეროტორიული დაყოფის თვალსაზრისით, მთიულეთი დუშეთის რაიონის შემადგენლობაში შედის.
მუხრანი (რეგიონი) - მუხნარი, ისტორიულ - გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში (ახლანდელი მცხეთის რაიონის ტერიტორია). სახელწოდება წარმოდაგება "მუხიდან". ანტიკურ ხანასა და განვითარებულ შუა საუკუნეებში მუხრანისა (ბარი) და თრიალეთის (მთა) კავშირმა დიდი როლი შეასრულა ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობაში, შემდეგ კი - საქართველოს სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში. მუხრანი თავიდანვე ქართლის მეფეთა სანადირო ადგილი იყო. აქვე ჰქონდათ მათ რამდენიმე სასახლე - რეზიდენცია. II-IV საუკუნეებში მუხრანის ცენტრი იყო ქალაქი ძალისი. VIII-IX საუკუნეებში მუხრანის ძაგანისძეთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1123 მეფე დავით აღმაშენებელმა მუხრანი კვლავ სამეფო დომენად აქცია. ამ პერიოდიდან მუხრანის მთავარი ციხე ვარაუდით ან ციხევდავია, ან კიდევ მტკვრის (ქსნის) ციხე. XVI საუკუნიდან სამეფო დინასტიის ქართლის ბაგრატიონთა ერთ - ერთი შტოს, საკუთრება - სათავადოა (სამუხრანბატონო). ეს ადმინისტრაციული სტატუსი ჰქონდა მას XIX საუკუნის 40-იან წლამდე.
მუხურისი (მხარე) - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს ცენტრალური პროვინცია. მოიცავდა იმერეთის ვაკე ტერიტორიას მდინარეების რიონსა და ცხენისწყალს შორის. ვარაუდობენ, რომ სახელწოდება „მუხურისი“ წარმოდგება ციხე „მუხურისიდან“ (ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველია), რომელიც ამ მხარის უძველესი უნდა ყოფილიყო (VI საუკუნეში მხარის ცენტრი იყო უქიმერიონის ციხე). წყაროებში პირველად მოიხსენიება VI - VII საუკუნეებში. მუხურისი იყო მჭიდროდ დასახლებული, ეკონომიკურად დაწინაურებული დიდი სტრატეგიული მნიშვნელობია მქონე მხარე. აქ გადიოდა სამეფოს მთავარი სავაჭრო - სამიმოსვლო მაგისტრალები, კერძოდ, მთის პროვინციებთან დამაკავშირებელი გზები; ის, ვინც ბატონობდა მუხურისზე, ფაქტობრივად ბატონობდა სვანეთსა და რაჭა - ლეჩხუმზეც. XI - XII საუკუნეებში მუხურისის ტერიტორიას ეწოდებოდა, სამოქალაქო.
ოდიში (მხარე) - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, გვიანდელი შუა საუკუნეების ხანის სამეგრელოს ძირითადი ნაწილი (სამეგრელოს სამთავროს მეორე სახელწოდება). ერთი ვარაუდით, სახელწოდება "ოდიში" წარმართული ღვთაება ოდის სახელისაგან მოდის (ე.ი. ოდის ქვეყანა). წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, ცალკეულ წყაროთა არაპირდაპირი ცნობებით, VI საუკუნისთვის ოდიში მოიცავდა მდინარეებს კელასურსა და ტეხურს შორის მდებარე ტერიტორიას. XVIII საუკუნის დასაწყისში, სამურზაყანოს წარმოქმნის შემდეგ, ოდიშს უწოდებენ ტერიტორიას მდინარეებს ენგურსა და ტეხურს შორის.
ოკრიბა - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის ნაწილი (ტყიბულის რაიონი). სახელწოდება "ოკრიბა" პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. სახელწოდების მრავალი განმარტება არსებობს, მათ შორის, ყველაზე დამაჯერებელია რომ სახელწოდება "ოკრიბა" მომდინარეობს ზანური "კირიბ" სიტყვიდან, რაც "საბატკნეს" ნიშნავს. ხალხში გავრცელებული მეორე მოსაზრება, უფრო სწორად ლეგენდა, მოგვითხრობს: «ერთხელ აქ სოლომონ მეფეს ჩაუვლია და ბევრი ხალხი უნახავს ერთად თავმოყრილი და უთქვამს: «ვო კრებაო” და ამის შემდეგ ქვია ოკრიბა”. ოკრიბას დასავლეთით გამოყოფდა მდ.რიონი, ჩრდილოეთით, რაჭიდან - რაჭის ქედის ერთი მონაკვეთი, ჩრდილოეთ -დასავლეთით, ლეჩხუმიდან - რაჭის ქედის გაგრძელება (მდ.ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ), სამხრეთით - იმერეთის ვაკე, სამხრეთ - აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით არგვეთის მთების მასივი. ოკრიბა მთაგორიანი მხარეა, მისი ფართობი 478,2 კვ.კილომეტრს შეადგენს. ოკრიბაში ადამიანის ცხოვრების კვალი ძველი ქვის ხანიდანაა დამოწმებული. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. იმ დროისათვის იქ 50-ზე მეტი სოფელი იყო, რომელთა უმეტესობა სამეფო და სასულიერო აზნაურებს ეკუთვნოდა. იმერეთის სამეფოს სამხედრო - ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე სადროშოში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი გელათის ეპისკოპოსი იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო გელათის მონასტერი, მოწამეთა და სხვ. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქრთველოსა" წერს: ბაგრატიონებმა «რა ჟამს დაიპყრეს სრულიად აფხაზეთი და ყოველი საქართველო, ამათ უწოდეს ქართლს ამერეთი და აფხაზეთს იმერეთი, ანუ იმერნი და ამერნი”. ადგილობრივები ლიხის მთას «საქართველოს დედას უწოდებენ. მის ერთ ძუძუს მტკვარი წოვს, მეორეს კი რიონი”. «რიკოთის” მიმყოლი "დედაბერას” მთაა, მას ებმის "კორტოხი" - "ჯვარი”, მერე «ბზიხევი” "პერანგაზე” ადის და "დიდკავკასიონს” უერთდება. ამით მთავრდება ლიხთ - იმერეთის ქედი, რომელიც, ვახუშტის სიტყვით რომ ვთქვათ, "მდებარეობს ჩრდილოდამ სამხრეთით, კავკასიიდამ ღადომდე". იმერეთი იყოფა "ზემო და ქვემო იმერეთად”. გარდა ზემო და ქვემო იმერეთისა, იმერეთში გამოიყოფა აგრეთვე ოკრიბა. ზემო იმერეთი ქართლ - იმერეთის ქედიდან დაწყებული ყვირილას და ხანისწყლის რიონთან შერთვის ადგილამდე ვრცელდება. კოლხეთის დაბლობზე გაშლილი ქვემო იმერეთი კი, ყვირილა - ცხენისწყლის შესართავამდე მოდის. ახლანდელი ოკრიბა, რომელიც დღევანდელი ტყიბულის რაიონს მოიცავს, ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში ჩამოყალიბდა. ის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარის, იმერეთის ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონია.
პალაკაციო - მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია); აბოცს, ჯავახეთს, კოლა - არტაანსა და კარს (ყარსი) შორის მდებარე მიწები; XII საუკუნის ბოლო პერიოდში ადმინისტრაციულად ჯავახეთის სანაპირო საერისთავოში შედიოდა; მომდევნო საუკუნეებში სამცხე - საათაბაგოს შემადგენელი ნაწილი იყო. ამ პერიოდში პალაკაციოს უკვე "ჩრდილის" (თურქ."ჩილდირ") სახელით მოიხსენიებდნენ. 1186/87 წლებში ჯავახეთის ერისთავთერისთავმა გამრეკელ კახას ძე თორელმა დაამარცხა პალაკაციოში შემოსული თურქები. XVI საუკუნეში, იგივე ჩრდილის - ჩილდირის მხარე, ოსმალებმა დაიპყრეს. 1578 წელს აქ გაიმართა დიდი ბრძოლა ოსმალთა და სპარსელთა ჯარებს შორის.
პანკისის საერისთავო - ძველი კახეთის სამთავროს ერთ - ერთი ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავდა პანკისის ხეობას, ალვანის ველსა და თუშეთს. ცენტრი - პანკისის ციხე.
პარხალი (მხარე) - მხარე საქართველოს ისტორიულ პროვინცია ტაოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია), რომლის ცენტრი იყო დაბა პარხალი. ტერიტორიულად მოიცავდა მდინარე ჭოროხის შუა წელის მარცხენა შენაკადის პარხალისწყლის აუზს (სახელწოდება „პარხალი“ უკავშირებენ ანტიკურ წყაროებში) მოხსენიებულ პარიადრის მთიანეთს. პარხალი X საუკუნეში დავით III კურაპალატის მამული იყო. აქ რამდენიმე კმ-ზე გრძელდებოდა კლდეში გამოკვეთილი სარწყავი არხი, რომლის მშენებლობა (XII - XIII საუკუნეების მიჯნა) მეფე თამარს მიეწერება
საარიშიანო - ჰერი დიდებულის არიშიანისათვის დავით აღმაშენებლის მიერ სამფლობელოდ მიცემული ტერიტორია. XII - XIII საუკუნეებში გაერთიანებული საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო (სასაზღვრო პროვინცია) იყო და მოიცავდა ახლანდელი აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილს (X საუკუნის შაქისა და ყაბალის სამეფოთა ტერიტორიას). ტერმინი „საარიშიანო“ სამეცნიერო ლიტერატურაში შემოტანილია ნიკოლოზ ბერძენიშვილის მიერ.
საინგილო - ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე აზერბაიჯანში. იგი ისტორიული კახეთის, კერძოდ ჰერეთის ჩრდილო - აღმოსავლეთი ნაწილი იყო. ამ ტერიტორიის საქართველოდან ჩამოცილება დაიწყო 1604 წელს, როდესაც შაჰ-აბასმა იგი წახურელ ლეკებს გადასცა. 1727 წელს კი თურქეთის სულთანმა საინგილო ჭარელ ლეკებს მიუზომა. ამას მოჰყვა ამ მიწაზე ლეკების ჩამოსახლება, რომლებმაც ქართულ სოფლებში მოიკიდეს ფეხი. XVIII ს-ში ლეკები გაერთიანდნენ ორ პოლიტიკურ ერთეულში: ელისუს სასულთნოსა და ჭარ - ბელაქანის თემში. დაიწყო ქართველების დევნა და მათი ძალდატანებითი გამაჰმადიანება. გამაჰმადიანებულ ქართველს იანგილოს ეძახდნენ, რაც თურქულად “ახლად მორჯულებულს” ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები “ინგილო” და “საინგილო”. 1803 წელს რუს - ქართველთა ჯარმა ჭარ - ბელაქანი დაიკავა და ამის შემდეგ საქართველოს ნაწილია ჯერ ჭარ - ბელაქნის სამხედრო ოლქის, შემდეგ ზაქათალის ოლქის სახელით. 1921 წელს საინგილო აზერბაიჯანს გადაეცა. თანამედროვე ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფით საინგილო მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას.
სამურზაყანო - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. როგორც პოლიტიკური ერთეული ჩამოყალიბდა XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე. მოიცავდა ძირითადად ახლანდელი გალის რაიონის ტერიტორიას. 1705 წელს მემკვიდრეობით მიიღო მურზაყან შარვაშიძემ, რომლის სახელისგანაც მთელი მხარის სახელია მიღებული. 1805 წელს შევიდა რუსეთის მფარველობაში. 1813-1840 წლებში ლევან დადიანს ექვემდებარებოდა. 1840 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ოდიშის სამთავროს სუვერენიტეტისაგან გამოისყიდა და სამურზაყანოს საბოქაულო დააარსა. 1857 წელს, სამგრელოს (ოდიშის) სამთავროს გაუქმების შემდეგ, სამეგრელოს მმართველს დაუქვემდებარეს. 1864 წლიდან სოხუმის სამხედრო განყოფილების შემადგენლობაში იყო, 1883-დან სოხუმის ოკრუგის შემადგენლობაში სამურზაყანოს უბნის სახელწოდებით.
სამცხე - საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. არის მოსაზრება, რომ ადრე ამ მხარესოძრხე ეწოდებოდა. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით - არსიანის მთები, ჩრდილოეთით - ფერსათის მთები, სამხრეთით - ერუშეთის მთები, კასრის სერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით - ჭობისხევი. სამცხის უძველესი ცენტრებია ოძრხე და აწყური (აქ იყო სამცხის ერთ-ერთი მთავრის - სამძივარის რეზიდენცია). სამცხე იყოფოდა ხევებად (შუა საუკუნეების ადმინისტრაციული - ტერიტორიული ერთეული). XI საუკუნის 40-50-იან წლებში სამცხე მსხვილ ფეოდალს ლიპარიტ ბაღვაშს ემორჩილებოდა, შემდგომში კი კვლავ სამეფო ხელისუფლებას. ამ პერიოდში დაწინაურდა ცენტრალური ხელისუფლების ერთგული ფეოდალი სულა კალმახელი, რომლისგანაც სათავეს იღებს სამცხის მთავართა - ჯაყელ - ციხისჯვარელთა ფეოდალური სახლი.მონღოლთაგან სამცხის დაპყრობის შემდეგ, 1266, მთავარი სარგის ჯაყელი "ხასინჯუს" სისტემით უშუალოდ მონღოლებს დაემორჩილა. XII-XIV საუკუნეების სამცხის ეკონომიკური და კულტურული აყვავების ხანაა. აშენდა ტაძრები: საფარა, ზარზმა, ბიეთი, ჭულე. შეიქმნა სამართლის წიგნი (ე.წ. ბექა - აღბუღას სამართლის წიგნი). XVI საუკუნისათვის სამცხეში 2 საეპისკოპოსო იყო - აწყურისა და წურწყაბის. XIV საუკუნის I ნახევარში სამცხისა და მომიჯნე ტერიტორიაზე იქმნება მსხვილი ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამცხე - საათაბაგო. სამცხე XIV-XVII საუკუნეებში სამცხე - საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა, XVI საუკუნის მე-2 ნახევარში დაპყრობილ იქნათურქეთის მიერ. 1828-29 წლებში სამცხის ერთი ნაწილი დაუბრუნდა საქართველოს, ხოლო თურქეთის ფარგლებში დარჩა კუთხეები - ყველისხევი, წურწყაბი, ფოცხოვი და ჯაყისწყალი. თანამედროვე ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფით სამცხე მოიცავს სამცხე - ჯავახეთის მხარის ადიგენის, ახალციხის დაასპინძის რაიონებს.
სანიგეთი - სანიგებით დასახლებული ისტორიული მხარე ახლანდელი აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. სანიგეთის "მეფეს" სპადაგას, რომელსაც ძალაუფლება იმპერატორ ადრიანესგან მიუღია, იხსენიებს არიანე II საუკუნის პირველ ნახევარში. როგოპრც მეფის სახელიდან ჩანს, იგი ადგილობრივი დინასტი უნდა ყოფილიყო. ს.ჯანაშიას სანიგეთი კოლხეთის დაშლის შედეგად წარმოქმნილ სამეფოდ მიაჩნია. გ.მელიქიშვილის აზრით, სანიგეთის გაერთიანება წარმოადგენდა ტომთა კავშირს სახელმწიფოებრიობის ძლიერი ჩანასახით.
საჯავახო (მხარე) - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, საჯავახოს ქედის წინა ზოლის ტერიტორია, ახლანდელი სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მოსაზღვრე რეგიონი. სახელწოდება "საჯავახო" XIII საუკუნის ფეოდალის ჯავახ ჭილაისძის სახელიდან უნდა მოდიოდეს. ისტორიულ წყაროებში პირველად მოსხენიებულია XVI საუკუნეში. მონაცვლეობით ეკუთვნოდა გურიისა და სამეგრელოს სამთავროებს, იმერეთის სამეფოს.
ზემო და ქვემო სვანეთი
სვანეთი - საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე.წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები. ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო - სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად. ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი - ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ.ცაგერის სიახლოვეს). თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი - რაჭა - ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი - სვანები.
სპერი (მხარე) - (ამჟამად თურქეთის პროვინცია ისპირი) ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მდებარეობს ჭოროხის ზემო დინებაში. მკვლევართა დიდი ნაწილი სპერსა და მის მოსახლეებს მიიჩნევს აღმოსავლელი ქართული ეთნიკური, სახელმწიფოებრივი და კულტურული წრის შემადგენელ ნაწილად. ძვ.წ. V საუკუნეში ჰეროდოტე იხსენიებს მის მოსახლეობას - სასპერებს (ტერმინი შეიძლება ნაწარმოები იყოს მხარის სავარაუდო სახელწოდებისაგან „სასპერ“-ოდან). სპერის ტერიტორია შავ ზღვამდე აღწევდა (აქედან სახელწოდება „სპერის ზღუა“). ძვ.წ. IV-III საუკეებში სპერი, ქართლის სამეფოს წარმოქმნის დროისათვის, პროვინცია იყო (სტრაბონი სპერის „პარიადრის მთიანეთის" სახელით იხსენიებს). სპერის მხარის ერთი ნაწილი - ზემო სპერი სხვა ძველ ქართულ პროვინციებთან (ტაო, გოგარენე) პერიოდულად გადადიოდა ხან სომხეთის, ხან ქართლის მფლობელობაში. სომხეთის მფლობელობაში სპერის მხარის ეს ნაწილი მოქცეული იყო ძვ.წ. II საუკუნეში და ახ.წ. III-IV საუკუნეებში (387 წლამდე). სპერის ოლქის უდიდესი ნაწილი და საკუთრივ ძველი ქალაქი სპერი 1570-იანი წლების დამლევამდე თითქმის ყოველთვის შედიოდა საქართველოს საზღვრებში: XII-XIII საუკუნეებში საქართველოს ფეოდალური მონარქიის გამგებლობაშია, XIII საუკუნის II ნახევრიდან სამცხის სამთავროში (სამცხე - საათაბაგოში) შედის. XIII საუკუნის ბოლოს სამცხის მთავარმა ბექა მანდატურთუხუცესმა სპერში დაამარცხა ოსმალთა ლაშქარი. 1578 წლიდან ეს ძირძველი ქართული მხარე ოსმალეთმა მიიტაცა. ამჟამად იგი შედის თურქეთის ისპირის ვილაიეთში. სპერი უაღრესად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ ეს მხარე არის ბაგრატიონთა საგვარეულოს სამშობლო.
ტაო - ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მდებარეობს მდინარე ჭოროხის შუა დინების აუზში. პირველად მოიხსენიება ძვ.წ. 1112 წელს ასურულ წყაროებში “დაიაენის” სახელწოდებით. ურარტული წყაროები “დიაუხის” სახელით იცნობდნენ. ამ მხარეში ცხოვრობდნენ ქართველური ტომები: ტაოხები, ხალიბები, სკვითინები. ძვ.წ. I ათასწლეულში ტაო შედიოდა კოლხეთის სამეფოში, IV-III სს-ში იბერიის ორგანული ნაწილი იყო, II ს-ში სომხეთი დაეუფლა. ახ.წ. I-II სს-ში ტაო კვლავ ქართლის სამეფოს შემადგენლობაშია, IV-VII სს-ში მამიკონიანთა ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელო იყო. VIII საუკუნეში ტაო პოლიტიკურად ქართლის სამეფოს შეუერთდა, აქ გაიშალა ფართო სამონასტრო მშენებლობა, დასაბამი მიეცა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას. XII-XIII სს-ში ტაო საქართველოს სანაპირო საერისთავო იყო, XIII ს-ის მე-2 ნახევრიდან სამცხე-საათაბაგოშია, XIV საუკუნიდან კვლავ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში. XVI ს-ის 50-იან წლებში სამცხე - საათაბაგოს სხვა ტერიტორიებთან ერთად ოსმალეთმა შეიერთა.
ტაშირი - ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე იყო, ქვემო ქართლის განაპირა ოლქი. იგი შემოსაზღვრული იყო ლოქის, ლელვარის, ყარაღაჯის და ბამბაკის მთებით, მოიცავდა ტაშირისწყლის ხეობას. ეს მხარე ხშირად ლორედ იწოდებოდა, რადგან ცენტრი ლორის ციხე იყო. ტერიტორია საცილობელი იყო ქართულ და სომხურ სახელმწიფოებს შორის. X-XI სს-ში ტაშირ-ძორაგეტის სამეფოშია. 1122 წელს შემოუერთდა საქართველოს და სამართავად გადაეცა ჯერ ორბელებს, შემდეგ - მხარგრძელებს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დროს, 1918 წელს ეს მხარე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. ტაშირი ამჟამად სომხეთის ფარგლებშია მოქცეულია და ლორის ოლქში შედის.
ფშავი
ფშავი - საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა. ისტორიულად იგი ხევსურეთთან ერთად ფხოვად იწოდებოდა. უძველეს წყაროებში სწორედ “ფხოვი” გვხვდება, ფშავი და ხევსურეთი შედარებით გვიან დამკვიდრებული სახელწოდებებია. ფშავს ესაზღვრება: ჩრდილო - აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან, დასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდო და ჭართალი, სამხრეთით - შიდა ქართლი, აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი. ფშავი ორად იყოფა: ფშავის არაგვის სათავიდან ორწყლამდე უკანა ფშავის თემია, ხოლო ორწყალს ქვემოთ, ფშავის არაგვის ქვემო წელში, მაღაროსკარის თემი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ფშავის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში.
ქიზიყი - ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ტერიტორია მდ. მტკვრის ჩრდილოეთით, ყარაიის ველის ქვემოთიდან მოკიდებული, მდინარეების ივრისა და ალაზნის ქვემო წელის აუზი (ახლანდელი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონების ტერიტორია).ქიზიყის ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის სახელწოდებაა კამბეჩოვანი. სახელწოდება "ქიზიყი" წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება. არსებობ ორი ძირითადი ვერსია, თუ რატომ მიეაცა ამ მხარეს სახელწოდება "ქიზიყი": სიტყვა "ყიზ" (აზერ. ქıზ) თურქულად, სპარსულად და აზერბაიჯანულად ნიშნავს გოგოს, ანუ ერთი ლეგენდით სპარსელებმა ბევრი ქიზიყელი ქალი მოიპარეს და სახელიც "გოგონების გვეყანა" უწოდეს. სიტყვა "სიღნაღ" სპარსული სიტყვაა და დაუნარცხავ ხალხს ნიშნავს, ხოლო ქისტებმა გადათარგმეს და "გიზიქ" უწოდეს. გვიანდელი შუა საუკუნეებში ქიზიყი იყო კახეთის ძირითადი ძალა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1616 ირანის შაჰმა აბას I-მა დაარბია მხარე. მოსახლეობა ხორნაბუჯის ციხეში გაიხიზნა და მტერმა ვერ მოახერხა მისი აყრა. XVII საუკუნის 60-70-იან წლებში კახეთში გაბატონებულ ყიზილბაშ ხანებს ქიზიყში, მდ.ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ყარაღაჯში, ჰქონდათ სამხედრო საყრდენი პუნქტი. ქიზიყშივე ჰქონდა საზამთრო (აგრეთვე ყარაღაჯში) და საზაფხულო (მაღაროში) რეზიდენციები კახეთის მეფე დავით II-ს (იმამყული ხანი 1703-1722). XVIII საუკუნის II ნახევარში, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მმართველობის დროს, ქიზიყი მთავარ როლს ასრულებდა დაღესტნიდან და ჭარ-ბელაქნიდან მოძალებული მტრის წინააღმდეგ ბრძოლებში. XVIII საუკუნის II ნახევარში დაწინაურდა და ქიზიყის მთავარი ქალაქი გახდა სიღნაღი.
ქსნისხევი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს ქსნის ხეობას და მისი შენაკადების: ცხრაძმის, ჭურთის, ცხავატურის და ალეურის ხეობებს. ამ კუთხეს სამხრეთით ემიჯნება სოფელი მუხრანი, ხოლო ჩრდილოეთის საზღვარს წარმოადგენს ყელის ტბა. ქსნისხევს ჩრდილო - აღმოსავლეთით ესაზღვრება მთიულეთი, სამხრეთ - აღმოსავლეთით დუშეთის რაიონი (არაგვის ხეობა), ხოლო დასავლეთით ისტორიული შიდა ქართლი. ქსნისხევი ისტორიულად შედიოდა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში ქსნის საერისთავოს სტატუსით და მას ქსნის ერისთავები მართავდნენ. ქსნის საერისთავოს და შესაბამისად, ქსნისხევის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ცენტრს სხვადასხვა დროს წარმოადგენდა ქვენიფნევი, ლარგვისი და ახალგორი. ქსნის ერისთავებს რეზიდენცია და სასახლე ასევე ჰქონდათ სოფელ იკორთაშიც (ამჟამინდელი იკოთი). ამჟამად ქსნისხევი მოიცავს ახალგორის რაიონს, ასევე დუშეთისა და მცხეთის რაიონების რამდენიმე სოფელს.
შავშეთი - ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი შემოსაზღვრულია არსიანის მთით, არტანუჯის კლდის მასივით და მდინარე ჭოროხით. სახელწოდება მოდის ამავე დასახელების დაბიდან, რომელიც მისი ადრინდელი ცენტრი იყო. IX ს-ში, შავშეთში, ისევე, როგორც მთლიანად სამხრეთ საქართველოში, დიდი აღმშენებლობა მიმდინარეობდა - განსაკუთრებით ეკლესია-მონასტრებისა. 1547 წელს შავშეთი ოსმალებმა დაიპყრეს, 1877-78 წლებში რუსეთმა გაათავისუფლა, შემდგომ კვლავ ოსმალეთმა მიიტაცა.
ცხავატი (რეგიონი) - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ახლანდელი დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით სოფ.ქვეშეთამდე. მთიულეთში სიტყვა "ცხავატი" მთაგორიან, ბარიდან მთისკენ გარდამავალი რელიეფის აღმნიშვნელი ზოგადი სახელია. წყაროებში ცხავატი პირველად VII საუკუნეში იხსენიება. 853 საქართველოში ბუღა თურქის ლაშქრობის დროს, მტერს ცხავატმდე მიუღწევია. XIII საუკუნის დასაწყისში თამარ მეფისაგან განდგომილ ფხოველთა წინააღმდეგ ბრძოლაში ცხავეტელები ცენტრალური ხელისუფლების მხარეზე გამოდიოდნენ. XIV საუკუნეში ცხავატს ხადასთან ერთად პოლიტიკური წინააღმდეგობა ჰქონდა ცხრაძმისხევთან. ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა 18 ცხავატელი ხევისბერი. XVIII საუკუნის ბოლოსათვის ცხავატი დაიშალა გარეშემოს, მრევლისა და ცხაოტის თემებად.
ცხრაძმისხევი - ცხრაზმისხევი, ისტორიულ - გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში მდ.ქსნის ხეობის ზემო წელზე. შუა საუკუნეებში - ადმინისტრაციული ერთეული. თავსდება ახლანდელი ახალგორის რაიონის ლარგვისის თემის საკრებულოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სახელწოდება მოდის ცხრა საძმოსაგან (თემისაგან): დადიანეთი, ზოდეხი, თოხთა, მახიარეთი, დაბაკნეთი, უკანამხარი, უკანუბანი, წინუბანი (მარტიანი), ჩიტიანი, ყველდაბა. ცხრაძმისხევი დასახლებულია ბრინჯაოს ხანიდან, ადრინდელ ფეოდალურ ხანაში - მჭიდროდ. VII-IX საუკუნეებში ადმინისტრაციულად ქსნისხევს ექვემდებარებოდა. X საუკუნეში გაძლიერდა და გაფართოვდა - ქსნის ხეობის ზემოწელის (საკუთრივ ცხრაძმისხევი, ქარჩოხი, ჟამური, ჭურთა) გარდა მოიცავდა მდინარეების: ლეხურის, მეჯუდისა და პატარა ლიახვის ზემოთს; გაფართოვდა იგი სამხრეთითაც (რის გამოხატულებადაც მიჩნეულია ცხრაძმისხევის ცენტრის ლარგვისიდან ქვენიფნევს გადმოტანა). XIII საუკუნის II ნახევრიდან ცხრაძმისხევს მართავს ერისთავი, რომელიც ადრინდელი ფეოდალური ხანის ხევისუფლის პოლიტიკური სტატუსის გამგრძელებელია. შემდგომში ცხრაძმისხევის საერისთავო ქსნის საერისთავოს შეერწყა. ცხრაძმისხევში შემორჩენილია საუბნო და სათემო სალოცავები, საფორტიფიკაციო ნაგებობები.
წანარეთი - ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, მოიცავდა დარიალის ხეობის ზემოთს, ჯვრის უღელტეხილისა და მისი მიმდგომი რეგიონის ტერიტორიას - წანარეთის ხევს (იგივეა, რაც ხევი, ახლანდელი ყაზბეგის რაიონის ტერიტორია). VII და განსაკუთრებით VIII-IX საუკუნეებში წანარების ტომის დაწინაურებამ და პოლიტიკურმა სიძლიერემ ცნება "წანარეთს" ზოგადი, კრებითი ეთნიკური-პოლიტიკური შინაარსი შესძინა. წანარეთად იგულისხმებოდა კახეთის მთიანეთი - "მთიულეთი კახეთისა" (მეცნიერებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ გარკვეულ პერიოდში პოლიტიკური ასპექტით წანარეთი მთლიანად კახეთს ეწოდებოდა). ტრადიციულად წანარეთის ხელისუფალს დაკისრებული ჰქონდა დარიალის ხეობის კონტროლი და განსაკუთრებით უღელტეხილის დაცვა ჩრდილოეთიდან მომთაბარე ტომთაგან. VIII-IX საუკუნეებში წანარეთი კახეთის სამთავროს შემადგენელი ნაწილი იყო. ამავე საუკუნეებში იგი ხდება ძირითადი ძალა კახეთის სამთავროს მიერ დაწყებული ბრძოლისა არაბთა ბატონობის წინააღმდეგ.
წებელდა (მხარე) - ისტორიულ - გეოგრაფიული რეგიონი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში - მდ.კოდორის შუა და ზემო წყლის აუზში (ახლანდელი გულრიფშის რაიონის წებელდის ტერიტორია). გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი დეოდალურ ხანაში აფსილების ტომის განსახლების მხარე. VI საუკუნის ბიზანტირლი ავტორები პროკოპი კესარიელი და აგათია სქოლასტიკოსი ბიზანტია-სპარსეთის ომთან დაკავშირებით მრავალჯერ იხსენიებენ აფსილეთის მთავარ ციხეს ციბილიუს (ციბილიუმს). მიაჩნიათ, რომ მხარის სახელწოდება "წებელდა" და ციხის ერთიდაიგივეა. მთის მწვერვალებზე მიკვლეული ადრინდელი ფეოდალური ხანის რამდენიმე ციხე მიუთითებს რეგიონის დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. წებელდის ციხეები კონტროლს უწევდა სავაჭრო-სატრანზიტო გზას, რომლითაც ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირს ახორციელებდა ჩრდილოეთ კავკასიასთან, ხოლო კასპიის ზღვის გვერდის ავლით - შუა აზიასთან. ფეოდალურ ხანაში წებელდა მარშანიების ფეოდალური საგვარეულოს ეკუთვნოდა. მდ.კოდორის ხეობის ზემო წელის ერთი მონაკვეთი - დალი გვიან საუკუნეებში გამოეყო წებელდას. 1810 აფხაზეთის სამთავრომ ცნო რუსეთის პოლიტიკური სუვერენიტეტი. წებელდაში ახალი ხელისუფლება აღიარეს 1840 წელს. აფხაზეთის 1866 აჯანყების დროს წებელდის მოსახლეობა აქტიურად იბრძოდა ადგილობრივი ფეოდალებისა და ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. შემდეგში წებელდის მოსახლეობა იძულებით თურქეთში გადასახლდა (მუჰაჯირობა). წებელდა მდიდარია არქეოლოგიური და ხუროთმოძღვრული ძეგლებით. ნაპოვნია კანკელის ფილები. გათხარეს (მ.ტრაპში, გ.შამბა, ი.ვორონოვი, მ.გუმბა) II-VII საუკუნების მრავალრიცხოვანინვენტარიანი სამარხები. ახლანდელი სოფ. წებელდის აღმოსავლეთით 4 კმ-ზე გათხარეს (ი.ვორონოვი) ერთ - ერთი ციხე. გამოვლინდა საფორტიფიკაციო სისტემა, 2 დარბაზული ეკლესია, აბანო, სამეურნეო სათავსები, წყალსაცავი აუზი, წყალსადენი, VI საუკუნის მონეტები და სხვა. აღმოჩენილია აგრეთვე X-XI საუკუნეების მონეტების განძი, რომელიც შეიცავს არაბული დირჰემების ქართულ მინაბაძებს.
წილკანი (მხარე) - ისტორიულ - გეოგრაფიული რეგიონი, შუა საუკუნეებში - თემი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, თეთრი არაგვის (მთიულეთის არაგვის) სათავეებში (ახლანდელი ყაზბეგის რაიონის ტერიტორია). სახელწოდება მომდინარეობა სიტყვისაგან "წინკარი" (წინკარი>წირკანი>წილკანი). წილკანი საქართველოს ერთ-ერთი პირველი მხარეა, სადაც ქრისტიანული რელიგია გავრცელდა. ეროვნული ტრადიციის თანახმად, IV საუკუნის 30-იან წლებში ქართველთა განმანათლებელმა ნინომ წობენში სხვა მთიელებთან ერთად წილკნელებსაც მიაღებინა ქრისტიანობა. წილკნის მხარე ეკლესიურად შედიოდა წილკნის საეპისკოპოსოში.
წობენი - ისტორიულ-გეოგრაფიული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი დუშეთის რაიონში, მდ.არაგვის მარცხენა ნაპირზე, დაბა ჟინვალსა და სოფ.ჩინთს შორის. ეროვნული ტრადიციის თანახმად ქართველთა განმანათლებელმა ნინომ ამ ადგილებში გააქრისტიანა არაგვის ხეობის მთიელები: ჭართალელნი, ფხოველნი, წილკნელნი, გუდამაყრელნი, სოფ. ჩინთის განაპირას მინდორზე ამოზიდულ 15 მ სიმაღლის კლდეს ხალხური გადმოცემით "ნინოს ქვა" ჰქვია. შუა საუკუნეებში წობენი საეკლესიო გლეხებით დასახლებული სოფელი იყო. ადრინდელი შუა საეკუნეებში წობენი ერქვა აგრეთვე მდ.არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამო - ხერკის ჩრდილოეთით ჟინვალამდე მოსახლე თემს.
წოფოფორი - წობოფორი, ისტორიულ - გეოგრაფიული რეგიონი, ადმინისტაციულ - ტერიტორიული ერთეული შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, ისტორიულ სომხითში (ახლანდელი მარნეულის რაიონის ტერიტორიაზე). მოიცავდა მდ.ბანოშისწყლის (ძვ.ხოჟორნა) ხეობას მდ.დებედის ზვემო წელამდე (მიაჩნიათ, რომ გარკვეულ პერიოდში მის საზღვრებში იყო მოქცეული ჭოჭკანის ხეობა და მდ.დებედის ქვემო წელიც). სახელწოდება "წოფოფორი" მომდინარეობს რეგიონის ცენტრის - წოფის ციხისაგან და სომხური სიტყვისაგან "ფორ" (ნიშნავს ხევს). ქართული ისტორიული წყაროების თანახმად წოფოფორი გაჩიანის მხარეში შედიოდა. სომხეთის ისტორიის წყაროები მას გუგარქის (გოგარენე) მხარეში იხსენიებენ. წოფოფორზე გადიოდა ქართლიდან სომხეთში მიმავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა. დაახლოებით X საუკუნეში წოფოფორში აშენდა ხოჟორნის ციხე, რომელიც მხარის ახალი ცენტრი გახდა.
წუქეთი, წახური - მხარე შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიულ ჰერეთში (ახლანდელი აზერბაიჯანის ჩრდილო - დასავლეთის რეგიონი, ძვ.საინგილოს ნაწილი დაღესტნის მიმდებარე მთიანეთითურთ). V საუკუნეში წუქეთი იყო იბერიის (ქართლის) სამეფოში შემავალი ფეოდალური სამფლობელო, რომელსაც სათავეში მთავარი ედგა. VIII საუკუნის შუახანებში წუქეთის მთავრის იურისდიქცია ვრცელდებოდა თუშეთსა და ხუნძახზე (ახლანდელი დაღესტნის მხარე, იგივე ისტირიული ავარეთი). VIII-IX საუკუნეებში წუქეთი ჰერეთის სამთავროს (შემდგომში ჰერეთის სამეფოს) ერთ - ერთი საერისთავო იყო. ცალკე ადმინისტრაციული სტატუსი ჰქონდა მას შემდგომ საუკუნეებშიც. XVI საუკუნეში სამოურავოდ იქცა. XVII საუკუნეში წუქეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ახალი პოლიტიკური ერთეული ელისუს სასულთნო (კაკის სასულთნო). ისტორიული წუქეთის ტერიტორიაზე შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: ყუმის სამეკლესიანი ბაზილიკა (VIII ს.), გიშის ეკლესია (X-XI სს.) და ლექვეთის ტეტრაკონქი (VIII-IX სს.).
ჭანეთი - ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. III-IV სს-ში იგი მოიცავდა შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთს, მდინარე ჭოროხის ზემო წელის აუზს. მოგვიანებით სახელწოდება გავრცელდა მის მიმდებარე ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე. იგივეა, რაც ლაზეთი, ლაზისტანი, ბერძნული თიანიკე. მხარე დასახლებული იყო დასავლურ - ქართული ტომით - ჭანებით. VI ს-ში ჭანეთის ტერიტორია ბიზანტიამ დაიპყრო. ამავე პერიოდში აქ გავრცელდა ქრისტიანობა. XIII-XIV სს-ში იგი ტრაპიზონის იმპერიაში მოექცა, 1461 წელს თურქეთმა შეიერთა. ისტორიული ჭანეთის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი - ახლანდელი სოფელი სარფი და მისი მიმდებარე რეგიონი შედის საქართველოს შემადგენლობაში.
ჭარ-ბელაქანი - XVIII ს. I მეოთხედში აღმოსავლეთ კახეთის ტერიტორიაზე (ისტორიული კაკ-ენისელი) დაღესტნელი ფეოდალების მიერ შექმნილი პოლიტიკური ერთეული; იგივეა, რაც გვიანდელი საინგილო. 1803 წ. ჭარ - ბელაქანი რუს - ქართველთა ჯარმა დალაშქრა და რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობის მიღება აიძულა. 1830 წ. რუსეთმა უშუალოდ შეიერთა ეს ტერიტორია. 1830-40 წწ. ქმნიდა ჭარ - ბელაქნის ადმინისტრაციულ ოლქს, 1842-60 წწ. - სამხედრო ოლქს, 1860-1917 წწ. - ოკრუგს. 1918-1921 წწ. შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში; მხარეზე პრეტენზიებს აცხადებდა მეზობელი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, შემდეგ - აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელსაც სადავო მიწები საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წ., გადაეცა. მოიცავს აზერბაიჯანის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას.
ჭართალი (მხარე) - ჭართალეთი, ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მდ.მთიულეთის არაგვის შუა წელზე, სოფ.ანანურიდან მდ.ხანდოსხევამდე (ახლანდ. მცხეთა-მთიანეთის მხარე, დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის თემის ტერიტორია). ზოგჯერ მთიულეთის ნაწილადაც მოიაზრება. ჩრდილოეთით ესაზღვრება ხანდო, სამხრეთით - ბაზალეთი, აღმოსავლეთით - ფშავი, ხოლო დასავლეთით - ქსნის ხეობა. წყაროებიდან პირველად "ქართლის ცხოვრება" იხსენიებს მირიან I-ის მეფობის ამბებთან დაკავშირებით (ძვ.წ. II საუკუნის დასაწყისი). მემატიანის ცნობით, ჭართალში მოსახლე მთიელები („კავკასიანნი“) დურძუკებს შეკავშირებიან და კახეთი და ბაზალეთი დაურბევიათ. 330-იან წწ. წობენში ქართველთა განმანათლებელმა წმ.ნინომ სხვა მთიელებთან ერთად ჭართლელებსაც მიაღებინა ქრისტიანობა. 853 წ. არაბთა დამსჯელი ჯარი ბუღა თურქის სარდლობით ჭართალშიც ავიდა. 1210-იან წწ. თამარ მეფის წინააღმდეგ ფხოველთა და დიდოთა გამოსვლის დროს, ჭართალელნი სამეფო ხელისუფლების მხარეს იბრძოდნენ. შემდგომში ჭართალი არაგვის საერისთავოს ემორჩილებოდა; იყო მისი სამოურავო.
ხადა - ისტორიულ - გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, მდ.მთიულეთის არაგვის სათავეებთან (მისი მნიშვნელოვანი ნაწილი თავსდება ახლანდელი დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე, მცირე ნაწილი - ახლანდელი ყაზბეგის რაიონის ტერიტორიაზე), ისტორიული თემი. ხალხური ლექსი: "არ ვიცი ხანდო-ჭართალი, გუდამაყარი სად არი, ხადაში გამიგონია სამოცი ციხე მაგარი". ცხავატთან ერთად ქმნიდა ეთნოგრაფიულ მთიულეთს. ადგილობრივი განსაზღვრით სახელწოდება "ხადა" ნიშნავს მთას, მთიან ადგილს, ვარაუდით მისი ძველი სახელწოდებაა წილკანი. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) მიხედვით ხადა იგივეა, რაც ციკარა ("ადგილი კლდოვანი და 60 კოშკოვანი"). ხადის ხევი დასახლებულია ნეოლითის ხანიდან. შუა საუკუნეებში ხადა უპირატესად არაგვის საერისთავოს შემადგენელი ნაწილი იყო. XIII საუკუნის დასაწყისში ხადელები თამარ მეფის ხელისუფლების დასაცავად ებრძოდნენ აჯანყებულ დიდოელებსა და ფხოველებს. XIII საუკუნის დასასრულს ხადა გახდა მონღოლთა დამსჯელი ჯარის თარეშის ობიექტი. მთიულეთის აჯანყების (1804) დროს პირველი შეტაკებები მთავრობის ჯარებთან ხადაში, სოფ.კაიშაურნთან (ახლანდელი დუშეთის რაიონი) მოხდა.
ხანდო (მხარე) - საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა. იგი არაგვის ხეობის ერთ-ერთი მცირე კუთხეა, რომელსაც ხშირად მთიულეთის ნაწილად მოიხსენიებენ. იგი შედგება ერთმანეთის გვერდით მდებარე ორი ხევის - ხანდოსწყლისა და სოდევე - მეჯილაურთას წყლისაგან. ორივე ეს მდინარე ლომისის მთიდან გამოდის და ერთმანეთს სოფელ წინამხართან უერთდებიან. ხანდოს საზღვრები ასეთია: ჩრდილოეთით მას მთიულეთი ესაზღვრება, დასავლეთით - ცხრაზმა, სამხრეთით და აღმოსავლეთით - ჭართალი. თანამედროვე ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფით ხანდოს ტერიტორია შედის მცხეთა - მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში.
ხევი
ხევი (მხარე) - წანარეთი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე თერგის აუზში და მოიცავს თრუსოს, ბაიდარის, სნოსწყლის და დარიალის ხეობებს. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ხევსურეთი, სამხრეთით - მთიულეთი, ჩრდილოეთით - ოსეთი, დასავლეთით - შიდა ქართლის მთიანეთი. ხევის მთავარი მდინარეა თერგი, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი ქედის კალთაზე, ზილგახოხის მყინვარში. ხევი იგივეა, რაც ადრინდელი შუა საუკუნის წანარეთი. მატიანეში "მოქცევაჲ ქართლისაჲ" (IX ს.) VI საუკუნის მოვნების თხრობასთან დაკავშირებით მოხსენებულია "ხევი წინარეთისა". შემდგომში სახელმწიფო "წინარეთი" ხმარებიდან თანდათან გამოვიდა და ზოგადი სახელი ხევი იქცა მხარის საკუთარ სახელად. ერთდროულად წანარების სატომო სახელის ნაცვლად ჩნდება ტერმინი "მოხევე". დარიალის ხეობაში ძველთაგანვე გადიოდა ერთ - ერთი გზა, რომელიც ამიერკავკასიას (მათ შორის საქართველოს) აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიასა და კავკასიის გადაღმა მხარეებთან (საქართველოს სამხედრო გზა, დარიალის ხეობა). რეგიონის სამხედრო-სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა აქ სიმაგრეთა სისტემების არსებობა. საუკუნეების განმავლობაში ხევი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარეობდა, გარდა იმ პერიოდისა, როცა იგი არაგვის ერისთავებს ემორჩილებოდა (XVII საუკუნის 20-იანი წლებიდან 1743 წლამდე, არაგვის საერისთავოს გაუქმებამდე). XVIII საუკუნეში ხევი იყოფოდა სტეფანწინდის, სნოს, ფანშეტისა და მნის სამოურავოებად. მთიულეთის 1804 აჯანყების დროს მოხევეები აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ხევში შემორჩენილია IX-X საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: გარბანის წმინდა გიორგის ეკლესია, სიონის სამნავიანი ბაზილიკა, თრუსოს მთავარანგელოზის ეკლესია, სოფელ ახალციხის ბაზილიკა, ბეთლემის სამონასტრო კომპლექსი. გვიანდელი შუა საუკუნის საერო ნაგებობები: სნოს ციხე, არშის ციხე და სხვა. ხევის მთელი ტერიტორია მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შედის. მუნიციპალიტეტის ცენტრია დაბა სტეფანწმინდა. იხ.რუკა
ხევსურეთი
ხევსურეთი - საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს - პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი - არაგვის ხეობისაგან. ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით - თუშეთი, დასავლეთით - ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით - ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა - მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის, შატილის და არხოტის . სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავებისა - ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795), მთიულეთის აჯანყებისა (1804) და კახეთის აჯანყების 1812 დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკარის ციხე, მუცოს ციხე - სოფელი,არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, აკლდამები და სხვა. ხევსურეთს შეუძლია გამოკვებოს მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, ამიტომ ნამრავლი იძულებულია სხვაგან გადასახლდეს და თავისი სარჩო იქ მოიპოვოს. ასე გაჩნდა ხევსურთა ახალშენები ხევში (ჯუთა), გუდამაყარში, თიანეთში, კახეთში (გომბორი, შირაქი). იხ.რუკა
ხერკი - ისტორიულ - გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, შუა საუკუნეების ადმინისტრაციული ერთეული - ხევი (იგივე თემი) მდ.არაგვის დინების სამხრეთით მარცხენა მხარეს (ახლანდელი მცხეთისა და დუშეთის რაიონების ტერიტორიის ნაწილი). ხერკი იგივე საგურამოს ან თეზმის ხევია. ვახუშტი ბატონიშვილის ლოკალიზაციით აღმოსავლეთით საზღვრავდა ერწოს მთა, სამხრეთით - ზედაზნის მთა, ჩრდილოეთით - ნიკორნა-ბოკოწანს შორის მდებარე მთები, დასავლეთით - მდ.არაგვი. ხერკის ცენტრი იყო ზედაზნის ციხე. ანტიკურ ხანაში ხერკი მუხრანთან ერთად მცხეთის "სამოქალაქოს" (მცხეთის საგამგებლო რეგიონი) ქმნიდა. შუა საუკუნეებში ხერკზე გაბატონება გარკვეულად ცვლიდა მიმდებარე პოლიტიკური ერთეულთა პოლიტიკურ მდგომარეობას. XII დასაწისში დავით IV აღმაშანებელმა ზედაზენი და ხერკი სამეფო ხელისუფლებას დაუმორჩილა, რამაც აუცილებელი გახადა კახეთის სამეფოს გაუქმება და ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შესვლა.
ხორძენე - ხაზარები, ხორზენე (ანტიკური წყაროები - ხოტენე და კორაძენე), მხარე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. მდ.ჭოროხის ხეობაში. შუა საუკუნეებში მხრეები ტაო და კოლა. წყაროებში პირველად მოხსენიებული აქვს სტრაბონს (ძვ.წ. I ს. - ახ.წ. I ს.), როგორც ძვ.წ. II ს. ქართლის (იბერიის) სამეფოს ტეროტორია, ანექსირებული სომხეთის სამეფოს მიერ. I-II საუკუნეებში ხორძენე კვლავ ქართლის შემადგენლობაში იყო. III-IV საუკუნეებში ხორძენეს ისევ სომხეთი დაეუფლა. ხორძენეს ერთი ნაწილი (კოლა) ქართლს საბოლოოდ V საუკუნეში შეუერთდა, დანარჩენი (ტაო) - VIII საუკუნეში.
ხუნანი (მხარე) - მხარე ისტორიულ აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავდა ტერიტორიას მინარეების პასანსუსა და ძეგამჩაის შორის (ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია). ქართული ეროვნული ტრადიციით, ძვ.წ. III საუკუნეში არსებობდა ხუნანის საერისთავო, დაარსებული მეფე ფარნავაზ III-ის მიერ. წყაროებში იხსენიება V საუკუნის ხუნანის ერისთავი ნერსარანი. საერისთავო მოიცავდა საკუთრივ ხუნანის ოლქს, ძოროფორს, კოლბოფორსა და გარდაბანს. V საუკუნეში მეფე ვახტანგ I გორგასალმა ხუნანში საეპისკოპოსო დააარსა. XII-XIII საუკუნეებში ყოფილი ხუნანის ტერიტორია გაგის საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) შემდეგ ხუნანი წყაროებში აღარ იხსენიება.
ჯავახეთი - მხარე სამხრეთ საქართველოში, ზემო ქართლში (ძირითადად მოიცავს ახლანდელი ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას), ისტორიულად საზღვრავდა დასავლეთით მდინარე მტკვარი (მდინარის მარცხენა შენაკადი ხევებიმგელციხიდან ასპინძამდე ასევე ჯავახეთში შედიოდა), ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით შავვაშეთის, სამსარისა და ნიალისყურის მთები. ტერმინი „ჯავახეთი“ მიღებულია ჯავახ – ფუძეზე – ეთ ბოლოსართის დართვით, შესაბამისად „ჯავახეთი“ ჯავახების საცხოვრებელს, სამყოფელს ნიშნავს (შეადარეთ: სპარსეთი - სპარსთა ქვეყანა, რუსეთი - რუსთა ქვეყანა). პირველი ცნობა ჯავახეთის სახელწოდების შესახებ ურარტუულ წყაროებში, მეფე არგიშთი I–ის წარწერებში გვხდება (ძვ.წ. 785). აქ ჯავახეთი ზააბახას სახელითაა ნახსენები. პავლე ინგოროყვას მოსაზრებით სიტყვა ჯავახი უძველეს ქართულ სატომო სახელწოდებას - "ტაოხ"-ს უკავშირდება. ტაოხები დიაოხის (ტაოს) ძირითად მოსახლეობას შეადგენდნენ და დღევანდელი ჩრდილო - აღმოსავლეთ თურქეთისა და სამხრეთ საქართველოს, მათ შორის ჯავახეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ. პავლე ინგოროყვა თვლის, რომ ტაოხსა და ჯავახს შორის შუალედური ფორმა უნდა ყოფილიყო ჭაოხ–ი, ჭავახ–ი. დღევანდელი ადგილობრივი სომხური მოსახლეობა ჯავახეთს ჯავახქ-ს (სომხ. Ջավախք) ეძახის, რაც ქართული სახელის სომხური ინტერპრეტაციაა. წყაროებში ჯავახეთი (ზააბახა) პირველად ძვ.წ. 785 წელს იხსენიება ურარტუს მეფის არგიშთი I-ის წარწერაში, როგორც დაპყრობილი მხარე; იმხანად იგი მოიცავდა ჩილდირის ტბის დასავლეთ მხარეს (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). უძველესი დროიდანვე ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო ოყო (ცენტრი წუნდა). იგი როგორც აღმოსავლურქართულ, ისე დასავლურ - ქართულ კულტურულ - ისტორიულ სფეროში იყო მოქცეული (ჯავახეთის, ისე როგორც მთელ სამხრეთ - დასავლეთ საქართველოს საქართველოს ტოპონიმიკაში, შეიმჩნევა ზანური ენის დანაშრევი ელემენტები). ისტორიული ჯავახეთი იყოფოდა: ზემო ჯავახეთად (ახალქალაქის ზეგანი) და ქვემო ჯავახეთად (მდინარე მტკვრის კანიონი მარცხენა სანაპიროთი). XI საუკუნიდან ზემო ჯავახეთის ცენტრი გახდა ახალქალაქი. X საუკუნიდან ქვემო ჯავახეთის ცენტრი ხდება თმოგვი. საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების ხანაში (XI-XIII საუკუნეები) ჯავახეთიც აღმავლობის გზას დაადგა; აშენდა ქარვასლები, ხიდები, ეკლესია-მონასტრები, სამეფო რეზიდენციები (დლივი, ღრტილა, ბოჟანო, ვარძია, ალასტანი). XII საუკუნიდან დომენს თორელთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები განაგებდნენ. XIII საუკუნიდან ჯავახეთის ადმინისტრაციული საზღვრებში შედიოდა აგრეთვე პალაკაციო და სამცხის ნაწილი. XV საუკუნეში ჯავახეთი სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ეკუთვნოდა. XVI საუკუნეში სამხრეთ საქათველოს სხვა ტერიორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. ჯავახეთის ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქვეყნის შიდა რაიონებში - ქართლსა და იმერეთში გადასახლდა. ადგილზე დარჩენილმა იძულებით ისლამი მიიღეს. XIX საუკუნის I ნახევარში ჯავახეთში კომპაქტურად სახლდებოდა თურქეთიდან დევნილი სომხური მოსახლეობა და რუსეთის იმპერიის შიდა რაიონებიდან გადასახლებული რუსული მოსახლეობა — სექტანტი დუხობორები. XIX საუკუნის პირველ მესამედში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამიერკავკასია მიიერთა, კიდევ უფრო გამწვავდა ურთიერთობა რუსეთსა და ირან-თურქეთს შორის. რუსეთის მთავარი ამოცანა იყო სამხრეთ საზღვრების საიმედო ჩაკეტვა. მთავრობის ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლებოდა ირანისა და თურქეთის საზღვრებთან ყველაზე ერთგული ხალხის დასახლებით, რომლებიც შეძლებდნენ არა მარტო სამხრეთის საზღვრების საიმედო დაცვას, არამედ სახელმწიფოს გაათავისუფლებდნენ იმ კოლოსალური ხარჯებისაგან, რომლებსაც იგი ახმარდა საზღვრების დამცველი ჯარის შესანახად. 1828 წელს თურქეთთან რუსეთის ჯარების წარმატებებმა მთავრობის წინაშე დააყენა საკითხი სამცხე-ჯავახეთში საიმედო ხალხის ჩამოსახლებაზე. გადაწყდა, თრიალეთსა და ჯავახეთში თურქეთიდან ქრისტიანი სომხებისა და ბერძნების ჩამოსახლება. 1829 წლის 3 დეკემბერს გენერალმა ივანე პასკევიჩმა შეადგინა გადმოსახლების განსაკუთრებული კომიტეტი, რომელსაც სამოქალაქო გუბერნატორი ზავილეისკი თავჯდომარეობდა. კომიტეტმა შეიმუშავა გადმოსახლების დებულება. კომიტეტის წინასწარი ანგარიშით ყარსის, ერზურუმისა და ბაიაზეთის ვილაიეთებიდან საქართველოში გადმოსახლდებოდა 8000 ოჯახი. მაგრამ გადმოსახლების დაწყების შემდეგ ოჯახთა ეს რაოდენობა 14000-მდე ავიდა. ცარიზმის პოლიტიკური მიზანი იყო საქართველოში ეთნიკური სიჭრელის შექმნა. რუსეთისადმი ქართველი ხალხის ერთგულება მეფის მთავრობას რატომღაც არ სწამდა. ამიტომ იყო, რომ უარი უთხრა იმერეთში გახიზნულ მესხ მოსახლეობას განთავისუფლებულ ტერიტორიზე დასახლებაზე. ახალციხის აღებისთანავე პასკევიჩთან გამოცხადდნენ XVI-XVIIსს. მესხეთიდან გაქცეული ციციშვილების, ავალიშვილების, მუსხელიშვილების და სხვათა შთამომავლები. ქართველ,მეფეთა გაცემული სიგელები წარუდგინეს და მამაპაპისეული მამულების დაბრუნება სთხოვეს. პასკევიჩმა მათი თხოვნა არ შეიწყნარა და გარკვეული გულისწყრომაც გამოთქვა.
ჰერეთი - აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა. წყაროებში პირველად V საუკუნეში მოიხსენიება. უძველეს ხანაში კავკასიის ალბანეთის სამეფოში შედიოდა. (X)-XIV საუკუნეების წყაროების მიხედვით მოიცავდა გვიანდელი ხანის შიგნიკახეთისა და გაღმამხრის ტერიტორიას (მდ.ალაზნის ველი) საინგილოს ჩათვლით. XII საუკუნეში ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის ერთ-ერთი ადმინისტრაციულ - პოლიტიკური ერთეული - ჰერეთის საერისთავო, რომელიც დაღესტნის მოსაზღვრე მთიანეთსაც მოიცავდა. XI საუკუნის ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ჰერეთი მოიცავდა კამბეჩოვანსაც და სუჯეთსაც (ე.ი. გარდა მდ.ალაზნის ველისა, მდ.ივრის შუა და ქვემო დინების ზეგანს), თუმცა წყაროსეული ცნობა უფრო ძველ რეალობას ასახავს და ეფარდება ვახტანგ I გორგასალის (V ს.) მიერ შექმნილ ადრინდელი პერიოდის ჰერეთის საერისთავიოს ტერიტორიას. ზოგიერთი წყაროს მიხედვით სახელწოდება „ჰერეთი“ აგრეთვე კავკასიის ალბანეთის ტერიტორიასაც აღნიშნავს. XV საუკუნიდან ტერმინი „ჰერეთი“ აღარ იხმარება და მას ენაცვლება ტერმინი „კახეთი“.
მასალების წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/კატეგორია:საქართველოს_ისტორიულ-გეოგრაფიული_მხარეები
საქართველოს ისტორიული მხარეები
აბაზგია · არგვეთი · აფხაზეთი · აჭარა · ბაზალეთი · ბაიდარი · ბამბაკი · ბასიანი · ბორჩალო · გაგი · გარდაბანი · გარეკახეთი · გაღმამხარი (კახეთი) · გაღმამხარი (ქართლი) · გაჩიანი · გუდამაყარი · გურია · გუჯარეთი · დვალეთი · დიღმისხევი · დმანისხევი · ეგრისი · ელისენი · ერუშეთი · ერწო-თიანეთი · ზემო ქართლი · ზენა სოფელი · თაკვერი · თორთომი · თორი · თრიალეთი · თუშეთი · იმერეთი · კამბეჩოვანი · კანგარი · კახეთი · კლარჯეთი · კოლა · კოლბოფორი · კუხეთი · ლაზიკა · ლეჩხუმი · ლორე · მაღრანდვალეთი · მესხეთი · მთიულეთი · მუხრანი · მუხურისი · ნიგალი · ოდიში · ოკრიბა · პალაკაციო · პარხალი · რაჭა · საარიშიანო · საბედიანო · საინგილო · სამაჩაბლო · სამეგრელო · სამურზაყანო · სამცხე · სანიგეთი · საჯავახო · სვანეთი · სპერი · ტაო · ტაშირი · ფშავი · ფხოვი · ქართლი · ქვემო ქართლი · ქიზიყი · ქსნისხევი · შავშეთი · შიდა ქართლი · შუასოფელი · ცხავატი · ცხრაძმისხევი · წანარეთი · წებელდა · წილკანი · წობენი · წოფოფორი · ჭანეთი · ჭარ-ბელაქანი · ჭართალი · ხადა · ხანდო · ხევი · ხევსურეთი · ხერკი · ხორძენე · ხუნანი · ჯავახეთი · ჯიქეთი · ჰერეთი
|