There are no translations available.
<უკან დაბრუნება
ზედაზენი - მთა საგურამოს ქედზე. სიმაღლე 1178 მ. (აგებულია მეოტურ-პონტური კონტინენტური კონგლომერატებით, ქვიშაქვებისა და თიხების შუაშრეებით. კალთები დამრეცია, მცირედ დანაწევრებული. შემოსილია ტყის ყომრალ ნიადაგებზე გავრცელებული რცხილა-წიფლისა და წიფლის ტყეებით). ადრეულ ეპოქაში აქ აღმართული ყოფილა ზადენის კერპი, რომლის ადგილას VI საუკუნის 40-იან წლებში ასურელ მამას იოანეს ქართული მონასტერი დაუარსებია. ზადენის კერპი იყო ქართულ მითოლოგიის ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ.წ. II ს-ის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ yazadan-თან (კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა. "ზადენი" სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც (მესხეთში).
ზედაზნის მონასტერი ასურელი მამა იოანე ზედაზნელის მიერ არის დაარსებული, - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, მცხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე. (13 ასურელი მამასთან ერთად - ანტონ მარტყოფელი,) XIX საუკუნეში ზედაზნის მონასტერში მოღვაწე ერთ-ერთ ქართველ მწიგნობრის მიქაელ წინამძღვრის ინიციატივით დაიწერა იოანე ზედანელის ცხოვრების მეტაფრასული რედაქცია. სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ააშენა კათალიკოსმა VIII საუკუნის დასასრულს (ადრინდელი დარბაზული ეკლესიის ადგილას). გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. შესასვლელი სამხრეთიდანაა (დასავლეთი შესასვლელი გვიანდელია). სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის გეგმით სწორკუთხა აფსიდა გადახურილია კონუსურ ტრომპებზე დაყრდნობილი ნალისებრი კონქრით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. იოანე ზედაზნელის ქვის კუბო (იგი XVII საუკუნეში უნდა იყოს გაკეთებული), "პატიოსანი ლუსკუმა", ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ ნაწილში წყლის აუზია. სამხრეთ ნავი ორი ნაწილისაგან შედგება, ეკლესიაში შესასვლელი მთავარი ნავიდანაა (ადრე კი დასავლეთიდან იყო). ძეგლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ნაწილობრივ აგურით. გვხვდება შირიმის ქვაც. ფასადები მარტივად და სადად არის გადაწყვეტილი, სარკმლები განლაგებულია ასიმეტრულად. მთავარი ნავის სარკმელი მორთულია "განედლებული" ჯვრის რელიეფით.ფასადზე ჯვრის მარტივი გამოსახულებაა. ეკლესიას სამხრეთით ეკვრის თლილი ქვით მოპირკეთებული, ცილინდრულ-კამარიანი კვადრატული კარიბჭე, რომლის ორფერდა სახურავზე აგურით ნაგები თაღებით ოთხმხრივ გახსნილი რვაწახნაგა სამრეკლო დგას, მის დასავლეთით გამოყოფილია მცირე სენაკი (ორივე XVIII საუკუნე). ზედაზნის მონასტერი რამდენჯერმე შეკეთდა. 1970-1971 ჩატარდა სარესტავრაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები.
************************************************************************************
ანელი ვოლსკაია - ზედაზნის რელიეფი //ძეგლის მეგობარი, 1971 წ., თბ., კრ.26, გვ.11-16
მცხეთიდან 5-6 კმ მოშორებით, ტყით დაფარულ საგურაშენის ქედზე მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მონასტერი - ზედაზენი. გადმოცემით იგი წარმართული სალოცავის ადგილას აუგიათ. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი ბაზილიკა მინაშენებით. აკად.გიორგი ჩუბინაშვილმა არქიტექტურის, ისტორიული და ლიტერატურული წყაროების ანალიზის საფუძველზე დაადგინა ზედაზნის სამონასტრო მშენებლობის ისტორია, ცალკეულ ნაგებობათა აშენების დრო, გამოავლინა მათი თავისებურებანი....<<ტექსტი სრულად აქ...<<
************************************************************************************
"ზედა-ზენს კიბედ, ზენად ზეცისად იდგამს" (ნიკოლოზ ტფილელი): //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I, გამ. "ხელოვნება", თბილისი, 2005, გვ.84-87.
წმიდა ასურელი მამა იოანე ზედაზნელი სულიწმიდის წინამძღვრობითა და ყოვლაღწმიდა ღვთისმშობლის კურთხევით შემობრძანდა საქართველოში. მას დედაღვთისამ უბრძანა, მოწაფეთაგან თორმეტ რჩეულ ბერთან ერთად წასულიყო "ქუეყანად ქართლად. "შუამდინარეთს აღმობრწყინებულ ვარსკვლავს" ქრისტეს რჯული უნდა განემტკიცებინა ქართველთა შორის. ცამეტივე მამამ წმიდა სვიმეონ საკვირველმოქმედი მოინახულა, რომელმაც ისინი საქართველოში გამგზავრების წინ აკურთხა. ამის შესახებ ნათელმოსილი ანგელოზისაგან ეუწყათ საქართველოს მეფე ფარსმანს და ევლავიოზ კათოლიკოსს....<<ტექსტი სრულად აქ...<<
************************************************************************************
ზედაზნის კომპლექსი //საქართელოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5, თბ., 1990, გვ.284-287.
106. ზედაზნის კომპლექსი, არქიტექტურულ ისტორიული ძეგლი მდებარეობს ხშირი ტყით დაფარულ ზედაზნის მთის კეხზე (ზ.დ. 1390 მ.), საგურამოს სამხრეთით 6 კმ-ზე. კომპლექსში შედის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ციხე-გალავანი და კლდეში ნაკვეთი სენაკები. ზედაზნის მთას სახელწოდება მიუღია ოდესღაც აქ აღმართული კერპის – ზადენის სახელიდან....<<ტექსტი სრულად აქ...<<
|