There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ციხე-ქალაქები და კოშკები>>>
ფოტოს ავტორი: ნანა ცინაძე
გოჩა საითიძე - სკანდეს ციხე // ძეგლის მეგობარი, 1, თბ., 1990 წ. გვ.54-61
სკანდეს ციხე - ციხესიმაგრე საქართველოში, მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ სკანდეს ჩრდილოეთ მხარეს, მაღალ, საკმაოდ ძნელად მისასვლელ მთაზე. ციხის სიმაღლე 120 მეტრია. მას სამხრეთის მხრიდან ჩამოუდის ბერისწყაროს ღელე, ხოლო ჩრდილოეთიდან – პატარა ნაკადული, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "გურამღელეს"' ეძახის. ისტორიული წყაროები და საფორტიფიკაციო ნაგებობათა ანალიზი იმის საფუძველს იძლევა, რომ სკანდეს ციხის აგება ახ.წ. IV საუკუნით დათარიღდეს. სკანდეს ციხის შესახებ ყველაზე ადრინდელი ცნობა ეკუთვნის VI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს: „ლაზთა ორი ციხეა ზედ იბერიის საზღვრებთან, სკანდა და სარაპანისი (შორაპანი): ისინი მდებარეობენ მკაცრსა და ძნელსავალ ადგილებში და ძნელად თუ მიუდგება იმათ კაცი.“ სკანდეს ციხის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა VI საუკუნეში, როცა გამწვავდა წინააღმდეგობა ბიზანტიასა და სპარსეთს შორის. წინააღმდეგობა ომად გადაიქცა ანასტასიოს I-ისა (491-518) და მისი მემკვიდრეების იუსტინე I-ისა (518-527) და იუსტინიანე დიდის დროს. საომარი მოქმედებები ძირითადად მიმდინარეობვდა ლაზიკის ტერიტორიაზე, ვინაიდან ლაზიკას დიდი სტრატეგიული და ეკონომიური მნიშვნელობა ჰქონდა ორივე მხარისათვის. ირანელთა მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისაგან თავის დასაცავად ბიზანტიამ გადაწყვიტა ეგრისის გამაგრება. იმპერატორმა ლაზიკაში გამოგზავნა ჯარი, რომელმაც დაიკავა აქ არსებული სკანდესა და შორაპნის ციხეები. ამ ფაქტიდან კარგად ჩანს სკანდეს ციხის, როგორც სტრატეგიული პუნქტის, დიდი მნიშვნელობა. ბიზნტიელებმა ციხის შენარჩუნება დიდი ხნით ვერ შესძლეს. 523 წელს, როდესაც იბერიის მეფის გურგენის აჯანყება ირანელთა წინააღმდეგ მარცხით დამთავრდა, მეფე ცოლ-შვილით ეგრისში გაიხიზნა. მათ სპარსელთა ჯარი დაედევნა, მეფემ და დიდებულებმა მოასწრეს შუა ეგრისში შესვლა, ხოლო სპარსელთა ჯარი სასაზღვრო – სკანდესა და შორაპნის ციხეებს - მიადგა. სპარსელებმა ორივე ციხე უომრად აიღეს და 523-532 წწ. მათ ეპყრათ. სკანდეს ციხის აღება ვერ შესძლო ვერც ეგრისის პირველმა ქრისტიანმა მეფემ წათე I-მა. შემდგომ კი ე. წ. "უვადო ზავით", რომელიც ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანესა და ირანის შაჰ ხოსრო I-ს შორის დაიდო 532 წელს, სკანდეს ციხე კვლავ ბიზანტიის ხელშია. ეგრისის სამეფო ხელისუფლებამ მომავალი გართულებების თავიდან ასაცილებლად, იმისთვის, რომ სპარსელებს მათ წინააღმდეგ არ გამოეყენებინათ, რამდენიმე ციხე, მათ შორის სკანდესიც, დანგრიეს და მიწასთან გაასწორეს. მაგრამ საქმეს ამან ვერ უშველა. 542 წელს ეგრისში ბრძოლები განახლდა ბიზანტიასა და სპარსეთს შორის. 551 წელს ირანელებმა სკანდე აიღეს და დანგრეული ციხესიმაგრე აღადგინეს. ამის შემდეგ თითქმის 25 წელი ციხე მათ ხელში იყო. VII-VIII საუკუნეებში სტრატეგიული თვალსაზრისით კვლავ დიდი როლი ენიჭებოდა სკანდეს ციხეს, რადგან იგი აღმოსავლეთ საქართველოდან მომავალ სახმელეთო გზაზე მდებარეობდა. საქართველოს გაერთიანების შემდეგ სკანდეს ციხემ თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ როგორც ციხესიმაგრე იგი კვლავ განაგრძობდა არსებობას. მის შესახებ ამ პერიოდის ცნობები მეტად მწირია. თემურ ლენგის ლაშქრობების დროს მის ურდოებს სკანდეს ციხესიმაგრე მიწასთან გაუსწორებიათ. საქართველოს მეფე ალექსანდრე დიდს (1412-1442) ციხე კვლავ აღუდგენია. XV საუკუნიდან კვლავ იზრდება სკანდეს ციხის მნიშვნელობა, მას ყურადღებას აქცევს ქართ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI (1466-1478). იქ შენდება მეფის სასახლე და სკანდე ბაგრატის საზაფხულო რეზიდენციად იქცევა. კიდევ უფრო გაიზარდა ციხის მნიშვნელობა საქართველოს დაქუცმაცებისა და იმერეთის სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ. ვინც იმერეთის ხელში ჩაგდებას მოიწადინებდა, მას, პირველ რიგში, სკანდეს ციხე უნდა აეღო, შემდეგ კი სხვა ციხესიმაგრების აღება აღარ უჭირდა. სკანდეს შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ამბროჯი კონტარინი წიგნში "მოგზაურობა სპარსეთში". იგი 1474-1477 წწ. იმყოფებოდა ირანის შაჰის კარზე, როგორც ვენეციის რესპუბლიკის ელჩი. ამბროჯიოს ორჯერ მოუხდა საქართველოში ყოფნა. პირველად, სპარსეთისაკენ მიმავალი, 1474 წლის 20 ივნისიდან 20 ივლისამდე იყო, შავი ზღვით ეწვია ბათუმს, გაიარა საქართველო, მათ შორის სკანდეც და სომხითის გავლით ირანში ჩავიდა. მეორედ, სამშობლოში უკან მომავალი, ის 1475 წლის ივნისიდან ოქტომბერში იყო საქართველოში. XVI საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში იმერეთის სამეფოს სახლის წევრთა შორის დინასტიური ომი ატყდა. 1583 წელს გარდაიცვალა იმერეთის მეფე გიორგი II (1565-1583) და ტახტზე ავიდა მისი 12 წლის შვილი ლევანი (1583-1590), რომლის ხელშიც სხვა ციხესიმაგრეებთან ერთად გადავიდა სკანდეს ციხეც, მაგრამ მისმა ბიძამ კონსტანტინემ სხვა ციხეებთან ერთად ააჯანყა სკანდეს ციხეც, რითაც დიდი უპირატესობის მოპოვება შესძლო. მან დაიკავა სკანდე, კაცხი და ზოგიერთი სხვა ციხესიმაგრე. კონსტანტინე თავს უკვე მეფედ თვლიდა, მაგრამ ლევანი დაუკავშირდა მამია დადიანს, იგი ჩაერია საქმეში და მისი დახმარებით კონსტანტინე დამარცხებულ იქნა. 1590 წელს იმავე მამია დადიანის დახმარებით იმერეთის სამეფო ტახტზე ადის კონსტანტინეს ძე როსტომი (1590-1604), რასაც ვერ შეეგუა ქართლის მეფე სიმონ I გადავიდა იმერეთში, სადაც მხარს უჭერდნენ იმერეთის თავადები ჩხეიძეები, წულუკიძეები, აბაშიძეები, წერეთლები, აიღო კვარას, კაცხის, სკანდეს და სვირის ციხესიმაგრეები და ყველგან თავისი გარნიზონი ჩააყენა[5]. იმერეთის მეფე როსტომი მანუჩარ დადიანთან გაიქცა დახმარების სათხოვნელად, მას გაედევნა სიმონ მეფე, მაგრამ ოფშკვითთან ბრძოლაში დამარცხდა და ისევ ქართლში დაბრუნდა. XVII საუკუნეში სკანდეს ციხე კვლავ ინარჩუნებს იმერეთის ერთ-ერთი საიმედო საყრდენის სახელს. ალექსანდრე III-ის მეფობა (1639-1660) იმერეთის დასუსტების ხანაა. სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი მრავალგზის არბევს და ძარცვავს იმერეთს. 1646 წლის ლაშქრობის დროს მან გადაწვა სკანდე. ალექსანდრეს დროს სკანდე საზაფხულო აგარაკად და სამეფო სახლის რეზიდენციად გადაიქცა. ამ დროს სკანდე, როგორც რუსი ელჩები ალექსი იევლევი და ნიკიფორე ტოლჩანოვი აღნიშნავენ, ერთ-ერთ კეთილმოწყობილ ციხესიმაგრედ ითვლებოდა. კახეთის მეფე თეიმურაზ I (1606-1648) ვერ ურიგდებოდა მაჰმადიანი როსტომ ხანის (1633-1658) ბატონობას ქართლში, 1648 წელს მასთან ბრძოლაში თეიმურაზი დამარცხდა. ამიერიდან თეიმურაზმა დატოვა აღმოსავლეთ საქართველო და დარჩენილი ცხოვრების უმეტესი ნაწილი სკანდეს ციხეში გაატარა. XVIII საუკუნეში სკანდეს ციხესიმაგრეს კვლავ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმერეთის მეფეებისათვის, როგორც ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, ამ პერიოდში კვლავაა მეფის სასახლე: "არს მთის კალთას, სკანდას, სასახლე მეფეთა და ციხე დიდი, დიდშენი". ციხის მნიშვნელობა იზრდება სოლომონ I-ის (1752-1784) მეფობის პერიოდში. იგი აქტიურად შეუდგა ციხესიმაგრეების რესტავრაცია-შეკეთებას, გაიზარდა სკანდეს ციხის სტრატეგიული როლი ქვეყვნის დაცვის საქმეში. სოლომონ მეფემ 1765 წელს ტახტი დაკარგა, მაგრამ 3 წლის შემდეგ სკანდეს ციხესთან გამართულ ბრძოლაში გამარჯვებით მოახერხა მისი დაბრუნება. მეფე სკანდეს ციხეში ხშირად ხვდებოდა უცხოელ დიპლომატებს. იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ სკანდეს ციხემ თავისი მნიშვნელობა დაკარგა. ის დაცარიელდა და მიტოვებულ იქნა. დღესდღეობით ციხის ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
სტატიის წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki_სკანდე
|