There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<საინტერესო სტატიები და პუბლიკაციები>>>...
სამეცნიერო პარადიგმები
შემდგენელი და რედაქტორი გიორგი ჭეიშვილი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
თბილისი
გამომცემლობა ”მერიდიანი” - 2009
ISBN 978-9941-10-222-6
კრებული ეძღვნება პროფესორ ნათელა ვაჩნაძეს
გიორგი ქავთარაძე
ანატოლია - კავკასიის მიჯნის ძველი ისტორიის ზოგიერთი საკითხი
გაგრძელება (ნაწილი II)
უძველესი ცივილიზაციების ერთ-ერთი აკვანი, ანატოლია, კავკასიათან ერთად წარმოადგენს ევროპისა და აზიის შემაერთებელ ხიდს, ერთ-ერთ საკვანძო მნიშვნელობის მქონე რეგიონს მსოფლიოში. ალბათ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ანატოლიასა და კავკასიას შორის შეიმჩნევა ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტთან დაკავშირებული მრავალი საერთო ნიშან-თვისება.
ორივე ეს მხარე, ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებამდე, დასახლებული იყო და დღესაც ძირითადად დასახლებულია არაინდოევროპული ტომებით. მცირე აზიის ძველ ინდოევროპულ ენებში გამოვლენილი აშკარად ნასესხები სიტყვების მრავალრიცხოვანება და ყოვლისმომცველობა მოწმობს, რომ ამ რეგიონს, მსგავსად წინაბერძნული ეგეიდისა და წინაადრეიტალიკური აპენინებისა, გააჩნდა მნიშვნელოვანი, ბინადარი და კულტურულად დაწინაურებული არაინდოევროპული მოსახლეობა, ვიდრე ამ მხარეებში გამოჩნდნებოდნენ ინდოევროპული ოჯახის ანატოლიური და სომხური ენების მატარებლები [1, 573]. ანატოლიის წარსული შესწავლილია სხვადასხვა კუთხით – ხეთების, ასურელთა, ფრიგიელთა, ბერძნების, მიდიელების, სპარსელების, რომაელთა, ბიზანტიის, არაბების, სელჯუკების, ოსმალოთა, თურქების ისტორიისა და კულტურის თვალსაზრისით – თუმცა ძალზე ნაკლებად არის გაშუქებული კავკასიური თვალთახედვით და ეს მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კავკასია ანატოლიას უშუალოდ ესაზღვრება ჩრდილო - აღმოსავლეთის მხრიდან, ხოლო სამხრეთკავკასიური, ქართველური წარმომავლობის ხალხი – ლაზები ანუ ჭანები – დღეს ისევ სახლობენ ანატოლიის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთ შავიზღვისპირეთში, ქ.ტრაბზონის აღმოსავლეთით. კავკასიური მონაცემების უგულვებელყოფის ძირითადი მიზეზი, მისი უშუალოდ მომიჯნავე მხარეების კვლევისას, უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ არც ერთი კავკასიური სახელმწიფო არ იყო წარმოდგენილი მსოფლიო რუკაზე უკანასკნელი ორასი წლის განმავლობაში (XIX და XX საუკუნეებში), თუ არ გავითვალისწინებთ ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1920-1921 წწ. ოკუპირებული აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს რესპუბლიკების არსებობის ორ - სამწლიან პერიოდს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოებრიობის ტრადიცია ამიერკავკასიაში და განსაკუთრებით საქართველოში ათასობით წელს ითვლის (გვ.99). ჩემს ნაშრომებში არაერთხელ მომიყვანია კავკასიის ისტორიის ცნობილი მკვლევრის, კირილ თუმანოვის აზრი, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ქრისტიანულ სამყაროში, რომლის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული განვითარება უწყვეტად შეიძლება ჩაითვალოს კლასიკური ხანებიდან დაწყებული XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ მისი ანექსიის ხანამდე [2, 139]. ქართველური მემკვიდრეობისადმი ინტერესმა განსაკუთრებით XX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში დაიწყო ზრდა. ნავარაუდევი იყო წინარექართველური (resp. პროტოქართველური) ენის არსებობა ისეთი დიდი ენობრივი ოჯახების თანადროულად, როგორიცაა წინარეინდოევროპული, წინარესემიტური, წინარეურალურალთაური და წინარედრავიდული, რომელთაც ურიცხვი შთამომავლები მოეპოვებათ დღევანდელ მსოფლიოში. ამ ენებთან ერთად წინარექართველური მიჩნეული იყო ერთი და იმავე ენობრივი ზეოჯახის თანასწორუფლებიან წევრად. შესაბამისად, გარდაუვალი გახდა წინარეისტორიულ რუკაზე ზემოჩამოთვლილი ენობრივი ოჯახების გვერდით წინარექართველური ენის მატარებელთათვისაც ადგილის გამონახვა. ახლად წარმოქმნილ კონსტრუქციებში თვით წინარეინდოევროპული ენის მატარებელთა ადგილსამყოფელიც განისაზღვრებოდა წინარექართველურის ლოკალიზაციის საფუძველზე, ამ ორ წინარეენას შორის ნავარაუდევი მნიშვნელოვანი ენობრივი კავშირების გამო. შესაბამისად, კავკასია-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონი სულ უფრო მეტად გახდა ახალი კვლევა-ძიებების ძირითადი ინტერესების სფერო [შდრ. მაგ., 3]. უძველესი ახლო აღმოსავლეთის, და მათ შორის ანატოლიის, ხალხთა ყოფისათვის დამახასიათებელი ცალკეული ნიშან-თვისებები ჯერ ისევ შენარჩუნებულია კავკასიის მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი საქართველოში.
შენიშნულია მსგავსება კავკასიურ ეთნოლოგიურ მონაცემებსა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ნამოსახლარში, ჩათალ ჰუიუქში (სამხრეთ ანატოლია) გამოვლენილ მასალას შორის[1]. მეცნიერთა შორის თითქმის საყოველთაოდ გაზიარებულია აზრი, ხეთური ტომების ანატოლიაში ძვ.წ. III ათასწლეულის გვიან ხანებში გარედან შემოსვლის შესახებ, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი არ მიიჩნევენ ანატოლიას ამ ტომების პირველსაცხოვრისად [იხ., მაგ., 6, 253]. ანატოლიაში მრავლად წარმოდგენილი და ინდოევროპული ენათმეცნიერების გადასახედიდან ყოველგვარ ანალიზს დაუქვემდებარებელი ადგილთა და პიროვნებათა სახელწოდებები, აქ არაინდოევროპული სუბსტრატის არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდნენ (გვ.100) [7, 64f.]. არაინდოევროპული სუბსტრატი მართლაც საკმაოდ მკაფიოდ არის წარმოდგენილი “ხეთურ” (ინდოევროპულ-ანატოლიურ) ენებში. იმის გამო, რომ ხეთური ენა ავლენს არაინდოევროპული სუბსტრატის ღრმა კვალს, ხოლო ხეთური ლიტერატურა და რელიგია ატარებს ინდოევროპული სამყაროსათვის დამახასიათებელ თავისებურებათა მხოლოდ სუსტ ნიშნებს, ნავარაუდევი იყო ანატოლიაში ინდოევროპულ ენაზე მეტყველი მოსახლეობის თხელი ფენის არსებობა, რომელიც სუპერსტრატული უნდა ყოფილიყო ადგილობრივ, ანატოლიურ მოსახლეობასთან მიმართებაში, ხოლო ამ უკანასკნელს უნდა შეენარჩუნებინა თავისი ძველი კულტურა [8, 325]. ავტოქტონურ ენებს შორის თითქოს ყველაზე უფრო საფიქრებელი ჩანდა, რომ “ხეთურ იმპერიულ არეალში” ხათური (ე.წ. პროტოხეთური) ყოფილიყო მიჩნეული ძირითად სუბსტრატულ ენად [9, 48]. ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, საკმაო საბუთები მოიპოვება იმის სამტკიცებლად, რომ ხათური გავრცელებული იყო ცენტრალური ანატოლიის დიდ ნაწილზე, მდ. კიზილ ირმაკის (ხეთური მარასანტია, კლასიკური ხანის ჰალისი) რკალის შიგნით და მოიცავდა ხათუსას (მოგვიანებით ხეთების დედაქალაქი) ტერიტორიას, ვიდრე იქ ხეთური (ნესიტური) ენა იქნებოდა გამოყენებული. ხეთური პანთეონის რამდენიმე უმთავრეს ღვთაებას ხათური სახელები ერქვათ და მათ, ამასთანავე, როგორც წესი, ხათურ ენაზე მიმართავდნენ ხოლმე. ხათური დღესასწაულები სანიმუშოდ გამოიყენებოდა ხეთური ხანის ადრეული რელიგიური კულტებისათვის, ხოლო ადრეული ხანის ხეთური ოფიციალური ღვთისმეტყველება ხათური მითების შემწეობით გადმოიცემოდა. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ხეთების მეფის, ხათუსილი I-ის და მისი მემკვიდრეების ზეობის სახელწოდებები ხათური იყო და არა ხეთური [შდრ. 10, 66; 11, 1984f.]. ნესიტური და პალაური (კიდევ ერთი ინდოევროპულ-ანატოლიური ენა, ხეთურ-ნესიტურისა და ლუვიურის გარდა) ენებისათვის გამორჩეულად დამახასიათებელი თავისებურებანი ხათური ენის ზემოქმედებით არის ახსნილი. საყურადღებოა, რომ ხეთები “ხათილი”-ს (ანუ “ხათის ენას”) უწოდებდნენ არა თავის ენას, არამედ ხათებისას, თუმცა, ამავე დროს, სახელწოდება “ხათი”-თ ისინი აღნიშნავდნენ საკუთარ მიწა-წყალს – აშკარაა, რომ ეს სახელწოდება მათ შეითვისეს მათივე წინამორბედი, ხათურ ენაზე მეტყველი მოსახლეობისაგან. ყველაზე ადრეული მონაცემები ინდოევროპულ ენებზე მეტყველთა შესახებ მიკვლეულია ქანესის, იგივე ნესას (ქიულთეფე ქალაქ კაისერისთან, იგივე კესარია, ძველი მაზაკა) ძველასურული არქივების კაპადოკიურ ფირფიტებში ასახული ანთროპონიმებისა და ლექსემების წყალობით [12, 126]. თვით საკუთრივ ინდოევროპული, “ხეთური” ენაც ამ ქალაქის სახელის მიხედვით იყო წოდებული, როგორც “ნესიტური” ანუ “ნისილი” – “ნესის ენა” (გვ. 101). ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ლუვიური ენის მატარებელთა სუბსტრატი, ისევე როგორც მცირე აზიის ნახევარაკუნძულის არახეთური და არაპალაური ნაწილებისათვის, კვიპროსისათვის, ლემნოსისათვის და სხვა კუნძულების მოსახლეობისათვის, უნდა ყოფილიყო წინარეხურიტული თუ “წინარეჩრდილოაღმოსავლურკავკასიური” [13, 63].
სტრუქტურული და მატერიალური მსგავსების გარკვეულ ნიშნებს ხათური ენა თუ ჩრდილო - დასავლეთ კავკასიურ ანუ აფხაზურ - ადიღურ ენებთან ავლენს, ხურიტული უფრო ჩრდილო - აღმოსავლურ კავკასიურ ანუ ვეინახურ - დაღესტნურ ენათა ჯგუფს უახლოვდება. ძველი ახლო აღმოსავლური ენების სპეციალისტები ხშირად ეხებიან თანამედროვე შედარებითი ენათმეცნიერების ერთ - ერთ ყველაზე უფრო რთულ საკითხს, რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ ენებსა და დღეს ცნობილ ენებს შორის? ზოგიერთი მეცნიერი ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, მიუხედავად იმ გარემოებისა, იქნებოდა იგი დასმული ტიპოლოგიური თუ გენეტიკური მნიშვნელობით, უპირველეს ყოვლისა ცდილობს კავკასიური მასალის მონაცემთა გათვალისწინებას. მათი აზრით, თუ შეხედულება ძველი აღმოსავლური და თანამედროვე კავკასიური ენების კავშირის შესახებ მისაღები გამოდგება, მაშინ უკვე გარკვეული მინიშნება გვექნება ისეთი წინაისტორიული ვითარების არსებობაზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთი ნაწილი იმდაგვარი მოსახლეობის მიერ აღმოჩნდებოდა დასახლებული, რომელთან ახლომდგომი დღემდე ცხოვრობს კავკასიაში [14, 21-77]. კავკასიის მკვიდრ მოსახლეობაში სამი ძირითადი ლინგვისტური ჯგუფი გამოიყოფა. პირველ, ე.წ. ჩრდილოდასავლურკავკასიურ (აფხაზურ - ადიღურ) ჯგუფს, არქეოლოგიური თვალთახედვით ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ჩრდილოეთ კავკასიის მაიკოპურ და პოსტმაიკოპურ კულტურებთან აკავშირებენ. ამავე დროს, მოიპოვება რიგი ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ხათური ენის მატარებელი მოსახლეობა ცენტრალურ ანატოლიაში ჩრდილო - აღმოსავლეთის მხრიდან უნდა გავრცელებულიყო. ამრიგად, ერთი მხრივ, თუ ცენტრალური ანატოლიის ხათური მოსახლეობის ენა ავლენს გარკვეულ მსგავსებას სტრუქტურული და მატერიალური ნიშნების მხრივ ჩრდილოდასავლურკავკასიურ ენებთან, მეორე მხრივ, ცენტრალური ანატოლიის “სამეფო აკლდამების” კულტურა, თავის მხრივ, ზოგიერთი სტრუქტურული და მატერიალური ნიშან - თვისების მსგავსებას (აკლდამების მოწყობისა და სამარხეული ინვენტარის მხრივ) ავლენს ჩრდილოდასავლეთკავკასიელი და ზოგადად ჩრდილოელი მესაქონლეების დაკრძალვის წესჩვეულებებთან და მკვეთრად განსხვავებულია ანატოლიის ადგილობრივი მოსახლეობის უფრო ადრეული და თანადროული დასაკრძალავი რიტუალებისაგან. ამ გარემოების გათვალისწინებით (გვ.102), ხათების გამოჩენა ანატოლიაში სავარაუდოა უკავშირდებოდეს ჩრდილოეთ კავკასიიდან მათ შესაძლო მიგრაციას [15, 5-19], რომელსაც ადგილი ადრეულ პოსტმაიკოპურ ხანაში უნდა ჰქონოდა. მეორე ლინგვისტური ჯგუფი, განეკუთვნება ჩრდილოაღმოსავლურკავკასიურ ენათა ოჯახს, რომელსაც ხურიტული თუ წინარეხურიტული ენის მატარებლებთანაც აკავშირებენ; ფიქრობენ, რომ შესაძლოა მათი კუთვნილი იყოს ადრებრინჯაოს ხანაში ვრცელ ტერიტორიაზე განფენილი ე.წ. “მტკვარ-არეზის” კულტურა. ეს კულტურა ჩრდილო - აღმოსავლეთ კავკასიისა და ამიერკავკასიის (დასავლეთ ამიერკავკასიის გამოკლებით) გარდა, გამოვლენილია აღმოსავლეთ ანატოლიაში, ლევანტში და დასავლეთ ირანში. კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განსახლებული მესამე - ქართველური თუ სამხრეთკავკასიური - ჯგუფი ლინგვისტურ კავშირების უპირატესად კავკასიიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მხარეებთან ავლენს.
ეს ჯგუფი შესაძლოა ენობრივად უახლოებოდეს იმ მოსახლეობას, რომელიც სუბსტრატული გამოდგა ბერძნული, ხეთური და თვით ხათური ენების ჩამოყალიბებისას. ზოგიერთი ენათმეცნიერის აზრით, წინარექართველური, ჩრდილო -დასავლეთკავკასიურ ენებთან შედარებით, უფრო ხათურს უახლოვდებოდა [16, 175ფ.; 17, 154; 7, 26; 14, 2177]. ქრისტოფერ გირბალი ხათურს სულაც ქართველურ ენად მიიჩნევს, თუმცა იგი ძირითადად ლექსიკურ მონაცემებს ეყრდნობა [18, 160-163]. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ გარკვეული ნაწილი ხეთურ-სომხური ლექსიკური პარალელებისა, რომლებიც მცირე გამონაკლისის გარდა არაინდოევროპული წარმომავლობისაა და როგორც ჩანს, წარმოდგება მცირე აზიის ადგილობრივი მოსახლეობის ლექსიკონიდან [19, 89], ჩანს ქართველურ ენებშიც, რომლებიც სხვა კავკასიურ ენებთან ერთად უძველესი ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთული სამყაროს ”ცოცხალ რელიქტებად” შეგვიძლია მივიჩნიოთ. სავარაუდოა, რომ დასავლეთ ამიერკავკასია და აღმოსავლეთ ანატოლია, ძვ. წ. გვიან IV – ადრეულ III ათასწლეულებში, წარმოადგენდნენ “საკონტაქტო ზონებს” ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოური პერიფერიის სამ მნიშვნელოვან კულტურულ ჯგუფს შორის: პირველი განეკუთვნებოდა ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთი და ცენტრალური რეგიონისათვის დამახასიათებელი მაიკოპის და/ან მისი მომდევნო ხანის “ჩრდილოკავკასიურ” კულტურებს; მეორე – ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიასა და მის გარეთ ფართოდ გავრცელებულ “მტკვარ-არეზის” კულტურას; ხოლო მესამე – ცენტრალურანატოლიურ “ბუიუქ გიულიუჯექის” (ძვ.წ. ადრეულ III ათასწლეულში შემორჩენილი იყო ძირითადად მდ. კიზილ ირმაკის ზედა და ქვედა წელს შორის) და ჩრდილოეთ ანატოლიის სხვა მის მონათესავე კულტურებს. ეს სამი კულტურული ჯგუფი მაცდუნებელი იქნებოდა დაგვეკავშირებინა, რა თქმა უნდა, ძალზე არამკვეთრი კონტურებით, ჩრდილო-დასავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ (ქართველურ) კავკასიური ენების მატარებელთა წინაპრებთან [შდრ.20] (გვ.103). უფრო გვიან, ძვ.წ. II ათასწლეულში, ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, მდ. კიზილ ირმაკის ქვემო დინების აღმოსავლეთითა და შავი ზღვის სამხრეთით მდებარე, ქასქას მეომარი ტომებით ყოფილა დასახლებული [21, 101]. ქასქები ჩვეულებრივ ხათების ერთ-ერთ ეთნიკურ ნაშთად განიხილებიან ხოლმე, რომელიც ხეთების ექსპანსიის შედეგად იყო ჩრდილოეთისაკენ გადაადგილებული [შდრ. 22; 12, 123]. გრიგოლ გიორგაძის აზრით, ქასქების ენა არ შეიძლება ყოფილიყო ხეთურის, ხურიტულის, ლუვიურის ან პალაურის და არც ხათურის მსგავსი; ამასთანავე იგი ქასქურ ეთნო-ტოპონიმებსა და ონომასტიკონს უფრო ძველკოლხურთან (მეგრულ-ჭანურთან) დასაკავშირებლად მიიჩნევს, ვიდრე აფხაზურ-ადიღურ მასალასთან [21, 108-113; 23, 172]. თუმცა, ცხადია, ეს კავშირი იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუკი ამ ადრეული ხანისათვის ქართულ-ზანური ერთობა უკვე დაშლილი იქნებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ძვ.წ. I ათასწლეულში ქართველურ ტომებს ეცხოვრათ მდ. კიზილ ირმაკის ზედა და ქვედა წელს შორის მდებარე მხარეშიც [იხ., მაგ., 24, 9-10]. საყურადღებოა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში დღესაც მცხოვრები ქართველური ეთნოსი, ლაზები (იგივე ჭანები) ჩვეულებრივ განიხილებიან ანატოლიის იმ მცირერიცხოვან, არათურქული წარმომავლობის მოსახლეობად, რომელმაც შეინარჩუნა საკუთარი ენა და ცნობიერება და რომელიც წარმოადგენს ერთ დროს შავი ზღვის ირგვლივ ფართოდ გავრცელებული “რასიული” ჯგუფის ნაშთს [25, 181; 26, 139]. ანატოლიაში ქართველური ტომების ფართო განფენის სასარგებლოდ, შესაძლოა მოწმობდეს ის გარემოება, რომ ე. წ. ჭოროხ-რიონული ანთროპოლოგიური ტიპი, სადღეისოდ, მხოლოდ ამ მდინარეთა მიმდებარე მხარეებში შემორჩენილი, როგორც ირკვევა, ადრე ბევრად უფრო ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული; მისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი სპეციფიკური ნიშან-თვისების შეხამება, დღესაც თურქეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩანს [27, 224]. პონტოს ძველი მოსახლეობის, ლაზების (ჭანების) დღევანდლამდე შემორჩენის მიზეზი ალბათ უნდა აიხსნას, უპირველეს ყოვლისა, მათი საცხოვრებელი ბუნებრივი გარემოს თავისებური ხასიათით. ენთონი ბრაიერს ეს ჩინებულად აქვს დანახული; მისი აზრით, ანატოლიის ახალი თურქმანი მფლობელები, სტეპებისა და ვრცელი საძოვრების შვილები, თავზარდაცემულნი იქნებოდნენ ლაზთა ქვეყნის უჩვეულობით, რომელიც მათ წარმოსახვაში “ხეების ზღვას” წარმოადგენდა. “დედე ქორქუთის” თურქულ ბალადაში, მამა აფრთხილებს შვილს, არ მიატოვოს ღია ცის ქვეშ მდებარე “იაილა” და არ გაემართოს პონტოს ბნელი ხეობების გავლით ტრაპეზუნტისაკენ, სადაც შეიარაღებული კაცები გამვლელის თვალისათვის შეუმჩნევლად არიან ჩასაფრებულნი ხეებს მიღმა [იხ.28, 119] (გვ.104).
მართლაც, ტრაპეზუნტის სამხრეთით მდებარე რეგიონი მიუდგომელი ციხე-სიმაგრეებით იყო დაცული. პონტოს ხეობებმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნეს ძველთაგანვე მომდინარე სამხედრო ოლქებად ანუ “ბანდებად” დაყოფის სისტემა. ადგილობრივი “დერე ბეგები” დიდი ხნის განმავლობაში, თითქმის XIX საუკუნის შუა ხანებამდე მართავდნენ ხეობებს თვალუწვდენელი ციხე-სიმაგრეებიდან. პონტოს (ანუ შავიზღვისპირეთის) რეგიონში თანამედროვე თურქეთის ადმინისტრაციული დაყოფა მნიშვნელოვანწილად იმეორებს ძველად არსებულ ადგილობრივ მიჯნებს; შუა საუკუნეებისა და დღევანდელი საზღვრების თანხვედრის მიზეზად სავსებით მართებულად გეოგრაფიულ მონაცემებთა უცვლელობაა მიჩნეული და არა მოსახლეობისა თუ ხელისუფლებისათვის დამახასიათებელი კონსერვატიზმი [შდრ.28, 116f.]. პონტოს მთები შავ ზღვას უწყვეტად არ მისდევს; დასავლეთის სექტორში მათი ჯაჭვი ორ ადგილას გარღვეულია და იქიდან მდინარეები კიზილ ირმაკი (ძველი ჰალისი) და იეშილ ირმაკი (ირისი) გადმოედინება; ამ მდინარეთა დახმარებით ხდებოდა ქვეყნის სიღრმეში ნაოსნობა და ხელსაყრელი შესაძლებლობა იქმნებოდა ზღვისპირა და შიდა რეგიონების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ამ ადგილებში, რკინით მდიდარ ხალიბიასა და ომიდიასთან (კერასუსის უშუალოდ დასავლეთით), მთები ისე ციცაბოდ ეშვება ზღვისაკენ, რომ აქ მცირე ადგილი რჩებოდა ზღვისპირა დასახლებების მოსაწყობად და შესაბამისად ქვეყნის შიგნიდან წამოსული მოსახლეობის ინფილტრაციისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. ამ გარემოების გათვალისწინების შუქზე გასაგები ხდება თუ რატომ იყო, რომ სინოპის ძველი კოლონიური “იმპერია” აერთიანებდა თითქმის იმავე ერთმანეთისაგან გათიშულ ზღვისპირა ტერიტორიებს, რომელთაც, ბევრად უფრო გვიანდელ ხანებში არსებული ტრაპეზუნტის იმპერია. აქედან გამომდინარე, სავსებით ცხადი ხდება ისიც, თუ რატომ იყო, რომ ახალმოსულმა თურქმანული მოდგმის მოსახლეობამ თავიდანვე სათავისოდ შეარჩია ქვეყნის შიდა რაიონებისკენ გახსნილი ეს ადგილები და სადაც, პონტოს დასავლეთ ნაწილში – მდ. ირისის შესართავთან, ხალიბიაში და კერასუსის დასავლეთით – კიდევაც მოიკიდა ფეხი მათი მოსახლეობის პირველმა ჯგუფებმა. მომდევნო ხანებში, ტრაპეზუნტის იმპერია უკვე ფაქტობრივად წარმოადგენდა თურქმანულ ტერიტორიებს შორის მოთავსებულ სანაპირო ანკლავების წყებას. შვიდი ტრაპეზუნტული პროვინციიდან მხოლოდ ყველაზე უფრო დასავლეთით განლაგებული – ფილაბონიტისის ხეობა – იყო მთლიანად თურქმანების მიერ დაქვემდებარებული, პონტოში მათი შემოსევის ადრეულ ეტაპზე [28, 117] (გვ.105). პონტოს დასავლეთ ნაწილში, 1392 წელს სულთან ბაიაზედის მიერ ამ მხარის დაპყრობის შემდეგ, აღმოცენდა ახალი ადმინისტრაციული ერთეული – ჯანიკის სახელწოდებით, რომელიც თემურ ლენგმა, 1402 წლის ანკარის ბრძოლის შემდეგ, დამოუკიდებელ ემირატად აქცია.
ჯანიკის მხარის სახელწოდების თავისებურება, ე. ბრაიერის აზრით, განპირობებული უნდა ყოფილიყო იმ გარემოებით, რომ პონტოს სანაპიროს ერთადერთი რეგიონი, რომელიც დაპყრობილი ჰქონდათ ოსმალებს ამ მხარეში 1461 წლის თავის ძირითად ლაშქრობამდე, მათ მიერვე წოდებული იყო მთელი პონტოს სანაპირო ზოლის საერთო სახელწოდებით – “ჯანიკი” (სავარაუდოა, რომ ამ სახელწოდებას თავის მხრივ ფორმა ჭანიკი უნდა დასდებოდა საფუძვლად, - გ.ქ.), ისევე, როგორც კონიის სელჯუკებმა თავის სახელმწიფოს “რუმი” უწოდეს, რომაელთა აღმნიშვნელი ბერძნული “რომაიოის” მიხედვით, რომელიც რომის იმპერიის დაშლის შემდეგ ბიზანტიელთა აღმნიშვნელადაც გამოიყენებოდა და ეს მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სელჯუკებმა ვერ მოახერხეს ახალი რომის ანუ კონსტანტინოპოლის აღება [28, 167]. XV საუკუნის გარიჟრაჟზე გერმანელმა მოქირავე მეომარმა, იოჰან შილტბერგერმა მოინახულა პონტოს მხარე და იგი “ცეგნიკის” ანდა “გენიკის” სახელით მოიხსენია, ხოლო ტრაპეზუნტს ჰაითუნი, სომეხი დიდგვაროვანი, “გენესკის” უწოდებდა [29, 164]. ამავე სახელწოდებასთან მიმართებაში, XIX საუკუნის ისტორიულ ლიტერატურაში მოიხსენებოდა ხოლმე გენეტესის ნახევარკუნძულის (თურქული იასუნ-ბურუნი ანუ “იაზონის კონცხი”) სახელწოდება და აგრეთვე ნაწყვეტი “ბიბლიიდან”, სადაც თუბალ-კაინი მოიხსენებოდა[2], მხედველობაში მაქვს სახელწოდების მეორე კომპონენტი, კაინი. ყველა ეს სახელწოდება ეთნონიმ “ჭანიდან” უნდა იღებდეს სათავეს. სპეციალისტების აზრით, ტრაპეზუნტის იმპერია გვიან XIII საუკუნიდან XV საუკუნის ჩათვლით, სავარაუდოდ, ისევ ჭანებით იყო ძირითადად დასახლებული და იწოდებოდა ბიზანტიელი, სომეხი და მუსლიმი ავტორების მიერ “ჯანიკ/ჩანიკად”, ანდა ამავე სახელწოდების სხვა ფორმებით – “ჩანითი”, “ჰანითი”, “ჯანითი”. ძველთაგანვე თანამედროვენი პონტოს ჯანების/ჩანების ქვეყნად მიიჩნევდნენ. იბნ ბიბი, გვიანი XIII საუკუნის ავტორი, ტრაპეზუნტის იმპერიის სახელს სულაც ქართული ფორმით მოიხსენიებს – ჩანეთი (resp. ჭანეთი). იგივე ტერმინი, იმავე მნიშვნელობით, გამოყენებული აქვთ იმავე XIII საუკუნეში ათა მალიქ ჯუვაინის და XV საუკუნეში შუქრულლაჰს [იხ.29, 163f.]. თურქი მოგზაურის, ევლია ჩელების (1611-1682 წწ.) ცნობით, XVII საუკუნის შუა ხანებში ტრაპეზუნტის მოსახლეობის უმეტესობას ლაზები შეადგენდნენ. ევლია ჩელები ტრაპეზუნტს ლაზიკის ძველი ვილაიეთის დიდ ქალაქსა და კეთილმოწყობილ ციხეს უწოდებს (გვ. 106); მისი სიტყვებით, ტრაპეზუნტის ერთ-ერთი სახელთაგანია “ქალაქი ქვემო ბათუმი”, ხოლო მეორე სახელია “ლაზიკის ქალაქი” [იხ.30, 56-57]. ე.ბრაიერი ტოპონიმ Chanik-ს აკავშირებს ეთნონიმ Chan-თან და შენიშნავს, რომ ამ სახელწოდებით ლაზები საკუთარ თავს მოიხსენიებდნენ [28, Bryer, 1975,127]; ამასთანავე, მას მიაჩნია, რომ კლასიკურ ხანასა და ადრეულ შუასაუკუნეებში ლაზები (ანუ მისეული “ჯანები/ჩანები”, – გ.ქ.) და Tzan-ები (ალბათ ჭანებს გულისხმობს, რადგან იძლევა ფორმას – ”Tzani”, იხ., ქვემოთ, - გ.ქ.) ერთმანეთისაგან განსხვავებულ ხალხებად ითვლებოდნენ, თუ არა ერთმანეთის მონათესავედ, და შესაბამისად ისინი ცალ-ცალკე უნდა იყვნენ ხოლმე მხედველობაში მიღებულნი. მისი აზრით, ტერმინი Chanik-ი არა Tzan-ისაგან, არამედ Chan-ისაგან (ანუ “ლაზისაგან”) არის უშუალოდ ნაწარმოები. იმის გამო, რომ სახელწოდება Chan-ს ლაზები თავის თავს უწოდებდნენ, მაშინ როდესაც შავი ზღვის მთელი სანაპიროს მოსახლეობა – ბერძნებიცა და ლაზებიც – ჩვეულებრივ ცნობილნი იყვნენ “ლაზოის” სახელით, ე.ბრაიერი ტერმინებს ლაზსა და Chan-ს უპირატესად ურთიერთშენაცვლებად სახელწოდებებად მიიჩნევს. ამავე დროს, იგი ფიქრობს, რომ Tzan-ებმა თავისი იდენტურობა, შესაძლოა, უკვე X საუკუნეში დაკარგეს – ალბათ ბერძნებისა ან ლაზების მიერ მათი ასიმილირების შედეგად და დასძენს, რომ ლაზები, როგორც წესი, ყოველთვის Chan-ების სახელით მოიხსენიებოდნენ ხოლმე [29, 166-167; 28, 127, 175, 191]. როგორც ირკვევა, ე.ბრაიერი არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ტერმინები ლაზი, ჯანი/ჩანი თუ ცანი (Τζανικόν ἔθνοϛ) არსებითად ერთი და იგივე ხალხის – ჭანების (იგივე ლაზების) აღსანიშნავად გამოიყენებოდა და განსხვავება ე.წ. Chan-სა და Tzan-ს შორის მხოლოდ ფონეტიკური ხასიათისაა: ცნობილია, რომ ფორმა Τζάνοι არის ბერძნული ორთოგრაფიის მიხედვით ეთნონიმ “ჭანი”-ის გადმოცემა. ჯერ კიდევ სიმონ ყაუხჩიშვილი შენიშნავდა, რომ ბიზანტიელმა მწერლებმა შემოიტანეს τζ-კომპლექსი, რომელიც ერთ გარკვეულ ბგერას კი არ გამოხატავს, არამედ ექვს სხვადასხვას (ც, ჩ, წ, ჭ, ძ, ჯ), ხოლო უფრო ადრე, ძველი ბერძენი მწერლების ხანაში, იმ უცხო სიტყვაში სადაც აფრიკატი მოიპოვებოდა ბერძნულში არსებული ასოები გამოიყენებდა, მაგ. სტრაბონი ეთნონიმ “ჭანის” საწყის ბგერას სიგმათი გადმოსცემდა – Σάννοι [31, 130 შენ.].
სინამდვილეში, თუ კი რაიმე სხვაობა შეიმჩნევა ამ ტერმინებს შორის, იგი საძებარია არა, ერთი მხრივ, Laz-სა და Chan-ს და, მეორე მხრივ, Tzan-ს შორის, როგორც ეს ე. ბრაიერს წარმოუდგენია, არამედ, ერთი მხრივ, ლაზსა და, მეორე მხრივ, Chan/Tzan-ს ანუ ჭანს შორის; თუმცა ეს განსხვავება მაინც ერთი და იმავე ეთნოსის შიგნით მოიაზრება, რომლის ერთი ნაწილი – ლაზები – ზღვის სანაპიროზე სახლობდა, ხოლო მეორე – ჭანები – ქვეყნის შიგნით, უმთავრესად პონტოს ალპებში (ლაზისტანის ქედი) (გვ.107). ცნობილია, რომ XI საუკუნეში ბაიბურთის ჩრდილოეთით მდებარე ჭანთა მიწები ცნობილი იყო, როგორც “ჭანეთი” (ქართულ წერილობით წყაროებში) ან “ჭანიკი” (სომხურ წყაროებში). V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, ფავსტოს ბუზანდის სიტყვებით, სომხეთის მეფე პაპი აცხადებდა, რომ მამიკონიანთა გვარის წარმომადგენლის მუშეღის წინაპრებმა მიატოვეს თავისი სამეფო ჭენქის მხარეში და ჩვენს წინაპრებთან მოვიდნენ [P'awst., V, iv]. ასევე, ფავსტოს ბუზანდის მიერ შემონახულ, სომხეთის მეფე ვარაზდატისადმი მიწერილ წერილში, ზემოდასახელებული მუშეღის ძმა მანუელი იუწყება, რომ მათი წინაპრები იყვნენ მეფენი ჭენქის მხარეში და ძმათა შორის უთანხმოებისა და დიდი სისხლისღვრის გამო გამოეშურენ თავშესაფარის საძებნელად და აქ [სომხეთში, – გ.ქ.] დასახლდნენ [P'awst., V, xxxvii]. მიუხედავად იმისა, რომ მოვსეს ხორენაცისათვის ჭენქი იგივე “ჩინეთია” [Xor., II, lxxxi] (ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ ფონეტიკური სიახლოვის გამო), გასათვალისწინებელია, რომ თვით ფავსტოს ბუზანდის მიხედვით, მამიკონიანების სამფლობელო ტაიქის (ქართული წყაროების – ტაო) ქვეყანაში ყოფილა [P'awst. IV, ii], მათი იყო ტაიქის ციხე-სიმაგრეები [P'awst., III, xviii], ხოლო თვით ტაიქის მხარე მათ საკუთრებას წარმოადგენდა [P'awst., IV, xviii]. ფავსტოსის ცნობით, მამიკონიანთა მიუდგომელი კოშკის სახელწოდება ერახანი იყო [P'awst., IV, xviii]. როგორც ცნობილია, ერახანი მდებარეობდა შემდეგდროინდელი ერკინისის მახლობლად, მდ. ჭოროხის აღმოსავლეთ ნაპირზე, ოლთისის წყალთან მისი შეერთების ადგილის ჩრდილოეთით [P'awst., 10, 462][3], ანუ ტაოსა და კლარჯეთის მიჯნასთან. ჭოროხსა და ოლთისის წყლის ხერთვისის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მდებარე მიწა-წყალი ჭაკის სახელით იყო ცნობილი. VII საუკუნის სომხური გეოგრაფიის თანახმად, ამ მხარეს “ჭაკატქი” ეწოდებოდა [Ašxarhac’oyc’, Long Recension, V, 22, იხ.32, 65][4]. ორივე ეს ტერმინი, “ჭენქი” და “ჭაკი”, დაკავშირებული უნდა იყოს ეთნონიმთან “ჭანი” [შდრ. 33, 41]. როგორც ცნობილია, ჭანები “ლაზებად” უფრო გვიან შუა საუკუნეებში სახელდებიან, ძირითადად ამ უკანასკნელი ეთნონიმის უპირატესი გამოყენების გამო თურქულ ენაში. ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს გეოგრაფიის მიხედვით, XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ქართული ტრადიციისათვის უდავოა ჭანებისა და ლაზების იგივეობა: “ხოლო ბაიბურდისა და ფორჩხის სამჴრით, ჭანეთის მთის იქით, არს ჭანეთი, და აწ უწოდებენ ლაზსავე (გვ.108) . არს ესე შავი ზღÂის კიდის წადევნებით, გონიიდამ ტრაპეზუნტის სამზღვრამდე”. [34, 689, 5-7][5]. იაკობ რაინეგსის ცნობით, ჭანების ქართულ ენაზე მეტყველი ტომის ქვეყანა ჭანათი (Tschanati) ანუ “ჭანეთი:” ორად იყო გაყოფილი მდ. ჭოროხის (Tchoroghi) მიერ, ვიდრე იგი მომდინარე ლაზების ქვეყნიდან, რომელთა მცხოვრებლემაც, მისი თქმით, შეინარჩუნეს თავისი ძველი მეგრული ენა, ბათუმისაკენ (Battum) შემოტრიალდებოდა [35, 60][6]. ახ.წ. VI საუკუნის ბიზანტიელი მემატიანე, პროკოპი კესარიელი, თავის ნაშრომში, “იუსტინიანეს ომების ისტორია” ("ომი გუთებთან" – De Bello Gothico), ააშკარავებს მიზეზს, თუ რის გამო იზიარებდნენ ძველი ავტორები იმ აზრს, რომ ჭანები, რომლებიც მათ ხანაში ჯერ კიდევ არ იწოდებოდნენ “ლაზებად”, ამ უკანასკნელთაგან განსხვავებული ხალხი იყო. ერთი მხრივ, ჭანებისა (დღევანდელი ლაზების წინაპრების) და მეორე მხრივ, “ლაზების” (ამ შემთხვევაში, იგივე კოლხების ანუ მეგრელების) წინაპრების შესახებ პროკოპი კესარიელი იძლევა შემდეგ ცნობას: “ძველ მწერალთაგან... ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ტრაპეზუნტიელთა მოსაზღვრენი არიან ან სანები. რომელთაც ახლა ჭანები ეწოდებათ, ან კოლხები, სხვანაირად ლაზებს რომ ეძახდნენ. რომელნიც ახლა იმავე სახელს ატარებენ. თუმცა არც ერთი ამათგან სიმართლეს არ შეეფერება. ჭანები ხომ ზღვის ნაპირს ძალიან არიან დაშორებული და არმენიელების გვერდით ცხოვრობენ შუა ხმელეთზე და შუაში აღმართულია მრავალი, მეტად მიუვალი და სრულიად ციცაბო, უზარმაზარი ქვეყანა, სრულიად უკაცური, გადაუვალი თხრილები, ტყიანი მწვერვალები და უგზო-უკლო ნაპრალები; ყველა ამით ჭანები გამოირჩევიან, როგორც არაზღვისპირა მცხოვრებლები, კოლხები კი შეუძლებელია არ იყვნენ იგივე ლაზები, ვინაიდან ფაზისის მდინარეზე მოსახლეობენ. ხოლო სახელი “კოლხები”, როგორც სხვა მრავალი ტომებისა, ამჟამად “ლაზთა” სახელად შეიცვალა” [Procop., Wars, VIII, 1, იხ.31, 119-120][7]. პროკოპი კესარიელის განცხადება სავსებით შეესაბამება იმ ვითარებას, რომელიც დამახასიათებელი იყო მის ეპოქაში, როდესაც სახელწოდება “ლაზი” ენდემური იყო მხოლოდ ფაზის/რიონის აუზისათვის და არა ტრაპეზუნტის მხარისათვის, ხოლო ეთნონიმი Tzan-ი შემორჩენილი იყო მხოლოდ ცანიკეს მიუდგომელი მხარეში, რომელიც მდ.აკამფსისის (ჭოროხის) ხეობის გასწვრივ იყო განლაგებული; ეს კარგად ჩანს, აგრეთვე, მის მეორე ნაშრომში, “იუსტინიანეს აღმშენებლობათა შესახებ” [Procop., Buildings, III, VI, 9-14] (გვ.109). ფართოდ ცნობილი ფაქტია, რომ არა მხოლოდ პროკოპი კესარიელი, არამედ სხვა ძველი ავტორებიც – აგათია, იოანე ლიდე, ანონიმური პერიპლუსის ავტორი – ლაზებს რიონის აუზის კოლხებთან აიგივებენ. სწორედ ამ გაიგივების გამოა, რომ ზოგიერთი ავტორი მზად არის განიხილოს პონტოელი ლაზები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან ანუ კოლხეთიდან სამხრეთ - დასავლეთისაკენ, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ანუ პონტოში მიგრირებულ მოსახლეობად. ისინი ფიქრობენ, რომ ლაზები და ჭანები განუწყვეტლივ გადაადგილდებოდნენ სამხრეთითა და დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროს გაყოლებაზე, და მომთაბარე მესაქონლეებისათვის ჩვეული წესის მიხედვით, უტოვებდნენ მათთვის დამახასიათებელ სახელწოდებებს საკუთარი სამშობლოდან შორს მდებარე მხარეებს. მსგავს შეხედულებას უნდა განეპირობებინა ე.ბრაიერის აზრის ჩამოყალიბება, რომ თითქოს მხოლოდ ანატოლიაში გადმოსახლებულმა, VI საუკუნის რიონისპირა კოლხეთის ლაზებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ საკუთარი თავი ლაზისტანში, მაშინ როდესაც კოლხეთის ლაზია უკვე აღარავის ახსოვდა [25, 177, 186-187]. როგორც ჩანს, ზოგიერთი მკვლევარი სათანადოდ არ ითვალისწინებს, ქსენოფონტის, ძვ. წ. V საუკუნის დასასრული ხანის თვითმხილველის, ინფორმაციას, რომ ტრაპეზუნტისა და კერასუნტის ბერძნული კოლონიები კოლხების მიწაზე მდებარეობდნენ [Xen., Anab., IV, VIII, 22-24; V, II, 1-2; V, III, 2] და შესაბამისად არავითარი საფუძველი არ მოიპოვება რიონისპირა კოლხეთიდან ტრაპეზუნტის მხარეში მოსახლეობის გადასახლების პოსტულირებისათვის. უფრო საფიქრებელია, რომ პონტოელი კოლხები ანუ ჭანები (ბერძნული ჟღერადობით – Τζάνοι) “ლაზებად” იყვნენ სახელდებული, ფაზის-რიონის კოლხეთის ტერიტორიაზე მდებარე ლაზების ძლიერი სახელმწიფოს (ქართული წყაროების – ეგრისის სამეფოს) ზეგავლენით. ერთი შეხედვით, სწორედ მათ, პონტოელმა ლაზებმა (ჭანებმა), რომლებიც, უფრო გვიანდელ ხანებში, მოექცნენ ბიზანტიის იმპერიის ფარგლებში, კოლხელი ლაზებისაგან ანუ მეგრელებისაგან განსხვავებით, შესძლეს შეენარჩუნებინათ და დღემდე მოეტანათ სახელწოდება “ლაზი”. თუმცა საკითხი რამდენადმე უფრო რთული ჩანს; ლაზებს ჯერ კიდევ პლინიუსი იხსენიებს სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთთან მიმართებაში [Plin., n.h., IV, 12], რაც მოწმობს, რომ ლაზების კოლხურ ტომს პლინიუსის ხანაში, ანუ ახ.წ. I საუკუნეში, აღნიშნულ რეგიონში უნდა ეცხოვრა. თუმცა ძირითადი მიზეზი ჭანების “გალაზებისა” უნდა ყოფილიყო ბიზანტიის ხელისუფალთა მიერ, IX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ტრაპეზუნტის მხარეში მდებარე პონტოს ხალდიის ეპარქიის აღსანიშნავად სახელწოდების, “ლაზიკის სამიტროპოლიტო” გამოყენება, ბიზანტიელები იმედოვნებდნენ, რომ ამ აქტით მოახდენდნენ თავიანთი უფლებების დეკლარირებას იმ ეპოქის “ლაზიკაზე” ანუ ეგრის-კოლხეთზე (გვ.110), რომელიც, მათ უკვე აღარ ექვემდებარებოდა. ეს გარემოება ცხადი შეიქმნა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საეპისკოპოსო ნუსხების ანალიზის შედეგად [36, 85]. ძველი ქართული წერილობით წყაროებისათვის, ტრაპეზუნტი მეგრული ქალაქია ხალდიის მიწაზე[8], ბასილი ეზოსმოძღუარის მიხედვით, ლაზია ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით მდებარეობს, XIII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიის დასალაშქრად თამარის მიერ წარგზავნილმა ლიხთიქითურებმა პირველად სწორედ ეს მხარე დაიკავეს[9]. პონტოს ძირითადი გეოგრაფიული თავისებურებაა, ზღვის გაყოლებაზე ჩამწკრივებული მთები, კოლხეთიდან – ჭოროხის შესართავის ჩრდილოეთიდან – თემისკირამდე (თანამედროვე ქ.თერმეს მახლობლად), დასავლეთით [შდრ. Str. XI, II, 15].
პონტოს თვით დასავლეთ ნაწილშიც კი შესაძლებელი ჩანს, ვივარაუდოთ ტოპონიმ თემისკირას (Θεμίσκῡρα) მეორე შემადგენელი ნაწილის – კირას – მეგრულ-ლაზური წარმომავლობა. სიტყვა სკური თუ ნოსკირი მეგრულ-ლაზურად ნიშნავს დანაშრობ მიწას, წყლისაგან ნამატს, წართმეულს [შდრ. 24, 30ფ.] (შდრ. ქ. რიზესთან მიკვლეული ლაზური ტოპონიმები მელესქირი, მეკელესქირი) [40, 167f.; 41, 98 შენ. 113]. სტრაბონის მიხედვითაც, თემისკირა წყლით მდიდარი ველია, მრავალი ნაკადულითა თუ წყაროთი გამონაკვები და ამიტომ მუდმივად ნესტიანია და ბალახით დაფარული [შტრ. XII, III, 15-16]. გასათვალისწინებელია, რომ ქრისტიანი ლაზები XIX საუკუნის დამლევამდე ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ტრაპეზუნტიდან პლატანამდე (ქ.ტრაბზონის დასავლეთით მდებარე დღევ. ქ.აკჩააბათი), აღმოსავლეთიდან დასავლეთით, და ტრაპეზუნტიდან გიუმუშჰანემდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთით [42, 145]. კოლხების (ეგრისელების, ლაზ-ჭანების) ბინადრობის დამამტკიცებელი საბუთი, ვრცელ ტერიტორიაზე, დიოსკურიიდან ტრაპეზუნტის მხარემდე, მოიძიება VII საუკუნის სომხურ გეოგრაფიაში, აშხარაცუიცში: “...კოლხეთი, რომელიც ეგრია... იყოფა ოთხ მცირე მხარედ..., რომელიც საკუთრივ ეგერია [იქ] მდინარე ფაზისია ამავე სახელწოდების ქალაქთან, და ჭანივი რომელიც ხალტიქია სადაც მდინარე მეგალუპოტამიაა. მას აქვს სხვა მდინარეებიც აკამფსისი ანუ ვოჰი, რომელსაც სათავე დიდ არმენიაში აქვს. მას ხუთი ქალაქი აქვს: იგანი, კოთაისი, როდოპოლოსი, ათენაი და რიზუსი და რამდენიმე სხვა ემპორიუმი და ზღვისპირა ქალაქი, როგორიც ტრებიზონდია” [Ašxarhac’oyc’, Long Recension, V, 19, იხ.32, 57][10]. აქ საუბარი, როგორც ჩანს, უფრო უნდა ეხებოდეს კოლხებით დასახლებულ ტერიტორიებს, ვიდრე ნაგულისხმები იყოს კოლხთა კონტროლს დაქვემდებარებული მიწები (გვ.111). პონტოს მოსახლეობა შედგებოდა არა მხოლოდ კოლხთა შთამომავლებისაგან, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოსახლე სხვა, მათი მონათესავე ელინიზებული და არაელინიზებული ტომებისგანაც: ხალიბ/ხალდების, მაკრონების, მოსინიკების, დრილების, ტიბარენების, სანების, ჰეპტაკომეტების, ბიზერებისა და სხვათაგან. აღსანიშნავია, რომ ამ ტომთაგან ჭანების ბინადრობის ძირითადი არეალი თანხვდება სანებისა და მაკრონებისას – სამივე ეს ტომი სხვადასხვა ხანაში სახლობდა პონტოს ალპების ცენტრალურ ნაწილში, რომელსაც თანამედროვე თურქული გეოგრაფიული ნომენკლატურის მიხედვით გიუმიუშხანეს მთები (Gümüşhane Dağları) ჰქვია, ხოლო ბიზანტიურ ხანაში, ხალდიის (Chaldia) თემი ეწოდებოდა. საფიქრებელია, რომ ეს ტომები ერთი და იმავე წარმომავლობისა უნდა ყოფილიყვნენ. პროკოპი კესარიელის თანახმად, ჭანებს უწინ “სანები” რქმევიათ: “..ჭანების ტომი, თავიდანვე ბარბაროსები, რომელნიც არავის ქვეშევრდომები არ არიან, წინა ხანებში სანებად (Σάνοι, Σοῦνοι) წოდებულნი...” [[Procop., Wars, I, XV, 21-25; II, III, 39]. ძველი ბერძნული წერილობითი წყაროების საფუძველზე, შესაძლებლობა მოგვეპოვება, თვალი “სანების” ვინაობის საკითხსაც გავადევნოთ; სტრაბონის “გეოგრაფია” მათ, თავის მხრივ, მაკრონების შთამომავლებად მიიჩნევს: “ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ მდებარეობენ ტიბარანები, ხალდები და სანები, ადრეულ ხანებში მაკრონებად წოდებულნი და მცირე არმენია...” [შტრ., XII, III, 18]. სტეფანე ბიზანტიელთან უკვე Tzan - ებია მაკრონების შთამომავლებად მიჩნეული. ზემომოტანილი განმარტებები, საშუალებას გვაძლევს, არა მხოლოდ სანები და Tzan -ები მივიჩნიოთ მაკრონების შთამომავლებად, არამედ, ამავე დროს, სანები და Tzan-ებიც (ანუ ჭანები) ერთმანეთთან გავაიგივოთ; ამაზე ამ ორი ეთნონიმის ფონეტიკური სიახლოვეც უნდა მიგვანიშნებდეს (იხ. ზემოთ). სტრაბონის “გეოგრაფიის” სხვა ადგილას ზემოთ ციტირებული ტექსტისაგან განსხვავებით, დასახელებულ ტომთაგან მხოლოდ პირველი ორი, ტიბარანები (ოღონდ ტიბარენების ფორმით) და ხალდები მოიხსენიებიან, ხოლო სანები აქ გამოტოვებულია: “ტიბარენები და ხალდები ვრცელდებიან კოლხეთამდე” [Str., XII, III, 29]. სტრაბონის ცნობები, ტიბარენებისა და ხალდების გავრცელების შესახებ კოლხეთამდე (რაც, ცხადია იქ სანებისათვის ადგილს ვეღარც უფრო აღმოსავლეთით დატოვებდა) და აგრეთვე ტიბარენებისა და ხალდების ბინადრობის შესახებ (ისევე, როგორც პირველ ფრაგმენტში) ფარნაკია-ტრაპეზუნტის რეგიონის ზემოთ, მთებში, ოღონდ ამჯერად სანების გარეშე [Str., XII, III, 28], (გვ. 112), მიგვანიშნებს, რომ 28-29 პარაგრაფების ხალდებში 18 პარაგრაფის სანებიც უნდა იგულისხმებოდნენ, ეს მით უფრო სარწმუნო გახდება, თუ გავითვალისწინებთ ძველი სომხური მატიანეებისათვის, ხალდებისა და ჭანების (ანუ იგივე სანების) ზემოაღნიშნულ იგივეობას: “ჭანივქი რომელიც ხალტიქია” (იხ., აგრეთვე, ქვემოთ). არცერთი სხვა ეთნონიმი ისე ორგანულად არ უკავშირდება პონტოს მხარეს, როგორც ხალდებისა და მათი ქვეყანის – ხალდიის სახელწოდებები. დღეს არსებული ვითარებით, თურქეთის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის აბორიგენულ მოსახლეობაში სახელწოდება “ხალდი”, მხოლოდ “მთების გადაღმა მცხოვრებ ხალხს” აღნიშნავს და ამასთანავე მას აქვს რამდენადმე დამამცირებელი შეფერილობაც; ტრაპეზუნტის მხარის სოფლების მთელი წყება ბოლო დრომდე ატარებდა და დღესაც ატარებს სახელწოდებას “ჰალთ”. კერძოდ, პონტოს მთაგრეხილის ჩრდილოეთ კალთებზე უკანასკნელ ხანებამდე იყო შემორჩენილი “ხალდების” სახელწოდების ამსახველი დასახლებული პუნქტი – ხალდიზენი; იგი მდებარეობდა დაახლოებით ქალაქების ბაიბურდისა და რიზეს შემაერთებელი ხაზის აღმოსავლეთით (ოღონდ უფრო ბაიბურდისკენ, ვიდრე რიზესკენ) [იხ.43, 1923]. სპეციალისტთა მიერ შენიშნულია, რომ IX საუკუნიდან თვით ხალდიის თემის (thema) სახელწოდებაში თვალმოსაკრავად გამოკრთა პონტოს მძლავრი ადგილობრივი სულის რაღაც ნაწილი [28, 116-117]. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ “ხალდია” ლაზთა ქვეყნის ძველ და ზოგად სახელწოდებას წარმოადგენდა. ამ სახელმა ადმინისტრაციული გამოხატულება შესძინა ადგილობრივი მოსახლეობის იდენტურობას, რომელიც სრულიად გარკვეულად დაკავშირებული იყო ლაზებთან. აბულ ფედა, X საუკუნის არაბი ისტორიკოსი, ტრაპეზუნტს, ძირითადად ლაზურ ნავსადგურად მიიჩნევს, ხოლო ბიზანტიელი ავტორები, პაქიმერასი და აგრეთვე ტრაპეზუნტელებიც, მაგ., ლაზაროპულოსი და ბესარიონი, თვით ტრაპეზუნტის იმპერიას ლაზურ ქვეყნად თვლიდნენ [25, 179]. ამასთან დაკავშირებით, მხედველობაშია მისაღები, რომ პროკოპი კესარიელის მიერ მოხსენიებულ, “რომაელებს (რომაიოი), რომელთაც პონტოელებს (პონტიკოი) უწოდებენ” [Procop., Wars, II, XVII, 1-2; Procop., Buildings, III, VI, 9-14], ცნობილი ორიენტალისტი, ვლადიმერ მინორსკი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, "ლაზებად" მიიჩნევდა [44, 1936].
<<გაგრძელება (ნაწილი II)....
___________________________________________________________________________________
[1]. ყურადღებას იპყრობს აგრეთვე, გერმანელი არქეოლოგის, ჰარალდ ჰაუპტმანის მიერ ნევალი ჩორიში (სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლია) აღმოჩენილი საკულტო მნიშვნელობის მქონე ადამიანისმაგვარი ქანდაკება. ქანდაკებას მკერდის შუაგულში აქვს დიდი ზომის შვერილი [4, 66, Fig. 26], რომლის დანიშნულებაც აზრს იძენს დასავლურქართული, მეგრული მითოლოგიური პერსონაჟის, ოჩო-კოჩის გათვალისწინების შედეგად; ამ უკანასკნელს მკერდზე თმის საფარის ნაცვლად ჰქონია ქვის ცულისა თუ წვეტიანი ძვლის მსგავსი შვერილი. ოჩო-კოჩი თავს ესხმოდა და მკერდში იხუტებდა მის მახლობლად გამვლელებს და ხოცავდა მათ [შდრ. 5, 44].
[2]. შესაქმე, IV, 22: ”თობელი ესე იყო კვერით ხუროი, მჭედელი რვალისა და რკინისა”, შდრ.Gen., IV, 22: “Tubal-Cain, who forged all kinds of tools out of bronze and iron”.
[3]. იქ, დღესაც არის შემონახული ერკინისის ციხის (Erkinis kalesi დღევ. სოფ. დემირკენთში, იგივე ერკინისში, ქ. იუსუფელის ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 კმ) ნანგრევები.
[4]. რობერტ ჰიუსენი, მას ტერმინ ”ჯავახთან” აკავშირებს [32, 209შენ.251], თუმცა, საფიქრებელია ამ სახელწოდებასთან უფრო დაკავშირებული იყოს ჭოროხის ქვემო წელთან მდებარე ქართული მხარის სახელი – ”მაჭახელი”.
[5]. ვახუშტთან გვხვდება აგრეთვე ტერმინი ”ლაზ-ჭანთა” [34, ვახუშტი 785, 20].
[6]. რუსული ”რწმუნებებით აღჭურვილი” იაკობ რაინეგსი, ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის კარზე იმყოფებოდა 1779-1783 წწ. და ძალ-ღონეს არ იშურებდა რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წლის ”გეორგიევსკის ტრაქტატის” დასადებად.
[7]. პროკოპი კესარიელის მიერ გამოყენებული ქორონიმიც ჯანიკი/ჩანიკი ცხადია, მიგვანიშნებს მის წარმომავლობას ეთნონიმ ჭანი-საგან.
[8]. "არ[ი]ს სოფელი მეგრელთა" [37, 38შენ. 1, 39], "ქუეყანასა ხალდისისა, მახლობელად ქალაქსა ტრაპიზონთასა" [37ა, 285, 15], "...ხალდიასა, ქალაქსა ტრაპიზონთასა" [38, 383, 27-28].
[9]. 39, 142, 20-22: ”და წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტ[ი]ორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი”.
[10]. ჭანივის ანუ ხალტიქის მდინარეებად აქ დასახელებულია მეგალუპოტამია და აკამფსისი ანუ ვოჰი. ეს უკანასკნელი, ცხადია ჭოროხია, ხოლო მეგალუპოტამია დღევანდელი ბუიუქ დერეა (ბერძნული ტერმინის, მეგალოპოტამიის, თურქული შესატყვისი) ქ. არდაშენთან, ბათუმსა და რიზეს შორის [32, 127].
|