გავაზი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. II.- თბ., 1977. -გვ.623
გავაზი, ძველი გავაზი, ისტორიული სოფელი კახეთში. მდებარეობდა თანამედროვე ახალსოფლის (ყვარლის რ-ონი) ტერიტორიაზე, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადის ავანისხევის (გავაზისწყლის) ორივე ნაპირზე. გავაზის დაწინაურებას ადრინდელი შუა საუკუნეებიდანვე ხელი შეუწყო მისმა ხელსაყრელმა მდებარეობამ კავკასიონისა და ალაზნის ველის მიჯნაზე. VI საუკუნეში გავაზში აიგო მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი - ძველი გავაზის სახელით ცნობილი ეკლესია. ქართული წერილობით წყაროებში გავაზი პირველად იხსენიება IX საუკუნეში, როდესაც ქორეპისკოპოსმა სამოელ დონაურმა იქ დაამარცხა არაბები. X საუკუნეში კვირიკე ქორეპისკოპოსისა და კონსტანტინე აფხაზთა მეფის ჰერეთში ლაშქრობის შედეგად გავაზი და არიში კონსტანტინეს ერგო წილად. გავაზში აღმოჩენილი 1025 წლით დათარიღებული სამშენებლო წარწერა გვამცნობს, რომ აქ საყურადღებო მშენებლობა მიმდინარეობდა. გავაზის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა XV-XVI საუკუნეებში. იგი კახეთის სამეფოს დედაქალაქ გრემიდან ირანისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა. გამომწვარი თიხის ფილებით მოგებული, სამეთვალყურეო კოშკებით დაცული გზის თითო დღის სავალზე ქარვასლები იყო მოწყობილი. ერთ-ერთი ასეთი ქარვასლა გავაზშიც იდგა. შაჰ-აბასის მიერ კახეთის აოხრების შემდეგ გავაზის მნიშვნელობა დაკნინდა. ლეკიანობამ იგი გააპარტახა. XVIII საუკუნეში გავაზის მოსახლეობა გადასახლდა ალაზნის ველზე, სადაც ამავე სახელწოდების სოფელი გაშენდა. 1969-1972 წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი ლ. ჭილაშვილი) გაირკვა, რომ გავაზის ტერიტორიაზე დასახლებული იყო ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. გაითხარა IX-XVI საუკუნეების გავაზის ძირითადი უბნები: ბაზარი (თანამედროვე „ნაბაზრალი“), დარბაზოვანი (ციხის, ეკლესიისა და სასახლის კომპლექსები), სამება (ეკლესია, ქარვასლა, სახელოსნო უბანი) და აგრარული ზონა — „კოპალე“ (ქვის ყორეებით შემოზღუდული მამულები, სარწყავი სისტემა).
ძველი გავაზის ღვთისმშობლის ეკლესია, VI ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფლის მიდამოებში (ისტორიული გავაზის ტერიტორია), რომელმაც XIX ს. რესტავრაციის გამო ჩვენამდე შეცვლილი სახით მოაღწია. ეკლესია გეგმით ტეტრაკონქია — ცენტრ. კვადრატს ოთხივე მხრიდან ეკვრის ნალისებრი ფორმის აფსიდებით დაბოლოებული კონქები, რომელთა გუმბათქვეშა თაღებიც აგრეთვე ნალისებრი ფორმისაა. ეკლესიას შესასვლელი სამხრ. და დას. მხრიდან აქვს. რვაკუთხა გუმბათის ყელი, რომელიც უფრო გვიანდელ ხანას მიეკუთვენბა, საგრძნობლად წაგრძელებულია, აქვს სამი სარკმელი (აღმ., სამხრ. და დას.). კონსტრუქციულად ცენტრალური კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების მეშვეობით. ეკლესიას მოგვიანებით მიაშენეს გარშემოსასვლელი, რომელიც, როგორც ჩანს, მთელ ტეტრაკონქს ეკვროდა, მაგრამ შემდეგ დაზიანდა და ნაწილობრივ დაინგრა; ამჟამად იგი ჩრდ. კონქთან წყდება. ეკლესია და გარშემოსასვლელი რიყის ქვითაა აგებული. 1850 წ., როდესაც ხელმეორედ დაასახლეს მიტოვებული სოფელი ძველი გავაზი და ახალსოფელი უწოდეს, აღადგინეს და საფუძვლიანად შეაკეთეს გავაზის ეკლესიაც. სამხრეთ ფასადზე, გარშემოსასვლელის კარების თავზე, მოთავსებულია წითელი ქვის ფილა წარწერით, რომელშიც ნათქვამია, რომ 1852 წ., თავადმა ივანე ამილახვარმა აღაშენა და დაასახლა ძველადვე განთქმული სოფელი გავაზი და განაახლა ტაძარი.
http://ka.wikipedia.org/wiki/გავაზი_(ისტორიული)
************************************************************************************
ძველი გავაზი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974.- გვ.28-29; გვ.102
ძველ გავაზს ახლა ახალსოფელი ეწოდება. იგი ალაზნის გაღმაა, ყვარლის რაიონში. ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა. XIX და XX სს. რემონტის წყალობით დიდად დამახინჯებულია. გარშემოსავლელი და გუმბათის ყელი თავდაპირველი არ არის ადრინდელი ხანისათვის დამახასიათებელი ნალისებრი მოხაზულობა მკაფიოდ ჩანს არა მარტო გეგმაში (ოთხივე აფსიდი), არამედ შესასვლელთა (დასავლეთითა და სამხრეთით) თაღებშიც..<<ტექსტი სრულად აქ...<<
|