There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები// ციხე - სიმაგრეები>>>
ფოტოს ავტორი: ნინო ცანდიშვილი (http://ka.wikipedia.org/wiki/ფაილი:Bochorma_church.jpeg)
ბოჭორმა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.II. - თბილისი, 1977, გვ.496
ბოჭორმა, სოფელი თიანეთის რაიონში (სიონის თემი), გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1020 მეტრზე, თიანეთიდან 49 კმ... თანამედროვე ბოჭორმიდან 2 კილომეტრზე ჩრდილო -აღმოსავლეთით გომბორის ქედზე მდებარეობდა ისტორიული კახეთის ერთ-ერთი (ვახუშტის მიხედვით უძველესი) ცენტრი ბოჭორმა. X საუკუნეში იგი კახეთის სამთავროს პოლიტიკური ცენტრიც იყო. დღემდე შემორჩენილია ბოჭორმის გრანდიოზული ციხესიმაგრის ნანგრევები (წმ.გიორგის სახელობის ეკლესია სასახლე და სხვ. ნაგებობანი). ციხის კედლები კარგად ერწყმის მთის რთულ რელიეფს. ციხე ორი მაწილისაგან შედგება. მთავარია შიგა ციხე, რომლის სამხრეთ ნაწილში სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი. ციხის შუაში X სასაუკუნის ექვსაფსიდიანი, ცენტრალურ-გუმბათიანი ეკლესია დგას. აფსიდები და მათ შორის მოთავსებული ნიშები თაღებით არის გაერთიანებული. გადახურვა ქოლგისებრია. ფასადის ყველა თაღი მოქცეულია ორფერდა სახურავსი ქვეშ. ექვსსარკმლიანი მრგვალი გუმბათის ყელი აფსიდების თაღებსა და მათ შორის მოთვსებულ აფრებს ეყრდნობა. შემორჩენილია XII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები, ხოლო კანკელი XVIII საუკუნეს მიეკუთვნება. ეკლესიის სამხრეთით მაღალ გორაკზე აღმართულია ცილინდრული კოშკი, რომლიდანაც კარგად მოჩანს ირგვლივ მდებარე ხეობები. ციხის ყველაზე მაღალ ადგილას 16 მეტრიან საყრდენ კედელზე დგას კოშკი, ე.წ. "მეფის დარბაზი". როგორც ჩანს, იგი ორ- ან სამსართულიანი იყო. კედლებში დაყოლებულია პატარა სარკმლები, საზარბაზნეები, სალოდეები და სათოფურეები. ამ ტიპის ნაგებობებს XVIII საუკუნის შუაწლებში აშენებდნენ. ციხის სამხრეთ დასავლეთ კუთხეში დგას გეგმით სწორკუთხა სამსართულიანი შენობა. ციხე შემოზღუდულია კოშებიანი გალავნით, მის ტერიტორიაზე თავდაცვითი და სამეურნეო დანიშნულების ბევრი ნაგებობაა შემორჩენილი. ბოჭორმის ციხეს ერეკლე II-ის დროს საფუძვლიანი რეკონტსრუქცია განუცდია. იგი XVIII საუკუნის ბოლომდე ასრულებდა თავის დანიშნულებას.
ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია - http://ka.wikipedia.org/wiki ბოჭორმის_წმინდა_გიორგის_ეკლესია
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, მაღალ მთაზე მდებარე ბოჭორმის ციხის შიდა ეზოში. ეკლესია თარიღდება X საუკუნით. იგი გეგმით ექვსაფსიდიანი, ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია შირიმითა და მომწვანო ფერის ქვიშაქვით. კედლები შიგნით მოპირკეთებულია შირიმის სწორკუთხა, სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი ფილებით. კედლების ქვედა ნაწილები (იატაკიდან დაახლოებით 0,8 მ სიმაღლეზე) ქვიშაქვითაა ნაწყობი. შენობის გარე მოპირკეთებისათვის თავდაპირველად გამოყენებული ყოფილა მომწვანო ფერის ქვიშაქვების ფილები; მოგვიანებით განახლებული და შეკეთებული ნაწილები შირიმისა და აგურისაა. ეკლესიაში შექმნილია გუმბათით დასრულებული ცენტრალური სივრცე. ამ ცენტრიდან სხივისებურად იშლება აფსიდით დასრულებული ექვსი მკლავი. თითეული აფსიდის წინ ბემაა. მათგან ხუთი მკლავის ბემა თანაბარი სიღრმისაა, საკურთხევლის აფსიდის წინ მდებარე ბემა კი გაცილებით ღრმაა, რის გამოც საკურთხევლის აფსიდი შენობის კორპუსიდან ნაწილობრივ წინაა წამოწეული და გარედან სამწახნაგოვანი შვერილით იფარგლება. თითეული მკლავის სივრცე გუმბათქვეშა სივრცისგან გამიჯნულია ორი მარტივი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. საბჯენი თაღის ქუსლებთან გამოყოფილია მარტივი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) იმპოსტები. მსგავსი პროფილის იმპოსტებზეა დაყრდნობილი თითეული აფსიდის თაღიც. მკლავების შეერთების ადგილას ნახევარსვეტებია. გუმბათქვეშა თაღებს შორის არსებული მონაკვეთები შევსებულია ბრტყელი აფსიდით, რომელიც ტრომპების მსგავსად, ბრტყელი თაღითაა დასრულებული. ამრიგად, მკლავების ექვსი თაღი და ექვსი დამატებითი პატარა თაღი ქმნიან გუმბათის წრიულ საფუძველს. შესასვლელები მოწყობილია სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის აფსიდებში. ორივე შესასვლელი შიგნიდან დასრულებულია თაღით, ხოლო გარედან - მოზრდილი ტიმპანით. ჩრდილო-დასავლეთის კარი ამოშენებულია. საკურთხევლის აფსიდში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და დასავლეთ აფსიდებში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლები შედარებით მაღლაა, ისე რომ მათი გადამხურავი თაღის ნაწილი შეჭრილია კონქის არეში. საკურთხეველი ეკლესიის იატაკზე 0,8 მეტრით მაღალია. საკურთხევლის ცენტრში დგას მაღალი ტრაპეზი. საკურთხევლის ბემის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო მცირე ზომის ნიშია. ჩრდილო ნიშის გვერდით მოგვიანებით მოუწყვიათ ვიწრო გასასვლელი, რომელიც ჩრდილო–აღმოსავლეთის მკლავში გადის. ეს მკლავი ამის შემდეგ, როგორც ჩანს, სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. საკურთხეველი ტაძრის დანარჩენი სივრცისგან გამოიყოფა აგურით ნაწყობი, XVIII საუკუნის კანკელით. ეკლესია მთლიანად არის მოხატული. დაზიანების მიუხედავად, თითქმის ყველა კომპოზიცია გაირჩევა და დეკორის საერთო პროგრამის აღდგენა მაინც შესაძლებელია. მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. თითეული აფსიდის კონქში წარმოდგენილია თითო სცენა, დანარჩენ რეგისტრებში – ორ-ორი. საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია ქრისტეს დიდების კომპოზიცია, II და III რეგისტრებში კი – ეკლესიის 12 მამაა. ბემის კამარაში განლაგებულია წინასწარმეტყველთა ფიგურები, ხოლო ბემის კედლების ზედა რეგისტრებში, ჩრდილოეთით - ფერისცვალება, სამხრეთით – ლაზარეს აღდგინება. სადღესასწაულო ციკლის სცენები გამოსახულია ჩრდილო-აღმოსავლეთის და სამხრეთ–აღმოსავლეთის აფსიდებშიც. კერძოდ, ჩრდილო–აღმოსავლეთის აფსიდის კონქში, III რეგისტრში გამოსახულია ქრისტეს ნახევარფიგურისკენ ვედრებით მიმართული ისტორიული პირის გამოსახულება (სავარაუდოდ დავით აღმაშენებელი). ჩრდილო-დასავლეთის აფსიდი ეთმობა ქრისტეს სასწაულთა ამსახველ სცენებს, ხოლო დასავლეთის აფსიდში წმინდა გიორგის სცენებია გამოსახული, სამხრეთ–დასავლეთის აფსიდში – განკითხვის დღის ვრცელი კომპოზიცია – ძველი დღეთაი. ეკლესიის სამხრეთ–დასავლეთის და ჩრდილო-დსავლეთის მკლავებს, გარედან, გემით სწორკუთხა კარიბჭეები ეკვროდა. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-დსავლეთის კარიბჭე (4,6X4 მ). იგი ნაწყობია მომწვანო ფერის ქვიშაქვის სუფთად გათლილი კვადრებით. კარიბჭე სამხრეთითაა და დასავლეთით, თითქმის მთელ სიგანეზე, თითო ფართო თაღოვანი მალითაა გახსნილი (მოგვიანებით დასავლეთი მალი ამოაშენეს). აღმოსავლეთი კედლის შუაში მოწყობილია პატარა, გეგმით ნახევარწრიული თაღოვანი ნიში. თავდაპირველად კარიბჭე შიგნიდან ჯვრული კამარით ყოფილა გადახურული. ამჟამინდელი რიყის ქვით ნაწყობი კამარა კარიბჭის რემონტსა და მასზე XVII საუკუნეში სამრეკლოს დაშენების თანადროულია.
ბოჭორმის ციხე – ციხესიმაგრე თიანეთის მუნიციპალიტეტში. სიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით 14 კმ-ში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. ბოჭორმის ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში უჯარმის შემდეგ, იგი აგრეთვე კახეთის პოლიტიკური ცენტრიც იყო. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, ციხესიმაგრე უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა დაერქვა, ბოლოს კი - ბოჭორმა. ცნობილი არაა ციხის აგების თარიღი. პირველად ციხე იხსენიება X საუკუნის დასაწყისში. 914 წელს, არაბების მიერ უჯარმის აღების შემდეგ, ბოჭორმელებმა ციხე უბრძოლველად დატოვეს და იგი დროებით არაბებმა დაიკავეს. X საუკუნეში აფხაზთა მეფეები ცდილობდნენ კახეთის ხელში ჩაგდებას. კახეთის მთავარს კვირიკე ქორეპისკოპოსს (939-976 წწ.) ძმამ (შტორამ) უღალატა. მისი დახმარებით აფხაზთა მეფემ გიორგიმ ხელთ იგდო უჯარმა და სხვა მნიშვნელოვანი ციხეები. კვირიკე ბედს შეურიგდა და კახეთი გიორგის დაულოცა, მხოლოდ ითხოვა ბოჭორმის ციხე გაზაფხულამდე მისთვის დაეტოვებინათ. ქართლის აზნაურების დახმარებით კვირიკე მალე კვლავ დაეუფლა კახეთს. 1010 წელს, კახეთ-ჰერეთის დაპყრობის შემდეგ, ბაგრატ III-მ (975-1014 წწ.) ბოჭორმის ციხეც აიღო და შიგ გამაგრებული კახეთის მთავარი კვირიკე დაატყვევა. გარკვეული დროის მანძილზე ამ ციხეს, კახეთის სხვა მნიშვნელოვან ციხეებთან ერთად, ბაგრატ IV (1027-1072 წწ.) ფლობდა, მაგრამ მალე იძულებული გახდა იგი უჯარმასთან ერთად განძის ამირა ფადლონის საფასურად კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანისათვის (1058-1084 წწ.) დაეთმო. XVIII საუკუნეში ერეკლე II-მ ციხის მნიშვნელოვანი ნაწილი აღადგინა და ზარბაზნები ჩააყენა. 1747 წელს ერეკლე II-სა და ტახტის მაძიებელ აბდულ-ბეგს შორის ბრძოლა გამწვავდა. მეფე ბოჭორმის ციხეში გამაგრდა. 1749 წელს მემატიანე პაპუნა ორბელიანი წერს "მარად ცდილობდნენ მეფენი (თეიმურაზი და ერეკლე) ქვეყნის შემატებასა და აშენებასა, ვითაც ლეკისგან ქართლისა და კახეთისა ქვეყანა დიდად შეწუხებული იყო... წაბრძანდა მეფე ერეკლე კახეთს. აღაშენა ციხე ჭოეთისა და გაამაგრა ფრიად, მაშინ განასრულა ციხე ბოჭორმისა“. ბოჭორმის ციხე XVIII საუკუნემდე მოქმედი იყო. ბოჭორმის ციხის მნიშვნელოვანი ნაწილი მთლიანად დანგრეულია. ციხის ჩრდილოეთ კუთხეში, თითქმის არასწორ ზედაპირზე, გამოყოფილია შიდა ციხე. იგი შემოსაზღვრული იყო მაღალი გალავნით, რომელშიც რამდენიმე კოშკი იყო ჩართული.
ამჟამად გალავნის კედლებიდან მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილოეთისაა შემორჩენილი. შიდა ციხის ფარგლებში მოქცეულია წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია, სასახლე, პატარა დარბაზული ეკლესია, ცილინდრული კოშკი და გვიანდელი შუა საუკუნეების (ერეკლე II ეპოქის) რამდენიმე ნაგებობა. შიდა ციხის სამხრეთ–დასავლეთის კოშკი გეგმით კვადრატული (8X8 მ) სამსართულიანი შენობაა. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვების შერეული წყობით. დაზიანებულია. ჩამოშლილია ხის სართულშუა გადახურვა, მონგრეულია III სართულის კედლების დიდი ნაწილი. კოშკის I სართულის შესასვლელი აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილშია. II სართულს სამხრეთით ორი ფართო შესასვლელი აქვს. მათ წინ, სამხრეთ კედლის მთელ სიგრძეზე, დაახლოებით, 1.5-1.8 მ სიგანის ბაქანია, რომელსაც აღმოსავლეთიდან კიბე აქვს. III სართულის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლები თითქმის მთლიანად დანგრეულია. დასავლეთ კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში კი II სართულთან დამაკავშირებელი კიბის შესასვლელის წირთხლების ნაწილებია შემორჩენილი. შიდა ციხის ჩრდილო-დასავლეთის კოშკი გეგმით სწორკუთხაა (7X6,7 მ), შემორჩენილია მხოლოდ სამი სართულის სიმაღლეზე. კოშკის I სართული ამოვსებულია ნანგრევებით. კოშკის II სართულს ერთადერთი შესასვლელი აღმოსავლეთიდან, გალავნის ჩრდილოეთ კედლის საბრძოლო ბილიკიდან აქვს. III სართულის კედლის უმეტესი ნაწილი დანგრეულია. სართულის აღმოსავლეთ კედლის ჩრდილო ნაწილში წრიული გეგმის საპირფარეშო იყო. შიდა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კუთხეებმომრგვალებული კოშკი (7,3X6,1). იგი ორი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი. I სართულის სამხრეთ კედელში აგურის ნახევარწრიული თაღით გადახურული შესასვლელია. ამჟამად კოშკის II სართულის კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია. სწორკუთხა კოშკი - "მეფის დარბაზი", დგას ციხის ყველაზე მაღალ ადგილას, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. კოშკი სწორკუთხაა (9,3X4,8 მ), შემორჩენილია სამი სართულის სიმაღლეზე. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. კოშკის ერთადერთი შესასვლელი I სართულის სამხრეთ კედელშია. სასახლე, დგას შიდა ციხის სამხრეთ კედლის ხაზზე, წმ. გიორგის ეკლესიიდან სამხრეთ-დასავლეთით ოციოდე მეტრის მანძილზე. იგი გეგმით სწორკუთხაა (23X8 მ) და ნაწილობრივ ფერდობშია შეჭრილი. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ ერთი (როგორც ჩანს, ერთადერთი) სართული. იგი შედგება სხვადასხვა ფართობის ორი ოთახახისაგან, რომლებიც ერთმანეთთან კარითაა დაკავშირებული. მათგან აღმოსავლეთით მდებარე ოთახი ფართობით დასავლეთისას თითქმის ორნახევარჯერ აღემატება. სამხრეთიდან მას ორი ფართო შსასვლელი აქვს. ცილინდრული კოშკი, დგას გუმბათოვანი ეკლესიიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით (დაახლოებით 20 მ მანძილზე), პატარა გორაკზე. თარიღდება X საუკუნით. ნაგებია რიყისა და კლდის ნატეხი ქვებით. კოშკი წრიულია (გარე დიამეტრი 8 მ), სამსართულიანი.
ტექსტის წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ბოჭორმის_ციხე
***********************************************************************************
ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბილისი, 1974. - გვ.121.
ბოჭორმა. გარე კახეთშია, საგარეჯოს რაიონში. მოთავსებულია მთაზე აშენებული ციხის ფარგლებში. აქვე სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევებია... <<ტექსტი სრულად აქ..<<
***********************************************************************************
ბოჭორმა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.2. - თბ., 2004.- გვ.370-373.
049. ციხესიმაგრე - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 2 კმ-ზე, გომბორის ქედზე. ისტორიული კახეთის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი. X საუკუნეში უჯარმის შემდეგ, იგი კახეთის სამთვროს პოლიტიკური ცენტრიც იყო. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, ციხესიმაგრე უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა დაერქვა, ბოლოს კი - ბოჭორმა... <<ტექსტი სრულად აქ...<<
|