topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

გ. ქავთარაძე - ანატოლია - კავკასიის მიჯნის ძველი ისტორიის ზოგიერთი საკითხი (ნაწილი 2)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე... <<<საინტერესო სტატიები>>>

სამეცნიერო პარადიგმები

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია

პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

თბილისი,

2009


გიორგი ქავთარაძე

ანატოლია - კავკასიის მიჯნის ძველი ისტორიის ზოგიერთი საკითხი

(ნაწილი II)

<<<დასაწყისი (ნაწილი I ) ..                                                    ...<<<დასასრული (ნაწილი III)

სახელწოდება “ხალდია” არ მომდინარეობს ურარტელთა მზის ღვთაება “ხალდის” სახელიდან და არც ურარტელთა თვითდასახელება ყოფილა ოდესმე “ხალდი”, როგორც ამას ე.ბრაიერი და დ.ვინფილდი მცდარად ვარაუდობენ [შდრ. 45, 300]. ცნობილია, რომ ურარტელები საკუთარ ქვეყანას “ბიაინლის” უწოდებდნენ. ამავე დროს, ურარტუს მეფის, რუსა II-ის ადილჯევაზის ლურსმულ წარწერაში, რომელიც ძვ.წ. 676 წ. თარიღდება, ნახსენებია ხალიტუ, ურარტუსაგან მოშორებით მდებარე, უცხო ქვეყანა [46, 278] (გვ.113).

ეს ქვეყანა, ზოგიერთი მკვლევარის მიერ, გაიგივებულია ბევრად უფრო გვიან, პონტოში მდებარე ხალტიქ / ხალდიასთან [47, 111f.]. ძველი სომხური წყაროების, VII საუკუნის სომხური გეოგრაფიისა და მოვსეს ხორენაცის VIII საუკუნის “ისტორიის” თანახმად, ხალტიქი (ხალდია) იგივეა, რაც ჭანივქი/ჭანივი. მოვსეს ხორენაცი იუწყება, რომ იმპერატორი ტაციტუსი “თავისიანებმა მოკლეს პონტოელთა ჭანივქში, ე.ი. ხალტიქში” [Xor., II, 76, იხ.48, 162][11]. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხალიბები (სტრაბონის მიხედვით, ხალდების წინაპრები), ამავე დროს ხალდების შთამომავლების, ჭანების (იხ.ზემოთ) წინაპრებიც ყოფილან, რომლებიც, იმავე სამხრეთ - აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში სახლობდნენ, სადაც ხალიბები. გრიგოლ გიორგაძის თვალსაზრისით, ხეთურ წყაროებში დამოწმებული ქასქური ტოპონიმი “ხალილა”, რომელიც შედგება Khali ფუძისაგან და სუფიქსისაგან – la, უნდა უკავშირდებოდეს ურარტული წარწერის ხალიტუს და ძველი ბერძნული წყაროების ხალიბებს [21, 111f.]. ჩრდილოეთ ანატოლიაში (ანუ შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში) მოსახლე ტომები – მოსინიკები, მაკრონები, ტიბარენელები, ლევკოსირიელები, ისევე როგორც ხალიბები თუ ხალდები – ხშირად არიან სპეციალისტთა მიერ ანატოლიის უძველეს, აბორიგენულ მოსახლეობად მიჩნეული, რომლებმაც მოახერხეს წინახეთური ეპოქიდან აქ თავის შემონახვა. აღსანიშნავია, რომ მოიპოვება საკმარისი მონაცემები ხალიბებისა და ხალდების გასაიგივებლად - ჯერ კიდევ ხომ სტრაბონი აცხადებდა, რომ ხალდები, იგივე ხალიბები იყვნენ [Str., XI, III, 19]. ე.ბრაიერი და დ.ვინფელდი, მაკრონებს და სხვა, ჰეროდოტეს მიერ, მათთან ერთად ჩამოთვლილ, სამხრეთშავიზღვისპირეთულ ტომებს პონტოს წინარექართველური (Proto-Georgian) მოსახლეობის ჯგუფებად მიიჩნევენ, რომლებიც ურარტუს განადგურების ხანას გადაურჩნენ [45, 300]. პონტოს ერთ-ერთი უძველესი, უკვე ჰეკატეოს მილეტელისათვისა და ჰეროდოტესათვის ცნობილი ტომის, მაკრონების ადგილმდებარეობის ძირითადი არეალი ჯერ კიდევ ქსენოფონტის მიერ იყო დადგენილი ე.წ. პონტოს ალპების (ლაზისტანის ქედის) ცენტრალურ ნაწილში, სადაც მან, როგორც თვითმხილველმა, პირადად გაიარა თავის ჯარისკაცებთან ერთად ძვ.წ. 401 წელს. იმ ხანად მაკრონები ცხოვრობდნენ თეხესის მთასა (საიდანაც ლაშქრობიდან გამობრუნებულმა ქსენოფონტმა და მისმა თანამგზავრებმა პირველად დაინახეს შავი ზღვა) და ტრაპეზუნტის მხარეში მცხოვრებ კოლხებს შორის [Xen., Anab., IV, 8].

აქვეა დაახლოებით განლაგებული, ძველთაგანვე კარგად ცნობილი ნამოსახლარი, კრომნი (დღევ. თურქული კურუმ კალე, ს. კალაი ჯიოღლუს მახლობლად, ქ.გიუმუშჰანეს ჩრდილო-აღმოსავლეთით) (გვ.114), XIX საუკუნის კრიპტოქრისტიანების ცნობილი ცენტრი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პონტოს ახალ ისტორიაში. არ არის გამორიცხული, რომ ეთნონიმ მაკრონის ფუძე ყოფილიყო კრონი ან კრომნი და მას დართული ჰქონდეს კარგად ცნობილი “მა-“, "მო -" ქართველური პრეფიქსი, რომელიც ძირითადად ადგილის სახელწოდებებიდან და არსებითი სახელებისაგან აწარმოებს ეთნონიმებსა და წარმომავლობის გამომხატველ ტერმინებს, შდრ., მაგ., ეგრ-ისი (ტოპონიმი) < მ-ეგრ-ელი (ეთნონიმი), არგვეთი < მარგველი, ტბეთი < მტბევარი და ა.შ. შესაძლოა, იგივე თავსართი იყოს წარმოდგენილი პონტოს სხვა უძველეს ეთნონიმშიც – “მოსინიკი” (Μοσσύνοικοι). მოსინიკებს, სტრაბონისა და სხვა ძველი ავტორების ცნობით, ეს სახელი ეწოდათ იმის გამო, რომ ხეებზე ანდა პატარა კოშკებში ცხოვრობდნენ, რომელთაც “მოსინებს” უწოდებდნენ [Str., XII, III, 18, შდრ. Apoll., II, 1015-1029, 1117; Ps.-Scyl.,  86]. ამასთან დაკავშირებით, იქნებ მხედველობაში იყოს მისაღები, მცირე ზომის სახლის ძველთაგანვე ქართულში შემოსული სიტყვა “სენაკი” და მისგან სავარაუდოდ წარმოქმნილი ტერმინი *მო-სენაკე ანუ “ვინმე ასეთ სახლში მცხოვრები”. შდრ. ქართული სიტყვა “სახლი” და მისგან ნაწარმოები ტერმინი “მო-სახლე”. პონტოს უმეტესი ნაწილისათვის დამახასიათებელი ეთნონიმების თვალშისაცემი სიმრავლე, მიგვანიშნებს ადგილობრივი საზოგადოების განვითარების პრიმიტიულ, ტომობრივ დონეზე, რაც ჯერ კიდევ ქსენოფონტის და შემდეგ ფლავიუს არიანეს მიერ იყო შენიშნული. ამასთან დაკავშირებით მიზანშეწონილია ე.ბრაიერისა და დ.ვინფილდის დაკვირვების გათვალისწინება: “ტრაპეზუნტის მხარის აღმოსავლეთ სანაპიროზე სამოსახლოების რიცხვი მეჩხერდება და სულ უფრო ნაპირს ეკვრის. სულ უფრო საგრძნობი ხდება კავკასიურ მოდელთან მისი სიახლოვე და მათი სახელწოდებათა იდენტიფიცირებაც სულ უფრო ძნელი ხდება. ამ რეგიონში სახელები უფრო შესაძლოა ასოცირებულია აქ მცხოვრებ ხალხებთან, ვიდრე თვით მოცემულ ადგილებთან... თითოეულ მათგანში ჩასახულია მძლავრი ადგილობრივი სული. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მოხდა სახელწოდებების ლოკალიზაცია და ფიქსირება ამა თუ იმ ადგილთან მიმართებაში. ამ მოვლენას უპირატესად შუა საუკუნეების მომდევნო ხანაში ჰქონდა ადგილი და მას ძირითადად ადმინისტრაციულ ცენტრებთან მიმართებაში ვაწყდებით...” [45, 320]. თუ მხედველობაში მივიღებთ, ზემოხსენებულ თვალსაზრისს, შავიზღვისპირეთში სინოპელთა და ტრაპეზუნტელთა მიერ, სხვადასხვა ხანებში, ერთმანეთისაგან გათიშული ანკლავების ფლობის თაობაზე და შევეცდებით რეტროსპექტულად გამოვიყენოთ იგი უფრო ადრეული ხანებში არსებული მდგომარეობის ასახსნელად, შესაძლებლობა მოგვეცემა ვივარაუდოთ, რომ პონტოს სანაპირო ზოლის დასავლეთ სექტორში ლევკოსირების ანუ კაპადოკიელების (ე.ი. ცენტრალურ ანატოლიური მოსახლეობის) დასახლებების არსებობა (გვ.115), დაკავშირებული იყო მათ ექსპანსიასთან ქვეყნის შიდა მხარეებიდან იმ ადგილებისაკენ, სადაც სანაპიროს გაყოლებაზე გადაჭიმული მთაგრეხილი იხსნებოდა და ქმნიდა სამხრეთის მხრიდან დაუცველ მონაკვეთებს. სავარაუდოა, რომ ანალოგიური მოვლენა იყოს ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იმ წინააღმდეგობრივი ცნობების აღმოცენებისათვის, რომლებიც იუწყებიან ხალიბთა ბინადრობის შესახებ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ადგილებში (გარდა მადნეულით მდიდარი საბადოებისადმი მათი სწრაფვისა); ეს გარემოება (ხალიბთა ფართო გავრცელება) უკვე სტრაბონისათვის იყო ცნობილი (იხ.ქვემოთ). სხვათა შორის, სახელწოდება “ხალიბია”, ჯერ კიდევ ჩანს შემორჩენილი XIII საუკუნის სამხრეთ შავიზღვისპირეთში, როგორც ერთ-ერთი ოლქი, ხოლო XIV საუკუნეში, როგორც ტრაპეზუნტის იმპერიის კლიენტი-სახელმწიფოს, ემირატის სახელწოდება [50, 136]. ხალიბთა ადრეული ლოკალიზაციის საკითხს, შესაძლოა უკავშირდებოდეს ძვ.წ. IV ს. პირველი ნახევრის ისტორიკოსის – ეფოროსის ცნობა, რომელიც სტრაბონის “გეოგრაფიაშია” შემონახული [Str., XIV, V, 24]. ეფოროსი ხალიბებს ათავსებდა მცირე აზიის ნახევარკუნძულის შიგნით ანუ სინოპესა და ისოსის (თანამედროვე ისკანდერუნის ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე) “შემაერთებელი ხაზის” დასავლეთით; იგულისხმება სინოპის ყურის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი წერტილი და ისოსის ყურის ჩრდილოეთი წერტილი [შდრ. Plin., ნ.ჰ., VI, 7]. თუმცა არსებობდა ნახევარკუნძულის სივრცობრივი პარამეტრების განსაზღვრის სხვა ხერხიც, რომელიც სტრაბონს უფრო მართებულად მიაჩნია – ამისოსისა და ისოსის ყურეებს შორის მდებარე ვიწრობის მიხედვით [Str., XIV, V, 22, 23]. სტრაბონი შენიშნავს, რომ არავინ თვლის ნახევარკუნძულის “ყელის ხაზს” ხალიბებზე გადამავლად, ვინაიდან მაშინ ეს “ხაზი” მრუდე გამოვიდოდა, მცირე არმენიასა და ევფრატზე გადაივლიდა, ხოლო ნახევარკუნძული მთელ კაპადოკიას, კომაგენეს, ამანოსს და ისიკოსის ყურეს მოიცავდა და დასძენს, რომ თუ ხალიბების ქვეყანას ნახევარკუნძულის ნაწილად მივიჩნევთ, მით უფრო უნდა ჩავთვალოთ ასეთებად კატაონია, ორივე კაპადოკია და ლიკაონია [Str., XIV, V, 24].

აშკარაა, რომ ეფოროსი, სტრაბონისაგან განსხვავებით, იმიტომ თვლიდა ხალიბებს ნახევარკუნძულის მოსახლეებად და არ თვლიდა ასეთებად ზემოჩამოთვლილ ხალხებს, რომ ხალიბებს, მათგან განსხვავებით, უფრო დასავლეთით ათავსებდა. შესაბამისად, სტრაბონი იმიტომ არ მიიჩნევს ხალიბებს ნახევარკუნძულის მცხოვრებლებად, რომ მათ ნახევარკუნძულის ფარგლებს გარეთ, აღმოსავლეთით ათავსებს. თუმცა ძირითადი მიზეზი, რის გამოც სტრაბონი ეფოროსს ეკამათება, ხალიბების სანაპირო ზოლისაგან დაშორება და ქვეყნის შიგნით მოთავსება კი არ არის, როგორც ეს ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია (გვ.116), არამედ სწორედ მათი ნახევარკუნძულზე, ისოსიდან ევქსინის პონტომდე “გამავალი ხაზის” დასავლეთით ლოკალიზებაა. თუმცა სტრაბონი, ამავე დროს, არ გამორიცხავდა ხალიბების ქვეყნის შიგნითა მხარეში ბინადრობას; ეს მკაფიოდ ჩანს მისივე სიტყვებში, რომ ეფოროსს უმჯობესი იყო ხალიბების ერთი ნაწილი ზღვის პირას მოეთავსებინა, ხოლო მეორე ნაწილი ქვეყნის შიგნით [Str., XIV, V, 24]. საყურადღებოა, რომ ფსევდოსკიმნოსის “პერიეგესის” მიხედვით, ხალიბები ასევე ნახევარკუნძულის ანუ ამისოსსა და ისიკოსის ყურეს შორის მდებარე აზიის უვიწროესი ყელის დასავლეთით, ქვეყნის შიგნით და კაპადოკიელების მახლობლად მოიხსენებიან [Ps.-Scym., 921-939]. ფსევდოსკიმნოსის ცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეფოროსთან დასახელებული ხალიბების ადგილმდებარეობის გარკვევისათვის, ვინაიდან “პერიეგესის” ერთ-ერთ ძირითად წყაროს სწორედ ეფოროსი წარმოადგენდა, ამას ფსევდოსკიმნოსი თვითონვე აღნიშნავს, როდესაც ჩამოთვლის იმ ავტორებს, ვისგანაც არის იგი დასესხებული [Ps.-Scym., 109-127]. ხალიბების ფართოდ გავრცელების საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია აგრეთვე მცირე აზიის გეოგრაფიის ღრმა მცოდნის, პომპონიუს მელას სიტყვები, რომ “პაფლაგონიასთან ყველაზე ახლოს მყოფ ხალიბებს აქვთ სახელგანთქმული ქალაქები ამისოსი და სინოპე – ცინიკოსი დიოგენეს სამშობლო, მდინარეები ჰალისი და თერმოდონტი...”. [Pomp. Mela, I, 19, 104, 105. იხ. 51, 28-29]. მელას განმარტება იმის თაობაზე, რომ ქალაქები ამისოსი და სინოპე აქვთ პაფლაგონიასთან ყველაზე ახლოს მყოფ ხალიბებს, რაც უნდა მიგვანიშნებდეს სხვა, პაფლაგონიელებისაგან უფრო შორს მოსახლე ხალიბების არსებობაზეც. პომპონიუს მელას ნაშრომის მთავარ ღირსებას, შემდგომში დაკარგული ან ფრაგმენტულად შემორჩენილი წყაროების მონაცემთა შემონახვა წარმოადგენს, რომლებიც უფრო ადრე არსებული მდგომარეობის ამსახველია. ადრეულ ხანებში ხალიბთა შედარებით ფართო განსახლებაზე, შესაძლოა მიგვანიშნებს, აპოლონიოს როდოსელის სიტყვებიც, რომ “პოლიფემს აღსასრული უწერია ხალიბთა ვრცელი ქვეყნის მიწაზე” [Apoll. Rhod., I, 1323]. სპეციალისტთა შორის არ არის ერთიანი აზრი, იმის თაობაზე, იყვნენ თუ არა ჰეროდოტეს მიერ მოხსენიებული ხალიბები იმ ტომთა შორის, ვინც მდ. ჰალისის (დღევ. კიზილ ირმაკი) დასავლეთით ცხოვრობდა; მის “ისტორიაში” ორი ასეთი პარაგრაფია – I, 28 და VII, 76. პირველ  შემთხვევასთან დაკავშირებით, მკვლევრები ძირითადად ფიქრობენ, რომ ამ ფრაგმენტის ის ნაწილი, სადაც ასეთი ტომებია ჩამოთვლილი, მოგვიანებით იყო ტექსტში ჩართული, ხოლო მეორე შემთხვევაში, ჰეროდოტეს ტექსტის გამომცემელთა დიდი ნაწილი ამ ადგილას “პისიდიელების” სახელის აღდგენას ანიჭებს უპირატესობას. ნ.ლომოურის შეხედულებით, იმ გარემოებას, რომ ჰეროდოტე საერთოდ არ იცნობს ხალიბებს, მოწმობს, მის მიერ, სხვა ავტორებთან ხალიბების მეზობლად დასახელებული ტომების (მოსხების, ტიბარენების, მაკრონების, მოსინიკების და სხვ.) არაერთგზის მოხსენიება, ხალიბებისაგან განსხვავებით [52, 121] (გვ.117). ეს მართლაც ანგარიშგასაწევი გარემოებაა, მაგრამ, ამავე დროს, ძალზე ძნელი წარმოსადგენია, რომ ჰეროდოტეს საერთოდ არაფერი სმენოდა ხალიბების შესახებ. ხალიბთა სიძველეზე მიუნიშნებს თუნდაც სტრაბონის სიტყვები, რომ მათ ჯერ კიდევ ჰომეროსი მოიხსენიებდა ალიბეს მკვიდრ ჰალიძონებად თუ ალიბეელებად [Iლ., II, 856, 857; შტრ. 12, 3, 20]. ხალიბები დასახელებული ჰყავს ჰეროდოტეს წინამორბედს ჰეკატეოს მილეტელს, რომლის ნაშრომსაც ჰეროდოტე კარგად იცნობს, თავის თხზულებაში საკმაოდ ხშირად იხსენიებს [Hdt., II, 143; V, 36, 125-126; VI, 137] და ზოგჯერ მითითების გარეშეც კი ეკამათება მას. ნახსენები ჰყავს ხალიბები, აგრეთვე, ჰეროდოტეს უფროს თანამედროვეს, დრამატურგ ესქილესაც, როდესაც თავის “მიჯაჭვულ პრომეთეში” ისინი რკინის დამმუშავებელ, მკაცრ და სახიფათო ხალხად ჰყავს დახასიათებული [Aeschylus, Prom. vinct., 740ff.]. ჰეროდოტე ხალიბებს, მათივე ზემოჩამოთვლილ მეზობელ ტომებთან ერთად, შესაძლოა იმიტომ არ იხსენიებს, რომ ის ფრაგმენტები, სადაც ეს ტომებია დასახელებული [Hdt., III, 94; VII, 78], მომდინარეობენ მის “ისტორიაში” შემავალი განსაკუთრებული ხასიათის მქონე ორი ნაწილიდან, “სატრაპიების ანუ დარიოსის მოხარკეთა სიიდან” და “ქსერქსეს არმიისა (და ფლოტის) სიიდან”, რომელთა თავდაპირველ წყაროს ოფიციალური სპარსული საბუთები უნდა წარმოადგენდნენ. ამ საბუთებში ხალიბები, საფიქრებელია, რომ სხვა ტომებთან ერთად იყვნენ გაერთიანებულნი და ამდენად, მათ სახელს ამოფარებულნი, ანდა, სულაც სხვა სახელწოდებით მოიხსენიებოდნენ, თუნდაც “მოსხებისა” [შდრ. 53, 58; 54, 218]. საქმე იმაშია, რომ ორივე ამ სიაში, დარიოს I-ის დროინდელი (ძვ.წ. 522-486 წწ.) აქემენიდური სპარსეთის მეცხრამეტე სატრაპიის შემადგენლობაში, ტიბარენებთან, მაკრონებთან და მარებთან ერთად, ხოლო დარიოსის მემკვიდრის, ქსერქსე I-ის (ძვ.წ. 486-465 წწ.) არმიაში, ტიბარენებთან ერთად, მოსხები [Hdt.,  III, 94; VII, 78] არიან გაერთიანებულნი და არა ხალიბები. ყველა ეს ტომი მოსხების მსგავსად იყო იარაღით აღჭურვილი [Hdt., VII, 78]. ვინაიდან, მოსხების დასახელება ყველა ზემოჩამოთვლილ პონტოსპირეთში მცხოვრები ტომების კონტექსტში ნაკლებად არის მოსალოდნელი, თუნდაც იმის გამო, რომ ძვ.წ. V-IV საუკუნეების მიჯნაზე ამ რეგიონში არსებული ეთნოპოლიტიკური ვითარება ქსენოფონტის “ანაბასისის” მეშვეობით კარგად არის ცნობილი, სავარაუდო ხდება, რომ ხალიბები მოსხების სახელით არიან მოხსენიებული აქემენიანთა საბუთებში (გვ. 118). შესაძლოა, ხალიბებისა და მოსხების გაიგივების შედეგად, გასაგები გახდეს ზემოთ მოყვანილი ცნობები ხალიბთა მცირე აზიის ნაკევარკუნძულზე განსახლების თაობაზე. ამ მხრივ, მხედველობაშია მისაღები სტეფანე ბიზანტიონელის “ეთნიკური ლექსიკონის” (“ეთნიკას”) მიერ შემონახული, ძვ.წ. VI-V სს. მიჯნის ლოგოგრაფოსის, ჰეკატეოს მილეტელის “დედამიწის აღწერის” ორი ფრაგმენტი. ჰეკატეოსის პირველი ფრაგმენტის ცნობით, "მოსხები – კოლხური ტომია, მატიენების მეზობლად მოსახლე" [Hec., fr. 188].

მეორე ფრაგმენტის მიხედვით, “მატიენების ქალაქი ჰიოპე გორდიების მეზობლად მდებარეობს და აქაური ხალხი ისეთსავე ტანსაცმელს ატარებს, როგორსაც პაფლაგონიელები” [Hec., fr. 189]. ჰეროდოტეც შენიშნავს, რომ მატიენები ცხოვრობდნენ მდ.ჰალისის (კიზილ - ირმაკი) მარჯვენა ნაპირზე, ხოლო მდინარის მეორე ნაპირი ფრიგიელებს ეკავათ [Hdt. I, 72.; VII, 72]. გასათვალისწინებელია აგრეთვე პომპონიუს მელას მიერ ტიბარენების გვერდით “მატიანების” მოხსენების ფაქტი [Pomp. Mela, I, 2, 13]. აშკარაა, რომ მოსხების მეზობელ მატიენებში იგულისხმებიან გორდიონელი ფრიგიელებისა და პაფლაგონიელების მახლობლად მცხოვრები დასავლეთელი მატიენები [55, 141]. ეს კი იძლევა დასავლეთელი მატიენების მეზობლად მცხოვრები მოსხების კოლხური ტომის კაპადოკიის ჩრდილოეთ ნაწილში, [შდრ.24, 9-10][12], ან სულაც ნახევარკუნძულის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ლოკალიზების საშუალებას, იქ სადაც ტრადიციულად ხალიბები არიან ხოლმე დასახელებული. მოსხების, კოლხურ ტომად განსაზღვრა, მით უფრო ნიშანდობლივია, რომ ჰეკატეოს მილეტელის ხანაში, ისინი, პონტოში მოსახლე ტომებთან ერთად, სპარსულ სატრაპიაში შედიოდნენ, ხოლო კოლხები ფაქტიურად დამოუკიდებლები იყვნენ სპარსელთაგან; საჩუქრები და არა ხარკი იყო მათზე დაწესებული [შდრ. Hdt., III, 94, 97]. ეს ფაქტიც მოწმობს, რომ ჰეროდოტესეულ “მოსხებში” კოლხეთის მეზობელი მოსხები არ იგულისხმებოდნენ, რომელთა ქვეყანა სტრაბონის მიერ მოხსენიებული “მოსხიკეს” სახელით არის ცნობილი [Str., XI, II, 18]. კაპადოკიაში “მოსხთა” ბინადრობის ფაქტი, არ არის მოულოდნელი კლასიკური და ადრეული შუასაუკუნეების ლიტერატურის გადასახედიდან. იოსებ ფლავიუსი მიიჩნევდა, რომ იბერები და მესხები ანატოლიური წარმომავლობისანი იყვნენ; ბიბლიური “მოსოქის” [Gen., 10:2, 23-24; 1 Chr., 1:5; Isa., 66:19; Ezek., 27:13; 32:26; 38:2-3; 39:1] შესახებ თავის კომენტარში, იგი შენიშნავდა: “მოსოხენები დაფუძნებული არიან მოსოხის მიერ, ახლახან მათ კაპადოკიელები ეწოდათ, ხოლო ძველი მათი სახელწოდების ნიშანიც ემჩნევათ; რამეთუ მათ აქვთ დღესაც ქალაქი მაზაკა, რომელიც ნათელ ყოფს იმათთვის, ვისაც შეუძლია გაიგოს, რომ ოდესღაც ასე ეწოდებოდა მთელ ტომს” [Josephus, Antiq., I, 124-125; 56, 271; შდრ. 57, 233]. (გვ.119). ყველაზე ადრეული სანდო ცნობები მოსხების წინაპრების მუშქების შესახებ, გვხვდება ასურულ-ურარტულ ლურსმულ წარწერებში. შუაასურული ხანის მეფის თიგლათ-ფილესერ I-ის (ძვ. წ. 1115-1077) წარწერიდან ირკვევა, რომ ძვ. წ. 1164 წელს მუშქებს დაუპყრიათ ასურეთის მოხარკე ალზისა (ენზი/ენზითე, შემდეგდროინდელი სოფენე) და ფურულუმზის ქვეყნები (მდ.მურატის, იგივე აღმოსავლეთ ევფრატის ქვემო წელზე), ხოლო ძვ.წ. 1115 წ. მათვე, 20 000 კაციანი ლაშქრითა და 5 ”მეფის” წინამძღოლობით მთებიდან ჩამოსულებმა, შესძლეს მდ. ტიგროსის ზემო წელზე მდებარე ქათმუხის (ქუთმუხის) ქვეყნის დაკავება. ასურულ-ურარტული წარწერების ეთნონიმი “მუშქი” ფონეტიკური თვალსაზრისით სავსებით შეესაბამება ბერძნული წერილობითი წყაროების “მოსხს” [შდრ. 53, 15; 58, 111-118]. გასული საუკუნის 70-იან წლებში, ის მხარე სადაც ალზი მდებარეობდა (ქ.ელაზიგის სანახები) ქებანის კაშხლის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ იყო შესწავლილი, შესაბამისად, განათხარი მასალის გამოვლენის შედეგად, შესაძლებელი გახდა მუშქების კულტურული ატრიბუციის საკითხზე მსჯელობა. არქეოლოგთა დაკვირვებით, ადრეული რკინის ხანის მასალა, რომელიც ელაზიგის რაიონში გამოვლინდა და რომელიც მუშქების კუთვნილებად არის მიჩნეული, არავითარ კავშირებს არ ავლენს ფრიგიელთა დასავლურანატოლიურ სამშობლოსთან, საიდანაც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ფრიგიელი - მუშქები უნდა ყოფილიყვნენ გადმოადგილებული, თუმცა აქ შეინიშნება ტიპური ნიშნები დამახასიათებელი შესაბამისი ხანის ამიერკავკასიისა და მისგან უშუალოდ სამხრეთით მდებარე მხარეების არქეოლოგიურ მასალაში [59, 98, 161; 60, 96f.].

შეხედულებას მოსხებისა და ხალიბების იგივეობის თაობაზე, ვფიქრობ, მხარს უნდა უჭერდეს აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთში ხალდი - ხალიბების განსახლების შესახებ არსებული ქსენოფონტისეული ცნობები [Xen., Cyrop., III, 1-3; Anab., IV, VI, 4-5; IV, VII, 15-18; VII, VIII, 25]. ხალიბების ლოკალიზაცია აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთში, მოსხებთან მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა. როგორც ცნობილია, კარა-სუს ზემო დინებასა და ჭოროხს შორის მდებარე მხარე განიხილებოდა ე.წ. მოსხური მთების მდებარეობის ადგილად; ოლთისისწყალსა და მტკვარს შორის მდებარე და შავშეთისა და არტაანის გამყოფი არსიანის ქედი “მოსხური მთების” შუაგულს უნდა წარმოადგენდეს[13]. მოსხების, იგივე მესხების ქართული ტომი იქ - დაახლ. დღევ. ქალაქების ერზურუმს, ყარსსა და ბათუმს შორის - ცხოვრობდა არაუგვიანეს კლასიკური ხანებისა თუ არა ბევრად უფრო ადრე. ტაოს მესხური პროვინცია თვით მდ. ევფრატის სათავეებამდე აღწევდა. ევფრატის (კარა-სუს) სათავე მდინარის დუმლუ-სუს ზემო დინების მარჯვენა ნაპირთან მდებარეობს გვიან შუა საუკუნეებში კარგად ცნობილი ადგილი - გურჯი ბოღაზი - ”ქართული ყელი” (გვ.120), ხოლო მის ჩრდილოეთით მდებარე მიწა-წყალი თურქების მიერ განიხილებოდა, ქართულ (ხოლო XVI საუკუნის შემდეგ ყოფილ ქართულ) მხარედ. ეთნონიმი “მოსხი” არ ჩანს ერთადერთი ტერმინი, რომელიც ალტერნატიულად გამოიყენებოდა ხალიბების აღსანიშნავად. ჯერ კიდევ სტრაბონი შენიშნავდა, რომ ხალდები, იგივე ხალიბები არიან [Str., XI, III, 19]. ამ საკითხთან დაკავშირებით, მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ქსენოფონტის თხზულება “კიროპედია”, რომლის თანახმად, დასავლეთ არმენიაში მოსახლე არმენიელების მეზობლად ცხოვრობდნენ ხალდები, რომელთაგანაც უნდა ჰქონოდათ წართმეული ნაყოფიერი მიწები არმენიელებს [Xen., Cyrop., III, 1-3; შდრ.61, 58]. სტრაბონი, თავის მხრივ, გვამცნობს, რომ მდ. კარა-სუს ზემო წელზე მდებარე კარენიტიდის (დღევ. ქ. ერზურუმის სანახები) მხარე სომხებმა ხალიბებისაგან დაიპყრეს [Str., XI, XIV, 5]. ეს მოვლენა ძვ.წ. II საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება ანუ ქსენოფონტის ექსპედიციაზე (ძვ.წ. 401 წ.) უფრო გვიანდელი ხანით. ქსენოფონტის “ანაბასისის” მიხედვით, ხალიბთა ქვეყანა და არმენია აშკარად არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული [Xen., Anab., IV, IV, 18]; დასავლეთ არმენიის ერთ-ერთი სოფლის მამასახლისის (κώμαρχος) მიერ ქსენოფონტისათვის თქმული სიტყვების თანახმად, წინ – ბერძენთა გზაზე – მდებარე არმენიის მეზობელი ქვეყანა, ხალიბებს ეკუთვნოდათ [Xen., Anab., IV, V, 34]. თუმცა ხალიბების ქვეყნამდე ბერძნებს ჯერ ტაოხთა ქვეყანა უნდა გაევლოთ [Xen., Anab., IV, VII, 1-17]. აღსანიშნავია, რომ ძველი სომხური წერილობითი წყაროების, კერძოდ, ლაზარ ფარპეცისა და ელიშეს მატიანეების მიხედვითაც, ხალტიქის მთები ტაიქის (ტაოს) დაბლობს ესაზღვრება [62, 277 შენ.3]. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, აგრეთვე, სომხურ ენაში გამოვლენილი ის მძლავრი მეგრულ-ჭანური წარმომავლობის მქონე ფენა, რომელიც სომხური ენისათვის სუბსტრატულად არის მიჩნეული [იხ.63; 64, 342-379; 65; 66, 45-51; 67, 103] და წინარესომხური მოსახლეობის ახალ სამშობლოში განსახლებისას, იქ ზანურენოვანი მოსახლეობის არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს. შესაძლოა, ზემონახსენები ხალდების, რომლებიც დასავლეთ არმენიაში მოსახლე არმენიელების მეზობლად ცხოვრობდნენ, სუბსტრატული ენის ზემოქმედებით აიხსნას სომხური ენაში დადასტურებული ზანური ლინგვისტური ფენის არსებობა. შესაბამისად, შესაძლებელი ხდება, ქსენოფონტის “კიროპედიაში” მოხსენიებული სალდები, მისსავე “ანაბასისში” მოხსენიებული ხალიბების უკიდურეს სამხრეთულ ნაწილად მივიჩნიოთ, რომელთა მიწა-წყალიც არმენიელებმა ჯერ კიდევ ქსენოფონტის ხანამდე ბევრად უფრო ადრე დაიქვემდებარეს. გ.მელიქიშვილის აზრით, ძვ.წ. VII საუკუნეში დასავლურქართული (მეგრულ-ჭანური) ტომების გაერთიანებას, ხალიტუს, მდ. კარა-სუს (ჩრდილოეთი ევფრატი) ზემო წელზე (გვ. 121), სუხმის ქვეყანაში (ყოფილი ხაიასა) მცხოვრები ტომები თანამედროვე ქ.ერზურუმის სამხრეთითა და მდ.მურატის (აღმოსავლეთ ევფრატი) ჩრდილოეთით მდებარე მხარეებში უშუალოდ ემეზობლებოდნენ [68, 407, 411]. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, პირველ რიგში გასათვალისწინებელია, ჰეროდოტეს ცნობა, რომ არმენიაში, რომელიც კილიკიელებსა და მატიენებს შორის მდებარეობდა, სათავეს იღებენ მდინარეები ჰალისი, ევფრატი და ტიგროსი [Hdt., I, 72, 180, 194; V, 49, 52]. როგორც ჩანს, ჰალისისა და ჩრდილოეთ ევფრატის სათავეების მხარეში, თუ მათ მახლობლად, არის საძებარი სომხური ენის ზანური სუბსტრატის საცხოვრისი. რაც შეეხება, ქსენოფონტის “ანაბასისში” (იხ.ზევით) და სტრაბონის “გეოგრაფიაში” მოხსენიებულ ხალიბებს ანუ ვრცელი ხალიბურ-ხალდური არეალის ჩრდილოურ ნაწილს, იგი, შედარებით გვიანდელ ეპოქაში (არტაშეს/არტაქსიასა და ზარეჰ/ზარიადრის ხანაში ანუ ადრეულ ძვ.წ. II საუკუნეში) იყო დაპყრობილი არმენიელთა მიერ [იხ.Str.., XI, XIV, 5]. სომეხთა თვითდასახლებაც, “ჰაჲქ”-ი (չայք), არ არის გამორიცხული, რომ ზანურენოვანი ხალდი-ხალიბებისal ძირის შემცველი სახელწოდებიდან იყოს მიღებული, კავკასიურ-ანატოლიური სამყაროსათვის დამახასიათებელი ლ და ი ბგერების მონაცვლეობის შედეგად. განსხვავება თავკიდურა ფონემაში, kh და h, აქ მოყვანილ ეთნონიმთა დაახლოებისათვის მნიშვნელოვან დამაბრკოლებელ მიზეზს არ უნდა წარმოადგენდეს; როგორც ცნობილია, სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინს “ჰაჲქ”, ჩვეულებრივ, ქორონიმებისაგან “ხაიასასაგან” და “ხათესაგან” წარმომდგარად მიიჩნევენ [იხ. 69, 9-18, 39; 68, 85; 70, 39; 54, 236-237შენ. 119; 53, 55][14]. ზემონახსენებ, ლ და ი ბგერების მონაცვლეობა, შესაძლოა ტერმინ ხალიბის სახელწოდება “ხაიასასთან” დაკავშირების საშუალებასაც იძლეოდეს. ხეთური ხანის “ხაიასას ქვეყანა”, სავარაუდოდ ურარტული ხანის “ხალიტუს ქვეყანაა”, და არმენიელების მიერ მის დაპყრობამდე, იგი ხალიბურ-ხალდური არეალის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო. სამხრეთ - აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის (პონტოს) ეთნონიმიკის ინტერპრეტაციისას წარმოქმნილი სირთულეები შემჩნეული ჰქონია ე.იანსენს, რომელიც შენიშნავდა: “ზუსტი დეტალებისა და ღირებული ნდობის მქონე ტრადიციული მინიშნებების უქონლობის პირობებში, ჩვენ ვთვლით, რომ ტრაპეზუნტის შიდა მხარეებში მოსახლე მთიელების ანონიმური მასების საკითხის გასარკვევად მიკვლეული არაბერძნული წარმომავლობის მასალა, /გვ.122/ როგორც გამოჩნდა, კავკასიური წარმომავლობისაა; იგი იმ მოსახლეობის კუთვნილებაა, რომელსაც უწოდებენ კოლხებს, როდესაც არქაულობას ესმევა ხაზი, ლაზებს, როდესაც თანამედროვე პერსპექტივას (ეს მოიცავს დროის ინტერვალს, პროკოპიდან დღევანდელობამდე) ანიჭებდნენ უპირატესობას, ანდა ხალიბებს, როდესაც მხედველობაში აქვთ ამ მოსახლეობის ტრადიციული საქმიანობა, მადნეულის მოპოვება და მეტალურგია. როგორც ჩანს, ასეთი იყო განზოგადების ის სამი თანმიმდევრობა, რომელსაც მისდევდნენ ავტორები ანტიკური ხანის დამლევს და რომელთა მითითებებსაც ჩვენ ვალდებულნი ვართ რომ მივდიოთ” [71, 50].

კლასიკური ხანის სამხრეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ეთნიკური ისტორიის ერთ-ერთი რთული საკითხია, ე.წ. მოსხთა ბინადრობის საკითხი. ძვ. წ. IV საუკუნის ავტორი პალეფატე აბიდოსელი, თხზულებაში “ტროას ომის შესახებ”, ხარიმატების შესახებ წერს, რომ: “კერკეტებს ემიჯნებიან მოსხები, და ხარიმატები ფლობენ პართენიოსს ევქსინის პონტომდე” [Steph. Byz., s. v. Χαριμάται]. პართენიოსი, როგორც ფლავიუს არიანეს “პერიპლუსიდან” ვიცით [Arr., Per., 14], თანამედროვე მდ. კოჯა ირმაკია, ძველი პაფლაგონიის მიჯნასთან მდებარე და არა ფსევდოსკილაქსისა და იმავე ფლავიუს არიანეს მიერ მოხსენიებული პორდანის/პრიტანისი (იგივე ისტორიული ლაზეთის მდინარე ფორტუნა, თანამედროვე მდ. ფაზარი) [72, 264-265; 73, 267; 74, 33, შენ. 51][15], პონტოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში ლოკალიზებული [Ps.-Scyl., 83; Arr., Per., 7]. მაგრამ ამავე კონტექსტში კერკეტებთან მეზობლობის აღნიშვნა, მოწმობს, რომ ცნობა მოსხთა ცენტრალურანატოლიურ სამოსახლოზე აქ სრულიად მოულოდნელად აღრეულია კოლხეთის ჩრდილოეთ ნაწილში, კერკეტების გვერდით მათ ბინადრობასთან. მოსხების კერკეტებთან მეზობლობის შესახებ, ცნობილია, აგრეთვე, ძვ.წ. V საუკუნის ლოგოგრაფოსის, ჰელანიკე მითელენელის (რომელიც პალეფატეზე ერთი საუკუნით უფრო ადრე ცხოვრობდა) ციტატიდან (მისი ტექსტი, პალეფატე აბიდოსელის ფრაგმენტთან ერთად სტეფანე ბიზანტიონელის “ეთნიკურ ლექსიკონშია” შემონახული), რომლის მიხედვითაც: “კერკეტების ზემოთ ცხოვრობენ მოსხები და ხარიმატები, ხოლო ქვემოთ ჰენიოხები, ზემოთ კი – კორაქსები” [Steph. Byz., s. v. Χαριμάται]. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჰელანიკე სწერდა, ჩრდილოეთი და არა სამხრეთი შავიზღვისპირეთის შესახებ. მოსხების ჩრდილოური განსახლების სასარგებლოდ მოწმობს სტრაბონის მონაცემები, რომელიც, “მითრიდატეს ომების ისტორიკოსებზე” დაყრდნობით, მოსხებს კერკეტებსა და კოლხებს შორის ათავსებს [Str., XI, II, 14]. თუმცა მხედველობაშია მისაღები, ფსევდოსკილაქსის “პერიპლუსის” ცნობაც, რომლის /გვ.123/ მიხედვით, ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის იმავე ტერიტორიაზე, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ შემდეგი ტომები ცხოვრობდნენ: “...კერკეტები, ტორეტები, აქაÁები, ჰენიოხები, კორაქსები, კოლები, მელანქლაინები, გელონები, კოლხები...” [Ps.-Scyl.,  73-81]. როგორც ვხედავთ, ამ ჩამონათვალში მოსხები არ არიან მოხსენიებული. ადვილად შესამჩნევია, რომ სტრაბონთან მოხსენიებული “მოსხების” ნაცვლად ფსევდოსკილაქსის “პერიპლუსში” რამდენიმე ტომია ჩამოთვლილი: ტორეტები, აქაÁები, ჰენიოხები, კორაქსები, კოლები, მელანქლაინები და გელონები. სავარაუდოა, რომ ერთ - ერთს ამ ტომთაგანს უნდა შეესატყვისებოდეს სტრაბონისეული მოსხები. სტრაბონის იმავე პარაგრაფის მიხედვით, კერკეტების, მოსხებისა და კოლხების ზემოთ (ანუ მთებში) ფთერიოფაგები (გირჩისმჭამელები) და სოანები (სვანები) ცხოვრობდნენ Str., XI, II, 14]; მეორე მხრივ, ფლავიუს არიანეს “პერიპლუსის” თანახმად, პიტიუნტის დასავლეთით ძველად მცხოვრები გირჩისმჭამელთა სკვითური ტომი, ის ტომი ყოფილა, რომელსაც ჰეროდოტე სკვითების ქვეყნის აღწერისას მოიხსენიებდა [Arr., Per., 18], ხოლო ჰეროდოტეს “ისტორიიდან” ვგებულობთ, რომ ელინების მიერ გელონებთან მცდარად გაიგივებული ბუდინებიც გირჩისმჭამელებად იყვნენ მიჩნეული [Hdt., IV, 109]. ფლავიუს არიანესა და ჰეროდოტეს მონაცემთა შუქზე, შესაძლებლობა გვეძლევა დაუკავშიროთ ფსევდოსკილაქსის გელონები, რომლებიც მელანქლაინებისა და კოლხების მეზობლები იყვნენ, სტრაბონის მიერ მოხსენიებულ ფთერიოფაგებს (გირჩისმჭამელებს), რომლებიც, მისი ცნობით, კერკეტების, მოსხებისა და კოლხების ზემოთ (ანუ მთებში) ცხოვრობდნენ. ეს დამთხვევა უნდა მინგვანიშნებდეს აგრეთვე მათი მეზობლების, ფსევდოსკილაქსის “პერიპლუსის” მელანქლაინებისა და სტრაბონის ცნობის მოსხების იგივეობაზეც. ფსევდოსკილაქსის მელანქლაინები და სტრაბონის მოსხებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არიან ლოკალიზებული [შდრ. Str., XI, II, 14; Ps.-Scyl., 79]. აქვე უნდა ყოფილიყო პომპონიუს მელას "მელანქლენა" [Pomp. Mela, I, 19, 110] და პლინიუსისა და ახ. წ. V ს. ანონიმური “პერიპლუსის” “მელანქლაინების” საბინადარი [Anon., Per., XLII, 3, 18; Plin., n.h., ნ.ჰ., VI, 15]. ბევრად უფრო შორს ჩრდილოეთით ჩანს მელანქლაინთა საცხოვრისი ჰეროდოტეს [Hdt., IV, 20], დიონისიოს პერიეგეტისა [Dion. Per., 309], კლავდიოს პტოლემაიოსის [Cl. Ptol., III, V, 10] და სხვათა ცნობის თანახმად. კლავდიოს პტოლემაიოსის ტექსტის სხვა ფრაგმენტის მიხედვით, ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობდნენ [Cl. Ptol., V, VIII, 21], ჰეკატეოსი მათ სკვითებად თვლის [Hec., fr. 154], ჰეროდოტე კი შენიშნავს, რომ ისინი, მიუხედავად მათი სკვითური ცხოვრების წესისა, სკვითები არ ყოფილან [შდრ. Hdt.., IV, 20, 107].

საყურადღებოა, რომ მათი მეზობლები, როგორც აზოვის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მხარეში, ასევე ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთშიც გელონები არიან [Hdt., IV, 102; Dion. Per., 309-310; Ps.-Scyl., 80; Amm. Marc., XXII, 8, 31]. სკვითიიდან ცალკეული ტომების გადმონაცვლების შესაძლებლობას აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ძნელად თუ ვინმე გამორიცხავს, ჩრდილოური ტომების მუდმივი სწრაფვა სამხრეთისაკენ ცნობილი ევრაზიული ფენომენია და კავკასია ამ მხრივ არ იქნებოდა, და არც ყოფილა, გამონაკლისი. ანონიმურ “პერიპლუსში”, მელანქლაინებისა და კოლხებს შორის, მაქელონები არიან დასახელებული [Anon., Per., XLII, 18]; აქაც, ისევე როგორც ფსევდოსკილაქსის “პერიპლუსში”, ერთმანეთის შემდეგ არიან ჩამოთვლილი: ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკები (ნაცვლად ფსევდოსკილაქსის კოლებისა), მელანქლაინები, მაქელონები (ნაცვლად გელონებისა) და კოლხები. სავარაუდოა, რომ გელონების სახელს ანონიმის ტექსტში დამატებული აქვს, შესაძლოა, ქართველურ ენობრივ გარემოში შეძენილი, ეთნონიმთა მაწარმოებელი “მა-“ პრეფიქსი (იხ. ზემოთ) [შდრ., მაგ., 75, 419; 76, 189; 77, 133; 78, 136]. ამავე დროს, არც ის არის გამორიცხული, რომ სტრაბონისეულ “მოსხებს” მელანქლაინების სახელწოდების შესატყვისი ქართველური ფორმა დასდებოდა საფუძვლად; მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ჰეკატეოსის, ჰეროდოტეს და სხვა ძველ ავტორთა ცნობით, მელანქლაინებს თავისი სახელწოდება შეერქვათ შავი ფერის ტანსაცმლის ტარების გამო [Hec., fr. 154; Hdt., IV, 107], ბერძნულად - μέλϛ, μέλαινα, μέλν ნიშნავს “შავს, მუქი ფერისას”, ხოლო სვანურ ენაში იგივე მნიშვნელობა აქვს სიტყვას – მეშხე [იხ.79, 501-502; 80, 231]; შიშინა თანხმოვანი ბერძნულ ენაში სისინა ბგერით გადმოიცემა და შესაბამისად ამ სიტყვას უნდა მოეცა - “მესხე”, ხოლო ქართული წარმომავლობის “მესხების” ტომი, როგორც ცნობილია, ბერძნულად “მოსხების” სახელით იყო ცნობილი.ამრიგად, ვფიქრობ, არავითარი საფუძველი არ მოიპოვება, ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოსხი/მესხების განსახლების თაობაზე სასაუბროდ, ხოლო, რაც შეეხება, “მითრიდატეს ომების ისტორიკოსებზე” დაყრდნობით, სტრაბონის მიერ გამოყენებულ ტერმინს “მოსხს”, ეს ტერმინი უნდა გვაძლევდეს შესაძლებლობას ვივარაუდოთ სვანურად მოლაპარაკე მოსახლეობის არსებობა ფსევდოსკილაქსისა და სხვა ძველი ავტორების მიერ მოხსენიებული “მელანქლაინების” მეზობლად (შდრ. სტრაბონის მიერ იმავე კონტექსტში ნახსენები “სოანების” ტომი), რომელთა ბერძნულ სახელსაც შესაძლოა საფუძვლად დაედო იმავე მნიშვნელობის მქონე სვანური სიტყვა. ეს მით უფრო მოსალოდნელია, რომ სტრაბონის მიხედვით, “სოანები” მძლავრი და მრავალრიცხოვანი ხალხი ყოფილა, რომელიც დიოსკურიის მახლობლად ცხოვრობდა და ამ ბერძნულ ქალაქზე გაბატონებულიც კი ყოფილა [Str., XI, 2, 19]. სამეცნიერო ლიტერატურაში ეთნონიმს – მოსხი/მესხი ტრადიციულად უკავშირებენ ხოლმე იბერიის სამეფოს ძველი დედაქალაქის, მცხეთის სახელწოდებას  (გვ.125). ყოველ შემთხვევაში ერთი რამ დიდ წინააღმდეგობას არ უნდა იწვევდეს, მცხეთასა და მის შემოგარენში დამკვიდრებული მოსახლეობა გარკვეულწილად ავლენს სიახლოვეს ანატოლიურ კულტურულ ტრადიციებთან. ამ გარემოებას და აგრეთვე იმას, რომ სწორედ აღნიშნულ მოსახლეობას უნდა შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლურ - ქართული სახელმწიფოებრიობის წარმოქმნაში, მოწმობს იბერიის მატერიალურ და სულიერ კულტურაში შემჩნეული ანატოლიური წარმომავლობის ელემენტების გამოვლენა [იხ.81, 45-50; 82, 112, 229-230; 83, 396; 84, 100-101შენ.151, 85, 312]. ზოგიერთი არქეოლოგის აზრით, ხეთურ - მცირეაზიული ტრადიციების მატარებელი მოსახლეობის, სავარაუდოდ მესხების, ფართო განსახლება ცენტრალურ ამიერკავკასიაში იწყება ძვ.წ. IV საუკუნის მეორე ნახევრიდან, ეს კი იწვევს ახალი ტიპის კულტურის აქ გავრცელებას, რომელიც სავსებით განსხვავდება თავისი ხასიათით გვიანბრინჯაოს-ადრერკინის ხანის ადგილობრივი ტრადიციებისაგან [იხ., მაგ., 85, 312]. “მოქცევაჲ ქართლისაჲს” ცნობის მიხედვით, ქართლში სახელმწიფოებრიობის აღმოცენება არიან-ქართლის ქვეყნიდან გადმოსახლებული მოსახლეობის მიერ ხდება, რომელსაც აზო წინამძღოლობს და რომელსაც,  თავის მხრივ, ამ საქმეში თითქოსდა ალექსანდრე მაკედონელის მხარდაჭერა აქვს[16]. ვინაიდან ლეონტი მროველისადმი მიწერილი “მეფეთა ცხოვრების” ტექსტის ფარნავაზმა აზონის (“მოქცევაჲ ქართლისაჲ”-ს აზო) დამარცხების შემდეგ გაილაშქრა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, აღმოსავლეთ ანატოლიის სიღრმეში, ხოლო მოვსეს ხორენაცის “სომეხთა ისტორიის” ცნობისეულ, ალექსანდრეს მიერ იბერიის მმართველად დადგენილ მიჰრდატ/მითრიდატეში, როგორც ჩანს, პონტოს სამეფოს მითრიდატიდების დინასტიის წარმომადგენელია ნაგულისხმევი, სავარაუდოა, რომ სწორედ ამ რეგიონში – თანამედროვე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში - უნდა ყოფილიყო საძებარი არიან-ქართლი. სხვა არავითარი მინიშნება იბერიის (ადრეული ხანის ქართლის) დაქვემდებარების თაობაზე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური წარმონაქმნების მიერ არ მოგვეპოვება. მოვსეს ხორენაცისათვის “არიან-ქართლი” უცნობია. მისი გადმოცემით, დარეჰის ნახარარი მიჰრდატი წამოიყვანა ალექსანდრე დიდმა და მთავრად დაუსვა ნაბუქოდონოსორის მიერ ლიბიელთა და ივერთა ქვეყნებიდან ტყვედ მოყვანილ და პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეს დასახლებულ ივერიელთა მოდგმას (გვ.126), ხოლო მის ნაშიერს, ასევე მიჰრდატს, სომეხთა მეფემ არტაშესმა ჩრდილოეთის მთებისა და პონტოს გამგებლობა მიანდო [Xor., II, 8, 11].

მიჰრდატში ანუ მითრიდატეში, როგორც ჩანს, პონტოს სამეფოს მითრიდატიდების დინასტიის წარმომადგენელია ნაგულისხმევი[17]. ცნობა ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის (ძვ.წ. 605-562 წწ.) მიერ აფრიკისა (ლიბიისა) და პირენეს ნახევარკუნძულის (იბერიის) დალაშქვრის შესახებ, თვით კლასიკური ხანის მწერალთა მითითების თანახმად, მიეწერებოდა ძვ.წ. IV-III საუკუნეების ისტორიკოსსა და პოლიტიკურ მოღვაწეს, “ინდოეთის ისტორიის” ავტორს მეგასთენეს. ამდენად, თუკი მოსახლეობის რაიმე გადმონაცვლებას (სულაც არ არის სავალდებულო ეს ლიბიიდან თუ პირენეს ნახევარკუნძულიდან მომხდარიყო) ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში მართლაც ჰქონდა ადგილი, იგი, პირველ ყოვლისა, უნდა დათარიღდეს ალექსანდრე მაკედონელის ხანაზე უფრო ადრეული დროის მონაკვეთით. ისიც კარგად არის ცნობილი, რომ თვით ალექსანდრეს არასოდეს ულაშქრია კავკასიაში, თუმცა პლინიუსი და სოლინუსი მიგვანიშნებენ იბერიაში მაკედონელთა გაბატონების თაობაზე [Plin., n.h., IV, 39; Sol., IX, 19. შდრ., აგრეთვე, Str., XI, XIV, 9]. ამავე დროს, ქართული და სომხური მატიანეების ცნობები, ალექსანდრე დიდის მონაწილეობის შესახებ კავკასიისა და მისი მიმდებარე მხარეების საქმეებში [იხ.86, 320; 37, ლეონტი მროველი, I, 17-20; Xor., II, 8, 11. შდრ. 87, 76-79; 84, 81-82შენ.104; 88, 104-109.] და ადგილობრივ მმართველთა სურვილი, დაეკავშირებინათ საკუთარი მიზნები ალექსანდრეს ინტერესებთან და გამოეყენებინათ მისი ძალაუფლება მათი რეალიზაციისათვის, თითქოს ასახულია, ახ. წ. II საუკუნის რომაელი მწერლისა და პოლიტიკოსის, ფლავიუს არიანეს თხზულებაში “ალექსანდრეს ლაშქრობა”. ფლავიუს არიანეს ინფორმაციით, ძვ.წ. 329-328 წწ. შუააზიელი “ხორაზმიელების” მეფე ფარასმანესი 1500 მხედრის თანხლებით ეახლა ალექსანდრეს ცენტრალურ აზიაშივე მდებარე მდ.ოქსის (თანამედროვე ამუ დარია) ნაპირთან და მოახსენა, რომ იგი ცხოვრობდა კოლხებისა და ამაძონელების მეზობლად და მზად იყო დახმარებოდა მას, თუკი ალექსანდრე გადაწყვეტდა იმ ტომების დამორჩილებას, რომლებიც სახლობდნენ პონტოს ევქსინოსამდე (ანუ შავ ზღვამდე) გადაჭიმულ მხარეში. ალექსანდრემ “ხორაზმიელების” მეფეს მიუგო, რომ იმჟამად მას არ ჰქონდა დრო და საშუალება პონტოსკენ გასალაშქრებლად, მაგრამ აზიის დაპყრობისა და ჰელესპონტოსა და პროპონტიდისის გავლით საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ, იგი მთელი თავისი საზღვაო და სამხედრო ძალების დახმარებით ღრმად შეიჭრებოდა პონტოში და მხოლოდ მაშინ დასჭირდებოდა მას ფარასმანესის დახმარება [Arr., Alex., XV, IV, 14-15] (გვ.127).

<<დასასრული (ნაწილი III)

 

 

________________________________________

[11]. შდრ.: ”The latter [Tacitus] was killed by his own [troops] in Chaniuk’ in Pontus, that is Khaļtik” [49].

[12]. იქვე, იხ. სათანადო ლიტერატურა ამ საკითხთან დაკავშირებით.

[13]. მოსხური მთების ლოკალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, იხ. 24, 110-113.

[14]. ხეთების სახელწოდება Khate, თავის მხრივ, შესაძლოა უკავშირდებოდეს ეთნონიმ ”კოОტებს” (κοῑται), გამოყენებულს ქსენოფონტის ”ანაბასისის” დასკვნით ნაწილში ზღვისპირა ხალიბების აღსანიშნავად [Xen., Anab., VII, VIII, 25].

[15]. სწორედ ამის გამო ფიქრობდნენ, რომ ჰელანიკესთან მოხსენიებული ჰენიოხები სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მოსახლენი უნდა ყოფილიყვნენ.

[16]. ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” და ”ქართლის ცხოვრებაში” შემავალი ლეონტი მროველის ”ცხოვრება ქართველთა მეფეთას” ცნობით, ქართლში გამოლაშქრებულმა ალექსანდრე მაკედონელმა მცხეთაში მეფედ (”ქართლის ცხოვრების” მიხედვით – პატრიკად) მასთან ხლებული აზო (”ქართლის ცხოვრების” – აზონი) დაადგინა [86, 320; 37, 18]. ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” X საუკუნის შატბერდული ხელნაწერით: ”...ესე აზოჲ წარვიდა არ[ი]ან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი სახლნი მამამძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად – გაცი და გა, და ესე იყო პირველი მეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ...”.

[17]. საყურადღებოა, რომ ახ. წ. IV საუკუნის კომენტატორის, სერვიუს ჰონორატუსის განმარტებით, იბერია პონტოს ნაწილია და მდებარეობს პერსიდასა და არმენიას შორის [Serv. in Verg.., IX, 579].