topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ნ. კვეზერელი-კოპაძე - საქართველოს ძველი ხიდები

<უკან დაბრუნება...<<საქართველოს უძველესი ხიდები>>>

ნიკო კვეზერელი-კოპაძე - "საქართველოს ძველი ხიდების მთავარი სახეები", // ძეგლის მეგობარი, XIX, 1969, გვ.47-59

საქართველო ძველად წარმოადგენდა იმ ხელსაყრელ ასპარეზს, სადაც ადამიანის საზოგადოების ჩასახვასთან ერთად ხიდებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის არსებითი, სასიცოცხლო მნიშვნელობა უნდა მისცემოდა. მართლაც, მრავალრიცხოვანი ფაქტიური მასალის გამოყენებით და ზოგიერთი შემონახული, განსაკუთრებით დამახასიათებელი ნიმუშების გაშუქებით, ჩვენ თვალწინ იშლება ნათელი სურათი იმ მძლავრი და იმავე დროს მოწესრიგებული საგზაო-სახიდე მეურნეობისა. რომელმაც ფართო განვითარება მიიღო საქართველოს ისტორიული ცხოვრების სხვადასხვა საფეხურზე. საზოგადოდ უნდა ითქვას. რომ ძველად ხიდების მშენებლობა ქართველი ხალხის ტექნიკურ შემოქმედების ერთ-ერთ ძირითად თვალსაჩინო დარგს წარმოადგენდა. საკმარისია გავეცნოთ არსებულ წყაროებს და მატერიალურ ძეგლებს, რომ დავრწმუნდეთ, თუ რამდენად განვითარებული და გავრცელებული ყოფილა საქართველოში სახიდე ნაგებობანი. ამას ადასტურებენ ძველი ქვის ხიდები, რომელთა ცალკეულმა ნიმუშებმა  ჩვენამდე მოაღწიეს და ის აუარებელი ხიდების ნარჩენები და ნაშთები, რომლებიც ჩვენ გვხვდებიან წარსულ დროიდან საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე. ამჟამად ისინი სრულუფლებიან კულტურის ძეგლებად გვევლინებიან და მათი შესწავლა-დაცვა ჩვენი ვალია. ამასთან ერთად არსებობენ რეალური ცნობები შესანიშნავი ქართული ხიდების შესახებ, როგორც ანტიკურ მწერლობის ნაწარმოებებში, ისე უფრო გვიანდელ ავტორთა წერილებში.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე

ყველა ისინი ადასტურებენ, რომ ძველად საქართველო, ხიდმშენებლობის ხელოვნებაში მაღალ დონეზე იდგა. ავიღოთ თუნდაც XII ს., მეფე დავით აღმაშენებლის (1084-1125 წწ) ისტორიკოსის ცნობა, რომელიც წერს - მეფე დავითმა ..აღაშენა რაოდენნი ხიდნი მდინარეთა სასტიკთა ზედა, რაოდენნი გზანი, საწყინოდ სავალნი. ქვა-ფენილ ყვნა" ("ქართლის ცხოვრება, წიგნი I, თბილისი, 1 1955 წ., გვ.353). შუა საუკუნის ქართველი ავტორის ხატოვან აღწერაში ჩვენ თვალწინ იშლება X- XI სს. საქართველო კეთილმოწყობილი გზებით და მკვიდრი ხიდებით, ეს იმ დროს. როდესაც მისი თანამედროვე ფეოდალური ევროპის გზები გაუვალ ტალახებში იფლობოდნენ და თითო-ოროლა ქვის კაპიტალური ხიდი ამშვენებდა მხოლოდ მსხვილ სავაჭრო ცენტრებს. სავარაუდოა, რომ საქართველოს ისტორიის უფრო ადრეულ ხანაში უმთავრესად გავრცელებული იქნებოდა ხის ხიდები, რაც განპირობებული იქნებოდა ადგილობრივი მშენებლობისათვის ხელსაყრელი მაღალხარისხოვანი ხის მასალის დიდი მარაგით. მასთან-ერთად მისი დამუშავების სიადვილით და სიმარტივით. მაგრამ მათი ნარჩენები ჩვენამდე ვერ მიაღწევდნენ.

ისინი უძველეს ხანაშივე განადგურდებოდნენ, თუმცა გამორიცხული არ არის მათი ნაშთების გაძლება ღრმა მიწის ფენებში. არქეოლოგმა ბ.კუფტინმა ქ.ოჩამჩირეს ფარგლებში, თავისი არქეოლოგიური გათხრების დროს, მიაკვლია ერთ ხიდის ნარჩენს - ძველი ხის ხიმინჯების სახით, რომელნიც მდებარეობდნენ ზღვის დონის დაბლა. მომდევნო ხანაში, ქართული სამშენებლო ხელოვნების განვითარების შემდგომ საფეხურზე, ადგილობრივი მაღალხარისხოვანი სამშენებლო ქვის და შემაკავშირებელი მასალის (უმთავრესად კირის) საფუძველზე შეიქმნა, გაჩნდა უფრო მტკიცე და ხანგამძლე ქვის, თაღოვანი და კამაროვანი ხიდების მშენებლობის პირობები. ამგვარი ხიდები გამოირჩეოდნენ თავისი სილამაზით, მოხდენლობით, სიმტკიცით. პირველ ხანებში მდინარის გადახურვის მალი შეზღუღული უნდა ყოფილიყო, დაახლოვებით 10-15 მეტრის ფარგლებში. შემდეგში ისინი თანდათანობით მატულობდნენ და მიაღწიეს 25 და მეტ მეტრამდე ("გატეხილი ხიდი" და სხვა). მეტად საინტერესო დახასიათებას აძლევს ამ ნაგებობებს საქართველოს ძველი ხიდების მკვლევარი ინჟინერი ბ.მ.ნადეჟინი:

"ქართველებმა ჯერ კიდევ საუკუნეთა სიღრმეში პრაქტიკულად იპოვეს ის ყველაზე რაციონალური ფორმა კამარებისა, რომელმაც მათ მისცა საშუალება ხიდების მშენებლობისას ძვირადღირებული სოლისებრივი ქვების გამოყენების გარეშე და მათი ზედაპირის გულდასმით გათლის მაგიერ, აეგოთ მეტად თხელი თაღი თითქმის დაუმუშავებელ ფილებისაგან, და აეგოთ ისე მკვიდრად, რომ ეს ხიდები დღევანდლამდე დგანან და იწვევენ განცვიფრებას თავისი დამრეცი კამარის გამოსახულების გამძლეობით. ამ სახის თაღების მშენებლობა დაიწყო მეტად ადრეულ ხანაში, რამდენიმე საუკუნით ადრე, ვიდრე იქნებოდა დადგენილი სტატიკის კანონები, და გაანგარიშების გზით ნაპოვნი იქნებოდა ის ფორმა, რომელსაც იყენებენ თანამედროვე ხიდმშენებლები". (ბ.მ.ნადეჟინი. საქართველოს და სომხეთის - ძველი ხიდები. ჟურნალი «Строительство дорог» მოსკოვი. 1949 წ. №4, გვ.22.) კვლევითი შესაძლებლობის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ სხვადასხვა სახის ასზე მეტი არსებული ძველი სახიდე ნაგებობა საქართეელოში. ისინი, რომელნიც დღემღე მთლიანად შემონახულია და ისინიც, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია, ან მკაფიო ასახვა ჰპოვეს წერილობით წყაროებში. საქართველოს ხიდმშენებლობის ქვის ძეგლები შეიძლება აღვნიშნოთ ორი მთავარი სახის: ქვის თაღოვან-კამაროვანი ხიდები და ქვის ბურჯებზე (საყრდენებზე) დაყრდნობილი ხის კოჭოვანი კონსტრუქციები.

ქვის კამაროვანი ხიდი მდ. თეძამზე

ჩვენ აქ აღვნიშნავთ რამდენიმე ტიპიურ ნიმუშს ამ ორივე სახის ხიდებისა და დავასახელებთ უმთავრეს ლიტერატურას. მეტად ლამაზი ერთმალიანი, თხელთაღოვანი ქვის ხიდი მდებარეობს ძველ მონასტერ რკონთან, კასპის რაიონში. იგი გადატყორცნილია მდ. თეძამის ერთ ნაპირიდან მეორეზე. მისი განი უდრის 1,5 მეტრს. ნაგებობა მეტად მარტივია, მაგრამ იმავე დროს დიდ შთაბეჭდილებას სტოვებს, მეტადრე ადგილობრივ ბუნებრივ გარემოცვაში. რკონის ქვის ხიდის შესახებ აღნიშნავს პროფესორ-არქიტექტორი ნ.პ.სევეროვი - "აქ ადგილი არა აქვს არავითარ მოპირკეთებას, იგი შთაბეჭდილებას ახდენს თავისი კონსტრუქციული და მხატვრული თვისებებით". მკვლევარი ბ.მ.ნადეჟინი ამგვარად ახასიათებს თეძმის ქვის ხიდს - "კასპის   რაიონის სოფელ რკონში. მეტეხიდან 10 კმ. დაშორებით მდინარე თეძამზე არსებობს ძველი ხიდი. ხიდის კამარა დაწყობილია არა სწორი ფორმის ბრტყელი ქვის ფილებისაგან. შესანიშნავია, რომ ეს კამარა გამოხაზულია არა წრის რკალის მიხედვით: მისი სიმრუდე მცირდება ცენტრიდან ქუსლებისაკენ და კამარის მოხაზულობა მიემსგავსება დიდ მალიან კამარების ფორმას, პარაბოლას, რომელიც მიღებულია ქვის მშენებლობაში, როგორც უფრო ხელსაყრელი, მიღებული სტატიკურ გამოანგარიშების საფუძველზე" (ბ.ნადეჟინის ზემოთ დასახელებული ნაშრომი, გვ.22). თეძმის ხიდი ემსახურებოდა არა მარტო ადგილობრივ სამონასტრო დანიშნულებას, არამედ იგი მდებარეობდა მნიშვნელოვან გზაზე (ბილიკზე), რომელიც მიემართებოდა შუა ქართლიდან - მესხეთ-ჯავახეთისაკენ.

ბესლეთის ხიდი (აფხაზეთი)

ქ.სოხუმის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 6 კმ. დაშორებით, მდ.ბესლეთზე მდებარეობს მშვენიერი, ერთმალიანი ქვისთაღოვანი ხიდი. ბესლეთის ხიდს დაწვრილებით აღწერს მრავალი მკვლევარი და მოგზაური. ჩვენ აქ მოვიყვანთ მხოლოდ ლ.რჩეულიშვილის. და ნ.ჩუბინაშვილის შენიშვნებს ამ ხიდის შესახებ. წინათ ამ ხიდის მშენებლობას მიაწერდნენ ბერძენ ან გენუელ კოლონისტებს, რომელნიც ერთ დროს სახლობდნენ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მაგრამ 1936 წელს აკად. გ.ჩუბინაშვილის მიერ ამ ხიდის დეტალურმა გამოკვლევამ დაამტკიცა, რომ ეს ხიდი წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართველი ხალხის ქმნილებას. ხიდი აგებულია ქვისაგან, კირის დუღაბზე, შიგადაშიგ გამოყენებულია ქართული ბრტყელი აგურის ფენები. ხიდის თაღი გამოხაზულია 2 წრიული მრუდით. მისი სავალი ნაწილის სიგანე - 4,7 მ. მანძილი ნაპირის ბურჯებს შორის - 13, 3 მ. თაღის სიმაღლე წყლის დონიდან - 8,4 მ. ბურჯების სიმაღლე წყლის დონიდან - 2,5 მ. თაღის სისქე წყლის დონიდან - 0.5-0.6 მ. თანამედროვე ხიდმშენებლობის ტექნიკის თვალსაზრისით მომხდარა ამ ხიდის სტატიკური შემოწმება. რომელსაც დაუმტკიცებია, რომ ხიდის თაღის მაღალხარისხოვანი ღირსება.

ე.ი. თაღის სისქის სწორად შერჩევა, საანგარიშო მალის მოფიქრებულად აღება და მალისათვის თაღის მრუდის ზუსტად შერჩევა, თანამედროვე ხიდთა მშენებლობის კანონებსაც კი მთლიანად აკმაყოფილებს. მას 2 ტონიანი მანქანების მთელი შეუწყვეტელი რიგის სიმძიმის ატანაც კი შეუძლია. ასეთი მძლავრი და ტექნიკურად მაღალხარისხოვანი ხიდი დიდი სავაჭრო და პოლიტიკური მნიშვნელობის გზაზე უნდა მდგარიყო, რასაც, სამწუხაროდ, სათანადო ცნობები არ მოეპოვება. (ლ.რჩეულიშვილი, ნ.ჩუბინაშვილი. XI-XII სს. ხიდი მდინარე ბესლეთზე, შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბილისი, 1938, გვ.267-269). მეტად საინტერესო დახასიათებას აძლევს ბესლეთის ხიდს არქიტექტორი ნ.პ.სევეროვი. "სოხუმის აღმოსავლეთით, მდინარე ბესლეთზე, ხიდის თაღი მოწყობილია მსხვილ ქვაკირის ფილებისაგან 1 მ სიმაღლით და 30-35 სმ. სიგანით. ქვებს შორის 5 რიგი თხელი აგურის ფენაა, გაქვავებული დუღაბის სქელ შრეში.

მახუნცეთის თაღოვანი ხიდი მდ. აჭარისწყალზე

თვითეულ თაღის ქვაზე გამოკვეთილია, კარგი გამოხატულობის თითო ქართული ასო, ზომით 25 სმ. პოლიგრაფიული ვარაუდის თანახმად, წარწერა მიეკუთვნება XI-XII საუკუნეებს (ნ.პ.სევეროვი. დასახელებული ნაშრომი. გვ.209.). ხიდის თაღზე აღმოჩენილმა ქართულმა წარწერამ საბოლოოდ გააქარწყლა ის ყიჟინა და მითქმა-მოთქმა, რომელიც არსებობდა ამ ნაგებობის ირგვლივ. "ვენეციელები", "გენუელები", ვინ გინდათ რომ არ იყო მისი მშენებელი, გარდა ქართველებისა. ამ შესანიშნავი ნაგებობის გარეგანი სილამაზე მომხიბლავ ლანდშაფტთან ერთად ქმნიან თვალწარმტაც და ნიშანდობლივ სურათს. სოფ.მახუნცეთი მდებარეობს დაბა ქედიდან 10 კმ დაშორებით, ჰიდროელსადგურ "მახუნცეთჰესთან". მრავალ  მნახველს აქვს აღწერილი ეს მშვენიერი ხიდი. 1913 წელს იგი ნახა ცნობილმა რუსმა ექიმმა - ა.ა.კისელმა, რომელიც წერს: - "მდინარე აჭარის წყალზე გადებულია, ძველი, მეტად კოხტა ვენეციური ხიდი.

ამგვარი ხიდები ამ მხარეს ცოტა არ არის, მაგრამ ყოველთვის უნებლიედ შეჩერდები ხოლმე მრავალ საუკუნეთა მსვლელობაში გადარჩენილ ხელოვნების მშვენიერი ქმნილების წინაშე. რა გასაოცარი სიმსუბუქეა ნაგებობისა - მეტად თხელი ნახევარწრიული კამარა, დაყრდნობილი ორივე ნაპირზე. პირველად დიდხანს ვერ ვბედავდი ამ ხიდზე გავლას". ინჟ. ბ.ნადეჟინიც (გვ.22) აღნიშნავს მახუნცეთის ხიდს. - "იგი (ხიდი) ქვის ფილებისაგან არის. კირის დუღაბზე კამარის მალი - 17,5 მ. აქ გაოცებას იწვევს ის გაბედულება, რომლითაც მდინარეზე გადატყორცნილია ამგვარი თხელი და დამრეცი კამარა. იგი თითქოს "ჰკიდია" წყალზე და ალბათ მთელი რვა საუკუნე". ამ ძველ ხიდით ამჟამადაც სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა. აჭარის წყალზე მახუნცეთის ხიდის მახლობლად მდებარეობენ ამგვარივე ძველი უნიკალური ხიდები, დანდალოსა და სხალთისა. ჩვენ აქ დავასახელეთ რამდენიმე ტიპიური ქართული ქვის თაღოვანი ხიდი, რომელნიც დამაჯერებელ წარმოდგენას იძლევიან იმ დიდ გამოცდილებაზე, რითაც აღჭურვილნი ყოფილან ჩვენი წინაპრები ხიდმშენებლობის ხელოვნებაში. ჩვენ აქ ვერ ჩამოვთვლით რამდენიმე ათეულ თაღოვან და კამაროვან ქვის ხიდს, მათ შორის იყვნენ 2,მ,4 და 5 მალიანი ხიდებიც კი. საქართველოს ძველი ხიდების მეორე სახეს წარმოადგენენ ქვის სანაპირო საყრდენებზე (ბურჯებზე) დაყრდნობილი ხის კოჭოვანი კონსტრუქციები, რომელნიც მეტად გავრცელებული ყოფილან ნაპირების დაბლობ ადგილებში მდინარეების განიერ კალაპოტებზე. აქაც აღვნიშნავთ მხოლოდ ამგვარ ორ ტიპიურ სახიდე გადასასვლელს.

მცხეთის მოგვთა ხიდი მდ. მტკვარზე

ამ ისტორიულ ხიდის შესახებ ჩვენ  დაწვრილებით ვწერდით "ძეგლის მეგობრის-" №14 -ში (1968 წ.).

ფოტოს ავტორი: გ. ბარისაშვილი

ქუთაისის ხიდი მდ. რიონზე

ეს შესანიშნავი ხიდი მეტად ტიპიურია ამგვარ ხიდებს შორის. ქუთაისის ძველი ხიდის პირველი აღწერა ეკუთვნის აკადემიკოს ა.გიულდენშტედტს. იგი მოგზაურობდა საქართველოში 1770-1772 წწ. და ქუთაისის ხიდიც აღწერილი აქვს, მისი ზომების მოყვანით. - "...რიონზე არის 80 ნაბიჯი სიგრძისა და 8 ნაბიჯი სიგანის ხიდი. ორივე ნაპირზე არის 2 თაღი, რომლებიც მდინარეში აღწევენ 25 ნაბიჯამდე და შეერთებული არიან 30 ნაბიჯის სიგრძის ხის ხიდით". (ა.გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში. ტომი 1, თბილისი, გვ. 141 ). 1853 წ. «Кавказский календарь»-ის ოფიციალურ გამოცემაში მოყვანილია ხიდის შუა მალის ზუსტი ზომა. კალენდარში წერია - "ძველი ხიდი აგებულია ჯერ კიდევ იმერეთის მეფეების მიერ.

იგი აკავშირებს ძველ ქალაქს ახალთან და შესდგება ერთი მთავარი კამარისაგან 12 საჟ. (25 მ) და ოთხი მცირე" ამრიგად, თუ ხიდის მთელი სიგრძე შეადგენდა 80 ნაბიჯს (60 მეტრამდე) შუა მალი კი - 25,6 - მაშინ ხიდის გვერდის თაღოვანი ნაწილები შეადგენგნ 17,2 მ. ე.ი. მთელი ნაგებობა შესდგებოდა - 17,2+1-25,6+17,2 - 60 მეტრს. როგორც ჩანს, 1853 წლისათვის ქუთაისის ძველი ხიდი ჯერ კიდევ მოქმედებდა. ქუთაისის ძველი ხიდის შესახებ ცნობას იძლევა ამ ქალაქის ისტორიის მკვლევარი ვლ.ჩიკვაიძე. იგი აღნიშნავს: "ქუთაისში მე-8 საუკუნის მეოთხედში აგებულ საყოველთაო სახალხო მნიშვნელობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაგებობას მდ. რიონზე აგებული ხიდი ეკუთვნის. ისტორიკოსი საგანგებოდ მოგვითხრობს, რომ ლეონ მეორემ აღნიშნული ხიდი ქვის საფუძველზე ააგო. ამით ირკვევა, რომ ქვის საფუძველზე პირველი ხიდი ქუთაისში მე-8 საუკუნის 90-იან წლებში იქნა აგებული (ვლ.ჩიკვაიძე. ქუთაისის ისტორიიდან. თბილისი, 1960, გვ.35). როგორც ჩანს, შუა ხის კოჭოვანი მალი გარდა თავისი პირველადი დანიშნულებისა, გამოყენებული იქნებოდა აგრეთვე თავდაცვითი მიზნებისათვის, მტრისათვის გზის ჩასაშლელად, უცხო შემოსევათა დროს. გვერდებიდან კი, ორივე მხრიდან მიდგმული პქონიათ მაღალი ქვის თაღოვანი მისასვლელები. ამგვარი შერეული ხიდები (ხისა ქვასთან) კეთდებოდა უფრო ფართეკალაპოტიან დაბალნაპირებიან მდინარეებზე. თუმცა აქაც შეიძლებოდა გამოეყენებინათ რამდენიმე მალიანი, ქვის თაღოვანი ხიდი, როგორც მაგალითად ახალდაბისა (ბორჯომის ხეობა), ყაურმის - (ჯავახეთში) 5 მალიანი "გატეხილი ხიდი"- 4 მალიანი (ქვემო ქართლში) და სხვა. მდ.მტკვრის ხეობა, რომელიც წარმოადგენს მრავალ საუკუნეთა მანძილზე ირან-თურქთა შემოსევების ასპარეზს, მთლიანად მოფენილი იყო ამგვარი შერეული კონსტრუქციების ხიდებით.

როგორც ჩანს, ეს იყო მთელი-სისტემა ამგვარი მდ.მტკვარზე გადასასვლელებისა დაწყებული "გატეხილი ხიდის" (ძველი ხიდის ნანგრევების მიხედვით) - ვიდრე არტაანამდე (ამჟამად თურქეთის ფარგლებში) - თითქმის 330 კმ-ის მანძილზე. აქ შეიძლება აღინიშნოს 20-მდე ამგვარი ხიდი, გარდა ახალდაბისა, რომელიც მთლიანად ქვის თაღებისაგან შესდგებოდა. შეიძლება აქ დავასახელოთ მტკვარზე ზოგიერთი ხიდი, რომლებმაც თავი ისახელეს შემოსეულ მტრისათვის გზის შეფერხების საქმეში. თბილისის, მეტეხის  ხიდი აღა-მაპმად ხანის შემოსევისას (1795 წ.), მცხეთის ხიდი - პომპეუსის  შემოსევისას (I ს. ძვ.წ.), გორისა - თათარ ხანის ლაშქრობისას (1609 წ.). ასპინძის ხიდი - თურქებთან მეფე ერეკლეს ბრძოლაში (1770 წ.). კიდევ ბევრი ამგვარი შემთხვევა ყოფილა საქართველოს ისტორიის მანძილზე, მაგრამ ჩვენ აქ მოგვყავს მხოლოდ უმთავრესი ფაქტები. უფრო ვიწრო კალაპოტიან და მაღალ კლდოვან ნაპირებიან მდინარეებზე  კეთდებოდა ქვის კაპიტალური კამაროვანი ან თაღოვანი ხიდები. ვიწრო კამაროვანი-ფეხოსანი და სასაპალნე მოძრაობისათვის და განიერი-თაღოვანი ბორბლიან  ტრანსპორტისათვის.

მთელი აჭარა, შავშეთი, ლაზეთი ძველ დროიდან მოფენილი ყოფილა ამგვარი. მეტად მკვიდრი და იმავე დროს გარეგნულად ლამაზი სახიდე ნაგებობებით.  მათი ნაშთები და ნარჩენები დღესაც მოწმობენ მათ არსებობას. თუ მრავალი მათგანი დაინგრა და განადგურდა, დარჩენილები იწვევენ აღტაცებასა და განცვიფრებას. ვაკვირდებით რა ძველი ქართული ხიდების ნაგებობებს. ვრწმუნდებით, რომ მათ მშენებლებს პქონიათ ხიდების მშენებლობის საქმეში დიდი გამოცდილება, ცოდნა და დაკვირვება. მათ მთლიანად შეუთვისებიათ სიმეტრიის პრინციპები, ცოდნა ჰარმონიული პროპორციებისა, ქვის მასალის და შემაკავშირებელი დუღაბის შერჩევის მაღალი ოსტატობა. ისინი დაუმუშავებელ ქვის ფილებს და ლოდებს ერთმანეთთან აკავშირებდნენ  დიდი ოსტატობით და ქმნიდნენ მეტად თხელ, დამრეც მტკიცე და ლამაზ თაღებს - განიერ და მჩქეფარე მდინარეებზე. ამგვარი ჰაეროვანი, ცისარტყელად გადახურული კონსტრუქციები ჰქმნიდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს მათ შიგ ჩატანებული ჰქონდათ ხის ან რკინის შემაკავშირებელი ღეროები (არმატურა), რომელნიც აკავებდნენ მათ მდინარეში ჩავარდნისაგან. გასაოცარი ის არის, რომ ამ სახით ისინი დგანან გაშმაგებულ მდინარეებზე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. არსებული ძველი ხიდების ნაშთები ეკუთვნიან სხვადასხვა ისტორიულ ხანას, მათ შორის ძველი წელთაღრიცხვისაც, მაგრამ გარკვევით შეიძლება ითქვას, რომ მათი უმრავლესობა IX-XII და XVI-XVII საუკუნეებს მიეკუთვნებიან. საქართველოს ძველი სახიდე ნაგებობანი წარმოადგენენ ჩვენი ეროვნული სიამაყის მატერიალურ ძეგლებს, ისევე როგორც საკულტო ნაგებობანი, ციხეები, კოშკები და სხვ. ისინი წარმოადგენენ მრავალ თაობის სამშენებლო მოღვაწეობის შესანიშნავ ნიმუშებს. ჩვენი ვალია მივმართოთ ყველა ზომებს მათი გადადგურებისაგან დასაცავად. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მათ ესაჭიროებათ უფრო მეტი მოვლა-პატრონობა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის სხვა არქიტექტურულ ან მატერიალურ ძეგლს, რადგან მათ გარდა დროისა და ატმოსფერული გავლენისა, უხდებათ აგრეთვე წინააღმდეგობის გაწევა მძლავრ, მჩქეფარე მდინარეებთან.