There are no translations available.
<უკან დაბრუნება
გივი ღამბაშიძე - ქართული კულტურის წრის ძეგლები ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში - ენციკლოპედია: ქართული ენა, // თბილისი, გამ."ეროვნული მწერლობა", 2008 წ., გვ.514-520.
მადლობას ვუხდით ბატონ გ.ღამბაშიძეს მოწოდებული მასალებისათვის
ქართული კულტურის წრის ძეგლები ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში, არქეოლოგიურ ლინგვისტურ და ანთროპოლოგიურ მონაცემთა გათვალისწინებით ცხადი ხდება ზედა პალეოლითში კავკასიის ეთნოკულტურულ - ისტორიული ერთობის არსებობა, რომელიც მეზოლითსა და ნეოლითში წარმოშობილი დიფერენციაციით ძვ.წ.V-IX ათასწლეულებში დაშლით დამთავრდა, III ათასწლეულში კი - კავკასიის მოსახლეობის ძირითადი ეთნიკური ჯგუფების ჩამოყალიბებით (ო.ჯაფარიძე). უახლეს კავკასიოლოგიურ გამოკვლევათა ფონზე ყურადღებას იპყრობს XI ს. საეკლესიო მოღვაწისა და მემატიანის – ლეონტი მროველის ცნობები საქართველოსა და კავკასიის ძველი ისტორიის შესახებ, მ.შ. კავკასიის ხალხთა საერთო წარმომავლობის კონცეფცია, რომლითაც ისინი ბიბლიური ნოეს შვილთაშვილის თარგამოსის შთამომავლებად ცხადდებიან, ხოლო წილხვდომილი ქვეყნის საზღვრებად სახელდება: "აღმოსავლით ზღუა გურგენისა, დასავლით ზღუა პონტოსა, და სამხრით ზღუა ორეთისა, და ჩრდილოთ მთა კავკასია".
კავკასიელთა საერთო წარმომავლობის მროველისეული კონცეფცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ, სავარაუდოდ, უძველეს ტრადიციასაც ასახავდა და, ამავე დროს, თავისი ეპოქის მსოფლმხედველობა - სულისკვეთებასაც გამოხატავდა. ნიშანდობლივია, რომ იგი გაცხადდა სამეფო დინასტიის - ბაგრატიონთა გვარის იზოთეისტურ (ღვთაებრივი წარმოშობის) თეორიასთან (რომელიც სათავეს IX-X სს.. XI ს-ში კი კანონიზებულ სახეს იღებს) ერთად შავსა და კასპიის ზღვებს შორის საერთო -კავკასიურ სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების ისტორიულ ეპოქაში (გ.ლომთათიძე). ადრე შუასაუკუნეთა მიწურულს კავკასიის ხალხთა პოლიტიკური, სოციალურ - ეკონომიკური და კულტურის სფეროებში მიმდინარე იმანენტური პროცესებისა (ფეოდალურ -ფორმაციული ძვრები, ძლიერი სახელმწიფოებისაგან თავდაცვა, ტრანსკავკასიური გზეზბის ფლობა, მთისა და ბარის ეკონომიკური კავშირები, ძირძველი ეთნოკულტურული ურთიერთობანი, ეთნოფსიქიკური წყობა და სხვ.) და საქართველოს სახელმწიფოს კავკასიური პოლიტიკის შედეგად წარმოქმნილი კავკასიური სახელმწიფოებრიობის რელიგიურ - კულტურულ საფუძვლად ქრისტიანული რელიგია და კულტურა გვევლინება. ეს უფრო აახლოებდა საქართველოსა და იმიერკავკასიის ხალხებს და აძლევდა საშუალებას, გადაეწყვიტათ მათ წინაშე არსებული ისტორიული პრობლემები (ი.ჯავახიშვილი). ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში ქრისტიანული რელიგიისა და კულტურის ისტორიის შესწავლა კავკასიოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო პრობლემაა, რომლის მთავარ მეთოდოლოგიას ისტორიის, ქრისტიანული არქეოლოგიის, კულტურის ისტორიის, წყაროთმცოდენობის, ენათმეცნიერების, პალეოგრაფიის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორისტიკის, ანთროპოლოგიის კუთხით საგნის კომპლექსურად კვლევა წარმოადგენს. XVIII საუკუნის მიწურულიდან იმიერკავკასიის სივრცეში მკვლევართა მიერ გამოვლენილია ქრისტიანული რელიგიისა და კულტურის მრავალი მიწისქვეშა და მიწისზედა ძეგლი: ნაეკლესიარ -ნატაძრალები - გუმბათიანი - ისტორიულ ალანეთში (მათ ბიზანტიურ თუ ქართულ წარმომავლობაზე აზრთა სხვადასხვაობაა); ქართულ ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ე.წ. "სამეკლესიიანი ბაზილიკები" ისტორიულ ალანეთსა და ინგუშეთში; უმეტესად გვხვდება დიდი და მცირე ზომის, ადგილობრივთაგანაც აგებული, ე.წ. "დარბაზული" (მ.შ. უაფსიდოც) ეკლესიები, რომელნიც ზოგჯერ არ გამოირჩევიან არქიტექტურულ - მხატვრული თვალსაზრისით, მაგრამ მოწმობენ მოსახლეობაში ქრისტიანული რელიგიის საფუძვლიან გავრცელებას; ქვის, ხისა და ლითონის მონუმენტური და მცირე პლასტიკის ძეგლები – ნაირგვარი ზომისა და ფორმის ჯვრები, მათი კვარცხლბეკები, ჯვრების გამოსახულებანი სამლოცველოებზე, ეკლესიის სახურავის კრამიტებზე, ქვის კვადრებზე, კოშკებზე აკლდამებზე; გულსაკიდი და საეკლესიო დროშების ჯვრები, ეკლესიის კანკელების, ლავგარდანებისა და ხის კარების რელიეფები, ეკლესიის ექსტერიერის შემამკობელი რელიეფები, ბარელიეფები, ქვის ემბაზი და ა.შ. (სიუჟეტურ - კომპოზიციურ - იკონოგრაფიული თვალსაზრისით ორნამენტული მოტივებითა და შესრულების ტექნიკით ისინი ანალოგიებს პოულობენ შუა საუკუნეების საქართველოს არქიტექტურულ, კანკელების, საეკლესიო კედლის მხატვრობის, ჭედურ, ქვასა და ხეზე კვეთილობის ძეგლებში, რაც მათთან გენეტიკური კავშირით აიხსნება და, ამავე დროს, გააჩნიათ ლოკალური დამახასიათებელი ნიშნებიც); საეკლესიო კედლის მხატვრობის ნიმუშები – მთლიანად შემორჩენილი და, უმთავრესად, ფრაგმენტულად როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში - ეკლესიის კარის ტიმპანში; საგანგებოდაა აღსანიშნავი ადგილობრივ ქტიტორთა გამოსახულებანი; ადგილობრივ მცხოვრებთა სამარხ–სამაროვნები (აკლდამები – კლდესა და მიწაში ნაკვეთი, ქვებით ამოშენებული და ქვის ფიქლებით გადახურული და სხვ.). ქრისტიანული დასაფლავების წესის დადასტურებასთან ერთად (სამარხების ეკლესია - ტაძრებთან არსებობა, სასაფლაოებზე ქვის ჯვრებისა თუ მათი გამოსახულებიანი ქვის სტელების აღმართვა, სამარხთა და მიცვალებულთა დამხრობა, პოზა, ძირითადად უინვენტარობა - მხოლოდ სამარხისა და ტანსაცმლისეული აქსესუარის არსებობა, გულსაკიდი ჯვრები და სხვ.)
არქეოლოგიურ დადასტურებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ანთროპოლოგიურ მონაცემებსაც - "ოჯახურ" სამარხებში ქალებისა და ბავშვების ჩონჩხების აღმოჩენა ასევე მიუთითებს მოსახლეობაში ქრისტიანობის ფართო გავრცელებაზე; სამლოცველო, საამშენებლო, ლიტურგიკული შინაარსისა და ადგილობრივი სახელწოდებების აღმნიშვნელი (კრებსითად XXVI სს, უმთავრესად X-XI და XII-XIV სს.)., ძველქართული წერილობითი ძეგლები - წარწერები საამშენებლო ქვებზე, ქვის ჯვრებსა და ჯვართა გამოსახულებიან ქვის კვადრებზე; ეკლესიის კედლის მხატვრობაში ჩართული, საამშენებლო და საყოფაცხოვრებო კერამიკაზე, სეფისკვერის ქვის საბეჭდავზე; ხელნაწერები ეტრატსა და ქაღალდზე - ზოგი ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში საქართველოდან "მოხუმული", უმრავლესობა კი ადგილობრივ ხელოსან-კალიგრაფთა ხელით შესრულებული, რაც მათ მიერ ძვ.ქართულ დამწერლობათა - ასომთავრულისა და ნუსხურის კარგ ცოდნასა და ქართული დამწერლობის ტენდენციებში გათვითცნობიერებაზე მიუთითებს (ორ- და ოთხსტრიქონიანი წერის სისტემები, ასო-ნიშანთა და ქარაგმათა მოხაზულობა–შემკულობანი, სიტყვათა დაშორიშორება, განკვეთის ნიშნები, დაქარაგმება, ასოთა შეწიაღება, ასომთავრულისა და ნუსხურის ურთიერთგავლენა, მათი ურთიერთშერევა და ა.შ.); ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში ქრისტიანული რელიგიის ქართული კულტურის წრის ძეგლები, საისტორიო, ენობრივ (ქრისტიანული ლექსიკის, ონომასტიკის, ტოპონიმიკის არსებობა), ფოლკლორულ და ეთნოგრაფიულ მასალებთან ერთად, ნათელყოფენ ამ ქვეყნებში ქრისტიანიზაციის დონეს, ქრონოლოგიურ დიაპაზონსა და, რაც მთავარია, მოქმედ ეკლესია - ტაძრებში ქართული ღვთისმსახურების, მოსახლეობაში ქართული ენისა და დამწერლობის ფართოდ გავრცელებას. ეს საფუძველს ქმნის შუასაუკუნეების გარკვეულ პერიოდში რეგიონში ქართული დამწერლობისა და ენის - ლინგვა ფრანკა - კოინე ენის სოციოლინგვისტური ფაქტის არსებობაზე ვილაპარაკოთ; ასევე, ეს ძეგლები ძვირფას ცნობებს გვაწვდიან ისტორიული გეოგრაფიის (სახელმწიფო - ადმინისტრაციულსა და საეკლესიო), ონომასტიკა – ტოპონიმიკის და ა.შ. შესახებ. მნიშვნელოვანი კავკასიოლოგიური პრობლემის შესწავლის დღევანდელი დონის გათვალისწინებით, მეთოდოლოგიურად გაუმართლებელია ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნების შუა საუკუნეების მატერიალურ კულტურებში არსებული ჯვრებისა ("ბერძნული", "ლათინური", "გოლგოთიანი", "მედალიონებით" დაბოლოებული და დიდრონი ჯვარ-მონუმენტები...) და მათი გამოსახულებების სემასიოლოგიური ანალიზისას მკვლევართა ერთი ნაწილის მიერ მხოლოდ წარმართობის კონფესიური მონიზმის პოზიციით ხელმძღვანელობა. ამ ქვეყნებში ქრისტიანობის დამკვიდრების დროიდან ჯვრების გამოსახულებათა სემანტიკა, ბუნებრივია, ქრისტიანულია ნაწილობრივ კი — დუალისტურ–სინკრეტულიც: ჯვარი – სოლარული ნიშანი + ჯვარი - ქრისტ. რელიგიის სიმბოლო. საკითხი, თუ რომელი საფუძველი მძლავრობს, საჭიროა გაშუქდეს როგორც დროში (ეპოქა), ასევე სივრცეში (რეგიონი – ცენტრი თუ პერიფერია). ამასთანავე, ორივე განზომილებაში საგნის განხილვისას გასათვალისწინებელია ქრისტიანული რელიგიისა და კულტურის გავრცელების ხარისხი. რაც შეეხება ჯვრების გამოსახულებებს, უდავოდ გვიანი პერიოდის საამშენებლო ქვებზე - ნადირობის სცენებში, მხედართა, ცხოველთა, "ბაბილონთა", ორნამენტის, ასტრალური ნიშნების ანტურაჟში, ასევე, უტილიტარული დანიშნულების (ხე, ლითონი, ქსოვილი) საგნებზე მათი ნაწილი ქრისტაინული რელიგიის სიმბოლოს ორნამენტულ რემინისცენციად უნდა მივიჩნიოთ. ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანული რელიგიისა და კულტურის კვლევის ინტენსიფიკაციასთან ერთად, ბოლო ათწლეულებში მრავალი ახალიც გამომზეურდა. მაგ., დაღისტან-საქართველოს გაერთიანებული არქეოლოგიური ექსპედიციის ერთ-ერთი ბოლო აღმოჩენაა მთიან დაღისტანში, ავარეთში (ქართ. წყაროებით "ღუნძეთში"), მისი დედაქალაქის – ხუნძახს დამყურე აქაროს მთაზე X-XIV სს. წმიდა თორმეტი მოციქულის ტაძარი ძველქართულ დამწერლობიანი ქვის ჯვრებითა და საინტერესო არქეოლოგიური მასალით. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია. დაიწყო ზოგიერთი ძველად აღმოჩენილის თანამედროვე მეცნიერულ დონეზე ხელახალი შესწავლა (რიგ შემთხვევაში არ იყო და დღესაც არაა სწორად განსაზღვრული, თუ რა ენაზე „ლაპარაკობდნენ“ ისინი, არ არის გარკვეული მათი „გრამატიკული ძირები და დიალექტური სახეცვლილებანი“, რაც არასწორ დათარიღებებსა და ინტერპრეტაციებს იწვევს; ხაზგასმითაა აღსანიშნავი - ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნების ქრისტიანული პერიოდის კულტურებში ადგილობრივ ლოკალურ ნიშანთა და თვითმყოფობის გამოვლენის ტენდენცია არის სწორი ისტორიოგრაფიული პოზიცია, რაც განსაზღვრავს მის პერსპექტიულობას). მოხდა საკითხთა კონკრეტიზაციაც და საგნის მთლიანობაში გააზრებაც, გამოიკვეთა პრობლემის სიღრმისეული მოვლენები და მისი ახალი წახნაგები, უარყოფილია ძველი და მიღებულია ახალი ქრონოლოგიური ჩარჩოები. უკუგდებულია მტკიცება, თითქოს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებისათვის ქრისტიანული რელიგია და კულტურა "ზედაპირული", "უცხო", "თავსმოხვეული" მოვლენა ყოფილიყოს და ღრმად არ შეხებოდეს იმიერკავკასიელთა მსოფლმხედველობას, რითაც ფაქტობრივად არქაიზდებოდა იმ ქვეყნების საზოგადოებრივ - პოლიტიკური და კულტურული განვითარების დონეცა და კავკასიელ ხალხთა კონსოლიდაციის ხარისხიც. ქართ. არქეოლ. კავკასიოლოგიის მიერ 1970-80 შემუშავებული ახალი მტკიცებულებებით საქართველოდან იმიერკავკასიაში ქრისტიანული რელიგიისა და კულტურის ფართოდ გავრცელება - დამკვიდრება იწყება არა XII-XIII სს-ში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ძლიერების ეპოქაში – დავით IV აღმაშენებლისა (1089-1125) და თამარის (1184-1213) მეფობის დროს, როდესაც საქართველო - ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნების კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდა, არამედ X საუკუნიდან, რაც სათანადოდ აისახა კიდეც ამ ქვეყნების მატერიალურ კულტურებში. აქვეა აღსანიშნავი, მოციქულთა დროიდან მოკიდებული, საუკუნეთა განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანული რელიგიის გავრცელების ადრინდელი ისტორიული ფაქტებიც. საქართველოს გაერთიანებამდე (ბაგრატ III ეპოქა - X ს. 60-იანი წლების დასაწყისი -1014), ჩრდილო - დასავლეთ იმიერკავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელ ბიზანტიასთან ერთად (ისტორიული ალანეთის ტერიტორიაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ალანეთის სამთავარეპისკოპოსოს, შემდგომში კი - სამიტროპოლიტოს არსებობა)
დასავლეთით ქართული სამეფო აფხაზეთი (აფხაზთა მეფის, გიორგი II-ის (922-957) გამორჩეული მოღვაწეობა ქრისტიანობის გავრცელების მხრივ), ცენტრალურსა და აღმოსავლეთ იმიერკავკასიაში - ქართლი და კახეთი, ხოლო გაერთიანების შემდეგ — საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებაა. ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის როლი. ვფიქრობთ, სასულიერო და საერო ხელისუფალთა საერთო ქმედებაა გამოხატული ინგუშეთში არსებულ ტყობა-იერდას წმიდა თომას, კვირაცხოვლობის ტაძრის (X ს. II ნახ. სამეკლესიიანი ბაზილიკა, XIII-XIV სს-ში აღდგენილ-გადაკეთებული) დასავლეთ კედლის ბარელიეფურ ქტიტორულ კომპოზიციაში, რომელზედაც გამოსახულია, როგორ მიართმევენ ქრისტეს ეკლესიის მოდელს სასულიერო და საერო ხელისუფალნი. ცნობილია ადრეფეოდალური ხანის მიწურულს საქართველოს ეკლესიის ღვაწლი ეროვნულ - სახელმწიფოებრივ გაერთიანება-მშენებლობაში. ანალოგიური როლი შეასრულა მან საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა დაახლოებაში. X საუკუნის ღვთისმეტყველისა და მწერლის - გიორგი მერჩულისეული ქართული ეროვნული მთლიანობის დეფინიციის შემცველი ფორმულა - „ქართლად ფრიადი ქუეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“ - უკვე X ს. ბოლოსა და XI ს. დასაწყისში შეიძლება გავრცელდეს იმიერკავკასიაზეც. საქართველოს საკათალიკოსო-საპატრიარქოს სტატუს-კვო და იურისდიქცია, საფიქრებელი» გაცხადდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის (1012-1030, 1039-1045) „აღმოსავლეთის პატრიარქად“ სახელდებით იმავე ტყობია–იერდას ტაძრის ლაპიდარულ წარწერაში. ეს კი შესაძლოა განსახილველი იყოს გაერთიანებული ქართული სახელმწიფოსა და გაერთიანებული ქართული ეკლესიის (დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ორი საკათალიკოსოს, აგრეთვე ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კავკასიისა და სომხეთის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების ბაზაზე შექმნილი ერთიანი საპატრიარქო, რომლის მამამთავარი იყო საქართველოს ეკლესიის ისტორიაში პირველი პატრიარქი - მელქისედეკ I) ავტორიტეტისა და ბიზანტიის იმპერიასთან, კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის საპატრიარქოებთან როგორც ზოგად კონფესიურ-პოლიტიკურ ურთიერთობათა კონტექსტში, ასევე ჩრდილოკავკასიურ სივრცეში ინტერესთა შეჯახების გამომხატველი. არსებული მასალები საფუძველს ქმნის, შუაფეოდალურ ხანაში საქართველოს სახელმწიფოებრივსა და საეკლესიო იურისდიქციაში შემავალი იმიერკავკავკასიის სივრცე სამიტროპოლიტოებად და ეპარქიებად გაერთიანებულ სამწყსოდ წარმოვიდგინოთ: IV მსოფლიო საეკლესიო კრების დაკანონებით, საეკლესიო საზღვარი სახელმწიფო საზღვარს ემთხვეოდა, საერო–ადმინისტრაციული დაყოფა საეკლესიოში აისახებოდა. ასე. XIV ს–ში გიორგი V ბრწყინვალისა (1314-46) და საქართველოს კათალიკოსის ექვთიმე III-ის (1310-25) ეპოქაში, მთიანი დაღისტნის ტერიტორიაზე სახელდება 3 საეპისკოპოსო (ხუნძახის, ანწუხისა და წახურის), XV ს–ში კი ხუნძელი კათალიკოსი - ოქროპირია (კ.კეკელიძე). თუ შევადარებთ ამ პერიოდის ვითარებას სპარსელი არაბულენოვანი სწავლულის იბნ-რუსთის (IX ს. II ნახ. - X ს. I ნახ.) მიერ X ს. დასაწყისში აღწერილს, რომელიც სარირის (ავარეთის) მეფის ციხე-სიმაგრის მცხოვრებთ ქრისტიანებად, ხოლო ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობას კი წარმართად მოიხსენიებს, ნათლად ჩანს მთიანი დაღისტნის ქრისტიანიზაციის პროცესი, მისი ინტენსიფიკაცია; აღსანიშნავია X ს. ინგუშეთში (ქართული წყაროებით „დურძუკეთი“) გიორგი ეპისკოპოსის მოღვაწეობაც, რის შესახებაც გვაუწყებს იმავე ტყობია-იერდას ქრისტიანული ტაძრის ლაპიდარული წარწერები. ისტორიულ „ღუნძეთთან“, „დურძუკეთსა“ და „ღლიღვეთთან“ (ჩაჩნეთი) მიმართებით აღნიშნულ საკითხთა გარკვევისათვის მნიშვნელოვანია კახეთის მეფის კვირიკე III დიდის (1010-29) მიერ კახეთ-ჰერეთში ჩატარებული ადმინისტრაციული რეფორმის (რომელიც ადრინდელი ვითარების გამომხატველი იყო - მ.ლორთქიფანიძე) მონაცემების გათვალისწინება. XVIII ს. ისტორიკოსი და გეოგრაფოსი ვახუშტი ბაგრატიონი გვაუწყებს, რომ ამ რეფორმით, „დურძუკეთი“ და „ღლიღვეთი“ კახეთის მეორე, კვეტერის საერისთაოში, „ღუნძეთი“ კი - ჰერეთის მესამე, მაჭის საერისთაოში შემავალი ქვეყნებია; საყურადღებოა აგრეთვე მისი მონაცემები ნიქოზის საეპისკოპოსოს ოსეთ-დვალეთთან დაკავშირებით. არსებობს საფუძველი, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში ქრისტიანული რელიგიის არსებობა ოფიციალურ-კლერიკალურ ხარისხშიც მივიჩნიოთ, რაც ახლოს იყო კანონიკურ ნორმებთან და რაც შეიძლება არსებობდეს მხოლოდ საზოგადოების განვითარების მაღალ დონეზე,
თუ მას ამკვიდრებს ეკლესია და მხარს უჭერს სახელმწიფო ხელისუფლება. კავკასიის ინტეგრაციის ისტორიულ - ევოლუციური პროცესი შეწყდა თათარ - მონგოლთა და, განსაკუთრებით თემურ-ლენგის შემოსევათა შემდეგ. დაიწყო სახელმწიფოებრივი ეკონომიკურ-სოციალური და კულტურული რეგრესი. განვითარდა ცენტრიდანული ძალები, რომელთაც დაშალეს არა მარტო მთლიანად კავკასიის, არამედ მისი ცალკეული მხარეების ერთობაც. ბუნებრივია, დაიშალა კონფესიონალურ-კულტურული ერთიანობაც და დაირღვა ქრისტიანული რელიგიისა და კულტურის საფუძვლებიც (შემდგომში, ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანობის აღდგენის ცალკეული ისტორიული პარადიგმები აღარ იყო მოვლენის ევოლუციური განვითარების შედეგი, რადგანაც ისტორიული საფუძველი მას აღარ გააჩნდა). ჩრდილო - აღმოსავლეთ იმიერკავკასიაში (დაღისტანი) გავრცელდა და დამკვიდრდა ისლამი, რომელმაც ახალი პოლიტიკურ - სოციალური და რელიგიურ-კულტურული ტენდენციები წარმოშვა; ცენტრალურ და დასავლეთ იმიერკავკასიაში კი მის გავრცელებამდე ნაწილობრივი რესტავრაცია განიცადეს წარმართულმა კულტებმა, რომლებიც ქრისტიანობასთან სინკრეტულად არსებობდნენ. ამ გარდამავალმა პერიოდმა გვიან შუა საუკუნეებში წარმოშვა არაკანონიკური არქიტექტურა, რასაც სამეცნიერო ლიტერატურაში "ნახევრადქრისტიანულ-ნახევრადწარმართულ“ სამლოცველოებად მოიხსენიებენ და, რომელთაც, კანონზომიერია, ვერ ვხვდებით დაღისტნის მთებში. მეთოდოლოგიურად მცდარად უნდა ჩაითვალოს, როდესაც, ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში, გვიან შუასაუკუნეების ვითარებიდან გამომდინარე, ახდენდნენ X-XIV სს-ის რელიგიურ - კონფესიონალური რეალობის რეკონსტრუქციას. ამით უგულებელყოფდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებისა და ხალხების ისტორიულ (საზოგადოებრივ -პოლიტიკურ - კულტურულ) განვითარებისა და კავკასიის ხალხთა კონსოლიდაციის მაღალხარისხოვან ხასიათს. ისიც აღსანიშნავია, რომ XIX-XX სს. ემპირიული მონაცემები ნათლად მიუთითებენ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში ადგილობრივ მცხოვრებთა მოწიწებასა და რიდს თავისი ისტორიის ქრისტიანული პერიოდისა და მისი კულტურული ძეგლების მიმართ, რაც, ეთნოკულტურული ტრადიციის, სულიერი მემკვიდრეობითობისა და კულტურის ეკოლოგიის მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტია.
----------------------------------------
ლიტ.:
- ჩიქობავა ა., ქართულ-ხუნძური წარწერა XIV საუკუნისა დაღისტნიდან,"სმამ», 1940, ტ.I, N4;
- კეკელიძე კ. ქართული კულტურის ისტორიისათვის მონღოლთა ბატონობის ხანაში. იხ. მისი:ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, თბ., II, 1945;
- გუდავა ტ., ორი წარწერა (ქართული და ქართულ-ხუნძური) დაღესტნიდან. - (მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», ნაკვ.30, თბ., 1954;
- დოლიძე ვ., ხოზიტა-მაირამი - საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კულტურული ურთიერთობის საბუთი. - ((სმამ», 1954, ტ.XV, N2;
- მისივე, თლის ხუროთმოძღვრული ძეგლი - საქართველოსა და დვალეთის კულტურული ურთიერთობის ახალი საბუთი. "სმამ», 1958, ტ.XXI, N6;
- ვოლსკაია ა., კედლის მხატვრობის ფრაგმენტები "ხოზიტა–მაირამის" ქართულ ტაძარში. - "სმამ", 1954, XV, N6;
- ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა. - ქართლის ცხოვრება, ს.ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.I, თბ., 1955;
- გამრეკელი ვ., ისტორიული მასალები დვალეთიდან. - "ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე", 1963, ტ.XXIV-B;
- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. - ქართლის ცხოვრება, ს.ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.IV, თბ., 1973;
- ჯაფარიძე ო.. ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, თბ., 1976;
- ღამბაშიძე გ., ქართული კულტურის ძეგლები დვალეთში - "საბჭოთა ხელოვნება", 1976, N3;
- მისივე, XI ს. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I ლაპიდარული წარწერა "ტყობია-იერდას" (ინგუშეთი) ქრისტიანული ტაძრიდან. — სამეცნიერო სესია: „მსოფლიო კულტურულ-ისტორიული პროცესი და საქართველო“ (არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით), თბ., 1993;
- შანიძე მ., ფსალმუნის ორი უძველესი ქართული ხელნაწერის შესახებ. "მრავალთავი» (ფილოლ.–ისტ. ძიებანი), VI, თბ., 1978;
- ჯავახიშვილი ი., ქართველი ერის ისტორია, ტ.III, თბ., 1982;
- მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ.2, თბ., 1998;
- ღამბაშიძე გ., საქართველოს სამოციქულო ეკლესია და ქრისტიანული რელიგიისა და ქართული კულტურის წრის ძეგლები ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში – კრებული "ქრისტიანობის 20 საუკუნე საქართველოში", თბ, 2004;
- Миллер Вс., Терская область. Археологические экскурсии I. Археологические наблюдения в области чеченцев. - «Материалы по археологии Кавказа» I, М., 1888;
- Атаев Д. М., Христианские древности Аварии. - «Ученые записки», т.IV, Махачкала, 1958; Каменные кресты из окрестностей Хунзаха. — «Материалы по археологии Дагестана», т.I, Махачкала, 1959;
- Ахвледиани Г.С., По поводу обнаружения Заромагской псалтыри.: Сборник избранных работ по осетинскому языку, кн.I, Тб., 1960;
- Ломтатидзе Г.А., Выступление на заключительном заседании сессии 14 мая 1959 г. - «Материалы по археологии Дагестана», т.II, Махачкала, 1961;
- Шмерлинг Р.О., Церковь в с.Датуна в Дагестане». - «მაცნე», 1968, №2;
- Крупнов Е. И., Средневековая Ингушетия, М., 1971;
- Кузнецов В. А., Зодчество феодальной Алании, Орджоникидзе, 1977;
- Гамбашидзе Г., К вопросу о культурно-исторических связях средневековой Грузии с народами Северного Кавказа - II Международный симпозиум по грузинскому искусству, Тб., 1977;
- მისივე, Вопросы христианской культуры и исторической географии Аварии в свете результатов Дагестано-грузинской объединенной археологической экспедиции АН ГССР и СССР. - IV Международный симпозиум по грузинскому искусству. Тб., 1983;
- მისივე, Древнегрузинские церковные книги из Ингушетии. - «V Крупновские чтения по археологии Кавказа», Махачкала, 1975;
- მისივე, Грузинские лапидарные надписи из христианского храма на горе Акаро над Хунзахом (Дагестан). - Материалы международной научной конференции - «Кавказ и степной мир в древности и средние века», Махачкала, 1999;
- მისივე, Памятники древнегрузинской письменности в странах Северного Кавказа. - «Археология и этнология Кавказа». Краткие содержания докладов международной научной конференции, Баку, 2000;
- Чубинашвили Г.Н., Ткоба-Иерди (к вопросу о культурных связях Ингушетии и Грузии). Вопросы истории искусства Исследования и заметки, т.II, Гб., 2002;
- Мусхелишвили Д. Л., Взгляд сквозь глубь веков, «Литературная Грузия», 2003, №4-6; Гамбашидзе Г., Несколько ингушских фольклорных и этнографических парадигм, касающихся храма Ткобя-Ерда (Ингушетия) - «Археология, этнология и фольклористика Кавказа». Материалы международной конференции, Ереван, 2003;
- მისივე, Три лапидарные надписи епископа Георгия (X в.) из христианского - храма Ткобя-Ерда (Ингушетия).
- კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია და ფოლკლორისტიკა». საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა მოკლე შინაარსები, თბ., 2004.
გ. ღამბაშიძე.
|