topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ა. ქალდანი - ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში

<უკან დაბრუნება

ანზორ ქალდანი - ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში // ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“ №79; 1988 წ.

ქართველ და ვეინახ ხალხებს შორის პოლიტიკური, კულტურული თუ ეკონომიკური ხასიათის ურიერთობანი საკმაოდ ადრიდან იწყება და მას ხანგრძლივი ისტორია გააჩნია.1 განსაკუთრებული, მჭიდრო კავშირი ჩანს VIII-XII სს–ში, როდესაც საქართველოს საერო და საეკლესიო ხელისუფალნი ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კავკასიონის ჩრდილოეთის კალთებზე მცხოვრებ მთიელთა ქრისტიანიზაციას. ასეთი მიმართულება ნაკარნახევი იყო იმ გარემოებით, რომ ამ დროს მხოლოდ ეს მხარე რჩებოდა მისიონერთა სამოქმედო ასპარეზად, სადაც ჯერ კიდევ არსებობდა პროზელიტების მოპოვების საშუალება, რომელთა ხარჯზე შესაძლებელი და აუცილებელიც იყო მრევლის შევსება. სწორედ ამ პერიოდშია არჩეული ვეინახების პოლიტიკური დაქვემდებარების ერთ-ერთ ძირითად ფორმად ქრისტიანიზაციის პროცესი, რაზეც თარგიმის ქვაბულში აგებული ქრისტიანული ძეგლები მოწმობენ. თარგიმის ქვაბული ინგუშეთის ცენტრალურ ნაწილშია მოქცეული. იგი საიმედოდაა დაცული ცენტრალური კავკასიონისა და კლდოვანი ქედებითა თუ მათი განშტოებებით. ქვაბული ძველთაგანვე ყოფილა ადამიანის მიერ ათვისებული და ინგუშეთის მთიანეთის ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტები აქ იყო ლოკალიზებული. განსახილველ ძეგლებთან დაკავშირებით საკმაო რაოდენობის ლიტერატურა არსებობს. 1781 წ. ტყობა–ერდი უნახავს რუსეთის არმიის კვარტირმაისტერს შტედერს, რომელიც თავის ნაშრომში იძლევა ძეგლის მოკლე, ზოგად აღწერილობას. ავტორი ყოველგვარი ანალიზის გარეშე იმეორებს ძეგლის ხალხურ პერიოდიზაციას, რომელიც XIX ს–მდე აგებულ თითქმის ყველა, რამდენადმე ღირსშესანიშნავ ნაგებობას თამარ მეფეს მიაწერს. 1811 წელს ტყობაერდი მოინახულა გერმანელმა გეოლოგმა მორიც ფონ ენგელჰარდტმა და თავისი დაკვირვებები შტედერის მასალებთან ერთად გამოსცა კიდეც. ის იმეორებს ძეგლის ხალხურ დათარიღებას. ტყობა–ერდის პირველ ვრცელ აღწერილობას და მეცნიერულ ანალიზს იძლევა ვს.მილერი2 მკვლევარის დაკვირვებით ძეგლს რამდენჯერმე განუცდია რეკონსტრუქცია. ძეგლის დათარიღებისათვის ის პირველხარისხოვან მნიშვნელობას აძლევს დასავლეთის ფასადის ბარელიეფზე მოთავსებულ წარწერებს, რომელთა ასლებსაც წასაკითხად ქართული ეპიგრაფიკის შესანიშნავად მცოდნე დ.ბაქრაძეს უგზავნის. ამ უკანასკნელს იგივე წარწერები 15 წლით ადრე ჰქონდა უფრო სრულად გადაღებული. წარწერების გაშიფვრით ვს.მილერი და დ.ბაქრაძე ძეგლის პირვანდელ შრეს IX ს–ით ათარიღებენ. ტყობა–ერდის შესახებ ვრცლადაა ლაპარაკი ა.გენკოს ნაშრომში. სამწუხაროდ მკვლევარი ვერ ერკვევა როგორც ძეგლის არქიტექტურაში ისე დეკორში, და ერთი ფილა დასავლეთის ბარელიეფიდან რატომღაც ანგელოზის გამოსახულებიანი ფილის ქვეშ გააქვს, რითაც ეჭვქვეშ აყენებს ვს.მილერისა და დ.ბაქრაძის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დადასტურებულ ფაქტს იმის შესახებ, რომ წარწერებიანი ორი ფილა ბარელიეფის ზედა ნაწილში იყო ჩასმული. ეს ავტორს იმისთვის დასჭირდა, რომ წარწერა მთავარანგელოზს დაუკავშიროს და ამით არასწორად მიიჩნიოს დ.ბაქრაძისეული წაკითხვა. თავისი მოსაზრების დასადასტურებლად ა.გენკო იმოწმებს ენგელჰარდტს, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ გამოქვეყნებულ სქემაში საკამათო წარწერიანი ქვა ბარელიეფშია ჩასმული და არა ანგელოზის გამოსახულებიანი ფილის ქვეშ. ცალკე პუბლიკაცია მიუძღვნა ძეგლს ე.კრუპნოვმა. ავტორი იძლევა ტყობა–ერდის აღწერილობას. სახურავთან დაკავშირებით ის აღნიშნავს, რომ იგი ჩაქცეულია, უნდა ყოფილიყო ორქანობიანი და ფიქალის ქვით დახურული.3 სახურავი რომ ორქანობიანი იყო, ამას ნაგებობის ფრონტონებიც ამტკიცებენ, მაგრამ საეჭვოა მისი ფიქალით გადახურვა. ვს.მილერს ხაზგასმული აქვს ის გარემოება, რომ როგორც შენობის შიგნით, ისე გარეთ ეყარა კრამიტის ნამტვრევები. მსგავსი შეუსაბამობანი ე.კრუპნოვის ნაშრომში საკმაოდაა წარმოდგენილი. ა.გენკოს ნაშრომზე დაყრდნობით ის ეჭვქვეშ აყენებს ვს.მილერის და დ.ბაქრაძისეულ დათარიღებას. ყოველგვარი ანალიზისა და მაგალითების დაუსახელებლად მკვლევარი "ტყობა-ერდს" სვანეთისა და აფხაზეთის ეკლესიებს ადარებს, რომლებიც თურმე сумарно датируются XII-XIII вв. აქვე იყენებს ძეგლის შტედერისა და ენგელჰარდტისეულ ხალხურ პერიოდიზაციას (თამარის დრო) და კატეგორიულად ასკვნის, რომ იგი XII ს. აგებული. შემდეგ ნაშრომში ე.კრუპნოვი აღნიშნავს, რომ ტყობა-ერდი აგებულია არა უადრეს XII-XIII სს4. რესტავრაციის მერმინდელი ძეგლი აღწერილი აქვს მ.მუჟუხოევს. მკვლევარი ვს.მილერის ნაშრომზე დაყრდნობით დღემდე მოღწეულ ნაგებობას XI ს. პირველი მეოთხედით ათარიღებს,5 თუმცა მას ვერ შეუმჩნევია ის გარემოება, რომ ძეგლი დაფუძნებულია ადრე არსებული ეკლესიის საძირკველზე, რომლის ელემენტები ფართოდაა ჩართული XI ს დაშენებული სამეკლესიანი ბაზილიკის კედლებში. ტყობა-ერდის მეცნიერულ კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მიერ 1941 წ. მოწყობილმა ექსპედიციამ გ.ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით. იმავე წელს საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების X სესიაზე გ.ჩუბინაშვილმა წაიკითხა მოხსენება К вопросу о культурных связях Грузии и Ингушетии", რომელშიც მოცემულია ძეგლის ზუსტი მეცნიერული ანალიზი. მკვლევარის მიერ გამოთქმული მოსაზრებანი მოგვიანებით სავსებით დადასტურდა. 1969 წ. დაიწყო ძეგლის გაწმენდა დანალექი მიწისაგან. 1970-72 წლებში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, აღდგა ჩამონგრეული კედლები და ნაგებობა გადაიხურა. სამწუხაროდ, სულ რაღაც ხუთიოდე წელიწადში სახურავი ჩაიქცა და ძეგლი კვლავ სავალალო მდგომარეობაშია. ნაგებობის ერთ კუთხეში უპატრონოდაა მიყრილი IX საუკუნით დათარიღებული ანგელოზის გამოსახულებიანი კუთხის ქვა და სხვა უნიკალური დეტალები. ყველა გამვლელი ვალდებულად თვლის თავს წაღმაუკუღმა ატრიალოს ისინი, რაც აზიანებს ჩვენი ისტორიის ისედაც მრავალჭირნახულ რელიქვიებს. საჭიროა გადაუდებელი და ქმედითი ღონისძიებანი მათ გადასარჩენად.

ტყობა - ერდი. გენგეგმა.

ტყობა - ერდი თარგიმის ქვაბულის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ნასოფლარ ხაირახიდან 200-300 მ დაცილებით. ძეგლი ჩრდილო-აღმოსავლეთითაა ორიენტირებული (გამარტივების მიზნით პირობითად საერთოდ მიღებულ ორიენტაციას ვიხმართ). ყამირის დონეზე შეიმჩნევა გეგმაში წაგრძელებული (39.5X25,7 მმ) ოთხკუთხა მოხაზულობის საძირკვლის კვალი. როგორც ჩანს, მთელი ტერიტორია გალავნის კედლებით იყო შემოზღუდული, რომლის სამხრეთი ნაწილი უკავია სამეკლესიან ბაზილიკას მინაშენებით (ეკვდერი, დამხმარე ნაგებობანი). ცენტრალური ეკლესია გეგმაში სწორკუთხედის (16,6X7,8 მმ) მოხაზულობისაა. აღმოსავლეთის კედლის გარეთა კუთხეები "მთელ სიმაღლეზე კარგად გათლილი შირიმის სწორკუთხოვანი ფორმის კვადრებითაა აყვანილი. ამავე კედლის წყობაში ძირითადად ღია ფერის ქვიშაქვის კვადრატული და წაგრძელებული დიდი ზომის ქვებია გამოყენებული. სამხრეთის კედლის სიგრძის დაახლოებით 3 მ მონაკვეთი, რომელიც აღმოსავლეთის კედელს ესაზღვრება, სტრუქტურული თვალსაზრისით აღწერილის ანალოგიურია, ხოლო დარჩენილ ნაწილში ჭარბობს შედარებით მცირე ზომის უწესრიგო ფორმის ქვიშაქვის ბლოკები. ფიქალი ნაკლებადაა გამოყენებული. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთის ნაწილი დაახლოებით 2 მ–მდე აღმოსავლეთის კედლის იდენტურია, დარჩენილ ნაწილში ჭარბობს ფიქალი. დასავლეთის კედლის წყობაში ძირითადად ფიქალია ნახმარი. შირიმის გამოთლილი კვადრები კუთხეებში მცირე რაოდენობითაა გამოყენებული. შირიმის ქვის სხვადასხვა ზომების ბლოკებზე ამოკვეთილი ადამიანებისა და ცხოველების მრავალრიცხოვანი რელიეფური სკულპტურები თუ სკულპტურული კომპოზიციები არათანაბრადაა განაწილებული ნაგებობის ოთხსავე კედელზე, როგორც საფასადე მხარეს, ისე ინტერიერში. ცენტრალური ეკლესიის შიდა სივრცე, გრძივი კედლებიდან საკმაოდ გამოწეული ქვითკირის მძლავრი ბურჯების სამი რიგით, ოთხ ნაწილადაა დაყოფილი. ბურჯებზე შენობის კამარების საბჯეხი შეისრული თაღებია გადაყვანილი. კედლებში დიდი რაოდენობის ნიშებია მთელ სიმაღლეზე. მათგან ჩრდილოეთის კედელში მოწყობილი განსაკუთრებული ზომით გამოირჩევა. იგი სამალავად გამოიყენებოდა. შედარებით ვიწრო, შეღრმავებული, გეგმაში ნალისებური მოხაზულობის აფსიდა დარბაზის იატაკს ორი საფეხურითაა დაცილებული. სატრიუმფო თაღი ნახევარწრიული ფორმისაა, ხოლო კონქი დამრეცი მრუდითაა წარმოდგენილი. დარბაზი ორქანობიანი სახურავით იყო გადახურული. სახურავ მასალად ვს.მილერის მიხედვით კრამიტი ყოფილა გამოყენებული. დარბაზის მთავარი შესასვლელი დასავლეთის კედელშია გაკეთებული. იგი გლუვწირთხლიანია და ოდნავ წარზიდული თაღითაა დასრულებული. ერთი კარია დატოვებული სამხრეთის კედელში. კარის წირთხლებს გარეთკენ ნაოთხალები აჰყვება. წირთხლებში საურდულე ხვრელებია მოწყობილი. კარის თავი ლილვებითა და კანელურებით შემკული თაღის ქვითაა გადახურული.

(+)

(+)

ჩრდილოეთის კედელში არსებული კარი ამოქოლილია. სამხრეთის კედელში 5,6 მ სიმაღლეზე ოთხი სარკმელია, რომელთაც საფასადე მხარეს შეისრული თაღების ფორმა გააჩნიათ. აღმოსავლეთის კედლის ცენტრში შეწყვილებული სარკმელია გაკეთებული. სარკმლის გამყოფი სვეტის კაპიტელზე მცენარეული დეკორი შეიმჩნევა. წირთხლებს თითო ცრუ სვეტი ასდევს რომელთა კაპიტელები ლილვებს შორის მოქცეული ბურთულებითაა გაფორმებული. სარკმლის ღიობებს ნახევარწრეებით დანაწევრებული არქივოლტი აგვირგვინებს. არქივოლტსა და თავსართს შორის მოქცეულ სიბრტყეზე ამოკვეთილია ორი სიუჟეტისაგან შემდგარი სკულპტურული კომპოზიცია. მარჯვენა გამოსახავს მამაკაცის ბრძოლას ლომთან, მარცხენაზე სამი ფიგურაა, რომელთაგან ერთ-ერთი ალბათ ქტიტორი, ეკლესიის მოდელს მიართმევს ქრისტეს. დასავლეთის ფასადის ცენტრალურ ნაწილში ორნამენტირებულ კრონშტეინებზე დაყრდნობილ დიდ თაღში მრავალფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციაა განლაგებული. არქივოლტის ქვედა მხარე ნალისებური, ზედა კი შეისრული ფორმისაა. კრონშტეინებთან ერთად კედლიდან გადმოცილებულია ლილვისა და თაროსგან შედგენილი არქივოლტი. ტიმპანის ქვების ნაწილი დაკარგულია. კომპოზიციის ცენტრში ჯვრის მოხაზულობის ქვის ბლოკზე ამოკვეთილია ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურა. მის თავს ზემოთ ძალზე გამოწეული მცენარეული ორნამენტით შემკული სარტყელია; რომელზეც ენგელჰარდტის მიხედვით, გუმბათიანი ტაძრის მოდელი მდგარა. ქრისტეს მარცხნივ ფეხზე მდგომი ადამიანის გამოსახულებაა, რომელსაც მარჯვენა ხელი ხმლის ვადაზე უდევს, მარცხენაში კი ჯვარი უჭირავს. ქრისტესგან მარჯვნივ კიდევ ერთი ადამიანის ფიგურა ყოფილა გამოსახული, რომლის ქვედა ნაწილია დარჩენილი. კომპოზიციის ზედა ნაწილში, იდაყვში ოდნავ მოხრილი ხელია, რომელსაც გონიო უკავია. აღწერილ კომპოზიციაში სხვადასხვა პერიოდში შემთხვევითაა მოხვედრილი ორნამენტირებული დეტალები. ადრე აქვე ყოფილა ჩასმული წარწერებიანი ორი ფილა. ამავე კედელზე, არქივოლტის თავზე და გვერდებზე, მისგან ოდნავ დაცილებით სამი ანგელოზის რელიეფური გამოსახულება ყოფილა მოთავსებული. მთავარ დარბაზს ჩრდილოეთიდან მთელ სიგრძეზე ეკვრის კორიდორი მცირე ეკლესიით, რომლის ჩრდილოეთის კედელშია გაკეთებული სწორკუთხა მოხაზულობის გლუვწირთხლებიანი კარი. მცირე ეკლესიის შემაღლებული აფსიდა ნახევარწრიული მოხაზულობისაა. აფსიდის სარკმელი გარეთკენ ვიწროვდება და წირთხლებს ნაოთხალები აჰყვება. ცენტრალურ დარბაზს სამხრეთიდან ეკვრის სვეტებიანი კორიდორი და მეორე მცირე ეკლესია, რომლის ღრმა, ნალისებური მოხაზულობის აფსიდა მთავარი ეკლესიის აღმოსავლეთის კედლის სიბრტყიდან 2,0 მ-ითაა გაწეული. მცირე ეკლესიის იატაკის ფიქალის ფენილის ქვეშ საძვლეა, რომლის ჩასასვლელი ჩახერგილია. სამეკლესიანი ბაზილიკის დასავლეთის კედლისგან 2,2 მ დაცილებით კედლის ნაშთია, რომელშიც გლუვწირთხლებიანი სამი შესასვლელი ყოფილა დატოვებული მათგან ცენტრალურის საფასადე გვერდებზე შეწყვილებული ცრუ სვეტებია, რომელთა ქვედა ნაწილში ბურთულებია ამოკვეთილი, კაპიტელი კი ორი ლილვითა და თაროთია წარმოდგენილი. ვს.მილერის მიხედვით როგორც აღნიშნული, ისე მისგან მარცხნივ მოქცეული კარი თაღით ყოფილა დასრულებული. სამეკლესიან ბაზილიკას სამხრეთ—აღმოსავლეთით ეკვრის ძალზე დაზიანებული ეკვდერი (6X3,8 მ). მისი აფსიდა გეგმაში ღრმად შეწეული, მკვეთრად გამოხატული ნალისებური მოხაზულობისაა. აფსიდის კედელში ორი დიდი ზომის ნიშია. თითო ნიშია ეკვდერის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში. დასავლეთის კედელში გლუვწირთხლიანი კარია გაკეთებული. როგორც აღინიშნა, გათხრების დროს გამოვლინდა ადრე არსებული ბაზილიკის საკურთხევლის საძირკვლის ნაშთები; მშენებლობის ამ პერიოდიდან დარჩენილი არქიტექტურული ელემენტები ჩართულია შემდგომ ეტაპზე აგებული ნაგებობის კედლებში სხვადასხვა დანიშნულებით. სწორედ ძველ ბაზილიკას უნდა მიეკუთვნებოდეს წარწერებიანი ფილა, რომლითაც დ.ბაქრაძე ძეგლს IX ს-ით ათარიღებს. XI-XII სს მიჯნაზე (მ.მუჟუხოევი XI ს. პირველ  მეოთხედში) ადრე არსებული ძეგლ ადგილზე სამეკლესიანი ბაზილიკა იგება, რომელიც შემორჩენილი ელემენტებით ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ხერხებით ხორციელდებოდა. მოგვიანებით XVI-XVII სს მიჯნაზე სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის ჩამოქცეული კედლები ხელახლაა აყვანილი და ძველი ელემენტები უკვე შემთხვევითაა გამოყენებული, ამასთან შეიმჩნევა ქართული არქიტექტურული კანონების დარღვევა როგორც კონსტრუქციულ სისტემაში (ბურჯები, სამხრეთის კედლის სარკმლების აგებულება...) ისე ახლად აგებული ფასადების გადაწყვეტაში.

(+)

თარგიმისავე ქვაბულში, მდ.ასას მარცხენა ნაპირას, მცირე ზომის ტაფობში მდებარეობს შედარებით ნაკლებად შესწავლილი ეკლესია ალბი-ერდი, რომლისგანაც ჩვენამდე მხოლოდ დაზიანებულ კედლებს მოუღწევია. ძეგლის ქვედა ნაწილი ქვას და ღორღს დაუფარია. მისი მეცნიერული შესწავლისათვის აუცილებელია არქეოლოგიური გათხრა. ალბი-ერდი გეგმაში წაგრძელებული (8,75X5,3 მ) სწორკუთხა მოხაზულობისაა. ღრმა ნალისებური ფორმის აფსიდა კედლის სიღრმეშია მოქცეული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს შეიმჩნევა მინაშენების ნაშთები, თუმცა გათხრამდე ძნელია მათზე რაიმეს თქმა. საშენად ძირითადად ფიქალია გამოყენებული, შემკრავად - კირის ხსნარი. ინტერიერი შელესილია. სავარაუდოა, რომ შელესილი იყო საფასადე მხარეც. დარბაზში შესასვლელი სწორკუთხა, გლუვწირთხლებიანი კარი სამხრეთის კედელშია გაკეთებული. ანალოგიური კარია დასავლეთის კედელშიც; ეს მხარე მიწითაა დაფარული გარედან და კედელში კარის არსებობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ მხარესაც უნდა ყოფილიყო მინაშენი, ამასთან როგორც ეს, ისე სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები დარბაზის თანადროულია. სამხრეთის კედელში 4 მ სიმაღლეზე სამი ვიწრო, მაღალი სარკმელია გაკეთებული. მათგან მთელ სიმაღლეზეა შემორჩენილი შუა, რომლის ზედა მხარე ნალისებური თაღითაა დასრულებული. სარკმლის კვალი შეინიშნება დასავლეთის კედელში. სამხრეთის კედლის საფასადე მხარეს ორი მასიური პილასტრი) ამოყვანილი, რომელთა ზედა ნაწილებში თაღებად გადასაყვანი ქუსლები ქართული გამომწვარი აგურითაა შესრულებული. როგორც ჩანს, ამ მხარეს არსებული მცირე სამლოცველოს ცილინდრული კამარა აღნიშნულ და მათ საპირისპიროდ მდებარე პილასტრებზე აყვანილ თაღებს ეყრდნობოდა. ალბი-ერდის კედლებზე შემორჩენილია შელესილობა მხატვრობის მკრთალი კვალით, განსაკუთრებით დასავლეთის, ჩრდილოეთის კედლებზე და აფსიდაში ჯერ კიდევ შეიძლება რამდენიმე შარავანდის მოხაზულობის კადრის გამყოფი ზოლებისა და ფიგურების დეტალების გარჩევა. დამახასიათებელია აგრეთვე მხატვრობის საერთო ლურჯი-მოყავისფრო შეფერილობა, რაც მას შუა საუკუნეების რიგში აყენებს. კადრის გამყოფი მკრთალი, მოყავისფრო ზოლები მეტყველებს მასზედ, რომ მხატვრობა კარგად იყო მორგებული შენობისათვის, რაც გამოცდილი მხატვრის ხელს ავლენს.

სოფ.თარგიმის ეკლესია მდ.ასას მარჯვენა ნაპირას, სოფლიდან დაახლოებით 4 კმ–ს დაცილებითაა აგებული ქვაბულის უკიდურეს ჩრდილოეთის საზღვართან. ძეგლი შედარებით მცირე ზომისაა (8,70X4,65 მ), თუმცა მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობით ხასიათდება აქ ეკლესიის ქვეშ დაახლოებით 2 მ სიმაღლის საძვლეა მოწყობილი, რომელშიც შედიოდნენ დასავლეთის კედელში გაკეთებული სწორკუთხოვანი შესასვლელით (65X63 სმ). იგი ფიქალის მომრგვალებული ფილით იხურებოდა. საძელის მასიური კედლები დარბაზის კედლების საძირკველს წარმოადგენდა. კედლის წყობაში ფიქალი და ნაკლებად დამუშავებული რიყის ქვებია გამოყენებული, შემკრთვად კი კირის ხსნარი. კედლები შელესილია, შესაძლოა მოხატულიც იყოს. დარბაზის გრძივი კედლების ცენტრებთან თითო პილასტრია, რომლებზეც შენობის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი უნდა ყოფილიყო გადაყვანილი. გლუვწირთხლებიანი, რკალურად დასრულებული კარი სამხრეთის კედელშია გაკეთებული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია გაჭრილი. აფსიდაში ოთხკუთხა განივკვეთის ტრაპეზის ნაშთები შეიმჩნევა. აღწერილი ნაგებობანი აშკარად მოწმობენ ქართულ–ვეინახურ კულტურულ - ისტორიულ ურთიერთობაზე და მთიელთა ქრისტიანიზაციის პროცესზე, რომელიც მთლად უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობდა. საქართველოს პოლიტიკურ მესვეურთა კრედო ნათლადაა გადმოცემული ტყობა–ერდის– დასავლეთის ფასადის რელიეფზე, სადაც ქრისტესაგან მარცხნივ ექსპრესიულად გამოხატულ ფიგურას ცალ ხელში ჯვარი უჭირავს, მეორეში - მახვილი. რელიეფი, შეიძლება ითქვას საპროგრამო გამოსახულებაა, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად ასახავს არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება მთიელთა საკუთარი პოლიტიკის ორბიტაში მიზიდვის მიზნით იყენებს ქრისტიანობას.6 ცხადია, ძალდატანება ამ საქმეში რწმენის დანერგვის ფეხდაფეხ მიაბიჯებდა, თუმცა ამის მიუხედავად, როგორც იდეოლოგიური რიგის ფაქტორმა, ქრისტიანიზაციამ, როგორც ყველგან, ვეინახებზეც გარკვეული გავლენა იქონია.

-----------------------------------------------

1. ქართლის ცხოვრება, თბ., 1942, 19, 27, 143; ქართლის ცხოვრება, 11,  თბ., 1959, 183;

Меликишвили Г.И. "К истории древней Грузии", Тб., 1959 და სხვ.

2. MAК, вып.I,  M.,  1888.

3, 4. Крупнов Е.И. Грузинский храм "Тхаба-Ерди" на Северном Кавказе, КСИИМК им.Н.Я.Марра, вып. XV, 1947, 116, 120; 127 და სხვა.

5. Мужухоев М.Б. Средневековая материальная культура горной Ингушетии (XIII-XVII вв.), Грозный, 1977, 116-117.

6. ა.ქალდანი, ლ.ხუციშვილი, გ.ხუციშვილი. ალბი-ერდი - ქრისტიანული ეკლესია ინგუშეთში, საბჭოთა ხელოვნება, 7, თბ, 1983, 108.