topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ენეოლითური კულტურა - საქართველოს ისტორიის ნარკვევები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<მემატიანე // უძველესი საქართველო>>>

(+)იმირის გორა

ენეოლითური კულტურა (ხალკოლითი)

საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.I, საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე, §1 // რედ.გიორგი მელიქიშვილი, გამ., “საბჭოთა საქართველო”. თბილისი, 1970 წ.

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/2954/1/SakartvelosIstoriisNarkvevebi_Tomi_I_1970.pdf

ენეოლითური ხანა ადრეული სამიწათმოქმედო კულტურის განვითარების მოგვიანო საფეხურს ეკუთვნის და იგი გარდამავალ პერიოდს წარმოგვიდგენს ახალი ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანაზე. ამ პერიოდში იარაღის დასამზადებლად ადამიანი პირველად იყენებს ლითონს - თვითნაბად სპილენძს. ეს ხანა “ბრინჯაოს ხანის” წინარე საფეხურია, რომლის წიაღშიც იწყება ნამდვილი მეტალურგიული წარმოება. ამ დროისათვის ლითონის წარმოება ემყარება უკვე მადნისაგან ლითონის გამოწურვა - მიღებისა და მისგან ნივთების ჩამოსხმის ჩვევების თანდათანობით შემუშავებას. ასე ეყრება საფუძველი მეტალურგიას, რომლის ნაწარმი ბრინჯაოს გამოყენების პერიოდშიც კი ხმარებიდან მთლიანად ვერ დევნის ქვისა და ძვლისაგან ნაკეთებ იარაღს. საქართველოში ენეოლითური კულტურის შესწავლა მხოლოდ უკანასკნელ წლებში დაიწყო138. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ამ კულტურის განვითარების თანამიმდევრულად დახასიათება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, რადგან ძვ.წ. V-IV ათასწლეულთა ძეგლები საკმაო რაოდენობით ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი. ადრეული ენეოლითური საფეხურისადმი განკუთვნილი მასალები ყველაზე მკაფიოდ გამოვლენილია დასავლეთ საქათველოში, სადაც თითქოსდა ჩანს კიდეც მათი გენეტიკური კავშირი ნეოლითურ კულტურასთან. გვიანი ნეოლითური ხანის ოდიშის, კისტრიკის, ანასეული II-ისა და სხვა მასალები საგვარჯილესა და თეთრამიწის ენეოლითურ კომპლექსებს საკმაოდ მჭიდროდ უკავშირდება და ზემოთქმულის დამადასტურებელია139. დასავლეთ საქართველოში ზოგიერთ ძეგლზე (საგვარჯილე140, სამელე კლდე, სამერცხლე კლდე141) წარმოდგენილია ისეთი მასალა (ქვის ნაწარმის უძველესი ნიმუშები, მათი დამუშავების ტექნიკური თავისებურებანი, კერამიკული ფორმები ორნამენტებით), რომელთა მიხედვით უკვე საკუთრივ ენეოლითური კულტურის სხვადასხვა ეტაპისათვის დამახასიათებელი ნიშნების გამოცნობაც ხერხდება. აღმოსავლეთ საქართველოში წარმოდგენილი მტკვარ–არაქსის III ათასწლეულის კულტურის საწყისი ეტაპები უკანასკნელ დრომდე ენეოლითურ ხანას მიეკუთვნებოდა, ხოლო მისი განვითარების შემდგომი ეტაპები ადრეული ბრინჯაოს ხანას. ახლა ირკვევა, რომ აღმოსავლეთ საქართველოსა და, საერთოდ, მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების მთელ ტერიტორიაზე ძვ.წ.V-IV ათასწლეულებში სხვაგვარი ენეოლითური კულტურა არსებულა, რომელიც ადრევე შემჩნეულ საკმაოდ ხანგრძლივ კულტურულ - ქრონოლოგიურ ხარვეზს უკვე მთლიანად უნდა ავსებდეს142. საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ამ მხრივ საინტერესოა მტკვრის მარცხენა ნაპირის გაყოლებით ახალციხის ამირანის გორაზე143, ცხინვალის ნაცარგორაზე144, ხიზანაანთგორაზე145 და თბილისის ტერიტორიაზე - დიდუბეში146 ენეოლითური პერიოდის საკმაოდ მეტყველი ძეგლების აღმოჩენა. მტკვრის მარჯვენა ნაპირის გაყოლებით - ქვემო ქართლის ველზე (შულავერი, არუხლო, იმირი)147, მთისძირა ზოლში (წოფი, კიკეთი)148 თუ მთის ზეგნებზე (აბელია, თეთრიწყარო)149 აღმოჩენილია ამავე პერიოდის ნასახლარები. ამათგან, ყველაზე ინტენსიური ცხოვრების ნიშნები ჩანს დაბლობში მდებარე დასახლებულ ადგილებში, სადაც ხანგრძლივი ცხოვრების შედეგად ჯგუფ-ჯგუფად განლაგებული ენეოლითური ხანის ხელოვნურად წარმოქმნილი მრავალფენიანი ბორცვები გვხვდება. საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდისათვის დადასტურებულია დასახლების სხვადასხვა ტიპი. დასახლებისათვის კვლავ გამოიყენებოდა გამოქვაბულები (საგვარჯილე, სამელე კლდე, ვორონცოვის გამოქვაბულები), სარებზე მიწნული ტოტებისაგან ორმხრივ თიხაალესილი კედლების მქონე მრგვალი სახლები (წოფი), მაგრამ ყველაზე ხშირად გვხვდება ალიზით ან აგურით ნაგები, ზოგჯერ ქვის საძირკველზე მიყენებული სახლებიც (თეთრიწყარო, შულავერი, არუხლო); ამათგან სწორკუთხა სახლი აღმოჩენილია თეთრიწყაროს ნასახლარზე, სადაც მხოლოდ მოგვიანებით ჩნდება ენეოლითურ ხანაში საყოველთაოდ გაბატონებული ტიპის (შულავერი, არუხლო) მრგვალი ან ოვალისებური ნაგებობა. ეს უკანასკნელი წარმოადგენს გუმბათისებური გადახურვის მქონე წრიულ ან ოვალისებურ სახლებს, რომლებსაც ახლავს სამეურნეო ხაროები – ორმოები. შულავერის გორაზე კულტურულ ფენათა საერთო სიმძლავრე 7 მ-ს აღემატებოდა. იგი სულ ცოტა, ერთი მეორეზე ხუთი ნასოფლარის დაშენების შედეგად უნდა წარმოქმნილიყო. ამ დასახლების უძველესი ფენების მიხედვით დგინდება, რომ შედარებით ნაკლებად გამძლე თიხის შენობები ხშირად მოითხოვდა განახლებას ან ხელახლა აგებას, ე.ი. შენობათა ტიპი, კონსტრუქციები და დაგეგმარება დიდი ხნის განმავლობაში მკვეთრ ცვლილებას არ განიცდიდა. ჩანს, რომ წრიულ–ოვალური გეგმის გუმბათურ შენობათა ჯგუფი უადრეს ხანაში შეადგენდა ერთ კომპლექსს, რომელშიც შედიოდა საცხოვრებელი სამეურნეო ხაროებითა და სპეციალური ორმოებით სანოვაგისა და წყლის მარაგისათვის და ბოლოს ღუმელი150.

შულავერის ნასახლარზე შენობების უმეტესობა მცირე ზომისაა. მათი დიამეტრი, უმეტეს შემთხვევაში, ორ მეტრამდე არ აღწევს, სახლის ფართობი საშუალოდ 12,5 კვ მეტრს უდრის. ასეთი ნაგებობის სავარაუდო სიმაღლეა 2,5 მ. ამ მჭიდროდ დასახლებულ ნამოსახლარზე თითოეულ სახლში დატანებულია კედელში გაკეთებული ხვრელისებური კარი და სარკმელი, რომლის დანიშნულებას – სინათლის გატარებას – უთუოდ გუმბათში დატოვებული წრიული ხვრელი ასრულებდა. ასეთი კონსტრუქციის მქონე სახლებისა და მცირე სამეურნეო შენობების ასაშენებლად ნამჯანარევი ალიზის გარდა შედარებით გვიან ხმარებაში შედის აგრეთვე ე.წ. პლანოკონვექსური ანუ ზურგამოყვანილი – ძირბრტყელი (30X 20X 8; 25X 15X 8 და სხვ.) და ლეკალური აგური (50X 20X 8; 30X 15X 8). როგორც ირკვევა, დროთა განმავლობაში საჭირო ყოფილა საკუთრივ შენობის, კედლების განახლება და იატაკის დონის აწევასთან დაკავშირებით უფრო მაღალი გუმბათის ხელახლა აშენება151. არუხლოს ნასახლარი თავის ზედა ფენებით მოგვიანოა; მისი წრიული გეგმის მქონე სახლების ფართობი შულავერის უძველეს სახლებთან შედარებით უფრო დიდია: 1,80-3,20 დიამეტრის. კედლის სისქე 15-25 სმ-ს უდრის. ხანძრით განადგურებულ ერთ-ერთ ფენაში გამომწვარი ზურგამოყვანილი და ბრტყელძირიანი აგურები ჩნდება152. ადრეული საცხოვრებლის აუცილებელი ელემენტია თიხის კვერცხისებური კერა, რომელიც უქრობი ცეცხლის შესანახად გამოიყენებოდა. შულავერის ნასახლარზე სამეურნეო კერა შენობის გარეთ უნდა ყოფილიყო გამართული და მისი დაკავშირება ოთახთან სარკმლით ხერხდებოდა. არუხლოს ნასახლარის ერთ-ერთ შენობაში კი იატაკი და კედლის ქვედა ნაწილი კოცონით უნდა იყოს გამომწვარი. აღმოსავლეთ საქართველოში გათხრილი ენეოლითური ნასახლარების მიხედვით ირკვევა, რომ ამ პერიოდში ნივთიერი ნაშთები საკუთრივ სახლებში ძალიან იშვიათად ჩნდება. სავარუდოა, რომ მრგვალი ტიპის დიდ-პატარა სახლები საცხოვრებლად მაინც მოუხერხებელი უნდა ყოფილიყო. ამიტომაა, რომ შრომისა და ყოფის მატერიალური ნიშან-კვალი უმეტესწილად შენობის გარეთ, დასახლების ტერიტორიაზე გვხვდება. დასავლეთ საქართველოში შენობათა ნაშთი ენეოლითურ ნასახლარებზე საერთოდ არ ჩნდება. აქ მიკვლეულ კულტურულ ფენებში, უკეთეს შემთხვევაში, ფიქსირებულია მხოლოდ თიხატკეპნილი (მაჭარა, სამელე კლდე) იატაკი, რის გამოც დასავლეთ საქართველოში სახლების კონსტრუქციები გაურკვეველია. დასავლეთ საქართველოს ნიადაგების სინოტივის გამო იქ აღმოჩენილ კულტურულ ფენებში თითქმის სრულიად გამქრალა რქისა და ძვლის ყოველგვარი ნაშთი, რის შედეგად კომპლექსში წარმოდგენილია მხოლოდ ქვის ნაწარმი და იშვიათად კერამიკა. მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ დასავლეთ საქართველოს ენეოლითური კულტურა დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს წინარე ხანის ადგილობრივ ნეოლითურ კულტურასთან, რომლის მიმსგავსებული, შესაძლოა, აღმოსავლეთ საქართველოსა და საერთოდ, მთელ ამიერკავკასიის ტერიტოიაზე გავრცელებულ იმ პერიოდის კულტურა უნდა ყოფილიყო153. საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი ენეოლითური კულტურის ზოგადი დახასიათებისათვის დიდმნიშვნელოვანია თითქმის ერთგვაროვანი ქვისა და ძვლის ნაწარმის შესწავლა. განსაკუთრებით ეს ქვის იარაღების მიმართ ითქმის, რადგან მათი მიხედვით აშკარად იგრძნობა იარაღის დამზადების ნეოლითური ტრადიციები. აღმოსავლეთ საქართველოში მეტწილად გამოყენებული ყოფილა ობსიდიანის იარაღი, რომელთაგან აღსანიშნავია მიკროლითური სეგმენტები და სახვრეტები, აგრეთვე სხვადასხვა ტიპის საფხეკები, საჭრისები და ა.შ. განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა დანისებური ლამელები და ნამგლის ჩასართებად გამოყენებული ფირფიტები; დიდი რაოდენობით ჩნდება სხვადასხვა ტიპის ნუკლეუსები (ატკეცილი ფირფიტების შემდეგ დარჩენილი ობსიდიანის ნარჩენი). მაკროლითური იარაღის სერიას შეადგენს ტუფოლავის, რიყის ქვებისა თუ ფიქალისაგან დამზადებული გახეხილ გაპრიალებული ცულები, ე.წ. სათლელები, რომლებიც თითქმის ყველა ენეოლითურ სამოსახლოზე გვხვდება. დასავლეთ საქართველოში (თეთრამიწა, საგვარჯილე) აღმოჩენილია ქვის სამაჯურები, რომელთა დამზადების ტრადიციაც ნეოლითურ ხანას მიეწერება. ქვის სამკაულებისა და საგანგებო დანიშნულების ნივთთა ჯგუფს შეადგენს კვირისტავები, მძივ-საკიდები, დაკენჭილი ზედაპირის მქონე პატარა ამულეტი და ქანდაკება – მოწითალო ქვარგვალა, რომლის ზედაპირზე ამოკაწრულია ადამიანის სახის ნაკვთები. ამ ნაკვთების მკაფიოდ გამოჩენის მიზნით (ტატუირების მიმსგავსებით) ნაკაწრები შევსებულა წითელი საღებავით (ოქრათი). ენეოლითურ ხანაში ირმის რქისაგან დამზადებული წერაქვისებრი იარაღების-მარგილის ტარებისა და თოხების გარდა მრავლადაა ძვლის ნაწარმიც. აღმოსავლეთ საქართველოს ნასახლარებზე და დასავლეთ საქართველოს გამოქვაბულებში შემონახულია დანისა და ნამგლის ტარები – მიკროლითური ფირფიტების ჩასამაგრებელი ბუდეები, საპრიალებელი იარაღი, რომლის დასამზადებლად გამოყენებულია ხარის ნეკნები, ცხვრის ლულოვანი ძვლებისაგან ნაკეთებია სადგისები და თავგახვრეტილი წვრილი ნემსები, ისრის წვერები, ორნამენტირებული კოვზი; აფხაზეთის სანაპიროზე ენეოლითურ ფენებში ჩნდება ხელით დამზადებული თევზის საჭერი ჰარპუნებიც. საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი ენეოლითური ხანის კერამიკა თავის ფორმებითა და დამზადების ტექნოლოგიით დიდად განსხვავებულია მომდევნო ხანის თიხის ნაწარმისაგან. ამ პერიდშიც ჭურჭლის დამზადება უმორგვოდ წარმოებდა. საჭურჭლე თიხაში შერეულია დანაყილი ობსიდიანი, დაფხვნილი ბაზალტი, ქვიშა ან ქარსი და იშვიათად ორგანული მინარევი ნამჯა, ბზე. სჭარბობს არქაული იერის მქონე თიხის ჭურჭელი, რომელსაც მარტივი, ქილისებური ფორმა აქვს. გვხვდება აგრეთვე გაპრიალებული ზედაპირის მქონე ძირგამოწეული (ქუსლივით გამოყვანილი), ოდნავ შებერილი ჭურჭელი, რომელსაც ზოგჯერ გამოყოფილი, გადაშლილი პირი გააჩნია. ასეთი ჭურჭლის დამზადებისას, ეტყობა, თიხის გუნდა იდგმებოდა ჭოლოფზე, რომლის ანაბეჭდებიც ნაძერწის გამოყვანილ ძირზეა შემორჩერილი. ჭურჭლის გამოწვას კი უთუოდ კოცონზე აწარმოებდნენ, რის შედეგად კერამიკა ხშირად სუსტად არის გამომწვარი და რუხი მოყავისფრო, მოწითალო ან მოყვითალო ფერი აქვს. ენეოლითური კერამიკის ერთ-ერთ ძირითად ჯგუფს შეადგენს ძაბრისებური ყელის მქონე კერამიკა, რომელიც მთელ საქართველოშია გავრცელებული. დასავლეთ საქართველოში ამ ჭურჭლის ფორმა რამდენადმე განსხვავებულია. სამელე და სამერცხლე კლდის, ვორონცოვის გამოქვაბულებში და აფხაზეთის შავისზღვისპირეთსა და სხვა სამოსახლოებზე გვხვდება მორუხო–მოწითალო კერამიკა, რომელსაც სფერული ან კვერცხისებური მუცელი და გამოუყოფელი ვიწრო ძირი აქვს.

ეს ნაკეთობანი რიგი ნიშნებით მაიკოპის კულტურის კერამიკულ ფორმებს უახლოვდება, თუმცა ქრონოლოგიურად ბევრად უსწრებს წინ154. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნაკაწრი ორნამენტით შემკული ენეოლითური ჭურჭელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ სამოსახლოზე (თეთრიწყარო, შულავერი, იმირი) ნაპოვნი კერამიკა შემკულია ჭდეული “წიწვოვანი” შევრონებითა და მარტივი გეომეტრიული სახეებით, რაც ემსგავსება როგორც აზერბაიჯანის სამხრეთ–დასავლეთ რაიონებში (შამხორ-ჩაისა და ტაუზ-ჩაის ხეობებში), ისე დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილ ენეოლითურ (მაჭარა) და ნეოლითურ (ანასეული) ხანის ჭურჭლებზე დატანებულ ორნამენტს. დასავლეთ (მაჭარა, ქობულეთი-ფიჭვნარი და სხვ.) და აღმოსავლეთ საქართველოში (ნაცარგორა, ამირანის გორა, არუხლო) აღომჩენილ ჭურჭელთა ერთ ჯგუფს ჰორიზონტალური შვერილის მქონე კერამიკა შეადგენს. ასეთი ჰორიზონტალური შვერილები დამახასიათებელია ნახჭევნის (აზერბაიჯანის) ქიულთეფეზე ენეოლითურ ფენაში მოპოვებული ანგობირებული ჭურჭლებისათვის, რომელთა უმეტესობა შედარებით უფრო მოგვიანო ხანისაა155. რაც შეეხება ისეთ ადგილობრივ თიხის ნაკეთობებს, რომლებსაც შედარებით მცირე ტერიტორიული გავრცელება ჰქონდა, მათ რიგს ეკუთვნის ნაძერწი შემკულობის მქონე კერამიკა. იგი ძირითადად წარმოდგენილია მტკვრის მარჯვენა ნაპირის გაყოლებით – ქვემო ქართლის ველსა და აზერბაიჯანის მომიჯნავე რაიონებში (შომუთეფე, თირთეფე და სხვ.); მსგავსი კოპებისა და დაწყვილებული ნაძერწობის შემცველია ამირანის გორას ენეოლოთიური პერიოდის თიხის ჭურჭელიც. ყველაზე მრავალსახოვანი ნაძერწოვანი კერამიკა აღმოჩენილია არუხლოს ნამოსახლარზე; ესაა წყვილ-წყვილად ან ჯგუფ-ჯგუფად, ერთიმეორისაგან დაცილებით, პირთან ახლოს დაძერწილი ძუძუსებური კოპები, რგოლები, ბურთულები, მარცვლისებური ბურცობები, რომლებიც ხშირად სხვადასხვა კომბინაციას ქმნის. აღსანიშნავია, ნახევარმთვარისებური ნიშანი ან კიდევ რკალი და კლაკნილ-ტალღისებური ხაზი156. როგორც ჩანს, ვიწრო ლოკალურ ფარგლებში აღმოჩენილი ასეთი შემკულობის შემცველი კერამიკა მომდინარეობს ენეოლითის დასაწყისიდან და მის დასასრულამდე აღწევს. ამიტომაც გასაგებია, რომ იგი თავისი გავრცელების ძირითადი ტერიტორიის ფარგლებს გარეთაც სპორადულად ჩნდება. სხვათა შორის, კოპისებური შემკულობა თავს იჩენს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ ახლად აღმოჩენილ ნამოსახლარზეც (აბედათი, ცხაკაიას რაიონი)157. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება სხვადასხვა წარმოშობისა და განსხვავებული კულტურული წრეებისათვის დამახასიათებელი თიხის ნაკეთობანი. ასეთია თხელკედლიანი, შესანიშნავად გამომწვარი, ზოგჯერ აშკარად წითლად შეღებილი, ზედაპირგაპრიალებული ჭურჭელი. იგი ფართოდაა გავრცელებული, როგორც აღმოსავლეთ (თეთრიწყარო, აბელია, არუხლო, წოფი), ისე დასავლეთ საქართველოში (გამოქვაბულებში და აფხაზეთის შავიზღვისპირეთზე). ნიშანდობლივია, რომ აღმოსავლეთ ანატოლიაში, ვანის ტბის მიდამოებში, ხსენებული კერამიკის მსგავსი თიხის ჭურჭელიც შეიცავს წმინდა თიხაში შერეულ ქვიშის ძალიან წვრილ მარცვლებსა და წმინდად დაფხვნილ ბაზალტს. არ არის გამორიცხული, რომ ეს განსხვავებული ტიპის თხელკედლიანი ნაკეთობანი ამიერკავკასიაში სამხრეთიდანაა შემოტანილი, ან კიდევ იმპორტული კერამიკის ადგილობრივ მინაბაძს წარმოადგენს158. აღმოსავლეთ საქართველოში ენეოლითური კერამიკის მცირერიცხოვან ჯგუფს შეადგენს ბზენარევი თიხის ნაკეთობანიც, რომლებიც აზერბაიჯანის სამოსახლოებზე (მილის ველზე აღმოჩენილი ნასახლარები, ნახჭევნის ქიულთეფე) ჰალაფური ტიპის მოხატულ ჭურჭლებთან ერთად გვხვდება159. საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში აღმოჩენილ ბზენარევ თიხის ჭურჭელს შორის გამოირჩევა წოფის ნასახლარზე მოპოვებული სფეროსებური მუცლისა და დაბალი, ძაბრისებური ყელის მქონე, უთუოდ ჩარხზე დამზადებული აგურისფერი კერამიკა. დასაშვებია, რომ იგი ჩრდილო ობეიდის ტიპის (გეოითეფე “М”) ჭურჭელთა რიგს ეკუთვნის და ამ პერიოდის მოხატულ კერამიკულ ფორმებთან ერთად ირანულ- ჩრდილომესოპოტამური (ჰალაფურ) კულტურული წრიდან მომდინარეობს. ამავე კულტურულ გარემოცვაშია წარმოქმნილი უთუოდ ის ენეოლითური მოხატული კერამიკა, რომელმაც საქართველოშიც (იმირის გორა160, ვორონცოვის გამოქვაბული161) იჩინა თავი. ლითონის უძველესი ნაწარმი, როგორც აღინიშნა, ერთ - ერთი მთავარი განმსაზღვრელი ნიშანია ენეოლითური კულტურის თავისებურების გარკვევისათვის. ასეთი მასალა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერჯერობით მცირე რაოდენობითაა მოპოვებული. მათ შორისაა ტყვიის ზოდები, რომლებიც ქ.სოხუმთან ახლოს გუად-იხუს მთის ნამოსახლარზე, ენეოლითური ხანის კულტურულ ფენაში აღმოჩნდა162.

ლითონის სალღობი ცეცხლგამძლე თიხის ტიგელი მოპოვებულია ქვემო ქართლში, იმირის გორის მოგვიანო სამშენებლო დონეზე163. საკუთრივ ლითონის ნაწარმი დარიშხნიანი სპილენძისგანაა დამზადებული; ესაა ანკესი და სადგისები, რომლებიც ნაპოვნია საგვარჯილეს გამოქვაბულში164. ამავე ხანას ეკუთვნის ცხინვალთან ნაცარგორაზე გათხრილ უძველეს სამარხებში აღმოჩენილი სპილენძის მავთულისაგან დამზადებული სხვადასხვაგვარი ნაკეთობა165, რაც მელითონეობის რთულ ტექნოლოგიაზე მიგვანიშნებს166. საქართველოს ტერიტორიაზე ახლად აღმოჩენილი ენეოლითური კულტურა დაახლოებით ორი ათას წელს გრძელდებოდა (ძვ.წ. V-IV ათასწლეულთა მანძილზე). ამ ერთგვაროვანი ნიშნებით წარმოდგენილი კულტურის განვითარების გარკვევისათვის ამთავითვე მნიშვნელოვანია სხვადასხვა კომპლექსებისა თუ ცალკეული ძეგლების დათარიღება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით რთულია დასავლეთ საქართველოში უკვე აღმოჩენილი მასალების ქრონოლოგიურად დაჯგუფება. რამდენადაც ჩანს, აფხაზეთში და საერთოდ შავიზღვისპირეთში გავრცელებული ენეოლითური კულტურა ბევრ არქაულ ნიშნებს ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური თარიღისათვის იქ ჯერ კიდევ სათანადო მასალა არ მონახულა და ამ ძეგლების უმეტესობა ნეოლითიდან ენეოლითზე გარდამავალ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს შესაძლოა ითქვას თუნდაც ისეთი დიდი დასახლების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, 4 ჰექტარზე გავრცობილი კისტრიკის ნამოსახლარი167. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში წარმოდგენილი ენეოლითური ფენების მცირე ჯგუფი (სამელე კლდე, საგვარჯილე და სხვ.), რომელებიც რიგი მასალებით განსხვავებულია ამიერკავკასიის დანარჩენი ენეოლითური ძეგლებისაგან, მაინც სცილდება ენეოლითის საწყის ეტაპებს და უფრო მოგვიანო ხანას ეკუთვნის168. აღმოსავლეთ საქართველოსა და მტკვარ–არაქსის ორმდინარეთის ტერიტორიაზე ახლად აღმოჩენილი ენეოლითური კულტურის სხვადასხვა კომპლექსის დასათარიღებლად საკმაოდ მეტყველი მასალა არსებობს. მათ შორისაა ნეოლითური ან კიდევ უფრო ადრეული ხანისათვის დამახასიათებელი ქვის ინდუსტრიის ისეთი კარგად ცნობილი ნიმუშები, როგორიცაა თეთრიწყაროს ნასახლარზე მოპოვებული, ე.წ. ნატუფიის ტიპის ისრისპირები169. იგივე შეიძლება ითქვას მიკროლითური იარაღების შესახებაც. აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებში და ქვემო ქართლში დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი თიხის ისეთი ჭურჭელი, რომელთა ტიპების შემუშავებასა და გამოყენებას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. მას ზოგი რამ საერთო გააჩნდა დასავლეთ საქართველოს კარგად ცნობილ ნეოლითურ კერამიკასთან170 და ჩრდილო მესოპოტამიაში ფართოდ გავრცელებულ ჰასუნას ტიპის უძველეს თიხის ნაწარმთანაც171. არუხლოს ბორცვის ერთ–ერთი უძველესი ფენიდან მომდინარეობს ხსენებული ქვის სკულპტურული გამოსახულებაც, რომელიც, აკად. შ.ამირანაშვილის აზრით, ნეოლითის დასასრულს უნდა ეკუთვნოდეს. ამ შემთხვევაშიაც მანერა ძალიან მიაგავს იმ ტრადიციულ ჩვევას, რაც, საერთოდ, წინააზიაში წარმოდგენილი ქვის ხანის ხელოვნებას ახასიათებს172. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე ჩვენში შეიქმნა ტენდენცია, რომელიც ადრევე აღმოჩენილ ენეოლითურ ძეგლებს კულტურულად და ქრონოლოგიურად თითქმის მთლიანად ნეოლითურ–ადრეენეოლითური კულტურის ფარგლებში აქცევდა173. ამ კულტურის დათარიღებისათვის ფრიად მნიშვნელოვანია ფიზიკური მეთოდებით მიღებული მონაცემებიც, რომელთა მიხედვით ჩანს, რომ ძვ.წ. VI ათასწლეულიდან აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში უკვე გავრცელებულ კულტურას დიდი ქრონოლოგიური დიაპაზონი ჰქონია. ამისი დამადასტურებელია C14 მეთოდის საშუალებით მიღებული თარიღების მთელი სერია; ყაზახის რაიონში, შომუთეფეზე, ერთი მეტრის სიღრმეზე მდებარე კულტურული ფენა ძვ.წ. 5 560 ± 70 წლებს მიეკუთვნა, მარნეულის რაიონში შულავერის გორაზე 4, 40 მეტრის სიღრმეზე მდებარე სამშენებლო დონე – ძვ.წ. 4 659 ± 210 წლებს; ყაზახის რაიონში თოირათეფეზე არსებული შუა ფენა (2 მ სიღრმეზე) - ძვ.წ. 4 295±125 წლებს, ხოლო შულავერის გორაზე 2,2 მ174 სიღრმეზე წარმოდგენილი ფენა კი - ძვ.წ. 3954±300 წლებს.

აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებსა და აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილი ამავე კულტურისადმი განკუთვნილი სხვა ძეგლების მიხედვით ჩანს, რომ იგივე კულტურა მომდევნო ხანაშიც განაგრძობს განვითარებას. ამას მოწმობს, უწინარეს ყოვლისა, ქართლის ველზე არსებული მრავალფენიანი ხელოვნური ბორცვები, რომელთა ერთი ნაწილი აშკარად უფრო მოგვიანო დამთარიღებელ მასალასაც შეიცავს. ამ რიგს ეკუთვნის არუხვლოს გორაზე ხანძრით გადამწვარ ფენაში აღმოჩენილი ძირბრტყელი და ზურა ამოყვანილი ალიზის აგურები და ოდესღაც ჭურჭლის ყელთან მიკრული თიხის პატარა სამწახნაგოვანი გუნდა – “ბულა”; მის წახნაგზე ჩანს საბეჭდავით დატანებული სამი ანაბეჭდი. ამათგან მხოლოდ ერთზეა შემორჩენილი გამოსახულება; ყელმოღერებული, დატოტვილრქიანი ირემი, რომლის ზურგზე მოქცეულია მტაცებელი (?) ცხოველი. თიხის გუნდის სამივე წახნაგის მოყვანილობის მიხედვით შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი “ბეჭდავდა” დაახლოებით დაბალყურიანი სფერული მუცლის მქონე კერამიკას, რომელსაც თავისი მოყვანილობით უნდა ემსგავსებოდეს ირანის ჩრდილო–დასავლეთ მხარეში გეოითეფეს “M” ფენაში აღმოჩენილი ერთ– ერთი მოხატული ჭურჭელი. ხსენებული მოხატული ჭურჭელის ძირთან, იმავე ფენაში მოპოვებული ყოფილა თიხის სამწახნაგოვანი “ბულა”, რომლის ერთ წახნაგზე სამი ერთნაირი ანაბეჭდია დატანებული. განსხვავებით არუხლოს “ბულასაგან”, სამივე ანაბეჭდზე ძლიერი სტილიზაციით გამოსახულია გრძელტანიანი ცხოველი, ალბათ გარეული თხა უკან გადაყრილი რქებით, ხოლო მის ქვემოთ მოქცეულია გაურკვეველი ცხოველი175. როგორც ჩანს, ძვ.წ. IV ათასწლეულის დასასრულით დათარიღებული თიხის “ბულა” მასზე გამოსახული კომპოზიციით არუხლოს ანალოგიურ მონაპოვარს ემსგავსება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ შორის ერთგვარი განსხვავებაც აღინიშნება; არუხლოს ცენტრალური ფიგურა, ისევე როგორც გეოითეფეს К ფენაში აღმოჩენილ თიხის ერთ-ერთ თიხის ჭურჭელზე რელიეფურად გამოძერწილი რქებდატოტვილი ირემი, მოძრაობაშია წარმოდგენილი და ამით უფრო მეტად უახლოვდება ერთი მეორეს. რაკი გეოითეფეს К ფენა მტკვარ–არაქსის კულტურის უძველესი მასალების შემცველია, დასაშვებია, რომ არუხლოს ის კულტურული ფენაც, საიდანაც უნდა მომდინარეობდეს თიხის ხსენებული “ ბულა”, უფრო გვიანდელია გეოითეფეს “M”ფენაზე. მესოპოტამიაში პირველად აღმოჩენილი პლანოკონვექსური აგურების გამოყენების თარიღიც ზემოაღნიშნულის მართებულობას ადასტურებს. როგორც ირკვევა, მესოპოტამიაში ამ ტიპის აგურების გამოყენება ადრედინასტიკურ პერიოდს ემთხვევა176, მაგრამ პირველი გამოყენება დადასტურებულია ჯერ კიდევ გვიანდელი ურუკისა და ჯემდეთ–ნარსის ხანაში177. ერთი სიტყვით, ირკვევა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოდგენილი ენეოლითური კულტურის ზედა, ქრონოლოგიური საზღვარი ახალი მონაპოვრების მეშვეობით შესაძლოა ძვ.წ. IV-III ათასწლეულთა მიჯნამდე მივიყვანოთ. ამასთან დაკავშირებით, საყურადღებოა, რომ ამ კულტურის აღმოჩენისთანავე უფრო მკვეთრად ისმება საკითხი ქრონოლოგიურად მომდევნო მტკვარ–არაქსის კულტურის (იხ.ქვემოთ) წარმოშობა-წარმომავლობაზე და მის ურთიერთობაზე აღნიშნულ კულტურასთან. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი საწყისი კერამიკული ფორმები უკვე ზოგიერთ ენეოლითურ სამოსახლოებზე ჩნდება (წოფი178, კიკეთის სამაროვნის ქვეშ აღმოჩენილი ერთ-ერთი ორმოს ინვენტარი179 და სხვ.). სხვა შემთხვევაში კი ენეოლითური და ადრეული ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის ქრონოლოგიურად ერთიმეორეს მიმყოლი კერამიკა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთადაა აღმოჩენილი და ამ სამოსახლოებზე თანამიმდევრულად განლაგებული კულტურული ფენებისა და მათში არსებული მასალების შერევას გვაგულისხმებინებს (დიდუბე, თეთრიწყარო, აბელია, ამირანის გორა, მაჭარა და სხვ.).180 საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში მიმდინარე ისტორიული ვითარების ერთიანი სურათის წარმოდგენისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ენეოლითური კულტურისათვის დამახასიათებელი მეურნეობრივი დონის დადგენაც. იგი აღნიშნულ ხანაში მიწათმოქმედების მაღალი განვითარებით ხასიათდება. განსაკუთრებით ეს საქართველოს დაბლობზე შეიძლება ითქვას. საქართველოს ბარში ამ მხრივ აღსანიშნავია ქვემო ქართლი, სადაც ამ პერიოდისათვის უკვე სავარაუდებელია ხელოვნური მორწყვა181. მიწათმოქმედებისათვის ხელსაყრელი პირობები უნდა არსებულიყო აგრეთვე დასავლეთ საქართველოს დაბლობში, სადაც დიდი ნალექების გამო სამიწათმოქმედო მეურნეობა მთისძირა ზოლშიც ადვილად მოიკიდებდა ფეხს182. ამიერკავკასიაში ენეოლითური კულტურის სხვადასხვა ძეგლზე მრავალი კულტურული მცენარის ნაშთია აღმოჩენილი183.ამათგან პურეულს ეკუთვნის ღომი, ქერი, მაგარი და რბილი ხორბალი, ამ უკანასკნელისათვის სამშობლოდ მიჩნეულია ამიერკავკასია184.

ქერისა და ხორბლის ერთად აღმოჩენის ფაქტი კი შერეულ თესვაზე მიგვითითებს, როგორც გვალვის საწინააღმდეგოდ შემუშავებულ საკმაოდ ეფექტურ ღონისძიებაზე185. მიწის შედარებით დიდი ნაკვეთების დასამუშავებლად ქვის ბრტყელტანიანი ე.წ. სათლელების გამოყენებაც არ არის გამორიცხული რაც, შესაძლოა, ხის სახვნელი იარაღის სამუშაო ნაწილს (სახნისს) წარმოადგენდეს186. საყურადღებოა, რომ სწორედ ამ სათლელების მეშვეობით ხდებოდა მიწის ზერელე, “მსუბუქად” მოხვნა. ამიტომაც, ასეთი იარაღი საკმაოდ მრავლადაა აღმოჩენილი აღმოსავლეთ საქართველოს ენეოლითურ ნამოსახლარებზე და დასავლეთ საქართველოს მომდევნო ხანის კულტურული ფენების შემცველ ძეგლებზედაც. მოხნული მიწის გასაპოხიერებლად ადვილად მოსახმარი უნდა ყოფილიყო ენეოლითურ ნამოსახლარებზე აღმოჩენილი კაჟისა და ობსიდიანის წვეტანები, რომლებიც მარგილის რქის ტარებთან ერთად წერაქვისებური იარაღის ნაწილებად შეიძლება მივიჩნიოთ. სამიწათმოქმედო იარაღების სერიას ეკუთვნის აგრეთვე სწორპირიანი ნამგლის ჩასართავები, დაკბილულპირიანი ნამგალი (შომუთეფე), დიდი ზომის სწორკუთხა ხელსაფქვავები და სხვ. ენეოლითურ ხანაში მიწადმოქმედების გვერდით მესაქონლეობაც ვითარდებოდა. ამ პერიოდში, მეურნეობის მატრიარქალური ხასიათის გამო, მესაქონლეობა ყველგან ინტენსიურად ვერ იკიდებდა ფეხს187. განსაკუთრებით კი იქ, სადაც არახელსაყრელ გეოკლიმატურ პირობებში – ტყიანი ლანდშაფტისა ან ალპური საძოვრების სიშორის გამო - მრავალრიცხოვანი წვრილფეხა საქონლის გამოკვება ძნელდებოდა. საქართველოს ბარში, ენეოლითურ სამოსახლოებზე, სადაც არსებობდა შესაფერისი გარემო (ენეოლითური სამოსახლოების მიკრორაიონში) მსხვილფეხა საქონლის შედარებით მრავალრიცხოვან ძვლებთან ერთად ცხვრის ძვლებიც გვხვდება.

(+)

როგორც ჩანს, ენეოლითურ ხანაში მსხვილფეხა საქონლის მოშენებას ერთგვარი უპირატესობა მაინც ჰქონია. ამაზე მიგვითითებს სხვადასხვა ენეოლითურ სამოსახლოზე ხარის თიხის პატარა ქანდაკების აღმოჩენა (არუხლო, წოფი და სხვ.), რაც ამ ცხოველის კულტის არსებობასაც გვაგულისხმებინებს. ამ პერიოდის მეურნეობის საერთო დონე მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარების საწყის ეტაპებს ბევრად სცილდება. ნივთიერი ძეგლების ჯგუფს, რომელიც კარგად განსაზღვრავს ძვ.წ. V-IV ათასწლეულთა კულტურის თავისებურებას, კერამიკული პროდუქცია წარმოადგენს. ისევე როგორც ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, მიწათმოქმედების ადრეულ ეტაპზე აქაც ძირითადად უყურო ჭურჭელია. ჭურჭლის დასამზადებლად, სპეციალურად განლექილი საჭურჭლე თიხის ნაცვლად, გამოიყენება თიხა, რომელშიც საგანგებოდაა შერეული ობსიდიანის, ბაზალტის, კვარცის ან სხვა დაფხვნილი ქვის ნაწილაკები. გარდა სხვა პრიმიტიული ხერხებისა (მაგალითად ჭურჭლის ტანის დასაყალიბებლად ძველი კერამიკული ნატეხების გამოყენება), ძერწვის დროს თიხის გუნდის დასამაგრებლად იხმარებოდა სადგამი - ჭილოფისებური მასალისაგან მოწნული საფუძველი. მისი წრიულ–დახლართული ანაბეჭდები თიხის ნაკეთობის ძირზეა შემორჩენილი. შედარებით მოგვიანო თიხის ნაწარმის ზედაპირი ზოგჯერ საგანგებოდაა დამუშავებული – იგი გაპრიალებულია, ნაწილობრივ შეღებილი ან კიდევ მთლიანად ანგობირებული. შედარებით უხეში კერამიკისაგან მკვეთრად გამოირჩევა მეტწილად მსგავსი ტიპის ჭურჭელი. მათ დასამზადებლად გამოიყენებოდა ბუნებრივად (?) განლექილი წმინდა თიხა, რომელშიც შერეულია წვრილი ქვიშა. ამ თხელკედლიან წითელ ნაკეთობათა ერთ ჯგუფს ე.წ. იმპორტული კერამიკა შეადგენს. ასევე განსხვავებული კატეგორიისაა ბზენარევი კერამიკული პროდუქციის მეორე ნაწილიც. მათ იმპორტულობაზე მიგვანიშნებს სამოსახლოზე აღმოჩენილი ერთი ჭურჭელი. იგი ჩარხზე ჩანს დამზადებული და ირანის ჩრდილო–დასავლეთ მხარეში (გეოითეფე “М”) და ჩრდილო მესოპოტამიაში (თეფეჰავრა) ძვ.წ. IV ათსწლეულის მეორე ნახევარში გავრცელებულ სადა ნაკეთობებს ემსგავსება. ადგილობრივი კერამიკული წარმოების დაწინაურებას მიგვანიშნებს როგორც ზოგიერთი ჭურჭლის ფრიად დახვეწილი ფორმა, ისე მცირე ნაკეთობათა მთელი სერიები. ჩანს, რომ ენეოლითურ ხანაში უკვე გარკვეული კოლექტივის მოთხოვნილებისამებრ ოჯახებში იძერწებოდა სარიტუალო ნივთებიც – თიხისა და ქვის ბორბლის მოდელები, კვირისტავები, ქალის ქანდაკებები და უფრო ხშირად პლასტიკური ნაკეთობანი, რომლებიც უპირატესად ხარს განასახიერებდა. ნეოლითური ხანიდან გადმოსული ქვის ინდუსტრიის დამადასტურებელია როგორც საკუთრივ მრავალრიცხოვანი ნივთების, ისე მათი დასამზადებელი სახელოსნოს (თეთრიწყარო) აღმოჩენა. ქვემო ქართლის თითქმის ყოველ სამოსახლოზე ობსიდიანის იარაღის დამზადების მძლავრი ტრადიცია ჩანს, მისი მანიშნებელია წუნდებული პროდუქციის, საწარმოო იარაღებისა, და რაც მთავარია, ობსიდიანის ნუკლეუსების ხშირი აღმოჩენა. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ ენეოლითურ ხანაში უკვე აღარ ჩნდება ისეთი იარაღის დიდი სერიები, რომელთა წარმოება დაკავშირებული იყო მონადირეობასა და ტყავის დამუშავებასთან. ესაა სხვადასხვა ტიპის საფხეკები, სახვრეტები, საჭრისები, რომელთა სანაცვლოდ მესაქონლეობის, სელისა თუ ჭილოფის ქსოვის ჩვევებთან ერთად თანდათანობით ხმარებაში შედიოდა ძვლის სავარცხლისებური იარაღი, სადგისები, სახვრეტები და ა.შ.

საქართველოს ტერიტორიაზე მელითონეობის დამადასტურებელი მასალა, ენეოლითური ხანის ძეგლებზე, ჯერ კიდევ მეტად მცირე რაოდენობითაა მოპოვებული. საერთოდ ცნობილია, რომ ადრეული ენეოლითისათვის დამახასიათებელია ლითონის ნაკეთობათა სიმცირე, რადგან მათი იშვიათობა იწვევვს ახალი ნივთის დასამზადებლად უკვე ხმარებიდან გამოსული საგნების ხელმეორედ გადამუშავებას, ხოლო უფრო მოგვიანებით, ტიგელების შემწეობით სხვადასხვა ნატეხების გალღობას. ამიტომაც არის, რომ თვითნაბადი სპილენძის ნივთების რაოდენობა დროთა განმავლობაში მაინცდამაინც მკვეთრად ვერ იზრდება. საქარველოში აღმოჩენილი ლითონის წარმოების ნაშთები და საკუთრივ ნივთებიც ენეოლითის გვიანდელ საფეხურს უნდა ეკუთვნოდეს, ასეთია იმირის გორაზე აღმოჩენილი თიღის სალღობი ტიგელი, გუად – იხუს მთაზე (სოხუმთან) მოპოვებული ტყვიის წიდა, ცხინვალის ენეოლითურ კულტურულ ფენაში ჩაშვებული სამარხთა ლითონის ინვენტარი - სხვადასხვა წვრილი ნაკეთობანი და ბოლოს საგვარჯილეში აღმოჩენილი დარიშხნიანი სპილენძისაგან ნაკეთები ანკესი და სადგისები. იმირის გორაზე ნაპოვნია აგრეთვე ლითონის იარაღისათვის დამახასიათებელი კონსტრუქციის მანიშნებელი ძვლის იმიტირებული “იარაღი” – პატარა შუბისპირისა თუ ისრისპირისა და ყუნწიანი სატევრის მოდელები. არაა გამორიცხული, რომ ამ პერიოდში ასეთი იარაღი სამხრეთიდან ვრცელდებოდა და აღწევდა კიდეც ამიერკავკასიის ტერიტორიას. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიის სხვა მომიჯნავე რაიონებში (ქიულთეფე188, თეხუთა189) უკვე აღმოჩენილია ენეოლითური ხანის დარიშხნიანი სპილენძისაგან დამზადებული იარაღი და სხვა ნაკეთობანიც. სავარაუდებელია, რომ ამიერკავკასიაშიც - პოლიმეტალებითა და დარიშხნიანი სპილნენძის მადნებით მდიდარ ქვეყანაში ადგილობრივ ტომებს ენეოლითურ ხანაშივე უცდიათ მეტალურგიულ წარმოებაში მადნისეული ლითონის მიღება. როგორც ცნობილია, ძვ.წ. V-IV ათასწლეულებში სამხრეთ კავკასიაში მიწათმოქმედ - მესაქონლე ტომებს შედარებით მაღალი ადგილებიც (ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე) აუთვისებიათ. იმდროინდელი ცხოვრების კვალი მხოლოდ ბინადარი მიწადმოქმედებისათვის ხელსაყრელ პირობებში - მდინარეთა შორის მოქცეულ კონცხებზე, ვაკე ადგილებში არ გვხვდება. თუ აქ უხვი მოსავლიანობა მიწების ხელოვნური მორწყვით უნდა ყოფილიყო შეპირობებული, მაღალ ადგილებში ტომთა ცხოვრებასა და განსახლებას უთუოდ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზები ექნებოდა; გარდა ახალი მიწების დასაკუთრებისა ხეობათა აყოლებით დაწყებული ტომთა განსახლება ალპურ ზოლთან მიახლოების, ობსიდიანით ან ლითონით მდიდარი ადგილების ხელში ჩაგდების მიზნითაც ხდებოდა. ამიტომაც არ არის საკვირველი, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც, როგორც დაბლობში გორასამოსახლეობის გარშემო ღრმა თავდაცვითი მნიშვნელობის თხრილები ისევე მთიან მხარეშიც გვხვდება ქვის გალავნით გამაგრებული სამოსახლოებიც (ქვემო ქართლში - თეთრიწყარო190, დაღესტანში – გინჩი191), რაც ტომთა შორის მტრულ ურთიერთობას გვაგულისხმებინებს. მატრიარქალური წყობით შეპირობებულ ტომთა ცხოვრების ნაკვალევი, რომელიც ენეოლითური კულტურისათვის დამახასიათებელ საკულტო – სარიტუალო ჩვეულებებს და რელიგიურ წარმოდგენებს ასახავს, ჯერ კიდევ მეტად სუსტადაა შესწავლილი. მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ ძვ.წ. V-IV ათასწლეულში ძირითადად თაყვანს სცემდნენ ნაყოფიერების ღვთაებას, რომელიც ქალის საწყისებს ემყარება. ამის მოწმობაა ქალის ქანდაკებანი (საგვარჯილე, შულავერი); შულავერის გორაზე ნაპოვნია თიხის ნაძერწი ქალის სქემატური ფიგურა, რომელსაც მკერდზე საშოდან ამოსული სიცოცხლის ხე აქვს გამოსახული. ამავე ქანდაკების გაშლილ ფეხებზეა ნაჭდევი ხაზები და მსგავსად სხვა შემთხვევებისა, გამოსახული აქვს რაღაც ნიშნები, რომლებიც უთუოდ კალენდარული მნიშვნელობისაა. სავარაუდოა, რომ ეს ნიშნები ბუნებაში არსებულ თანამიმდევრულ მოვლენებს (მზის ამოსვლა–ჩასვლა, გაზაფხულის დასაწყისი...) აღნიშნავს.

ნაყოფიერების ღვთაებასთან უნდა იყოს დაკავშირებული აგრეთვე არუხლოს სამოსახლოზე აღმოჩენილი ყველაზე ძველი ქანდაკება. ამ ქვარგვალაზე ადამიანის (მოხუცი ქალის?) სახის ნაკვთების გამომსახველი ნაკაწრები შევსებულია წითელი საღებავით; არაა გამორიცხული, რომ ისინი სახის ტატუირებას გამოხატავს. ამ პერიოდის ნაყოფიერების ღვთაება ანტროპომორფულია და წარმოდგენილია ქალის სახით. ყურადღებას იქცევს კერამიკაზე მოცემული “შემკულობაც”. ერთი ნაწილი (დაწყვილებული ბურცობები ჭურჭლის პირთან ) ქალის მკერდს უნდა ასახავდეს ხოლო მეორე – მზის დისკოს, ბორბალს და მრავალი ნაყოფის მქონე მცენარეულობას – პურეულის მარცვლებს, ყურძნის წიპწებს (მათი ნაშთები შემორჩენილია შულავერის გორის სამოსახლოზე). ბინადარი ცხოვრების მქონე ტომთა სხვა წეს–ჩვეულებათა შორის აღსანიშნავია მიცვალებულთა დაკრძალვის რიტუალიც. ასეთი რიტუალი ძირითადად საკუთრივ სამოსახლოს ტერიტორიაზე სრულდებოდა (ცხინვალის ნაცარგორაზე, წოფსა და არუხლოში). ცხინვალის ნაცარგორაზე კულტურულ ფენაში ჩაშვებული იყო 5 ორმოსამარხი. აქ მიცვალებულები მოხრილ მდგომარეობაშია ჩაფლული და ინვენტარიც აქვს ჩატანებული. წოფში ნაცროვან ფენაში ხარის თიხის პატარა ქანდაკებასთან ერთად, ხოლო არუხლოში ერთ-ერთი სახლის იატაკის ქვეშ ბავშვის თავის ქალაც იყო მოქცეული. სავარაუდებელია, რომ ამ პერიოდის დასახლების თითოეულ პუნქტში ყველა რიტუალი იქვე სრულდებოდა, რაც ნაყოფიერების ღვთაებისადმი შეწირვის ხასიათს ატარებდა. სამხრეთ კავკასიაში წარმოდგენილი ენეოლითური კულტურა, რომელიც ერთგვაროვანი ნიშნებით განისაზღვრება, ძირითადად ვრცელდება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მოგვიანო ხანაში მთლიანად მოიცავს ადრეული ბრინჯაოს ხანის მტკვარ–არაქსის კულტურა. ენეოლითური კულტურის გავრცელების ძირითად ფარგლებში თითქოს გამოიყოფა ორი რაიონი, რომელთაგან ერთი მდ. არაქსის, ხოლო მეორე მტკვრის ხეობით იფარგლება. ამათგან არაქსის გაყოლებით წარმოდგენილია ნაკლებად არქაული სახის შემცველი ძეგლები (ქიულთეფე I, მილის ველი). ამ ძეგლების მიხედვით ჩანს, რომ უძველეს დონეზე, სამოსახლოებზე მეტი რაოდენობითაა ჩრდილომესოპოტამურ - ირანული კულტურული წრისათვის დამახასიათებელი ბზენარევი კერამიკა და მოხატული თიხის ჭურჭელი; ქიულთეფე I-ში მოხატული კერამიკა, რომელიც ჩრდილომესოპოტამურ–ირანულის წრისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს ატარებს, C14 მეთოდით ძვ.წ. 3807±90 წლების ფარგლებში ექცევა192 და ქრონოლოგიურად ეტოლება არუხლოს, იმირისა და აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებში მდ.მტკვრის მარჯვენა ნაპირთან აღმოჩენილი სამოსახლოების მთელ სერიას, რომლებიც ამ დროის ნიშნებით არ ხასიათდება. სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრებ და მის სამხრეთით მდებარე ადრეულ პერიოდში დაწინაურებულ ქვეყნებში მოსახლე ტომებს შორის მჭიდრო ურთიერთობის გამომხატველია მდ. არაქსის გაყოლებით არსებულ სამოსახლოებზე (ქიულთეფე I) აღმოჩენილი ირანიდან შემოტანილი ფირუზის სამკაული და, შესაძლოა, იმპორტული, კერძოდ, ჰალაფური მოხატული კერამიკა რომლის ნიმუშები იმ დროის მთელ ძველ აღმოსავლეთში ვრცელდებოდა და შორეულ ხმელთაშუა ზღვის ნაპირამდეც აღწევდა. ამ ტრადიციულ ურთიერთობაზე მიგვითითებს მტკვრის ხეობამდე მოღწეული ბზენარევი კერამიკაც, რომლის უადრესი ნიმუშები ჩრდილომესოპოტამურ სამოსახლოებზეა (ჰასუნა, სამარა) დადასტურებული. აქვე აღინიშნება უფრო გვიანდელი კონტაქტებიც. მაგალითად, სამშენებლო მასალის ერთგვარობა - პლანკონკექსური აგურები, რომელთა გამოჩენას მესოპოტამიაში ჩრდილოეთიდან გადმოსახლებული ტომების ძველთაძველი სამშენებლო ტრადიციების გამოყენებით ხსნიან193.

არუხლოს სამოსახლოზე ამ ტიპის აგურისათვის დამახასიათებელი მასალითაა გაკეთებული ჭურჭლის დასალუქი თიხის ბულიც, რომელიც, ჩანს, იმპორტირებული საბეჭდავით არის “დაბეჭდილი” და, როგორც ეს სამხრეთ ქვეყნებშია დადასტურებული, სათემო–სატაძრო საკუთრების ხელშეუხებლობას აღნიშნავს194. მეორე მხრივ, აღსანიშნავია ირანზე და ჩრდილო მესოპოტამიაზე გავლით სამხრეთკავკასიური ობსიდიანის გამოჩენა სამხრეთ ქვეყნებში, სადაც ამ პერიოდში ობსიდიანზე დიდი მოთხოვნილება ყოფილა195. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შესაძლოა დავუშვათ, რომ სამხრეთ კავკასიის ენეოლითური კულტურა თითქმის მთლიანად ექცევა იმ დიდ კულტურულ წრეში, რომელიც მოიცავდა ირანის, ჩრდილო მესოპოტამიისა და აღმოსავლეთ ანატოლიის ტერიტორიას. ასეთ გარემოცვაში მოქცეული მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთის ენეოლითური კულტურა, რომელიც განსაკუთრებით ბარში დაწინაურდა, უთუოდ მორწყვითი მიწათმოქმედების ბაზაზე უნდა განვითარებულიყო. ამიტომაც, ჩანს, რომ აღნიშნულ პერიოდში და შემდეგ, მტკვარ-არაქსის კულტურის ჩამოყალიბების ხანაში, ქმედითი უნდა ყოფილიყო არა მარტო დასავლურმცირეაზიული ქვეყნების კულტურული გავლენა, როგორც ეს აქამდე იყო წარმოდგენილი196, არამედ აღმოსავლური, ე.წ. ირანულ-ჩრდილომესოპოტამურ წრესთან არსებული კულტურული ურთიერთობაც. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილ ენეოლითურ კულტურას, მისი თავისებურებების მიუხედავად, აქაც მსგავსი ნივთიერი კულტურის ნიშნებია, ოღონდ, საერთო კერამიკული ფორმების გვერდით ისეთი ჭურჭელიც არის, როგორც მცირე აზიასა და შემდეგ მაიკოპის კულტურაში197 მოიპოვება. მიუხედავად მეურნეობის მატრიარქალური ხასიათისა, საქართველო და, საერთოდ, სამხრეთ კავკასიაში არსებული ენეოლითური კულტურის მატარებელი ტომები ძვ.წ. V-IV ათსწლეულებში უკვე აღწევენ გვაროვნული საზოგადოების განვითარების ისეთ დონეს, რომელიც ქმნის პირობას, რომ ძვ.წ. III ათასწლეულში განვითარება უფრო მაღალ საფეხურზე ასულიყო.

არუხლოს გორა, ლ.სუხიშვილის ფოტო

-------------------------------------------------------------------------------------------

138. ტ.ჩუბინიშვილი, მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთის უძველესი კულტურა, თბ., 1965, გვ.27-57; Д.М.Тушабрамишвили, Г.И.Джавахишвили, Некоторые итоги полевых работ 1964 года Урбнисской и Квирильской археологических экспедиций, Тезисы докладов на сессии, посвященной итогам исследований 1964 года в СССР, Баку, 1965; ო.ჯაფარიძე და ალ.ჯავახიშვილი, ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965-1966 წწ.), “მაცნე”, №3.

139. Л.Д.Небиеридзе, Неолит Западного Закавказья, Автореферат, Тб., 1967, გვ.12–16.

140. Д.Д.Бжания, Мачарское поселение, СА, №1 1966, გვ.137.

141. დ.თუშაბრამიშვილი, შუაკავკასიონის სამხრეთი კალთების პალეოლითური ექსპედიციის ყვირილის რაზმის მიერ 1959 წელს ჩატარებული საველე სამუშაოების შედეგები (ანოტაცია). მოკლე ანგარიშები, თბ., 1960, გვ.8-9, მისივე, ყვირილის ხეობის პალეოლითური ექსპედიციის მიერ 1963 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგები, XIII სამეცნიერო სესია, ანგარიში, თბ., 1964, გვ.6.

142. О.А.Абибуллаев, Раскопки холма Кюль- тепе близ Нахичевана, МИА, №67, 1959; А.А.Иессен, Кавказ и Древный Восток в IV-III тысячелетиях до н.э., КСИА, №93 გვ.10. ტ. ჩუბინიშვილი, მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთის უძველესი კულტურა, თბ., 1965; И.Г.Нариманов, Древнейшая земледельческая культура Закавказья, Доклады и Сообщения археологов СССР на VII конгрессе доисториков и протоисториков, М, 1966, გვ.126.

143. Т.Н.Чубинишвили, Л.Д.Небиеридзе, К.Д.Квижинадзе, Памятники V-IV тысячелетия до н.э. в Южной Грузии, Тезисы докладов на секции Кавказа пленума Института археологии, М., 1966, გვ.32.

144. გ.გობეჯიშვილი, სტალინირის ნაცარგორა, “მიმომხილველი”, ტ.11, თბ., 1950, გვ.243.

145. А.И.Глонти, Я.А.Киквидзе, А.И.Джавахишвили, Итоги раскопок селищ IV-III тысячел. до н.э. – Хизанаант- гора и Квацхелеби в 1964., Материалы сессии, посвященной итогам археологических и этнографических исследований 1964 года в СССР, Баку 1965, გვ.83 – 84.

146. ტ.ჩუბინიშვილი, მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთის უძველესი კულტურა, თბ., 1965, გვ.50.

147. ტ.ჩუბინიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.49; О.М.Джапаридзе, А.И.Джавахишвили, Итоги археологических раскопок в Квемо Картли в 1965 г., Тезисы докладов пленума Института археологии СССР, секция Кавказа, М., 1966, გვ.12-13. მათივე, ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965 –1966 წწ.), (მაცნე) №3, 1967, გვ.292-298. Т.Н.Чубинишвили, К.Х.Кушнарева, Новые материалы по энеолиту Южного Кавказа, “მაცნე”, №6, 1967, გვ.338.

148. გ.გრიგოლია, თ.ტატიშვილი, ქვემო ქართლის უძველესი არქეოლოგიური ძეგლები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფია, I, თბ., 1963; ტ.ჩუბინიშვილი, მტკვრისა და არაქსის..., გვ.49.

149. გ.გობეჯიშვილი, თეთრიწყაროს არქეოლოგიური ექსპედიციის 1958 წლის მუშაობის შედეგები, სამეცნიერო სესია, მიძღვნილი საქართველოში 1958 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგებისადმი; ტ.ჩუბინიშვილი, ლ.ნებიერიძე, ო.სანებლიძე, კ.კვიჟინაძე, სამხრეთ საქართველოში ძვ.წ. V–IV ათასწლეულის ძეგლების გათხრის ძირითადი შედეგები, XV სამეცნიერო სესია, თბ., 1966, გვ.8.

150. ო.ჯაფარიძე, ალ.ჯავახიშვილი, ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965 - 66 წწ.)..., გვ.293.

151. ო.ჯაფარიძე, ალ.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.294.

152. Т.Н.Чубинишвили, К.Х.Кушнарева, დასახ. ნაშრომი. გვ.338, ტაბ.II4.

153. Л.Д.Небиеридзе, Неолит Западного Закавказья..., Автореферат, Т.б, 1967 გვ.16

154. Д..М.Тушабрамишвили, Итоги работ полеолитической экспедиции Квирильского ущелья (Чиатурский район) за 1963-64 г1., Материалы к сессии..., Б., 1965, გვ.56.

155. ქობულეთის (ისპაანის) არქაული მასალები ჯერ გამოუქვეყნებელია, მაგრამ მათ იხსენიებს ა.კახიძე თავის სადისერტაციო ნაშრომში.

156. ტ.ჩუბინიშვილი, ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის 1966 წლის საველე მუშაობის ძირითადი შედეგები, XVI სამეცნიერო სესია მიძღვნილი 1966 წლის არქ. კვლევა ძიების შედეგებისადმი, თბ., 1967, გვ.24.

157. გ.გრიგოლია, გ.ფხაკაძე, მ.ბარამიძე, გ.ლორთქიფანიძე, დასავლეთ საქართველოს საძიებო– არქეოლოგიური ექსპედიციის 1966 წლის მუშაობის შედეგები, XVI სესია, 1966, გვ.17.

158. Т.Н.Чубинишвили, К.Х.Кушнарева, დასახ. ნაშრომი, გვ.359.

159. А.А.Иессен, Кавказ и Древний Восток в IV-III тысячелетиях до н.э., КСИА, вып.93, 1963; მისივე, Из Исторического прошлого Мильско-Карабахской степи, МИА, №125, 1965, გვ.15

160. А.И.Джавахишвили, Памятники далекого прошлого, «Вечерний Тбилиси», 27. XII, 1966; ო.ჯაფარიძე და ალ.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.296.

161. Т.Н.Висотская, Воронцовская пещера. Архив ИИМК, рукопись. Отчет о раскопках, 1951, გვ.11.

162. В.В.Бжания, История археологического изучения памятников энеолита и ранней бронзы, в Абхазии, აფხაზეთის არქეოლოგიური მასალები, თბ., 1967, გვ.109.

163. А.И.Джавахишвили, Памятники далекого прошлого, «Вечерний Тбилиси», 27, XII, 1966. 164. ო.ჯაფარიძე, ენეოლითური კულტურა, საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959, გვ.83. 165. გ.გობეჯიშვილი, სტალინირის ნაცარგორა, “მიმომხილველი”, ტ.II, 1950, თბ., გვ.243, ტაბ.I.

166. Ф.Н.Тавадзе, Т.Н.Сакварелидзе, Бронзы древней Грузии, Тб., 1959, გვ.13, შენიშვნა 14.

167. Л.Н.Соловьев, Неолитические поселения черноморского побережъя Кавказа, აფხაზეთის არქეოლოგიური მასალები, თბ., 1967, გვ.24.

168. Л.Д.Небиеридзе, Неолит Западного Закавказья..., გვ.12-13. დ.თუშაბრამიშვილი, დასავლეთ საქართველოს ნეოლითური და ენეოლითური კულტურების ურთიერთობისა და ქროგნოლოგიის საკითხისათვის (ხელნაწერი), 1965.

169. გ.გობეჯიშვილი,თეთრიწყაროს არქეოლოგიური ექსპედიციის 1958 წლის მუშაობის შედეგები, სამეცნიერო სესია მიძღვნილი სქართველოში 1958 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შადეგებისადმ, თბ., 1959, გვ.9.

170. ო.ჯაფარიძე, ალ.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.296; Л.Д.Небиеридзе, დასახ. ნაშრომი; Т.Н.Чубинишвили, К.Х.Кушнарева, დასახ. ნაშრომი.

171. И.Г.Нариманов, Древнейшая земледельческая культура Закавказья ..., გვ.126. ო.ჯაფარიძე. ალ.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.296.

172. J.Mellaart, Earlist civilisations of the Near East, London,1965, გვ.30, სურ.12 –13, C.A. Burney,Excavations at Ianik – Tepe 1962, “Iraq”, vol.XXVI, 1964 ტაბ., XV, გვ.11-12

173. გ.გობეჯიშვილი, თეთრიწყაროს არქეოლოგიური ექსპედიციის…; ამჟამად იგივე ტენდენცია შეიმჩნევა სომხეთში მტკვარ–არაქსის კულტურის წინარე ხანის ძეგლების დათარიღებაში. იხ. С. Сардарян, Первобытное обшество в Армении, Ер., 1967.

174. Т.Н.Чубинишвили, К.Х.Кушнарева, Новые материалы по энеолиту Южного Кавказа, “მაცნე” №6, 1967, გვ.353.

175. T.Burton – Brown, Excavations in Azarbaijan, 1948, London,1950, გვ.28, ტაბ.VIII, №1646.

176. Т.Н.Чубинишвили, К.Х.Кушнарева, დასახ. ნაშრ., გვ.352–353.

177. იქვე.

178. Т.Н.Чубинишвили, К.Х.Кушнарева, დასახ. ნაშრომი, ტაქ.IV.

179. გ.ფხაკაძე, ქვემო ქართლი ენეოლითი, თბ., 1963, ორმო №4.

180. გ.გობეჯიშვილი, თეთრიწყაროს არქეოლ. ექსპედიციის ... ; ტ.ჩუბინიშვილი, მტკვრისა და არაქსის..., გვ.49–50; В.В.Бжания, დასახ. ნაშრომი, გვ.136.

181. ტ.ჩუბინიშვილი, ქვემო ქართლის არქ. ექსპედიციის..., გვ.24; ო.ჯაფარიძე და ალ.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.295, ქვემო ქართლში დაბლობს 1/5 ფართობი უჭირავს; აქ ზღვის დონიდან 250–500 მეტრის სიმაღლეზე ნალექების რაოდენობა წელიწადში მხოლოდ 380–420 მმ აღწევს. ამის გამო ქვემო ქართლში მემინდვრეობა საერთოდ ვერ ხორციელდება ხელოვნური მორწყვის გარეშე.

182. დასავლეთ საქართველოში ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 1000–3000 მმ უდრის.

183. И.Г.Нариманов, Древнейшая замледельч. култура..., გვ.126, ტ.ჩუბინიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.24; ო.ჯაფარიძე და ალ.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.296.

184. П.М.Жуковский, Земледельческая Турция, М. –Л., 1933, გვ.221. იხ. ო.ჯაფარიძე, ქართული ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961, გვ.245.

185. Б.Б.Пиотровский, Поселения медного века в Армении, СА, т.XI, М., გვ.179

186. შდრ. В.С.Титов, Древнейшие земледельцы в юго–восточной Европе, კრებულში «Археология Старого и Нового света», М., 1966, рис.№5.

187. ო.ჯაფარიძე, დასახ. ნაშრომი, გვ.34.

188. О.А.Абибуллаев,Раскопки Кюль-тепе близ Нахичевана, МИА, 1959, გვ.449.

189. И.Р.Селимханов, Е.М.Тороян, Результаты исследования древнейших металлических предметов, Пленум Интитута Арохеологии, Тезисы докладов на секции археологии Кавказа, М., 1966, გვ.14.

190. ლ.სახაროვა, თეთრიწყაროს ენეოლითური ნასოფლარის IV უბნის გათხრების შედეგები საქართველოში, 1958 წ. წარმოებული საველე ძიების შედეგები, თბ., 1969, გვ.10.

191. В.Г.Котович, Древнейшие земледельцы и скотоводы, Итория Дагестана, т.I, М., 1967, გვ.35

192. О.А.Абибуллаев, Некоторые итоги раскопок холма Кюль – тепе, МИА, №67 К.Х.Кушнарева, А.А.Якобсон, Основные проблемы и итоги Азербайджанской экспедиции, КСИА, №108 1966, გვ.7