<უკან დაბრუნება...<<<წმინდა მიწა // საქართველოს ეკლესია-მონასტრები საზღვარგარეთ>>>
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი,
”ქრისტიანობის კვლევები”,
II, გვ. 49-53
გამომცემლობა "უნივერსალი"
თბილისი, 2009
თამარ ტლაშაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქრისტიანობის ისტორიის მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი) - უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ჯვრის მონასტრის შესახებ
საუკუნეთა განმავლობაში იერუსალიმი ქრისტიანთა უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა, რაც განაპირობებდა კიდეც ქართველთა სწრაფვას წმინდა მიწისაკენ. ქართველთა სამონასტრო კოლონიზაცია პალესტინაში ჯერ კიდევ IV საუკუნის მიწურულიდან დაწყებულა, რაც დასტურდება წერილობით წყაროებით, ჩვენამდე მოღწეული მატერიალური ძეგლებითა და არქეოლოგიური მასალებით. პალესტინის ქართულ სავანეთა შორის ჯვრის მონასტერს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, რადგან წარმოადგენდა იერუსალიმში მცხოვრებ ქართველთა რელიგიური და კულტურული მოღვაწეობის ცენტრს, მწიგნობრულ-შემოქმედებითი მუშაობის მნიშვნელოვან კერას. ადგილი სადაც ხვრის მონასტერი აშენდა, მიჩნეულ იყო წმინდა ადგილად, ვინაიდან გადმოცემის თანახმად, აქ დარგო ბიბლიურმა ლოთმა შეცოდების შემდეგ ცოდვათა მოსანანიებლად სამი ხე, რომელთა ნაცვლად მხოლოდ ერთი გაიზარდა და სწორედ ამ ხისგან გაკეთებულ ჯვარზე აცვეს მაცხოვარი(2;98).
ამ დგადმოცემას იმეორებს და მონასტერს აღწერს 1662 წლის სერბული ხელნაწერი: "და გაივლი იერუშალაიმიდან დასავლეთისაკენ ორ მილს, იქ არის პატიოსანი ჯვრის მონასტერი და ის მონასტერი იბერიულია, მათი ვინც გურჯებად იწოდებიან. იქ არის ეკლესია, ფრიად ლამაზი გუმბათით და არის მარმარილოს იატაკისა უცხოოდ მოხატული მოზაიკით და წმინდა საკურთხევლის შიგნით, წმინდა მაგიდის ქვეშ არის ადგილი, სადაც მოკვეთილ იქნა პატიოსანი ხე. და ადრეულ ხანაში ამ ხისგან დაამზადეს ჯვარი პატიოსანი, რომელზეც აცვეს უფალი იესო ქრისტე .“ (5; 55-56) ამიტომ ჯვრის მონასტერი პალესტინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიწმინდედ ითვლებოდა და მრავლად იზიდავდა პილიგრიმებს, რომელთა ჩანაწერებშიც გვხვდება ცნობები პალესტინის ქართველთა ცხოვრება მოღვაწეობაზეც. ჯვრის მონასტრის დაარსების ქართული გადმოცემის მიხედვით, გაქრისტიანებულ ქართველთა მეფე მირიანს იერუსალიმის მახლობლად მიწის ნაკვეთი უშოვია, სადაც ჯვრის ეკლესია აუგია. შემდგომში ტაძარი განუვრცია და კეთილმოუწყია ვახტანგ გორგასალს. ზოგიერთი ცნობით, მონასტერი აგებულია V საუკუნაში და პეტრე იბერის სახელს უკავშირდება. "შეარჩია ადგილი ასაშენებლად სიონის წმინდა ეკლესიის ზემოთ, იმ კოშკის ახლოს, რომელსაც დავითის სახელი ჰქვია და იქ ააგო მონასტერი, დღემდე ცნობილი იბერთა მონასტრის სახელწოდებით" (2; 25). პროკოფი კესარიელის ცნობით, დაახლოებით 560 წელს იმპერატორმა იუსტინიანემ "აღადგინა იბერთა ეკლესია და ლაზთა ეკლესია იერუსალიმის უდაბნოში”.(5; 56) დღევანდელი სახის ჯვრის მონასტრის შენობა თავისი სამლოცველოებითა და სენაკებით აშენებულია ქართველი შავშელი მოღვაწის გიორგი-პროხორეს მიერ XI საუკუნის 30-50 წლებში. ამასვე ადასტურებს ბერძენი მკვლევარი ვ.ცაფერისი, რომლის თანახმადაც დანგრეული მონასტრის აღმდგენი იყო პროხორე, იბერიელი ათონის მთიდან, რომელსაც ამ საქმისათვის იბერიის მეფე ბაგრატ III კურაპალატისაგან ფინანსური დახმარებაც მიუღია. XI საუკუნეში ჯვრის მონასტერი თურქ-სელჩუკთა მიერ იერუსალიმის აღებისას ძალიან დაზიანდა. 1102-1103 წლებში პილიგრიმმა ზევულფმა გაძარცული და ნაწილობრივ დანგრეული მონასტერი იხილა: "წმინდა ჯვრის ეკლესია მდებარეობს იერუსალიმიდან დასავლეთით, დაახლოებით მილის მანძილზე, იმ ადგილზე სადაც წმინდა ჯვარი ამოიჭრა. მონასტერს დიდ პატივას სცემდნენ და ლამაზი იყო, მაგრამ წარმართებმა მოაოხრეს, თუმცა ძალიან არ დაუნგრევიათ”. (5; 56) აღმოსავლეთში ჯვაროსანთა ლაშქრობამ და მაჰმადიანთა შევიწროებამ, ასევე იმ პერიოდის საქართველოს პოლიტიკურმა გაძლიერებამ, იერუსალიმის ქართველთა სავანეში ცხოვრება გამოაცოცხლა.
1106-1107 წლებში მონასტერი რუსმა პილიგრიმმა იღუმენმა დანიელმა მოინახულა, რომლის დროსაც ტაძარი უკვე აღდგენილი, განახლებული და მოხატული იყო. პილიგრიმი ასევე მონასტერს იბერიელთა საკუთრებად სცნობს. (5; 28) ეგვიპტელების მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ (1244წ), ქრისტიანულ სავანეები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. ქართველთა მუდმივმა მონაწილეობამ ეგვიპტელ მამლუქთა წიინააღმდეგ ბრძოლებში, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია. ამით უნდა უნდა ყოფილიყო გამიწვეული ქართველებისათვის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წართმევა. არაბი ისტორიკოსი ალ-მაკრიზი წერს: "ჩამივიდა კონსტანტინოპოლის იმპერატორის დასპანი და მასთან ერთად ქართველთა დესპანი საჩუქრებითა და წერილით, რომელიც შეიცავდა თხოვნას იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გახსნის შესახებ, რათა ქართველებს მოეხილათ იგი. ქართველები იქნებიდნენ სულთანის მორჩილნი და შეეწეოდნენ მას, როცა დასჭირდებოდა. გაიცა ბრძანება ეკლესიის გახსნის შესახებ და გაიხსნა. დესპანები გაბრუნდნენ სათანადო პასუხით" (3; 33). არაბი ისტორიკოსი მუფად-დალის ცნობით, ჰიჯრის 710 წელს, ანუ 1310 წელს, ალაშ ქარის დესპანები ქართველ დესპანთა თანხლებით ეწვივნენ "მაღალ კარს" იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების თხოვნით. აღნიშნული მონასტერი მიტაცებული და გადაკეთებული იყო მეჩეთად რელიგიური ფანატიზმით გამორჩეულ შეიხ ხიდრის მიერ. (3; 39) ამრიგად, ჯვრის მონასტერი მაჰმადიანებისაგან 1310 წელს განთავისუფლებულა. ქართველთა მონასტერი თავისი არქიტექტურით არა მხოლოდ ქრისტიანების ყურადღებას იპყრობდა, არამედ ის მუსლიმების ინტერესის საგანიც ხდებოდა. XIV საუკუნის არაბი ენციკლოპედისტის ალ-უმარის ცნობით: "ჯვრის მონასტერი მდებარეობს ქალაქ იერუსალიმის გარეთ, მის დასავლეთით. ესაა ბიზანტიური მონასტერი, მტკიცედ ნაგები, ქვითკირის ძველი შენობა, ლამაზი ადგილმდებარეობისა (3; 42)." 1335 წელს, პილიგრიმი ავგუსტინელი ბერის იაკობ ვერონელის ცნობით, ქართველი ბერები უკვე ჯვრის მონასტერში ცხოვრობდნენ. XV საუკუნეში ქართველება, რომ მონასტერი ეკავათ პილიგრიმი ფრანჩესკო სურიანელო და გრაფი ფილიპ ლუდვიგ ჰანაუ გვაწვდიან ცნობებს. (2; 51) 1507 წელს წმინდა მიწაზე მოგზაურობისას ჰერცოგი ფროდრიხ II ლოგნიცელი გვამცნობს: "...აქედან მშვენიერ მონასტერში მივედით, რომელსაც წმინდა ჯვრის ეკლესია ეწოდება. ჩვენ აქ ვნახეთ ზარები, ერთადერთი მთელს ამ მიწაზე. ამ მონასტრის ბერები წმინდა პავლეს რწმენისანი არიან" (2; 54). იერუსალიმის ქართული კოლონიის ეკონომიური და უფლებრივი მდგომარეობის დაცემა უკავშირდება საქართველოს პოლიტიკური დაშლას და ქვეყნის გაღატაკებას, როდესაც საშუალება აღარ ჰქონდათ მათ ეკლესია-მონასტრებზე შეწერილი გადასახადი ეხადათ თურქებისათვის. ამის გამო ვეღარ შეძლეს შეენარჩუნებინათ ზოგიერთი მონასტერი. აღსანიშნავია ისიც, რომ პალესტინაში ქართველთა გავლენის დასუსტებაში უარყოფითი როლი ითამაშეს ბერძნებმა, რომლებიც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ თურქების ქვეშევრდომები გახდნენ. ბერძნებმა ქართველები მშობლიურ სავანეებს ჩამოაშორეს, დაიწყეს მათი შევიწროვება, საბოლოოდ კი მთლიანად ჩამოართვეს განმგებლობა.
1749 წლისთვის მონასტერს და მის ქონებას მთლიანად ბერძნები დაეუფლნენ. სწორედ ამ პერიოდის ჯვრის მონასტერს აღწერს რუსი მოღვაწე წმინდა მატრონას მონასტრის ბერი სერაპიონი: "ამჟამად იქ არც ერთი ქართველი არ არის, მონასტერი ქართველებს ეკუთვნოდა, რადგან ხატებიდა წარწერები ამ ხატების ქვეშ ქართულია; უფრო მეტიც, იქ ბევრი ქართული წიგნია. მონასტერი ამჟამად ბერძნებს უჭირავთ”(2; 64). 1771 წელს პილიგრიმ რიჩარდ პაკოკის ცნობით, ჯვრის მონასტერი ბერძნების კუთვნილებაშია. მომდევნო საუკუნეებში იერუსალიმში ქართველთა გავლენა საგრძნობლად შემცირდა. 1846 წელს ფონ ტიშენდორფი წერდა: "ჯვრის მონასტერში მომცეს უფლება სამახსოვროდ შემენახა ჩემ მიერ ნაპოვნ პერგამენტზე შესრულებული ბერძნული და ქართული ხელნაწერები. აქ ცხოვრობს ოთხი ბერი და მოხუცი მსახური ქალი.” (2; 67) პილიგრიმთა ცნობით, მონასტერში ინახებოდა ქრისტიანული რელიქვია ქმინდა ბარბარეს ხელი. 1484 წელს გრაფი ფილიპ ლუდვიგ ფონ ჰანიკი გვამცნობს: "ჯვრის ეკლესია ეკუთვნით ქართველებს. აქ ნახავთ წმინდა ბარბარეს ხელს.” 1483 წელს ფელიქს ფაბრს ეს წმინდა რელიქვია პირადად უნახავს (2; 67). აქვე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ჯვრის მონასტერს ძვირფასი წიგნთსაცავი ჰქონდა, რომელსაც საფუძველი მონასტრის დაარსებიდანვე უნდა ჩაჰყროდა. 1820 წელს მოგზაურმა შულცმა მონასტრის ბიბლიოთეკაში 400 ხელნაწერი ნახა. ამდენივე იხილა 1846 წ გ.ტიშენდოეფმა. ბერძენთა მფლობელობისას ჯვრის მონასტრის ბიბლიოთეკა ნელ-ნელა ნადგურდებოდა. 1858 წელს რუს არქიმანდრიტ ლეონიდეს მონასტრის ერთ-ერთ მინაშენში უნახავს ქართული წიგნები, რომლებიც სინენტის, მატლების და მწვანე ღრიანკლების მსხვერპლად იყო მიტოვებული. მოგვიანებით ჯვრის მონასტრის ხელნაწერთა კოლექცია გადატანილ იქნა იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკაში. რ.ჟანენმა XI საუკუნის 10-იან წლებში იქ ნახა 147 ხელნაწერი წიგნი. დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ პალესტინის ქართველ ბერთა კოლონიების ისტორია ქართული კულტურის ერთერთი ნათელი პერიოდია. მაგრამ მხოლოდ ქართულ წყაროებს არ შეეძლოთ სრულად გადმოეცათ ქართველ ბერთა მოღვაწეობა. პილიგრიმულმა ლიტერატურამ დიდი სამსახური გაუწია იმ ისტორიის სრულყოფას.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ლევან მენაბდე, ქართული კულტურის კერები საზღვარგარეთ, თბ.1992წ
2. გრიგოლ ფერაძე, უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველ ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ, გამოსაცემად მოამზადა გ. ჯაფარიძემ, თბ., 1992წ
3. XIV-XV საუკუნეების არაბი ისტორიკოსები საქართველოს შესახებ, თარგმნა დიტო გოჩილეიშვილმა, თბ 1988წ
4. ვახტანგ გურგენიძე, წმინდა მარიამის წილხვედრ ქვეყანაში, წიგნი II, თბ 1997წ
5. ელდარ მამისთვალიშვილი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორია (ქართული პერიოდი), გორი
|