topmenu

 

ვარძია - ვ. ბერიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<ციხე-ქალაქები და სხვა ნაგებობები>>>

ფოტოს წყარო: http://heritagesites.ge/?lang=geo&page=265

ვარძია // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974,  გვ.65-66

ვარძია ერთი ყველაზე პოპულარული ძეგლთაგანია საქართველოში. მას ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან, თუმცა იგი დაშორებულია ცენტრებს. აქაც მონასტერი იყო. იგი გიორგი III დაარსა და დაამთავრა მისმა ასულმა თამარ მეფემ, ე.ი. ეს ძირითადად XII საუკუნის ძეგლია, თუმცა, რა თქმა უნდა, მშენებლობა არც შემდეგ შეწყვეტილა და აქ უფრო გვიანდელი ნაწილებიც არსებობს. ვარძია მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე და გამოკვეთილია ტუფის შვეულ კლდეში. სიგრძე 900 მეტრამდეა, სიმაღლეზე რამდენიმე სართულია (ზოგან შვიდი). გამოქვაბულთა რაოდენობა აქაც ასობით დაითვლება. სადგომები დაჯგუფებულია მცირე კომპლექსებად, რომლებიც რამდენიმე ოთახისაგან შედგება და ერთმანეთთან დაკავშირებულია საგანგებო გადასასვლელებით. ფასადის დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში მოირღვა, ასე რომ, დღეს ვეღარ ვიმსჯელებთ მთელი ანსამბლის თავდაპირველი სახის შესახებ. შიგნით ტექნიკური თვალსაზრისით ყველაფერი ოსტატურადაა შესრულებული, მაგრამ რაიმე საგანგებო მორთულობა - მაგალიაად, კლდეში გამოკვეთილი ქანდაკებები, როგორც შორეული აღმოსავლეთის ზოგ გამოქვაბულ ანსამბლშია - აქ არ გვხვდება: ასეთი რამ უცხოც იქნებოდა ქართული ხუროთმოძღვრებისათვის. ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კედლის მხატვრობა. ამ მხრივ განსაკუთრებით ღირსშესანიშნავია დიდი ეკლესიის მოხატულობა, რომელიც, სასულიერო სიუჟეტებთან ერთად, შეიცავს გიორგი მესამისა და თამარ მეფის პორტრეტებს. ეკლესიის ადგილი გარედან ადვილი გამოსაცნობია, რადგან მის წინ, კლდის შეღრმავებაში, ჩაშენებულია თლილი ქვის ორი თაღი - ეს ეკლესიის ფასადია და, იმავდროს, უმთავრესი ხუროთმოძღვრული მახვილი (დღეს მაინც) მთელი ვარძიისა. აქვეა, თაღების გვერდით, აშენებული სამრეკლოც. რა თქმა უნდა, ფოტოსურათები შორეულ წარმოდგენასაც ვერ უქმნის მნახველს ვარძიის შესახებ, მით უფრო, რომ შთაბეჭდილებას ახდენს არა მარტო თვით ძეგლი, კლდეში ნაკვეთი ოთახებისა და აქეთ - იქით მიმავალი კიბის საფეხურების საკვირველი რიტმით, არამედ მთელი გარემო, ვარძიის  მიდამოები: ჯერ ვარძიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე ციხე - ქალაქის თმოგვის ნანგრევები - თმოგვი გრანდიოზულ კლდეზე მდებარეობს და თვალჩაუწვდენელ ხრამს გადაჰყურებს: შემდეგ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მეორე გამოქვაბული მონასტერი - ვანის ქვაბებია, რომლის სენაკები მაღალი მთის ციცაბო კალთებზეა მიმოფანტული: დასასრულ, ორ მაღალ ზეგანს შორის მდინარის მიერ ჩაკვეთილი ეს ღრმა კანიონი, ეს უზარმაზარი შიშველი კლდეები. სრულიად თავისებური სამყაროა - მკაცრი. საზეიმო, დიდებული და რომანტიკული. თავის დროზე ვარძია სიმდიდრით იყო ცნობილი. XVI ს-ში იგი სპარსელებმა გაძარცვეს, შემდეგ კი, თურქთა ბატონობის მძიმე საუკუნეებში, სრულიად დაცარიელდა და გაპარტახდა. დღეს დაცულია, როგორც კულტურის შესანიშნავი ძეგლი (ჯავახეთსა და სამცხეში სხავ გამოქვაბული და ნახევრადგამოქვაბული კომპლექსებიც არსებობს, მაგ. პატარა სამსარი (ახალქალაქის რაიონში), ბაიები (ახალციხის რაიონში) და სხვ...

 

ვარძია // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974,  გვ.169

XII ს.

გამაგრებული მონასტერი ვარძია ძველ მესხეთშია, სამცხისა და ჯავახეთის მიჯნაზე, არტაანის მტკვრის მარცხენა ნაპირზე, რაიონის ცენტრ ასპინძიდან 30 კილომეტრის დაშორებით. ვარძიის მშენებლობის ამბავი მატიანეებშია მოთხრობილი. იგი გიორგი მესამემ დაიწყო და თამარმა დაასრულა. თამარმა "ჴელ -ყო აღშენებად საყოფელსა გამმარჯუებელსა მისსა... ვარძიისა ღმრთის მშობელსა... რომელი კლდისაგან გამოჰკუეთა, თჳთ პატიოსანი ეკლესია და მონაზონთა საყოფი სენაკები, რომელი მტერთაგანცა შეუვალ და უბრძოლველყო. ესე ვარძია პირველ დაეწყო სანატრელსა მამასა მისსა გიორგის, გარნა ვერ სრულ ექმნა და დაეტევა, რომელ დიდმან ამან აღასრულა და შეამკო ყოვლითურთ, შესწირნა მრავალნი და დიდროანი  სოფლები, და შეჰკაზმნა ტრაპეზისა შემოსავალნი დიდნი, რომელი ყოვლისაგანცა მოთხრობა ძნელ არს" ("ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი"). მთავარი ეკლესია და მისი მხატვრობა 1184-1186 წწ. მიეკუთვნება. თამარის აქაური პორტრეტი უადრესია, თამარ მეფე ჯერ კიდევ გათხოვებამდეა დახატული, ამიტომ არ არის აქ გიორგი ლაშა, რომელსაც ბეთანიისა და ყინცვისის პორტრეტულ ჯგუფებში ვხვდებით. ვარძიის მთელ ანსამბლში უკეთაა დაცული აღმოსავლეთი ნაწილი. აქ მთლიანად ან ნაწილობრივ გადარჩენილია 242 გამოქვაბული ოთახი. მათ შორის გვხვდება დარბაზი, რომლის ზომაა 5,6 X 18 მ., მისი კედლები განსაკუთრებული სიბეჯითითაა დამუშავებული. ამავე ნაწილშია მცირე ეკლესია "სადარბაზო", თამარის ოთახად ცნობილი გამოქვაბული, ე.წ. "სალხინო" (აქ მარანია) და სხვ... მონასტერს, რა თქმა უნდა, ჰქონდა სატრაპეზო და ბევრი სხვადასხვა სამლოცველო, იყო საგანგებო თავშესაფარი სამალავი ოთახებიც. მონასტერი მომარაგებული იყო წყლით. მთავარი ეკლესის მახლობლად, სიღრმეში, ბუნებრივი წყაროც არის. 1552 წელს ვარძია აიღო და გაძარცვა ირანის შაჰმა თამაზმა. შემდეგ, თურქობის დროს, ვარძია მიტოვებული იყო. იგი ასე თუ ისე გამოცოცხლდა  XIX ს-ში, მაგრამ მისი ნამდვილი დაცვა და შესწავლა დაიწყო ჩვენს დროს, განსაკუთრებით 1938 წლის შემდეგ, როდესაც აქ მუზეუმი დაარსდა.

1. ც. გაბაშვილი ვარძია. გზამკვლევი. თბ., 1945.

2. კ. მელითაური. ვარძიის სამშენებლო-ხუროთმოძღვრელი შესწავლის საკითხები. თბ., 1961.

3. К. Н. Мелитаури, Вардзия, Тб., 1963 (მოკლე ტექსტი რუსულად და ინგლისურად)

4. Гиви Гапридашвили. Пещерный ансамбль Валдзия, Ть., 1980

5. Вардзия. Vardzia. 1966 (გზისმკვლევი, ტექსტის ავტორი - ც. გაბაშვილი)