topmenu

 

ლიხნი - საქართველოს სულიერი საგანძური

< უკან დაბრუნება... <<დაბრუნება მთავარ გვერდზე

ლიხნი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ. I. - თბ., 2005. - გვ. 133.

X  საუკუნის დასასრულისა და XI საუკუნის დასაწყისში აგებული ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გუდაუთის რაიონში, შავი ზღვისპირა დაბლობზე მდებარეობს. ჯვარგუმბათოვანი გეგმის ნაგებობას აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდა აქვს. მოგვიანებით, დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით ტაძრისთვის ღია ეგვტერები მიუშენებიათ. ფასადები მოპირკეთებულია სუფთად გათლილი ქვის კვადრებით. ტაძარი მოკლებულია მორთულობას, რითაც უფრო თვალსაჩინო ხდება პროპორციების დახვეწილობა და მისი ჰარმონიულობა. ტაძრისა და ეგვტერების შიდა კედლები მთლიანად ყოფილა მოხატული (შემორჩენილია ფრაგმენტები). მოხატულობა გამოირჩევა ფაქიზი კოლორიტით, რამდენადმე წაგრძელებული ფიგური დინამიკურობითა და ექსპრესიულობით, ატარებს პალეოლოგოსთა სტილის ნიშნებს (მკვეთრად გამოხატული ელინისტური ელემენტები). შემორჩენილია უფრო ადრინდელი, X-XI საუკუნეების მოხატულობის კვალიც. სოფლის განაპირას, მდინარე ხიფსთის მარცხენა ნაპირზე, აღმართულია გალავნით შემოსაზღვრული ციხემაგრის კომპლექსი აბაანთა (VII-VIII სს.). მის სამხრეთ - აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია სამეკლესიანი ბაზილიკის ნანგრევები. ეკლესიას აღმოსავლეთით შვიდწახნაგა შვერილი აფსიდა ჰქონია, დასავთით - ვრცელი ნართექსი.