There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<საქართველოს ეკლესია-მონასტრები>>>
შუა საუკუნეების ხელოვნება: თელოვანის ეკლესია //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995 .- გვ.75.
თელოვანის ეკლესიის (VIII-IX სს.) საკურთხეველში შემორჩენილია ფერწერის ფრაგმენტები, სადაც ვლინდება მაცხოვრის თავის გამოსახულება მედალიონში და ოთხი მოციქულის ნაკვთები. ადამიანთა პროპორციები, თავისა და ხელების გაზვიადებული ზომები აძლიერებენ მოძრაობის ექსპრესიულობას. სახეების, თმებისა და სამოსელის ნახატი ხაზოვანია და სიბრტყითი.
თელოვნის ჯვარპატიოსნის ეკლესია //ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.14., გვ.80-82
თელოვანი სოფელია მცხეთის რაიონში, მცხეთიდან 25 კმ-ზე, ზღვის დონიდან 920 მ-ზე. მის აღმოსავლეთით 2-3 კმ-ზე მთის ფერდზე დგას ჯვარპატოსნის ეკლესია, რომელიც თარიღდება VIII- IX სს-ით. ეკლესია (9,7X10,5 მ) ტრიკონქის ტიპისაა. ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში, კონსტრუქციული და დეკორატიული ელემენტებისათვის კირქვის ან შირიმის თლილი კვადრებია გამოყენებული. XVIII ს-ში იგი შეუკეთებიათ. განუახლებიათ გუმბათის კონუსი. გაუმაგრებიათ დასავლეთ მკლავის კედლები, ამოუშენებიათ დასვლეთი სარკმელი და სამხრეთი კარი, დასვლეთით მიუშენებიათ სამრეკლო. 1925-54 წწ. ეკლესიას რესტავრაცია გაუკეთდა (ავტ. ვ.ცინცაძე). გაიწმინდა, გამაგრდა კონსტრუქციული ელემენტები, აღდგენილ იქნა კედლებისა და გუმბათის ყელის დანგრეულ ნაწილები, მთლიანად შეიცვალა სახურავი, ეკლესიას ძველი გეგმის მიხედვით შემოავლეს ახალ გალავანი. ეკლესიის დასავლეთ სწორკუთხა მკლავის სამივე კედელში თითო კარია. საკურთხევლის ფართო და დაბალ შვერილ აფსიდში ერთი სარკმელია. აფსიდებიან სამკვეთლოსა და სადიაკვნეში შესასვლელები ბემიდანაა, ორივე სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების ვიწრო, გარედან სწორკუთხა აფსიდებშიც თითო სარკმელია. მკლავების გადაკვეთით მიღებულ სწორკუთხა სივრცე სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან დამატებული თაღებით კვადრატთანაა მიახლოებული. კვადრატიდან გუმბათის ყელის რვაკუთხედზე გადასვლა ტრომპებით ხორციელდება. ტრომპების კიდევ ერთი რიგით რვაკუთხედიდან გუმბათის წრიულ საფუძველია მიღებული. რვაწახნაგა გუმბათის ყელში ოთხი პატარა სარკმელია. ეკლესიაში შემორჩენილია IX -X სს-ის მოხატულობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. IX-ს-ის მოხატულობა შემორჩენილია მხოლოდ საკურთხეველში. საკურთხევლის აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს ნაცრისფერ ფონზე გამოსახულია მოციქულთა ფიგურები, რომლებსაც დიდი თავი და ფართო, თითქმის კვადრატული სხეულები აქვთ. დიდი ზომის ხელის მტევნები ფიგურათა მოძრობას ექსპრესიულ ხასიათს ანიჭებს. ქვემოთ, წმინდანთა ფეხებთან, გავლებულია უსწორმასწორო ფართო შავი ზოლი. სარკმლის თავზე მედალიონში მაცხოვრის ბიუსტია მოთავსებული. საკურთხევლის მოხატულობის ქვედა რეგისტრში შემორჩენილია მხოლოდ კედლის კიდეებში სიმეტრიულად განლაგებული მოწითალო -აგურისფერი საღებავით შესრულებული ორი სწორკუთხედი, რომლებშიც გამოსახული ყოფილა განედლებული ჯვრები. მოხატულობაში გამოყენებულია ნაცრისფერი, ღია ვარდისფერი, მოწითალო -აგურისფერი, მუქი წითელ და მოვარდისფრო - ღვინისფერი საღებავები. სახის ნაკვთები, შარავანდები შესრულებულია შავი ხაზით. X ს-ის მხატვრობა შემორჩენილია ეკლესიის დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებში. დასავლეთ მკლავის წყვილ პილასტრზე გამოსახულია ორი წმინდანი მთელი ტანით, სამხრეთ პილასტრზე - წმ.მეომარი. წმინდანის ფიგურა ამავე მკლავის სამხრეთ კედელზეც გაირჩევა. მისი სახე დიდი თვალებით, თხელი ცხვირით, სოლისებრი წვერითა და მოგრძო ყვრიმალებიანი ოვალით მეტად მეტყველია. ეკლესიის ჩრდილოეთ აფსიდში მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტია შემორჩენილი. მხატვრობის კოლორიტში გაბატონებულია ოქროსფერი, მოწითალო - ყავისფერი, ნაცრისფერი და მუქი ლურჯი. ფასადებზე კარების ზღუდარები და სარკმლების თავსართები შემკულია. გუმბათის ყელს შემოვლებული აქვს დეკორატიული თაღედი.
ალექსანდრე ბოხოჩაძე, ფლორ დევდარიანი, გ.მიქაძე.
|