There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<დაბრუნება მთავარ გვერდზე
ლ ე ჩ ხ უ მ ი
სოფელი ლაბეჭინა
http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/593/1/arqeologiuri%20eqspedicia.pdf
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8729/1/Emigrantuli_Nashromebi%20%282%29.pdf
ალპანიდან ჩვენ გავემგზავრეთ ლაბეჭინაში, რომელიც რვა კილომეტრით შორავს ალპანას. გზად გავიარეთ საირმეს სოფელში და გავშინჯეთ მისი ახალი ეკლესია. გზა ალპანიდან საირმემდე სულ აღმართ-აღმართ მიდის; საირმედან ლაბეჭინამდის აღმართი ისე ძლიერი აღარ არის. ეკლესია ლაბეჭინისა, ცაგერის შემდეგ, საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს მთელს ლეჩხუმში. აქ წინად მონასტერი ყოფილა, ეხლა სამრევლო ეკლესია არის, მაგრამ სოფელი ახლოს არ ახლავს. ტაძარი აშენებულია მთის მაღალ სერზე, რომელიც მიჰყვება რიონის მარჯვენა ნაპირს. აქედან თქვენს თვალს წინ იშლება საუცხოვო პანარამა მწვანით შემოსილი რიონის ხეობისა. (ფოტ. №17385). ეხლა ამ ეკლესიის სახელია ლაბიჭინა, მაგრამ ვინაიდან ძველ წყაროებში ლაბეჭინა სწერია, ჩვენც ამ სახელწოდებას ვხმარობთ. ლაბეჭინა მოხსენებულია ორს ხელნაწერში, მაწიეთის ეკლესიის მარხვანში 1566 წლისა და საეკლესიო მუზემის ტყავის ხელნაწერში მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნისა, №388, რომელიც შეიცავს თეოდორე აღმსარებელის სიტყვებს. პირველ ხელნაწერს აქვს შემდეგი მინაწერი მერმინდელის ხელით: "ჩვენ ყ- დ სამღვდელო ცაგერელ მიტროპოლიტმან იოანე შემოგწირეთ ს - ლთა განმანათლებელი მარხვანი ესე ლაბეჭინის მთავარ-ანგელოზის ეკლესიას სულისა ჩვენისა საოხად“. ეს მინაწერი ეკუთვნის მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარს. იმ დროს ცხოვრობდა ცაგერელი იოანე, დადიანი კაცია მეორის ძე, რომელიც პირველად ცაგერელი იყო და შემდეგ 1792 ჭყონდიდელი. მოჰყავს რა ეს ცნობა დ.ბაქრაძეს, ის შენიშნავს: „ლაბეჭინის ეკლესია მთავარ-ანგელოზთა ჩემთვის უცნობია, მაგრამ ის უნდა მდებარეობდეს სადმე სამეგრელოს სამფლობელოში“ (იხ. დ.ბაქრაძის "მოგზაურობა გურია-აჭარაში“, გვ. 215). მეორე ხელნაწერის მინაწერიდან მეჩვიდმეტე საუკუნისა ვტყობილობთ, რომ ხელნაწერი ეკუთვნოდა ლეჩხუმის მონასტერს ლაბეჭინას და წაეღო რუსეთში ბერს ევდემონს, კირილეს მონასტერში, სადაც ის დატყვევებული ყოფილა და ეს წიგნი დარჩენილა მასთან და მორჩილ ლაზარესთან 1667 წლიდან 1671 წლამდის (იხ. თ.ჟორდანიას „აღწერა საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა“, წიგნი პირველი, გვ.381). ამ ცნობების გარდა ლაბეჭინის შესახებ სხვა არაფერი არ ვიცოდით, არც მისი მდებარეობა, არც მისი სიძველენი. ლაბეჭინა საკმაოდ დიდი ეკლესია არის, მოგრძო, ოთხკუთხედი, სიონურის რიგისა, უგუმბათო, ერთ-ნაოსიანი; ნაშენია თლილის ქვით და ეტყობა მრავალჯერ შეკეთებულია. უკანასკნელი შეკეთება განუცდია ოცი წლის წინეთ, ვიდრე ჩვენ ვნახავდით, და მაშინ მოუშლიათ ძველი ქვის კანკელი, რომლის სვეტები და ქვები ეხლა ჰყრია ეკლესიის ეზოში, და მის მაგიერ გაუკეთებიათ ახალი ხის კანკელი. ეკლესია დახურულია ეხლა ყავრით, მაგრამ წინეთ, ეტყობა, ქვის ლორფინით ყოფილა დახურული. თავი მასსა ეხლანდელი ეკლესიისა უნდა ეკუთვნოდეს მე-13-14 საუკუნეს, როდესაც გაბრიელ ლაბეჭინელს ხელმეორედ აუგია აქ ეკლესია ძველი ეკლესიის სრულიად განადგურების შემდეგ უსასტიკესი მიწისძვრის გამო. წინეთ ეკლესიას ჰქონია ეკვტერები სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით, მაგრამ ეხლა ყველა ესენი განადგურებულია და თითქმის აღმოფხვრილი; დარჩენილია მხოლოდ მეოთხე ეკვტერი სამხრეთ-დასავლეთის მხრით, ყველაზე გვიანი; ხოლო დღეს ისიც დიდათ დაზარალებულია: სახურავი და თაღი ჩამონგრეულია და ნანგრევებს დაუფარავს საფლავი ეკვტერის მაშენებლისა. ჩვენს დროს ეკვტერი არ იყო ჯერ კიდევ ნანგრევისაგან გაწმენდილი. აღმოსავლეთის ფასადი ეკლესიისა გამშვენებულია ორის მაღალის უბით, მომრგვალებული თავებით, ხოლო შუაში ფანჯარაა აგრეთვე მომრგვალებული თავით. როგორც უბეები, ისე ფანჯარა შემკობილია ორმაგი მოჩუქურთმებული ნახევარ სვეტებით; ყველა სვეტებს ჩუქურთმიანი სვეტის თავები აქვთ და ქვემოდან ოთხკუთხედი კვარცხლბეკები სხვა და სხვა რიგად და ლამაზად მოჩუქურთმებულნი. ფანჯრის შუა ნაწილიდან ქვემოდ ეშვება სამმაგი ჩუქურთმიანი ზოლი ნახევარი სვეტებისაგან შემდგარი, რომელიც თავდება ოთხკუთხედი კვარცხლბეკით. კვარცხლბეკზე ჩუქურთმიანი ლამაზი ჯვარია გამოსახული. ფანჯარა შეკეთების დროს გაუფართოებიათ, მაგრამ ფანჯრის თავის ლამაზი ჩუქურთმა დაცულია. თვით კონცხში აღმოსავლეთისა ყოფილა ჩუქურთმიანი ჯვარი, რომელიც ეხლა გაფუჭებულია; დაზიანებულია აგრეთვე ასეთივე ჯვარი, რომელიც, ეტყობა მარცხენა უბეში. მარცხენა მხრით აღმოსავლეთის ფასადისა, კუთხეში ემჩნევა ნიშნები ასომთავრული წარწერისა: ნ ი / ვ ნ/ ვ. აღმოსავლეთის ფასადი იხ. ფოტო №17382. დასავლეთის ფასადი შემკობილია ჩუქურთმებით ირგვლივ დასავლეთის კარისა და მომრგვალებული ფანჯრისა ორმაგი ნახევარ სვეტებით (ფოტ.№17384), ხოლო კონცხში დაცულია ჩუქურთმიანი ჯვარი. სამხრეთის ფასადის ოთხკუთხედი კარი მორთულია ირგვლივ ჩუქურთმებით და ნახევარ-სვეტებით (ფოტ.17380): ზემოდ მოჩანს ქანდაკება მამაკაცისა და დედაკაცისა, რომელნიც ხელებს უშვერენ ერთმანეთს; ქანდაკება ვერ არის ლაზათიანი; ქვემოდ გამოქანდაკებულია სტილიზაციით მხეცი, მოგრძო ფრჩხილებით ფეხებზე და წამოტარახინებული კუდით (ფოტოგ. №16764). ამის ქვემოდ კიდევ გამოქანდაკებულია ქვაზე მარაო. შიგნით, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლები დაყოფილნი არიან სამ-სამ თაღად; საკურთხეველში ორი უბე მოჩანს. ტრაპეზი შუაშია აგებული; კედლები ტაძრისა მოხატული ყოფილა ფრესკებით, მაგრამ ეხლა თითქმის აღარაფერი დარჩენილა. სამხრეთ-დასავლეთის ეკვტერს შესავალი დასავლეთიდან აქვს და აქედან მეორე კარს მიჰყავხართ დასავლეთის ეკვტერში. ამ კარს ზემოდ ქვაზე გამოქანდაკებული ჯვარი ამშვენებს და სანახევროდ გადასული ასომთავრული წარწერა (ფ.№17381). სიტყვები და ასოები, რომელნიც აღარ მოსჩანან და ჩვენი აზრით ვუმატებთ, ჩასმულნი არიან ფრჩხილებში.
წ.(1) : ნებითა : ღმრისათა
აღვაგეთ :. ეკუდრი ესე
ჩუენ:. ინასარიძემან:. [გიორგიმ]
და თანა :. მეცხედრემან ჩემმან ჩხეტიძ
ის :. ქალმა :. ანა[მ]
მ-ჴსნელად ცოდვილისა [სულისა]
ჩვუნისათუის აწ [ვინცა და რომანცა]
ძემან : კაცისამან ან [დიდმან]
ანუ :. მცირაე :. მან :. ჩუ ...
დანარჩენი ნაწილი წაბღალულია და თუმცა ზოგიერთი სიტყები და ასოები განირჩევიან, მაგრამ ვინაიდან სრულის აზრის აღდგენა ძნელია, ამიტომ აღარ მოგვყავს, მით უმეტეს, რომ ტექსტი ჩვეულებრივი წყევლის დასასრულია. ეკვტერი სასაფლაო ყოფილა გიორგი ინასარიძისა, მაგრამ საფლავი დაფარული იყო ჩამოწოლილი თაღის ნანგრევებით და ადგილობრივმა მღვდელმა ბოჭორიშვილმა საფლავის წარწერა, ხელით გამოღებული, მომაწოდა უკვე ტფილისში დაბრუნების შემდეგ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუცხადებთ. მოწოდებული წარწერა გადაბმული ასომთავრულით არის შესრულები და იკითხება ასე:
ღო. შეიწლე ფდ: ცდვლი: ინსრიძე: ესე არს: გნსს-ნბლი:
ჩი: უკი: უკ-ე: ამს დვემკუდრო:
რ: მთნვს: ესე ნტრრს: გზა: ესე რსა: წრსმრთებ-ლ
ხ-რ: შნ: გბი: გი: უ: დბჲ: შ-ნდა,
უქარაგმოდ:
ღმერთო, შემიწყალე ფრიად ცოდვილი ინასარიძე, ესე არს განსასვენებელი
ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე. ნეტარ არს გზა
ესე, რომელსა წარმართებულ ხარ. შენ გევედრები გიორგი, უფალო, დიდებაჲ შენდა.
ჩრდილოეთის კედელზე მოჩანს აქა-იქ ასომთავრული წარწერები. სულ ქვემოდ:
ქ-ე შ-ე კ-ე ჩოპე
რი და ნთლ
დეფ¯ლი
ქრისტე, შეიწყალე კონსტანტინე (ანუ
კვირიკე) ჩოპერი და ნათელ
დედოფალი (ანუ დეოფალი).
ნათელ დედოფალი ჩვენ ერთი ვიცით, მეფის დიმიტრი მესამის მეუღლე (1289), გიორგი ბრწყინვალის დედა; მაგრამ არა ვგონებთ, აქ იმაზე იყოს საუბარი. უფრო საგულისხმოა "დეოფალის" წაკითხვა. ამ ხარისხს ერისთავის ცოლები ატარებდენ. აქ ჩოპერის ცოლი უნდა იგულისხმებოდეს.
ამის ზემოდ:
ქ-ე შსყ-ლენ ივნე და
გბრლ გალოტზ
ნი
ქრისტე, შეიწყალენ ივანე და
გაბრიელ გალატოზ-ნი
ქ-ე შ-ე ად.
სამხრეთის კედელზე, რამოდენიმე ადგილას, მოჩანს ნაშთები წარწერებისა, გადასული თუ კირით შეთხუპნული. ზოგი მათგანი დამალული ყოფილა წინეთაც შემდეგ დროის მიშენებულის ეკვტერებისაგან. ამათში ერთი მოიპოება მარჯვნით. სამხრეთ-დასავლეთის ეკვტერისა: ...ჲრდა ქ-ი / . . .ერს მთავ/ . . . მა დვ-ილიე/.:: ბლდ ნა ამ-სი. მეორე წარწერა ამის ქვემოდ არის: ამის [ეკლ]ესისა შენე. . . /გითხ[ვთ] მ-ქლ ფ-ლთა/გლტ-ზთა... ან.
წარწერების ნარჩენები ეტყობა დასავლეთ კედელზეც. ერთი წარწერიანი ქვა თავუკუღმაა ჩატანებული კედელში: ქ-ე შ-ეჲ ლ/მგ. მეორე ადგილას ოთხი სტრიქონის უკანასკნელი ნაწყვეტი მოსჩანს:...ომთა/.. არანე/ ბერა/ აფქსძე (აფაქისძე)
ფანჯრის ქვემოდ:
...შეიწყალე/ ...რეანუშ (?).
ჩვენ დრო არა გვქონდა წარწერები გაგვერეცხა, კირი მოგვეცილებინა, თორემ მეტის ამოკითხვა შეიძლებოდა. ეს შემდეგ მკვლევართათვის მიგვინდვია. ფოტოგრაფიები: აღმოსავლეთის ფასადის №17382, სამხრეთის კედელი და კარი –17380, ეკვტრის კარი, წარწერით – 18381, დასავლეთის კედელი და ფანჯარა – 17384. ეკლესიის გეგმაც გვაქვს ხელში.
ნივთები ლაბეჭინის ტაძრისა.
1. სახარება ოთხთავი. ეხლა ლაბეჭინაში მარტო ერთი ხელნაწერი ტყავის სახარებაა დარჩენილი; წინეთ ბევრი ხელნაწერი ყოფილა, ზოგი დამპალა, ზოგი ფურცლებ-დაშლილი ყოფილა. 25 წლის წინეთ, ჩემს იქ მისვლამდის, მნათეს ეს ხელნაწერები რომელიღაც კუნჭულში დაუმარხავს მიწაში, თვით ეკლესიაში. მნათე გადაცვლილა და აღარავინ იცის, თუ რა ადგილას არის დამარხული ხელნაწერები. ლაბეჭინის სახარება, in quarto, 24X18,5 სანტ., დაწერილია ეტრატზე ნუსხა ხუცურის ხელით, ჩვენის აზრით, მეცამეტე საუკუნისა, ორ სვეტად. სვეტზე 22 სტრიქონია. სათაურები და მეთაური ასოები ნაწერია წითლურით, სხვა შავის მელნით. ყდა ხისა აქვს, მიხაკისფერ ტყავ-გადაკრული, რომელზედაც ჩაჭრით გამოხატულია სახარების სცენები. წინა პირი შემკობილია კიდევ ვერცხლის ლურსმის თავების სახით ჯვარედინად. ხელნაწერი შემკობილია ოთხ მახარობელთა ფერადიანი სურათებით, რომელნიც ცოტა დაზიანებულნი არიან (იხ. ფოტ.№№16800, 16802, 16997). იოანეს სახარების ბოლოს ტექსტში მოყვანილია გიორგი მთაწმინდელის ანდერძი, რომელიც იწყება ასე: "ესე საცნაურ იყავნ ყოველთა, რამეთუ ესე წმიდაჲ ოთხთავი ჩვენ ახლად გვითარგმნია“... ამის შემდეგ ტექსტისავე ხელით არის ბოლოსიტყვაობა (№16806):
დბ- ჲ და მდ-ლი ღ-ა ყ-თა
კთ- ლთა მიზეზსა : -
სრ-ლ იქმნა წ-ჲ ესე
ოთხთ-ვი. თრგმნილ
ნი. გ-ი მთაწ-დლის-ნი : -
მე ს-ლთა სწყლბლ
მ ¯ნ...........(1) :.
უჴისძემ- ნ : მო
ვიგენ წ -ნი ესე ოთ
ხთ- ვნი. სალცველად სლისა ჩ -ისა
და მშბ- ლთა ჩ- მთა
და [ძ]მ¯ თა ჩ¯მთა.........(1)ეს ნაწილი ამოფხეკილია
.....................(1)
მშობელსა შეუნდვნეს
ღ ¯ნ ა¯ნ : -
დაიწერნეს ჴ- ლითა
დვალ გ- ისითა შეუნ
დვნეს ღ¯ნ. მწირსა
და ც- დვილსა :.
ამ- თ ოთხთ- ვთა ეტრა
ტისა შემქ- ნელსა, სუფსა
შ- უნდვნეს :. - ღ- ნ.
მთელი ეს ბოლოსიტყვაობა და გიორგი მთაწმინდელის ანდერძის დასასრული გადმოღებულია (იხ. ფოტ.16806). შემდეგ არის მშვენიერად შედგენილი საძიებელი დღიურ-საკითხავებისა შემდეგი სათაურით:
გ- ნგებ- ჲ: სხრბ- თა : სძიებ- ლისა : წელიწდისა : დღსს-
წ- ლთა : ვითა ძ- ვლს : სჳნაქს¯რი : წესსა ზ- ა : ბერძულსა :
სრ- ლებით :
პირველ გვერდზე ხელნაწერისა არა ტექსტის ხელით კვინკლოსია მოყვანილი, შემდეგ ერთი ფურცელი აკლია და მერმე ტექსტის ხელით მათეს სახარების თავების ნუსხაა და ამის ბოლოს სწერია:
ქ- ე : ღ- თისა : ძ- ლო : შემეწიე : უძლორსა : გიორგის : მწირსა :
შემდეგ სხვა ხელით მოყვანილია: „კალანდაჲ თქმული ეზრაისი?“, რომელიც იწყება ასე:
ოჳკ- თუ დადგეს იანვარი დღესა კჳირიაკესა : ზამთარი იყოს ნოტია ზაფხული და არე ქარით და ჴმელ იყოს ნყ¯ფი კეთილ სთუჱლი მცირედ თაფლი ფ- დ ცხოვრთა შუჱბა : –
მათეს სახარების ბოლოს სხვა ხელით მოყვანილია „ზედნადებნი ქრონიკონისნი“. აქ არის წინასწარმეტყველება ზედნადების რიცხვის მიხედვით. დასაწყისი:
უკ- თუ იყოს ზ¯ანდები ია: მ- ს წელიწადსა იყოს ზამთარი
თოვლიანი ყინელი მავნე : ფბრვლისა კიდეგ-ნ კარგი იყოს:
და მოჴმელე გაზაფხული წჳმიან : ზაფხული ჴმელი :
სთუჱლი ნოტია : თ- ვა ძჳრად : მთანი : სჯობდენ
ბარნი ზოგად ჩრდილოჲ კ- თლ : ზამთრის ყინელმ- ნ ვე-
ნაჴსა ავნოს : თაფლი და ნაშრომი მცირედ : ფბრვ- ლსა :
ბ : დაბნელდეს მზე : და ივნისსა კზ :
ეს სტატია გაგრძელებულია კიდევ მარკოზის სახარების ბოლოს. შემდეგ მოყვანილია წინასწარმეტყველება ძვრისა და ქუხილის გამო. დასაწყისი:
იანვარსა თუ იქუხნეს იფქლისა და ღჳნისა სავსებაჲ იყოს
თუ იძრას ერთობით ყ- ლსა ქ- ყნსა სიკ- დილი იყოს :.
იოანეს სახარების თავების ნუსხის შემდეგ მოყვანილია წესი მონაზონთა კურთხევისა. სულ ბოლოს სახარებისა არის ფრიად საყურადღებო ვრცელი წერილი გაბრიელ ლაბეჭინელისა, თუ როგორ აუშენებია მას ლაბეჭინის ეკლესია სასტიკი მიწის ძვრისაგან განადგურების შემდეგ. ეს რასაკვირველია სხვა ხელით არის დაწერილი ერთ სვეტად ნუსხა ხუცურით, არა უგვიანეს მე-13-14 საუკუნისა. ამ წერილს თავში აქვს შესავალი წითლითურთ დაწერილი, რომლისაგან ცხადდება, რომ ყოფილა დაწერილი ისტორია ლაბეჭინელთა წინამძღვრების მოქმედებისა, რომელსაც ჩვენამდის არ მოუღწევია. სამწუხაროდ, უკანასკნელი ფურცლები წერილისა დაკარგულა და ამას გარდა ბოლოში 12 სტრიქონი სულ გაფუჭებულია და აქა-იქ ცალკე სიტყების მეტი აღარაფერი იკითხება. მოგვყავს ეს შესანიშნავი წერილი, რომელიც, სხვათა შორის, საყურადღებოა სააღმშენებლო და სამხატვრო ტერმინოლოგიისათვისაც:
ესე რ- ჲცა მ- თ ს- ლკხ- ლთა : ლ- ბეჭინელთა მოძღრთგ -ნ.
მოჭირვებული და შენებ- ლი :. ყოფილა : მ- თ ყ- ლთგ -ნ
თითოეულ- დ აქა დაწერილა. ამას ადგილსა ზ- ა:.
ეს არის შესავალი წითლითურთ ნაწერი. შემდეგი ტექსტი მოგვყავს ქარაგმების გახსნით და ჩვეულებრივის ნიშნებით. დასაწყისი და შემდეგი ნიმუში ტექსტისა იხ.ფოტო №№16807, 16808.
მათად შემდგომად მე გაბრიელ ლაბეჭინელი დავრჩი.
ვიდრემდის ჩემი გამზდელი ცოცხალი იყო, რაჲცა შემეძლო,
ეკლესიისა სამსახურსა და პატრონთა სამსახურსა
და სხუასა ყუელასა მეცა ვიქმოდე, რაჲ ცოდვათა ჩემთაგან
იგი მიიცვალა, მაშინცა მევე მიბრძანეს ამის ადგილისა
პატრონთა ყუელათა წ- თა მთავარ ანგელოზთა
სამსახური და თჳთ მათ(ი) სამსახური ; რაჲცა ჩემსა ძალსა და
ღონესა დაეტეოდა, ყოვლითა მოწყობილობითა მოვაწყე,
ჰასრე რომელ არათა თანაჲ არაჲ არ აკლდა. ამას შინა მრავალნი ჟამნი და წელიწადნი გარდაჴდეს და
ცოდვათა ჩუენთა ღმერთმან მოაგო და მოიწია დიდი და
საშინელი ძრვაჲ. მათ პირველთა ლაბეჭინელთა1თავიდან აქამდე ტექსტი გადაღებულია (იხ. ფოტო.№16807). მო-
ჭირვებული და შენებული და თჳთ ჩემი ყუელაჲ ერთ-
სა დღესა საფუძველითურთ დაირღუა. შიგან ეკლესია-
სა, რაჲცა ხატნი იყვნეს და მოწყობილებაჲ, დაილეწნეს
და იავარ იქნეს. გარეთ ნაშენებიცა ყუელაჲ. ამას
ყუელასა ზედა შეგუჱქნა შეჭირვებაჲ და წუხილი, რაჲმ-ცა
ვქმენით, არაჲ ვიცოდეთ, და არავინ ეჭუდა რგებასა ამის ადგილისასა, და არცა
ვის ეგონა, თუ ლაბეჭინის ქვაი
ქვასა ზედა გაღაედებისო. და არცა თჳთ მე
დადგომაჲ გამეგო. მერმე მოვეგე გონებასა, მეშინოდა
და მრცხუჱნოდა ღვთისაგან და წ- თა მთავარ ანგელოზ-
თაგან და ყოველთა კაცთაგან. ვევედრე და შევეხუეწე
ღმერთსა და ამათ წ- თა მთავარ ანგელოზთა: „უკეთუ ჯერ
გიჩნდეს ჩემგან შენებაჲ თანადგომითა და შეწევნითა
თქუენითა, მიბოძეთ გამარჯუჱბაჲ, რათა წ- თა მთავარ
ანგელოზთა საყდარი აღვაშენო“. ყვეს წყალობაჲ და
თანადგომაჲ ჩემზედა, ჴელვყავ შენებად და მოვასხენ
გალატოზნი თორმეტნი ერთსა ზაფხულსა და ვშრომე,
რაჲცა ძალმედვა და გავეც ფასად, რაჲცა ღმერთსა ებოძა
ჩემთჳს მაშინ. მეორესა ზაფხულსა მოვასხენ ცემეტნი
გალატოზნი და ეკლესიაჲ ზედა შევკარ მას ზაფხულსა.
შეუნდვნეს ღ- ნ დედოფალთ დედოფალსა, ვახტანგის
(ვნის1) დედასა რუსუდანს: მის ჟამისა შენებისათჳს
გალატოზთა ზედა ფასი მან გასცა, ცოთაჲ მეცა
შევეწიე მაშინ. მოვასხენ კულავცა გალატოზნი მესამესა
ზაფხულსა, და მოვარეთ საცურე. გავეც მე ფასი, რაჲცაღა
მქონდა. და სრულ იქმნა ეკლესიაჲ და მოვგლისე
შიგან, და დავდგენ კანკელნი ქვისანი, და გავეც ფასი
მისთჳს. მოვიყვანე მხატვარი. და რაჲცა ხატი დალეწილ
იყვნეს, ყუელაჲ ახლად დავაწერინე. მოვიყვანე ოქრო-
მჭედელი, რაჲცა ხატნი2 დალეწილ იყვნეს, ყუელაჲ
ახლად მოვაჭედინე, რაჲცა შეიკაზმოდა, შევაკაზმვინე.
ორნი მთავარანგელოზთა ხატნი დიდნი, ერთი ყოვლად
წ- ისაჲ ვედრებისაჲ, ერთი ზე-კანკელითა ყოვლად წ¯სა
ვედრებისაჲ, და პეტრე-პავლეთ ხატნი. ესენი ახლად
მოიჭედნეს, სახენი შეეჰკაზმენ, ჯუმლათ თერთმეტნი ხატ-
ნი ახლად მო(ვ)აჭედინე, კანკელთა კარითურთ ოცი ხა-
ტი წამლითა დავაწერინე. ამისსა შემდგომად მოვიყვანე
მხატვარი და მოვახატვიე სრულად ეკლესიაჲ, და გავეც,
რაჲცა მართებდა ფასი ჩემი. ჯუარსა ცხოვრებისასა აკ-
ლია ჯერ(ე)თ შეკაზმვაჲ, და თუ ცოცხალ ვიყო, მისსაცა
შეკაზმვასა ვლამი. მოვახსენ მწერალნი და დავაწერიე
ერთი დიდი ნეტაფრასი, და ერთი სჳნქსარი, მოთხრობია-
ნი ე, ერთი მარხვანი, ერთი საწინასწარმეტყუჱლოჲ,
ერთი პირველი ჴმაჲ პარაკლიტონი, ცხრაჲ თუჱ, ერთი
სტოდიელი, ერთი ნიკოლოზის ცხოვრებაჲ, და დიმიტ-
რის წამებაჲ და შესხმაჲ, და კონდაკი – სამსგეფსოჲ :.
ამის ყოვლისა ფასი ჩემი გამიცემია. ესე ყოველი წიგნი
შემოსილ არიან, მათთჳსცა ფასი მე გამიცემია. კანკელ-
თა ზედაჲთ რომელ ჯუარცმისა ხატი არს, მისი ფასი რუ-
სუდანვე გასცა. ეკლესისა კარის ბჭენი და [კიდევ] ამას
ქედსა ზედა თუ სახლნი არიან, ანუ ზღუდენი არიან, და
თუ ჭურმანი არს, რაჲცა ჭურჭელი [ჴელსადგი] და
რაჲცა ბეღელნი არიან, რაჲცა შეშის ვოდა, შევკაზმი, და
სხუაჲ ახლად აღვაგე. მრავალნი ქუაბ-
საქვაბენი და სხუა-ნი მრავალნი წურილმალნი ჭურჭელნი, რომელი თითო-
ეულად არ დაიწერებოდა. სამჭედლოჲ ჭურჭელი უკლე-
ბი, ველ-ვენაჴნი და ყანაჲ ურიცხჳ, რომელი მიშენებია,
მომიგია და მიყიდია, აქა ზემოსა აგარასა და კჳრიკე წმი-
დასა რაჲცა მიშენებია და მიმატებია, ორგანვე თჳთ ჩანს,
ქუჱმოსა აგარასა საპირუტყუჱ სახლნი დავდგენ. უწყის
ღ¯ნ, ვიდრე შემეძლო, ამას ქედსა ზედა შენებაჲ არაჲს
თანაჲ მიკლია, ძალი და ღონე არსაჲთ რაჲ მომწევდა,
რასაცათჳს არ ვიჭირვოდე ჩემობასა. ექუსნი გლეხნი მო-
მიგიან ზოგიშს, ოთხნი ტეგიანისეულნი, ერთი ნიკოლო-
ზის ინასარიძისეული ბენმუქის ძე, ერთი საგლეხოჲ
კიდევ ჰამარის ძემან შემოსწირა და მე ზედა კაცი და-
ვასახლე: ჟოშხას ჟოშქოფაჲს ძე და გოგელაური პარ-
ტახტი. ესე ორნი ივანე ქობულისძემან მოაჴსენა ეკლე-
სიასა. საირმეს თურქანაჲსძესა არავინ ემართლების ეკ-
ლესიასა წაღებასა: ამით რომელ გაბისულაჲს ძისა სახ-
ლისა მკუდართა, აქა დამარხულთა, ანდერძი არს, ნა-
სისხლად აღებულია კერძოთაგან, მას საუკუნესა ბრა-
ლია, თუ ვინ წაუღებს. არპანას რომელ მიშენებია და მო-
მიგია, ესე არს: ეკლესია ავაგე. შიგან მოვხატე, და მოვ-
კაზმე, და ხატნი დავასუჱნენ. და სხუაჲ წიგნი და რაჲ-
ცა უნდოდა, დავსხენ, ბეღელნი ახლად გამოვცვალენ,
სამნი ახალნია და ორი ძუჱლი; ჩემითა ფასითა მიყიდია;
ჭურმარანი შევჰკაზმენ, ოთხი კარგნი საწნეხელნი დავ-
დგენ, [კარგ]ნი რეკუნი. და ზედა აქუს ქჳთკირისა სახლი
საკაცე და საპირუტყუჱ. სხუაჲ ჭურჭელი, ქუაბ საქუაბე და
სამჭედური და სხუაჲ, რაიცა ჭურჭელი სახლსა შიგან
ჴამს, ყუჱლაჲ უკლებად დამიდგამს, გარეშემო რაჲ-
ცა ზღუდენი არიან და ზღუდეთა შიგნით რომელ ვენაჴ-
ნი და ნაშენებნი არიან, იგიცა მე მიშენებია და მიქნია.
მანდა ზეგანთა ციხისა კერძოთა კაცთაგან ვენაჴნი იყვნ-
ნეს, იგი აქა მკუდართათჳს ეკლესიასა მოაჴსენეს და არს
იგი. სხუაჲ ზოგი მიშენებია და ზოგთათჳს ფასი გამიცე-
მია, უნებლით არავისთჳს ეკელსიასა მოაჴსენეს და არს
იგი. სხუაჲ ზოგი მიშენებია და ზოგთათჳს ფასი გამიცე-
მია, უნებლით არავისჳს წამიღია, ღმერთია მოწამე. ბა-
ღუმელაძის სახლი და მამული ნახევარი შუშანასა სა-
ლოცველად და სააღაპოდ შემოწირულია, ნახევარისათჳს
ე[ქუსასი ბოტინატი ფა]სი პატრონთათჳს მოგჳჴსენებია
და აწ ეკლესიასა აქუს.
შემდეგ 12 სტრიქონი მოთხუპნულია და ცალკე სიტყვები და ასოები განირჩევა:
...ის ძისა მ...ად . . . ა . . . ვინცა . . . და . . . აქს ეკლესიასა . .
...ხლასად...ბოტინატი . . ანუ ფა. . . ესე . . . ნებისათჳს და
საყდრისათჳის გამიცემია. . . გარეთ მოსაღებათა მისნია. . .
კულა რაჲმე . . . მეტი არაჲ შემერთო. . .
გაბრიელის წერილი იხსენიებს დედოფალთ დედოფალს რუსუდანს. ვინ არის ეს დედოფალი რუსუდანი, სინამვდილით თქმა ძნელია. თუ მართლა ის ვახტანგის დედაა, როგორც აშიაზე შენიშვნა უჩვენებს (ფ.№16808 და 16807), მაშინ შესაძლებელია რუსუდანი იყოს მეუღლე მეფის დავით მეოთხე ნარინისა, რომელიც იყო ქალი მიხეილ პალეოლოგისა. მისი სახელი ისტორიას არ შეუნახავს. ვიცით მხოლოდ, რომ ამ ქალიდან დიმიტრის ჰყავდა შვილი ვახტანგ, რომელიც გარდაიცვალა 1292 წელს.
2. ხატი წმიდა გიორგისა (ფოტ. №16768), ვერცხლისა, ოქროთ დაფერილი, ნაჭედი, 62X48 სანტ. წმ. გიორგი წარმოდგენილია სრულის ტანით, ფეხზე მდგომარე, რომაული სამხედრო ტანისამოსით; მარჯვენა ხელში ლახვარი უჭერია; მარცხენა დადებული აქვს ფარზე, რომელიც ლამაზად შემკობილია. ეზო ხატისა გამშვენიერებულია ვენახის შტოს მსგავსი ხლართულებით. აშია ლურსმული მერმინდელია. ეტყობა ეს ხატი დიდათ დაზიანებულა მიწის ძვრის დროს, ძლიერ დაჭყლეტილა და შემდეგ შეუკეთებიათ, აშია გამოუცვლიათ, მაგრამ ამის შემდეგაც კიდევ დაზიანებულა. დაზიანებულია ნამეტნავად ქვემო ნაწილი; ქვემო აშია აკლია. ორივე მხარეს თავისა უწერია ლამაზი და დიდი ასომთავრულით: „წ-ჲ გ-ჲ“. მეორე დიდი წარწერა ასომთავრულით ჩამოგძელებულია ზევიდან ქვემოდ, მარცხნივ სურათისა, 24 სტრიქონად, მაგრამ წარწერა დაზიანებულია. ქვემო მარჯვენა მხარეს ადგილები ამოგლეჯილია, ასოები აკლია; ამას გარდა სიტყვები შემოკლებით არის წარმოდგენილი. აზრით მიმატებულს ასოებს ჩვენ ფრჩხილებში ვათავსებთ:
1. ქ : მე : იე (მე იოანე)
: ვნს : ძენ (ვარდენის-ძემან),
: სთ : ენ : მჭთ (სუანთ(ა) ერისთავმან, მეჭურჭლეთ(ა))
: ჳნ : და : პრო : სტონ: (უხუცესმან და პროტოსტრატორმან),
მჳვჭედე : ხტი : (მოვჭედე ხატი)
ესე : წისა გის : (ესე წმიდისა გიორგის(ა))
მთვრ : მწამის (მთავარ მოწამის-)
ა : და : დავსნე (ა, და დავასუენე)
სყდრსა : შს ოჩმ (საყდარსა შენს(ა) ოჩამი)
10. სსა: სჴსნბლ (სასა (?) საჴსენებელა-)
დ : სლისა : ჩმსა (და სულისა ჩემისა),
მშბლთა : ჩმთა (მშობელთა ჩემთა)
და : შვილთა. (და შვილთა)
ჩმთთს [რა] (ჩემთათჳს, [რაჲთა])
15. : ამით : ხტ [ითა] (ამით ხატ[ით]ა)
: მიგჳნდ [ო მს დღ] (მიგჳნდ[ო მას დღ] –)
ეს : მე : [და] (ეს(ა) მე [და])
: შვლნ[ი ჩ] (შვილნი ჩე-)
მნი : და [მ] (მნი და [მ]-)
20. ოგჳც[ე] თვს : მდ (ოგუც[ე] თავსმდ-)
ებად . . . ლითა : (ებად . . . ლითა)
გლი . . . რბისა (გლი . . . რბისა (?))
და ჩნ ისთს : შნ (და ჩუენისათჳს შენ)
24. ქჳლნ : და : მჴნემნ (ქუელმან და მჴნემან).
ეს ფრიად საყურადღებო წარწერა მრავალ მხრივ არის მნიშვნელოვანი. სიტყვები აქ ერთობ შემოკლებულია და იგიც უმეტეს შემთხვევაში უქარაგმოდ არის წარმოდგენილი. ასო უ-ნის მაგიერი იხმარება ჳ (სტრ.4,24). ეს აიხსნება შემოკლებით, ვინაიდან ასომთავრულში უ გამოიხატება ოჳ, ამიტომ აქ ო გამოტოვებულად უნდა ვიგულისხმოთ. მეორე შემთხვევაში ჳ ნახმარია ო-ნის მაგიერ (სტრ.5), მაგრამ აქაც გამოტოვებულად ო-ნი უნდა ვიგულისხმოთ (ოჳ) და სიტყვა „სვანურის“ გავლენით უნდა წავიკითხოთ „მუვჭედე“, მოვჭედეს მაგიერ. ძნელია თქმა, რომელი გეოგრაფიული სახელი იგულისხმება შემოკლებით გადმოცემულ ჯგუფში „ოჩმსსა“ (სტრ. 11-12). შეიძლება აქ იგულისხმებოდეს „ოჩამჩირისასა“, მარამ ამაში დარწმუნებული არა ვართ და ამიტომ ჯერჯერობით ვტოვებთ „ოჩამისასა“, თუმცა ასეთი ადგილის სახელი ჩვენთვის უცნობია. სვანთა ერისთავი იოანე აქ ორი თანამდებობის ანუ ხელისუფლების ტერმინით არის მოხსენებული. ერთი ქართული ტერმინი – მეჭურჭლეთ – უხუცესი – ცნობილია, ხოლო მეორე ტერმინი, რომელიც ჩვენს ტექსტში გამოხატულია სიტყვებით „პრო : სტონ“, სრულიად უცნობია. ეს პირველად გვხვდება ქართულ წარწერაში და საზოგადოდ ქართულს ლიტერატურაში. ეჭვს გარეშეა, ეს ტერმინი ბიზანტიურია, აქ შემოკლებით გადმოცემულია და ეტყობა, ცოტა შეცვლილი, თუ არ დამახინჯებული, მაგრამ რომელ ბიზანტიურ ტერმინს უნდა უდრიდეს ის? ერთად ერთი შესაძლებლობაა, ის უდრიდეს ბიზანტიურს პროტოსტრატორ-ს, რომელზეც ნიჭიერად მიგვითითა პატივცემულმა ცნობილმა მეცნიერმა პოლ პეტერსმა. წარწერაში მოხსენებულია სვანთა ერისთავი იოანე ვარდანისძე. ცნობილია, ძველ დროს სვანთა ერისთავები ვარდანიძის გვარისა იყვნენ, ხოლო წარწერებში დღემდის ეს უფრო დადასტურებული იყო გურიის წარწერებით (იხ. დ.ბაქრაძის "მოგზაურობა გურია-აჭარაში“, გვ.109, 111-112, 261, 268, 269); სვანეთის და მის ახლობელ ადგილების წარწერებიდან ეს ნაკლებად იყო ცნობილი. საბედნიეროდ, გარდა ამ წარწერებისა, ჩვენ თვით სვანეთშიაც ვიპოვეთ სწორედ ამავე ივანე ვარდანის ძის წარწერა. ეს აღმოჩნდა ერთ-ერთ მესტიის ეკლესიის უცნობ ხატზე და საჭიროდ ვხდით ამ ხატზე აქ ვიქონიოთ საუბარი.
2 ბის. მესტიის ხატი იოანე ვარდანისძის წარწერით. ეს ყოფილა ხატი აგრეთვე წმიდის გიორგისა, ოქროსი, ნაჭედი 70X40 ს. მშვენიერი ხელობისა, მაგრამ სანახევროდაც არ არის შენახული; ტანი წმიდანისა სრულებით აღარ არის; დარჩენილია მხოლოდ მშვენიერი დიდი ასომთავრული წარწერა სახელისა „წ-ჲ გ-ი“. ეზო ხატისა ისეთივე ლამაზად არის შემკობილი ვაზის ყლორტების მსგავსი ორნამენტებით, როგორც ლაბეჭინას ხატი; აშია აქაც რომბ-ლურსმულია და დაცულია ნაწილობრვ მარჯვნით და მარცხნით: ორივე მხარეს რკინის რგოლებია დარჩენილი, ჯაჭვის გასაყრელი, რომლითაც ხატის მტვირთველი ხატს ატარებდა ჯარის წინ, თუ სხვა შემთხვევაში. სვანეთში კიდევ ჯაჭვებით ხატებს მიაბამდენ კედელზე, ძლიერია, არ გაიქცეს, ჩვენი ეკლესია არ მიატოვოსო. წარწერა, ქვემო ნაწილზე, მარცხნივ, თერთმეტ სტრიქონად, დაზიანებულია, მაგრამ საერთოდ უფრო კარგად შენახული, ვიდრე წინა ხატზე, აზრით მიმატებული ასოები ფრჩხილებშია:
: ქ : მე : ინე : ქ : (მე იოანე)
ვარდა[ნის] (ვარდა[ნის])
ძემნ : ს[ნთ] (ძემან, ს[უანთა])
ერსთმ [ნ და] (ერთისთავმა [ნ და])
მეჭუჭლ (მეჭურჭლე-)
ეთა : უხცსნ (თა უხუცესმან,)
მოვჭედე : ხტი : ესე (მოვჭედე ხატი ესე)
: გისი : და დავასუნე [ეკსა...] (გიორგისი და დავასუენე [ეკლესიასა. . .])
და : მივანდვე : თე[ს რ-ა] (და მივანდვე თე[ოდორეს, რ აჲთა])
10. ამით : ხატითა : ღ[სა ევდრს] (ამით ხატიღა ღ[მერთსა ევედროს])
დიდისა : სუანეთი [სა თ-ს] (დიდისა სუანეთისათჳს.)
პალეოგრაფიული ხასიათი ამ წარწერისა იგივეა, რაც ხატისა, მხოლოდ აქ სიტყვები არ არის ისე შემკობილი, როგორც პირველზე; აქ ეპიტეტი „პრო-სტონ“ არ არის, მაგრამ სიტყვები „რაჲთა ამით ხატითა“ აქაც გამეორებულია და აგრეთვე ხარისხი მეჭურჭლეთ უხუცესობისა. ორივე ხატი ერთი და იმავე ოქრომჭედლის ნახელავი უნდა იყოს. რაც შეეხება ივანე ვარდანის ძეს, ეს ის ივანე ვარდანიძე უნდა იყოს, რომელიც ცხოვრობდა გიორგი მესამის დროს (1154 -1184) და მიიღო მონაწილეობა დემნას ანუ დიმიტრის გამოსვლაში გიორგის წინააღმდეგ 1177 წელს (მარიამ დედოფლის ვარიანტი, გვ.388); მაგრამ აქ პირველად ვტყობილობთ, რომ ეს მეჭურჭლეთუხუცესიც იყო. თამარის დროიდან კი ეს ხელობა მემკვიდრეობით გადადიოდა ამ გვარში. თამარმა ხომ ეს თანამდებობა უბოძა კახაბერ ვარდანისძეს. ამავე დროს სვანეთის ერისთავობა მისცა ვარამ ვარდანისძეს. უნდა ვიფიქროთ, გიორგი მესამემ ივანე ვარდანის ძე, დემნას გამოსვლის შემდეგ, სვანეთში აღარ დააყენა და გაგში გადაიყვანა. ჩვენ ვიცით, თამარ მეფის დროს, ივანე ვარდანისძე, პატრონი გაგისა, მიემხრო გიორგი რუსს, თამარის წინააღმდეგ (მარიამის ვარ.438). როცა გიორგი რუსი დამარცხდა, თამარმა გაგი ზაქარია ვარდანისძეს უბოცა. ამის შემდეგ ივანე ვარდანისძე აღარ სჩანს (მარ. ვარ.442). ის ალბათ ან მოკლულ იქმნა ომში, ან დამარცხების შემდეგ გიორგი რუსთან ერთად გადაიხვეწა ბიზანტიაში. განხილული ხატები უნდა იყოს გაკეთებული 1177 წლამდის. დემნას მოძრაობამდის. ამგვარად, ეს ორი საყურადღებო წარწერა ჩვენ გვაძლევს ცნობას ერთს უძველეს ვარდანისძეზე, სვანეთის ერისთავზე. ვარდან, სვანთა ერისთავი, პირველად იხსენიება გიორგი მეორის დროს (1072 - 1089). აქედან უნდა მომდინარეობდენ ვარდანისძენი. იმერეთის მეფის ბაგრატ მეხუთეს დროს (1360-1395). სვანეთის ერისთავი ვარდანისძე მეფის წინააღმდეგ გამოსვლის გამო გადაყვანილ იყო გურიის ერთისთავად. გურიის ხატების წარწერებში პირველ ხანად გურიელები იცავენ თავის გვარსაც და სვანთა ერისთავის წოდებასაც (იხ. დ. ბაქრაძის „მოგზ“. გ.109, 111, 261, 269), მაგრამ ჩვენთვის ესეც ცხადია, რომ ზოგიერთი ხატი სვანთა ერისთავის ვარდანიძის წარწერით სვანეთიდან არის გადმოტანილი გურიაში და არა იქ გაკეთებული. ზოგიერთი მათგანი ხელობის თვალსაზრისით, მე-12-13 საუკუნოებს ეკუთვნიან, როცა ვარდანის ძენი გურიაში არ ყოფილან. რაც შეეხება ბიზანტიურ ტიტულს „პროტოსტრატორ“-ს თუ მართლა ეს ჩვენს შემოკლებულს და შეცვლილ ტერმინს „პროტონ“-ს უდრის, უნდა ვიფიქროთ, ეს ტიტული ივანე ვარდანის ძეს ძველის ტრადიციით მიუთვისებია. ეს იმ დროდან, როდესაც სვანეთი მჭიდროდ იყო ბიზანტიის გავლენის ქვეშ, როდესაც ის შედიოდა ჯერ ლაზების სამფლობელოში ავტონომიურად და შემდეგ აფხაზთა სამეფოში. ეტყობა, სვანეთის ერისთავები, ანუ ხელქვეითნი მეფენი, იღებდნენ ბიზანტიიდან საიმპერიო კარის-კაცთა პატივს და ტიტულებს, ისე როგორც ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები და აბხაზთა მეფენი (მაგალითად, აფხაზეთის მეფეს გურგენს ანუ გიორგი მეორეს (912-957) მაგისტროსის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული კონსტანტინე მეშვიდის პორფიროგენის თანა-მეფის რომან პირველის ლეკაპენისაგან). მაგრამ როდესაც საქართველო გაერთიანდა და საქართველოს მეფე თვითმპყრობელი გახდა დავით აღმაშენებლიდან დაწყებული, მას შემდე დამოკიდებულება ბიზანტიასთან, წინათაც მარტო ზნეობრივი და ნომინალური, სულ მოისპო. ამ დროს საქართველოს ერისთავი პატივს მიიღებდა მხოლოდ საქართველოს მეფის კარიდან და არა ბიზანტიიდან. მეტადრე ეს შეუძლებელი იყო გიორგი მესამის და მისი ასულის თამარ მეფის დროს. "პროტოსტრატორ“-ის ხარისხი ქართულმა „კარის გარიგებამ“ არ იცის. ის უდრის პირველ ყოვლისა ქართულს „მეჯინიბეთ-უხუცესს“, თუმცა ბიზანტიაში მას სხვა ფუნქციებიც ჰქონდა, სამხედრო და საერო და ის ყოველთვის წარჩინებულ კარისკაცთა პირველ რიგში იყო (იხ. Du Cange, Glossarium... II, pp.1463 -4). ტრადიციით ტიტულის და ხარისხის მითვისება ხშირია ჩვენს ისტორიაში. საქართველოს რამოდენიმე სახელმწიფოდ და სამთავროდ გაყოფის შემდეგ ქართლის, კახეთის და იმერეთის მეფენი ძველებურად ატარებენ „მეფეთა მეფის“ ტიტულს. მთავრებიც მისდევენ ხშირად ამ ტრადიციას. მაგალითად, შამან-დავლე პირველი დადიანი ერთს ლაფსხალის ეკლესიის ხატის წარწერაში, რომელიც თავის ადგილზე იქნება მოყვანილი, თავის თავს აცხადებს დადიან-გურიელად, სვანთა ერისთავთა ერისთავად და მანდატურთ-უხუცესადაც, მაგრამ შამან-დავლე პირველი მარტო დადიანი იყო (1470-1474) და სხვა საპატრონო და სხვა ხარისხი მას არავითარი არა ჰქონია. აგრეთვე, ჩვენის აზრით, „პროტოჲ-უპერტიმოსი“-ს ტიტული, რომლითაც, სხვა შორის, მოხსენებულია ჭყონდიდელი მეცამეტე საუკუნის დასაწყისის ნათარგმნ „სააქიმო წიგნ“-ში (იხ. ჩვენი აღწერა წერაკითხვის საზოგადოების ხელნაწერთა, ტ.1. გვ.641), ტრადიციით მომდინარეობს იმ დროდან, როდესაც ჭყონდიდი შედიოდა აფხაზთა სამეფოში და პირველ ხანად კონსტანტინეპოლის საპატრიარხოს ექვემდებარებოდა. რომ „პროტოსტრატორ“-ის ტიტულს ზემო გარჩეულს პირველ წარწერაში ნამდვილი, იმ დროისათვის რეალური მნიშვნელობა არა ჰქონდა, ეს იქიდანაც სჩანს, რომ მეორე მესტიის ხატის წარწერაში ეს ტიტული განმეორებული არ არის. შენიშვნა: ამ ორი ხატის აღწერილობა გამოცემულია ჩვენს მიერ Byzantion-ში, t.XII, fascicule I, pp.197-204. სურათები, ჩვენ მიერ წარდგენილნი, რედაქციამ დაჰკარგა.
3. ხატი ღვთის მშობლისა, ჩჩვილედი, (№16766), მოოქრული ვერცხლისა, ნაჭედი 68X53 ს. ღვთის მშობელი გამობერვით გამოქანდაკებულია, ტახტზე მჯდომარე, თავის წრე შემკობილია ძვირფასი ქვებით; წარწერა სახელისა ლამაზი, მსხვილი ასომთავრულით: დ-დჲ ღ-ჲ. აშია შემკობილი ყოფილა ბროწეულის ყვავილების მსგავსი ორნამენტით, მაგრამ დარჩენილია მარცხენა კუთხე თავში და მარჯვენა კუთხე ბოლოში; მარცხენა კუთხეში, ზემოდ, იოანე ნათლის მცემელია, წელზევითი; მარჯვნივ აშიაზე, შუაში, შემოსილი დიაკონსავით, მთავარ ანგელოზია, ხოლო თავი აღარ შერჩენია; ქვემო აშიაზე წარმოდგენილნი არიან წელს-ზევითნი, ოთხ-კუთხედ მედალიონებში: წ-ჲ თ¯ე (მარცხნივ კუთხეში) წ-ჲ გ-ი (შუაში) და წ-ჲ დ-ი (მარჯვნივ კუთხეში). მარცხნივ და მარჯვნივ წმ. გიორგისა, შუაში, ასომთავრული წარწერა არის, ორ სტრიქონად გამოქანდაკებული, მაგრამ მარცხენა ნაწილი ნაკლულია, თუმცა ადგილი ცარიელი არ არის, აშიის ჩუქურთმიანი ნაწილით არის შემდეგ ამოვსებული; მარჯვენა ნაწილი სრულად არის წარმოდგენილი, მაგრამ არაჩვეულებრივი მოვლენა ემჩნევა; წარწერაში ყველა ასოები ხუცური ასომთავრულისა მარტივად და მშვენიერად არიან წარმოდგენილნი: ხოლო ორივე სტრიქონის ბოლოში თავდება მხედრული ე-ნით და ეს ე-ნი ისე არის გამოხატული, როგორც მეთვრამეტე საუკუნეში გვხვდება ჩამოყალიბებული. თუ თავში ნაკლულ ასოებს მიუმატებთ, წარწერას შემდეგი სახე ექნება:
[ღ]ბ-ლო შ-ე ე- ჯნ-ჯხე
[ღბ]ე-ლო შ-ე ე- ვნდნე
უქარაგმოდ გამოვა:
ღმრთის მშობელო, შეიწყალე ერისთავი ჯინჯიხე.
ღმრთის მშობელო, შეიწყალე ერისთავი ვანდანე.
სახელი ჯინჯიხ ჩვენ შეგვხვდა ერთს მესტიის ეკლესიის წარწერაში. ასე ე-ნის მაგიერ რომ იქ ი ყოფილიყო, კიდევ გასაგები იქნებოდა. საუცხოო კიდევ ის არის, რომ ნაწერში ხუთს ადგილას მშვენიერად თავის სახით არის წარმოდგენილი, ამიტომ შეუძლებელია, ეს ბოლო მხედრული ე-ნის მსგავს ასო რომ ანგარიშში მივიღოთ, დარჩება ჯინჯიხ და ვანდან; უკანასკნელი, შესაძლოა, ვარდანის მაგიერ იყოს დაწერილი, თუმცა ასო ნ აქ ეჭვს არ იწვევს. ჩვენის აზრით, ეს ხატი მეთოთხმეტე საუკუნეს ეკუთვნის. (ფოტ.N16766).
4. ხატი კარედი ღვთის მშობლისა, მოოქრული ვერცხლისა, 55X39 ს. დაკეცილი პირი ხატისა კამარიანია, შეძერწილი ვერცხლის განცალკევებული ფირფიტებით, როგორც კარებზე, ისე კამარის ზემოდანაც (№16770). ამ ფირფიტებზე წარმოდგენილნი არიან სხვა და სხვა წმიდანები, თუ სახარების სცენები. ჩვენ აქ ვხედავთ გარდამოხსნას, მაცხოვარს ტახტზე მჯდომარეს, ვედრებას, წმიდა გიორგის, წმიდა დიმიტრის, ღმერთს საბაოთს, ეკლესიის მამებს და სხვა. თექვსმეტ ოთხკუთხედ ფირფიტაზე გამოსახულია ღვთის მშობელი ჩჩვილედი, წელს ზევით. გახსნილ კარედში შუაში არის წამლით დახატული ღვთის მშობელი ჩჩვილედი და კარებზე წამლითვე ნახატავნი მთავარ ანგელოზები (ფ.№16769). ხელობა მდარეა და მასთან ცუდათ შენახულია. წრეები ღვთის მშობლისა და მთავარ ანგელოზთა შემკობილი ყოფილა ექვსი ძვირფასი ქვით, ეხლა დარჩენილია სამი. ქვემოდ უშნო ასომთავრულით სწერია:
წ : ყოლა წმიდაო : ღმრთის : მშობელო : შეიწყალე : სუ-
ლი : აბს- ლ ამისა : ინსრძისა :. და :. მეუღლისა :. მის :.
ანასი : ამინ:.
ხატი უნდა ეკუთვნოდეს მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეს.
შენიშვნა: ზემოთ ჩვენ აღვნიშნეთ ვედრება. ვედრება, ანუ ფრანგულად déisis – „დეიზის“, რუსულად „დეისუს“, არის სიმბოლო უკანასკნელი განსჯისა. ეს არის კომპოზიცია, სადაც ქრისტე, უზენაესი მსაჯული, წარმოდგენილია ღვთის მშობლის და იოანე ნათლის მცემლის შუა. ორთავენი, ღვთის მშობელი და იოანე, ევედრებიან მაცხოვარს ცოდვილთა შეწყნარებისათვის.
5. ხატი მაცხოვრისა, ვერცხლისა, მოოქრული, 16,5X14,3 ს. მაცხოვარი წარმოდგენილია ტახტზე მჯდომარედ, მარჯვენა ხელით აკურთხებს, მარცხენაში სახარება უჭირავს, წარწერა სახელისა ასომთავრულით წარყვნილია. აშია შემკობილია ვაზოვანი ორნამენტით; ქვემოდ ასომთავრული წარწერა აქვს:
ოფლუ :. იესუ ქრისტე ღმეთუ შეიწყალე სოლ
ი ინასარიძის გიურგს და თანა მეცხედრის
ა მათისა ჩხეტიძ- ს ქალისა ანასი ამინ.
საკვირველია, რომ წარწერაში გამოხატულობით ო და უ კარგად განირჩევა, მაგრამ უ ნახმარია ო-ნის მაგიერ პირველ, მეორე და მეოთხე სიტყვის ბოლოს პირველისტრიქონისა და მეორე სიტყვაში მეორე სტრიქონისა, ხოლო ო ნახმარია უ-ნის მაგიერ პირველი სიტყვის დასაწყისში და უკანასკნელ სიტყვაში პირველი სტრიქონისა (ფ.№16771). ხატი მეჩვიდმეტე საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს. ინასარიძე გიორგი და მისი მეუღლე ანა, ჩხეტიძის ქალი, როგორც ზემოდ დავინახეთ, აღმაშენებელნი არიან სამხრეთ-დასავლეთის ეკვტერისა ლაბეჭინის ტაძრისა.
Icon of St.George from Labechina, Racha region of Georgia, XI century - მე-11 საუკუნის წმინდა გიორგის ხატი ლაბეჭინადან, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი
6. ხატი წმიდის გიორგისა, ვერცხლისა, მოოქრული, ნაჭედი, 33X28 სანტ. წმ.გიორგი წარმოდგენილია ცხენით, შუბით გმირავს მეფე დიოკლეტიანეს, თავის წრის ორივე მხარეს ბერძნულად აწერია: „ჰო აგიოს გეორგოს“, ხოლო ზემო კუთხეებში ასომთავრულით სწერია: წ- ჲ გ- ჲ; აშია არ შენახულა; ხატი კარგი ნახელავია და უნდა ეკუთვნოდეს მეთოთხმეტე საუკუნეს (ფ.№16767).
7. ხატი მიქელ მთავარ ანგელოზისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 63X46,5 სანტ. (ფ.№16765). მთავარ ანგელოზი წარმოდგენილია ფეხზე მდგომარედ, სრულის ტანით და გამობერვით; მარჯვენა ხელში აქვს ლაბარუმი, მარცხენაში უჭირავს ბურთი; აშია ვაზოვანი ორნამენტისა არის, მაგრამ უმეტესი ნაწილი მოძარცულია. უზის ერთი ძვირფასი ქვა, მეორე დაკარგულია; ხელობა მდარეა, მე-17-18 საუკუნისა.
8. ხატი პატარა მთავარ ანგელოზთა მიქელ და გაბრიელისა, წამლით დახატული; ზემო მედალიონში მაცხოვარია: წარწერები ასომთავრულით: ი- ჳ ქ- ე, გაბრიელ, მიქელ. აშია ვერცხლისა აქვს; ხატი შემკობილია 52 ძვირფასი ქვით; ეკუთვნის მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისს (ფ.№16764).
9. ხატი პატარა ღვთის მშობლისა, წამლით ნახატი, 14,3X11,2 სანტ. ეკუთვნის მეცხრამეტე საუკ. შემკობილია ქვებით. (№16764).
10. ჯვარი დიდი, საკურთხევლის წინ დასადგმელი, ერთს საჟენზე მეტი სიმაღლით; შეძერწილია ვერცხლის თხელი ფირფიტებით, რომლებზედაც წარმოდგენილნი არიან, გამობერვით, წმიდანები; ქუდი ჯვარისა პირამიდალური სახისა არის; მასზე მოჩანს ზემოდ წმიდა გიორგი ფეხზე მდგომარე; ქვემოდ ღვთის მშობელი ჩჩვილედი. სხვა ფირფიტებზე განმეორებულია სხვა და სხვა ფიგურები; სიგრძეზე ჯვარისა სამ-სამი ღვთისმშობელია ნიშოვანი. ექვსზე კიდევ წმ.გიორგი ცხენოსანი, რომელთა შორის უკანასკნელი, ქვევით, უფრო დიდია და უფრო ლამაზი ნახელავი, ასომთავრული წარწერით წ- ჲ გ- ი. ხოლო ორ ფირფიტაზე მთავარ ანგელოზებია. ჯვარის სიგანეზე, შუაში, „უმბო“ მთავარ ანგელოზებით მარჯვნივ და მარცხნივ; შემდეგ ორივე მხარეს წყვილი სურათი ღვთის მშობელისა, ნიშანი, მთავარ ანგელოზებითურთ აქეთ-იქით; ეს ის ჯვარი უნდა იყოს, რომელზედაც გაბრიელ ლაბეჭინელი ამბობს: მოუჭედელი დამრჩაო. ეხლანდელი მოცულობით ჯვარი არ უადროესი მეთექვსემეტე-მეჩვიდმეტე საუკუნისა (ფ.№16764). შენიშვნა: უამბო (umbo) ნიშნავს ჯვარის შუა ნაწილს, სადაც ჯვარცმულის მაგიერ ორნამენტებია წარმოდგენილი, ზოგჯერ გამობერვით. 11. თასი ვერცხლისა, მხედრულის წარწერით: ქ.ერისთავის ასული თ- ედორა.
12. საცეცხლური, ძველი ვერცხლისა, ხლართულებით შემკობილი.
13. ვერცხლის ბალთები სარტყლისა, ოქროთი დაფერილი.
14. ფილონი ძველი ფარჩისა, მდიდრულად ნაკერი, ხელაპყრობილი ქრისტეს სურათით.
----------------------------------
1) ამ სიტყვას ქვემოთ აშიაზე შენიშვნა აქვს არა ტექსტის ხელით: „მგ-ნივ : ვახტანგის : დედასა : იტყვის“ (იხ. ფოტ.№16808).
2) სიტყვებიდან: „ყვეს წყალობაჲ და თანადგომაჲ ჩემზედა“, აქამდის ტექსტი გადაღებულია (იხ. ფოტო.№16808)
----------------------------------
|